- საშინელი ამბავი მოხდა! - თქვა ქათამმა, რომელიც იქ კი არ ცხოვრობდა სადაც ეს ისტორია დატრიალდა, არამედ ქალაქის სრულიად საწინააღმდეგო მხარეს, - საშინელი ამბავი მოხდა! ამის შემდეგ მარტო ღამის გათევაც კი არ შემიძლია! კიდევ კარგი ყველანი ერთად ვართ!
სიჩუმეში მან დაიწყო ამბის მოყოლა, თანაც ისე, ქათმებს ბუმბული ყალყზე დაუდგათ, ხოლო მამალს ბიბილო ერთიანად მოეკრუნჩხა, თქვენ გგონიათ ვაჭარბებ? სრულებითაც არა! ყოველივე ეს სრული სიმართლე გახლავთ!
მაგრამ მოდით ამ ამბის მოყოლა თავიდან დავიწყოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველივე ეს ქალაქის იქითა მხარეს მდებარე საქათმეში მოხდა.
მზე ჩადიოდა, ქათმები ქანდარაზე შემომსხდარიყვნენ. ერთმა თეთრმა მოკლეფეხება დედალმა, რომელიც კეთილსინდისიერად დებდა მის წილ კვერცხებს, მოხერხებულად მოიკალათა და ძილის წინ ბუმბულის გასუფთავება დაიწყო.
კოხტაობაში გართულს ერთი პაწია ბუმბული ფრთიდან გამოსძვრა და ფარფატით დაეშვა მიწაზე. უჰ, გამიფრინდა! თქვა დედალმა. მაგრამ არა უშავს რა, რაც მეტს ვიკოხტავებ, უფრო გავლამაზდები!
ეს ისე, ხუმრობით თქვა. საერთოდ კი მხიარული ხასიათის იყო. თუმცა ეს სრულებითაც არ უშლიდა ხელს, ფრიად დაფასებული დედალი ყოფილიყო. ეს იყო და ეს, შემდეგ დედალმა დაიძინა.
საქათმეში ბნელოდა. ქათმები გვერდი-გვერდ ისხდნენ. ჩვენი დედლის მეზობელი ქათამი ჯერ კიდევ ფხიზლობდა და მის ნათქვამს შემთხვევით მოჰკრა ყური. რას იზამ, თუ გსურს, მეზობელთან მშვიდობიანად იცხოვრო, ყურები დაცქვეტილი უნდა გქონდეს! ქათამმა ვერ მოითმინა და თავის მეორე მეზობელს წასჩურჩულა:
- გაიგონე! ვინაობას არ გავამხელ, მაგრამ ჩვენს შორის არის დედალი, რომელიც მზადაა სილამაზისათვის სულ ერთიანად დაიპუტოს ბუმბული! მე რომ მამალი ვიყო, ასეთ დედალს შევიძულებდი!
საქათმის ზემოთ, ბუდეში ქმართან და პატარა შვილებთან ერთად ბუ იჯდა. ბუებს მახვილი სმენა აქვთ და ქათმის ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ გამოჰპარვიათ, თანაც განუწყვეტლივ ატრიალებდნენ თვალებს, ხოლო დედა ბუ კი ფრთებს მარაოსავით იქნევდა.
- სსუ! ბარტყებო, ნუ უსმენთ! თუმცა თქვენ ალბათ ყველაფერი მოისმინეთ? ეჰ, ამის გამგონეს რატომ ყურები არ გამიხმება! თურმე ერთი დედალი იქამდე მივიდა, მამლის თვალწინ დაიპუტა ბუმბული.
- ჩუმად, აქ ხომ ბარტყებია! - ფრანგულად გადაულაპარაკა მამა ბუმ, - პატარებთან ასეთ რამეს არ ლაპარაკობენ. - ეს უკვე მან მშობლიურ ენაზე დაამატა, - მე მგონი ეს შემთხვევა აუცილებლად უნდა მოვუყვეთ ჩვენს მეზობელ ბუს, ის ხომ ისეთი თავაზიანია!
მეორე დღეს დედა ბუ მეზობელთან გადაფრინდა, რომელსაც ბუდე სახლის სახურავზე ჰქონდა გაკეთებული.
-ოჰ! ოჰ! ოჰ! - ავიშვიშდნენ ბუები, - გაიგეთ? ერთ დედალს მამლის გულისათვის სულ ერთიანად დაუპუტია ბუმბული, რა ეშველება საწყალს, სიცივით სულ გაიყინება! ოჰ! ოჰ! ოჰ!
- ღუ! ღუ! ღუ! სად! სად! სად! - აღუღუნდნენ მტრედები.
- მეზობელ საქათმეში! ეს თითქმის ჩემ თვალწინ მოხდა! მეუხერხულება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს სრული ჭეშმარიტებაა.
- გვჯერა! გვჯერა! - უპასუხეს მტრედებმა და ქვემოთ მჯდარ ქათმებს ჩასძახეს: - ღუ! ღუ! ერთმა დედალმა, ზოგ-ზოგების თქმით კი ორმა, მამლისათვის თავი რომ მოეწონებინათ, ბუმბული სულ მთლიანად შემოიპუტეს! ეს ხომ ძალზე სახიფათოა! ასე შეიძლება გაცივდე და მოკვდე, თუმცა ისინი უკვე დაიხოცნენ კიდევაც!
- ყიყლიყოო! - აყვირდა მამალი და ღობეზე შეფრინდა,- გაიღვიძეთ! გაიღვიძეთ! - თვალები ძილისაგან ეხუჭებოდა, მაგრამ მაინც ყიოდა: - მამლის გულისათვის სამმა დედალმა თავი მოიკლა! სამივემ ბუმბული ერთიანად შემოიპუტა! აი, ასეთი საშინელება დატრიალდა! არ მსურს ამის შესახებ გავჩუმდე! დაე, ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგოს!
- დაე გაიგოს! დაე გაიგოს! - აწრიპინდნენ ღამურები, აკაკანდნენ ქათმები, აყივლდნენ მამლები. - დაე გაიგოს! დაე გაიგოს!
ამბავი სწრაფად გავრცელდა ეზოდან ეზოში, საქათმიდან საქათმეში და ისევ იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო.
- მამლისათვის რომ ეჩვენებინათ, თუ რომელი უფრო მეტად გაახდუნა მისდამი სიყვარულმა, ხუთმა დედალმა სულ მთლად შემოიპუტეს ბუმბული, - ყვებოდნენ იქ, - ბოლოს კი მთელი ჩვენი ჯიშის სამარცხვინოდ და საზარალოდ ერთმანეთი სასიკვდილოდ დაკორტნეს!
დედალმა, რომელმაც შემთხვევით ერთი ბუმბული დაკარგა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ამ ისტორიას მის შესახებ ყვებოდნენ, თქვა:
- მე ისინი ყველანი მეჯავრებიან! სამწუხაროდ ასეთები ბევრნი არიან, ამიტომ ამ ამბის წაყრუება არ შეიძლება! მე ჩემის მხრივ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ისტორია გაზეთში გამოქვეყნდეს! ასეთი დედლები არცხვენენ თავიანთ ჯილაგს და ღირსნი არიან, ისინი მთელმა საზოგადოებამ გაკიცხოს!
გაზეთებში მართლაც გამოქვეყნდა მთელი ეს ისტორია, რომელიც სრული ჭეშმარიტება გახლავთ: როგორც ხედავთ, სულ არ ყოფილა ძნელი ერთი პაწია ბუმბულის მთელ ხუთ დედლად ქცევა.
მთარგმნელი: აკაკი გელოვანი
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ჰანს ქრისტიან ანდერსენი/ზღაპრები |