კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

სავარცხლის ისტორია

სავარცხლის ისტორიასავარცხელი ადამიანის უძველესი გამოგონებაა. ამ ფაქტს არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებს. უძველესი სავარცხელი ძვლისგან, ხისგან, ნიჟარებისგან და რქებისგან მზადდებოდა.

დადგენილია, რომ სწორედ სავარცხელი გახდა თავლის მოვლის ერთ-ერთი პირველი საშუალება. ქალბატონთა კოსმეტიკურ არსენალში ის უძველესი დროიდან მოიხსენიება.

ძველ ეგვიპტესა და აღმოსავლეთში, თმის მოვლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სხვადასხვა პერიოდში, მოდურად ითვლებოდა თმის ბოლომდე გადაპარსვა, რის გამოც პარიკების მოვლა აუცილებელი გახდა.

თავდაპირველად პარიკებს თევზის ფხით ვარცხნიდნენ. თმის სარჭებად და სამაგრებად კი სხვადასხვა ზომის ძვლებს იყენებდნენ.

ევროპაში  პირველი სავარცხლები ძროხის რქებისგან ან კუს ჯავშნისგან მზადდებოდა.

რქას შიგთვსს აცლიდნენ, ერთ მხარეს ჭრიდნენ, პრესის ქვეშ ათავსებდნენ, აშრობდნენ და ახმობდნენენ. გამხმარ რქაზე ხელით კვეთდნენ კბილანებს, რომელსაც პოლირებას უკეთებდნენ. ასეთი ხელნაკეთი სავარცხელი ძვირად ფასობდა.

სავარცხელი სამკაულის სტატუსს ატარებდა. განსაკუთრებით თავს იწონებდნენ ესპანელი ლამაზმანები რომელთა კოსტიუმი ყოველთვის შემკული იყო  კუს ჯავშნისგან დამზადებული თმის აქსესუარით.

სავარცხელი მაგიურ თვისებებსაც ითავსებდა. რის შესახებაც ინფორმაციები ძველ ზღაპრებშიც არის გადმოცემული.

იაპონიაში, სასიძო, შეყვარებული მამაკაცი, ვალდებული იყო თავად დაემზადებინა სავარცხელი სასურველი ქალიშვილისთვის. თუ ქალიშვილი სავარცხელს თმაში დაიბნევდა ცოლობაზე თანხმობას ნიშნავდა.

ძველი სამურაები სავარცხელს არა მარტო თმის დასამაგრებლად, არამედ იარაღადაც გამოიყენებდნენ.

აღორძინების ეპოქაში ევროპაში სავარცხლის გარდა, გრანდიოზული ვარცხნილობების დამჭერი მავთულების კარკასიც დაიხმარეს. დიდებულთა ვარცხნილობები, რომელიც ხელოვნების ნიმუშებს მოგაგონებდათ, რამდენიმე მსახურის დახმარებით ივარცხნებოდა.

საფრანგეთში სავარცხლები და თმის სარჭები ფართოდ იყო გავრცელებული. არსებობდა ტრადიცია რომლის თანახმად გასათხოვარ ქალიშვილს აუცილებლად უნდა ჰქონოდა მზითევში ძვირფასი ლითონისგან დამზადებული და ძვირფასი ქვებით მოპირკეთბული თმის სარჭები და სავარცხელი.

სავარცხლის წარმოშვების ისტორიაშუასაუკუნეების დასასრულს, ღორის ჯაგარისა და ზღარბის ქაცვის გამოყენებით ჯაგრისის ტიპის სავარცხლებს ამზადებდნენ.

ამას ცრურწმენებიც ახლდა თან - ამბობდნენ, რომ მსგავსი სავარცხლით დავარცხნით ქალი მომხიბვლელობას დაკარგავდა.

სავარცხელს სხვა მითოლოგიური დატვირთვაც ჰქონდა. ანტიკურ ხანაში მას უმეტესად ზღვის არსებებს უკავშირებდნენ.

სავარცხელი ქალღმერთების: ვენერას, აფროდიტეს, აგრეთვე სირინოზებისა და ქალთევზების ატრიბუტად მოიხსენება.

დრო გადიოდა და მასთან ერთად სავარცხლების ისტორიაც ვითარდებოდა, თუმცა როგორც ვიცით - თითქმის ყველაფერი ახალი, დავიწყებული ძველია.

თანამედროვე დიზაინერებს ხშირად შემოაქვთ ძველებური სტილის თმის სარჭები, დიადემები და უცნაური მასალის აქსესუარები.

როგორ ავირჩიოთ სავარცხელი

როგორ ავირჩიოთ სავარცხელითანამედროვე სავარცხლები შეიძლება იყოს ხის, პლასტმასის, კერამიკული, ძვლის, რქის, ლითონის, ნატურალური ან ხელოვნური ჯაგარის და ა.შ სხვა მასალისგან დამზადებული.

განვიხილოთ მოკლედ მათი დადებითი და უარყოფითი თვისებები:

რქის  სავარცხელი - რა თქმა უნდა ასეთი სავარცხლები, ისევე როგორც კუს ჯავშნისგან დამზადებული სავარცხლები ხარისხიანია და საკმაოდ ძვირად ღირებულიც.

შემადგენლობის მიხედვით თმა და რქა პრაქტიკულად იდენტურია, ამიტომ, რქის მიკრონაწილაკები არავითარ უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს თმაზე.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ რქა ამავდროულად მყიფეა და სავარცხლის კორპუსზე ან კბილებზე არსებულმა ანტკეჩებმა, ბზარებმა და ნაპრალებმა შესაძლოა დააზიანოს, ამოგლიჯოს ან გაჭრას თმები.

პლასტმასის სავარცხელი - პლასტმასი ყველაზე გავრცელებული, იაფი და ხელმისაწვდომი ვარიანტია. სავარცხლების უმრავლესობას სწორედ პლასტმასის კბილები გააჩნია.

პლასტმასის სავარცხლის არჩევისას, გაითვალისწინეთ, რომ იგი უნდა იყოს იდეალურად გლუვი და არ აღენიშნებოდეს ბზარები და ნაპრალები. მასზე ხელის მსუბუქად გადატარებისას, არც კორპუსმა, არც კბილებმა და არც ჯაგრისმა არ უნდა დაგკაწროთ.

მოსავლელად პლასტმასი ყველაზე მარტივი და ჰიგიენურია. მისი გარეცხვა მარტივია და თბილი წყლით ადვილად შეიძლება მიკრობების ჩამორეცხვა.

პლასტმასის სავარცხელს ნაკლიც გააჩნია. საქმე იმაშია, რომნ ხდება მისი საკმოდ ძლიერი სტატიკური დამუხტვა, რაც იწვევს თმების დაელექტროებას, ამან კი შესაძლოა თავის ტკივილი გამოიწვიოს. ამიტომ, უმჯობესია შეიძინოთ სავარცხელი, რომელიც დაფარულია ანტისტატიკური საფარით.

ლითონის სავარცხელი - ლითონის სავარცხელს აქვს ის უპირატესობა, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია რთულად დასავარცხნი, დაუმორჩილებელი თმის დავარცხნა, ამასთან არ იმუხტება და ადვილად მოსავლელია, თუმცა მისი ყოველდღიური გამოყენება დაუშვებელია.

ამიტომ, თუ იმ ტიპის თმა გაქვთ, რომ მეტალის სავარცხელი თქვენთვის აუცილებელია, აირჩიეთ ხარსიხიანი, ცნობილი ბრენდის სავარცხელი, რადგან უხარისხო რკინის სავარცხელმა შეიძლება არა მხოლოდ გააფუჭოს თმა, არამედ დააზიანოს თავის კანიც.

თუ თმას ხშირად იღებავთ, იცოდეთ, რომ კატეგორიულად არ შეიძლება ლითონის სავარცხლით შეღებილი თმის დავარცხნა. როგორც ცნობილია ლითონი მიდრეკილია დაჟანგვისკენ. ხოლო ჟანგი შესაძლოა შევიდეს ქიმიურ რეაქვიაში საღებავთან და შეცვალოს თმის ფერი

ხის სავარცხელი - არსებული მასალათაგან ყველაზე ჯანსაღი ხეა. კარგად დამუშავებული ხისგან დამზადებული სავარცხელი არ იმუხტება, ხსნის სტატიკურ ელექტროობას, არ შედის რეაქციაში არანაირ საღებავთან, არ აზიანებს თმას და პირიქით, დადებითადაც კი მოქმედებს მასზე.

რა თქმა უნდა ხის სავარცხლები სხვადასხვა დიზაინის და ფორმისაა, მაგრამ თმის დასავარცხნად უმჯობესია გლუვი, ბრტყელი სავარცხელის გამოყენება, რომლის კბილები ერთმანეთისგან შესამჩნევად დაშორებულია;

მნიშვნელობა აქვს ხის მასალასაც, რომლისგანაც დამზადებულია სავარცხელი: არყის ხე ხელს უწყობს ქერტლის მოცილებას, მუხა ანტისტატიკურია, დამამშვიდებლად მოქმედებს თმაზე და თავის კანზე, ღვია არომატულია და ანტისტრესული მოქმედებით გამოირჩევა, წიფელი გარდა იმისა, რომ ანტისტატიკურია და დადებითად მოქმედებს თმაზე, ნაკლებად ბინძურდება და მაღალი გამძლეობით გამოირჩევა.

ხის სავარცხლის შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი იდეალურად დამუშავებული და გლუვი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოგლეჯს თმას და დააზიანებს მას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მისი მოვლა სხვა მასალებთან შედარებით რამდენადმე რთულია, რადგან იგი შედარებით რთულად ირეცხება, და გარეცხვის შემდეგ იცვლის ფერს, ხოლო გაურეცხავ მდგომარეობაში შეიძლება მიკრობებისა და სოკოს წყაროც გახდეს.

სილიკონის სავარცხელი - სილიკონის სავარცხლებით სარგებლობა კომფორტულია, იგი არასტატიკურია, კარგად სრიალებს თმაში და ქმნის სასიამოვნო შეგრძნებას.

სილიკონი კარგი მოსავლელია, ნამდვილი სილიკონი ძირითადად ბეჟი ფერისაა; იგი ძალიან მოსახერხებელია თმის ასაჩეჩად, ან ქიმიურად დახვეული თმის დასავარცხნად.

ებონიტის სავარცხელი -  ებონიტის სავარცხელი მსუბუქია, პრაქტიკული. ამასთან არასტატიკურია და ძალიან კომფორტულია თმების დავარცხნის დროს.

ებონიტი არ ვნებს თმას, ანიჭებს მას ბზინვარებას და ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია ბანაობისას, სველი თმის დავარცხნის დროს.

სავარცხელი ჯაგრისები - ჯანმრთელი, ლამაზი თმისთვის რეკომენდებულია ყოველდღიური, ნატურალური ჯაგრისი სავარცხლით დავარცხნა და მასაჟი.

ჯაგრისი-სავარცხელი კარგად აშორებს თმას მტვერს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს თმის ზრდას.

არ არის სასურველი თხელი და დაზიანებული თმის დავარცხნა სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ჯაგრისით. ჯაგრისი-სავარცხლის დამზადებისას, ყველაზე ძვირ მასალად ღორის ჯაგრისი მიიჩნევა.

ველური ტახის ჯაგარი, წყობით ადამიანის თმის წყობას ემთხვევა. ასეთ სავარცხლით სწორი გრძელი თმა კარგად ივარცხნება. ხვეული და ხშირი თმა კი არა;

ნეილონის ჯაგრისი -  ჰიგიენურია, არასტატიკური და ყველა ტიპის თმას უხდება. მისი გამოყენება ბავშვის თმისთვისაც შეიძლება;

სავარცხლის ტიპები

ბრტყელი სავარცხლებიბრტყელი სავარცხელი - ბრტყელი სავარცხლები ყოველდღიური მოხმარებისაა და უნივერსალურად მიიჩნევა. იგი რეკომენდებულია ყველა ტიპის თმისთვის.

არსებობს როგორც ერთი ზომისა და სიხშირის კბილანებით მთელს სიგრძეზე, ასევე კომბინირებული - ერთ მხარეს მსხვილი და მეჩერი, ხოლო მეორე მხარეს წვრილი და ხშირი კბილანებით.

ბრტყელ სავარცხელს ძირითადად დასავარცხნად იყენებენ და მისი საშუალებით ვარცხნილობის გაკეთება არ ხდება.

იგი ასევე კომფორტულია შეღებვის ან ნიღბის გაკეთების დროს, რადგან მოსახერხებელია საღებავის ან ნიღაბის თანაბრად გადანაწილება თმის მთელს ზედაპირზე.

თუ გსურთ თმის სიგრძეს რაიმე სახის ფორმა მისცეთ, გამოიყენეთ გრძელკუდა სავარცხელი. მისი საშუალებით მარტივია კულულების ზემოთ აწევა. აგრეთვე თმის თანაბრად, სწორ ხაზზე გადაყოფა.

თუ თმისთვის მოცულობის მინიჭება გნებავთ, უნდა გამოიყენოთ ჩანგლისებრი სავარცხელი. იგი ამ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება.

ჯაგრისი სავარცხელი - ამ ტიპის სავარცხლები შეიძლება იყოს სხვადასხვა მასალის, ფორმის და დანიშნულების.

მათი უპირატესობა არა მხოლოდ თმის სრულყოფილად დავარცხნაშია, თმის ჯაგრისი-მასაჟიორი ახდენს თავის კანის მასაჟს და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, შესაბამისად კი ხელს უწყობს თმის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ჯანმრთელი, ლამაზი თმისთვის სასურველია ყოველდღიური, ნატურალური ჯაგრისი-სავარცხლით (მასაჟიორით) დავარცხნა და მასაჟი.

ამ ტიპის ჯაგრისები რეკომენდებულია მშრალი თმისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ თმა თხელი და მეჩხერია. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ჯაგრისი-სავარცხლის, მით უმეტეს მასაჟიორის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ცილინდრული ფორმის სავარცხელი-ჯაგრისები (ბრაშინგი):

სავარცხლის ტიპებიასეთი ჯაგრისები არის სხვადასხვა ზომისა და დიამეტრის:

დიდი ცილინდრული ჯაგრისი (მინიმალური დიამეტრი 60 მმ), ყველაზე საუკეთესო ვარიანტია სწორი თმებისთვის. სასურველია იგი ნატურალური ტახის ჯაგრისგან იყოს დამზადებული.

ასეთი ჯაგრისი მასიურად და დელიკატურად ვარცხნის თმას და შესანიშნავია ნატურალური, თმის სამკურნალო ზეთის, ან სხვა საშუალებების თმის მთელს სიგრძეზე გადასანაწილებლად.

პატარა ცილინდრული ჯაგრისი (დაახლოებით 40 მმ დიამეტრის) შესანიშნავია მათთვის, ვისაც მოკლე ვარცხნილობა აქვს (ძირითადად ასაკოვანი ქალბატონები).

ასეთი ჯაგრისი სასურველია დამზადებული იყოს ნატურალური მასალისგან. იგი კარგია თმის დასახვევად და გასასწორებლადაც კი. ამასთან ანიჭებს თმას მეტ მოცულობას თმის ძირებთან.

კვადრატული ჯაგრისი (Vent Brush) - ასეთი ჯაგრისი განსაკუთრებულად მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ხვეული თმის გაშრობა უნდა ფენის გარეშე, ან თმა ქიმიურად აქვს დახვეული.

ამ დროს, ჩვეულებრივი ჯაგრისის გამოყენება დაარღვევს ვარცხნილობას და დაუკარგავს კულულებს ფორმას. ხოლო Vent Brush-ის ტიპის ჯაგრისი თმას დავარცხნის ისე, რომ შეუნარჩუნებს კულულებს ფორმას და მოცულობას.

კვადრატული ჯაგრისით თმის დავარცხნა კარგია მეორე დღეს, ფენით გაშრობის შემდეგ.

თმის ასაჩეჩი ჯაგრისი - ასეთი ჯაგრისი კარგია მათთვის, ვინც მაღალ ვარცხნილობას ატარებს და სურს დაივარცხნოს ცალკეული მცირე ზომის კულულები.

მისი გრძელი სახელური დამზადებულია სპეციალურად იმ პრინციპით, რომ ადვილად შეიძლებოდეს თმის კულულებად დაყოფა, ხოლო ჯაგრისის ვიწრო ზედაპირი სასუალებას იძლევა თმა დავარცხნილი იქნას ძირებამდე.

ვარცხნილობის ფორმირების დროს შესაძლკებელია ჯაგრისზე წასმული იქნას თმის ლაქი, რაც საშუალებას იძლევა ვარცხნილობა დაფიქსირდეს სასურველი სახით.

სავარცხელი ვარცხნილობისთვის - არსებობს ასეთი სავარცხლების ფართო ასორტიმენტი:

ეგრეთ წოდებული "ჩონჩხისებრი" სავარცხლები შესანიშნავია სველი თმის დასავარცხნად ფენთან ერთად;

ბრაშინგი (მრგვალი ჯაგრისები) ტალღოვანი ვარცხნილობის გასაკეთებლად;

აბურდული თმის დასავარცხნი სპეციალური სავარცხელი, რომელსაც სხვადასხვა ზომის (მონაცვლეობით განლაგებული გრძელ და მოკლე) სინთეტიკური კბილანები აქვს და არ აზიანებს თმას;

სავარცხელი, რომელსაც აქვს პლასტმასის, ერთმანეთისგან დაცილებული კბილანები და უზრუნველყოფს ვარცხნილობას დიდი მოცულობის გარეშე;

სავარცხელი, რომელსაც შერეული ტიპის ჯაგრისი აქვს, იგი ანიჭებს თმას ბზინვარებას, ამასთან კარგად ვარცხნის და ამასაჟებს თმას;

რბილი და უხეში თმის ჯაგრისები, სავარცხლები ზიგზაგისებური კბილენებით და მრავალი სხვა სპეციალური სავარცხლები და ჯაგრისები.

სავარცხლის შერჩევა თმის ტიპის მიხედვით

სავარცხლის ტიპებივისაც ვარცხნილობების გაკეთება და მისი ხშირი ცვლილება უყვარს, უნდა ჰქონდეს არა ერთი, არამედ რამოდენიმე სავარცხელი სხვადასხვა ტიპის ვარცხნილობისთვის.

სწორედ სასურველი ვარცხნილობის ტიპის გათვალისწინებით არის საჭირო იქონიოთ რამოდენიმე დამხმარე სავარცხელი, რომელიც განკუთვნილია ვარცხნილობის გასაკეთებლად.

რაც შეეხება ძირითად სავარცხელს, რომელსაც ყოველდღიურად, მხოლოდ თმის დასავარცხნად იყენებთ, მის შესარჩევად არსებობს განაკუთრებული რეკომენდაციები:

გრძელი თმისთვის - რეკომენდებულია ჯაგრისი-სავარცხელი, რომელსა კბილებზე ექნება პატარა ბურთულა დაბოლოებები, რომელიც დამატებით ახდენს თავის კანის მასაჟს;

მოკლე თმისთვის - რეკომენდებულია ბრტყელი სავარცხელი;

მშრალი თმისთვის - ყველაზე პრაქტიკულია ჯაგრისის ტიპის სავარცხელი, რომელსაც რბილი, ელასტიური კბილები ან ნატურალური ჯაგრისი აქვს;

ცხიმიანი თმისთვის - რეკომენდებულია ხის, ან რქის სავარცხელი; არ არის რეკომენდებული ჯაგრისი-სავარცხლები;

თხელი თმისთვის - უმჯობესია სავარცხელი მასაჟიორი ხშირი ჯაგრისით, რომელიც უზრუნველყოფს თავის კანის ზედა კანში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;

სქელი თმისთვის - რეკომენდებულია ნატურალური მასალისგან დამზადებული თმის ჯაგრისი-მასაჟიორი, რათა არ მოხდეს თმის დაზიანება;

სწორი თმისთვის - შესაძლებელია აირჩიოთ ნებისმიერი ჯაგრისი-მასაჟიორი, რომელიც მოგეწონებათ.

დახვეული თმისთვის - ხვეული კულულების დასავარცხნად უმჯობესია მეჩხერ კბილებიანი სავარცხლის გამოყენება;

სასარგებლო რჩევები

სასარგებლო რჩევები - როგორ შევარჩიოთ სავარცხელი სავარცხლის კორპუსი უნდა იყოს გლუვი, იდეალურად დამუშავებული, ყოველგვარი ნაპრალებისა და ბზარების გარეშე. მისი კბილანები არ უნდა იყოს მჭრელი.

 სავარცხელი-მასჟიორის კბილანები უნდა ბოლოვდებოდეს მრგვალი ბურთულებით, რომელიც იცავს თავის კანს ტრამვებისგან. მისი რეზინის საფუძველი უნდა იყოს დაჭიმული, მტკიცე, კბილანები უნდა იჯდეს რეზინში მყარად და რეზინი არ უნდა იყოს გახეული და დაზიანებული.

 რეკომენდებულია შეიძინოთ სავარცხელი, რომელსაც აქვს რეზინის ან კორპის სახელური. ასეთი სავარცხელი მოხერხებულია ბანაობის დროს,რადგან არ გასხლტება სველი ხელიდანაც კი;

 იმისათვის რომ თმა ჯანსაღ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ, მისი დავარცხნა უნდა მოხდეს ნელა, ფრთხილი და მწყობრი მოძრაობით. ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს სავარცხლის მოძრაობა და თმაზე ხელის ჩამოსმა;

 გრძელი თმის დავარცხნა ბოლოებიდან უნდა დაიწყოს, მოკლე თმის კი ძირებიდან;

 თუ თმის სიგრძე 30 სმ-ზე გრძელია, მისი დავარცხნა უნდა დაიწყოთ სავარცხელი-ჯაგრისით, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივი სავარცხლით. დავარცხნის პროცესი ფრთხილი და მზრუნველი უნდა იყოს, რათა არ მოხდეს თმის დაზიანება;

 თმის დავარცხნა უნდა ხდებოდეს რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში. წარსულში ითვლებოდა, რომ თმის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის საჭირო იყო დღის განმავლობაში მასზე 100-ჯერ მაინც ჩამოგესვათ სავარცხელი. სხვათა შორის ამ მოსაზრებას დღეს თანამედროვე სპეციალისტებიც ეთანხმებიან;

 თმის დავარცხნა რეკომენდებულია მინიმუმ დღეში ორჯერ;

 თავის დაბანისა და გაშრობის შემდეგ, გამოიყენეთ სავარცხელი მეჩხერ კბილანებიანი სავარცხლით, ხოლო ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გაიკეთოთ კუდი ან შეიკრათ თმები "კოსად" ხშირ კბილებანი სავარცხლით.;

 არ გამოიყენოთ ბრაშინგი (ცილინდრული ფორმის სავარცხელი-ჯაგრისი) დაზიანებული ან ბოლოებში დაყოფილი თმის დასავარცხნად, თუ იგი ხელოვნური მასალისგან არის დამზადებული. ამ შემთხვევაში თმა დაივარცხნეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული ჯაგრისით;

 არ დაგავიწყდეთ ძილის წინ თმის დავარცხნა ჩვეულებრივი ჯაგრისით. ამ შემთხვევაში თქვენს თმას მუდამ ჯანსაღი იერ-სახე ექნება. რაც შეეხება ჯაგრის-მასაჟიორს, მისი გამოყენება რეკომენდებულია არაუმეტეს 1-ჯერ კვირაში. ამასთან უფრო სასარგებლოა თმის დავარცხნა საპირისპირო მიმართულებით, ანუ კეფიდან შუბლისკენ;

 ნუ გამოიყენებთ წვრილ კბილანებიან მამაკაცის სავარცხლებს. ასეთი სავარცხელი გარდა იმისა, რომ არ დავარცხნის ნორმალურად, დააზიანებს თმას;

 ნუ მიაგდებთ სავარცხელს სახლში ნებისმიერ კუთხეში, სადაც კი მოგეხასიათებათ. უმჯობესია მისთვის შერჩეული გქონდეთ სპეციალური ადგილი, სადაც იგი იქნება სუფთა და მოვლილ მდგომარეობაში.

სავარცხელი პირადი ჰიგიენის ნივთია, თითქმის ისეთივე, როგორიც კბილის ჯაგრისი, რომლითაც მხოლოდ თქვენ უნდა ისარგებლოთ;

სავარცხელი უნდა გარეცხოთ საპნით, არანაკლებ თვეში ერთხელ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობთ ვარცხნილობის გასაკეთებელი სპეციალური სავრცხლებით და ჯაგრისებით, კიდევ უფრო ხშირად;

 შეეცადეთ შეიძინოთ ახალი სავარცხელი წელიწადში ერთხელ მაინც. ნუ გამოიყენებთ ძველ, დამტვრეულ და დაზიანებულ სავარცხლებს. ასეთი სავარცხლის დამტვრეულმა კბილანებმა შესაძლოა თმისა და თავის კანის დაზიანება გამოიწვიოს;

მოამზადა ინა ნერგაძემ


იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

მსგავსი თემები