წუხს მაგიდაზე დარდი-ბარათი - ხელისგული და სულგადასმული; ძლივჩამოღწეულს ძველმისამართით - ასდის ქინძის და ომბალოს სუნი. სიზმრის კვირტები უსკდება თბილისს; შიმშილს მინაყრებს შენი ბარათი - გვიანარეკილ მჭადივით თბილი. ძლივს ერთი წველა ამოგყავს ყველი; მამას აღონებს მწირი ბეღელი... კვამლიც ისლიდან ნარჩენ თოვლს წველის. და თაგვის სარჩოც არ ჩანს ბეღელში... მეც... სიყვარულის დიდგულა გუნდა, ვაითუ, ასე ჩამადნა ხელში... დაგენაყები წამლად მშობელი; სიზმრისახდენის შიშით ვკანკალებ... დაცარიელდა ჩემთვის სოფელი. ჭორლამბია თუ მონტყორმპენტავის*... არც აქ დაგიშლით ლექსების ჯღაბნას, ან წაგვაკითხა, რას წერ, ნეტავი!... ამოუმტრედდა, ბიჭო, ჩიტები... ბედს ნახავს... მამა რომ მიცხონდება, ჰოდა, იკვნიტე მემრე თითები!.. ხელსაპონივით ვდნები ლოდინით... ჯულბაც აღარ ჰყეფს, წევს მოწყენილი და მამაშენსაც მხარს ხრავს ლოგინი. შენ გელოდება, ვხვდები წინასწარ; ერთ საწყალ კალამს თუ მოუკითხავ... გადმოათეთრებს ნაციმბირალსაც. (ამ ბოლოს... სმა და ბოდვაც დასჩემდა); ვეჭვობ, მანდ ესხდეთ უკეთესები - სულშებეჭილი ჭალის ლარჭემთან... ნუ შემატოვებ სიზმრის ყვავ-ყორნებს; წელს ნუ მოიწყვეტ მჩატე ჩემოდნით, ნურც ხელს ნურაფერს გამოაყოლებ"... ზურგში მიბერავს სულს მუზის ქარი და სტიპენდიით ნაყიდ კაბაში გამომიქვითე ყველა სიზმარი. მეტს არ მოგაწერინებ... ცოცხალ პასუხად მოვალ - იმ თვეში, ოღონდ, ეს ლექსი მოამწევინე - "ლუქსზე" მწარედ რომ მეწვის თითებში!.. იმ შავთავშალა შიშისაც მესმის; აჰა, თენდება მტრედების ტაშით და კალმისწვერზე წრიალებს ლექსი... |
ლექსები დედაზე • • • ![]() |