კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

დღეს ქვეყანა აღსრული გულის წყრომისა ტახტსა ზედა იცხებს, ყოვლად უფასოსა სისხლსა, - სახსარსა ქართველთა გვარისასა. ცამან მისტაცა ქვეყანას სიმდიდრე, ძლიერთა ძალი. ბრძენთა გონიერება, ერთა გვირგვინი, მხედართ მთავარი და თვით-მპყრობელთა სახელმწიფო ზრდილობა.

დიდნო მეფენო! სტიროდეთ ახლად ქვეყნისა დიდებასა, სტიროდეთ ცუდად სოფლისა დიდებასა, ისმინეთ ესე სახსოვრად სასმინარი: მოკვდა ღერკულესი, უძლეველი მეფე - ერეკლე და მზისა ქვეშ იხილეთ, რამეთუ ყოველი ამაოა.

და თქვენ მტირალნო, ნათესავნო ქართლოსიანნო, სარკინზოთაგანო უძლეველნო მხედარნო, გიძღოდათ მეფე მოსებრ ისრაელთა, გესმოდათ ხმა პატრონისა თქვენისა, მახარებლად თქვენდამი იყო ბიბლია: - "არა მოაკლდესო მთავარი იუდისაგან”.

იუდას ლომი სახლსა სადავითოსა მტერთა თქვენთა მყვირალი დღემდე ლაშქვრიდა სამთა იმპერიათა: ოსმალთა, სპარსთა და კავკასიისა ერთა. დღეს გაილაშქრა ციურ ურიცხვთა ზედა ერთმან მარტომან უძლეველმან - რაინდმან, ძველი ღერკულესი, ძველის ახილესითურთ. თქვენით ციურთა უკვდავთა სძლევდა და განავლო სამყარონი ცათანი, თუმცა დააკლდით საზოგადოსა მამასა და სახსოვარსა მეფესა და პატრონსა, გარნა კმა იყო ესე დიდებად თქვენდა ვიდრემდის იგი იყო და საიქავოდ აქ ადიდა სახელი.

ადიდა გვარი თვისი, ადიდა სიმხნე თქვენ ქართველთა ცათმდე და აწ აღვიდა ანგელოსთა ღვთისათანა. გარნა აქაც და მუნ ცხოველ არს იგი, რათ სტირით, ძენო ობოლნო მამისაგანო?

და შენ შესაკრებელო სასო ქართველთა ნათესავთაო, ტაძარო ათ-თორმეტისა სკიპტრისაო! რად სტირი, სადავითოვ სახლო, დიდის მეფის ალექსანდრესაგან დიდებულო სახლო, თეიმურაზ პირველისაგან ამაღლებულო სახლო, წმინდის ქეთევან დედოფლისა სისხლით ცხებულო სახლო, სადაც ხმა იყო, სიხარული და ცხოვრება, და იყავ საყოფელი მართალთა, რომელშიაც სანატრელი მეფე თეიმურაზ და დედოფალი თამარ მეფის ერეკლეს შობაზედ იხარებდენ, რომლისაც საწოლში მეფის ერეკლეს სადღესასწაულო შობა იდიდებოდა.

და სადა სახსრად ქართველთა ნათესავთა მეფე ერკლე, ლომი იუდასი დავითის სახლში იზრდებოდა, რომელშიაც ჩვეულება იყო ტაძრობისა, სადაც ხმა ისმოდა დავითის ქნარისა, აქამდის შენს მეჯლისში მეფის ერეკლეს ტახტზედ ჯდომა იხილვებოდა, იმისი ხელმწიფური დარბაისელთ ხუმრობა მიმოითქმოდა, მეფე ერეკლეს მრავალი საგალობელი სადღეგრძელო ისმოდა.

რათ სტირი, სადავითოვ სახლო, თუ ოსმანთ დაიპყრეს საყდარი მეფობისა შენისა, საკურთხეველი წმინდა, მეფე ღვთისა ირაკლი სიმრთელით ბრძანდებოდეს, რომელმანც ხერთვისის დამპყრობელისა და ასპინძის მტრის სისხლში გამოწრთობილის ხმლით ხვანთქარს, სპარსეთის ხელმწიფეს, ქარმიხანთან საჩივარი მიაწერინა: ,,მეფე ერეკლე ასეთი რამ ბრძანდება, რომ ხვანთქარი ჩემთან საჩივლელად დაამუხლაო. მაშინვე უძლეველობის ნიშნად სახელმწიფო ხმალი მოართვა.”

რათ სტირი, სადავითოვ სახლო, თუ სპარსთ დაიპყრეს შენი უმაღლესი ტახტი, შენთა წინაპართ შობილი, მეფეთ შარავანდედი, მეფე ერეკლე ცოცხლებდინ საუკუნოდ, რომელმანც საქართველო ნადირ ავშარისაგან გამოიხსნა და ფათალიხან და ავშრის მეფე აზატხან ათასი ერთით წარაქცივა; რომლისაც დიდება მეორემ ალექსანდერმ, პრუსის მეფემ, ფრიდერიკოსმა თეთრზედ დასწერა: - "ევროპაში მე ვარო ღერკულესს უძლეველი - და საქართველოში - გიორგიანთ მეფეო”.

რათ სტირი, სადავითოვ სახლო, ვიდრემდის ახალი მოსე ისრაელთა, მეფე ერეკლე საქართველოს მხედრობას წინ უძღვის და საქართველოს რათ ამბობ, ამ სახელოვანს სახლს, დიდის როსიიდამ გამოჰყავს ლაშქარი, ცინბირიდამ მოჰყავს სამხედრო გუნდი. ვის შეუძლიან შენი დამდაბლება, როდესაც მეფის ერეკლეს ბედნიერი დროშა გაიშლება, დაღისტანელნი ლაშქრად მორბიან, ოსნი და ჩერქეზნი მეფის ერეკლეს წინ სისხლის დათხევას ხალისობენ?

რათ სტირი, სადავითოვ სახლო, როდესაც მეფის ირაკლის ბედნიერი ტახტზე ჯდომა გეღირსა, ყველას წინა საუკუნეზე უფრო იდიდე; უფრო ამაღლდი, უფრო გაბედნიერდი, ცანი ქუხილით გრგვინვიდნენ ძალსა შენსა, სფერა ქვეყნისა გეძრწოდა ფერხთა ქვეშე, ცა და ქვეყანა მეფის ერეკლეს მხსოვარნი არიან, მზე და მთოვარე იმის ბედნიერს ლაშქრობაში ხან-დაზმულნი არიან.

დღისით მზე იყო მეწინავე სარდალი და ღამით მთოვარე, მეფის ერეკლეს გამარჯვებულს დროშას წინა უძღოდა. მტერთა სისიხლით შეღებილი მთა და მინდორი მეფე ერეკლეს მოუთხრობდნენ: ვის შეუძლიან დავიწყება, ვის მოსვლია კეისართაგან ტახტი, გვირგვინი, პორფირი და ბავრაყი?

მაგრამ, ხელმწიფევ, რად გვიხაროდა შენი ხელმწიფედ ცხებულება, თუ კი სამკვდრო ზეთს იცხებდი, რად გინდოდა სახელმწიფო გვირგვინი - პორფირი, თუკი დასამიწებელსა სუდარს გარს მოიხვევდი, რად გინდოდა განსაგებელი სკიპტრა, თუკი სკიპტრის მპყრობელს ხელებს გულზე დაიკრეფდი, რად გინდოდა ქვეყანის მაჩრდილობელი დროშა, თუკი მტერზედ გადახურვილს შენის შიშის ფარდას ახდიდი. რად გინდოდა სახელმწიფო ტახტი, თუკი დასამიწებელს საფლავს იშენებდი.

