ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მე-XIII საუკუნის, ანუ მონღოლების მბრძანებლობის დროის, თავდადებულთა შორის პირველი ადგილი მეფე დემეტრეს უჭირავს.
გადმოცემით ვიცით, რომ დემეტრე ყმაწვილობაში ლხინის მოყვარე და უზრუნველი ჭაბუკი ყოფილა, მაგრამ როცა ის ხანში შევიდა, სრულიად გამოიცვალა: მეტად ღვთისმოსავი შეიქნა და დაუღალავად ზრუნავდა ხალხის კეთილდღეობისათვის.
მეფე იმდენად გულკეთილი იყო, რომ ღამ-ღამობით გადაიცვამდა ხოლმე უბრალო ტანისამოსს და ჩუმად დაიარებოდა ხალხში, რათა თავისი თვალით ენახა მათი გაჭირვება, თავისი ყურით მოესმინა მათი ჩივილი და საკუთარი ხელით ეძლია შემწეობა ღარიბთათვის.
საუბედუროდ, ეს ჩინებული მეფე თავის ერს მხოლოდ თხუთმეტ წელიწადს შერჩა.
იმ დროს მონღოლთა ყაენად იყო არღუნი. ამ არღუნ ყაენმა ღალატი შესწამა თავის სარდლებს, ანუ ნოინებს, და მათთან ერთად დემეტრე მეფესაც.
მან საიდუმლოდ გასცა ბრძანება და ნოინები დაახოცინა. შემდეგ დემეტრე მეფეს მრისხანედ შემოუთვალა: დაუყოვნებლივ გამოცხადდი ჩემ წინაშე, თორემ შემოვესევი შენს სამეფოს ჩემი ძლევამოსილი ჯარით და
ნაცრად ვაქცევო .
საშინელ საგონებელში ჩავარდა მეფე. რომ წავიდე, უთუოდ მომკლავს სხვებსავით და ჩემი ქვეყანაც ობლად დარჩება, რადგანაც ჩემი მემკვიდრე ჯერ ჩვილი ბავშვია. თუ არ წავალ, ის ურჯულო შემოესევა ჩემს სამეფოს, გადაწვავს სოფლებსა და ქალაქებს, გაჟლეტს მაცხოვრებლებსა და ნაოხრად მიქცევს ქვეყანასო.
მოიწვია კათალიკოსი, დიდებულები, ერისთავნი და რჩევა მოითხოვა.
ყველამ ძლიერ იუარა მეფის წასვლა . სთხოვეს მეფეს, ნუ ინებებ წასვლას იმ მტარვალთან, ნუ მოაკლებ მზრუნველ მამას ქვეყანას, ნუ დაგვაობლებ; შევებრძოლოთ მტერს და, თუ გვძლია, გავიხიზნოთ მთებშიო.
მეფემ უპასუხა: მტერი მეტად ძლიერია, ჩვენ კი სუსტნი ვართ, ბრძოლა შეუძლებელია. ჩვენ იმას ვერ შევაკავებთ და იგი მთელ ჩემს სამეფოს სისხლისა და ცრემლის ზღვად გადააქცევს.
მსხვერპლი აქ აუცილებელია: ან მეფემ უნდა დასდოს თავი ერისათვის, ან ერი უნდა ემსხვერპლოს მეფეს. და რადგან ერთის ტანჯვა და სიკვდილი უზომოდ უკეთესია მრავლის ამოჟლეტაზე, ამიტომ მე გადავწყვიტე, წავიდე მონღოლთა მბრძანებელთან, მივიღო მისგან სასჯელი და ამით ავაცილო ხალხს დიდი უბედურებაო.
კათალიკოსმა მოუწონა მეფეს ასეთი თავდადებულობა, რამაც მეფე მეტად გაახარა.
ხალხმა რომ ეს შეიტყო, მოიყარა თავი სასახლესთან და ცრემლით ევედრებოდა მეფეს, წასვლაზე უარი ეთქვა, - ჩვენ, ყველანი, მზადა ვართ, ერთ დღეს დავწყდეთ შენი გულისათვისო.
ასეთი გულმხურვალე სიყვარულის გამოცხადებამ კიდევ უფრო აღაფრთოვანა მეფის წმინდა წადილი. მან ხალხს გულითადი მადლობა გადაუხადა და წასასვლელად მოემზადა. თავისი ჩვილი მემკვიდრე მეფედ აღიარა, მის ერთგულებაზე დააფიცა წარჩინებულნი პირნი, გაიყოლა თან კათალიკოსი და მცირე ამალით გაუდგა გზას.
საუბედუროდ, ის, რასაც მეფე მოელოდა, სავსებით აღსრულდა. მონღოლთა მბრძანებელმა დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება დემეტრეს სიკვდილით დასჯისა და ჯალათს თავი მოაკვეთინა.
მოკვდა თავდადებული მეფე, მაგრამ ხალხი კი იხსნა საშინელი განსაცდელისაგან.
მტარვალმა იკმარა ჯავრის ამოსაყრელად მეფის სიკვდილი და საქართველოს ხელი აღარ ახლო.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები |