უწინ ძაღლი მარტოდმარტო ცხოვრობდა. ერთხელაც მოსწყინდა მარტოობა და ისეთი ამხანაგის ძებნა დაიწყო, რომელიც ყველაზე ძლიერი და უშიშარი იქნებოდა.
პირველად მგელთან მივიდა და უთხრა:
- მოდი, მგელო, ერთად ვიცხოვროთო!
- ძალიან კარგიო! - უპასუხა მგელმა და დაიწყეს ერთად ცხოვრება
ერთ ღამეს ძაღლს რაღაც ხმაური შემოესმა და ყეფა
ატეხა
- ნუ ყეფ, ძაღლო, თორემ დათვი გაიგონებს, მოვა და შეგვჭამსო, - გააფრთხილა მგელმა
ძაღლმა იფიქრა, დათვი ყოფილა ყველაზე ძლიერიო. მიატოვა მგელი და დათვთან მივიდა.
- მოდი, დათვო, ერთად ვიცხოვროთო
- ძალიან კარგიო, - უპასუხა დათვმა და დაიწყეს ერთად ცხოვრება. ღამით ძაღლს ისევ რაღაც ხმაური შემოესმა და ყეფა ატეხა.
- ნუ ყეფ, ძაღლო, თორემ ლომი გაიგონებს და ორივეს შეგვჭამსო.
მაშ, ლომი ყოფილა ყველაზე ძლიერიო, - იფიქრა ძაღლმა და წავიდა ლომის საძებნელად იარა, იარა და როგორც იქნა, იპოვა ლომი
- მოდი, ლომო, ერთად ვიცხოვროთო!
- ძალიან კარგიო! - მიუგო ლომმა და დაიწყეს ერთად ცხოვრება. გავიდა ცოტა ხანი და ერთხელაც ძაღლმა
ისევ ატეხა ყეფა.
- ნუ ყეფ, ძაღლო, თორემ ადამიანი გაიგონებს, მოიტანს თოფს და სიცოცხლეს გამოგვასალმებსო.
მაშ, ადამიანი ყოფილა ყველაზე ძლიერი, რაკი ლომსაც მისი ეშინიაო, - გაიფიქრა ძაღლმა და ადამიანის საძებნელად გაიქცა. ბოლოს, როგორც იყო, იპოვა.
- მოდი, ადამიანო, ერთად ვიცხოვროთო!
- ძალიან კარგიო, - მიუგო ადამიანმა და დაიწყეს ერთად ცხოვრება
გავიდა ხანი, ერთხელ ღამით ძაღლს ხმაური შემოესმა და ყეფა ატეხა გამოეღვიძა ადამიანს და ძაღლს მიაძახა:
- ეცი, ძაღლო, ეცი, არ გაუშვაო!
ასე დარწმუნდა ძაღლი, რომ ადამიანი ყველაზე უშიშარი და ძლიერია. მას შემდეგ ძაღლი ადამიანს გვერდიდან არ მოსცილებია.