კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

- იბედნიერეთ, ხელმწიფეო, - ვსწერდი ფარსადანს, - "სვემცა არს თქვენი სვიანად!” ამბავი იმიტომ დაგიგვიანეთ, რომ ხატაელებმა მიმუხთლეს, თუმცა ვერა დამაკლეს რა, თვითონვე დაზიანდნენ, რამაზ მეფე შევიპყარ, ტყვითა და ნადავლით მოვდივარ-მეთქი.

როცა ყველაფერი გავაწესრიგე, ხატაეთიდან გამოვეშურე და განძეულობა თან წამოვიღე. ჯორ-აქლემით რომ ვერ ავუვედი, ხარ-ურემიც მოვიშველიე, "აზავრები ვააზავრე”. ვიშვებდი და ვიხარებდი, რახან საწადელს ვეწიე.

- ინდოეთს გამარჯვებით დაბრუნებულს სატახტოდან კარგა მოშორებით წინ ჩემი ტკბილი გამზრდელი, ფარსადანი, მომეგება. "რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია!” ხელი გამიხსნა და რბილი სახვევით შემიხვია. ახლოს დამისვა, ხალისით მებაასებოდა, შემომხაროდა და მიალერსებდა. მოედანს ტურფა კარვები დაედგა, იმ დღეს ნადიმი იქ გამართა. მთელი ღამე ვილხენდით და საამოდ შევექცეოდით.

- დილით ბანაკი ავშალეთ და ქალაქს შევედით. ხელმწიფემ ბრძანა: დღეს ლაშქარი შეკრიბეთ და ხატაელთა მეფე მიჩვენეთ, სხვა ტყვეებიც მომიყვანეთო. შეპყრობილი რამაზი რომ მივგვარე,


"ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე,

ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე, 

ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!”


ფარსადანმა რამაზს ალერსიანად უმასპინძლა, მეგობრული ბაასი გაუბა. მეორე დღეს ხელმწიფემ უთენია მიხმო და ლმობიერად მკითხა: "შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?” რახან შეცოდებულს ღმერთი შეუნდობს, თქვენც მოიღეთ მოწყალება და აპატიეთ-მეთქი, მოვახსენე.

მერე რამაზს უბრძანა: იცოდე, ახლა კი უკან შეწყალებულს გაბრუნებ, მაგრამ ამიერიდან აღარ ვნახო, ჩვენ წინაშე თავი შეგერცხვინოსო! ხარკად ათიათასი დრაჰკანი და დიდძალი სტავრა-ატლას-აბრეშუმი დაუწესა. თვითონ და მისი დიდებულებიც დამოსა და წყრომის მაგიერ ტკბილად გაისტუმრა: "შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია”.

რამაზმა დიდად დაუმადლა, დადრკა, მოწიწებით თაყვანი სცა და შეჰკადრა: თქვენი ორგულობა ღმერთმა სანანებელი გამიხადა და, თუ ოდესმე კიდევ შეგცოდოთ, აი, მაშინ ნუღარ მაცოცხლებთო! გახარებული წავიდა და თავისიანებიც ყველანი უკლებლივ თან წაიყვანა.

- ის იყო ინათა, კვლავ მეფის კაცი მეახლა. შემოეთვალა: სამი თვეა, რაც შენ წახვედი, და მას აქეთ აღარ მინადირია. თუ დაღლილობას მოერიო, წამო, წავიდეთო.


"შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,

შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა,

მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა;

გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა!"


მე არაფერი ვიცოდი, წასვლის წინ ფარსადანი დედოფალს თურმე საიდუმლოდ ეუბნა: ომიდან დაბრუნებული ტარიელის ცქერა ვის არ სწადია, "მან განანათლოს მჭვრეტელთა გული რაზომცა ბნელია”, გამარჯვებას ვზეიმობთ, ნანატრი ჟამი დაგვდგომია, "აჰა დღე ედემს ხლებული”, და რახან გადაწყვეტილი გვაქვს ჩვენი ასული გავამეფოთ, ბარემ ახლა ნახოს, ვისაც მისი ნახვა უნდა, უკეთეს დროს სადღა ვიპოვითო, გვერდით დაისვი და სასახლის დარბაზს დამხვდით, ჩვენც მალე მოვალთო.

- ქორ-შავარდენი და მწევარ-მეძებარი მრავლად ვიახლეთ და გავემართეთ. მინდორი მთის ძირამდე მოვინადირეთ და, შორს აღარ წავსულვართ, უკან ადრე დავბრუნდით. ნადირობის შემდეგ ხელმწიფემ ბურთაობა-ასპარეზობაც ჩვეულებრივზე ჩქარა დააშლევინა და სასახლისაკენ გავეშურეთ.

- მთელი ქალაქი ჩემ საჭვრეტელად გამოფენილიყო. კოხტა ზოლიანი სამოსი მეცვა და ხატაეთს ნაშოვნი უცხო მოსახვევი მეხვია. ომში ხმლით ნაიარევი ხელი ყელზე მქონდა ჩამობმული და "ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი”. ჩემი ცქერით გაგიჟებულიყვნენ, გონი მისდიოდათ. დიაღ, ასე იყო, ნამდვილს გეუბნები, არა ვტყუი.

- სასახლესთან ხელმწიფე ცხენიდან ჩამოხტა, მეც ჩამოვქვეითდი და სამეფო დარბაზისაკენ გავწიეთ. რა შევედი და მას შევხედე, მზეებრ სხივნათელ ღაწვთა ელვამ შემაკრთო. ტანთ ნარინჯისფერი ჯუბა ემოსა. ზურგს უკან უამრავი პირისფარეში დას-დასად ედგა. მის სიტურფესა და შუქმოსილებას


"სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,

მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი”.


დედოფალი წამოდგა, წინ მომეგება და შვილივით მაგრად გადამკოცნა, "ღაწვი ვარდი დამილება”. ამიერიდან, ფიქრი ნუ გაქვს, მტერთან შებმა აღარ მოგიწევსო, მითხრა.

- ნადიმზე თავიანთ მახლობლად დამსვეს, მე რომ მეამებოდა, ისეთ ადგილას: `პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა”.

ფარულად შევყურებდით ერთმანეთს, გამოსაუბრება კი ვერ გაგვებედა. თვალს მოვაშორებდი თუ არა, სიცოცხლეს ფასი ეკარგებოდა ჩემთვის, ხოლო რა ისევ ვუჭვრეტდი და მიჭვრეტდა, მტანჯველი ცეცხლი წამსვე დამიცხრებოდა. გახელებულ გულს ვიოკებდი, ვცდილობდი მორიდებით ვყოფილიყავ, რომ რამე არავის შეემჩნია:


"კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.

რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!”


ფარსადანმა, მის ხელმწიფობას რომ შეშვენოდა, ისეთი ლხინი გამართა. ყველა სასმისი ლალისა და ფირუზისა იყო. უკეთეს დროსტარებას კაცი ვერ ინატრებდა.

უზომოდ გავიხარე. მეფეს ებრძანებინა, მთვრალიც კი შინ არავინ გაეშვათ. მხიარულების ხმაურში, გაჩუმდითო, გაისმა. ყველამ მოწიწებით თავი დახარა და გაიტრუნა, სიმღერაც შეწყდა.

- შვილო ტარიელ, - მითხრა ხელმწიფემ, - ენით არ ითქმის, რარიგ გვიხარია! ჩვენ აქ ვზეიმობთ და ნეტარებას მივსცემივართ, მტერს კი გლოვა და ვაი-ვაგლახი აქვს, და ეს შენ გამოა, შენი წყალობით.

მჭვრეტელნი ქებას ამაოდ არ გიძღვნიან, ნამდივილად რომ ღირსი ხარ. შვებითა და დიდებით გაბრწყინებულს თუმცა ჩვენგან ახლით შემოსვა გეკუთვნის, მაგრამ ეგ სამოსი ისე გშვენის და გიხდება, სხვა ვერც შემოგვითავაზებია. ასი საუნჯე შენი იყოს, "ვის შუქნი მოგიფენიან”, და, რაც მოგეწონოს, თვითონვე შეაკერვინე, ჩვენ ნურას მოგვერიდებიო.

- ასი საუნჯის ასივე კლიტე მომართვეს. მეფე-დედოფალს თაყვანი ვეცი და სვესვიანობა დავულოცე. "თვით იგი მზენი მზეთანი” ადგნენ და გადამკოცნეს. მერე იმოდენა განძეულობა გასცეს, ანგარიში არ ეგებოდა, ლაშქარი პირთამდე აივსო.

ხელმწიფე ხელახლა დაბრძანდა მხიარული და ნადიმობაც გაგრძელდა. სმამ და სიმღერამ იმატა, ჩანგი და ბარბითი ისევ საამოდ ჟღერდა.

შებინდებისას დედოფალმა დაგვტოვა, ჩვენ კი კარგა ხანს დავრჩით, "ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა”. მერე ყველანი დავიშალენით, მეტი სმა და დროსტარება აღარ შეგვეძლო. შინ რომ მივედი, სიშმაგემ ხელი დამრია და აღარ ვიცოდი, რა მექნა:


"ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.

მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

მსგავსი თემები