დილა რომ გათენდა, ბუკსა და დაფდაფს ჰკარით-მეთქი, ვუბრძანე. მთელი ლაშქარი შესასხდომლად გამზადებულიყო და ნიშანს ელოდა. "ლომმან მივჰმართე ხატაეთს”, მხნედ და ფიცხლად გავეშურეთ, უვალი გზით მივდიოდით.
კარგა მანძილი გვქონდა გავლილი, როცა ინდოეთის საზღვარს გავსცდით. ხატაელთა მეფის, რამაზის, მოციქულები მომეგებნენ და მისგან ძღვნად უცხო და საკვირველი განძეულობა მომართვეს, ფასი არ დაედებოდა. დანაბარებიც მომახსენეს, გულის მოსაფხანი სიტყვები შემოეთვალა:
- გვაპატიე, რაც შეგცოდეთ, ახლა თვითონვე ვნანობთო, აბა, თქვენ რას გაგიმკლავდებით: "ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო, თქვენნი თხანია”. მორჩილებით ყელზე წნელი შემოგვიბამს და გევედრებით: შეგვიწყალე, ნუ ამოგვწყვეტ, ცას რისხვით ნუ ჩამოგვიქცევ, შენს ვაჟკაცობას ეგ არ შეშვენისო.
ლაშქრით მოსვლა არ გინდა, თან მცირე რაზმი იახლე და მობრძანდი: უომრად და მოურბევლად ჩაგაბაროთო ციხე-ქალაქნი და "თავნი, შვილნი, საქონელი”.
- ვეზირები გვერდით დავისხი და მოვისაუბრეთ. მითხრეს: ყმაწვილი ხარ და ჩვენ, გამოცდილებით დაბრძენებულნი, ამიტომ გიბედავთ გირჩიოთ: ნუ მიენდობი, მეტად მუხთალნი არიან, ღალატით არ მოგკლანო. აჯობებს, მამაც მოყმეთა ამალით წახვიდე, ლაშქარიც შორიახლოს მოგყვეს და შიკრიკით შენს ამბავს გებულობდესო. მიდი და ნახე, თუკი
"გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა,
არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა”.
- რჩევა ჭკუაში დამიჯდა, მომეწონა `ვაზირთა ნავაზირები”, და შევთვალე: რამაზ მეფევ, წადილს მიგიხვდი. იცი, ვერაფერი დაგვიმაგრდება, და სიკვდილს სიცოცხლე ამჯობინე. აგრე იყოს, ლაშქარს დავტოვებ და მცირე ამალით წამოვალ-მეთქი. სამასი მამაცი მოყმე შევარჩიე და თან წავიყვანე, ხოლო მთელს დანარჩენ ლაშქარს დავუბარე: შორიახლოს უკან მომყევით, თვითონვე გიხმობთ, თუ დამჭირდა, და მაშინ მომეშველეთ-მეთქი.
- კიდევ სამი დღე რომ ვიარე, ხატაელთა მეფის სხვა მოციქული მომივიდა. რამაზს ამჯერად უამრავი უცხო და ძვირფასი სამოსი ეძღვნა და შემოეთვალა: შენი სიახლოვე მწადია, ვესწრაფვი მალე გნახო ლაღი და ჯან-ღონით სავსე, მოსაგებებლად თვითონ წამოვსულვარ და, როცა შევხვდებითო, "მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა”.
პასუხად შევუთვალე: აღსრულდეს ნება თქვენი, მეც ეგ მინდა, ერთმანეთი ტკბილად მოვინახულოთ და მამაშვილურად ვიყოთ-მეთქი.
- იქიდან წასული შესასვენებლად უდაბური ტყის პირს ჩამოვხტი. რამაზის მოციქულნი კვლავ მომივიდნენ და თამამად მომესალმნენ, "წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა”, მომახსენეს, რამაზ მეფე შენს ნახვას მართლაც რომ გულით ნატრობსო, შემოგითვალა, შენკენ მოვეშურები და ხვალ ადრიანად შეგხვდებიო. მოციქულთ "მეტად ამოდ ვუალერსე”, მათთვის საგანგებო კარავი გავამართვინე და მაყრებივით ერთად დაიძინეს.
- კაცზე გაწეული სიკეთე თურმე უქმად არ დაიკარგება. ერთი მოციქულთაგანი სხვებს უკან ჩამორჩა, მოვიდა და ჩუმად მითხრა:
- თქვენ წინაშე დიდი ვალი მაძევს. ჩემგან ძნელად თუ გადაიხდება: მამათქვენს ყმაწვილობიდანვე გავუზრდივარ, მისი ამაგის დავიწყება და თქვენი გაწირვა რანაირად შემიძლია? მშვიდად მომისმინე და ყველაფერს მოგახსენებო:
"თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი,
მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი, პირი ვარდი”.
ამაოდ არ მოტყუვდე, გღალატობსო რამაზი: ასიათასი მეომარი ერთგან ჩაუსაფრებია, სხვაგან კიდევ - ოცდაათიათასი. ასე ფიცხლად იმიტომ გიხმობს და, თუ თავს არ უშველე, ფათერაკს გადაეყრებიო. მეფე მცირე ამალით მოგეგებება და პირფერობით მიგინდობს, ამასობაში აბჯარს ფარულად ჩაიცვამენ და ჩასაფრებულთ კვამლით ნიშანს მისცემენ, მაშინვე მთელი ლაშქარი გარს მოგეხვევა და, "რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.
- იმ კაცს საამოდ ვებაასე, დიდი მადლობა ვუთხარი და აღვუთქვი: ნეტავი კი ცოცხალი დავრჩე და სიკეთეს ისე გადაგიხდი, თავს თვითონვე შენატროდე. ახლა წადი და შენიანებთან იარე, ეჭვი არ აიღონ. თუ დაგივიწყო, საქვეყნოდ შერისხული და ყველასაგან ზურგშექცეული ვიყო-მეთქი.
არავის გავენდე, ჭორივით დავმალე. რაც იქნება, სულერთია, ყოველგვარი ბჭობა უსარგებლოა-მეთქი. ოღონდ ჩემი ლაშქრისაკენ, თუმცა შორს იყო, კაცი ვაფრინე და შევუთვალე: "ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.
- რა გათენდა, მოციქულნი ტკბილი სიტყვით გავასტუმრებინე, რამაზს მოახსენონ-მეთქი: "მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე”. გზას განვაგრძობდი, ხიფათს არ გამოვქცევივარ. თუ სიკვდილი მეწერა, მაინც ხომ ვერსად დავემალებოდი: "განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?!”
დაშუადღებულიყო, როცა ერთ ქედს გადავადექი. იქიდან შორს მინდვრად მტვრის კორიანტელი მოჩანდა. აი, მოდის თავისი ლაშქრით რამაზ მეფე, ჩემთვის რომ მახე დაუგია, მაგრამ დამაცადონ, ჩემი ბასრი ხმლისა და შუბის საკბილო გახდებიან-მეთქი, გავიფიქრე და "მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე”:
ძმანო! ხატაელნი გვღალატობენ, მაგრამ თქვენი მკლავის სიმაგრეს, მჯერა, ეს ვერ მოადუნებს. ახლა ხმალი უქმად ნუღარ გვარტყია, მტერს მხნედ შევუტიოთ! გახსოვდეთ, ქვეყნისა და მეფისათვის სიკვდილიც სანეტაროა, თავს ნუ დაზოგავთ-მეთქი.
"ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა;
დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა;
რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა,
მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა."
- რა მივუახლოვდით, შეგვამჩნიეს, ტანთ აბჯარი გვეცვა. რამაზის მოციქული მომივიდა, შემოეთვალა: ახლა ხომ ორგულობას ვეღარ შეგვწამებთ და გვწყინს, აბჯრით რომ გხედავთო. პასუხად შევუთვალე: ვიცი, რასაც მიპირებ, მაგრამ მაგას ვერ ეღირსები! ახლა მობრძანდით და, როგორც წესი და რიგია, შეგვებით, მეც ხელთ ხმალი მიპყრია და მზადა ვარ მუსრი გაგავლოთ-მეთქი.
- მოციქულმა რომ ამბავი მიუტანათ, კვლავ რაღად გამოგზავნიდნენ? ლაშქარს კვამლით ნიშანი მისცეს და იდუმალი ზრახვა გაამჟღავნეს. ორივე მხირდან ჩასაფრებულნი გამოვიდნენ და მრავალკეც რაზმებად მოეწყვნენ. მაინც ვერა მავნეს რა. თავს მუზარადი დავიხურე და შუბი მოვიმარჯვე, მათ დასალეწად ბრძოლის ჟინმორეული "ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად”, ჯიქურ იქ მივიჭერ, საცა მათი ურიცხვი რაზმი გულდამშვიდებით იდგა.
"ახლოს მივე, შემომხედეს, შმაგიაო, ესე თქვესა,
მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა;
კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა,
შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,
კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძი რაზმი ორი."
- ირგვლივ შემომეხვივნენ და დიდი ომი გაჩაღდა. ჩემს მახვილს ვერავინ უმაგრდებოდა, "ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი”, მივჩეხავდი და სისხლი ჩქეფად ჩასდიოდათ. საითაც კი მკლავი გავშალე, შეშინებულნი გამირბოდნენ.
- საღამოჟამს ქედიდან მოთვალთვალემ გადმოსძახათ: ნუღარ დგახართ, წადით, თავს უშველეთ, ცამ რისხვით გადმოგვხედა, საშინელი მტვრის კორიანტელი აქეთ მოიწევს, უთვალავი ლაშქარი მოდის და სულმთლად არ ამოგვწყვიტოსო.
ჩემი ლაშქარი ამბის გაგებსთანავე ფიცხლად წამოსულიყო, დღე და ღამე გაეერთებინათ. რაზმი რაზმზე მოდიოდა, მინდორს ვერ დაეტია და მთების კალთებსაც შეჰფენოდნენ, "გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გაიზეარა”.
მათ დანახვაზე ხატაელებმა იკადრეს გაქცევა. ყიჟინა დავეცით და უკან ბრძოლით დავედევნეთ. ინდოთა დიდი ლაშქარიც წამოეწიათ და "დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა”.
რამაზ მეფე მოვიხელთე, ხმლით ჩამოვაგდე და დავატყვევე. მისი მეომრებიც, ვინც სიკვდილს გადარჩენოდა, აღარ დაგვიხოცავს, ტყვედ წამოვასხით. ღამენათევთ და ქანცგაწყვეტილთ, "ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა”.
- ნაომარ ადგილას დასასვენებლად დავბანაკდით. ხელში ვიყავი დაჭრილი, ნახმლევი მაჩნდა. მეომრები ჩემ საჭვრეტად და ქების შესასხმელად მოდიოდნენ და მოდიოდნენ, სათქმელის თქმა კი მაინც ვერ მოეხერხებინათ. ზოგი შორიდან მლოცავდა, ზოგიც საკოცნელად მოიწევდა, გამზრდელი დიდებულნი ხომ სიხარულით ამიტირდნენ. ჩემგან ხმლით ნაკვეთის ნახვას ყველა გაეკვირვებინა. ერთ კაცს ეყოფოდა, რაც მე სახელი მომეხვეჭა.
- ლაშქარი სათარეშოდ მივუშვი, ერთობ დატვირთულნი დაბრუნდნენ. მერე რამაზს ვუთხარი: შენი სიმუხთლის ამბავი კარგად ვიცი და ახლა მაინც, შეპყრობილი რომ ხარ, გულმართლად მოიქეცი, "სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე”, თორემ, რაც მოგივიდეს, თავისთავს დააბრალე-მეთქი.
მეტი რა ღონე მაქვსო, მიპასუხა, ოღონდ ერთი ჩემი დიდებული მომეცი, რომ ციხოვანთ მივუგზავნო, და ყველაფერს მოგართმევენ, შენი იყოსო. დავუჯერე. დიდებული რომ გაგზავნა, თან ჩემი მოყმენი წავატანე. ციხოვანნი ვიხმე. ყველანი ერთობ მეახლნენ, ურჩობა შევანანე და "კარი ქალაქთა უომარდ გავაღებინე”. ციხე-სიმაგრეთა და უამრავ საგანძურთა კლიტენი უკლებლივ მომართვეს, მთელი ხატაეთი მოვიარე და ყოველივე მივითვალე. ხალხი დავამშვიდე, თქვენ არას გერჩით-მეთქი:
"ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: იყვენით თქვენ უკრძალავად,
მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად”.
- განძეულობა შესაფერისად გადავინახე და დავაბინავე. უცხო და ძვირფას ნივთსა თუ სამკაულს თვლა არა ჰქონდათ. ერთგან საკვირველ კაბასა და მოსახვევს წავაწყდი, გენახა, იტყოდი, ეს რა უცნაური რამ არისო: ვერ მივხვდი, რა იყო ან კაცის ხელს როგორ გაეკეთებინა. ვისაც კი ვუჩვენე, ღვთის სასწაულიაო, თქვეს: `არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხაულად”, სიმტკიცით ცეცხლში ნაწრთობსა და ნაჭედს ჰგავდა.
ორივე მის საძღვნოდ გადავდე, ვისი შუქიც გულს მინათებდა. მერე მეფისათვის შევარჩიე, საარმაღნოდ რაც რამ უმჯობესი იყო, ათასი მუხლმაგარი ჯორ-აქლემი დავტვირთე და გავუგზავნე, ამბავიც კარგი შევუთვალე.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ვეფხისტყაოსანი / შინაარსი |