კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

შესავალი

ახლა გლოცავთ თქვენ, და გთხოვთ ქრისტეს სიყვარულით აღსავსე გულით მომისმინოთ, მომაპყროთ ყური, უფრო მეტად კი შეცნობის უნარის მქონე გულისყურით მომისმინოთ და შეისმინოთ ჩემი ნათქვამი.

მხოლოდ მე კი არ უნდა ვცდილობდე ამ წმინდა მოწამის მარტვილობის მოსმენას, არამედ ეს თქვენთვისაც საჭიროა, რათა ჩემთან ერთად ყველაფერს ჩაუკვირდეთ, რადგან ვინც ამ ქვეყნის განაპირას ვართ, მათ შორის ბევრი, რომელთაც ხუთასი წლის წინათ და უფრო ადრეც წმინდა ნათლისღებით მიუღიათ რჯული, ამ დროის მბრძანებლებმა, არაქრისტიანებმა, აცდუნეს, ჭეშმარიტების გზიდან გადახარეს, ქრისტეს სახარებაში გადმოცემულ ჭეშმარიტებას შეაცოდებინეს.

იმ დროიდან დღემდე ქრისტიანთა მოდგმა გადაიბირეს, ზოგი - ძალადობით, ზოგი - მოტყუებით, ზოგი - ბავშვური გამოუცდელობით, ზოგი - ვერაგობით.

შეშინებული და შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”.

თუმცა დავრჩით მორწმუნენი, ძალადობით დამონებულნი და გაღატაკებულნი, შეკრულნი ბორკილით, ხარკის ხდით დატანჯულნი და ნაგვემნი, სასტიკად დასჯილნი, მაგრამ მტკიცედ დარწმუნებულნი, რომ მხოლოდ ქრისტეს სიყვარულითა და შიშით, მამაპაპურ გზაზე სვლით არ განეშორება ადამიანი უფალს.

ასეთ დროს გამოჩნდა ძლიერად წმინდა მოწამე, რომელიც თავიდანვე ჩვენიანი როდი იყო, ჩვენი სარწმუნოების უმეცარი, უცხო სარწმუნოების მიმდევარი მოვიდა და ქრისტიანობა შეიმეცნა.

მორწმუნეთათვის ჭეშმარიტი სარწმუნოება დიდი განძია. ქრისტიანული სარწმუნოება დიდი მოძღვრებაა.

არა მხოლოდ ბერძნებმა მიიღეს ღვთის მიერ ბოძებული რწმენა, არამედ ჩვენც, ქართველებმა, ქრისტიანული სამყაროდან მოშორებით დამკვიდრებულმა ერმა.

ქართლის მოსახლეობას აქვს ეს სარწმუნოება და ქართლიც იმ წმინდანების დედად იწოდება, რომელთაგან ზოგი აქაურია და ზოგიც უცხოეთიდან მოსული, დროდადრო ჩვენს შორის გამორჩეული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება უკუნისამდე, ამინ!

ქართლში შემოსვლა და წმინდა აბოს ნათლისღება

ეს იყო დრო, როდესაც ქართლის ერისთავი სახელად ნერსე, ადარნესე კურაპალატისა და ერისმთავრის შვილი, იხმო აბდილა ამირა მუმნმა, რომელიც ბაღდადში იმყოფებოდა.

ბოროტი ადამიანების დასმენით მან ნერსე ერისთავი დააპატიმრა და სამი წელი იგი საპყრობილეში იჯდა მანამ, სანამ ღვთის ნებით მოკვდა აბდილა ამირა მუმნი და მის ნაცვლად მისი ვაჟი მაჰდი გამეფდა.

მოწყალე ღმერთმა შთააგონა მაჰდის ნერსეს გათავისუფლება, გამოიყვანა იგი სასტიკი საპყრობილიდან და ისევ ერისმთავრად გამოაგზავნა საკუთარ ქვეყანაში.

ახლა მსურს, ქრისტეს მოყვარენო, სანატრელი მოწამის, აბოს შესახებ მოგითხროთ, რანაირად და როგორ იყო, ანუ საიდან მოვიდა აქ. იგი აბრაამის  ერთ-ერთი შვილის, ისმაელის შთამომავალთაგან იყო შობილი, სარკინოზთა  ტომიდან.

