კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

ალეგორიული ზღაპარი

ძველად ერთი დიდებული მეფე იყო. დღე და ღამ სულ თავისი სამეფოს ბედნიერებაზე ფიქრობდა, მაგრამ ვერას არიგებდა კი.

ერთ დღეს მრჩეველმა მოახსენა: "დიდებულო ხელმწიფევ, თქვენს სამეფოში არა გაკეთდება რა, სანამ მელოტებსაც ბინა ექნებათ; თუ ისინი არ მოიშორეთ როგორმე, შრომა და ზრუნვა უქმად ჩაგივლითო".

დაიჯერა მეფემ, გასცა ბრძანება და, ისეთი თქვენს მტერს, იმ სამეფოს დღე დაადგა: მელოტებს ხუჭუჭთმიანებიც მიაყოლეს ხელქვეითებმა. მრუდსა და მართალს თმაში ავლებდნენ ხელს და ქოჩორს აგლეჯდნენ...

ვინც კი კარისკაცების მონა და მორჩილი არ იქნებოდა, მაშინვე ქაჩლობას დასწამებდნენ.

შეწუხდა ხალხი, ვეღარ შეძლეს მოთმენა და მიუგზავნეს მეფეს მთხრო- ბელი: "აღარა ვართ! ამოვვარდით ამ თქვენი კარისკაცებისგან! თუ ამათ ასე წარამარა თმაში ხელი გვავლეს, გავმელოტდებით, აბა, რა დაგვემართებაო?"

მეფემ მოიხმო კარისკაცები და გამოჰკითხა, მაგრამ იმათ ასე იმართლეს თავი: "მართალია, ხანდახან ხუჭუჭთმიანებსაც მოვავლებთ ხოლმე ხელს, მაგრამ უამისობაც არ შეიძლება: აბა, როგორ გავიგოთ, მათი საკუთარი თმა არის თუ არა? განა არ შეიძლება, რომ მელოტმა სხვისი თმა გაიკეთოს და თავი შემოგვაპაროსო?!"

მეფემ მოუწონა ხელქვეითებს ერთგულება და მოხერხება და არა თუ შერისხა, კიდევაც დააჯილდოვა. ამით გათამამებულმა კარისკაცებმა სულ მუსრი გაავლეს სამეფოს... დარჩათ ბურთი და მოედანი, ქვეყნის ჭირი მათი

ლხინი შეიქნა.

შევიწროვდა სამეფო. მოხდა ამბოხება და ეს ვერ დაურჩა მეფეს სასიამოდ. დაიბარა კარისკაცები და შეჰყარა ერთ დიდ დარბაზში, - ითათბირეთ და იღონეთ რამეო. თვითონ კი სენაკში დაიმალა და იქიდან უყურებდა დარბაისლებს; უნდოდა, შეეტყო, რანაირად ირჯებიან ისინი, როდესაც მას არ ხედავენ.

იცადეს კარისკაცებმა და, რომ აღარ გამოვიდა მეფე, უკმაყოფილება გამოხატეს. ერთმა მათგანმა თქვა:

- ახლა რომ მეფეს ვინმე გამოიყვანდეს, სწორედ მიწამდე თავს დავუკრავ ასეო! - გადაიხარა, უეცრად ქუდი ჩამოუვარდა და მელოტი თავი არ გამოუჩნდა!

მეფემ დაინახა ეს თავისი საიდუმლო ოთახიდან და გაუკვირდა.

მეორე დარბაისელმა უთხრა პირველს:

- შე უხეირო! სხვასთანაც რომ მაგრე მოგივიდეს, მერე რაღა გეშველება? აი, ასე მაგრად უნდა გეხუროს ქუდი!

რამდენიც უნდა ვაქნიო თავი, არ მომძვრება, თუ მე თვითონ გულდაგულ არ მოვიხადე ასეო, - მოიხადა ქუდი და გამოუჩნდა იმასაც მელოტი თავი.

მეფემ ესეც დაინახა.

მესამე დარბაისელთაგანმა უთხრა იმ ორს:

- რა მოგდით, მაგ მელოტ თავებს რომ იჩენთ, განა რა სასიამოვნო გგონიათო?!

- შენ ვინა გკითხავსო? - უთხრა ერთ-ერთმა და სიცილით წაჰკრა თავში. ამ მესამესაც ძალაუნებურად ქუდი გადაუვარდა და ისიც მელოტი გამოდგა!

მეფემ ესეც დაინახა, გამოვიდა დარბაზში და ჰკითხა კარისკაცებს:

- რა მიზეზია, რომ სამეფო ასე გამიორგულდაო?

იმათ უპასუხეს, რომ ეს სულ მელოტების ბრალია, ვდევნით, დღედაღამ მოსვენება არა გვაქვს, მაგრამ ვერა გავაწყვეთ რა, არა გვეშველა რაო!

- როგორ სჯიდით, რა საშუალებას ხმარობდითო? - იკითხა ისევ მეფემ.

- ზოგს სამეფოდან ვაძევებდით, ზოგს კი საპყრობილეში ვამწყვდევდითო.

- ბევრი გიშრომიათ, მადლობელი ვარ თქვენი, მაგრამ რადგანაც ქვეყნიური საშუალება აღარ გამოგვდგომია, ახლა უნდა ზეციერს მივმართოთ, და თუმცა ქუდის მოხდა ჩვეულება არ არის, მაგრამ ახლა კი მე გიბრძანებთ, ყველამ ქუდი მოიხადოთ და თავშიშველი შევევედროთ ღმერთს, რომ მელოტები მოგვაშოროსო.

ფერი ეცვალათ კარისკაცებს, მაგრამ რაღას იზამდნენ?! ძალაუნებურად მოიხადეს ქუდები და სუყველანი მელოტები გამოდგნენ!

მაშინ კი მიხვდა მეფე, რომ მწარედ მოტყუებული ყოფილა, მოიხმო მთელი თავისი სამეფო და ასე ბრძანა:

- მადლობა ღმერთს, შევიტყვე, რაც ამბავი ყოფილა! წაიყვანეთ ეს ჩემი კარისკაცები და, რაც გინდათ, ის უყავითო!

- ნათქვამია, შენი ჭირიმე: "რაც თხამ თრიმლს უყო, ის თრიმლმა თხის ტყავსაო!" - მოახსენეს ქვეშევრდომებმა და სტაცეს ხელი კარისკაცებს...

მის შემდეგ აღარც ამბოხება მომხდარა და აღარც უკმაყოფილება გამოუთქვამს ვისმეს! ორგულებიც კი გაერთგულდნენ, საქმის დროს მუშაობდნენ და უქმე დღეს ილხენდნენ.

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები