შემდგენელი მღვდელი ნესტორი ყუბანეიშვილი (1899 წლის გამოცემის მიხედვით)
რედაქტორ გამომცემლები გიორგი თოდუა, ლუკა ხუნდაძე
”ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა. ნაშრომი ნაყოფთა შენთა სჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ. ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმო კიდეთა სახლისა შენისასა, შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი გარემოს ტაბლისა შენისა. აჰა ესერა ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინოდის უფლისა”
ფსალმუნი 127. 1-4.
ცხოვრებაში შესაწევნელად კაცთა ნათესავობის განსაგრძობად კაცი და ქალი ირჩევს ერთი-მეორეს, აღუთქვამენ ერთმანეთს ერთგულებას, იწყებენ ერთად ცხოვრებას და იწოდებიან ცოლ-ქმრად. ქმარი და ცოლი ეწევა ერთსა და იმავე უღელს-ოჯახობას, შვილების აღზრდას და სხვა. ამიტომაც ცოლ-ქმარი იწოდებიან კიდევ მეუღლეებად.
ქრისტიანული წესით, კაცმა და ქალმა, რომელთაც ერთი მეორე აირჩიეს საუკუნო ამხანაგად და სურთ იყვნენ მეუღლეებად, ჯვარი უნდა დაიწერონ. ჯვარდაუწერლობა სჯულის წინააღმდეგია. ცოლ-ქმრული კავშირის კურთხევა ღვთის ნებაა. პირველი ცოლ-ქმარი ადამ და ევა თვითონ ღმერთმა აკურთხა სამოთხეში.
”და აკურთხა იგინი ღმერთმან მეტყველმან: აღორძინდით და განმრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა , და ეუფლენით მას”...(შექმ.1,28).
შემდგომ ძველი აღთქმის მამამთავარნი აკურთხებდნენ ცოლ-ქმრულ კავშირს; მაგალითად, როცა ისააკმა გაგზავნა ძე თვისი იაკობი ცოლის შესართავად, აკურთხა იგი და უთხრა: ”ღმერთმან ჩემმან გაკურთხენ შენ, აღგაღორძინენ შენ და განგამრავლოს შენ”, (შექმ 28,3).
ახალ აღთქმაში თვით იესო ქრისტემ კანას გალილიას ქორწილზე დასწრებით აკურთხა ცოლ-ქმრული კავშირი.
ცოლ-ქმრობა დააწესა თვით ღმერთმა, როცა ღმერთმა შექმნა პირველი კაცი ადამი, ”თქვა უფალმან ღმერთმა: არა კეთილ არს ყოფა კაცისა მარტო, უქმნეთ მას შემწე მსგავსისებრი” (შექმ.2,18), და შეუქმნა მას შემწე მისივე გვერდისგან და მიუყვანა მას. ადამმა თქვა: ”ესე ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი, ამას ეწოდოს ცოლი, რამეთუ ქმრისა თვისისაგან გამოიყვანა ესე (ღმერთმან), ამისთვის დაუტევოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისი და შეეყოს (შეუერთდეს) ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც (შექმ.2,23-24; ეფეს. 5,30-32), ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორც; რომელნი ღმერთმან შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებნ” (მარკ.10,6; მათ. 19,4-6).
რადგანაც ღვთის დადგენილია სჯულიერი ქორწინება, ანუ სჯულიერი ცოლ-ქმრობა, ამიტომ ყოველ ქრისტიანს, ვისაც სურს, შეუძლია იქორწინოს. ამაზე მოციქული პავლე წერს: ”კაცად-კაცსა(თითოეულ კაცს) თვისი ცოლი ესვინ (ჰყავდეს) და თვითეულსა ქალსა თვისი ქმარი ესვინ... თუ იქორწინოს, ქორწილი არა სცოდა” (1 კორ.7,2,28) იგივე მოციქული წერს: ”პატიოსან არს ქორწილი ყოველთავე და საწოლი შეუგინებელ” (ებრ 13,4)
მაგრამ ყოველი ქრისტიანისთვის სავალდებულო კი არ არის ცოლ-ქმრობა: უკეთუ კაცს შეუძლია უცოლოდ, ანუ ქალს უქმროდ წმიდად თავის დაცვა , შეუძლია სრულიად არ იქორწინოს, არ მოეკიდოს ცოლ-ქმრობას, ხოლო უკეთუ აქვს ისეთი მიზიდულობა ცოლ-ქმრობისადმი, რომ უიმისოდ თავს წმიდად ვერ დაიცავს, უმჯობესია იქორწინოს.
ამაზედ მოციქული პავლე წერს: ”ვეტყვი უქორწინებელთა მათ და ქვრივთა, კეთილ არს მათდა, უკეთუ ეგნენ (იყვნენ) ესრეთ, ვითარცა მე (ე.ი. ქალწულად, უქორწინებლად); ხოლო უკეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ, რამეთუ უმჯობეს არს ქორწინება, ვიდრე განხურვება” (1 კორ. 7,8, 1 ტიმოთ. 5,14)
ქალწულად ცხოვრების გატარება მძიმე საქმეა და ყველას არ შეუძლია ამ სიმძიმის სამარის კარამდის მიტანა. ამის შესახებ თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: ”არა ყოველთა დაიტიონ სიტყვა ესე, არამედ რომელთა მოცემულ არს” (მათ. 19,11), ესე იგი ყველას არ შეუძლია ამ სიმძიმის ატანა; შეუძლია მხოლოდ იმას, რომელსაც ღვთისგან აქვს მიცემული ასეთი ნიჭი. ასეთი მტკიცე ხასიათის კაცი ან ქალი მოღვაწეობს მხოლოდ ღვთის სასუფევლისათვის (მათ. 19,12).
ცოლ-ქმართა მოვალეობა
ქმარს უნდა ჰყავდეს ერთი ცოლი და ცოლს ერთი ქმარი, ეს ცხადად ჩანს იქიდან, რომ ღმერთმა ადამს ერთი ცოლი შეუქმნა. (შექ. 2,24). მოციქული პავლე წერს, რომ კაცს თვისი ცოლი უნდა ჰყავდეს და ქალს თვისი ქმარი (1 კორ. 7,2), ცოლ-ქმარნი ვერ განიყრებიან სიკვდილამდის, თუ რომელიმე მათგანმა არ შეაგინა ცოლ-ქმრული კავშირი, ე.ი არ ისიძვა. ”მე გეტყვით თქვენ, ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რამეთუ ყოველნმან რომელმან განუტევოს ცოლი თვისი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, მან ამრუშა იგი: და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა” (მათ. 5,32; მარკ. 10,11-12; ლუკ. 16, 18).
ქმარი ვალდებულია უყვარდეს თვისი ცოლი, პატივს სცემდეს მას, ცხოვრობდეს მასთან და ისე ზრუნავდეს იმისთვის, როგორც თავისთვის. ამის შესახებ მოციქული პავლე წერს: ”ქმართა გიყვარდენ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია... ესრეთ ჯერ- არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა; რამეთუ რომელსა უყვარს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს.... თქვენცა კაცად- კაცადმა თვისი ცოლი, ეგრეთ შეიყვარეთ , ვითარცა თავი თვისი.” (ეფეს. 5,25, 28,33). იგივე მოციქული პავლე წერს: ”ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი და ნუ განმწარდებით მათდა მიმართ” (კოლ. 3,19)
მოციქული პეტრე წერს: ”ქმარნი ეგრეთვე ... ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა დედათა მისცემდით პატივსა” (1 პეტრ. 3,7). სოლომონ ბრძენი წერს: ”ცოლი შენი , რათა წინა გიძღოდეს შენ და რათა იყოს შენთანა ყოველსა ჟამსა შინა” (იგავ . 5,19).
წინასწარმეტყველი მალაქია წერს: ”ცოლსა სიჭაბუკისა შენისასა ნუ დაუტევებ” (2,15). მოციქული პავლე წერს: ”ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებ” (1 კორ. 7,11).
გაჭირვების დროს ქმარი უნდა ანუგეშებდეს თავის ცოლს, როგორც სამოელის მამა ელკანა ანუგეშებდა თავის ცოლს ანნას, უშვილობისაგან შეწუხებულს: ”ჰრქვა მას ელკანა, ქმარმან მისმან ” ანნა, რაი არს შენდა, რამეთუ სტირ, არარასა სჭამ და რაისათვის იცემ მკერდსა შენსა, არა ვარ მე უმჯობეს შენდა უფროს ათთა ძეთა?” (1 მეფ. 1,8).
ეგრეთვე ცოლიც ვალდებულია, რომ უყვარდეს ქმარი თვისი და პატივს უნდა სცემდეს მას. ამაზე მოციქული პავლე გვასწავლის: ”დედანი ქმარმოყვარედ ყოფად” (ტიტ. 2,4). იგივე მოციქული წერს: ”ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდნენ, ეგრეცა ცოლი ქმარსა” (1 კორ, 7,3).
აგრეთვე ცოლი უნდა იყოს თავის ქმრის მორჩილი, იმიტომ, რომ ქმარი თავის ცოლის უფალია; როცა ღმერთმა დასწყევლა ევა, ასე უბრძანა: ” ქმარი გეუფლებოდეს შენ” (შექ. 3,16). მოციქული პავლე წერს: ”თავ დედაკაცისა არის ქმარი”( 1 კორ. 11,3). იგივე მოციქული წერს: ” ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისნი ქმართა ყოვლითავე” (ეფეს. 5,24); იგივე მოციქული გვასწავლის: ”დედაკაცი მდუმრიად (ჩუმად, მყუდროდ) ისწავებდინ ყოვლითა დამორჩილებითა, მოძღვრებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობა ქმრისა, არამედ, რათა იყოს იგი მყუდროებით”, (1 ტიმ. 2,11-12). ”დედანი თქვენნი ეკლესიასა შინა სდუმნედ (ჩუმად იყვნენ), რამეთუ არა მბრძანებულ არს მათდა სიტყვად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა სჯულიცა იტყვის” (1 კორ. 14,34). ”ცოლნი თვისთა ქმართა დაუმორჩილენით, ვითარცა უფალსა... ცოლსა ეშინოდეს ქმრისა” (ეფეს. 5,22,33; კოლ. 3,18, ტიტ. 2,5).
ეგრეთვე გვასწავლის მოციქული პეტრე (1.პეტ.3,1) ცოლ-ქმარნი უნდა იყვნენ ერთი მეორის ერთგულნი, სხვას არ უნდა გაუზიარონ ცოლ-ქმრული სიყვარული, არ უნდა იმრუშონ და არ უნდა ისიძვონ. საღმრთო წერილი მრუშებას და სიძვას ხშირად გვიკჯრძალავს: ”არა იმრუშო” (ლევ. 18,20; 20,14,). მოციქული პავლე წერს: ”ევლტოდეთ (გაექცეოდეთ) სიძვასა. ყოველი ცოდვა, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ხორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თვისთა მიმართ ხორცთა სცოდავს” (1 კორ. 6,18).
თვით იესო ქრისტე ბრძანებს: ”გესმა, რამეთუ ითქვა არა იმრუშო” (მათ. 5,27, 19,8: ლუკ. 18,20; რომ. 13,9; იაკობ 2,11). მოციქული პავლე წერს: ”ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი” (1 კორ. 7,4). იგივე მოციქული პავლე წერს: ”ქმრის ცოლი დედაკაცი სიკვდილადმდე ქმრისა შეკრულ არს სჯულითა, ხოლო უკეთუ მოკვდეს ქმარი მისი, განთავისუფლებულ არს იგი სჯულისა მისგან ქმრისა. რათა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ ეყოს ქმარსა სხვასა”, ესე იგი თუ მეორე ქმარს გაჰყვეს.( რომ 7,2-3. 1 კორ. 7,39).
ცოლ-ქმარნი ვალდებულნი არიან ერიდნონ თვალთ ბოროტებას და ცუდ გულისთქმასაც. ამის შესახებ იესო ქრისტე ბრძანებს: ”რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქმად მას, მუნვე იმრუშა გულსა შინა თვისსა” (მათ. 5,28).
მოციქული პეტრე ცრუწინასწარმეტყველთა და მოძღვართა შესახებ წერს: ” თვალნი ასხენ სავსენი მრუშებითა და დაუცხრომელითა ცოდვითა და აცდუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა” (2 პეტრ.2,14). ცუდ გულისთქმას უნდა ერიდოს ყოველი კაცი და ეგრეთვე ცოლ-ქმარნიც, იმიტომ რომ , როგორც მრუშობა, აგრეთვე ყოველი ცოდვა პირველად გულისაგან წარმოსდგება; ამის გამო ყოველი კაცი უნდა ეცადოს , რომ ბოროტებამ არ შეიპყროს და გული წმიდა იქონიოს.
როცა დავით მეფე ასეთ ცოდვაში ჩავარდა, შემდეგ სასინანულუ ფსალმუნი წარმოთქვა: ”გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა ღმერთო” (ფსალ. 50,10). სოლომონ ბრძენი გვასწავლის: ”შვილო, რათა არა გძლევდეს შენ გულისთქმა” (იგავ. 6,25). თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: ”გულისაგან გამოვლენ გულისსიტყვანი ბოროტნი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი” (მათ.15,19; მარკ.7,21).
სოლომონ ბრძენიც გვარიგებს, თუ როგორ უნდა ერიდოს კაცი ბოროტ მეძავ დედაკაცს და მასთან ყოფნას: ”შვილო, რათა არ გძლევდეს შენ გულისთქმა სიკეთისა, ნუცა მოინადირები თვალითა შენითა, ნუცა თანა-წარიტაცები წამითა მისითა, რამეთუ სასყიდელი მეძვისა, რა-ოდენ ერთისა პურისა, ხოლო დედაკაცმან კაცთა პატიოსანთა სულნი მოინადირონის, გამოიკრის, თუ ვინ ცეცხლი წიაღთა შინა , ხოლო სამოსელი თვისი არა დაიწვას თუ? ანუ ვინ ვალს ნაკვერცხალთა ზედა ცეცხლისათა , ხოლო ფერხნი არა მოიწვნას თუ? ეგრეთ რომელნი შევიდეს დედაკაცისა მიმართ ქმრის ცოლისა არ უტანჯველ იყოს, არცა ყოველი რომელი შეეხოს მას” (იგავ.6,25-29).
მეორე ადგილს სოლომონ ბრძენი აღწერს მეძავი და ბოროტი დედა-კაცის ურცხვ მოქმედებას და გვეუბნება: ”შვილო, დაიმარხენ სიტყვანი ჩემნი და დაიცვენ მცნებანი ჩემნი და სცხოვნდე... მეცნიერება მცნობელ - ყავ შენდა, რათა დაგიცვას შენ დედა-კაცისგან უცხოსა და ბოროტისა”, შემდგომ წერს ბოროტი დედაკაცის მოქმედებას (იგავ. 7, 1-23).
სასჯელი სიძვა მრუშობისათვის, ანუ ცოლ-ქმრული კავშირის დარღვევისათვის
ვინც ცოლ-ქმრულ კავშირს არღვევს, ის მძიმე ცოდვაში ვარდება. ის პასუხისმგებელია თავისი სულის, ხორცისა და სინდისის წინაშე, თავის მეუღლის, საზოგადოებისა და ღვთის წინაშე, იმიტომ, რომ ის ბოროტი საქმით ავნებს თავის ხორცსა და სულს, მით ღალატობს თავის მეუღლეს , ვნებას აძლევს საზოგადოებას და არღვევს ღვთის მცნებას.
მოსეს სჯულით, მემრუშენი და მეძავნის სიკვდილით ისჯებოდნენ (ინ. 8,4-5), ”კაცმან უკეთუ ვინმე იმრუშოს ქმრისა ცოლისა თანა , ანუ მრუშობა ჰყოს ცოლისა, ანუ ვინ სიძვა ჰყოს ცოლსა მოყვასისა თვისისასა სიკვდილით მოკვედინ. ორნივე შემცოდე არიან”... (ლევ. 20,10; მეორ. სჯულ. 22,22). ”ყოველნი მმრუშებელნი, ვითარცა თორნე მგზნებარე, განლევად სიცხისა ალისა მიერ” (მოსეს .წინასწ. 7,4). იაკობ მოციქული წერს: ”მეძავნო და მემრუშენო! არა უწყითა, რამეთუ სიყვარული სოფლისა ამის მტერობა არს ღმრთისა? აწ უკვე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტრად ღმერთსა აღუდგების” (იაკონ. 4,4). მემრუშენი და მეძავნი მარტო ხორციელად როდი დაისჯებიან, არამედ სულიერადაც: ისინი წარწყმედენ სულსა თვისსა, მოაკლდებიან სასუფეველსა, და იქმნებიან შთაგდებულნი ტბასა მას ცეცხლისასა.
სოლომონ ბრძენი წერს: ”მემრუშემან ნაკლულევანებისა წილ გონებისათა წარწყმედა სული თვისისა მოატყვას” (შეამთხვიოს) (იგავ .6,32). მოციქული პავლე წერს: ”მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან” (ებრ. 13,4); იგივე მოციქული წერს: ”არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ” (1 კორ. 6,9). იგივე მოციქული პავლე წერს გალატელთა: ” ცხად არიან საქმენი ხორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არაწმინდებანი, ბილწებანი... ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ” (5,19-21; ეფეს. 5,5).
იოანე ღვთისმეტყველი წერს: ” ურწმუნოთა, და ცოდვილთა, და საძაგელთა, და კაცისმკვლელთა, და მეძავთა... ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუნწუბითა აღნთებულსა, რომელ არს სიკვდილი იგი მეორე” (გამოცხ. 21,8). ვინც კეთილი ადამიანია, ის ყოველთვის ერიდება ამ ცოდვას, მაგრამ ცოდვილნი და ბოროტნი კი მისდევენ მას; ამაზედ დავით წინასწარმეტყველი წერს: ”ცოდვილსა მას ჰრქვა ღმერთმან : მეძავსა თანა თანა დასდვი ნაწილი შენი”. (ფსალმ. 49, 16-18).
წინასწარმეტყველი იერემია წერს ბოროტთა და ცოდვილთა შესახებ: ”იმრუშებდეს და სახლებსა შინა მეძავთასა ისადგურეს” (იერ. 9,2).
ეგეთი მძიმე და დამღუპველი ცოდვაა მრუშება, ამიტომ ყოველი კაცი და ქალი უნდა ერიდოს მას. ჩვენ გვაქვს საშუალება ღვთისგან და მცნებანი მისნი, გამოხატულნი საღმრთო წერილში. ამის შესახებ სოლომონ ბრძენი წერს: ”სანთელ არს მცნება სჯულისა, და ნათელ და გზა ცხოვრებისა, და მხილება და სწავლულება , რომელმან დაგიცვას შენ დედაკაცისგან ქმრის ცოლისა და დასმენისგან ენისა უცხოსა” (იგავ. 6,23-24).
იგივე სოლომონ ბრძენი გვაძლევს ამის შესახებ მშვენიერ დარიგებას: ”ნუ მიჰხედავ დედაკაცსა ბოროტსა, რამეთუ თაფლი გარდამოსწვეთიან ბაგეთაგან დედაკაცისა მეძავისა, რომელმან წუთ ერთ დაატკბოს სასა შენი. ხოლო უკანასკნელ უმწარეს ნაღვლისა ჰპოო და უმკვეთლეს უფროს მახვილისა აღლესულისა ორპირისა... შორს ყავ მისგან გზანი შენნი და ნუ მიეახლები კართა მიმართ სახლისა მისისათა...რათა არა განძღვნენ სხვანი შენსა ძალისად და ნაშრომი შენი შევიდეს სახლთა შინა სხვათასა და ინანდე უკანასკნელსა ზედა... და თქვა: ვითარ მოვიძულენ სწავლულება და არა ვისმინე ხმა მსწავლელისა ჩემისა და მოძღვარსა ჩემსა არა მიუპყარ ყური ჩემი” (იგავ . 5,3,4,8,13).
იგივე სოლომონ ბრძენი გვასწავლის: ”შვილო, ნუ მისცემ დედაკაცთა სიმდიდრესა შენსა და შენსა გონებასა და ცხოვრებასა უკანასკნელსა შინა განზრახვასა” (იგავ. 31,3).
მოციქული პავლე სწერს: სიძვა და ყოველი არაწმიდება, გინა ანგარება (ვერცხლისმოყვარება) ნუღაცა სახელდებიან თქვენ შორის, ვითარცა შვენის წმიდათა” (ეფეს, 5,3). იგივე მოციქული წერს: ”მოაკვდინენით უკვე ასონი თქვენნი ქვეყანასა ზედა: სიძვა, არაწმიდება,მ ვნება, გულისთქმა ბოროტი და ანგარება, რომელ არს კერპთმსახურება” (კოლას. 3,5). იგივე მოციქული პავლე წერს: ”ესე არს ნება ღვთისა... განშორებად თქვენდა სიძვისაგან”... (1 თესალ. 4,4-5).
ცოლი კეთილი
ბედნიერია ცხოვრებაში ის კაცი, რომელსაც შეხვდება ცოლად დედაკაცი კეთილი და მადლიანი. ის ღვთისგან დაჯილდოებულია, იმიტომ რომ კეთილი ცოლი არის მადლი ღვთისა, ნიჭი უფლისა; კეთილი ცოლი არის თავის ქმრისთვის გვირგვინი კურთხევისა ; იგი ახარებს ქმარსა თვისსა.
კეთილი დედაკაცის ქმარს გული თამამი აქვს, ყოველ კეთილსა საქმეს გაბედვით მოჰკიდებს ხელს, იცის, რომ მას ჰყავს შემწე კეთილი და ძვირფასი, რომელიც უღელს გაუწევს მას ყოველ კეთილ საქმეში, გაამხნევებს და იმედს მისცემს გაჭირვების დროს. კეთილი დედაკაცი აიტანს გასაჭირსა და შეიშნობს ბედნიერებას; ის არ გაამპარტავნდება, თუ მდიდარი და შეძლებულია.
კეთილი დედაკაცი ტყუილაუბრალოდ დროს არ დაჰკარგავს, არამედ ოჯახს უვლის, ხელსაქმობს და გამრჯელია. კეთილი ცოლი ხელგაშლილია, სიძუნწე ეჯავრება, გულუხვია და თავის სიმდიდრისაგან გაუზიარებს გაჭირვებულს და ხელმოკლე ადამიანს რამდენიმე ნაწილს.
სოლომონ ბრძენი წერს: ”რომელმან ჰპოოს ცოლი კეთილი, უპოვნიეს მადლი, ხოლო მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ” (იგავ. 18,22). იგივე ბრძენი წერს: ”დედაკაცი მხნე გვირგვინია ქმრისა” (იგავ. 1,4). ”დედაკაცი მხნე ვინ ჰპოოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა, კადნიერ არს (თამამი არს) მის ზედა გული ქმრისა მისისა, რამეთუ აქმს ქმრისა თვისისა კეთილსა ყოველსა შინა ცხოვრებასა” (იგავ . 31, 10-22). სოლომონ ბრძენივე წერს: ”დედათა ბრძენთა აღაშენნეს სახლი, ხოლო უგუნურმან აღმოთხარა ხელითა თვისითა” (იგავ. 14,1).
წიგნი ისო ზირაქისა მოგვითხრობს: ”მადლი დედაკაცისა ახარებს ქმარსა მისსა და ძვალთა მისთა განაპოხებს ხელოვნება მისი: ნიჭი უფლისა -დედაკაცი მდუმარე... მადლი მადლისა ზედა- დედაკაცი მორცხვედი” (ზირაქ. 26, 16-18). ” ნეტარ არს რომელი ცხოვრობს ცოლისა თანა მეცნიერისა” (ზირაქ.25,11). ”დედაკაცისა კეთილისა სანატრელ არს ქმარი და რიცხვი დღეთა მისთა მრჩობლკეც (ორკეც). დედაკაცი კეთილი ახარებს ქმარსა თვისსა და წელთა მისთა აღავსებს მშვიდობითა. დედაკაცი კეთილი ნაწილი კეთილისა, წილსა შინა მოშიშსა უფლისასა მიეცეს” (ზირ. 26,1-3).
