კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

ერთ დღეს მე და ფრიდონი სანადიროდ გავემართეთ. კონცხზე ავედით და ზღვას გადავხედეთ. აქ ერთი საკვირველი ამბავი გადამხდაო, ანაზდად გაიხსენა ფრიდონმა და მიამბო:

მაშინაც, აი, ამ ცხენზე ვიჯექი, ზღვაში რომ იხვსა ჰგავს, ხმელზე კი შავარდენს, და სანადიროდ მივდიოდი. სწორედ აქ შევჩერდი, გაფრენილ ქორს თვალს ვადევნებდი. მერე ზღვას გავხედე და დავინახე, რაღაც მოცურავდა: შორიდან ოდნავღა ჩანდა, უჩვეულო სიჩქარით მოსრიალებდა, არც მხეცს ჰგავდა და არც ფრინველს.

გავკვირდი, ნეტავ, რა არის-მეთქი. თურმე ნავი იყო, ნაპირისაკენ მოეშურებოდა. მეტადრე "თვალი ამად დავაცეცი, მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი!” კუპრივით შავი ორი მონა ამოძვრა და


"ქალი
გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი,

მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! 

მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!


სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა, 

იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა; 

დავაპირე შეტევება, ვთქვი: წავიდე მათკე მე, წა"


ეგებ
ჩავუსწრო, ჩემს მერანს რა სულიერი გარდაეხვეწება-მეთქი. ცხენი გავქუსლე, შამბნარი სულ დეზების ცემითა და ლაწა-ლუწით ჩავიჯირითე. მაინც ვერ ჩავუსწარი, "ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.

ფრიდონის ნათქვამმა გულს ცეცხლი უარესად შემომინთო. სირცხვილს რაღას დაგიდევდი, ცხენიდან გადმოვიჭერი და ღაწვთაგან დანადენ ჩემსავე სისხლში მოვითხვარე. მერე ვუთხარი: მომკალი, მირჩევნია, იგი უჩემოდ რად ვის უნდა ენახა-მეთქი.

ფრიდონი ამას ჩემგან არ მოელოდა. გაოცებული იყო, მაგრამ ძალზე შევებრალე და "თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა”, შვილსავით მომიალერსა, შემეხვეწა და ცოტათი დამაწყნარა.

ბევრი ინანა, ეს რა წამოვროშეო. მაგას ნუ ნაღვლობ-მეთქი, ვუთხარი, "იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად”. რაც თავს გადამხდომია, უკლებლივ გიამბობ, რახან მეგობრად გამომჩენიხარ-მეთქი. მართლაც, ავდექი და ვუამბე.

ჯერ იყო და იმაზე შეწუხდა: ვაიმე, როგორ შევრცხვიო! რას ვიფიქრებდი, რომ შენ, ინდოთა მაღალი ხელმწიფე, ვისაც დიდზე დიდი პატივი გმართებს, ჩემსა იყავ მოსულიო?! მერე, ჩემი ამბის მოყოლა რომ დავამთავრე, მომიმტკივნა და მანუგეშა.


"კვლაცა
მითხრა: ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს,

მას ლახვარსა მოაშორებს, თუცა პირველ გულსა უხებს,

იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,

ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არაოდეს შეგვაწუხებს”.


ნამტირალევი დავბრუნდით და სასახლეში განვმარტოვდით. შენ გარდა შემწე ვინა მყავს-მეთქი, შევჩივლე, და დიდად მოხარული ვარ, შენ რომ გაგიცან, ვისი მსგავსიც ქვეყნად ღმერთს სხვა არავინ მოუვლინებია. თუ შემთხვევა მომეცა, ნახავ, რომ ავი მოყვარე არც მე გყოლივარ-მეთქი, ახლა კი ამასა გთხოვ, ენა და გონება მომაშველე, რამე მირჩიე:


"რა
მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად?

თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოფელი წამისად”.


ისეთი ბედნიერება მწვევია, მეტს ვერც ვინატრებდიო, მითხრა მან. შენ რომ მესტუმრე, ეს ჩემთვის დიდი წყალობაა და სამადლობელი რა გაქვს? შენი მონა-მორჩილი ვარ, როგორც გენებოს, ისე მიმსახურეო! მერე კი დასძინა: ამ ქალაქს ვერა ხომალდი გვერდს ვერ აუვლის, საცა უნდა მიდიოდეს, და ამიტომ, თუკი რამ უცხო და საკვირველი ამბავია, ყველას აქ გაიგონებ, ჩვენც მოვილოდინოთ და "აქა მოგვესმის ამბავი, შენ რომე დაუწვავ ალთა”.

ვინ იცის, ესოდენი ჭირ-ვარამი იქნებ ღმერთმა კეთილად გიზღოსო. გამოცდილი მეზღვაურნი გავგზავნოთო, რომ "მოგვინახონ იგი მთვარე”, მათ დაბრუნებამდე როგორმე გაუძელი, ისეთი ჭირი ხომ არა არის რა, ლხინი ვერ მოერიოსო: "ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია”.

მყისვე მეზღვაურნი იხმო და უბრძანა: ნავებში ჩასხედით და "ზღვა-ზღვა მოიცურვეთ, მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ”, რაგინდ გასაჭირი შეგხვდეთ, არ დაერიდოთ, თავს ნუ დაიზოგავთო. საცა კი ნავსაყუდარი იყო, იქაც ამბის მცნობელნი გაგზავნა: ყველგან ძებნეთ, ეგების რამეს ყური მოჰკრათ და კვალი დაიკვლიოთო.

ფრიდონი ცდას არ აკლებდა, რომ მეფურ პატივში ვყოლოდი. იმასაც ვერ შერიგებოდა, აქამდე რად არ ვიცოდი, ინდოთა დიდი ხელმწიფე მწვევიხარო. ქებას მასხამდა და მიბოდიშებდა, რა ვქნა, შენი მოსაწონი არა გამაჩნია რაო. ასე გადიოდა დრო. მოლოდინი ლხინად მეჩვენებოდა, თითქოს აღარც ვიტანჯებოდი, მრცხვენოდა კიდეც, უმისოდ რა მემხიარულება-მეთქი.

რაღა ბევრი გავაგრძელო. საცა კი ვინმე გაგვეგზავნა, ამაოდ დამაშვრალნი დაბრუნდნენ, ვერა გაეგოთ რა, და "მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი”. ფრიდონს ვუთხარი: ღმერთია მოწამე, ეს დღე თუ რარიგ მზარავს და გულს მიკლავს-მეთქი. უშენოდ მყოფს დღეც ღამედ მეჩვენება და "დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა”, ამიტომ თქმაც მიჭირს, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს: რაკი მის ამბავს არსაით მოველოდები, მეტს ვეღარ გავჩერდები, ნება მომეცი წავიდე-მეთქი.


"ფრიდონს
რა ესმა, ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი,

მითხრა, თუ: ძმაო, დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”


მისი
ლაშქარი ხომ მუხლმოყრილი მომაწყდა, "მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს”, მეხვეწებოდნენ, ნუ წახვალ და მთელი სიცოცხლე შენი მონა-მორჩილი ვიქნებითო.

რა არ იღონეს, რარიგ არ იწუხეს და ივაგლახეს, მაინც ვერას გახდნენ. თქვენი განშორება მეც ძალიან მეძნელება-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ უმისოდ შვება-ლხენა როგორ უნდა ავიტანო! ვიცი, თქვენც დიდად გებრალებათ და "ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ”, წასვლას ნურავინ მიშლით, ამის დაშლა არც იქნება, სულერთია, ვერ დავრჩები-მეთქი.

რა დაინახა, ჩემსას აღარ გადავთქვამდი, აი, მე რომ მყავს, ფრიდონმა ეს ცხენი მიძღვნა და მითხრა: "ჰხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი”, ვიცი, მეტი არა გინდა რა, ამასთან სხვა ძღვენი რა მოსატანიაო, ახლა შენ იცი და მაგან, ან კი ქება რად უნდა, თავი თვითონვე მოგაწონოსო.


"ფრიდონ
გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით,

მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით.

სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით.

გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით”.


იქიდან წამოსულმა კვლავ ბევრი ვძებნე, ზღვა და ხმელი შევაჯერე, გაუსინჯავი არა დამრჩენია რა, მაგრამ მის მნახავსაც ვერსად ვერავის შევხვდი და სულმთლად გავშმაგდი, მძვინვარე მხეცს დავემსგავსებარემ მხეცებთან წავალ, იქნებ მათმა სიახლოვემ ურვა მომიქარვოს, ამაოდ რაღას დავეძებ-მეთქი, გავიფიქრე.

მერე ასმათსა და მსახურთ ვუთხარი: ვიცი, გაგსაჯეთ და შეგაწუხეთ, თქვენგან დიდი სამდურავის ღირსი ვარ, ახლა მაინც წადით, დამტოვეთ, "ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა”, თავს უშველეთ-მეთქი. ჰაი, რასა ბრძანებო, შეიცხადეს, მაგას ნუ გაგვაგონებ: შენ შემდეგ სხვა პატრონი არამც გვყოლია, შენს ნაკვალევზე სიარული ღმერთმა ნუ მოგვიშალოს! ოღონდ კი შენ "გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსადა მეტი რაღა გვინდაო.

რაგინდ ხალისიანიც იყო, თურმე უკუღმერთი ბედი ერთობ დუნესა და დაუდევარს გაგხდის. მეც, თუმცა არას დაგიდევდი, მსახურთ მაინც ვუსმინე და ისევ თან ვიახლე.


"მაგრა
დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი,

სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი,

გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი”.


ტყე
-ღრე მოხეტიალე ამ გამოქვაბულთ წავაწყდი, კლდეში დევებს რომ შეეკაფათ. გულუშიშრად შემოვები და სულ ერთიანად ამოვწყვიტე. წუთისოფლის სიმუხთლეს მაინც ვერ ავსცდი: დევებმა მსახურნი დამიხოცეს და მან დამაღონა.

იმ დღიდან, ძმაო, აქ დავიდევ ბინა და აქ ვიტანჯები. ხან ველად გავიჭრები გაშმაგებული და მხეცებში გავერევი, "თავსა მათებრვე მხსენები”, ხან ვტირი და გონსა ვკარგავ. ასმათი შემრჩა მანუგეშებლად, მისთვისვე გულდამწვარი და განაწამები. მას ვიგონებ და ერთადერთი ეს მოგონება მასულდგმულებს, ვეფხვის ტყავიც მის გამო ამომიჩემებია:


"რომე
ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახვს,

ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს”.


თუნდ
მთელი ქვეყნის ბრძენთ მოიწადინონ, მას რომ შეჰფერის, ისეთ ქებას ვერა და ვერ იტყვიან. ახლა, მის დამკარგავს, სიკვდილის მეტი არა მინდა რა, ღმერთსაც მხოლოდ ამას ვეხვეწები, სიცოცხლე მომისწრაფე-მეთქიეს თქვა და გამწარებულმა:


"პირსა
იცა, გაიხეთქა, ღაწვი ვარდი აიხეწა,

ლალი ქარვად გარდიქცია, ბროლი სრულად დაილეწა."


ავთანდილსაც
ტირილი მოერია და წამწამთაგან ცრემლი წანწკარით ჩამოსდიოდა. როგორც იყო, ასმათის ხვეწნა-მუდარამ გაჭრა და ტარიელი დაწყნარდა, მერე ავთანდილს მიუბრუნდა: შენ ხომ მაინც "გაამე მე ვერას ვერ ამებულმან”, რომ ჩემი ბედკრული ამბავი გიამბე, ახლა კი წადი და, მის ნახვას დანატრებულმა, სატრფოს მიაშურეო.

უშენოდ რა გამაძლებინებს, - მიუგო ავთანდილმა, - წავალ და, ვიცი, თვალთაგან ცრემლიც დამედინება, მაგრამ მალე ხომ ისევ გნახავ. სათქმელი სხვაცა მაქვს, მართალს გკადრებ და ნუ მიწყენ: შენ ვისთვისაც იტანჯები, მაგით იმას არა დაელხინება რა.

გამიგონე, მე უფრო ვატყობ, თუ რა სჯობია შენთვის, "სხვამან სხვისი უკეთ იცის სასარგებლო საუბარი”. ასეა, როცა ექიმი დასნეულდება, თავად რაგინდ კარგი მკურნალიც იყოს, მაინც სხვას უხმობს და ის ეტყვის, `რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მომდებარი”, და ის მოეშველება.


"რაცა
გითხრა, მომისმინე, ბრძენი გეტყვი, არა ხელი:

ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი,

კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი”.


ახლა
წავალ და იმას მოვინახულებ, ვის გამოც გაუნელებელი ცეცხლით ვიწვი. მის სიყვარულს შემოვიმტკიცებ და შენს ამბავს ვუამბობ, მეტი ჯერ მე იქ არა მესაქმება რა, უმალვე უკან გამოვბრუნდები. ოღონდ ამასა გთხოვ, არ მიმტყუნო, "ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო”.

თუ იმას შემპირდები, რომ აქედან არსად წახვალ, მეც ჩემს სიტყვას არასგზით არ გავტეხ: ისევ მოვალ და გნახავ, შენთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ და, თუ ღმერთმა ინება, "ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო”.

უცხო კაცს ეგრე რამ შეგაყვარა ჩემი თავი, რომ ვეღარ მელევი, როგორც იადონი ვარდს, - უთხრა ტარიელმა, - ღმერთმა ქნას და "ალვა მორჩი, განაზარდიისევ მენახო! იცოდე, შენი დავიწყება არ შემიძლია, ჩემი გულიდან ვეღარაფერი ამოგშლის.


"პირი
შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს,

 გული მინდორს არ გაიჭრეს, არ ირმოს და არცა ითხოს; 

თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! 

შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!"


ერთხელ კიდევ წრფელი ფიცით შეიფიცნენ ერთურთის სიყვარულით გულანთებული მეგობრები, ურვისაგან ღაწვთა იაგუნდი რომ ქარვისფრად ქცეოდათ და ბრძენი გონება გაშმაგებოდათ. ის ღამეც ერთად იყვნენ. რა გათენდა, ცრემლითა და ვაებით გაიყარნენ, დაღვრემილნი და უზომოდ შეწუხებულნი.

ასმათი ავთანდილს შამბნარამდე გამოჰყვა, მუხლმოყრილი მოწიწებით ეხვეწებოდა, "ადრე მოსვლასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა”. დაო, უთქვენოდ რა გამაძლებინებსოუთხრა ავთანდილმა, მალე გინახულებთ, შინ დიდხანს არ დავრჩები, ოღონდ თვითონ არსად წავიდეს და, ფიქრი ნუ გაქვთ, მე არ გაგწირავთო:


"აქათ
ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა,

შეიგენით, მივსცემივარ ჭირსა რასმე თანისთანსა”.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

მსგავსი თემები