კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

რომაული თქმულების მიხედვით

 

ერთი ფარა ცხვარი დადიოდა თავისუფლად, თან ერთი ძაღლი დაჰყვებოდა და გამუდმებით ყეფდა ისე, სწორედ რომ თავი მოაძულა ცხვრის ფარას.

აუტყდნენ ცხვრები:

- რა უბედურებაა, რომ ეს ძაღლი აღარ გვასვენებს! ნეტავი, რა სარგებელი მოაქვს ამის ყეფას? ყურთასმენა აღარა გვაქვს ამისაგან და ბულბულების გალობაც აღარ გვესმისო!

ერთი სიტყვით, იმდენად შეაწუხეს ეს ძაღლი, რომ ვეღარ გაუძლო მათ დევნას, დაანება ცხვრებს თავი და მოშორდა. ცხვრები გახარებულნი დარჩნენ.

გამოიარა მცირე ხანმა. ძაღლის ყეფა რომ ვეღარ გაიგონა მგელმა, იფიქრა: "იმგვარ სიზმრებს ვხედავ, რომ, მგონია, ჩემი ბედი აკუნტრუშდაო!" - და მიუახლოვდა ფარას.

ძაღლი რაკი ვეღარ დაინახა, გაერია შიგ, ხან ერთ ცხვარს შეაჯდა ზურგზე და ხან მეორეს! ტყავს აძრობდა უმოწყალოდ...

შევიწროებულმა და ბედის მაწყევარმა ცხვრებმა ღმერთებს მიმართეს ვედრებით:

- ყოვლის შემძლებელნო, ისევ წაღმა მოგვიბრუნეთ ჩვენი ბედის ჩარხი! აქამდე ძაღლისაგან აღარ გვქონდა ყურთასმენა და ახლა მგელი უარესს გვიშვრება, ზურგზედ ტყავს აღარ გვარჩენს!

პირველმა ღმერთმა იუპიტერმა მიუგო:

- უგუნურნო! ის ძაღლი იმიტომ კი არ ყეფდა, რომ თქვენ შე ეწუხებინეთ, არამედ იმიტომ არ ისვენებდა, რომ თქვენი მტერი მგელი შეეშინებინა და ეგ დღე არ დაგდგომოდათ! თქვენი ერთგული თქვენვე მოიძულეთ და ახლა რაღას მაწუხებთ?!

შეწუხდნენ ცხვრები და ისევ შეევედრნენ:

- რადგანაც მისი დაბრუნება აღარ შეიძლება, ერთი პატარა ლეკვი მაინც გვიბოძეო!

მაშინ განრისხებულმა ღმერთმა მიაყვირა:

- თქვენ ისეთი ჯიშისა ხართ, რომ კუდი მოკლე გაქვთ და რქები დიდი, სანამ მაგ რქებს არ მოიცვლით და ტყავს კუდის ძირამდე არ ჩაგახევენ, ვერც ძაღლს იგუებთ და ვერც კატას! ბულბულის სტვენით ნადირი ვის მოუგერიებია? წაბრძანდით და ახლა თქვენს მგლებს დაეკითხეთო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები