კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

- ახალწლის დღესასწაულს მთელი ქალაქი უქმობს, - უამბობდა ფატმანი ავთანდილს, - "არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა”. ყველანი მოვირთვებით, მოვიკაზმებით და მხიარულებას ვეძლევით.

ათ დღეს სულ საკრავთა ჟღერა და სიმღერა ისმის. მოედანზე ხომ არის ერთი თვალის სეირი: ბურთაობა, ჯირითი, ნაირნაირი სხვა გართობა-თამაშობანი. სასახლეში დიდი ნადიმი და დარბაზობა იმართება. დიდვაჭართ წინ ჩემი ქმარი, უსენი, წაუძღვება და მეფეს ძვირფას ძღვენს მიართმევენ. მათი ცოლები მე გამომყვებიან და ჩვენ დედოფალს ვუძღვნით ძღვენს. თავადაც შესაფერის საბოძვარს გვიბოძებენ, "დარბაზს ამოდ გავიხარებთ” და შინ ხალისიანი ვბრუნდებით.

- მაშინაც, რა ეს დღესასწაული მოვიდა, დედოფალს ძღვენით ვეახლეთ, "ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით”. დროზედ გამოვეთხოვეთ და მხიარულნი წამოვედით. მერე ჩემსა დავსხედით და კვლავ ნებიერად მოვილხინეთ. საღამოჟამს ბაღს მივაშურეთ, ვსეირნობდით, ვლაღობდით.


"მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა,

ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.”


ბაღში ნატიფად ნაგები მშვენიერი სახლი იდგა, ზედ ზღვას გადაჰყურებდა, მაღალი იყო და შემოგარენი ხელისგულივით მოჩანდა. მხლებელნი იქ მივიწვიე. შევედით და ისევ ნადიმად დავსხედით.

"ვაჭრის ცოლთა ვუმასპინძლე მხიარულად, ამოდ, დურად”. სმაში როგორღაც უგუნებოდ გავხდი და, ეს რომ შემატყვეს, დაიშალნენ.

მარტო დავრჩი, გულს სევდა უფრო შემომაწვა. სარკმელი გამოვაღე და კაეშნის მოსაქარვებლად სივრცეს გავსცქეროდი. თვალი მოვკარ, შორს ზღვაში რაღაც ოდნავ მოჩანდა, გაჩქარებული მოცურავდა, "მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად”, სხვას ვერას ვამსგავსე.

რა მოახლოვდა, დავინახე, ნავი ყოფილიყო. შიგ ორი ზანგი იჯდა, რაღაცას აქეთ-იქით ამოსდგომოდნენ. ნავი ნაპირზე ბაღის წინ გამოიტანეს. მიიხედ-მოიხედეს, საიდანმე ხომ არავინ გვიყურებსო. რაკი ძეხორციელი ვერსად შენიშნეს, ნავიდან გულდამშვიდებით გადმოიღეს კიდობანი და:


"აჰხადეს, ქალი გარდმოსვეს უცხოთა რამე ტანითა,

თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა,

მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა”.


ქალი რა ჩემკენ შემობრუნდა, "შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა”, თვალი ვერ გავუსწორე და დავხუჭე, თითქოს ჩახჩახა მზეს შევსცქეროდი.

თან ოთხი მსახური მახლდა, ფიცხლად მოვიხმე და ვუჩვენე: "ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი?” უჩუმრად ჩაეპარეთ და თავს წაადექით-მეთქი, მოგვყიდონ, ფასს ნუ დაეძებთ, რამდენიც გითხრან, მიეცით, ხოლო თუ არ დათმონ, ძალად წაართვით და "მოიყვანეთ ისი მთვარე”, აბა, თქვენ იცით, რა მარჯვედ იქნებით-მეთქი.

სულ ფრენით წავიდნენ და ანაზდად იქ გაჩნდნენ. მოგვყიდეთო, რომ შესთავაზეს, მათ ეს დიდად იწყინეს. რა შევატყვე, უარობდნენ, სარკმლიდან გადავსძახე, დახოცეთ-მეთქი. ზანგნი მყისვე შეიპყრეს და თავმოკვეთილნი ზღვაში გადაყარეს, მერე ქალს მოწიწებით გარს მოეხვივნენ და წამოიყვანეს. გახარებული ჩავეგებე და ჩამოვართვი.


"რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა,

ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა!

ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინ-მცა ვით ქმნა ნახაზობა!

მე თუ დამწვავს, აჰა მზად ვარ, აღარ უნდა ამას მზობა!"


თქვა თუ არა ეს, თავ-პირში წაიშინა და მწარედ ატირდა, ავთანდილსაც მდუღარე ცრემლი გადმოსცვივდა: "ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი”. მისთვის გახელებულთ ერთმანეთი დავიწყებოდათ. ტირილითა და ვაებით გული რომ იჯერეს, მოყმემ სთხოვა, ნუღარ გაწყვეტ, ბოლომდე მითხარიო.

- იმთავითვე ისე შევიტკბე და შევიყვარე, სულში ვიძვრენდი, - უამბობდა ფატმანი. - შინ რომ მივიყვანე, ჩემს ტახტზედ დავსვი და "გარდვუკოცნე ყოვლი ასო”, მომეტებული ალერსით თავი მოვაბეზრე.

მერე კრძალვითა და რიდით ვკითხე: მზეო, ვინა ხარ ან რა ტომისა-მეთქი, იმ ზანგებს შენთან რა ხელი ჰქონდათ და საიდან მოჰყავდი "შენ, პატრონი ცისა ხოლმთა?” მან არა მიპასუხა რა, ცრემლში იხრჩობოდა, "ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისთა მონაწთომთა”.

რა მაინც აღარ მოვეშვი და მეტისმეტად შევაწუხე, გულამოსკვნილი "ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა, ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთათ მოსდის გიშრისა ღარითა”, მისი შემყურე დავდნი და დავიწვი. მერე:


"მითხრა: `შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა,

რას აქმნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა!

ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა;

თუ რაცა მკითხო, ძალი-მცა გიგმია არსთა მხედისა!"


- რას ვიზამ, მოთმინებით უნდა ველოდო შესაფერის დროს-მეთქი, გავიფიქრე, ახლა ამაოდ ვშმაგობ და გონსა ვკარგავ: მზეს ბევრიც ეხვეწო ამოსვლა, სანამ საამისო ჟამი მოაწევს, ხომ ვერა და ვერ ამოიყვან, უნდა იცოდეს კაცმა, რა როდის მოიწადინოს-მეთქი, მე კი "რად არ ვაცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?” გადავწყვიტე, დრომდე ფარულად მყოლოდა.

სამყოფელი მყუდრო ადგილას მოვუკაზმე პირმზე და ტანალვა ასულს. სარკმელნი მძიმე სტავრით მრავალკეცად ჩამოვუბურე და მაინც, მასვე ვფიცავ, "ძლივ დავმალე მისი შუქი”. მსახურად ერთი ზანგი მივუჩინე, სხვას სულიერს არავის გავნდობივარ, მალვით მარტო შევდიოდი და თავს ვევლებოდი.

საბრალო დღედაღამ მწარედ ტიროდა: "ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი”. შევეხვეწებოდი, დაწყნარდი-მეთქი, და ჩემი ხათრით ორიოდე წუთს თუ შეისვენებდა, მეტი ვეღარ მოეთმინა.


"შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები,

შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები,

მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები,

შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.”


ათასი ხვეწნა-მუდარით ძლივს ცოტა რამეს თუ შევაჭმევდი. ღონემიხდილი სასთუმლად მკლავს ამოიდებდა და ისე მიწვებოდა, უსაგებლოდ. მოსახვევი ეხვია მოუშორებლივ, მუდამ ერთი კაბით იყო, ესეც ამოეჩემებინა და სხვა აღარ უნდოდა.

რანაირი უცხო და ძვირფასი სამოსელი არ მინახავს, იმ მოსახვევისა და კაბისთანა საკვირველი კი არსად არაფერი შემხვედრია! ვერ გავუგე, რისგან ან როგორ დაემზადებინათ: "სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე - ნაჭედისა”.

- დიდხანს ასე საიდუმლოდ ვინახავდი, ქმარსაც არას ვეუბნებოდი: მეშინოდა, სასახლეში მივა და მიმუხთლებს, გამამჟღავნებს-მეთქი. მასთან ყოველი შესვლა-გამოსვლისას სულ ამის საგონებელში ვიყავი.

მერე გავიფიქრე: მარტომ რა მოვუხერხო, მეტადრე, როცა არ ვიცი, რა გასჭირვებია და ვის შეუძლია უშველოს რამე, ან კი "ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!” ქმარი შემიტყობს და უეჭველად მომკლავს, ვეღარაფერი დამიფარავს, მოდი, გავენდობი, თუკი შემომფიცავს, არ გაგამჟღავნებო, და ისე როგორ წახდება, ფიცი გატეხოს-მეთქი. 

- რა უსენი მარტო მოვიხელთე, ვეფერე, ვუალერსე და ნელა შევაპარე: ფიცი მომეც, მტკიცე ფიცი, რომ არავის გაუმხელ, და ერთ საიდუმლოს გეტყვი-მეთქი. საშინელი ფიცით იფიცა, ოღონდ თქვი და, რაც გინდა იყოს, ცოცხალი თავით "არვის ვუთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა”.

მეც ყველაფერი მოვუყევი, მერე მასთან წავიყვანე. შევედით და "უსენ გაკვირდა, გა-ცა-კრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი”, თქვა: ეს რა მიჩვენე, ღმერთი მრისხავდეს, თუ ხორციელი იყოსო. თავადაც გაოცებული ვარ და, რაც გიამბე, მის მეტი მეც არა ვიცი რა-მეთქი, მივუგე, ორივემ ერთად ვკითხოთ, ვინ არის ან ასე რას შეუჭირვებია, შევეხვეწოთ, იქნებ მეტად დაგვხათროს და რამე გვითხრას-მეთქი. მივედით და დიდი მოკრძალებით:


"ვჰკადრეთ, თუ მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა,

გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა,

რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?”


ვერ მივუხვდით, გაიგონა, თუ არც უსმენია, რას ვეუბნებოდით:


"ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა,

გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რე-შენდა,

მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!”


პირქუშად იჯდა, ვეფხვივით გარინდებული, თითქოს არ გვიწყრებოდა, პასუხი კი ვერა და ვერ დავაცდინეთ. მაინც რომ არ მოვუსვენეთ და გული შევუწუხეთ, ცრემლი ნაკადად დაედინა და მტირალმა ესღა გვითხრა: არაფერი ვიცი, დამეხსენითო.

დავსხედით და მასთან ერთად ცრემლი ვღვარეთ. აღარას ვეკითხებოდით, რაც გვეთქვა, ისიც შევინანეთ, მოვუბოდიშეთ. დიდი ხვეწნა-მუდარით ძლივს დავაწყნარეთ, მერე ხილი მივართვით, მაგრამ პირი არ დაუკარებია. დიდხანს თვალი ვერ მოვაშორეთ, ბოლოს, ავდექით და გამოვეთხოვეთ, ოხვრა-ვაებით მოვდიოდით. რაც რამ დარდი და ვარამი მქონდა, ერთობ დამავიწყაო, ამბობდა განცვიფრებული უსენი, ამნაირი არა მინახავს რაო: "ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვინ იკოცნეს!”

რა გასამტყუნია, მისი ვერმჭვრეტელი უსაზომო სატანჯველს მიეცესო, ღმერთმა დამიხოცოს, თუ მას შვილები მერჩივნოსო. უმისოდ ვეღარა ვძლებდით, მოვიცლიდით თუ არა, მაშივნე მივაშურებდით, ნახვა სიხარულით გვავსებდა და მოშორება მწარედ გვაკვნესებდა, "გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით”.

- ასე გადიდოდა დღეები. ერთხელ უსენმა მითხრა: ხელმწიფის ნახვა შემიგვიანდა და, თუ მირჩევ, წავალ, ვეახლები, ძღვენს ვუძღვნიო. განზრახვა მოვუწონე. მან ლანგარზე ლალი და მარგალიტი დააწყო და სადარბაზოდ აემზადა. შევეხვეწე: სასახლეში ნადიმზე მთვრალები იქნებიან, შენც დაითვრები და, თუ ამ ქალის ამბავს გაამხელ, ბარემ მომკალი-მეთქი. კვლავ შემომფიცა: თავი ხმლით გამიპონ, მაინც არ ვიტყვიო.

- უსენი რომ ეახლა, ხელმწიფე ნადიმად იჯდა, სასურველი თანამესუფრის მოსვლა ესიამოვნა, წინ დაისვა, მირთმეული ძღვენი შეიძღვნა. სასმისს სასმისი მოსდევდა, უსენიც ერთიმეორეზედ ცლიდა და, რა დაითვრა, ცრუ, ცეტსა და ორპირ ვაჭარს


"დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი!

მართლად თქმულა: არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი.”


უჭკუო, მთვრალი უსენი მეფემ შეაქო. მიკვირსო, საიდან მოგაქვს ძღვნად ასეთი უებრო ლალი და მარგალიტი, ჩემმა მზემ, შენთა ძღვენთა მეათედსაც ვერ გადავიხდიო. უსენმა თაყვანი სცა და მოახსენა:

- დიდებულო ხელმწიფეო, "ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენელო არსთა, მზეო!” რაც რამ სხვა განძი გამაჩნია, ვისია, თუ არ თქვენი? დედის მუცლიდან არა გამომყოლია რა, ყველაფერი თქვენგან მაქვს ნაბოძებიო. თქვენმა სიცოცხლემ, აქამდე შემოძღვნილ ძღვენზე მადლის გადახდა არა გმართებთ, მაგრამ, თქვენი ძისათვის მზის სადარ საპატარძლოს რომ მოგგვრით, აი, იმას კი უეჭველად დამიმადლებთ, ისეთია, ბედს შენატროდეთო!

- რაღა ბევრი გავაგრძელო, ფიცი გატეხა და "უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა”. მეფეს მეტად ეამა, გულით გაიხარა, ბრძანა, უსენის ნათქვამი აესრულებინათ და ქალი სასახლეში მოეყვანათ.

შინ არხეინად ვიჯექი, როცა ანაზდად ხელმწიფის მსახურთუხუცესი კარს მომადგა, თან სამოცი კაცი ახლდა. ძლიერ გამიკვირდა, გავიფიქრე, რაღაც დიდი ამბავია-მეთქი. მომესალმნენ და გამომიცხადეს: მეფის ბრძანებაა, უსენმა რომ დღეს მას მზისაებრ მანათობელი ქალი უძღვნა, იგი მოგვგვარე, უნდა წავიყვანოთ.

რა ეს გავიგონე, "დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა”. მაინც თითქოს გავიკვირვე და ისე ვკითხე, რა ქალი გინდათ-მეთქი. მათ მითხრეს, უსენმა ხელმწიფეს რომ შემოსძღვნაო "პირი ელვათა მკრთომელი”. უარით, აბა, რას გავხდებოდი, აშკარა იყო, სულის ამოხდომის დღე დამდგომოდა.

ავთრთოლდი, ვერც ავდექი და აღარც ჯდომა შემეძლო. შევედი და ვნახე, ტიროდა, ცრემლად იღვრებოდა. გულმოკლულმა მწარედ შევჩივლე: მზეო, შავმა ბედმა, ხედავ, რარიგ მიმუხთლა, "ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად!” ვაი, რომ დაგვასმინეს და შენს თავს მეფე მართმევს-მეთქი.


"მან მითხრა: დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია,

ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.

კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!

და სხვა-და-სხვა ჭირი ჩემ ზედა არ ახალია, ძველია".


თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი,

ადგა ასრე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი,

ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი."

და მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი."


ფასდაუდებელი საგანძურიდან თვალ-მარგალიტი უშურველად გამოვუტანე, თითო მათგანი რომ თითო ქალაქად ღირდა, წელთ მალვით შემოვარტყი და ვუთხარი, იქნებ სადმე რამეში გამოგადგეს-მეთქი. მერე ხელმწიფის მსახურთ "ხელთა მივეც იგი პირი, მზისა დარი”.

- რა მეფეს ახარეს, მოგვყავსო, გამოეგება და ალვისტანა, პირმზე ასულის სილამაზით განცვიფრებული დარჩა: დიდი ამბით შეხვდნენ, ჟრიამული და საკრავთა ხმიანობა არემარეს აყრუებდა. მის სანახავად მოზღვავებულ ხალხს მცველნი ვეღარ აკავებდნენ. იგი თავდახრილი მდუმარედ მიდიოდა.


"ვითა მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნა თვალისა მფახველად,

მეფემან ბრძანა: გამხადა ნახული მე უნახველად,

ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად,

ჰმართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ, ველად!”


სასახლეში რომ მივიდნენ, ხელმწიფემ გვერდით დაისვა და ტკბილად, ალერსიანად ვინაობა ჰკითხა. იგი თავაუწევლად, დაღვრემით იჯდა და ფიქრით სულ სხვაგან იყო, არც უსმენდა, მეფე რას ეუბნებოდა, და რაღა პასუხი უნდა მიეცა, ბაგე არც გაუხსნია: "ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა”.

გაკვირვებული მჭვრეტელნი ვერ მიმხვდარიყვნენ, მისი გულისნადები ვერ გამოეცნოთ. ხელმწიფემ აღარ იცოდა, რა ეფიქრა ან რა ეღონა. მერე ბრძანა, ორისაგან ერთი უეჭველიაო: ან მიჯნურია ვისიმე, თვალწინ მუდამ გულისსწორი უდგას და სხვისთვის რაღას მოიცლისო.


"ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,

არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი,

ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,

სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი”.


ღმერთმა ქნას, ჩემი ძე გმარჯვებული დამიბრუნდეს, იქნებ მან ათქმევინოს რამე და მისგან ჩვენც ხომ გავიგებთ, მანამდე კი "მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული”.

უფლისწული გულადი მოყმე იყო, ქცევითა და ზნეობით უებრო, პირმშვენიერი და ტანახოვანი. სალაშქროდ წასული დიდხანს ვერ დაბრუნდებოდა. "მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა”.

ქალი შუქმოციაგე ძვირფასი თვლებით მოოჭვილ სამოსში გამოაწყვეს, თავს გვირგვინი დაადგეს "ერთობილისა ლალისა, მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა”.

მეფემ უფლისწულის საწოლი მოაკაზმვინა, ოქროს ტახტი დაადგმევინა და "მას ზედა დასვა იგი მზე”, მჭვრეტელთა გულის გამხარებელი. კარის მცველად ცხრა საჭურისი მიუჩინა, თვითონ კი კვლავ ნადიმად დაჯდა და დროს ისე ატარებდა, მის ხელმწიფობას რომ შეშვენოდა. პირმზე ასულის მოგვრისათვის უსენს უსაზომო განძი უბოძა.

ნადიმი გაგრძელდა, სმა და მოლხენა არ თავდებოდა, დოლისა და საყვირის ხმა სულ უფრო მძლავრად გაისმოდა. საბრალო ქალი კი მუხთალ ბედს მწარედ შესჩიოდა, მკვლელად რაზედ მომევლინეო: "სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი”, რა ვქნა, რა მეშველება, ძლიერ, ძლიერ მიჭირსო სიცოცხლე!


"კვლაცა იტყვის: ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა,

ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა!

სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?

და რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!"


- გამიგონეთ და ჭკუაზე მოდით, - უთხრა მან საჭურისთ, - მოტყუებულხართ და ჩემს მოვლა-პატრონობაზედ ამაოდ ირჯებით, თქვენი ხელმწიფეც დიდად შემცდარა, სასძლოდ რომ მივუჩნევივარ, და სიხარულს ნაადრევად მისცემია.

არა, დედოფლად არ გამოგადგებით, ჩემი გზა სულ სხვაა და, რასაც თქვენ ფიქრობთ, ის არ იქნება. ღმერთმა მაშოროს მამაკაცი, რაგინდ პირმზე და ტანსარო იყოს! ცოცხლივ თქვენთან ვერ დავრჩები, უეჭველად თავს მოვიკლავ, გულში დანას დავიცემ, და მაშინ კი ხელმწიფე თქვენც დაგხოცავთ. მაგას ესა სჯობია, დიდძალ განძს მოგცემთ და გამაპარეთ. იცოდეთ დამიჯერეთ, თორემ ინანებთ.

რა  ეს თქვა, წელთ შემორტყმული თვალ-მარტალიტი შემოიხსნა, ლალის გამჭვირვალე გვირგვინიც მოიხადა, მათ გადასცა და გულმხურვალედ შეევედრა: ახლა გამიშვით და ამ დიდ სიკეთეს ღმერთი არ დაგიკარგავთო. მსახურნი სიმდიდრეს დახარბდნენ, მეფის შიში დაივიწყეს, თითქოს უბრალო ვინმე გზირი ყოფილიყოს, და გადაწყვიტეს, იგი უებრო მნათობი გამოეპარებინათ. დახეთ, წყეული ოქრო, "კვერთხი ეშმაკთა ძირისა”, რარიგ მაცთუნებელი შეექნათ!


"ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,

დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა,

შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,

კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა!”


ერთმა მსახურმა თავისი სამოსი ჩააცვა და, დარბაზს რომ გახურებული ნადიმი იყო, სხვა კარით იდუმალ გამოაპარეს: "დარჩა მთვარე გავსებული გველისაგან ჩაუნთქმელი”. მერე თვითონაც გადაიხვეწნენ.

- ქალმა კარს დამიკაკუნა და ფატმანობით მიხმო. ვიცან, გავედი და გულში ჩავიკარ. მის მოსვლას გავეკვირვებინე. შემოვიწვიე, არ შემომყვა, რა დროს ეგ არისო. მსწრაფლ მიამბო: შენი მოცემული განძით თავი ვიხსენ, მაგიერი ღმერთმა გიზღოსო. ახლა ვეღარ დამმალავ, ფიცხლად ცხენით გამიშვი, სანამ მეფე გაიგებდეს და მდევარს მომწევდესო. საჯინიბოში შევვარდი, არჩეული ცხენი გამოვუყვანე, შევუკაზმე და ზედ შევსვი გახარებული.


"ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი,

წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი, რაცა ვსთესი.”


შებინდებისას ერთი აურზაური ატყდა, მდევრებმა მთელი ქალაქი მოიცვეს. რა ჩემთან მოვიდნენ და მკითხეს, ვუთხარი: თუ ჩემს სახლში ნახოთ, "მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!” ამაოდ ძებნეს, გაწბილებულნი წავიდნენ.

მას აქეთ, რაც "მზე მოგვეშორვა” და მისი შუქი მოგვაკლდა, ხელმწიფე იგლოვს მახლობლებითურთ, მთელი სასახლე დამწუხრებულია.

- იმ დაკარგული მთვარის ამბავს კვლავ გიამბობ, ჯერ ეს გითხრა, ის კაცი რას მემუქრებოდა. "მე ვიყავი მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი”. კაცს უგულობა შეარცხვენს და დიაცს - ვნებააშლილობა. ქმარს იმიტომ არ ვსჯერდები, მჭლე და შეუხედავია. იმ კაცს ჭაშნაგირი ერქვა, წარჩინებული მოყმე იყო, სასახლეში მეტად გავლენიანი.


"ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი,

ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!


"ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად, ხელურად:

ჩემსავე მოსვლა მის მზისა და გაპარება მელურად.”


წავიჩხუბებდით თუ არა, მაშინვე გამჟღავნებას მემუქრებოდა. ვიშ, როგორ გადავრჩი, მოკვდა და მეც მოვისვენე! როცა გიხმე, შინ არ მეგულებოდა. ადრე დაბრუნებულიყო, შემოეთვალა, შენთან მოვდივარო. შევშინდი და მსახური წინ ამაზედ მოგაგებე, რა მექნა, შემოგბედე, ნუ მოხვალ-მეთქი. უკან აღარ გაბრუნდი და მოხვედი, "შუქნი თქვენ ჩემთვის არენით”, აქ ერთმანეთს შეეფეთეთ და, ვაი, რა დღეში ჩავვარდი!

იმას ჩემი სიკვდილი ენით კი არა, გულით ეწადა: სასახლეში მისვლა რომ მოესწრო, ჯავრისაგან გაცეცხლებული დამასმენდა და გამწყრალი ხელმწიფე ჩემს სახლ-კარს მიწასთან გაასწორებდა, "შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!”

არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო, მე თუ ვერა, ღმერთი გიზღავს სამაგიეროს, მშვიდობით რომ გადამარჩინე, იმ გველისაგან დაუგესლავი! ამიერიდან ჩემს ბედს შევნატროდე, ჰაი, რას მოვესწარი, სიკვდილისა აღარ მეშინია!


"ავთანდილ უთხრა: `ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია:

მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,

არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია,

ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.”


ახლა ისევ ის მითხარ: მას აქეთ, რაც ქალი გაისტუმრე, იმაზედ თუ რამე გსმენიაო. ფატმანს ცრემლი მოერია და ტირილით დაიჩივლა: "ვა, წახდეს შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!” იგი შორს გადაკარგულა და, ნეტავი, უმისოდ ცოცხალი როგორღა ვარო.

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

მსგავსი თემები