იგლოვდი ქვეყანავ, რომელიცა უძვირფასესითა სპეკლითა ამდიდრებ სიტყვიერთა, გარნა სიმდიდრე გრძნობათა და საცნაურთა მეფე ერეკლე შენსა სიღრმეში დაჰფარე, განკრთი, განკვირდი; სტიროდე, ცაო, რომ შენს სიხალთისა და ვარსკვლავთაცა აბრაამისებრ განკვირვებით მხედველი მეფის ერეკლეს უმაღლესი თვალები საუკუნოდ დაბნელდა.

დაბნელდი მზევ, რომელსა გაქვს მოსწავებული დაბნელებით ჭირის უფლობა, რომ მზე მიწიერი ღამიანის ქართლისა მეფე ერეკლე შენს ბრწყინვალებას ვეღარ ხედავს. ზეციურნო ძალნო, აქამდის თქვენი დღესასწაულობით მასპინძელი, ახლა თქვენი საღმრთო სტუმარი მეფე ერეკლე გესტუმრათ, თუმცა სამეფოს დიდებით ვეღარ ნახავთ, საფლავს ტუსაღი გევედრებათ, მაგრამ თქვენ, როგორც ქეთევან დედოფლის სისხლი ისე შეიწყნარეთ, ისე ისტუმრეთ, როგორც დიდს კონსტანტინეს ისე მოეგებინეთ.

მაღალო და ძლიერო ღმერთო, დავაკლდით ერნი ქრისტიანენი მემკვიდრესა პატრონსა და საზოგადოსა მამასა ძლიერსა და მხნესა მამაკაცსა. ჩვენ ვსტირით და მეფე ერეკლე, თავი განმგებელი ერისა, ხელი, მზრდელი ობოლთა, მკლავი, მომგერიებელი მტერთა და გვამი შრომისა მოყვარე მისი საფლავში ირღვევა. შენ გევედრებით, იესო, სისიხლით ცხებულს მეფის ერეკლეს, კაცთ მოყვარეს სულს ნუ შეაწუხებ, იმისგან დაობლებულს საქართველოს მოხედე.

სად დაჰხედ, მზეო, სამეფოთა სირათა და პანკრატით გვართაო, რომლისა დისკოსა ნათელს იღებენ გონიერნი, სად არის, ხელმწიფევ, შენი ხელმწიფური განგება.

რად შემოიხსენ ხმალი, რომლისაცა სადღესასწაულო გამარჯვება რიცხვით ხსოვნას ასცილდა.

რად შემოსწყერ სახელოვანს დროშას, რომლისაც ჰაერში მომცურავი კალთები ქვეყანას აჩრდილებდა და სამესისხლოდ განჭიმულის ზორტებით ცის კალთებს ეჩხუბებოდა, სადა ღერკულეს მეფის უძლეველობის სტამბა ზეცას იბეჭდებოდა.

რად ადიდე სახელი უმარლესი, თუკი საუკუნოდ დასცილდი. რად მიეც სიამაყე დედოფლობისა შენს უმაღლეს ფერცხალსა, თუ ასე დასჩაგრავდი. რა გაწყინა დედოფლის დარეჯანის სამშობლომ: რად მოსტაცე დიდება დადიანის ოჯახს, რად ადიდე შენს უმაღლეს ტახტზე, თუ ადიდე რადღა დაამიწე. რად უღალატე ხელმწიფეს ქმრითა და შვილებით ბედნიერს, რად ატირებ, რად დააქვრივე, უწყალოვ;

რად მოუკალ ხელმწიფევ ქმარი, უწყალოვ, რად ამიწებ კეისართაგან გვირგვინოსანს შენს უმაღლესს თავს. რად გიწყვია უქმად ეგ ძლიერი ხელები, რომლითაც თვით შემაღლებულს კამარაში ფრინველთ სიცოცხლეს მისტაცებდა, რად ასწავლე ქალებს საქალო კრძალულება, თუკი თავმოხდილთ ატირებდი.

რად გაათამამე გული ლომებრთა მემკვიდრეთა, თუკი სიმყარე უძლეველი მოიშლებოდი. რად გვასწავლე ზრდილობა მხედრობისა ვაჟ-კაცურობით, თუ კი შენს წინ სისხლს არ დაგაქცევინებდი.

მე უღირსი შენგან მოწყალებით გაზრდილი, შენის კარგის ბატონყმობის ტრფიალი სოლომონ, აქამდის რად მაცოცხლე, თუ ასე ოხრად დამაგდებდი.

ხელმწიფევ, სად დაგიკარგავს ხელმწიფეთაგან საშურველი ზრდილობა. ამ დუმილით პატივსაცემელს სასახლეში რა ამბავია: უჩვეველის ხმის შემაღლება, რას ნიშნავს ამისთანა უბედური სალამი, გადმოხედე ხელმწიფურად შენს მეჯლისში მეინახეთ დარბაისელთა, სახელოვანს სარდლებსა, ხელმწიფევ, ვიცი, რომ საქართველოს ხალხი მეფის ერეკლეს ტახტზე აღსვლით გულამაყნი არიან.

ქვეყანას უკვირდა, სოლომონი გული მწუხარებამ ვერ შესცვალაო, და არ დაიჩაგრაო.

ჩემი სიამაყე პირველად სიმართლე იყო და მეორედ მეფის სიმართლე. მეფეს ერეკლეს ცოცხალს უყურებდი, მტერი და განსაცდელი სათამაშოდ მიმაჩნდა. ახლა იმისის მტრის გული დაიჩაგროს, როგორც მეფის ერეკლეს სიკვდილით სოლომონის გული დაიჩაგრა. იმისი ტკბილი ბატონყმობა ვიტირო, თუ თავის უნებურად ჩემის შეწუხების შენანება, რომელიც თავისის უმაღლესის ხელით მომწერა და სოფელმა აღარ დააცალა.

ხელმწიფევ, დედოფალო და მეფის ძენო, გაფიცებთ მეფის ერეკლეს დღეგრძელობასა, სიმრთელესა, გამარჯვებასა, ორში ერთი მოწყალება მოიღევით: ან მომაკვლევინეთ და მეფის ერეკლეს უმაღლესის ცხედრის ფიცრად დამდევით, რომ იმისი სანატრელი კუბო ჩემს გულზე იდგეს, მეფის ერეკლეს ძლიერი ტანი ჩემს გულზე ირღვეოდეს. ჩემთვის ის დღე იქნება, რომ დღე და ღამე ათი და თხუთმეტი საათი სახსოვარს მეფეს ნიადაგ მარტოკა ვახლდი ხოლმე. იქ ბატონყმობა სადღ იყო. იქ ბატონყმობის სიკეთე როგორღა დარჩებოდა, უღრმესად იფიქრეთ, უმაღლესნო, და ისე შემიბრალეთ.

ან ამ ქვეყნიდამ დამკარგეთ, რომ სადაც მეფის ერეკლეს სამხედროს რაინდობაზე თვალი დამრჩომია.

სადაც იმისის გამარჯვებულის დროშისათვის მიმსახურნია, თუ სადმე იმის წინ სისხლი დამიქცევია, სადაც მეფის ერეკლეს ბედნიერი სალამი შემყვარებია და იმის სახსოვარს მეჯლისში ჩემთვის უღირსის ხელმწიფურის ალერსით ჩემგან ხუმრობა ჰყვარებია, და თუ სადმე სახელმწიფოს მასლაათით მიმსახურნია, - ის ადგილები აღარა ვნახო, ამ ცეცხლებით აღარ დავიწვე;

ხელმწიფევ მფლობელო, საზოგადოვ მამავ, მეფევ ერეკლე, ვის მივცე შენის უმაღლესის თავის და უძლეველის ტანისა უზომო ტრფიალება, ვის დროშას ვემსახურო, ვინ შევიყვარო? ვისთვის მოვჰკვდე, ვისთვის ვიცოცხლო, შენს უკან სიცოცხლე საზრახავად დამწარებულმან..

მსგავსი თემები