კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების

უკვდავებაზე გესაუბრებით,

ყური დამიგდეთ, წუთ მაჩუქეთ;

ბავშვობამ ჩემმა და სიჭაბუკემ

აქ გაიარა, ამ ტყეთა წიაღ,

სადაც კეთილი ქარები ქრიან,

სად შემოდგომით, ყოველ ცისმარე

ველები ნისლის ქათიბს ისხამენ,

სად იავნანას მღერის მდინარე

და ფერად სიზმრებს ხედავ მძინარე,

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების

სიახლოვეზე გესაუბრებით.


სადაც ენგური და ცხენისწყალი

მოჰქრიან თავქვე ტალღაცინცხალნი,

სად პაპისპაპამ მედგრად აღმართა

"ლემ" -დროშა ლომთა, დიდ წინაპართა,

სად ამირანი ღმერთებს ეომა,

სად სვანეთია --- ლომის ხეობა,

იქ არის ჩვენი გვარის სათავე,

ჩვენი ჯილაგი, მუდამ მართალი

და შეურყვნელი სინდის-ნამუსით,

დააბიჯებდა მშობელ მამულში.

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების

სიამაყეზე გესაუბრებით.


ასე მგონია ჩემზე დარდობენ,

რადგანაც დავთმე და მივატოვე

მამისეული ძველი სახლ-კარი

კოშკი, მაჩუბი, ტყე და სამკალი

ისევ მელიან, ისევ მიცდიან,

მაგრამ მე, ცოდვილს, ვერ მომიცლია

ადგილის დედის მოსაფერებლად.

რა ახლოსაა ბედნიერება

და მაინც, მაინც როგორ დავშორდი

ელვარე კორდებს ჩემი ბავშვობის.

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების

უთქმელ სევდაზე გესაუბრებით.


რარიგ მკაცრია მაინც ცხოვრება,

მეც ჩამითრია მისმა მორევმა.

ტალღათა სრბოლამ და დაჯახემაბ,

შემომახვია დრო არტახებად.

იმედიც, სითბოც, სევდაც, იარაც

ბედმა თანაბრად გამიზიარა.

ტანჯვის, წვალების გზითაც მივლია,

მაგრამ სიცოცხლე მაინც ტკბილია -

ეს ღვთის წყალობა და საჩუქარი -

გულს რაღაც მაინც თუკი უხარის.

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების

სილამაზეზე გესაუბრებით.


როგორ ვიარე, როგორ ვიცხოვრე,

ძალიან მინდა, რომ თქვენც იცოდეთ,

როს განსაცდელის ჟამი დადგება,

ვინ იცის, რაში გამოგადგებათ

ჩემი სიტყვა და გამოცდილება,

მაშ, აბა, სხვამ ვინ, თუ არ შვილებმა

უნდა გაიგონ საქმე მშობელის

და სიყვარული ცხოველმყოფელი,

უნდა ასწიონ მაღლა მზესავით,

მამაშვილობის აზრიც ეს არის.

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების

მონატრებაზე გესაუბრებით.


თუკი თქვენ კარგი რამ დაგნათლიათ,

უპირველესად, დედის მადლია, -

სიკეთე, სითბო, რწმენა, სიმართლე,

ჩირაღდანივით სულს რომ გინათებთ,

მეგზურად გყავდეთ პატიოსნება,

დედის ფიქრი და დედის ოცნება.

კარგ შვილს მშობელთან კრძალვა უხდება,

გფარავდეთ მისი ლოცვა-კურთხევა,

პატივი ეცით აწ და მარადის

მის სპეტაკ მანდილს კუბოს კარამდის.

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების

ღვთაებრივ შუქზე გესაუბრებით.


მე ქვეყნად ჩემი ვწიე ჭაპანი,

არა ვყოფილვარ ღძო და ჯაბანი;

არ შემიბღალავს კაცის ღირსება

არც სხვისი ცოდვა არ მეკისრება.

არც რა ქურდობა, არც რა ღალატი,

რწმენის ერთგული ვრჩები მარადის...

მამულს ვეკუთვნი სულით-ხორციან,

სხვისი დროშისთვის არ მიკოცნია,

სხვის ჩრდილს არასდროს შევფარებივარ,

თქვენს გამიჩნდით და ღმერთს ვყვარებივარ,

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების

მშობლიურ ფერზე გესაუბრებით.


და მაინც, თუკი რამ შემეშალა,

თუ ზოგჯერ ჯიქურ, მოუხეშავად

ვცდილობდი ხოლმე ლელოს გატანას,

ცოდვაც რაიმე თუ მაქვს პატარა,

თქვენ ნუ იქნებით ძალზე მკაცრები,

გამარჯვების ფასს, ხომ დამარცხების

შემდეგ შეიგრძნობს ადამიანი,

და არასოდეს არის გვიანი

ყალბი პოზის და ყალბი დიდების

მიღმა შეცნობა ჭეშმარიტების.

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების

მღელვარებაზე გესაუბრებით.


ზოგმა სამშობლო სხვაზე გაცვალა,

ზოგმა სინდისი ფულს ანაცვალა,

ზოგმა უარყო, ზოგმა გაყიდა,

მტრად იზრდებოდა ვინაც აკვნიდან.

მაგრამ იუდას და მოღალატის

სიცოცხლე ქვეყნად გროშად არა ღირს,

შურისძიების ბასრ სატევარით

სადმე უყელებს ბედი მდევარი...

არა, სიცოცხლე, ღმერთმა გაშოროთ,

უნათესაოდ და უსამშობლოდ.

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების

ერთგულებაზე გესაუბრებით.


წუთისოფელი ბევრჯერ დაგჯეგავთ,

სანამდე ქვეყნად გაგიმარჯვდებათ.

ბევრჯერ ჩაგაცმევთ ალბათ შავებსაც,

ვერ გაექცევით სევდა-კაეშანს.

არ უღალატოთ არსად მეგობარს,

სადარდებელი ისეც გეყოფათ.

ძმისთვის ყოველთვის უნდა იცლიდეთ

და გასაჭირში სულის სიწმინდე

შეინარჩუნოდ უნდა ბოლომდე,

არ გაავდეთ და არ გაბოროტდეთ.

ამ მწვერვალები და ამ ღრუბლების

სიანკარეზე გესაუბრებით.


თქვენ თქვენი გზები უნდა გათელოთ

და მიუტანოთ ძღვნათ საქართველოს,

თქვენი ლექსი და თქვენი ნახატი,

სუნთქვაც, გულისთქმაც, ლოცვაც, ღაღადიც.

და რახან გაჩნდით ქართულ მიწაზე,

ამოიკვეთეთ გულის ფიცარზე

ერთი აზრი და ერთი დევიზი:

მამულის აწმყო, მისი მერმისი.

მისთვის სიცოცხლე თქვენი ვალია,

სხვა ყველაფერი წარმავალია.

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების

სიდიადეზე გესაუბრებით.


რაგინდ სახელი გერქვათ კაი ყმის,

მშობლების ამაგს ვერ გადაიხდით, -

დღიდან ადამ და ევას გაჩენის

ესაა თურმე შვილთა სასჯელი

ყველა მოდგმის და ყველა თაობის.

მეც მყავდა მამა, მაგრამ დავობლდი,

იანვრის თოვლში ჩუმად დაგვტოვა,

თუმცა სიცოცხლეს ძლიერ ნატრობდა.

და დღესაც ცრემლი თვალებს მისველებს,

მის კეთილ ღიმილს როცა ვიხსენებ.

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების

მწუხარებაზეც გესაუბრებით.


მერე რა, თუკი ზოგი ამქვეყნად

დასაბამიდან ამოდის ეკლად.

მავანთა სისინს ყურს ნუ დაუგდებთ,

ვინც ფიქრობს მხოლოდ სხვათა აუგზე.

მეგობრებიც ჰყავთ ქვეყნად პოეტებს,

ისინი თქვენ არ მიგატოვებენ

და როცა მწუხრის მძიმე ზარები

დარეკენ და მე გავემგზავრები

იმ ქვეყნად, ვიცი ჩემი წიგნებით,

მკვდარი თქვენს გვერდით მაინც ვიქნები.

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების

უკვდავებაზე გესაუბრებით.


ლექსები მამაზე   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე