კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

საშტატო განრიგი:

ვასო ჩორგოლაშვილი - ნაწილის ხელმძღვანელი

სოსო ანჩაბიძე - ავტორი

ბელა

ბატონი ვაჟა - დირექტორი

გრიშა - მნე

მიხო - მღებავი

ქალბატონი თამარი - მოლარე

თინა - დირექტორის მდივანი

ოთარი - მოადგილე

შუქრი გამელაური - საბჭოს წევრი

იროდიონი

კოტე

ბორისი

კაკო

გივი - არ ჩანს


არასაშტატო ერთეულები:


საშა, იგივე ალექსანდრე

კოლია, იგივე ნიკოლოზი

ბატონი ევგენი

ბატონი ვარდენი

ქალბატონი ავრორა - ისიც

მარკშეიდერი (ადრე ვულკანოლოგი)

ორი დიდი კაცი (მაძებრები)

და

სხვები

ლიანგი: ბუხჰალტერიის თანამშრომლები, დამლაგებელი, გამვლელი, შემსვლელი, გამომსვლელი, სამართალდამცავი ორგანოს ნიღბიანი წევრები და სხვები.

წიდასფერ კალოზე მოტობურთს თამაშობენ. უზარმაზარ ბურთს დააფხოკიალებენ მოტომხედრები წინ და უკან; წიდასფერი მტვერი, დამწვარი აირი ადის ბოლქვად და ცხელ ჰაერში იფანტება. წითელი და თეთრი ალმებით აღჭურვილი რეფერი თავმოძულებული დარბის ატკაცუნებულ მანქანებში.

ბადურა ღობის იქით, შარაზე, ავტომანქანები ჩერდებიან, მგზავრები იხედებიან სარკმლებიდან და გულგრილად უყურებენ მოტობურთს. ცოტა ხანს დგანან და მიდიან, ახალშემოსწრებულთ უთმობენ ადგილს.

მოედნის იქით ხევია, ხევს იქით - რკინიგზის მიწაყრილი. მტვრითა და დამწვარი საწვავის ბოლით გაცრეცილ ნისლში იკვეთება ქალაქის ახალი გარეუბნის ერთფეროვანი, მაღალი სახლების კონტურები. ხელმარჯვნივ: უბადრუკი ნაგებობანი და ოცდაათიან წლებში ფსევდოკლასიკური სტილით აგებული შენობა ჩანს.

გრენლანდიის პირქუში პეიზაჟი.

ლაჟვარდისფერი გლეტჩერი გადამხობია ცივი ოკეანის ნაპირს. გლეტჩერს იქით ცისფერგადაკრული ყინულოვანი ველია. ყინულის ხორგთან თეთრი დათვი უნდა იყოს დაყუნცული. მოოქროვილ, იმჟამად ფერდაკარგულ, ჩარჩოში ჩასმული უზარმაზარი ფერწერული ტილოს გრენლანდიის პეიზაჟის ქვეშ დგას დაფიქრებული ვასო ჩორგოლაშვილი, კირის ნამცეცებით დაფარულ მაუდგადაკრულ მაგიდას დასჩერებია გაკვირვებული;

მწვანე მაუდს სულს უბერავს, ასუფთავებს; გაზეთებს ილაგებს წინ, ჭილის შლაპას კიდებს საკიდზე, ცხვირსახოცით მელოტ თავს და დაღარულ შუბლს იმშრალებს, ზევით იხედება, გრენლანდიას ათვალიერებს, სურათიდან გადააქვს მზერა ფანჯარაზე, საიდანაც ბოლქვა-ბოლქვად ავარდნილ მტვერსა და აირში გახვეული წიდასფერი მოედანი და მოტობურთი ჩანს. ლანდებივით დაქრიან მოტომხედრები, წითელი და თეთრი ალმებით აღჭურვილ თავმოძულებულ რეფერს უვლიან თითქოს გარს.

ფსევდოკლასიკური შენობის საიმედოდ დაგმანულ ფანჯრებში მანქანების ხმაური და ქალაქის შორეული ჟრიალი არ შემოდის. კონდენშეინერი შიშინებს დაგუდულად და დერეფანში მიმავალ-მომავალი თანამშრომლების ნაბიჯების ხმა ისმის მხოლოდ.

წიდასფერ კალოზე კი უხმო მოტობურთია. ბადურა ღობესთან გავარვარებული ავტომანქანები დგანან, დასიცხული მგზავრები იხედებიან სარკმლებიდან, უყურებენ უჩვეულო თამაშს და მალევე ტოვებენ იქაურობას.

ღობესა და მანქანებს შუა პორტფელიანი გამხდარი მოქალაქე მოაბიჯებს, უახლოვდება ფსევდოკლასიკური სტილით ნაგებ შენობას, სადარბაზო შესასვლელთან იკარგება. სვეტებიან დარბაზში მოდის, ლიფტის ღია კაბინას უახლოვდება.

კაბინაში ქალ-ვაჟი დგას. ქალს ბელა ჰქვია, ბიჭს - სოსო, სუფთად გაპარსული, ფერმკრთალი სახე და ღია წაბლისფერი თვალები აქვს სოსოს. მოკლესახელოებიანი პერანგი აცვია, გრძლად და ზომიერად დაკუნთულ, ჭორფლდაყრილ მკლავქვეშ რამდენიმე საქაღალდე აქვს ამოჩრილი.

გამხდარი მოქალაქე დამხვდურებს ესალმება და მორჩილად ჩერდება განაკიდეს, - ლიფტში.

– სოსო, აქა ხარ სულ, ქალაქიდან არ გასულხარ?

– არა, ვმუშაობდი, ბელა.

– ჰოო?! როგორ მაინტერესებს, შენ ხომ არ გაქვს წარმოდგენილი!.. - საქაღალდეებს დახედავს, - გამხდარი ხარ, იცი?!

სოსო მხრებს იჩეჩს და გაოცებულ მოქალაქეს, ლიფტის ღილაკებს რომ არ აშორებს თვალს, ეუბნება, აკეთებენ, მალე დავიძვრებითო.

გასაგებიაო, თავს უქნევს პორტფელის სიმძიმისაგან მხარჩამოგდებული მოქალაქე. ზემოდან ჩაქუჩის ბრაგაბრუგი ისმის. ზორბა ტანის კაცი შემოიჭრება ამასობაში კაბინაში, ქუდს იხდის, სახეს ინიავებს, ხვნეშის.

– გამარჯობათ, ბატონო იროდიონ!

– სოსო, გამარჯობა, სად იყავი, რატომ არ ჩანდი?

– ვმუშაობდი, ბატონო იროდიონ, წარმოვადგინე ბოლო ვარიანტი, რიგით მესამე.

– ნუ ლაპარაკობ, მესამეა? გამხდარხარ, შვებულებაში ვარ ფაქტიურად, თუმცა ამის წაკითხვას მოვასწრებ...

– ერთ ეგზემპლარს დაგიტოვებთ.

– ერთი ხომ მაქვს.

- ძველია ის, ბატონო იროდიონ...

– ეს ახალია? - წონის ხელით, - მძიმეა, ეს იყოს შენთან, თუ არ წავედი, გამოგართმევ. არ იძვრის ეს ლიფტი, როგორ ცხელა, კაცო!

– გივი არის, თუ იცით?

– იქნება, ვერ გეტყვი, - ქუდით ინიავებს სახეს, - გივი იყო, ბელა?

– არ ვიცი.

– სხვები, ბელა?

– სხვა ვინ გინდა, სოსო? კოტე არის, კაკო, ბორია, მთელი ეკიპაჟი...

– ვიღაც ზედმეტია! - აცხადებს იროდიონი.

– მართალი ბრძანდებით, ყველა ღილაკი ანთებულია... - შეეჭვებული ათვალიერებს კაბინას უცნობი მოქალაქე.

– ხომ არ ავხტეთ? - კითხულობს სოსო.

– ვიღაც ზედმეტია! - გამხდარ მოქალაქეს უყურებს იროდიონი, ახტომისგან თავს იკავებს.

– მართალი ბრძანდებით, მე გავალ, უკაცრავად, შეგაწუხეთ...

– პორტფელი დატოვეთ, წამოგიღებთ, - ბელაა.

– არა უშავს, მე თვითონ, უკაცრავად... - ხრიგინით იხურება კარი ზედმეტის ზურგს უკან.

– ვინ იყო ეს კაცი, ჩვენთან მუშაობს? - აძრულ ლიფტში ინიავებს სახეს იროდიონი.

მიდი-მოდიან დერეფანში. საბეჭდი მანქანის კაკუნი ისმის, ტელეფონი რეკავს რომელიღაც ოთახში. დასაკეცი კიბე მოაქვს დაკეცილად საღებავებით, თითქო საგანგებოდ, ხალათაფორაჯებულ მღებავს. ჭაღარა, ენერგიული კაცი მიუძღვის წინსწრებით.

შუბლზე სათვალეაკრული ვასო ჩორგოლაშვილი იხედება საკუთარი კაბინეტის ღია კარიდან, წვრილი, სიგრძივ დაღარული კისერი და თითქოს აბჯრიდან გამოყოფილი მელოტი თავი მოუჩანს შორიდან.

– ბატონო გრიშა, თუ შეიძლება, შემობრძანდით ერთი წუთით! - თავაზიანად მიმართავს თმაგათეთრებულ, სამწყობრო ნაბიჯებით მომავალ კაცს, რომელსაც ფრენჩისა და კიტელის ნაზავი ხალათი აცვია.

– რაშია, პატივცემულო ვასო, საქმე! - ჩერდება, სხვადასხვა სიგრძისა და ზომის ქაღალდებს ასწორებს, უკან მომავალ ბეჭზე კიბეგადებულ მუშას ელოდება.

– შემობრძანდით, თუ შეიძლება!

– გრენლანდიის პეიზაჟს უყურებენ.

– ეს სურათი აქ კიდია, პატივცემულო ვასო, რაც თავი მახსოვს!

– ასე მახსოვს მეც, მართალი ბრძანდებით, აქ კიდია და აქ ეკიდა, მაგრამ აწი სხვაგან ჩამოჰკიდეთ!

– კი მაგრამ, რა ხდება, ამიხსენით მაინც?

– მე არ ვიცი, რა ხდება, ბატონო გრიშა, ამ პარასკევს თითქოს რაღაც მოყანყალდა, რაღაც იძრა, შემდეგ ნამცეცები ჩამოცვივდა უმიზეზოდ და ა, ბატონო, ნახეთ... ვერც კი მოვასწარი გადასუფთავება...

– თქვენც ადექით და სხვაგან გადადგით თქვენი მაგიდა!

– სად? კარს მივადგა თუ ფანჯარას, მანდ ბელა ზის, იქ, ოთარმა ბრძანა, შეიძლება ახალი თანამშრომელი დავსვათ შტატების გაზრდასთან დაკავშირებითო, მაგრამ ამაში არაა საქმე, მე აქ ვზივარ ოცდაშვიდი წელიწადი...

– მერე ახლა გაგახსენდათ, პატივცემულო ვასო?

– რა გამახსენდა ახლა, ოცდაშვიდი წელიწადი რომ ვზივარ აქ?

– ესეცაა... სურათზე მოგახსენებთ.

– ახლა გამახსენდა? თქვენ მეუბნებით მაგას?!.. რამდენჯერ გთხოვეთ, რამდენჯერ მოგმართეთ!

გამხდარი მოქალაქე, ლიფტში რომ ზედმეტი აღმოჩნდა, ფეხით ამოათავებს ვიწრო და მაღალსაფეხუროვან კიბეს, ცალბეჭჩამოგდებული ამოათრევს პორტფელს და კისერმოღრეცილი აკვირდება ყველა კარს, რომელიც გზაზე ხვდება.

ცარიელი ლიფტი დახრიალებს ზევით-ქვევით, სართულსა და სართულშუა დროდადრო ანათებს წითელი თვალი. სოსო და ბელა ლაპარაკით უახლოვდებიან ვასო ჩორგოლაშვილის ოთახს. კართან მიხო მღებავი დგას, კიბის ზედა ფლანგზე მკლავი აქვს ჩამოდებული, ქვედაზე - ფეხი.

– გამარჯობა, მიხო, რა ხდება აქ? - ეკითხება ქალი.

– არაფერი, - მოკლედ პასუხობს მღებავი.

– ჩემი მაგიდიდან ხომ არაფერი აგიღია?

– არაფერი... სად იყავი, სოსო, რატომ არ ჩანდი? - შესამჩნევად უკიდებს ენას, თუმცა შეუფერხებლად ლაპარაკობს.

– თქვენ დაწერთ განცხადებას ოთარის სახელზე, გინდათ, უმჯობესიცაა, დირექტორის სახელზე, გინდათ, ვინც გინდათ, იმის სახელზე, გინდათ ზევით ადით სულაც და რასაც მიბრძანებენ, იმას გავაკეთებ: გინდათ - გავიტან, გინდათ - გადავაგდებ! - უხსნის გრიშა ვასოს.

– გადააგდეთ-თქვა, არ მიკადრებია, სოსო, გამარჯობა, სად იყავი, რატომ არ ჩანდი?

– ვმუშაობდი, ბატონო ვასო.

– გამხდარხარ ცოტა.

– შეიძლება, - პასუხობს საქაღალდეებამოჩრილი.

ბელა თავის მაგიდასთან ჯდება, დაეჭვებული ათვალიერებს არეულ-დარეულ თაბახის გვერდებს.

– ბატონო ვასო, აქედან ხომ არაფერი აუღია ვინმეს?

– არა მგონია... მოიტანე, სოსო? დღესვე წარვუდგენ განცხადებას ოთარს, გრიშა ჩემო!

– ძალიან კარგი, - ყაბულსაა გრიშა, - შეუტანეთ... სოსო, მოსუქებულხარ, მოგიმატებია, სად ისვენებდი? მართლა მოიტანე? ოთარს გაუხარდება ძალიან, გელოდება რა ხანია, აბა, კარგად იყავით!

გრიშა მიდის, ვასო განცხადების დაწერას აპირებს და სოსოსაც ელაპარაკება ყურადღებადაფანტული; სათვალეს ისწორებს, მაგიდას სულს უბერავს, ცარიელ ფურცელს დასჩერებია, სოსოს მიწოდებულ საქაღალდესაც აკვირდება, - ცისფერი მთები, ტიან-შანი... - კითხულობს ხმადაბლა.

– გამხდარი ხარ, არ ჭამდი არაფერს?.. ცოტა მადროვე და მოგხედავ, წავიკითხავ, ნუ გეშინია!..

– ბელას გადაეცით შემდეგ, თუ შეიძლება, ბატონო ვასო.

– გადავცემ. სად არი ბელა? მოხვედი შენ?

– ბატონო ვასო, ჩემთვის ხომ არავის დაურეკავს? - კითხულობს ბელა.


*******


მდივანი გოგონა ზის მოსაცდელში მაგიდასთან: სახელია მისი - თინა, სოსო ადგას თავზე საქაღალდეებით. კონდენშეინერი შიშინებს სიჩუმეში. ორი მასიური კარი უყურებს ერთმანეთს. ერთს დირექტორი აწერია, მეორეს - მოადგილე.

მოადგილის კართან გრიშა იცდის. მღებავ მიხოს ფეხი ჩამოუდევს კიბის ფალანგზე და ფიქრობს.

– ეს რა არის, თინა? - ხმადაბლა კითხულობს სოსო, მაგიდიდან პრიალა ქაღალდებს იღებს, ატრიალებს, სუნავს.

– მოსაწვევი ბარათებია, ხვალ საზოგადოების სხდომაა, დასწრება სავალდებულოა...

– შეიძლება?

– როგორ არა, რამდენი გინდა?

– ერთი, ორი, რამდენსაც მომცემ... ხვალ არი? ხვალ რომ არ მეცლება?... - მოსაწვევებს უკანვე დებს.

– წაიღე მაინც,

– იყოს აქ, დაჭირდება ვინმეს!

თინა ოხრავს, მაგიდასთან იკუნტება, ტელეფონების სიას დასცქერის ტუჩაბზუებული. შემოდიან საბჭოს წევრები: კაკო, ბორია, კოტე, ბელა და ვასო ჩორგოლაშვილი, რომელიც უკითხავად შედის მოადგილის კაბინეტში.

– ეს არი? - ეკითხება კაკო სოსოს, საქაღალდეს ჩამოართმევს, გადაშლის.

– ეს არი კი, ბოლო ვარიანტია...

– მე რომელი მქონდა?

– ამის წინა, ალბათ...

– ბევრი შეცვალე?

– ისე რა. ბოლოა და საბოლოო, ხელს აღარ ვახლებ ამის შემდეგ, მორჩენილი ამბავია.

– სწორიცაა, - ეცინება ფურცლებში თავჩარგულ კაკოს.

– კაკო, - უძახის თინა, - მოსაწვევები არ მიგაქვს?!

– დარჩა? მიმაქვს, კი, - გაკეცილი საქაღალდით მიადგება მაგიდას, თითით გვერდი აქვს ჩანიშნული, - ეს არი? რამდენი ავიღო?

– აიღე, ერთი, ორი, რამდენიც გინდა.

– პრინციპში ორი, ისე იყოს აქ, პატარა ჯიბეები მაქვს წამოღებული, - იცინის. ჩამოტეხილ კბილზე იფარებს ხელისგულს. აჭრილ გვერდებს ასწორებს საქაღალდეში, მდივნის მაგიდას შორდება.

– სოსო, სათაური დარჩა ხომ? - თინა კითხულობს.

– კი, აწერია. ტიან-შანი, `ცისფერი მთები~, სათაური დარჩა.

– ერთი რამე მაინტერესებს: მე რატომ არა ვარ შიგ? - კაკოა საქაღალდით.

– როგორ არა ხარ?

– არა ვარ, - იცინის უხმოდ, - ყველაა ჩემ გარდა.

– შენ აკაკი არა ხარ? - ეძებს. თაბახის ფურცლები აეჭრება ერთი აჭრით, საჭირო ადგილს აგნებს მაინც, კითხულობს:

– აკაკი - (იცინის, ჩამოტეხილ კბილზე იფარებს ხელს) სოსო, მაინტერესებს, მე რატომ არ ვარ შიგ?.. - სიტყვასიტყვით წერია, ა, ბატონო, - უთითებს.

– ვყოფილვარ (იცინის, ხელს იფარებს ბაგეზე), მე კაკოს ვეძებდი. საბუთით, მართალია, აკაკი ვარ, მეტრიკით, პასპორტითაც, აღარ გამახსენდა.

უკმაყოფილოდ ნასკვავს საქაღალდის ზონრებს სოსო:

– შენც ხარ, რა!

– სოსო, მე ხომ არ ამოვვარდი? - თინა კითხულობს, - ვარ შიგ?

– ჩვენი მტერიც ამოვარდნილა, ხარ რომელია!

– სათაური შეცვალე, სოსო?

– არა კაცო, - ცისფერი მთები, ტიან-შანი, ტიან-შან!

