იყო ერთი ხელმწიფე. მას ჰყავდა ერთი ვაჟი. ერთ მშვენიერ დღეს ხელმწიფის ვაჟი გავიდა ბიჭებში საკოჭაოდ. ამ დროს წყალზე გამოიარა ერთმა ქალმა, კოკა ეჭირა ხელში. ხელმწიფის ბიჭმა ესროლა ქვა და კოკა გაუტეხა.
ქალი წავიდა სახლში ტირილით და დედას უთხრა: ხელმწიფის შვილმა კოკა გამიტეხაო. დედამ უთხრა: წაიღე, შვილო, მეორე კოკა. თუ კიდევ გაგიტეხა, ნუ დასწყევლი, რადგან დედისერთაა, მხოლოდ უთხარი: ისეთი ქალის სიყვარული ჩაგივარდეს გულში, რომ ადამიანის ნაშობი არ იყოს-თქო.
ქალმა აიღო კოკა და წავიდა წყაროზე. ხელმწიფის ვაჟმა ის კოკაც გაუტეხა, მაშინ ქალმა უთხრა: შენამც გულში ჩაგვარდნოდეს ისეთი ქალის სიყვარული, ადამიანის ნაშობი არ იყოსო.
ეს რომ გაიგონა ვაჟმა, ადგა მაშინვე და წავიდა სახლში. გახდა ავად.
ბევრი უწამლეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს. ერთხელ ბიჭმა ნებართვა სთხოვა თავის მამას, შემჯდარიყო ცხენზე და გაევლო. მამამ ნება დართო. შეჯდა ცხენზე ხელმწიფის ვაჟი და წავიდა, წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
დიდი ძებნის შემდეგ ხელმწიფემ შვილი რომ ვერ იპოვა, თავისი სახელმწიფო შავებით შემოსა.
ხელმწიფის ვაჟმა ბევრი იარა, მივიდა ერთ კოშკთან, გარეთ დახვდა ერთი ქალი და უთხრა: დაძმობას, ამაღამ შემინახეო. ქალმა უთხრა: მობრძანდი, სტუმარი ღვთისააო.
ვაჟი გადმოვიდა ცხენიდან, დააბინავა ცხენი, შევიდა სახლში და ნახა ერთი ბებერი კაცი, წვერზე ხავსმოკიდებული. გამარჯობა რომ უთხრა, ძლივსღა გააგებინა.
ხელმწიფის ვაჟმა ამ ბებერ კაცს უთხრა: ჩემი საქმე ესეა, ისეთი ქალის სიყვარული მაქვს გულში ჩავარდნილი, რომელიც ადამიანის ნაშობი არ უნდა იყოსო.
ბებერმა კაცმა უთხრა:
- ასეთი არაფერი გამიგია რა, მხოლოდ აქედან რომ წახვალ, ნახავ ერთ კოშკს, იქა ცხოვრობს ჩემი უფროსი ძმა, თუ ეცოდინება, იმასაო.
გათენდა დილა. შეკაზმა ცხენი, შეჯდა ხელმწიფის ვაჟი და გაუდგა გზას. კარგა ხნის სიარულის შემდეგ მივიდა იმ კოშკთან, დაინახა ერთი ქალი და უთხრა:
- და-ძმობას, ამაღამ შემინახე, თუ შეიძლებაო.
ქალმა უთხრა: - მობრძანდი, სტუმარი ღვთისააო.
ვაჟი გადმოვიდა ცხენიდან, ცხენი დააბინავა. თვითონ შევიდა სახლში, დაინახა ერთი ბებერი კაცი, წვერზე ხავსმოკიდებული. გამარჯობა რომ უთხრა, ძლივსღა გააგებინა. შემდეგ კი უამბო თავისი თავგადასავალი.
ამ ბებერმა კაცმა უთხრა: ასეთი არაფერი გამიგია, მხოლოდ ჩემს იქით ჩემი უფროსი ძმა ცხოვრობს, თუ ეცოდინება, იმასაო.
გათენდა დილა. წავიდა ბიჭი და გზაში ფიქრობდა: ეს უმცროსი ძმები ესე დაბერებულები არიან, იმას ხომ სულ ვერაფერს გავაგებინებო.
მივიდა იმ კოშკთან. დაინახა ქალი, დაუძახა: დედაშვილობას, ამაღამ შემინახეთო. ქალმა უთხრა: დიდი სიამოვნებით, ჩემს ქმარს ვეტყვი და რას იტყვისო.
ჩამოვიდა ბიჭი ცხენიდან, ელოდებოდა ქალის პასუხს. ქალი სახლში შევიდა, დიდხანს დაიგვიანა, რადგან ქმარს სძინებოდა და ვერ უბედავდა გაღვიძებას. ბოლოს ჩაიცვა ოქროს ქოშები, ატეხა ერთი ბრახაბრუხი და ასე გამოაღვიძა თავისი ქმარი.
ქმარმა უთხრა: რატომ გამაღვიძეო. - ერთი სტუმარი მოგვივიდა, მთხოვა ამაღამ შემინახეთო და ამიტომ გაგაღვიძეო. ქმარმა უთხრა: წადი, დაუძახე, მოვიდესო. დაუძახა ქალმა: მობრძანდი სახლშიო.
ვაჟმა ცხენი დააბინავა, შევიდა სახლში, დაინახა ქალის ქმარი, ძალიან ახალგაზრდა კაცი იყო, დაჯდა და საუბარი გაუბა. თავის თავზე უთხრა: ასეთი და ასეთი ქალის სიყვარული მაქვს ჩავარდნილი გულში და ხომ არსად გაგიგონიათო.
კაცმა უპასუხა: ეგეთი ქალი არ გამიგონია, მხოლოდ ჩვენს საზღვარზე ცხოვრობენ დევები, სამნი ძმანი არიან, ერთი დედა ჰყავთ, ძმები დილით მიდიან სანადიროდ, დედა კი მატყლს ართავს ხოლმეო. დედას პირი იქითკენ აქვს ყოველთვის, საიდანაც მზე არის. შენ იმდენს უნდა ეცადო, უკანიდან მოექცე და უთხრა: დედაშვილობას, წყალი მწყურია და წყალი დამალევინეო, მაშინ არ შეგჭამს და მას ელაპარაკე. თუ ეცოდინება, იმას, თუ არადა, სხვას არავის ეცოდინებაო.
ამით დაამთავრეს ლაპარაკი. შემდეგ თავის ცოლს უთხრა: პური გვაჭამეო. ცოლმა უპასუხა: რა გავაკეთოო. - სხვენში რომ გოგრა გვაქვს, ის გოგრა მოხარშეო. ჩამოიტანა გოგრა ქალმა. ქმარმა უთხრა: ეს გოგრა ისევ აიტანე და მეორე გოგრა რომ არის, ის ჩამოიტანეო. წავიდა ქალიც და ჩამოიტანა ისევ ის გოგრა.
ქალმა ვახშამს დაუწყო მზადება. ხელმწიფის ვაჟმა უთხრა: კაცო, შენი ორი ძმა ვნახე შენზე უმცროსები, ისინი ისე არიან დაბერებულები, ძლივს ვაგონებდი, რომ ველაპარაკეო. შენ იმათზე უფროსი ყოფილხარ და ასე ჯეელი ხარო? ამ კაცმა უპასუხა: ჩემს ერთ ძმასა ჰყავს ცოლად ვირის გვერდი, მეორე ძმას - ძაღლის ყბაო. იმ ცოლებმა დააბერეს ისინი, თორემ ასე ადრე არ დაბერდებოდნენო. ჩემი ცოლი კიდევ ისეთი ადამიანია, რომ ახლა სხვენში ერთი გოგრის მეტი არა გვქონდა, მაგრამ მე რომ ვუთხარი, აიტანა გოგრა უკან და ისევ ჩამოიტანაო.
იმათი ცოლები რომ ყოფილიყვნენ, შიგ თავში დაარტყამდნენ და ეტყოდნენ: ერთი გოგრის მეტი როდისა გვაქვსო! რომ დავწვები და დავიძინებ, ვიდრემდის არ გამომეღვიძება, სახლში არ შემოდის, ფეხის ხმაზე არ გავაღვიძოო.
ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემი გაღვიძებისაო. ჩაიხედა სარკეში და დაინახა, რომ ერთი თეთრი თმა უკვე ამოსულიყო, იმ ერთ გაღვიძებაზე. აი, ამიტომ არიან ჩემი ძმები ბებრებიო.
ლაპარაკს როდესაც მორჩნენ, ივახშმეს და დაიძინეს. მეორე დილას ადგა ხელმწიფის ვაჟი, შეკაზმა ცხენი და გაუდგა გზას. როგორც ამ კაცმა უთხრა, დევების დედას მიეპარა და მუდარით უთხრა:
- დედი, დედაშვილობას, წყალი მწყურია და დამალევინეო.
დედაბერმა სწრაფად მოიხედა უკან და უთხრა: - დედაშვილობა რომ არ გეთქვა, რა კარგი ვახშამი იქნებოდიო. დედაბერმა გამოუტანა წყალი და დაალევინა. მერე უთხრა ხელმწიფის ვაჟს:
- ჩემი შვილების შიშით ქვესკნელს ჭიანჭველას ვერ გაუვლია, ზეცაში ფრინველი ვერ გაფრენილა და შენ აქ რამ მოგიყვანაო.
ხელმწიფის ვაჟმა უპასუხა: - მე ისეთი სატკივარი მაქვს ატეხილი, რომ გინდა დევების შვილებმა შემჭამონ და გინდა, ვინც უნდა იყოს, თუ საწადელს ვერ მივაღწევო.
დედაბერს უამბო თავისი თავგადასავალი. დედაბერმა უთხრა: - ასეთი ქალი მე არ გამიგია, ოღონდ მაინც ვეცადოთო.
საღამომ მოაწია, დედაბერმა დამალა ხელმწიფის შვილი. მოუვიდნენ შვილები და უთხრეს დედას:
- დედი, ადამიანის სუნი მოგვდისო.
დედამ უპასუხა:
- შვილებო, მზით უკან ვინმე გადმოყრიდა ნაგავს ქრისტიანი და მისი სუნი მოვიდოდაო.
დედამ დააჯერა თავისი შვილები, შემდეგ გაატყავეს თავიანთი ნანადირევი, მოხარშეს და ჭამეს.
გათენდა დილა. დევის შვილები წავიდნენ სანადიროდ. ბებერმა დედაკაცმა გამოიყვანა ხელმწიფის ვაჟი, მისცა ერთი დანა და უთხრა: - წადი აგერ იმ ტყეში შენი ცხენით, მოსჭერი სამი ხე და მოიტანე აქაო.
წავიდა ეს ვაჟიც, მოსჭრა სამი ხე, ისეთები, რომ ძლივს მოიტანეს თვითონ და მისმა ცხენმა. ბებერმა დედაკაცმა მოსწია ხეები მუხლზე და სამივენი დაამტვრია: - როგორებიც მინდოდა, ვერ მომიტანეო.
წავიდა თვითონ ტყეში, მოსჭრა სამი ხე, მოიტანა სახლში. მერე ხელმწიფის ვაჟს უთხრა: - შეჯექი ცხენზე და მომყევიო.
დედაბერს სამი ხე მიჰქონდა ხელით, ისე გარბოდა, რომ ვაჟი ცხენით ძლივს მისდევდა. მივიდნენ ზღვის პირას, გადმოვიდა ხელმწიფის ვაჟი ცხენიდან. მისცა ბებერმა ერთი დანა და ქასური ბიჭს და უთხრა: ეს დანა ისე უნდა გალესო, ამ ხეს რომ დავადო, გადასჭრასო. ბიჭმა დაუწყო დანას ლესვა, ბოლოს ხელები აუკანკალდა: შეეშინდა ბიჭს, უთუოდ იმისათვის მალესვინებს დანას, რომ მე მომჭრას თავიო.
ეს რომ შენიშნა ბებერმა, უთხრა: რატომ გიკანკალებს ხელებიო. ბიჭმა უპასუხა: მეშინია, ვაითუ თავი მომჭრაო. ბებერმა უთხრა: რათ მინდა, რომ თავი მოგჭრა, მაშინვე შეგჭამდი, თუკი მნდომოდა, მაგრამ დედაშვილობამ გიშველაო.
ბიჭმა დანა გალესა, ამ ბებერმა ეს სამივე ხე გადაყარა ზღვაში და დაჰკივლა. მთელი წყალი იქით გაქანდა და სამი ლერწმის ხე გამოჩნდა წყალში. ბებერმა უთხრა: გაიქე, ეს ხეები მოსჭერ ძირში და მალე გამოიტა, წვიმამ არ მოგისწროსო.
შევარდა ბიჭი, საჩქაროდ მოსჭრა ლერწმის ხეები და როდესაც ნაპირზე გამოვიდა, ზღვამ ცოტათი დაჰკრა ტალღა. გამოიტანა სამივე ხე ბიჭმა. ბებერმა დედაკაცმა დაუკვერცხა ხეებს თავი და დაიწყო ლოცვა. როდესაც ილოცებოდა, გასკდა ერთი ლერწმის ხე შუაზე და გადმოვარდა ისეთი მშვენიერი ქალი, რომელსაც თვალი აღარ მოშორდებოდა.
წამოიყვანეს ქალი ამ ბებრის სახლში. როცა სახლში მოვიდნენ, ბებერმა გამოუცხო ერთი თონე პური, მისცა ერთი ცხენი, ერთი კოკა წყალი და უთხრა: წადით ახლა, სანამდე შინ არ მიხვიდეთ, არ ჩამოხვიდეთ ცხენებიდანაო.
წავიდნენ, მართლაც, ასე იქცეოდნენ. როდესაც სახლს მიუახლოვდნენ, მაშინ ვაჟმა უთხრა: - ახლა უკვე მამაჩემის სახელმწიფოში ვართ მოსული და როგორც ჩემს სახლში, ისე ვგრძნობ თავსო. მოდი, ჩამოვიდეთ ცხენებიდან და ცოტა დავისვენოთო.
ქალმა უარი უთხრა: - გახსოვს, იმ ბებერმა დედაკაცმა რა გვითხრაო?
ბიჭმა მაინც შეაცდინა და ჩამოვიდნენ. ცხენები საძოვარზე გაუშვეს, თვითონ ერთი მდინარის პირას ჩრდილში დასხდნენ. ვაჟს ქალის კალთაში ჩაეძინა. მოვიდა ერთი შავი არაბის ქალი, მიესალმა ამ ქალს და დაუწყო ლაპარაკი. ამ ქალს შავმა არაბმა უთხრა: მოდი, ვიბანაოთო.
ლერწმის ქალმა უარი უთხრა ბანაობაზე, რადგან მის ქმარს კალთაზე ედო თავი და ისე ეძინა. არაბის ქალმა მაინც შეაცდინა და თავქვეშ უნაგირი დაუდეს ვაჟს.
ჩავიდა, ჯერ არაბის ქალმა იბანავა, შემდეგ უთხრა ლერწმის ქალს: ახლა შენ იბანავე და მე გიდარაჯებ, არავინ მოვიდესო. ქალმა გაიხადა ტანისამოსი, ჰკრა არაბის ქალმა ხელი, გადააგდო წყალში და უთხრა: შენამც იქცევი თევზადაო.
ლერწმის ქალი იქცა თევზად. არაბის ქალმა ჩაიცვა ლერწმის ქალის ტანისამოსი, გამოაცალა უნაგირი და თავის კალთაში დააძინა. როდესაც გამოეღვიძა ვაჟს, შეხედა ქალსა, ელდა ეცა: ეგ რა მოგსვლია, როგორ გაშავებულხარო?! ქალმა უთხრა: გახსოვს, ბებერმა რომ გვითხრა: სანამდის სახლში არ მიხვალ, ცხენებიდან არ გადმოხვიდეთო, შენ რომ გადმომიყვანე ცხენიდან, ალბათ, იმიტომ გავშავდიო.
შეკაზმეს ცხენები, გაუდგნენ გზას და მივიდნენ მამის სახლში. მამას, ერთი მხრით, გაუხარდა, სახელმწიფოს შავები გადააძრო, მაგრამ, მეორე მხრით, ძალიან ეწყინა, და უთხრა: - შვილო, მაგისთვის იკლავდი თავსო?
შვილმა უთხრა თავის მამას: - ეჰ, მამი, ალბათ ბედი ესა ყოფილა და რას ვიზამდიო.
გადაიხადეს ქორწილი.
თევზად ქცეული ლერქმის ქალი წამოვიდა წყალდაწყალ და სადაც ხელმწიფის ნახირი სვამდა წყალს, იქ ამოვიდა. წყალზე რომ მირეკენ საქონელს, თევზი გაიფრთხიალებს და საქონელი ფრთხება, უწყლობით იხოცებიან, წყალს ვერა სვამენ.
მწყემსებმა მოახსენეს ხელმწიფეს ეს სამწუხარო ამბავი.
იმ წყალზე თევზაობა აკრძალული იყო, მაგრამ ხელმწიფემ მაშინვე ბრძანა, მთელი მებადურები გასულიყვნენ სათევზაოდ. ბევრი თევზი დაიჭირეს მებადურებმა, მაგრამ ის თევზი მაინც ვერ დაიჭირეს.
როდესაც წყლიდან ამოდიოდნენ მებადურები, ერთმა კოჭლმა მებადურმა თქვა: - მოდი, ერთხელ კიდევ გადავაგდებ ბადეს, დავიჭერ კარგია, არადა ჯანი გავარდესო. გადააგდო ბადე და მოჰყვა ეს თევზი. დაიჭირა და წამოიყვანა.
შავი არაბის ქალმა უთხრა: - ეგ თევზი მოხარშეთ, ჭამეთ, მხოლოდ ფხა, რაც იქნება, ცეცხლში ჩაყარეთო. მართლაც, ასე იქცეოდნენ. მოხარშეს თევზი, დაუწყეს ჭამა, ფხას კიდევ ცეცხლში ყრიდნენ.
ბოლოს ერთი ნაქეიფარი კაცი მოვიდა და უთხრა: თუ შეიძლება, თევზი მინდა, ცოტა მაჭამეთო. უთხრეს: თევზს გაჭმევთ, მხოლოდ ფხა რაც შეგხვდეს, ცეცხლში ჩაყარეო. მართლაც, ასე იქცეოდა ეს კაცი. ბოლოს გადაავიწყდა და თევზის ერთი ფხა გადაუვარდა გომურის კარების უკან.
თევზი შეჭამეს, ხალხი წავიდა სახლში, საქონელი დააბინავეს. დილა რომ გათენდა, ნახეს ერთი დიდი ხე ამოსულა, საქონელი კარში ვერ გამოუშვიათ. როდესაც უნდა გამოვიდნენ კარში, ხე დაიბრიალებს და მთელი საქონელი სულ ერთიმეორეს მიეხლება.
შავი არაბის ქალმა უთხრა: ააგეთ ერთი საკირე, მოჭერით ეგ ხე და როგორც გინდა პატარა ნაფოტი იყოს, სულ საკირეში ჩაყარეთ და დაწვითო. მართლაც, ასე მოიქცნენ: დაუწყეს ჭრა, შეუკეთეს საკირეს.
ბოლოს, ხეს რომ სჭრიდნენ, მოვიდა ერთი კაცი და უთხრა: დღეს სამჭედლოში ცული გავაკეთებინე და თუ შეიძლება, ვცადო ამ ხეზე, გასჭრის თუ არაო. ხის მჭრელებს კიდეც გაუხარდათ და დაუწყო ხეს ჭრა.
ხის ჭრის დროს მოსკდა ერთი ნაფოტი და წავიდა მაღლა ჰაერში. ეს ხე მოჭრეს და სულ დაწვეს, გარდა ამ ერთი ნაფოტისა, რომელიც ჰაერში წავიდა.
ეს ნაფოტი ჩამოვარდა დაბლა ერთ სახელმწიფოში, შუა გზაზე. ერთ მშვენიერ დღეს ხალხი წავიდა ხატში სალოცავად. მათ შორის ერთი ქვრივი დედაკაცი იყო. ეს ქვრივი დედაკაცი ხატიდან რომ დაბრუნდა, დაუწყო ფიჩხს შეგროვება და ნახა ეს ნაფოტი. წამოიღო ნაფოტი სახლში, დასაწვავად ვერ გაიმეტა და თქვა: ეს გამოდგება ქოთნის საფარებლადაო.
დედაბერი რომ წავიდოდა სადმე, ეს ნაფოტი იქცეოდა ქალად, დაგვიდა, დაასუფთავებდა სახლს, მოუმზადებდა კერძს ბებერს და ისევ ნაფოტად იქცეოდა.
ამ ბებერმა დედაკაცმა უთხრა თავის რძლებს: ვიდრე გავიყრებოდით, ყურს არ მიგდებდით, ახლა რამ შეგაყვარათ ჩემი თავი, ყოველდღე მისუფთავებთ და კერძსაც მახვედრებთო?!
რძლებმა უთხრეს: ჩვენო დედამთილო, ძველი ანდაზა ხომ გაგიგონია, ცეცხლიდან გავიყარენით, განა ძმობიდანაცაო. ჩვენი საქმეც ეგრე იყო. ერთად რომ ვიყავით, ჩხუბი მოგვდიოდა, ახლა კი რაღაზე მოგვივა ჩხუბი, თანდათან ერთმანეთი უფრო შეგვიყვარდებაო.
ამ ბებერმა დედაკაცმა ბოლოს გადაწყვიტა: მოდი ვუთვალთვალებ, რომელი რძალია, რომ მისუფთავებს ოთახსაო.
იქვე ოთახთან დაიმალა. იქცა ნაფოტი ქალად, დაგავა სახლი, გადმოყარა ნაგავი გარეთ, თვითონ კარში არ გამოვიდა. ამ დროს ბებერმა დაიჭირა ეს ქალი. ქალს ძალიან შეეშინდა და დაიწივლა: - ნუ მომკლავ, შენი ჭირიმე, ქრისტიანი ვარო.
ბებერმა ჰკითხა ვინ იყო, საიდან მოვიდა. ამ ქალმა უამბო ყველაფერი, რაც თავს გადახდა და ბოლოს უთხრა, რომ მე ის ნაფოტი ვარ, რომელსაც შენ ქოთნის დასახურავად იყენებო.
ბებერმა არ დაიჯერა. მაშინ ეს ქალი იქცა ნაფოტად და ქოთანს დაეფარა. ბებერმა წაიშინა მუხლებში ხელი: რაზე დავღუპე ჩემი თავი და ამისთანა ქალი ნაფოტად რაზე ვაქციეო.
ამ დროს ნაფოტი იქცა ისევ ქალად და დაიწყეს ტკბილად საუბარი. ამ ქალმა ბებერს უთხრა: დღეის შემდეგ ვიცხოვროთ როგორც დედამ და შვილმაო. მართლაც, ასე ცხოვრობდნენ. ერთხელ ჰკითხა ქალმა: - დედი, ოჯახში რა გვყავს ისეთი, რომ ბაზარზე გავყიდოთო?
- შვილო, აი ეს ერთი ქათამიაო.
ამ ქალმა უთხრა:
- წაიყვანე, დედი, ეგ ქათამი, რომ გაჰყიდო, ერთი აბაზის აბრეშუმის ძაფი მიყიდეო.
წავიდა ბებერი ბაზარზე და წაიყვანა ქათამი. გაყიდა ხუთ შაურად.
აბაზის ძაფი უყიდა და დარჩა ერთი შაური. ამ ქალმა ძაფისაგან მოქსოვა ერთი ხალიჩა. ერთხელ უთხრა ბებერსა: - წაიღე, დედი, ეს ხალიჩა გაყიდე ბაზარზე და ორი აბაზის ძაფი წამომიღეო.
ბაზარში რომ წაიღო ხალიჩა, შეევაჭრა სამი გენერალი:
- რას აფასებ ხალიჩასაო?
- განა თქვენ არ იცით ამის ფასი, რა ღირსო?
გენერალმა უთხრა: - ას თუმანს მოგცემო.
ამ დედაკაცს კი ეგონა სასაცილოდ მიგდებსო, ეს ხალიჩა ბევრი, ბევრი ღირდეს ორი მანეთიო, და უთხრა: - რა სასაცილოდ მიგდებო?!
მეორე გენერალმა უთხრა: - ორას თუმანს მოგცემო.
იმასაც უთხრა: - სასაცილოდ ნუ მიგდებო, რაცა ღირს ის მომეციო.
მესამემ მისცა სამასი თუმანი და გაიქცა: არ შეიშალოს ბებერიო. ბებერი კიდევ აქეთ გამორბის სახლისკენ: ფული არ წამართვანო.
მოვიდა სახლში, მოიტანა ფული და თავის შვილს უთხრა: - შვილო, არ ვიცი რამ დააგიჟა იმ ხალიჩაზე ხალხი, სამასი თუმანი მომცეს. თუ სამი კაპიკი ეგონა, ხელში მაინც როგორ არ ებევრაო.
ამაზე უთხრა თავისმა ქალმა: - დედი, შენ არ იცი მაგ ხალიჩის ფასი, ათასი თუმანი რომ დაგეფასებინა, მაინც გაიყიდებოდაო. ასეთი ხალიჩა რამდენიმე მოქსოვა და გაყიდა.
შემდეგ ამ ფულით აიშენეს დიდი სასახლეები. მოქსოვა ერთი ხურჯინი, რომელზედაც ამოქარგა ხელმწიფის ვაჟის დასაპატიჟებელი წერილი: თუ გვიკადრებთ, მთელი შენი სახელმწიფოთი მობრძანდი ჩვენთანაო. თავისი სურათიც ჩააკრა ხურჯინში. ქალმა თავის დედობილს უთხრა: ერთ ალაგას უნდა გაგგზავნოო. ზოგან მოგიხდება ფეხით სიარული, ზოგან ცხენით.
გაისარჯე ჩემი გულისათვის, თხოვნაზე უარს ნუ მეტყვიო. დედობილმა უპასუხა: სადაც უნდა მითხრა, წავალ, შვილო, თუნდაც ვიცოდე, რომ იქიდან ცოცხალი ვეღარ დავბრუნდებიო. მისცა ეს ხურჯინი ამ დედაკაცს და უთხრა: ეს ხურჯინი უნდა წაიღო ამა და ამ ხელმწიფის ვაჟთან, შენი ხელით უნდა მიუტანო. ვინც არ უნდა გითხრას, რომ მე შევუტან ხურჯინსაო, არავის დაანებოო.
წავიდა ბებერი დედაკაცი. წაიღო ხურჯინი. ქალმა გაატანა ბლომად ფული. იარა ბებერმა, ხან ფეხით, ხან ცხენით და ბოლოს მივიდა სახელმწიფოში, სადაც ის ხელმწიფის შვილი ცხოვრობდა. სახლთან რომ მივიდა, შავი არაბის ქალი დახვდა კარში, ბებერს უთხრა: სად მიდიხარო? ბებერმა უთხრა: ხელმწიფის შვილის ნახვა მინდა, უნდა გადავცე რამეო. არაბის ქალმა უთხრა: მომეცი, მე შევუტანო. ბებერმა არ მისცა, თვითონ შეუტანა. მაგრამ ქალმა ისე ჩაარტყა კისერში, რომ ერთ წლამდე სულ გაშეშებული კისერი დაჰქონდა. ხურჯინი გადასცა ხელმწიფის ვაჟს.
როცა წაიკითხა წერილი, დასწერა პასუხი, რომ ამა და ამ დროისთვის იყავი მზად და მოვალო.
დედაბერი რომ მივიდა ქალთან, უთხრა: - რა ჰქენიო?
ბებერმა უპასუხა: - ხურჯინი შევუტანე, ერთი შავი არაბის ქალი იყო იქ, ისეთი ჩამარტყა კისერში, რომ ახლაც მტკივაო, და აი, ეს წერილი გამოგიგზავნა. წაიკითხა ქალმა წერილი. დანიშნული დროისათვის შეუდგა მზადებას, რომ მოაწყოს კარგი ვახშამი, არ შერცხვეს.
როდესაც მოვიდა დრო, რომ უნდა მისულიყვნენ, ამ ქალმა ჩაიცვა ვაჟური ტანისამოსი. მოვიდნენ კიდეც მოწვეული სტუმრები და დაიწყეს ქეიფი. ხელმწიფის შვილი და შავი არაბის ქალი დასხდნენ ერთად, დანარჩენი ხალხი, ვისაც სად ეკუთვნოდა, ყველა ისე გაანაწილა.
როცა ქეიფი დაიწყეს, თვითონ დადგა თამადად, ბოლოს ხალხს გამოუცხადა: - მე ცოტა ცუდად გავხდი, ცოტა ხანს ოთახიდან უნდა გავიდე და ჩემს დას გამოგიგზავნით, რომელიც ჩემზე უკეთეს თამადობას გაგიწევთო. გავიდა მეორე ოთახში, გაიხადა ვაჟური ტანისამოსი, ჩაიცვა ქალის ტანისამოსი, გავიდა ხალხში ისევე და დაიწყო სადღეგრძელოების თქმა.
როცა ხალხს სმისა და ჭამის თავი აღარა ჰქონდა, მაშინ ამ ქალმა უთხრა: - მოდი, ახლა ყველა თავის თავგადასავალს მოვყვეთო.
მაშინ სთხოვეს: ჯერ თქვენი თავგადასავალი გვიამბეთო. ქალი დასთანხმდა და გამოაცხადა, ორი კაცი დაეყენებინათ კარებში, რომ კარში არავინ გასულიყო. დაიწყო ქალმა დაწვრილებით თავგადასავალის მოყოლა.
როდესაც ახსენა შავი არაბის ქალი, წყალში რომ გადააგდო და თვითონ ხელმწიფის ვაჟთან იჯდა, არაბის ქალი მაშინვე წამოიწია ფეხზე, მაგრამ ხალხი რას გაუშვებდა. ქალმა რომ დაამთავრა თავისი თავგადასავალი, გამოიყვანეს შავი არაბის ქალი, მოაბეს ცხენის კუდზე, გააქციეს ცხენი და სულ დააჩქლეთინეს.
ხელმწიფის ვაჟმა უთხრა თავის მამას: - აი, ამ ქალის გულისთვის ვიკლავდი თავსაო და რა მექნა, რომ ვერ გავიგე, როგორ გამომეცვალაო.
დაიწერა იმ ლერწმის ქალზე ჯვარი, ერთი კაი ქორწილი გადაიხადეს და დაიწყეს ტკბილი და საამური ცხოვრება.
სასკოლო ლიტერატურა • • • ![]() |