ვინ სთქვა, რომ მე, პატრიოტი არა ვარ? მიუქარავს!.. ეტყობა, ან სადილობამდის მოთრეულა ჩემთან და ან ნასადილევს მოხეტებულა... უდროოდ უვლია!.. აბა, თქვენი ჭირიმე, სადილობამდის, როცა მუცელი ცარიელია, ვისა სცალიან საპატრიოტოდ და ან ნასადილევს, კუჭდამძიმებულზე, რაღა დროს პატრიოტობაა?!
არა... იმ დროს მობრძანდეს, როდესაც მე, მამა-პაპურად ფეხმორთხმულს, წინ მიფენია ქართული სუფრა მაისის სასადილო სამკაულებით: ცხელ-ცხელი პურები, ცივი ღვინო, აქა-იქ ახირებულად მიყრილ-მოყრილი მწვანილი, ახალი თევზი, მოთალი, ზედ ტარხუნით თავწახურული, საიდამაც ის შეჩვენებული ძროხის მოსაკითხი ისე გამოიყურება, თითქოს პირს სიცილით ეუბნებოდეს: „გამიღე კარები, კბილები მიჩვენეო“ და იმავ დროს მოშუღლული ტარხუნაც ზევიდან დასჩურჩულებდეს: „სად მიდიხარ? ვერ გაგიშვებ! იქაც ქვეშ უნდა მოგიქციო და თავზე დაგაწვეო! სადაც ჩახვალ, მეც მაშინვე იქა ვარო“ და სხვა.
აი დრო, როდესაც ჩემს გულში იღვიძებს პატრიოტული გრძნობა და ჩემი ნაციონალური მადა კუჭში იდგამს სამეფო ტახტსა! მაშინ მეც თავი მომწონს ქართველობით!..
განა შემიძლია შუშხუნა მწვადის ყურება ისე, რომ პირი პატრიოტული ნერწყვით არ მევსებოდეს? როდის გადამიკრავს კახური ღვინო ისე, რომ ჩვენის წინაპრების შესანდობარი არ ყოფილიყოს? ჯერ კიდევ შუა სმაშიაც არა ვარ ხოლმე, რომ ჩემი ქვეყნის მტრები თვალწინ მელანდებიან და მაშინ მეც თავი ვეღარ შემიმაგრებია, გაბრაზებული ზევით ჭერს ქუდსაც ვკრავ ხოლმე და ძირს სუფრაზე წითელ ღვინოს ვანთხევ.
დიახ!.. ამგვარად ხშირად აღვძრულვარ, აღვშფოთებულვარ და მაშ ვისღა შეუძლია სთქვას, რომ მე პატრიოტი არ ვიყო? არა თუ დღეს, როდესაც დიდი ბობოლა შევქმნილვარ, ადრე, ჭიაობაშიაც, გულით ვმამულიშვილობდი, თუმცა ამის გამოცხადებას კი სიტყვით ვერ ვბედავდი და საქმით ვერ ვახერხებდი.
და ან კი რა გამოვიდოდა გამოცხადებით? პატარაობაში რა გასავალი ექნებოდა ჩემს სიტყვებს? და დღეს, დიდკაცობის დროს კი, აღარ შემფერის ამჩატება!.. ახლა რომ პატრიოტულ ალიან-ჩალიანებს გამოვუდგე, არ იტყვიან: ე რა წვრილმანებს გამოსდგომიაო?
დიახ! იტყვიან და შემარცხვენენ!.. არა, არა!.. უდროოდ არა ვარგა რა!..
მოვუცდი ისევ იმ დროს, როდესაც ეს ორივე, დიახ საფუძვლიანი და თავის გასამართლებელი, მიზეზი თავისთავად მოისპობა და მაშინ გამოვაჩენ ჩემს მამულიშვილობას!
მესაყვედურებიან: „თუ შენ პატრიოტი იყო, შენის ქვეყნის მზეთუნახავს არ დააგდებდი და სხვისას არ დაუწყებდი ტრფიალსო!..“ მაგრამ სცდებიან!.. რა იციან, თუ ჩემ გულში რა არის? აქ ანგარიშია, და ანგარიშს ჭკვიანი როდის გაქცევია? ჩემის ქვეყნის მზეთუნახავი ღარიბია! თვითონ რა აქვს, რომ მე მარჩინოს? რა ჰმოსია, რომ მე ჩამაცვას? რა შეუძლია, რომ გამაძლიეროს და თვითონ რა სახელგანთქმულია, რომ მე გამომაჩინოს? და უცხო ქვეყნის მზეთუნახავი კი ამაების ყველაფრის შემძლებელია! აი რისთვის ვეტრფი მას! და აი რად მიყვარს!..
აბა ამ ბედში ჩააგდეთ ჩემი ქვეყნის მზეთუნახავიც და მაშინ ნახავთ, თუ ვისმე დაგაცადოთ მისი ტრფობა!! მაშ უსაფუძვლო ყოფილა საყვედური! დიახ, პატრიოტი ვარ, ვყოფილვარ და ვიქნები!.. ოღონდ თქვენ კი წინააღმდეგი მიზეზები მომაშორეთ!.. არ შეგიძლიათ? მაშ რაღას მესაყვედურებით? რაღას მთხოვთ, კოღო-ბუზებო?
რა გამოდის ამ თქვენის ბზუილით, კოღო-ბუზებო? და რას არიგებთ თქვენის იქა-აქ თრევით, ჭიანჭველებო!
ეჰ, ვაი იმ დროს, როდესაც თქვენ გაჩენილხართ!.. თქვენ თქვენის უხეირო საქციელით ჩვენ, ბობოლებს, მხოლოდ პატრიოტულ მადას გვიფუჭებთ!..
ერთი მომიტანეთ ჩანგი, რომ ავაჟღერო, და სევდა გავიქარვო.
ბობოლების ბაიათი:
კოღო-ბუზო! ჭიანჭველო! ქუდმოხდილო, ფეხშიშველო! შენს თავს რომ შენ ვერ არგიხარ, როგორ გინდა სხვებს უშველო? ეგ ბზუილი შესაზარი არავისთვის აღარ არი! ერთი სიო სულ გაგფანტავსთ, ზღვაში ჩაგყრით ზენაქარი. აბა სად გაქვსთ, გვითხარ, ღონე, რომ დაჰფრინავ თავმომწონე! გულით გირჩევ: შენცა ჩემებრ, სდუმენ, ძალას დაემონე! დაგარიგებ შესაბრალსა, მით ვასრულებ ჩემსა ვალსა. დამიჯერე, არ გატყუებ მიმავალი მომავალსა! თვარა, ჩემო ჭიანჭველო, ქუდმოხდილო, ფეხშიშველო! შენს თავს რომ შენ ვერ არგიხარ, როგორ გინდა სხვებს უშველო?! |
მაგრამ... ჩუ, ეს რა მესმის: კოღო-ბუზებიც პასუხს მაძლევენ!
- ხა! ხა! ხა! აბა, დავუგდოთ ყური! მოვისმინოთ მათი ბზუილიც - კარგს კილოზედაც იბზუვებენ!.. ხა! ხა! ხა! ხა! ხა! ხა!
კოღო-ბუზების პასუხი:
მიმავალო, მშვიდობით! აწ დრო არის მოგვშორდე, ძველ დროს გამოეთხოვო, ახალ დროს გაუსწორდე! თუ რომ გული წმინდა გაქვს, თუ რომ არ ჰგრძნობ რაღაც შიშს მომავალთან, ვინა გთხოვს ან რჩევას, ან ანგარიშს! შენ რომ გზა გაგივლია, ის ჩვენ აღარ გვარგია; და ის ჩვენთვის ცუდია რაც რომ თქვენთვის კარგია! კოღო ვართ, თქვენ - ბობოლა!.. მაშ ჩვენ ვინ გაგვატოლა? ჩვენ ბზუილი შეგვშვენის, თქვენ - გვერდზე წამოწოლა. თქვენ სხვა ხართ და ჩვენ სულ სხვა, არა გვაქვს რა საერთო მის მეტი, რომ ჩვენს კვნესას თქვენგან ცილიც დაერთო! თქვენი გზა თუ კარგია, ღმერთმა თქვენ მოგახმაროს, და ჩვენ კი იმავ გზისგან საწყლები დაგვიფაროს! ჩვენ, ქუდმოხდილ-ფეხშიშველებს, არ გვიდრკება გულები, სანამ თვალწინ გვიდგიან პირველმოციქულები!.. თქვენ კი ფრთხილად იყავით! მიჰბაძეთ ფარისევლებს, დაგვქოლეთ და დასცინეთ გაუსხლეტელს ჩვენს ცრემლებს!.. ზღაპრად თქმულა, რომ დიდ ლომს კოღო არ შეუშინდა და კიდეც დაამარცხა, ცხვირში რომ შეუფრინდა! და ბობოლას ომი კი არვის გაუგონია!.. ის სხვას უქსოვს სამოსელს და მით თავმომწონია! ჩვენ ბუზები გახლავართ, თქვენ ბობოლა ბრძანდებით! მაგრამ რად იგვიანებთ? რატომ არ წაბრძანდებით? მიმავალნო, მშვიდობით! გზა გვიტიეთ მომავალს! რად სწუხდებით რჩევისთვის? ჩვენ ვპოებთ ჩვენს გზას და კვალს!.. |
აკაკი წერეთელი. 1875 წელი.
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |