კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

ძველად არაგვის ხეობაში დევები ბატონობდნენ. მთავარი ბუდე ციხეგორაზე ჰქონდათ, სოფელ აკუშისთან.

აქ იყო მათი ყველაზე დიდი ციხესიმაგრე და ხალხს ცხვარ-ძროხა იოლად ვეღარ დაუდიოდა საძოვარზე. უწმინდურები კაცსაც სანსლავდნენ და საქონელსაც.

ერთხელ დევებმა პატარა ბიჭი კოპალა შეიპყრეს.

ეს ვის ეყოფა შესაჭმელადო, - თქვა უფროსმა დევმა, - გაიზარდოს და მერე მივირთვათო.

იუმცროსებდნენ დევები კოპალას, ხან წყალს აზიდვინებდნენ, ხან - შეშას. დასძახებდნენ: - ჰაიტ, შე ტყის ბუკაკავ, შენაო, და თავში უბარტყუნებდნენ ხოლმე.

ბრაზობდა კოპალა, პატარა კოღოს რომ ადარებდნენ. ნატრობდა, მალე გაზრდილიყო და დევებისათვის სამაგიერო გადაეხადა.

გაიზარდა და დავაჟკაცდა კიდეც, დევები კი ნერწყვის ყლაპვით იღრჩობოდნენ. იგრძნო კოპალამ, რომ ისინი მალე სიცოცხლეს გამოასალმებდნენ და ერთ უკუნეთ ღამეს ციხიდან გაიპარა.

გადაიარა მთები, ტყეები, ხევები და თიანეთში იხინჭის ეკლესიაში მივიდა ბერებთან. იქ დილიდან საღამომდე ღმერთს ევედრებოდა, იმდენი ძალა მომეცი, დევებს ხალხის ხოცვა-ჟლეტა არ შევარჩინოო.

ღმერთმა იცოდა ფშავ-ხევსურეთში უწმინდურთ მომრავლების ამბავი, ისმინა კოპალას ვედრება და მისცა დიდი ძალ-ღონე.

იგრძნო ერთ დღეს კოპალამ, რომ ძალა მოაწვა მკლავებში, მისწვდა იფნის ხეს, მოსწია და ძირფესვიანად ამოგლიჯა. რაკი ძალა შეემატა, გადაწყვიტა საბრძოლველად შებმოდა დევებს, საომრად გაიმზადა ლახტი, რომელიც მეხივით ქუხდა და ცეცხლს აჩენდა.  

წავიდა კოპალა და ციხეგორაზე ნაცნობ დევებს მიადგა. ამ დროს ისინი ქვის სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს - ჯილდაობდნენ.

კოპალამ საწყლურად სთხოვა დევებს - ქვა მეც მასროლინეთო. დევებმა სასაცილოდ აიგდეს - შენ რა მსროლელი ხარ ამოდენა ქვებისაო. სამასხროდ კი ერთი რკინის ზოდი გადმოუგდეს, მისცეს ერთი პირჩასქელებული ცული და უთხრეს: თუ ბიჭი ხარ, შეანაფოტეო.

კოპალამ შემოჰკრა ცული ზოდს და ნაფოტებად აქცია. დევებს ფერი ეცვალათ, ჰკითხეს:

– რამ მოგიყვანა ჩვენთან და რა გინდაო?

– რა მინდა და ეს ადგილები ჩემია და აქედან აიყარეთო, - შეუბღვირა კოპალამ დევებს.

– მაშ, ვიჯილდაოთ და ვინც გაიმარჯვოს, ციხეგორაც იმას დარჩესო, - შესთავაზეს დევებმა კოპალას.

– კარგიო, - დაეთანხმა მათ კოპალა.

აიღეს სასროლი ლოდები და ირემაანთ კალოზე უძილაურთის მთაზე ავიდნენ. ციხეგორელმა დევებმა იქიდან ხევსურეთისა და ფშავის მთების დევებს გასძახეს, მოდით, მოწმეებად დაგვიდექითო.  

ციხეგორელმა დევებმა ირემაანთ კალოზე ფეხის მოსამაგრებლად დიდი სიპები დაიდგეს. იქ ახლაც არის ეს სიპები მიწაში.

ირგვლივ ყველგან რბილი მიწაა, მარტო იმ კალოსხელა მიწაზე ვერ ჩაარჭობს კაცი მარგილს, თუნდაც რკინისა იყოს. ციხეგორელი დევები სიპებზე დადგნენ და ისე ისროლეს სახლისოდენა სიპები ციხეგორისაკენ.

დევებს ციხეგორაზე ქაჯები დაეყენებინათ ნამალევად: თუ კოპალამ გვაჯობოს, მისი ნასროლი ლოდი ჩვენი ნასროლი ლოდების აქეთ გადმოაგორეთო.

კოპალამ ნასროლი ლოდი სამოცი ნაბიჯით გადააცილა დევების ნასროლ ლოდებს.

ქაჯებმა დიდი წვალებით გადმოაგორეს კოპალას ნასროლი ლოდი, მაგრამ დევების ერთ ლოდს წამოდვეს. დაეჯაჯგურნენ და ამ დროს მოცილენიც წამოადგნენ თავს.

ახლა კი გაცეცხლდა კოპალა, თავისი ლახტით დაერია დევებს და სულ გაწყვიტა.

იმ დღიდან კოპალა ციხეგორაზე ცხოვრობდა და ხალხს სხვა დევებისაგან იცავდა.


განმარტებითი ლექსიკონი:


ბუკაკა - გამოშტერებული, გამოლენჩებული (დამამცირებელი მეტსახელი)

ლახტი - ტყავის ქამარი

ჯილდაობდნენ - მიზანში ესროდნენ (ჯილდა - სამიზნე)

ზოდი - ლითონის მთლიანი ნაჭერი

კალო - მოსუფთავებული და დატკეპნილი მომრგვალო ადგილი

შეანაფოტე - ნაფოტებად აქციე

მარგილი - თავწათლილი მსხვილი სარი, იყენებენ ღობის გასაკეთებლად.

მსგავსი თემები