მოსმენილი თქმულება
- დიდი ერთგული და ღვთისმოყვარე კაცი ყოფილა იობი და ღმერთსაც სამაგიეროდ ყოველგვარი ბედნიერება მიუნიჭებია მისთვის, ასე რომ, ტოლი არავინ ჰყოლია მის დროში.
ერთხელ ეშმაკი მისულა და მოუხსენებია ღვთისათვის:
- ქვეყანა მოვიარე და მისთანა ვერავინ ვნახე, რომ შენი უმადური არ იყოსო.
- იობიცო?! - უბრძანებია ღმერთს.
- დააკელი რაიმე, თუ იმანაც გული არ გაიტეხოს შენზეო, - შეუბრუნებია სიტყვა იმ უწმინდურს.
- რაც გინდა, ის უყავი და აბა თუ ათქმევინებ ჩემს ძვირსო, - მიუცია ღმერთს ნება ეშმაკისათვის; ვენაცვალე მის საიდუმლოებას, მის განგებას ვინ მიხვდება?
რაღაი ნება აიღო, ეშმაკს ჯერ თურმე, რაც იობს ჯოგი ჰყავდა, ის გაუწყვეტია, მაგრამ ვერა დააცდენინა რა ღვთის საწყენი. ის მაინც ღმერთს აქებ-ადიდებდა.
მერე ყანები დაუსეტყვა და სახლ-კარი გადაუწვა, დედამიწასთან გაასწორა, გააღარიბა. მაგრამ მაინც ვერას გახდა. ბოლოს კი ცოლ-შვილიც გაუწყვიტა; ამაზე ლექსიც არის გამოთქმული:
"იობს შვიდი ვაჟი ჰყავდა,
სამი ქალი, სახე მზისა,
ყველა ერთ დღეს დაეხოცა,
მაინც არ თქვა ძვირი ღვთისა-ო."
ასე გააუბედურა ყოველმხრივ, მაგრამ ის მადლიანი იობი მაინც თავისას არ იშლიდა, - „ღვთის ნაბოძები იყო და იმანვე განსაჯა, ვენაცვალე მის
განგებასო".
ეშმაკიც გაუჯიბრდა და მაინც რომ ვეღარას გახდა, უკანასკნელი ხერხიც გამოიყენა: გაასივა იობი, დააწყლულა, სამას სამოცდახუთი თავი სულ სხვადასხვაგვარი ჭია-მატლი გააჩინა და ზედ დაასია. იობს სიახლოვეს
ვეღარავინ ეკარებოდა, მაგრამ ღვთის ქება-დიდებას თუ მოუმატა, თორემ არ მოუკლია.
მაშინ კი გადმოიხედა ღმერთმა მოწყალე თვალით, დასცა მეხი ეშმაკს და ქვესკნელში ჩააძვრინა. იობი კი აკურთხა მაღლით, განკურნა, რაც ჰქონდა, ყოველივე დაუბრუნა და ათი იმდენიც ზედ დაუმატა. მისი მოთმინება კი სამაგალითოდ დაუსახა კაცობრიობას.
ის ეშმაკის გაჩენილი ჭია-მატლებიც, სხეულში რომ უსხდნენ იობს, ნაკურთხი შეიქმნენ ღვთისაგან და ქვეყნის სასარგებლოდ იქცნენ, - დანაწილდნენ სხვადასხვა ქვეყნისათვის.
თავი-და-თავი იმათგანი რომელიც იყო, საქართველოსაც ერგო: ფუტკარი, აბრეშუმის ჭია და წურბელი. ამათშიდაც ყველაზე უპირველესი ფუტკარია, იმიტომ, რომ მარტო ადამიანისთვის სასარგებლო მუშა კი არ გახლავთ, ღვთის მოსამსახურეც არის. სულსაც არგია და სხეულსაც.
ერთისთვის სანთელს აკეთებს და მეორისთვის თაფლს. და როგორც აკეთებს, ის ხომ თქვენც მოგეხსენებათ...
ღამე უფრო ცოდვილია დღეზე; ღამღამობით იმდენი ბოროტება ხდება, რომ, თუ ანგელოზები არა, აქამდის ცხრაჯერ დააქცევდა ღმერთი ჩვენს ქვეყანას. მაგრამ, ვენაცვალე მათ შუამდგომლობას, დილ-დილობით ცრემლით შესტირიან უფალს, შეაბრალებენ ჩვენს თავს და შენდობას ითხოვენ ჩვენს ნაცვლად.
იმათი ცრემლები ციურ ცვარად დაბლა ეშვება, მარგალიტებივით ეცემა ყვავილების გულზე და თავის სიწმინდეს ყვავილების სიტკბოს უერთებს. იმ დიდებულ სამზადისს ვაგლახად ვერავინ მიეკარება, გარდა ფუტკრისა, და ის კი, როგორც ღვთის მიერ კურთხეული მუშა,
დაეძებს და პირდაპირ მიდის ზედ. ამოწუწნის, დაიხვევს ფეხებზე, მიიტანს სახლში და იქ აკეთებს სანთელ-თაფლს. დიდი სიწმინდეც ჰმართებს, ოდნავაც რომ შეიბღალოს - მუშად აღარ გამოდგება.
ზოგს არ უყვარს ფუტკარი! მოუსვენარია, უსიამოდ ბზუის და იკბინებაო. უსამართლო ცილისწამებაა! მოუსვენარია იმიტომ, რომ ცისა და ქვეყნის სამსახურშია და არ უნდა, დრო დაკარგოს. მისი ბზუილი, ვისაც კი ესმის, საამურია და საგულისხმო: იმ ბზუილით ის ქვეყნიერებას იობის ტანჯვა-მოთმინების ამბავს გადასცემს და დაჩაგრულებს ანუგეშებს.
სასწაულია მათი ცხოვრება და მუშაობა, წირვა-ლოცვა.
- ლოცვა? - გავიკვირვე მე.
- ნამდვილად! გალობით მუშაობენ. ბზუ, ბზუუ, ბზუუუო, რომ იძახიან მუშაობის დროს, ეს თურმე გალობაა და მათ ენაზე ნიშნავს - „სანთელი სულს, თაფლი ხორცსაო, სანთელი სულს, თაფლი ხორცსაო".
აი, შენი ჭირიმე, თუ რა არის ყვითელი თაფლის სანთელი, - თვითონ ღვთისაგან არის საწირავად დანიშნული და ჩვენც ვასრულებთ მის ნებას.
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |