კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

ემა გოლდმანი - ქორწინება და სიყვარულიგავრცელებული წარმოდგენების თანახმად ქორწინება და სიყვარული სინონიმებად გვევლინებიან, ერთი წყაროდან გამომდინარეობენ და ერთი და იგივე ადამიანურ მოთხოვნილებებს პასუხობენ.

მაგრამ, როგორც წარმოდგენების უმეტესობა, ქორწინება არა რეალურ ფაქტებს, არამედ ცრუ შეხედულებებს ეფუძნება.

ქორწინებასა და სიყვარულს შორის არაფერია საერთო, ისინი პოლუსებივით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და სინამდვილეში ანტაგონისტურად არიან ერთმანეთისადმი განწყობილნი.

ეჭვს გარეშეა, რომ ზოგიერთი ქორწინება სიყვარულისაგან არის წარმოშობილი.  მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ სიყვარულს შეუძლია მხოლოდ ქორწინებით განმტკიცდეს. პირიქით, ეს უფრო იმით იხსნება, რომ მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილმა შეძლო გასცდენოდა წესჩვეულებების საზღვრებს.

დღეისათვის, უამრავი ქალი და მამაკაცი თვლის, რომ ქორწინება არის ფარსი,  თუმცა ისინი  ამ დადგენილებას მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გავლენის გამო ემორჩილებიან.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ზოგიერთი ქორწინება მართლაც დაფუძნებულია სიყვარულზე და მიუხედავად იმისა, რომ ის ქორწინებაშიც გრძელდება,  ვთვლი, რომ ეს ხდება ქორწინებისგან დამოუკიდებლად და არა მისი წყალობით.

მეორეს მხრივ, სრულიად ყალბია  წარმოდგენა იმის შესახებ, რომ შესაძლებელია სიყვარული ქორწინების შედეგი იყოს. ზოგჯერ გვიწევს მოვისმინოთ სასწაულებრივ შემთხვევებზე, როდესაც შეუღლების შემდეგ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ, თუმცა ამ მოვლენების დაჟინებული განხილვა გვიჩვენებს, რომ ის მხოლოდ გარდაუვალობასთან შეჩვევას წარმოადგენს.

რასაკვირველია, თანდათანობით ერთმანეთისადმი შეჩვევას, არაფერი აქვს საერთო სასიყვარულო გრძნობის სპონტანურობასთან, ინტენსივობასთან და სილამაზესთან, რის გარეშეც  ქორწინების  ინტიმური მხარე დამამცირებელი აღმოჩნდება როგორც მამაკაცისთვის ისე ქალისთვის.

უპირველეს ყოვლისა ქორწინება წარმოადგენს ეკონომიკურ გარიგებას, სადაზღვევო ხელშეკრულებას.  ჩვულებრივი დაზღვევისგან ის  მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ეს გარიგება უფრო  მომთხოვნია და შემზღუდველი.

შემოსავლები მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე მასში დაბანდებული სახსრები. დაზღვევის დროს ყველა იხდის ფულად გადასახადს და ყოველთვის ყველას აქვს შესაძლებლობა შეწყვიტოს შენატანის გადახდა. თუმცა თუ სადაზღვეო პრემია ქალისთვის არის მისი მეუღლე, ამისათვის ის იხდის საკუთარ სახელს, სიმყუდროვეს,  თავისი თავის პატივისცემას და თავად სიცოცხლეს, „სანამ სიკვდილი არ დააშორებთ მათ“.

მეტიც, საქორწინო დაზღვევა წირავს ქალს როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ პარაზიტიზმზე, სრულ უსარგებლობაზე და სამუდამო დამოკიდებულებაზე.

მამაკაციც ასევე იხდის საკუთარ წილს, მაგრამ რადგან მისი შესაძლებლობები უფრო ფართოა მას ქორწინება ისე არ ზღუდავს როგორც ქალს. საკუთარ ბორკილებს უმეტესად ის შეიგრძნობს  ეკონომიკურ  ჭრილში.  ამიტომ, სტრიქონები, რომლებიც დანტემ მოათავსა ჯოჯოხეთის კარიბჭეზე - „თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დასტოვეთ ყველა.“  შეიძლება მიკუთვნებულ იქნას ქორწინებას.

ქორწინებას, როგორც მარცხს,  უარყოფენ მხოლოდ უგუნური ადამიანები. სრულიად საკმარისია, რომ გადავხედოთ განქორწინების სტატისტიკას რათა გაგებულ იქნას რამდენად წარუმატებელია ქორწინების ინსტიტუტი.

ამ სტატისტიკის გასაგებად არ გამოდგება ტიპიური ფილისტერული არგუმენტები, რომლებიც მეტყველებენ განქორწინების შესახებ კანონთა სირბილეზე და ქალთა თავაშვებულობის ზრდაზე.

ჯერ ერთი, ყოველი მეთორმეტე ქორწინება სრულდება გაყრით; მეორეც, ათას ადამიანზე გაყრების რაოდენობა 1870 წლიდან 28-დან 73-მდე გაიზარდა; მესამეც, მეუღლეთა ღალატი როგორც გაყრის მიზეზი 1867 წლიდან გაიზარდა 270,8%;  მეოთხეც, ოჯახიდან წასვლის რაოდენობა გაიზარდა 270,8%.

სტატისტიკასთან დამატებით არსებობს დრამატულ და ლიტერატურულ ნაწარმოებათა დიდი რაოდენობა, რომლებიც შუქს ფენენ ამ თემას. ბევრი მწერალი ამხელს ქორწინების უნაყოფობას, მონოტონურობას, უბადრუკობას და არაადეკვატურობას, როგორც ჰარმონიის მიღწევის ფაქტორს.

სერიოზული სოციალური მკვლევარი არ უნდა კმაყოფილდებოდეს ამ ფენომენის გავრცელებული ზედაპირული ახსნებით. ის უფრო ღრმად უნდა ჩაწვდეს ორი სქესის ცხოვრებას, რათა გაიგოს თუ რატომ წარმოადგენს ქორწინება ასეთ კატასტროფას.

ედუარდ კორფენთერი შენიშნავს, რომ ყოველი ქორწინების უკან დგას ორი სამყაროს ერთიანობა, ქალის და მამაკაცის, ერთმანეთისაგან იმდენად განსხვავებულების, რომ ქალი და მამაკაცი უცხო უნდა დარჩნენ ერთმანეთისათვის.

შემოღობილი ცრურწმენების, ადათ-წესების და ზნე-ჩვეულებების გადაულახავი კედლით, საეჭვოა რომ ქორწინება გულისხმობდეს ერთმანეთზე ცოდნის სრულყოფას, ერთმანეთისადმი პატივისცემას რის გარეშეც ნებისმიერი კავშირი განწირულია წარუმატებლობისთვის.

ჰენრიკ იბსენი, რომელსაც სძულდა ნებისმიერი სოციალური თვალთმაქცობა, შესაძლებელია იყო პირველთაგანი ვინც გააცნობიერა ეს უდიდესი ჭეშმარიტება.

ნორა [პიესის გმირი] ტოვებს საკუთარ ქმარს არა იმიტომ, რომ ის გადაიღალა საკუთარი მოვალეობებისაგან ან გრძნობს მოთხოვნილებას იბრძოლოს ქალთა უფლებებისათვის არამედ იმიტომ, რომ მივიდა დასკვნამდე: მან რვა წელი იცხოვრა უცხო ადამიანთან ერთად და გაუჩინა მას შვილები.

არის თუ არა შესაძლებელი არსებობდეს უფრო დამამცირებელი რამ ვიდრე ორი ერთმანეთისათვის უცხო არსებების კავშირი მთელი სიცოცხლის განმავლობაში?

ქალს არაფერში ჭირდება იცოდეს რაიმე მამაკაცზე ის უნდა წუხდეს მხოლოდ მის შემოსავალზე. მამაკაცს კი რა სჭირდება იცოდეს ქალზე გარდა იმისა, რომ მას სასიამოვნო გარეგნობა აქვს?

ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავცდით ბიბლიურ მითს, რომ ქალს არ გააჩნია სული, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცის დანამატია და შექმნილია მისი ნეკნისაგან, ჯენლტმენის მოხერხებულობისათვის, რომელიც ისე ძლიერი იყო, რომ საკუთარი ჩრდილის ეშინოდა.

იქნებ, მასალის დაბალი ხარისხი, რისგანაც ქალი შეიქმნა, იყო მიზეზი მისი არასრულფასოვნებისა? მაშ რა საჭიროა იცოდე მასზე რაიმე?  ამავდროულად რაც უფრო ნაკლები სული აქვს ქალს, მით უკეთესია მისი თვისებები როგორც ცოლის, მით უფრო დიდი მზადყოფნით განზავდება ის საკუთარ ქმარში.

ეს მონური მორჩილება მამაკაცურ უპირატესობასთან ესოდენ დიდი დროის განმავლობაში მეტნაკლებად შეინარჩუნა ქორწინების ინსტიტუტმა.  და დღეს,  როდესაც ქალი იწყებს საკუთარი თავის და მნიშვნელობის გაცნობიერებას,  ვისზეც უფლებამოსილი არ არის ბატონი, წმიდათა წმიდა ქორწინების ინსტიტუტი თანდათანობით კარგავს თავის როლს და ვერანაირი დატირება მას ვეღარ უშველის.

თითქმის ბალღობიდან უჩიჩინებენ გოგონებს ქორწინებაზე, როგორც საბოლოო მიზანზე; ამიტომ მათი აღზრდა და განათლება სწორედ, რომ ამას ექვემდებარება.

მას ქორწინებისთვის ამზადებენ პირუტყვის მსგავსად, რომელსაც საკლავად ასუქებენ. ამავდროულად რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, მას არა აქვს დართული ნება იცოდეს უფრო მეტი საკუთარ დანიშნულებაზე, როგორც  მეუღლეზე და დედაზე, ვიდრე ჩვეულებრივმა ხელოსანმა იცის საკუთარ ხელობაზე.

გოგონასათვის რესპექტაბელური ოჯახიდან, უწესობაა იცოდეს რამე ინტიმური ცხოვრების შესახებ.

ქორწინება ნაკლებად გასაგებ რესპექტაბელურობისათვის სიბინძურესა და სიმყრალეს ავლენს, როგორც ყველაზე წმინდა შეთანხმებას, რომელიც არავის შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს ან გააკრიტიკოს.

სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვს ქორწინებისადმი მის საშუალო მომხრეს. მომავალი ცოლი და დედა არის სრულ უცოდინარობაში ერთადერთ მის კონკურენტუნარიან ღირსებაზე – სექსზე.

ასე რომ ის ამყარებს სამუდამო ურთიერთობას მამაკაცთან იმისათვის, რომ იგრძნოს უდიდესი ელდა, არაკეთილგანწყობილება, შეურაცხყოფა, ყველაზე ბუნებრივი და ჯანმრთელი ინსტიქტისაგან, როგორიც არის სექსი.

დაუფიქრებლად შეიძლება იმის მტკიცება, რომ ქორწინებაში უბედურებების, უპოვრობის, გასაჭირის და ფიზიკური ტანჯვის დიდი წილი სექსის საკითხებში დანაშაულებრივი უმეცრების შედეგია, რომელსაც უდიდეს სათნოებად წარმოადგენენ.

გადაჭარბებული არ იქნება ითქვას, რომ ამ სამწუხარო ფაქტის გამო არა ერთი ოჯახი დაინგრა.

მაგრამ თუ ქალი თავისუფალია, თუ ის საკმარისად მომწიფდა იმისათვის, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის გარეშე ეზიაროს სექსის საიდუმლოებას, მას სამარცხვინო დაღს დაასვამენ, გამოაცხადებენ უღირსად, რათა გახდეს მეუღლე.

და ამას აკეთებენ „პატიოსანი“ ადამიანები, რომელთა "პატიოსნებაც" მხოლოდ ფუტურო თავს და უამრავ ფულს წარმოადგენს.

არის თუ არა უფრო შეურაცმყოფელი რამ, ვიდრე აზრი იმის შესახებ, რომ სიცოცხლით აღსავსე ჯანმრთელი, ზრდასრული ქალი უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბუნების მოთხოვნილებას, ზიანს აყენებდეს საკუთარ ჯანმრთელობასა და სულიერ მდგომარებას?

ან კიდევ, ზღუდავდეს ოცნებებს, თავს იკავებდეს სექსუალური ლტოლვისაგან, სანამ არ გამოჩნდება „წესიერი“ადამიანი და არ შეირთავს მას ცოლად?

სწორედ, რომ ამას ნიშნავს ქორწინება. ნუთუ შესაძლებელია, რომ ამგვარი კავშირი კრახით არ დასრულდეს?  ეს არის ქორწინების ერთ-ერთი ფაქტორი რომელიც მას განასხვავებს სიყვარულისგან.

ჩვენი საუკუნე - პრაქტიციზმის საუკუნეა. დრომ, როცა რომეო და ჯულიეტა სიყვარულის გამო რისკზე მიდიოდნენ და საკუთარი მშობლების რისხვას იმსახურებდნენ, როცა სიყვარულის გამო გრეთჰენს არ ესირცხვებოდა ჭორიკანა დედაკაცების მითქმა-მოთქმა, დიდი ხანია ჩაიარა.

თუ იშვიათ შემთხვევაში, ახალგაზრდა ადამიანები საკუთარ თავს ნებას რთავენ რომანტიკის ფუფუნებას ეზიარონ, მაშინვე ერთვებიან უფროსები და ჩასჩიჩინებენ "სიბრძნეს" მათ „გონზე მოსაყვანად“.

ზნეობის გაკვეთილი, რომელსაც გოგონას სთავაზობენ, მდგომარეობს არა იმაში, აღსძრა თუ არა მამაკაცმა მასში სიყვარული, არამედ  ყველაფერი დაიყვანება ერთ კითხვამდე: „რამდენი?“

პრაქტიკული ამერიკელების ერთადერთი ღვთაება - ფულია; ცხოვრების უმთავრესი კითხვა: „შეუძლია თუ არა მამაკაცს გამოიმუშაოს ცხოვრებისათვის საჭირო თანხა? შეუძლია თუ არა მას  არჩინოს ცოლი?“

ეს არის ერთადერთი რამ, რაც ქორწინებას ამართლებს.  თანდათანობით ამ წარმოდგენებით იჟღინთება ქალის თითოეული აზრი;

ის არა მთვარის შუქზე, სიცილზე და ცრემლებზე ოცნებობს, არამედ იაფ მაღაზიებზე და სარფიან ნავაჭრზე.

სულის ეს სიმწირე და წუწურაქობა ნაშობია ქორწინების ინსტიტუტით.  სახელმწიფო და ეკლესია არ სცნობს სხვა იდეალს, რადგან ის ერთადერთია, რომელიც საშუალებას აძლევს მათ სრულიად აკონტროლონ ადამიანები.

ეჭვს გარეშეა, რომ არიან ადამიანები რომლებიც განიცდიან სიყვარულს და ყურადღებას არ აქცევენ დოლარებს და ცენტებს.

ეს ჭეშმარიტება განსაკუთრებით ნათელია იმ კლასთან მიმართებაში, რომელიც იძულებულია თავისი შრომით იზრუნოს საკუთარ თავზე.

ამ მძლავრი ფაქტორით, ქალის მდგომარეობაში ნაშობი კოლოსალური ცვლილებები  ფენომენალურია, განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ, რომ საწარმოო არენაზე ქალი ახლახანს გამოჩნდა.

ექვსი მილიონი მუშა ქალი, ექვსი მილიონი ქალი გათანაბრებული მამაკაცებთან იმ უფლებით, რომ იყვნენ ექსპლუატირებულები, გაძარცულები, მონაწილეობას იღებდნენ გაფიცვებში და შიმშილით იხოცობოდნენ.

განვაგრძო, ჩემო მბრძანებელო? დიახ, ექვსი მილიონი, რომლებიც  სხვა და სხვა დარგში მოღვაწეობენ: უმაღლესი გონებრივი შრომიდან, რკინის გზებსა და შახტებამდე, მათ შორის  მაძებრები და პოლიციელებიც კი არიან.

ჭეშმარიტად - სრული ემანსიპაცია!

ყველაფერ ამასთან ერთად მუშა-ქალთა უზარმაზარი არმიიდან, მამაკაცების მსგავსად, მხოლოდ მცირე ნაწილი განიხილავს საკუთარ შრომას მუდმივ საქმიანობად.

ყველაზე დაუძლურებული მამაკაციც კი შეჩვეულია იყოს თვითმყოფი და დამოუკიდებელი.

დიახ, მე ვიცი: ჩვენს ეკონომიკურ საფლობში რთულია იყო დამოუკიდებელი, და მაინც ყველაზე უკანასკნელსაც კი მამრობითი სქესის წარმომადგენლებიდან სძულს პარაზიტული არსებობა ან ყოველ შემთხვევაში ის, რომ მას ასეთად თვლიდნენ.

მუშა ქალი საკუთარ მდგომარეობას განიხილავს როგორც გარდამავალს და მოლოდინშია, რომ მას პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში მოისვრიან. აი რატომ არის რთული ქალთა ორგანიზება ვიდრე მამაკაცების.

„რატომ უნდა შევიდე პროფკავშირში? მე გათხოვებას ვაპირებ, მე საკუთარი სახლი მექნება.“  განა ამაზე არ უჩიჩინებდნენ ბავშვობიდან როგორც საბოლოო დანიშნულებაზე?

მალე ის გაიგებს, რომ სახლი არც ისე დიდია როგორც ციხე, რომელსაც ფაბრიკა ქვია, თუმცა მას გაცილებით უფრო მძლავრი კარებები და გისოსები აქვს.

დიახ, ამ სახლის მცველიც იმდენად ერთგულია საკუთარი საქმის, რომ მისგან ვერავინ დააღწევს თავს. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული იმაში მდგომარეობს, რომ სახლი ქალს აღარ ანთავისუფლებს კატორღული შრომისგან არამედ ზრდის მის ვალდებულებებს.

ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რომლებიც წარმოდგენილი იყო შრომის კომიტეტში, მხოლოდ ნიუ-იორკში მუშა ქალების 10% არის ქორწინებაში, თუმცა ისინი იძულებულნი არიან შეასრულონ მსოფლიოში ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაო.

დაუმატეთ ამ საშინელებას სახლის ღონისმიმხდელი შრომა - მაშინ რაღა გვრჩება სახლის დაცულობისაგან და მისი დიდებისაგან?

საქმის არსიდან გამომდინარე „საშუალო ფენის“ გათხოვილ ქალსაც კი არ შეუძლია ილაპარაკოს  საკუთარ სახლზე, რადგან მის სრულ მეპატრონედ მამაკაცი გვევლინება.

მნიშვნელობა არ აქვს მისი ქმარი უხეშია თუ მოსიყვარულე. მე მინდა ვთქვა, რომ ქორწინება ქალს უზრუნველყოფს სახლით მისი ქმრის წყალობით.

ის გადადის მის სახლში და რჩება იქ წლების განმავლობაში, სანამ მისი ცხოვრება მისი გარემოს მსგავსად, არ გადაიქცევა უსიცოცხლო, შეზღუდულ და მოსაწყენ რამედ.

გასაკვირი არ არის, რომ ქალი ხდება უთავბოლო, მეწვრილმანე, ფხუკიანი, აუტანელი და ჭორიკანა რაც ქმრის სახლიდან წასვლას განაპირობებს.

მას კი წასასვლელი არსად აქვს, კიდევაც რომ სურვილი ჰქონდეს ამისი. ამასთანავე ქორწინებისა და სრული დამორჩილების მოკლე პერიოდი ქალს სრულიად უვარგის ხდის ცხოვრებისათვის.

ის გულგრილი ხდება საკუთარი გარეგნობისადმი, კარგავს მოძრაობის სიმსუბუქეს, ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, ეშინია გამოთქვას აზრი - ანუ გარდაიქმნება მოსაწყენ არსებად, რომელიც მამაკაცების უმრავლესობას სძულს და ეზიზღება.

საოცრად შთამაგონებელი გარემოა იმისათვის, რომ მასში ახალი სიცოცხლე იშვას, ასე არ არის

მაგრამ როგორღა დავიცვათ ბავშვი თუ არა ქორწინების მეშვეობით?  ბოლოს და ბოლოს ეს არ არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრება?

მაგრამ როგორი სიცარიელე და თვალთმაქცობა დგას ამის უკან! ქორწინება იცავს ბავშვებს და ამავდროულად ათასობით ბავშვი ზრუნვისა და სახლის გარეშე რჩება.

ქორწინება იცავს ბავშვებს და ამავდროულად ბავშვთა სახლები და გამოსასწორებელი დაწესებულებები გადავსებულია, ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია კი დაკავებულია პატარა მსხვერპლთა გადარჩენით, მათი “მოსიყვარულე„  მშობლებისაგან  უფრო მზრუნველი ორგანიზაციების ხელში გადაცემით.

ეს, უბრალოდ დაცინვაა!

შესაძლებელია ქორწინებამ მიიყვანოს ცხენი სარწყულებელთან, მაგრამ აძლევს კი მას წყურვილის მოკვლის შესაძლებლობას?

კანონს შეუძლია მოათავსოს ბავშვის მამა ციხეში და უზრუნველყოს ის ციხის სამოსით, მაგრამ შეძლებს ბავშვი იხსნას შიმშილისაგან?

ან თუ მშობელი უმუშევარია ან დევნაშია, როგორ შეუძლია ამ შემთხვვაში დაეხმაროს მას ქორწინებამ?

კანონზე მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როცა ადამიანი უნდა წარადგინონ „სამართლიანობის“ სამსჯავროზე, როცა ის უნდა მოათავსონ ციხის გისოსებს მიღმა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი მისი შრომის ნაყოფით ისარგებლებს სახელმწიფო, და არა ბავშვი. ბავშვს კი  მხოლოდ მოგონებები რჩება  მამის ჭუჭყიან, ზოლიან სამოსზე.

რაც შეეხება ქალის დაცულობას, სწორედ, რომ აქ არის ქორწინების შეჩვენება. ის სრულიად არ იცავს ქალს, მაგრამ თავად ეს იდეა იწვევს იმდენად დიდ მოწყვეტას, იმდენად ველური და საძაგელია სიცოცხლესთან მიმართებაში, იმდენად დამამცირებელია ადამიანური ღირსებისათვის, რომ ეს პარაზიტული ინსტიტუტი სამუდამოდ უნდა იყოს შერისხული.

ეს წააგავს სხვა პატერნალისტურ შეთანხმებას - კაპიტალიზმს. ის პარავს ადამიანს უფლებებს, რომლებიც მას დაბადებიდან აქვს მიცემული, აფერხებს მის ზრდას და განვითარებას, წამლავს მის სხეულს, ამყოფებს მას უმეცრებაში, სიღატაკეში და დამოკიდებულს იმაზე, რომ შემდეგ ჩამოაყალიბდნენ საქველმოქმედო საზოგადოებები, რომლებიც წარმოიქმნებიან ადამიანური თვითპატივისცემის უკანასკნელ ნამსხვრევებზე.

ქორწინების ინსტიტუტი ქალს აქცევს სრულიად დამოკიდებულ არსებად. ქორწინება მას ხდის გამოუსადეგარს ბრძოლისათვის, ანადგურებს მის საზოგადოებრივ ცნობიერაბას, ადუნებს მის წარმოსახვას და ამის შემდეგ თავაზიანად სთავაზობს დაცვას, რაც სინამდვილეში წარმოადგენს ხაფანგს, პაროდიას ადამიანის ხასიათზე.

თუ დედობა წარმოადგენს ქალური ბუნების უმაღლეს დანიშნულებას, როგორი დაცვა სჭირდება მას სიყვარულისა და თავისუფლების გარდა?

ქორწინება კი მხოლოდ ბილწავს, შეურაცყოფს და რყვნის ამ დანიშნულებას.

ერთერთ მის დებულებას წარმოადგენს: - „მხოლოდ მორჩილებით, შეძლებ სიცოცხლის გაგრძელებას.“

ეს დადგენილებები სასიკვდილოდ წირავენ ქალს, ამცირებენ და არცხვენენ მას თუ ის უარს აცხადებს იყიდოს დედობის უფლება საკუთარი თავის გაყიდვით.

მხოლოდ ქორწინება აძლევს სანქციას დედობას, თუნდაც  სიძულვილით ჩასახულს, იძულების ქვეშ.

დედობა რომ თავისუფალი არჩევანის, სიყვარულის, ვნების, ძლიერი გრძნობის შედეგი ყოფილიყო, დაადგამდა კი საზოგადოება ეკლის გვირგვინს უმანკო თავს, ამოკვეთდა კი სისხლიანი ასოებით ამ საზიზღარ ეპითეტს „უკანონოდშობილი“

ქორწინება რომ ყველა სათნოებას ისრუტავდეს, რომლითაც მას ამკობენ, მაშინ დანაშაულებანი დედობის წინააღმდეგ სამუდამოდ ამოშლიდნენ მას სიყვარულის სფეროდან.

სიყვარული, უძლიერესი და უღრმესი რამ არის, რაც კი სიცოცხლეში არსებობს, იმედისა და სიხარულის მომასწავებელი;

სიყვარული, ყველა დადგენილებებისა და კანონების უარმყოფი; სიყვარული, ადამიანის ბედისწერის ყველაზე თავისუფალი და ყველაზე ძლიერი შემოქმედი;

როგორ შეუძლია ამ მოუთვინიერებელ ძალას გაათანაბროს საკუთარი თავი სახელმწიფოს და ეკლესიის უბადრუკ ქმნილებასთან - ქორწინებასთან?

თავისუფალი სიყვარული? თითქოს და სიყვარულს შეუძლია იყოს სხვაგვარი! მამაკაცი ყიდულობს გონებას, მაგრამ სამყაროს ყველა მილიონს არ ძალუძს იყიდოს სიყვარული.

მამაკაცი იმორჩილებს სხეულს, მაგრამ მთელი ქვეყნიერების ძლიერება  უძლურია დაიმორჩილოს სიყვარული.

მამაკაცმა დაიპყრო ქვეყნები, მაგრამ ნებისმიერი ჯარი უძლურია სიყვარულის წინაშე.

მამაკაცმა ბორკილები დაადო და ბადეში გააბა სული, მაგრამ ის სრულიად უძლურია სიყვარულის წინაშე.

მაღლა, ტახტზე მჯდომი, სრული განცხრომით და დიდმშვენიერებით, რაც შეიძლება უზრუნველყოს ოქრომ, მამაკაცი რჩება ეული და უბედური თუ მას სიყვარული აუვლის გვერდს.

მაგრამ თუ სიყვარული ეწვევა მას, უკანასკნელი ღატაკის ქოხმახიც კი იწყებს სითბოთი, სიცოცხლით და შუქით ნათებას.

მხოლოდ სიყვარული ფლობს ჯადოსნურ ძალას ღატაკი აქციოს მეფედ.  დიახ, სიყვარული თავისუფალია და არ შეუძლია იარსებოს სხვა გარემოში.

თავისუფლებაში გასცემს ის საკუთარ თავს სრულიად და უანგაროდ. ყველა კანონდებულებებს, მსოფლიოს ყველა სასამართლოებს არ ძალუძთ აჰგავონ სიყვარული პირისაგან მიწისა.

თუ ნიადაგაგი უნაყოფოა, შეუძლია ქორწინებას  ნაყოფიერი გახადოს ის? ეს მხოლოდ, ხელიდან გამსხტომი სიცოცხლის უკანასკნელი, თავზეხელაღებული შეტაკებაა სიკვდილთან.

სიყვარული არ საჭიროებს დაცვას ის თავად არის  საკუთარი თავის დამცველი.

სანამ სიყვარულია სიცოცხლის შემომქმედი, არც ერთი ბავშვი არ აღმმოჩნდება გადაგდებული, მშიერი და გატანჯული.

მე ვიცი, რომ ეს სიმართლეა. მე ვიცი ქალები, რომლებმაც დედობის არჩევანი  ქორწინების გარეშე გააკეთეს, თუმცა მათ უყვარდათ თავიანთი შვილების მამები.

არც ისე ბევრი  „კანონიერი“ ბავშვი ტკბება იმ ზრუნვით, იმ დაცვით, იმ ყურადღებით,  როგორსაც თავისუფალი დედობა ანიჭებს.

თავისუფლების დამცველებს ეშინიათ თავისუფალი დედობის წარმოშობისა, რადგან ის მათ მოუსპობს თავიანთ ნადავლს.

ვინ იომებს? ვინ შექმნის ავლადიდებას? ვინ აწარმოებს პოლიციელებს და ციხის ზედამხედვლებს თუ ქალები შეუსიტყვებლად უარს იტყვიან შვილების გაზრდაზე.

ერი! ერი! გაიძახიან მეფეები, პრეზიდენტები, კაპიტალისტები, მღვდლები.  უნდა შევინარჩუნოთ ერი, თუნდაც, ამ შემთხვევაში, ქალი გადაიქცეს უბრალო მანქანად.

ამასთან ერთად ოჯახის ინსტიტუტი წარმოადგენს ორთქლის გამოსაშვებ ერთადერთ სარქველს, რომელიც ნებას გრთავს გაექცე ქალის დამღუპველ სექსუალურ თავისუფლებას.

მაგრამ ეს უგუნური მცდელობები  შენარჩუნებულ იქნას დამონებული მდგომარეობა ამაოა.

ამაოა ეკლესიის ედიქტები, უზენაეს ხელისუფალთა უგუნური იერიში და კანონის ხელიც კი.

ქალს აღარ სურს იყოს ავადმყოფი, სუსტი, დაჩაჩანაკებული და უბედური ადამიანების რასის წარმოების ნაწილი, რომლებსაც არ გააჩნიათ არც ძალა, არც ზნეობრივი ვაჟკაცობა გადააგდონ მონობისა და სიღატაკის უღელი.

ამის ნაცვლად ქალს უნდა სიყვარულით აღზარდოს შვილები და ეს იყოს მისი თავისუფალი არჩევანის შედეგი და არა  ძალადობის, რომელსაც თავის თავში გულისხმობს ქორწინება.

ჩვენ ფსევდომორალისტებს ჯერ კიდევ მოუწევთ მიაღწიონ პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობას ბავშვთან მიმართებაში, რომელმაც უკვე გაიღვიძა ქალში თავისუფლებისადმი სიყვარულის წყალობით.

მისთვის უმჯობესია უარი თქვას დედობრივ ბედნიერებაზე, ვიდრე შობოს ახალი სიცოცხლე სამყაროში, რომელიც ნგრევითა და სიკვდილით სუნთქავს. და თუ ქალი ხდება დედა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისცეს ბავშვს ყველაზე საუკეთესო რაც მას თავად გააჩნია.

მისი დევიზია - გაიზარდოს ბავშვთან ერთად, მან იცის, რომ მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი აღზარდოს მასში ჭეშმარიტი ქალურობა და ვაჟკაცობა.

იბსენი, როგორც ჩანს, წარმოიდგენდა თავისუფალ დედას, როდესაც ოსტატურად გამოსახა ქალბატონ ალვინგის პორტრეტი (პიესა - „მოჩვენება“).

ის იდეალური დედა იყო, რადგან გასცდა ქორწინების საზღვრებს, რადგან გაარღვია ჯაჭვი და საკუთარ სულს თავისუფლად ფრენის უფლება მისცა, სანამ მან აღორძინებული და ძლიერი პიროვნება არ დაუბრუნა.

ვაი, რომ ეს მოხდა ძალიან გვიან, რომ გადარჩენილიყო მისი ცხოვრების ბედნიერება, მაგრამ არც ისე გვიან, რომ გაეცნობიერებინა, რომ სიყვარული თავისუფლების პირობებში, წარმოადგენს ერთადერთ მოცემულობას ჭეშმარიტად მშვენიერი ცხოვრებისა.

იმათმა, ვინც ქალბატონი ალვინგის მსგავსად სისხლი და ცრემლი შეწირეს საკუთარ სულიერ გარდაქმნას, გმობს ქორწინებას როგორც ტყუილს და წვრილმან დაცინვას.

მათ იციან,  რომ ერთადერთ შემოქმედებით, შთამაგონებელ, ამაღლებულ საფუძველს ახალი სამყაროსა და ადამიანთა ახალი რასის შესაქმნელად წარმოადგენს სიყვარული, იმისდა მიუხედავად გრძელდება ის ცოტა ხნით თუ მარადიულად.

ჩვენს თანამედროვე ჭეშმარიტად პიგმეურ მდგომარეობაში, სიყვარული და სიმართლე უცხოა ადამიანთა უმრავლესობისათვის.

გაუგებარი და ყოველი მხრიდან განდევნილი, სიყვარული იშვიათად იდგამს ფესვებს; და თუ ეს ხდება ის სწრაფადვე ხმება და კვდება. მისი ნაზი ქსოვილი ვერ უძლებს დამაუძლურებელი, ყოველდღიური შრომის სტრესს და დაძაბულობას.

მისი სული ძალზედ რთულია, რომ შეეწყოს ჩვენი საზოგადოებრივი სტრუქტურის საძაგელ ყეფას.  ის ტირის და იტანჯება მათთან ერთად ვისაც ის ესაჭიროება და ამავდროულად არ შეუძლიათ  ააღწიონ მის მწვერვალებამდე.

ოდესმე ქალები და მამაკაცები ავლენ მთის მწვერვალზე, ისინი ერთმანეთს შეხვდებიან ძლიერები და თავისუფლები. მზად იქნებიან განიცადონ სიყვარული და გათბნენ მის ოქროსფერ სხივებში.

როგორ წარმოსახვას, როგორ პოეტურ გენიას შეუძლია თუნდაც მიახლოვებულად განჭვრიტოს მსგავსი ძალის შესაძლებლობები ადამიანთა ცხოვრებაში?

თუ ოდესმე სამყაროს გაიგებს ჭეშმარიტ სიახლოვეს და ერთობას, მისი მშობელი სიყვარული იქნება და არა ქორწინება.


თარგმნა: ლუიზა ლაფერაძემ

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე