კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

თარგმანი აკაკი წერეთლისა

ივანე კრილოვი - კატის კნუტი და შოშია

ერთ ოჯახში, შინ გაზრდილი,

გალიაში ზის შოშია;

როცა უნდა, მიფრენს-მოფრენს,

არც სწყურია და არც შია!


ბედი სწყალობს, არაფერში

არ აკლია ღვთის წყალობა

თუმც არ იცის ბულბულივით

და შაშვივით მან გალობა..


მაგრამ არ სწუხს!.. მცირე ნაკლი

გულში ლოდად არ აჩნია;

მაგიერად ჭკუას ჩემობს,

თავი ბრძენად მიაჩნია.


იმ ოჯახში კატის კნუტიც

იზრდებოდა ხატაური;

ბრიყვი იყო: არ იცოდა

მან ხელობა ჯერ კატური.


უყურებდა ყველას კარგად,

მეგობრულად, კარგის თვალით:

გაუჭირვლად თავს ირჩენდა

სხვის მონარჩენ-ნასუფრალით.


მოეწონა შოშიასაც

და დაუწყო მეგობრობა,

თუმც იცოდა, რომ მათ ჯიშში

სუყოველთვის იყო მტრობა.


ერთხელ კატას მოშივნოდა,

არ ეჭმიათ როგორღაცა

და ვერც თვითონ გაებედა,

რომ ძალათი მოეტაცა.


მაშინ მისმა მეგობარმა

უთხრა დიდი საყვედური:

„მეტად ვსწუხვარ, რომ აქამდი

ბრიყვი ხარ და უსუსური.


სხვის შემყურეს, შენდა თავად

არაფერი შეგიძლია!

ჭკვიანებს კი ამ სოფელში

არაფერი არ აკლიათ.


ვისი ხათრი? რისი ცოდვა?

და ან რის პატიოსნება?

დამიჯერე, რომ ეს ყველა

სიზმარია და ოცნება.


სადაც ნახო და მოასწრო,

მოსახვეჭად სტაცე ხელი!

საიქიოს ან ვის მისდევს

ეს ცხოვრება, ეს სოფელი?


აი, ახლა შენ რომ გშია,

უჭმელობა გულს გიღონებს,

ნეტავ ვისი იმედი გაქვს?

და ან ვინ რას გაგიგონებს?


უხეიროვ! გალიაში

ვერა ჰხედავ აგერ ბულბულს?

მოსდე კლანჭი, გამოგლიჯე,

ჩაკვრიხე და იჯერებ გულს!..“


გაბედა და აასრულა,

რაც ურჩია მეგობარმა,

მაგრამ ის რომ არ იკმარა,

დაგეშილმა, უმაძღარმა,


მიუბრუნდა მისვე მოძღვარს,

მადლი უთხრა, გაახარა

და თან კრუტუნ-კუდისქნევით

ბრჭყალები კი გაუყარა!


ასე არის - ვინც ისურვებს

ცუდ განზრახვით სხვისთვის ავსა,

იცოდეთ, რომ არ შერჩება

გადახდება მასვე თავსა.

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

მსგავსი თემები