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ კეთილი დედაკაცი თავის ქმარს მოუპოვებს დიდებას და იგი პატივისა და ქების ღირსია. ამის შესახებ სოლომონ ბრძენი წერს: ”დიდებული იქმნების ბჭეთა შინა (შესაკრებელ ადგილზე -საზოგადოებაში) ქმარი მისი- კეთილი დედაკაცისა” (იგავ. 31,23). ”დედაკაცი მთლიანად აღუდგინებს დიდებას ქმარსა” (იგავ. 11,16). ”ქმარმანცა მისმან აქო იგი (კეთილი დედაკაცი)... დედაკაცი გონიერი კურთხეულ არს, ხოლო მოშიშნი უფლისანი ამას რათა აქებდნენ. მიეცით მას ნაყოფთაგან ბაგეთა მისთასა, რათა იქებოდეს ბჭეთა ზედა ქმარი მისი” (იგავ. 31,30-32).
კეთილ დედაკაცს, გამრჯელს, თავის ოჯახისათვის მზრუნველს, ანუ მეოჯახეს, სიმდიდრის შემძენს და გლახაკთა მოწყალეს სოლომონ ბრძენი აღწერს შემდგომი სახით: ”დედაკაცმან კეთილმან მოიგო მატყლი და სელი, ქმნა კეთილ სახმარი ხელითა თვისითა. იქმნა, ვითარცა ნავი მოვაჭრე, მოქმედი, შორით შეიკრიბოს თავის თვისისა სიმდიდრე, და აღდგის ღამითგან და მისცის საზრდელი სახლეულითა და საქმე მხევალთა მხილველმან აგარაკი (საყენე ანუ სავენახე ადგილი) მოიყიდა, ხოლო ნაყოფთაგან სელთა თვისთასა დაამტკიცნა მკლავნი თვისნი საქმესა ზედა; და იხილა გემო, რამეთუ კეთილ არს საქმედ და არა დაშრტეს სანთელი მისი ღამე ყოველ. მწყრთა თვისი განმარტა სასრგებლოსა ზედა, ხოლო ხელსა თვისსა განამტკიცებს ტარსა ზედა სთვად. და ხელნი თვისნი განუხვნა გლახაკსა, ხოლო ნაყოფნი მიუპყრა დავდრომილსა. არა ზრუნავს მყოფთათვის სახლსა შინა ქმარი მისი, ოდეს სადა ყოვნოს (სადმე დაიგვიანოს), რამეთუ ყო ველნი მისთანანი შემოსილ არიან, მრჩობლი სამოსელი უქმნა ქმარსა თვისსა, ხოლო ბისონისგან და პორფირისა (სამეფო ტანისამოსია) თავისა თვისისა სამოსელი” (იგავ. 31,13-22).
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ კეთილი ცოლი მოსაფერებელია, პატივსაცემია; ამაზედ სოლომონ ბრძენი წერს: ”რომელი განდევნის ცოლსა კეთილსა, განდევნის კეთილთა” (იგავ. 18,23). ისო ზირაქი წერს: ”ნუ განიშორებ დედაკაცსა ბრძენსა და კეთილსა, რამეთუ მადლი მისი უფროს ოქროისა... არს თუ შენდა ცოლი სულისაებრ ნუ განაძებ მას” (ზირაქ. 7,21,28).
ცოლი ბოროტი
საბრალოა და საცოდავი ის კაცი, რომელსაცშეხვდება ცოლად დედაკაცი ბოროტი. ის ბედისგან მეტად დასჯილია, ცხოვრებაში მეტად შეწუხებულია, ოჯახში მუდამ აღშფოთებული, აღელვებული და მოუსვენარია. გული მუდამ უწუხს, რადგან ბოროტი ცოლის ენით მას გული დაკოდილი აქვს, ხშირად ერიდება ცოლთან ლაპარაკს, რჩევას და ყოველივეს ოჯახის შესახებ საერთო საქმეს, რადგანაც ის თავის ცოლისგან კეთილს არას მოელის. ბედნიერებად მიაჩნია ოჯახიდან სადმე წასვლა, რომ ცოტა ხანს მაინც არ დავდეს თავის ცოლის საქციელს.
ბოროტი ცოლის ქმარი ტოლ-ამხანაგში და საზოგადოებაშიც დარცხვენილი და გაცუდებულია. ერთი სიტყვით ბოროტი დედაკაცის ქმარი ამ ქვეყნიერად ჯოჯოხეთშია. სოლომონ ბრძენი წერს: ”ვითარცა მღილი ძელსა, ეგრეთვე წარწყმედს ქმარსა დედაკაცი ბოროტისმოქმედი” (იგავ. 12,4). იგივე სოლომონი წერს: ”უმჯობეს არს ცხოვრება ქვეყანასა შინა უდაბნოსა, ვიდრე-ღა დედაკაცისათა მოლალისა (კაპასი) და ენოვანისა და მრისხანისა” (იგავ. 21,19). ”უმჯობეს არს ყურესა შინა სართულისასა, ვიდრე-ღა სახლსა შინა საერთოსა დედაკაცისათა მაგინებელისა” (იგავ. 25,26)
იგივე ბრძენი წერს: ”წვეთნი განსდევნის კაცსა დღესა შინა ზამთრით სახლისაგან მისისა, ეგრეთ დედაკაციცა მწყევარი თვისისაგან სახლისა” (იგავ. 27,15). კიდევ წერს: ”სამთა მიერ შეიძვრის ქვეყანა, ხოლო მეოთხისა ვერ ძალ-უცს ტვირთად: უკეთუ მონა გამეფდეს, და უგნური აღივსოს საჭმლითა და მხევალმან უკეთუ განსდევნოს დედოფალი თვისი, და დედაკაცი საძაგელი უკეთუ მოხვდეს კაცსა კეთილსა” (იგავ . 30, 21-23). ის თუ რამდენად მძიმე და გასაჭირია ბოროტ დედაკაცთან ცხოვრება, რამდენად აღემატების ყოველ ბოროტებას დედაკაცის სიბოროტე, როგორ დააღონებს და გულს უწყლავს ქმარს ბოროტი დედაკაცი, ამას გამოგვიხატავს ჩვენ წიგნი ისო ზირაქისა: ”უმჯობეს არს ცხოვრება ლომთა თანა და ვეშაპთა, ვიდრე ცხოვრება დედაკაცისა ბოროტისა თანა…
სიბოროტე დედაკაცისა შესცვლის სახესა მისსა... მცირე არს ყოველი სიბოროტე, წინააღმდეგ სიბოროტისა დედაკაცისასა... ვითარცა აღსვლა ქვიშასა ზედა ფერხთა ფერხთა მოხუცებულისათა, ეგრეთ დედაკაცი ენოვანი ქმრისა მდუმარისა. ნუ შეუვრდები შვენიერებასა ზედა დედაკაცისასა და დედაკაცისათა გულისთქმათა შინა ნუ გსურის. რისხვა და ურცხვინოება და კდემა დიდი დედაკაცისა, უკეთუ ხელმწიფებს ქმარსა თვისსა. გული მდაბალი და პირი მჭმუნვარე და წყლულება გულისა დედაკაცი ბოროტი... დედაკაცისაგან დასაბამი ცოდვისა და მით მოვკვდებით ყოველნი. ნუ მისცემ წყალსა განსავალსა, ნუცა დედაკაცსა ბოროტსა კადნიერებასა, თუ არა ვიდოდეს ხელსა ქვეშე შენსა, მოიკვეთე იგი ხორცისაგან შენისა. (ზირაქ. 25, 18-29).
ისო ზირაქი კიდევ წერს, რომ: ”ბოროტ დედაკაცს უნდა დაუკეტო და დაუბეჭდო ყველაფერი და თუ რამე მისცე - ზომით და მრისხანედ და მოიღე ყოველი წერილითა” (ზირაქ. 42, 6).