კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

როგორ შევღებოთ კვერცხები ენდროთი

როგორ შევღებოთ კვერცხები ენდროთიაღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველა მართლმადიდებლის უსაყვარლესი დღესასწაულია. წითლად შეღებილი კვერცხი კი ქრისტეს აღდგომის მთავარი სიმბოლოა.

სააღდგომო კვერცხის შეღებვის მეთოდები მრავალფეროვანია და დასაბამს უძველესი დროიდან იღებს.

კვერცხის შესაღებად გამოიყენება სხვადასხვა სახის ქიმიური ფხვნილები ან მცენარეული დანამატები.

ჩვენთან ყველაზე მეტად გავრცელებულია კვერცხების შეღებვა ენდროს ფესვების გამოყენებით. ამ წესით შეღებილი კვერცხი ლამაზად გამოიყურება, სასიამოვნო წითელი ფერი გააჩნია და რაც მთავარია საღებავი არ გადადის ხელზე ან ტანსაცმელზე.

ქვემოთ მოყვენილია რეცეპტი, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ უნდა შეიღებოს კვერცხები სწორად ენდროს გამოყენებით.

ამისთვის დაგჭირდებათ:

სასურველი რაოდენობის კვერცხები;

ერთი შეკვრა ენდრო (ღებავს დაახლოებით 40 კვერცხს);

 ერთი ჩაის კოვზი მარილი;

ერთი სუფრის კოვზი ძმარი;

ხახვის გარე ფურცლები (4-5 თავი);

წყლით სავსე ჭურჭელი (1,5-2 ლიტრი);

კვერცხების მომზადება

მნიშვნელოვანია შეღებვამდე კვერცხების მომზადება. სასურველია თუ კვერცხები იქნება სოფლის (შედარებით მუქი ფერის).

იმისათვის, რომ კვერცხები მოხარშვის პროცესში არ დასკდეს და დაიბზაროს, სასურველია თუ შეღებვამდე გამოიღებთ მაცივრიდან და გააჩერებთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში (ან ჩადებთ თბილ წყალში 10-20 წუთის განმავლობაში).

იმისათვის, რომ საღებავი კვერცხის მთელს ზედაპირზე თანაბრად განაწილდეს, სასურველია კვერცხები ჩადოთ თბილ წყალში 5-10 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ კი გარეცხოთ პარალონის ღრუბლითა და საპნით და კარგად გაავლოთ წყალში.

ამ პროცედურების შემდეგ კვერცხები მზად არის შესაღებად.

საღებავის მომზადება

თუ დაჩეჩქვილი (ან ფხვნილის სახით) ენდრო არ გაქვთ, ერთი შეკვრა ენდროს ფესვები კარგად გარეცხეთ, შემდეგ კი გულმოდგინედ დაჩეჩქვეთ ხორცის საბეგვი ჩაქუჩის, ქვასანაყის, ან სხვა საგნის დახმარებით.

თუ დაჩეჩქვას ვერ ახერხებთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და გამოკარით მარლაში (შესაძლებელია ქალის წინდის - კოლგოტის გამოყენება).

(ენდროს მარლაში გამოკვრა საჭიროა იმისთვის, რომ კვერცხები საღებავით ზედმეტად არ დაისვაროს). 

დაჩეჩქვილი, ფხვნილის სახით ან მარლაში გამოკრული ენდრო მოათავსეთ ჭურჭელში და დაასხით 1,5-2 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი.

ამის შემდგომ, ჭურჭელში ენდროსთან ერთად ჩააწყვეთ 4-5 თავი ხახვის გარე ფურცლები.

(თუ ენდროს ხარისხში დარწმუნებული ხართ და იგი სწორად არის მომზადებული, შეგიძლიათ ხახვის ფურცლები საერთოდ არ გამოიყენოთ).

შენიშვნა: სასურველია თუ ენდროსთან დაკავშირებულ პროცედურას კვერცხის შეღებვამდე 12 ან 24 საათით ადრე ჩაატარებთ, რადგან საღებავი შედარებით კარგად გამოვა და კვერცხის ფერიც იქნება გაცილებით ხალასი წითელი.

შეღებვის პროცესი

კვერცხები უნდა შეიღებოს პარასკევს, საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ.

შემოდგით ზემოთ აღნიშნული მეთოდით მომზადებული საღებავიანი ჭურჭელი ცეცხლზე და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაელოდეთ მის გაცივებას.

გაითვალისწინეთ, რომ გაცივების პროცესში მას საკმაოდ არასასიამოვნო სუნი აქვს, ამიტომ ჩართეთ საზარეულოს გამწოვი ან გაიტანეთ ჭურჭელი და გააცივეთ საღებავი აივანზე.

ამის შემდგომ, ჩააწყვეთ ზემოთ აღნიშნული წესით მომზადებული კვერცხები საღებავიან ჭურჭელში (საშუალოდ 20-30 ცალი). ყურადღება მიაქციეთ, რომ საღებავი ბოლომდე ფარავდეს კვერცხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუმატეთ იმ რაოდენობის წყალი, რომ კვერცხები ბოლომდე დაიფაროს.

ჩაუმატეთ ერთი ან ორი სუფრის კოვზი ძმარი (იგი კვერცხის ნაჭუჭს საღებავისთვის უფრო ამთვისებელს ხდის).

დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი. მარილი საჭიროა იმისთვის, რომ კვერცხები მოხარშვის პროცესში არ დასკდეს და დაიბზაროს.

ადუღეთ კვერცხები დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთის განმავლობაში.

დაიმახსოვრეთ, რომ კვერცხების ხარისხიანად შესაღებად, უმჯობია ენდროს რაოდენობა გაიზარდოს, ხოლო ხარშვის დრო შემცირდეს.

ზოგადად კი შეღებვის პროცესისთვის 20-25 წუთი სრულიად საკმარისია.

20-25 წუთის შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ კვერცხები ჭურჭლიდან, გადაალაგეთ ცივ წყალში და გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

ამ პროცედურის საშუალებით, კვერცხები ადვილად გაიფცქვნება, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.

როცა კვერცხები გაგრილდება, შეგიძლიათ იგი ზეითუნის, ან მზესუმზირის ზეთში დასველებული ნაჭრით გააპრიალოთ.

კვერცხი გახდება ბზინვარე (როგორც ლაქირებული).

იხილეთ: როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები ხახვის ფურცლებით

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე