- ადრე დილით სასახლეში მიხმეს, მყისვე გავეშურე. მეფე-დედოფალი ერთად დაბრძანებულიყო, წინ სამიოდე ურჩეულესი დიდებული უსხდათ, სხვა არავინ მოეწვიათ. სკამი შემომთავაზეს და მეც იმ დიდებულთ შევუერთდი.
- სიყმაწვილის ჟამი უკან დაგვრჩენია, - შემოგვჩივლა ხელმწიფემ, - ღმერთმა უძეოდ დაგვაბერა. მაგრამ ამას აღარა ვნაღვლობთ, რახან ასული გვყავს ისეთი, "ვისგან შუქი არ გვაკლია”. ახლა დროა იგი დავაქორწინოთ. სასიძოდ იმგვარ კაცს ვეძებთ, რომ ტახტი ჩავაბაროთ და ჩვენი მაგივრობა გასწიოს: ქვეყანას გაუძღვეს და არავის დააჩაგვრინოს, მტერთა მახვილის საკბილო არ გავხდეთ და არ ამოვწყდეთო.
- ვითომდა ბჭობას შევუდექით, თუმცა, ავს რომ მიპირებდნენ, იმთავითვე მივუხვდი და გული გადამელია, მაგრამ მხნეობა მოვიკრიბე. დამეშალა, არც მიფიქრია, ეს მე არ შემშვენოდა, და მოვახსენე: თქვენს უძეობას გული ვერ შერიგებია, მაგრამ კმარა `ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების”. ვისაც კი სასიძოდ შვილსა სთხოვთ, დიდად გაუხარდება. სხვა რა უნდა გკადროთ, თვითონ იცით, რაც უნდა ჰქნათ-მეთქი.
- ხვარაზმის ხელმწიფე თუ მოგვცემს შვილს სასიძოდ, იმისთანა სხვა არავინ არისო, - ბრძანა ფარსადანმა და დედოფალმაც კვერი დაუკრა: - მართლაც რომ დიდებული მეფეა და მის შვილზე უკეთეს სასიძოსაც ვერსად ვიპოვითო.
ეტყობოდათ, ყველაფერი წინასწარვე ჰქონდათ გადაწყვეტილი: ერთმანეთს ცბიერად შესციცინებდნენ და ლაპარაკიც თითქოს ერცხვინებოდათ. შეცილებას როგორღა შევბედავდი, დასტური მივეცი და სულის ამოხდომის დღეც დამიდგა.
"ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა,
ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა”.
- ხვარაზმს კაცი გაგზავნეს და ხელმწიფეს შეუთვალეს: მთელი ჩვენი სამეფო უმემკვიდროდ გამხდარა, ერთადერთი ასული გვყავს, ჩვენთვის ძის მაგიერია და, თუ შვილს ზედსიძედ მოგვცემ, ხომ კარგი, ქალს კი აქედან ვერავის გავატანთო.
მოციქული საბოძვარით სავსე დაბრუნდა, დასაბურავ-ჩასაცმელით უხვად დაესაჩუქრებინათ. ხვარაზმელთა მეფეს დიდად გაჰხარებოდა და ეთქვა: რასაც ვნატრობდით, ბედმა ის გვარგუნა, იღბლიანი შვილი მყოლია, უკეთეს ბედს სად ვუპოვიდითო! სასიძოს მოსაყვანად ახლა სხვა კაცნი გაგზავნეს და დააბარეს: მობრძანდით, ნუღარ დააყოვნებთო.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ვეფხისტყაოსანი / შინაარსი |