მისი მშობლები და და-ძმა ამავე ქალაქში, ბაღდადში  იყვნენ. ჭაბუკი აბო დაახლოებით თვრამეტი, არანაკლებ ჩვიდმეტი წლისა იყო. მან, ნერსე ერისთავთან ერთად, აქეთ (იგულისხმება ქართლი) წამოსვლა მოინდომა და მას მსახურად დაუდგა.

ის იყო სურნელოვან ნელსაცხებელთა შემზადების ოსტატი და განსწავლული იყო სარკინოზთა მწიგნობრობაში. მან დატოვა დედა, მამა, ძმები, დები, ნათესავები, ქონება; წამოვიდე აქეთ და დაემგზავრა ნერსეს ქრისტეს სიყვარულის გამო.

როდესაც ქართლში ჩავიდა, ცხოვრობდა ნერსეს კარზე და სათნო ხასიათით ყველას შეაყვარა თავი, ამასთანავე ისწავლა ქართული წერა-კითხვა და გამართული ლაპარაკი და დაიწყო ძველი და ახალი აღთქმის (იგივე ბიბლია) შესწავლა. მრავალ რჯულისმცოდნეს ეკითხებოდა და მათგან სწავლობდა ღვთისმეტყველებას. ასე სრულყო საკუთარი თავი მთელი ქრისტიანული მოძღვრების შეცნობით.

მაშინ მიატოვა მაჰმედის  რჯული და მამაპაპური ლოცვის წესი და მთელი გულით ქრისტე შეიყვარა. იგი ახდილად ვერ აცხადებდა, რომ ქრიტიანი იყო, ამიტომ ფარულად მარხულობდა და ლოცულობდა ქრისტეზე და ეძებდა უსაფრთხო ადგილს, სადაც მოინათლებოდა, რადგან ქვეყნის დამპყრობლების, სარკინოზების ეშინოდა.

იმ დროს სარკინოზთა ხელისუფლება კვლავ განურისხდა ნერსე ერისთავს. გაიქცა იგი, რადგან სასტიკად ებრძოდნენ სარკინოზები და უფალმა დაიცვა ის (ნერსე) მათგან. და გაიარა მან ოსეთის კარი, რომელსაც დარიალი ეწოდება.

მას თან ახლდა სამასამდე მამაკაცი თავისი ხალხიდან და მასთან ერთად იყო სანატრელი აბოც. როდესაც ნერსე ერისთავი ხაზარეთის  მეფესთან მივიდა, მან შეიფარა ნერსე უცხოობისა და თავისი მტრებისაგან გამოქცევის გამო და მისცა მას და მის თანმხლებთ ტანსაცმელი და საჭმელი.

მაშინ, როდესაც ნახა ნეტარმა აბომ რომ საშიში აღარაფერია, იჩქარა ქრისტესთან მიახლოება და მოინათლა,

ცოტა ხნის შემდეგ ნერსემ სთხოვა ჩრდილოეთის მეფეს (იგულისხმება ხაზართა მეფე), გაეშვა ისინი აფხაზეთში, რადგან ადრევე გაეგზავნა იქ დედა, ცოლ-შვილი, თავისი ქონება ჯალაბობა და საერთოდ მთელი მისი ამალა, რადგან ეს ქვეყანა დაცული იყო სარკინოზთაგან..

ხოლო ღმერთმა დაამშვიდა ჩრდილოეთის მეფე და მან გაისტუმრა ნერსე უამრავი საჩუქრით და წავიდნენ ისინი სიხარულითა და ღვთის მადლიერებით.

როდესაც აფხაზეთში ჩავიდნენ, ამ ქვეყნის მთავარმა  შეიფარა ნერსე მთელი თავისი ამალით. როდესაც იხილა ნერსემ დედოფალი - თავისი დედა, ცოლ-შვილი, სიხარულით ყველანი ერთად ლოცვით ჰმადლობდნენ ღმერთს მათი ჯანმრთელად და მშვიდობიანად შეკრებისთვის.

მაშინ, როდესაც ეცნიბა აფხაზეთის მთავარს ნეტარი აბოს შესახებ, რომ იგი ახლადმონათლულია, მეტად გაიხარა. ნეტარი აბო კიდევ უფრო ჰმადლობდა ღმერთს, რადგან იხილა მან ქვეყანა სავსე ქრისტიანული საწემუნოებითა და ამ ქვეყანაში ურწმუნო არავინ მკვიდრობდა.

ხოლო ქართლიდან ნერსეს გაქცევის შემდეგ, ღვთის შთაგონებით, მაჰდი ამირა მუმნმა ქართლის ერისმთავრად დაადგინა სტეფანოზი, გურგენ ერისთავის ძე, ნერსე ერისთავის დისწული.

მაშინ გაიხარა ნერსემ, რადგან მის სანათესაოს არ ჩამოერთვა ერისმთავრობის უფლება და ქართლის ამირას (არაბ ხელისუფალს) სთხოვა, საფრთხე აერიდებინა მისთვის და ქართლში მთელი თავისი ამალით თავისუფლად წამოსულიყო.

როდესაც აფხაზეთიდან მოდიოდნენ, ნეტარი აბო იხმო აფხაზეთის მთავარმა და უთხრა;

- ნუ წახვალ ამ ქვეყნიდან, რადგან ქართლი სარკინოზებს უპყრიათ. და მე შენს გამო ვშიშობ. ვაითუ, გადაგიბირონ ქრისტეს სარწმუნოებიდან.

ხოლო ნეტარმა აბომ თქვა:

- მრავალი ოქრო და ვერცხლიც რომ მომცენ, ან კიდევ მტანჯონ და მგვემონ, ვერ გამინელებენ ჩემი უფლის სიყვარულს. და ახლა ნურც შენ დამაბრკოლებ, ღვთისმსახურო, რადგან შევითვისე წმინდა სახარებიდან ჩვენი მაცხოვრის ნათქვამი:

”არავინ ანთებს სანთელს კვიმირში (მარცვლეულის საწყაო ჭურჭელი), არამედ სასანთლეზე ამაგრებენ, რათა ყველას უნათებდეს. დაე, ასე ბრწყინავდეს ნათელი თქვენი ადამიანების წინაშე”. და მე რატომღა დავფარო ეს ჭეშმარიტი ნათელი, რომლითაც ქრისტემ განმანათლა?

წამოვიდა ის ქართლში ნერსესთან ერთად, შემოვიდა ქალაქ თბილისში და ცხოვრობდა როგორც ქრისტიანი.

როდესაც იქ მყოფმა სარკინოზებმა, რომლებიც მას ადრე იცნობდნენ, ნახეს, რომ აბო ქრისტიანია, ზოგი საყვედურობდა, ზოგი აგინებდა, ზოგი აშინებდა, ზოგი სდევნიდა, ზოგი მშვიდობიანად შეაგონებდა მას.

ხოლო აბო განმტკიცებული იყო რწმენაში და ვერაფერი შეაშინებდა. სამი წლის განმავლობაში, მიმოდიოდა ქალაქსა და მის შემოგარენში აბო, როგორც გაცხადებული ქრისტიანი. 

წმინდა აბოს წამება

ვინც ხართ ქრისტეს მოყვარულნი და მოწამეების მოყვარენი, მოისმინეთ ჩემგან ამბავი წმინდა მოწამისა და ქრისტესთვის ღვაწლის გამღებისა, რომელსაც სიმამაცისა და დიდი ღვაწლისთვის გვირგვინი მიენიჭა ქრისტესგან.

ამ მოწამისა და კეთილმოღვაწის, აბოს, მარტვილობა ქალაქ თბილისში ამგვარად მოხდა. შეიპყრეს ეს ნეტარი ქრისტეს მოწამე, მიიყვანეს იგი მსაჯულთან, რომელიც ქალაქ თბილისში ამირად იჯდა და ქრისტეს რწმენისთვის საპყრობილეში ჩასვეს.

ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ სტეპანოზ ერისთავმა გამოიყვანა აბო საპყრობილიდან და გაათავისუფლა.

მცირე ხნის შემდეგ, კვლავ აბობოქრდნენ დამსმენნი ამ წმინდა ქრისტეს მოწამესი, განრისხებულნი და აბობოქრებულნი, ქრისტიანების მიმართ შურით აღვსილნი. მათ წმინდანის წინააღმდეგ პირი შეკრეს, შევიდნენ მსაჯულთან, რადგან ქალაქ თბილისში სხვა ამირა იყო დანიშნული და უთხრეს მას:

- ამ ქალაქში ერთი ჭაბუკია, რომელიც წარმოშობით სარკინოზი იყო, იმ რჯულით გაზრდილა და უცხოვრია, რომელიც მუჰამედმა, ჩვენმა მოციქულმა, მოგვცა: და ახლა მიუტოვებია ჩვენი რჯული. თავს ქრისტიანად აცხადებს, უშიშრად დადის ქალაქში და ბევრ ჩვენგანს უქადაგებს ქრისტიანობას.

აწ ბრძანე მისი შეპყრობა და აწამე და ტანჯე იგი, ვიდრე არ აღიარებს ჩვენი მუჰამედ მოციქულის რჯულს, თუ არა, მოკვდეს იგი, რათა მის სიტყვებს ბევრი სხვაც არ აჰყვეს.

გაიგეს ვიღაც ქრისტიანებმა, რომ აბოს აბეზღებდნენ, სწრაფად მივიდნენ მასთან და არწმუნებდნენ, რომ განრიდებოდა და დამალულიყო.

ხოლო მან (აბომ) უთხრა მათ:

- არა მარტო მზად ვარ ქრისტესთვის სატანჯველად, არამედ სასიკვდილოდაც.

და გამოვიდა იგი სიხარულით და დაუფარავად მიმოდიოდა ქუჩებში.

- ეს რა მესმის შენს შესახებ, რადგან წარმოშობით სარკინოზთა ტომიდან ხარ და დაგიტოვებია მამა-პაპათა რჯული და ქრისტიანებთან შეცდენილხარ?! აწ გაემზადე და ილოცე იმ რჯულით, რომლითაც შენმა მშობლებმა გაგზარდეს.

- ეს სწორედ თქვი, რადგან მე წარმოშობით სარკინოზი ვარ. განსწავლული ვიყავი მაჰმადის რჯულით და ვცხოვრობდი ამ სარწმუნოებით მანა, სანამ უცოდინარი ვიყავი. ახლა კი მივსდევ ჭეშმარიტ, ქრისტეს მიერ ბოძებულ, რწმენას სამებისას _ მამისა, ძისა და წმიდისა სულისა. და აწ უცილობლად ქრისტიანი ვარ.

- მიატოვე ეგ გიჟური განზრახვა და თუ რაიმე გაკლია და ამის გამო გამხდარხარ ქრისტიანი, ბევრად მეტ საბოძებელსა და პატივს ახლავე მოგაგებ.

- ოქრო და ვერცხლი შენვე გქონდეს საკუთარი თვის დასაღუპად. მე ადამიანურ პატივს არ ვეშურები, რადგან მაქვს ქრისტეს მიერ ბოძებული საჩუქარი, გვირგვინი ცხოვრებისა და უხრწნელობისა  და მარადიული პატივი სასუფეველში.

მაშინ ბრძანა მსაჯულმა, აბოსთვის ხელ-ფეხზე რკინის ბორკილი დედოთ და ასე ჩააგდეს იგი საპყრობილეში. ხოლო ნეტარს უხაროდა და მადლობას სწირავდა უფალს.

საპყრობილეში აბო მარხულობდა ლოცულობდა და დღედაღამ გალობდა; აკეთებდა კეთილ საქმეებს, ყველაფერი გაყიდა, რაც ებადა, და აპურებდა მასთან ერთად დატყვევებულ მშივრებს და ღარიბ-ღატაკებს. ხოლო ავის მრჩეველნი და გადამბირებლები შევიდნენ მასთან და თითქოს დაყვავებით ეუბნებოდნენ:

- შვილი, თავს ნუ დაიღუპავ, ნურც შენს სიჭაბუკეს გაწირავ ქრისტიანობისთვის, ნურც შენს ძმებსა და ნათესავებს დაშორდები, რათა ცუდი არაფერი მოუწიო საკუთარ თავს და ჩვენც არ დაგვამწუხრო ყველანი.

ზოგი მათგანი აშინებდა მას და ეუბნებოდა:

- რა სარგებლობას მოგიტანს შენ შენი ქრისტე? ან ვინ დაგიხსნას ჩვენი ხელიდან, რადგან ცეცხლი და სატანჯველი უკვე გაგვიმზადებია შენთვის, თუ არ მოუბრუნდები ჩვენს რჯულს.

ხოლო ნეტარი აბო არ უსმენდა მათ, ლოცულობდა და უხმოდ, გონებაში ფსალმუნს ამბობდა.

და რომ ვერ შეარყიეს მართალი აბო, შერცხვენილნი გამოვიდნენ.

აბო საპყრობილეში ცხრა დღე იყო. ყოველდღე მარხულობდა და ღამეს ათევდა განთიადამდე. ხოლო მეცხრე დღეს უთხრა მასთან ერთად დატყვევებულ ქრისტიანებს და სხვებსაც:

- ხვალ იქნება ხორციდან ჩემი გასსვლა (გარდაცვალება) და მისვლა ჩემს უფალთან, იესო ქრისტესთან.

რადგან ეს ამბავი ღმერთმა მისთვის მოწამე აბოს თავად ამცნო. და მაშინ გაიხადა ტანსაცმელი აბომ და გაატანა გასაყიდად, რათა უყიდონ მას ასანთებად კელაპტრები და საკმეველი და ყოველივე ძღვნად გააგზავნა ქალაქის ყველა ეკლესიაში, რათა აანთონ ნათლისღების დღესასწაულის წინა ღამეს.

ხოლო თვითონ ღამის თევისას ხელში აიღო ორი დიდი სანთელი, დადგა ისინი შუა საპყრობილეში და თვითონ განთიადამდე ფეხზე იდგა, სრულიად დაუჯდომლად, ვიდრე არ დაამთავრა ფსალმუნი და სანთელი ჩაეღვენთა ხელებში, რომლებიც რკინით კისერზე ჰქონდა მიჯაჭვული.

როდესაც მეათე დღე გათენდა, მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაული, რომელიც 6 იანვარს აღინიშნება, და ეს დღე იყო პარასკევი, ნეტარმა თქვა:

- ჩემთვის ეს დღე დიდია, რადაგან ორმხრივ გამარჯვებას ვხედავ ჩემი უფლისას, იესო ქრისტესას, რადგან ამ დღეს უფალი მოსანათლად შევიდა მდინარე იორდანეში. მეც მმართებს, ამ დღეს დავძლიო შიში ხორცისა, რომელიც ჩემი სულის სამოსელია.

მაშინ მოითხოვა წყალი, დაიბანა პირი, იცხო ზეთი და თქვა:

- თავად მენელსაცხებლე ვიყავი, ნელსაცხებლების საუკეთესო დამამზადებელი, ხოლო ეს საცხებელი (ზეთი) ჩემი დაკრძალვის დღისთვისაა. ამიერიდან, ამ წუთისოფელში აღარ წავიცხო ნივთიერი ზეთი, არამედ როგორც “ქება ქებათას” ავტორმა, ბრძენმა სოლომონმა, მასწავლა: ”შენი ნელსაცხებლის სურნელებისკენ მოვილტვოდე. ქრისტე, რომელმაც აღმავსე სარწმუნოების მარადიული სურნელებით და შენი სიყვარულით, იცი, შენ უფალო, რატომ შეგიყვარე საკუთარ თავზე მეტად".

და როდესაც ეს თქვა, გააგზავნა წმინდა ეკლესიაში და მოართვეს მას წმინდა საიდუმლო, ხორცი და სისხლი ქრისტესი. და როდესაც ეზიარა, თქვა:

“გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესო ქრისტევ, რომელმაც საზრდოდ მომეცი მე შენი სიცოცხლისმომნიჭებელი ხორცი და ჩემს გასახარებლად და განსამტკიცებლად - შენი პატიოსანი სისხლი!

და როდესაც ეს თქვა, მაშინვე მოვიდნენ მსაჯულის მსახურები და აბომ მიმართა მასთან ერთად დატუსაღებულ ქრისტიანებს:

- ლოცვებში მომიხსენიეთ, რადგან ამქვეყნად აღარასდროს მნახავთ!

და გამოიყვანეს იგი ხელფეხშებორკილი.

და მიჰყავდათ ის შუა ქალაქში. ქრისტიანები და მისი ნაცნობები, რომლებიც ხედავდნენ მას, ტოროდნენ, ხოლო წმინდა აბომ უთხრა მათ:

- ნუ ტირით ჩემს გამო, არამედ გიხაროდეთ, რადგან ჩემს უფალთან მივდივარ და ლოცვით გამაცილეთ და უფლის მშვიდობამ დაგიცვათ თქვენ!

ხოლო იგი მიდიოდა, როგორც მოგზაური, რომელიც ხედავს საკუთარ სხეულს და თავისი სულით  სამგზავროდ გამზადებული, საკუთარ თავს უკითხავდა მეთვრამეტე ფსალმუნს .

და წარუდგინეს იგი მსაჯულს და თქვა მსაჯულმა:

- რა არის ჭაბუკო, რა მოიფიქრე შენ შესახებ?

- მე გადავწყვიტე და ქრისტიანი ვარ!

- არ მიგიტოვებია ეგ შენი სიგიჟე და სისულელე?

- უგუნური და უმეცარი რომ ვყოფილიყავ, არ მეღირსებოდა ქრისტიანად ყოფნა.

- ვერ მიხვდი, რომ შენი სიტყვები სიკვდილს მოგიტანს?

- თუ მოვკვდები, მწამს, რომ ქრისტესთან ვიქნები, ხოლო შენ რას იზამ? რასაც მიპირებ, აღასრულე, რადგან მე ისევე არ მესმის შენი ამაო საუბარი, როგორც მაგ კედელს, რომელსაც მიყრდნობიხარ, რადგან მთელი ფიქრით ქრისტესთან ვარ, ზეცაში.

- ამდენი რა სიკეთე გაქვს შენი ქრისტესგან, რომლის გამოც სასიკვდილოდაც არ გებრალება თავი?

- თუ გსურს მისი სიკეთე შეიტყო, ირწმუნე ქრისტე და მოინათლე და მხოლოდ მაშინღა ეღირსები მისი სიტკბოების შეცნობისა.

მაშინ განრისხდა ამირა და მისი გარეთ გაყვანა და თავის მოკვეთა ბრძანა. ხოლო მსახურებმა ის კარს გარეთ, სასახლის ეზოში გამოიყვანეს, ხელ-ფეხზე შესხმული ბორკილი აჰყარეს, ხოლო ნეტარმა შემოიხია სამოსელი, რომელიც ეცვა და გაშიშვლებულმა პირჯვარი გადაისახა და თქვა:

- გმადლობ და გაკურთხებ, შენ, სამებაო წმინდაო, რადგან წმინდა მოწამეთა ღვაწლი მაღირსე.

და რა ეს თქვა, ზურგზე გადაიჯვარედინა ხელები და გაღიმებულმა თამამად შეჰღაღადა ქრისტეს და მახვილს კისერი მიუშვირა.. და მას სამჯერ მოუღერეს მახვილი, რადგან ეგონათ, რომ სიკვდილის შიში მას ქრისტეს რწმენას შეურყევდა. ხოლო წმინდანი დაუმილით და მხნედ ეგებებოდა მახვილს, ვიდრე არ მიაბარა სული უფალს.

და როცა ნახეს ამ წმინდა მოწამის დამბეზღებლებმა, თუ როგორ სძლია აბომ მათ სიგიჟეს მოთმინებით, უფრო მეტად შეშურდათ, შევიდნენ მსაჯულთან და უთხრეს:

- ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანებს ასეთი ჩვეულება აქვთ. თუ ვინმე თავს მოიკლავს მათი ქრისტესთვის, მოიპარავენ მის გვამს და დამარხვით პატივს მიაგებენ, ხალხში გაავრცელებენ ტყუილს, თითქოს სასწაული და კურნება მოხდა და ამგვარად მრავალი უმეცარი ტყუვდება.

აწ ბრძანე, რომ მისი გვამი მოგვცენ, რადგან წავიღოთ, ცეცხლში დავწვათ და გავფანტოთ და მოვსპოთ ქრისტიანული საცდური, რადგან ყველამ დაინახოს, შეშინდეს და ზოგი მათგანი ჩენს რჯულზე გადმოვიდეს; ჩვენიანებს (იგულისხმება არაბები) კი ეშინოდეთ და აღარ მიიღონ ქრისტიანული სარწმუნოება.

ხოლო უთხრა მათ მსაჯულმა:

- წაიღეთ, სადაც გენებოთ და რაც გინდათ, უქენით?

წმინდა გვამი ქალაქგარეთ გაიტანეს და მიიტანეს იმ ადგილას, რომელსაც საგოდებელი (სასაფლაო) ეწოდება, რადგან იქ არის ამ ქალაქის მცხოვრებთა სასაფლაოები, გადმოიღეს ცხედარი ურმიდან, დადეს მიწაზე, მიტანეს შეშა, თივა და ნავთი, დაასხეს წმიდა ცხედარს და ცეცხლი წაუკიდეს.

წმინდა მოწამის ცხედარი იმ ადგილას დაწვეს, რომელიც ქალაქის ციხის აღმოსავლეთით მდებარეობს და სადილეგო (ციხეების ადგილი) ჰქვია, კლდოვან სანაპიროზე დიდი მდინარისა, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთით მიედინება და მტკვარს უწოდებენ.

იმ ადგილას არც ერთი ქრისტიანი არ მიუშვეს, ვიდრე არ დაასრულეს წმინდა მოწამის ცხედრის დაწვა. ხოლო წმინდა მოწამის ძვლები, რომლის დაწვაც ვერ შეძლეს, ცხვრის ტყავში საგულდაგულოდ გამოკრეს, წაიღეს და ჩაყარეს დიდ მდინარეში (იგულისხმება მტკვარი).

ამგვარად მოიქცნენ ქრისტეს მტრები. ასე კეთილად იღვაწა ნეტარმა აბომ.

მაშინ ქალაქის (იგულისხმება თბილისი) ქრისტიანმა მოსახლეობამ დათრგუნა ხელისუფალთა შიში და ყველამ იმ ადგილს მიაშუარა, სადაც წმინდა მოწამის ცხედარი დაწვეს. მოხუცებულები მორბოდნენ თავიანთი ყავარჯნებით, კოჭლები - ხტოდნენ, როგორც ირმები, ახალგაზრდები - სირბილით, ბავშვები მორბოდნენ ერთმანეთზე ხეთქებით.

ქალები ჰგავდნენ მენელსაცხებლე დედებს, რომლებსაც სირბილით მოჰქონდათ ნელსაცხებელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის შეწირული წმინდანის საფლავზე, ნამდვილად მათი (იგულისხმება მენელსაცხებლე დედები) მსგავსნი იყვნენ, რადგან მირბოდნენ ტირილითა და თან სანთლები და საკმეველი მიჰქონდათ.

ყველა გახარებული და ქრისტეს მადლიერი იყო, ისინი იღებდნენ მიწას იმ ადგილიდან. იქ ბევრი დასნეულებული მიჰყავდათ, რომლებიც იმავე დღესს იკურნებოდნენ. ხოლო ყოვლად ძლიერმა ღმერთმა უფრო მეტად გამოავლინა თავისი ძლიერება და დიდება მიანიჭა თავის მოწამეს - სასწაული მოავლინა, რათა ყველამ იცოდეს, რომ აბო წმინდანია.

როდესაც დაღამდა და პირველი საათი დადგა, უფალმა იმ ადგილას ზეციდან მოკაშკაშე ვარსკვლავი მოავლინა, როგორც ანთებული ლამპარი.

ხოლო მეორე ღამეს უმეტესად წყალმა გამოაშუქა გასაოცარი ნათება. ირგვლივ ყველაფერი განათებული იყო - მდინარის კლდოვანი ნაპირები და ხიდი ზევიდან ქვემოთ. ამას მთელი ქალაქი ხედავდა, რათა ყველამ ირწმუნოს, რომ აბო ჭეშმარიტად ღვთის ძის, იესო ქრისტესთვის ეწამა.

ქება წმინდა მოწამე აბოსი

ახლა კი მოდით, ქრისტეს მოწამენო, ვიდღესასწაულოთ ხსენების დღე ახალი მოწამისა, რომელიც მთელს ჩვენს ქვეყანას ქართლისას ჩვენდა შემწედ მოგვივლინა ქრისტემ და დიდი სიხარულით გავიღოთ გულისა და გონების საგანძური, მხიარულად  და ნათლად ქება შევასხათ მის დიდ ღვაწლსა და ვთქვათ:

გიხაროდეს, სანატრელო მოწამეო, უფლისაგან! რადგან შენ ჩვენი მაცხოვრის უკანასკნელი მუშაკი  ხარ, რომელიც დღისით დაქირავებულ, ადრე ამდგარ მუშაკებს გაუთანასწორდი და მათზე ნაკლები გასამრჯელო არ მიიღე.

ვინ გაქოს ისე, როგორც შეგეფერება? შენი ქება მინდა, ყოვლად საქებო, ქრისტე მოწამევ, მაგრამ ვერ ვბედავ, რადგან ჩემს გონებას აღემატება შენი სათნოების ქება და ამასთანავე დადუმებისაც მეშინია, რადგან ქრისტეს მიერ მონიჭებული სიყვარულით შემიყვარე მე, ვიდრე ამქვეყნად იყავი.

ძალიან გვაკვირვებ, წმინდა მოწამეო, რადგან ისმაიტელთა ბატონობის დროს (იგულისხმებიან არაბები, სარკინოზები) დიდებას, შენივე ნებით, ქრისტესთვის თავმდაბლობა არჩიე და ძალადობაზე დამყარებული რწმენა უარყავი და ჭეშმარიტი სარწმუნოება აღიარე და ჯვარცმული სცანი უფლად და ღმერთად.

შენ გამო, წმინდაო მოწამეო, ქრისტეს სიყვარული ჩვენდამი და მისდამი ჩვენი რწმენა კვლავ განახლდა, რადგან უცხოტომელებს შევერიეთ, ქრისტეს რჯულისგან განდგომილებს, წუთისოფლის მოყვარე ხალხს, ტომს, რომელსაც ღვთის ძე არ სწამთ, ჩვენი სარწმუნოების მაგინებლებს, რომელთაგანაც მათი ცხოვრების წესი ვისწავლეთ და, მათი წაბაძვით, ჩვენს სურვილებს ვემონებოდით, თითქოს ქრისტეს იმედი დავკარგეთ და დაგვავიწყდა მარადიული ცხოვრება.

ქრისტეს მორწმუნენი შეჰნატრიან შენს დიდებულებას, შენს ღვაწლს, შენს შემართებას, შენს ტანჯვას, შენს მიერ ზეციური გვირგვინის მოპოვებას.

როგორ უნდა გაქო, ღვაწლის მტვირთველო, წმინდა მოწამეო? რადგან შენ, ქრისტეს გზაზე ახლახან შემდგარი, მასწავლებლად გვექმენ, სწავლული გულისხმიერება შეჰმატე, რწმენაშერყეულნი რწმენაში განამტკიცე, რწმენაში განმტკიცებულნი კი გაახარე, წარმართებს ქრისტეს მსახურება მოანდომე, შენი მოსახსენიებელი დღე დაგვიტოვე, რათა შენი სახელის ყველასათვის საუწყებლად ქადაგად ვიქცეთ.

ახლა კი ყველა ვევედრებით შენს ქრისტესმოყვარეობას: ყველას გვიშუამდგომლე ყოველთა მაცხოვრის წინაშე. შენს მოსახსენებელ ღვთისმსახურებას ვასრულებთ და ვადიდებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ავტორი: ქეთევან ქურდოვანიძე

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

შეიძლება გჭირდებათ:
აბო თბილელის წამება - შინაარსი თავების მიხედვით
აბო თბილელის წამება - სავარჯიშოები
აბო თბილელის წამება - საგამოცდო ტესტები

მსგავსი თემები