– მოსაწვევები მართლა არ გინდა?.. დასწრება სავალდებულოაო, - ოთარმა.

გამხდარი მოქალაქე შემოაღებს კარს ფრთხილად. თავდახრილი შემოიტანს ნახევარ ტანს.

– შეიძლება? - არც კის ეუბნებიან, არც - არას. თავაწეული მისჩერებია თინა.

– მობრძანდით, - ეპატიჟება და სკამსაც უთმობს ბელა მოგვიანებით.

– როგორ გეკადრებათ, არავითარ შეთხვევაში, ბრძანდებოდეთ, უკაცრავად, შეგაწუხეთ!..

ყველა ერთდროულად იწყებს თითქმის ლაპარაკს. უცხო აღარავის აინტერესებს.

– პატარა ჯიბეები წამოვიღე-მეთქი, გითხარი, დირექტორთან ვინ არი?

– არავინ.

– თქვენ დაბრძანდით, ქალბატონო, მე პირადად, უკაცრავი პასუხია, მიჩვეული ვარ ფეხზე დგომას... მაპატიეთ.

ბელა არაფერს ამბობს, რაზე ბოდიშობს ეს კაცი, ვერ ხვდება. უცხო კი არ ჯდება და მოსაცდელის დატოვებას რომ არ აპირებს, ეტყობა, ლაპარაკის დარღვევა არ უნდა, როგორც ჩანს, და სხვის ხმებს აყოლებს მომლოდინე თვალებს.

– ბელა, ვინ არი შიგ?

– არავინ არ არის, ხომ ვთქვი, ადამიანო!

– აბა რატომ არ გვეძახის? მართლა ხვალ არი, თინა, საზოგადოების გაფართოებული სხდომა?

– ხვლ არის კი, ყველანი უნდა დაესწრონო, გაფართოებული არ მითქვამს, სხდომაა. თქვენ ვინ დაგიბარათ, თვითონ არ არის და როგორ დაგიბარებდათ?...

– ეეე! - წაუსტვენსავით კაკო, - არ არიო... - მოსაწვევებს მოუნაცვლებს ადგილს მაგიდაზე, - უმოსაწვევებოდ არ შემიშვებენ?

– სადა, დირექტორთან?

– არა, იქ, გაფართოებულ იმაზე...

– გაფართოებული არ მითქვამს, - ზარია, ყურმილს იღებს, - დიახ, გისმენთ, რაზეც გინდათ, იყავით. დიახ, დიახ, არა, არ არი, არ ვიცი. ხომ გესმით ქართული, არ არის, კიდევაც რომ იყოს დღის პირველ ნახევარში, მაინც ვერ მიგიღებთ. არ ვიცი, გენაცვალე, - ყურმილს დებს.

– მეორე ნახევარში? - უცნობი მოქალაქე ჩაერთვება უცნობისა და ნაცნობის დიალოგში.

– გააჩნია, რა საკითხზე.

– ვთქვათ, იგავ-არაკებისაზე, მაგრამ ამაში არ არის საქმე, თუ არ შეწუხდებით, დიდ ბოდიშს გიხდით, ხვალაც მოვალ და იქნებ გეთქვათ, ყუფარაძემ დარეკა-თქვა...

– გადავცემ.

– დიდი მადლობა, ბოდიშს გიხდით, რომელიდან რომელამდე აქვს დალოდების საათები?

– ორიდან დღის ბოლომდე.

– ხვალ რომ მოვიდე და დაველოდო, შეიძლება არა?

– შეიძლება, კი.

– აქ სულ იგავ-არაკები გაქვთ? - კითხულობს წარბაქაჩული ბორია, თავის სილამაზეში, არცთუ უსაფუძვლოდ, თავდაჯერებული ყმაწვილი.

გამხდარი მოქალაქე საკუთარ პორტფელს აკვირდება და პასუხის გაცემას აგვიანებს.

– დაამატეთ კიდევ და ერთად წარმოადგინეთ! - კაკოს რჩევაა, მოსაწვევებს იფარებს სახეზე. ყურები უთრთის. შეიძლება იცინის და ჩატეხილ წინა კბილს ფარავს.

– იგავ-არაკები არ მომიტანია, - აცხადებს მოქალაქე.

– გასაგებია, - მოსაწვევებს ერთმანეთში კეცავს და მაგიდაზე დებს კაკო.

– ჩვენ ვის ველოდებით აქ? - ბორიას ეკითხება ფეხზე დგომით თავგაბეზრებული ბელა.

– მე პირადად შენ გელოდები და სხვა არ ვიცი.

– ჩემი ყურება რას გარგია, ნეტავი ვიცოდე! - ოხრავს სახეგადატკეცილი, მკერდმაღალი.

ვასო ჩორგოლაშვილი გამოდის კმაყოფილი სახით ოთარის კაბინეტიდან, მოსაცდელში შეკრებილ საზოგადოებას გადაავლებს თვალს შეცბუნებული.

– მოაწერა ხელი! - განცხადების ქაღალდს გამოაჩენს.

– რას მოაწერა, ბატონო ვასო?

– სურათის გატანას.

ულოცავენ უგულოდ, არასერიოზულად - უფრორე.

– როდის გაიტან? - ეკითხება მიხოს, - მღებავს.

– როცა გინდათ, ძია ვასო.

– ძალიან კარგი!

– სოსო, ცოტა ხნით რომ მათხოვო, რა იქნება?!

– ცისფერი მთები? ვერა, მიხო, ერთი დირექტორს უნდა დავუტოვო, მეორე გივის უნდა მივცე.

– აქვე წავიკითხავდი, ძა-ძა-ძალიან გთხოვ! - ენა ებმის.

– შენ რა მითხარი, როდის გავიტანო?

– როცა მეტყვით, ძია ვასო.

– ჯერ ეს ზევითაა ასატანი, იმათი რეზოლუციაა საჭირო, კოტე, მეცი პატივი, აიტანე ეს განცხადება, საშა შენი პროტეჟეა, ვიცი, ყველაზე ახალგაზრდა შენა ხარ ამ შენობაში...

– რატომ, ძია ვასო, მე და სოსო ერთად ვსწავლობდით...

– ასე იყო კი, მაგრამ მე უფროსი ვარ მაინც... - განმარტავს სოსო.

– კი არ მეზარება ატანა და ამიტომ კი არ გიმატებ, ძმაო, წლებს, ფაქტს აღვნიშნავ...

– მოშლილია ლიფტი, შემიწირავს მაგ მახინა როცა იქნება, ან ხელს წამაცლის, ან თავს...

– არ თქვა მაგი, ბატონო ვასო! - ღიმილს ვერ იკავებს კაკო.

– კი ბატონო, - განცხადებას ჩამოართმევს კოტე ვასოს, - ავიტან, რაზეა ლაპარაკი!

– ეს ბზარი იყო აქ? - მოულოდნელად წამოიძახებს გამხდარი მოქალაქე და დაფიქრებულ მდივანს წამოაკივლებს მისდა უნებურად.

– თინა, რა იყო, რა დაგემართა? - ყურადღებიანი კაცია ბორია.

– გული ამიფართქალდა რატომღაც.

– ვალიდოლი ხომ არ გინდა? - გულის ჯიბეს ისინჯავს ვასო.

– არა, არაფერი.

– წყალი მიეცი.

– არ მინდა, არაა საჭირო, - პულსს იმოწმებს ზერელედ.

– თქვენ რა გაინტერესებდათ, პრინციპში, ბატონო, რაზე შეწუხდით? - ეკითხება უცნობ მოქალაქეს ვასო და ზევით იხედება.

– ეს ბზარი თუ იყო-მეთქი, ვიკითხე, სხვა არაფერი, ხომ არ შეგაშინეთ, უკაცრავად, ბოდიში, ბზარების გამო...

ზარია. ყურმილს იღებს გულაფრიალებული თინა:

– დიახ, გისმენთ, კი ბატონო, გასაგებია...

– ჩვენ ვის ველოდებით აქ? - კითხულობს ბორია, თმას ისწორებს სარკეში მოპასუხეთაგან ზურგშექცევით მდგარი.

– დირექტორი არ იქნება, არ მოვა, ბანკში ვარო, მოსაწვევები წაიღეთ!

არ ესმით, გადიან. სოსო, მღებავი და უცნობი მოქალაქე რჩებიან.

– თქვენ ვასო ჩორგოლაშვილს უნდა მიმართოთ... - თინაა ისევ.

– ის იყო არა, ბატონო ვასო?

– დიახ. ის.

– უკაცრავად, გმადლობთ... - პორტფელს კეტავს, ჩქარობს.

– იგავ-არაკები მანდა გაქვთ? - ეკითხება ხალათაფორაჯებული, დასაკეცი კიბის ფალანგზე მკლავჩამოდებული მღებავი.

– იგავ-არაკები საერთოდ არა მაქვს, უკაცრავად, ხელმარჯვნივაა ხომ იმის კაბინეტის კარი?

– ჩემგან ხელმარჯვნივ, კი ბატონო.

– უკაცრავად... - სწრაფად გადის.

რჩებიან:

სოსო, მღებავი, თინა და გაუთვალისწინებელი სიჩუმე.

– მიხო, მიხო არ გერქვა ამწინ?

– არ ვიცი, თინა, მიხო მქვია და მიხოდ მოვკვდები... თუ გინდათ, მიშო დამიძახეთ. არ მოვიკლავ თავს.

– აქ რაღას ელოდები?

– სოსოს ამბავია, ბოლო ვარიანტი არ მინახავს, თუ გაქვს, მათხოვე, დილით დაგიბრუნებ.

– მიხედე შენ საქმეს, მიხო, მიშო და ჩემო კარგო, რაზე უმოწმებდი იმ კაცს იგავ-არაკებს?

– წავიკითხავ, ვიფიქრე, პირველ იმაში... ვა-ვარიანტში, ადრეც ხომ გყავდა მაგ კაცი, ხომ გყავდა?

– ვინ გეკითხება შენ ბალი ათი შაურია თუ ნაკლები?

– რატომ არ მეკითხება, ბზარიო, არ თქვა? არ იყო ეს ბზარი გგონიათ? სულ რომ გაიბზარება, მერე ხომ შემეკითხებით!

ლაპარაკით გამოდიან მოადგილის კაბინეტიდან გრიშა და ოთარი.

– ...გადმოცალეთ, გადმოცალეთ, ნუღარ აყოვნებთ.

– ახალს გადმოვცლით, ოთარ, მარა იმ ძველს რა ვუყოთ? ყრია ღია ცის ქვეშ, ულტრაიისფერი სხივები აცხუნებს და ფერმკრთალდება, სილურჯეს კარგავს.

– რას კარგავს?

– სილურჯეს.

– როგორი სხივები აცხუნებსო, გრიშა, რა თქვი? - სოსოსაკენ იხედება და გრიშას ეკითხება.

– არ უნდა მეთქვა?

– ჰო, კი, კარგი, ულტრაიისფერი...სილოვანს უთხარი, აფსკი წამოიღოს, კარს გაგიღებთ ივლიტა, მაცივარში არის გაყინული იხვი. სოსო, მოდი... - მკლავში ხელს გამოდებს, კაბინეტში შეუძღვება, - წავიკითხე შენი "ცისფერი ხიდები"... - სათათბირო მაგიდასთან სვამს, თავადაც ჯდება.

– ...მთებია უკვე, ბატონო ოთარ, ხიდები აღარ ჰქვია, მთები მოგიტანე, მეორე პირია, თქვენთვის შევარჩიე, ეს ვაჟას უნდა დავუტოვო, პირველია, მესამე ვასოს მივეცი.

– ცისფერი მთები, ტიან-შანი, - დამარცვლით კითხულობს ოთარი, - აბა ის ხიდები სად წავიდა?

– მთები შეიქმნა, ეს მესამე ვარიანტია.

– ზრდი და ზრდი და ვინ რას ჩაგიდებს შიგ... - მობილურს იღებს, - ჰო, კი, არ მცალია, დაგირეკავ მე თვითონ, - თიშავს, ჯიბეში იდებს, - შენ რომ მაგ საქმე წამოიწყე, სოსო, მობილურებიც არ იყო, მგონი, მაშინ. მას შემდეგ ართულებ და არ ამარტივებ, მე ასე მეჩვენება: დრო იცვლება, ჩვენ ვდგავართ, სხვები წინ მოდიან.

ჩვენიანი ხარ და დაგიჭერთ მხარს, მაგრამ თუ არაფერი ჩაგიდეს, ჩვენი მხარდაჭერა ქაღალდზე დარჩება... საქმეს სჭირდება ის, შენც რომ იცი... - ორი თითის სვარსალით ანიშნებს, - ასე არ არი? იგავ-არაკები რომ მოუტანია იმ კაცს, მაშინაც ის არ იყო? მხოლოდ პლაშჩი ეცვა, ასე მახსოვს... თინას ვკითხოთ, აგერ თინაც, დიდი მეჩვენება, თინა კი არა, - ეს, - მაგიდიდან იღებს საქაღალდეს, ხელით წონის, - დიდია აშკარად...

– არის კი, გავზარდე, მე რა გავზარდე, გაიზარდა, ასე დაადგინეთ და მენიშნა. მას მერე ბევრი შეიცვალა აქ კი არა მარტო, - ყველგან. თუ ეს დროზე არ დამტკიცდა და არ დაფინანსდა, დრო გამასწრებს და დროს სად ვდიო, აღარც მაქვს ამის თავი.

– მოკლედ, შენ იცი, ჩემო სოსო, თინა, რა გინდა? აქაც ბევრი რამე იცვლება. იმ კაცს რა ერქვა ადრე, პლაშჩი რომ ეცვა ჩემს მახსოვრობაში?

– ვულკანოლოგი...

– არ წავიდესო, - ვაჟა ზაზაევიჩმა, ამათზე ხელია მოსაწერი...

– არა სხვა, რაღაც სხვა ერქვა, - თინას შემოტანილ ხელმოსაწერ ქაღალდებს დაჰყურებს.

– მარკშეიდერი, - ახსენებს სოსო.

– ჰო, ჰო, მარკ-რაო?

– შეიდერი.

– შეიდერი, ვაგვიანებ, - საათზე იხედება, - ამას დღესვე მოვუღებ ბოლოს... ახლა რა მქვიაო, იმ კაცმა?

– იტყვის, წერია... ამას ვაჟა ზაზაევიჩისათვის ვტოვებ, - ეგზემპლარს მოსინჯავს მაგიდაზე, - ჩადევი რა, თინა, უჯრაში, აქ არ დაგრჩეს.

– გამოვიდეს მანქანა, ბატონო ოთარ?

– არა. ქვევით ჩავდივარ საღნობ საამქროში... თუ ვინმემ დარეკა, ბანკშია-თქვა, - სწრაფად გადის.


*******


ერთმანეთს უყურებენ მოსაცდელში თინა და სოსო, სიწყნარეა.

– "ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი", სოსო, რა არი ტიან-შანი?

– ცისფერი მთები.

– ტიან-შანი, ცისფერი მთები, ესე იგი, პირიქით?

– ანდა პირიქით, სინამდვილეში ზეციური მთებია.

– ეს მესამეა? გადაირევა ვაჟა ზაზაევიჩი.

– კარგი, არ გინდა, გადაეცი, როგორც მოვა, არ დაგავიწყდეს, ძალიან გთხოვ, ჩადევი უჯრაში და ჩაკეტე, ხელს არ გააყოლოს ვინმემ დირექტორის მოსვლამდე...

გრიშა და მღებავი გადიან მოსაცდელიდან, დასაკეცი კიბე გახრინგვია პატრონს ცალ კარში

– რაფერ მოგაქვს, შე კაი კაცო, ერთი კიბე გაბარია და ამასაც ვერ უვლი...

– გრიშა მამათქვენოვიჩ, ბატონმა ვასომ მითხრა, გრენლანდია უნდა გაიტანოო, ოთარმა მოაწერა ხელიო, განცხადება მაჩვენა

– სულ გამოშტერდა მაგ კაცი, ოთარს არ ეხება ეს საქმე, პოლიტიკური პრობლემაა, თანაც ოთარმა პენსიის თხოვნაზე მოუწერა ხელი და არა განცხადებაზე.

– მე პატარა კაცი ვარ, გრიშა, შეიძლება ბევრი არაფერი გამეგება ცხოვრების, მით უმეტეს, პოლიტიკისა, მაგრამ გრენლანდია რატომაა პოლიტიკა, არ მესმის.

– ბევრი არ გესმის და ყველგან ნუ ყოფ ცხვირს.

მოსაცდელში ზის ისევ მოქალაქე, სოსოც იქაა. თინას ტელეფონის ყურმილი უჭირავს, უსმენს: ხან იცინის, ხან დინჯდება, ყურმილს შორს წევს, საკუთარ ყურს ანიავებს. მოლარე შემოდის, მოადგილის კაბინეტის კარს უახლოვდება. არ არისო, ეუბნება თინა და ყურმილს დებს.

– არ არის? ახლა არ დამირეკა შემოდიო? ეს? - დირექტორის კაბინეტს ათითებს.

– არც ეგ, ბანკში წავიდა.

– ბანკში? სოსო, გამარჯობა, რატომ არ ჩანდი?

– ვმუშაობდი. თქვენ როგორ ბრძანდებით, ქალბატონო თამარ!

– ვარ ნელთბილად, თავის ტკივილები მაწუხებს ისთევლე, სიგარეტი არ გაქვენ?

– აღარ ვეწევი, ქალბატონო თამარ.

– აღარ? - უკვირს ქალბატონ თამარს, - კარგია, რომ აღარ ეწევი, მე მომკლა თუთუნმა, თავის ბრუალი დამჩემდა, ხანდახან ისე შემაქანებს... შენ მოკეთებულხარ, ჯვარი გწერია!

– პრემიები არის, ქალბატონო თამარ? - კითხულობს თინა.

– პრემიები კი არა, ხელფასს ვერ ვარიგებთ, იროდიონის შვებულების ფული ვერ გამოიტანა ზინამ...

– მაინც როდის იქნება პრემიები? - რეკავს.

– რა მეპრემიება, გოგო! - შებარბაცდება, - ა, შეხედე! - მაგიდის ძგიდეს ეპოტინება თვალებგაფართოებული.

 ხო, კარგი, მერე, დაგირეკავ! - ყურმილს დებს თინა, დგება, მოლარეს აშველებს ხელს, - დეიდა თამარ, რა დაგემართა?

– შემაქანა.

– წყალი ხომ არ მოგიხდება შექანებულზე?

– არა, არა... - ხელს აშვებინებს.

– რა იგრძენით, უკაცრავად? - სკამის ფეხთან დადებულ პორტფელს გაასწორებს და მოლარეს მიადგება, უცნობი, — რა იგრძენით, გაიხსენეთ!

– რა მჭირს გასახსენებელი, ვინაა ეს კაცი?!

– რამ შეგაქანათ?

– ჭირმა და ეშმაკმა!

ვასო ჩორგოლაშვილის ოთახში სიჩუმეა. ბელა ზის, ანაბეჭდებს დასჩერებია. ვასო ფანჯარასთან დგას. სიცხით გადაბუგული მოტობურთის ცარიელი მოედნის მიღმა რკინიგზის მიწაყრილი, მტვერში და დამწვარი გაზის გაცრეცილ ნისლში გაბუნდოვანებული ქალაქის მაღალი სახლების სილუეტები ჩანან.

ლიანდაგზე უსასრულოდ გრძელი მატარებლის ქარავანი მისრიალებს. ვასო ტუჩებს აცმაცუნებს, ცისტერნებს უყურებს და ამ ოთახში გატარებულ დღეებს ითვლის, როგორც ირკვევა.

– წარმოგიდგენია... - მიუხედავს ბელას, - ოცდაშვიდი წელი, ოცდაშვიდი...

ბელა თვალებს ჭუტავს, გულისპირს ისწორებს, ვასოს მისჩერებია უაზროდ. ოცდაშვიდიო, იმეორებს თავისთვის, მაგრამ ქალი ვერ იგებს, რის ოცდაშვიდი. მეიგავარაკე მოქალაქე აღებს კარს, სანახევროდ შემოდის, ცალი ბეჭი და პორტფელი შემოაქვს ოთახში, უხერხულად ახველებს და იშმუშნება, ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

– უკაცრავად, დიდ ბოდიშს ვიხდი, იგავ-არაკების საკითხზე ვარ... - აცხადებს გულახდილად და ვეღარც შემოსვლას ახერხებს, ვეღარც უკან ბრუნდება. შუბლშუჭმუხნილი ვასო ფანჯარას სცილდება, ალმაცერად გადახედავს მეიგავეს და თავის მაგიდასთან ჯდება "გრენლანდიის პეიზაჟის" ქვეშ.

– დირექტორს უნდა მიაკითხოთ, - ეუბნება ბელა უცნობს.

– დილიდან ველოდები, უკაცრავად, გაცდენთ, ყუფარაძემაც დარეკა, ბოდიშს ვიხდი შეწუხებისათვის, მაგრამ იქნებ არც ღირს, იგავ-არაკებს მიიღებს?

– არა, მაგრამ უარს არ გეტყვით, - თვალწაჭუტული აშტერდება ამ პასუხით სრულიად კმაყოფილ უცნობს.

– დიდი მადლობელი ვარ, ძალიან დიდი მადლობა!

სოსო დერეფანში მოდის: ზოგი კარი იღება, ზოგი - არა, ზოგიერთ ოთახში შედის, ზოგიერთში არც იხედება. აღებს და ხურავს შავ-შავ კარებს.

შუქრი გამელაური გვერდულად ზის მაგიდასთან. ნაბდის ლეგა ქუდი დაუკოსებია ამ სიცხეში. ზის და წიგნს კითხულობს სიგრილეში, კონდენშეინერის აკომპანემენტის ქვეშ. სოსო ახველებს და უყურებს მაგიდას, გამელაურის მაგიდის წინ რომ დგას.

– მე არ წავიკითხავ! - წიგნს თვალს არ აშორებს, - ეს არ არის... - უპატრონო მაგიდას გახედავს.

სოსო დერეფანში მოდის, სქელძირიან ფეხსაცმელებს, განგებ თუ მისდა უნებურად, უხახუნებს დროდადრო იატაკს. მიხოს კიბე მიაქვს, გრიშას - უწყისები. თმაგაჩეჩილი მუშა ქაღალდის უზარმაზარ რულონს მოაგორებს, გზა, გზაო, იძახის, და ლიფტის კაბინას უახლოვდება.

ორი დიდი კაცი დგას ერთ დიდ კართან.

– გივი.

– გივი.

– გივი, ჩვენ ვართ!

პასუხი არაა. ერთი დიდი ყურს ადებს კარს, აყურადებს და არ უნდა იყოსო, ანიშნებს ამხანაგს, მასზე მომცროს.

გრძელ დერეფანს გადიან დინჯად, აუჩქარებლად. ერთი მანქანის გასაღების აცმა-რგოლს ატრიალებს ნეკზე. სოსო კედელს ეკვრის ზურგით, გზას უთავისუფლებს ორს.

– გივი არ არი! - ჩაილაპარაკებს ერთი სოსოს მისამართით.

ფეხით და წიხლით მიაგორებს უკანვე მერულე რულონს. სოსო გააყოლებს ქაღალდის მორგვს თვალს და ჩერდება იმ კართან, ორი დიდი კაცი რომ იდგა მანამდე.

– გივი... გივი! გივი, წავიდნენ!

უკან ბრუნდებიან.

მოდიან აუჩქარებლად, სოსო ზურგს ადებს კედელს, გზას უფართოებს ორ კაცს, ხვდება, გვერდს ვერ აუვლიან დიდები.

– გივი არ არის... - ჩაილაპარაკებს ნაკლებ დიდი. ამბობს სოსო მადლობას, თუმცა დიდები ვერ ხედავენ და მადლობას რატომ იხდის, ვერ ხვდება თვითონვე.

ფეხის კვრითა და წიხლით მოაგორებს უკან მერულე რულონს. გააყოლებს სოსო თვალს ქაღალდის მორგვს და ჩაიჩოქებს წინა კართან, დიდებმა რომ დატოვეს. ქვედა ღრიჭოში შეაცურებს "უცისფრო მთების" ბოლო ეგზემპლარს...

ოთახში არიან:

კოტე. კაკო. ბორია.

– ბორია, წაიკითხავ?

– რას, ბატონო სოსო? - ცალი წარბი აქვს აქაჩული ბორისს.

– "ცისფერ მთებს".

– არა მაქვს წაკითხული?

– არ ვიცი, თუმცა ის სხვა იყო, ეს სხვაა.

– აგი სხვაია, იგი სხვა?... - კაკო იცინის, - გომელაური არ კითხულობს პრინციპულად, დიდად პრინციპული კაცია, რაც მართალია, მართალია, სადაა ეგზემპლარი?

– ბატონ ვასოსთან.

– ამწნილებს? აქ ვერ მოიტანე პირდაპირ!

– მალე წავიკითხავო, გადასცემს ბელას, ბელა თქვენ...

– ერთი ცალი გამატანე მოძრაობის ოფისში, საჭიროა...

კითხვის ნიშნით მისჩერებია სოსო ამ წინადადების ავტორს, - კოტეს, თხელი კაშნე რომ აქვს ჩატნეული ზოლებიანი პერანგის გულისპირში.

– აინტერესებთ, რომ იცოდე.

– სწორს გეუბნება, თუ მოძრაობამ არ მოგხედა, არ გამოვა, ჩვენ რა, ჩათვალე, რომ მხარს გიჭერთ... - ბორისის მიხვედრაა.

– სოსო, ბევრი შეცვალე? - აღარ იცინის კაკო.

– საკმაოდ.

– დავინახე მე ის კაცი, ვითომ იგავ-არაკები რომ დააქვს სიაბანდად, ვულკანების ის არ იყო?..

– ვულკანოლოგი.

– არის შიგ?

– ნახავთ, წინასწარ არ მინდა გამხელა, გათავისუფლდები თუ არა, პირდაპირ გადმოგცემ, კაკო.

- რას? - როგორც ჩანს, ვულკანოლოგზე ფიქრობდა.

- "ცისფერ მთებს".

- აბა კაი რამეს კი არ გაიმეტებ, - იცინის, - არ გეწყინოს, ვხუმრობ...

– ხედავ?!

გრენლანდიის პეიზაჟს უყურებენ სამი თეთრი დათვის აკომპანემენტის ხმაზე ბატონო ვასო და მიშო, - მღებავი.

– ვხედავ, ძია ვასო, პირველად ვუყურებ?.. - ენას უკიდებს ჩვეულებრივად, ადრინდელივით.

– როდის გაიტან?

– როცა მეტყვით.

– მაინც?

– როცა გინდათ.

– მაინც?

– ჩემთვის სულერთია, როცა გინდათ!

– დღეს

– დღეს?.. - თანდათან უფრო ებმის ენა, ნაწილ-ნაწილ აწვდის თითქოს ვიღაც პირიდან სიტყვებს, - დღეს ვერა, ვასო ძია.

– აბა როდის?

– ჩემთვის სულერთია, როცა გინდათ.

– ხვალ?

– ხვალ ვერა, ვასო ძია... - მორცხვად ხრის რატომღაც თავს.

– აბა როდის?

– როცა გინდათ.

– ზეგ?

– ზეგ ვერა, არ მეცლება.

– აბა?

– როცა გინდათ, ჩემთვის სულერთია, როცა გინდათ...

– მაზეგ?

– მაზეგ? მაზეგ ვერა...

– აბა როდის?

– როცა გინდათ, ვასო ძია!...

– ეს ბზარი იყო აქ? - კედელს უსობს თითს სურათქვემოთ ვასო. ქაღალდებში ჩაგულისყურებული ბელა თავს აიღებს და გაოცებული მიაჩერდება კედელს კი არა, - ვასოს; მღებავი ბელას დააკვირდება და არა ვასოს არანაკლებ გაოცებული.

ვასო ჩორგოლაშვილი დასვრილ თითს დაჰყურებს, ბელას და მიშოს, იმავე მიხოს, ვერც ამჩნევს.

სოსო. იროდიონის ოთახშია.

– ...მე ექიმი ვარ, ჩემო სოსო, განათლებით, სპეციალობით დავიწყე მუშაობა, მერე და გვიან გადმოვედი ამ სისტემაში, ამ დარგმა გამიტაცა, თუმცაღა ძველი ხელობა არ დამვიწყნია, სხვამ იკითხოს თუ არა, ხეზე რომ დამსვა, ხეზე, იქ დავირჩენ თავს, ექიმი ვარ!

გადის. დეკორაცია არ იცვლება.

– ...რისი ექიმი იყო, სანიტრად მუშაობდა მორგში... - შუქრი გამელაურია.

– დაანებე შენ მაგ ლაპარაკს თავი!..


*******


ვასო ჩორგოლაშვილი გრენლანდიის ქვეშ კითხულობს და შუქრი გომელაურის ლაპარაკიც ესმის, როგორც ირკვევა.

– ასეა, ბატონო ვასო, მორგში მუშაობდა, ჰკითხეთ, ვისაც გინდათ, ბიჭოო, კი არ ვიგონებ ანდა კი არ მშურს, ძმაა ჩემი, იკითხეთ...

– არავის კითხვა არ მჭირდება... - უპასუხოდაც არ ტოვებს მოპასუხეს, - ვკითხულობ, რაღა უნდა ვიკითხო?!

– ასეა და, - ყავას სვამს ბელას მაგიდასთან შუქრი, - მორგი რა, მორგი არაა, სირცხვილია?!

– კიდევ ხომ არ მოგიდუღო? - მადუღარას ათითებს ბელა.

– არა, გმადლობთ, მეტი არა.

– მაშინ დაცალე, ჩაგიხედავ...

– ახლავე?

– ექიმი ვარო და მორგი პირველად მესმის, - ეღიმება ბელას.

– შენ ნუ აქეზებ მაგას, წასაკითხი არაფერი გაქვს?

– სანამდე არ გადმომცემთ ეგზემპლარს ვერ წავიკითხავ...

– ნახევარს მოგცემ, მესამედს! - სათვალეს იხსნის ვასო, თაბახის ფურცლებს ანაცვლებს, წაკითხულს წაუკითხავს უდარებს.

– ბარემ მორჩით, ბატონო ვასო.

– მე, მაგალითად, პრინციპულად არ ვკითხულობ... - ფინჯანს აყირავებს ლამბაქზე შუქრი, - ეს იცის სოსომ.

– მე მეგონა, არ იცოდა!.. - სათვალეს იკეთებს კვლავ, კითხულობს, ქალ-ვაჟის საუბარი ხელს არ უშლის მაინცდამაინც.

– ექიმი ვარ, ხეზეც ვიცხოვრებო და... - ფინჯანს ჩასჩერერებია ბელა...

– არის, ალბათ... რაც ვიცი, იმას ვამბობ, იმას ვიმეორებ და არა ვარ სწორი? ექიმიცაა, ვექილიც, პირველად გესმის?!

– და არა უკანასკნელად. თქმით კი, შუქრი, ყველაზე ამბობენ, სხვათა შორის - შენზეც.

– გააჩნია, რას და ვინ. ვინ ამბობს?..

– შენი ახლობლები, მეზობლები, მეზობელი საკნიდან, ხომ არ დავაკაკუნო ციხის ანბანით.

– გააგონებ მერე იმ ნარცისს, ცალი წარბი რომ აქვს აქაჩული?... საკუთარი ხმა არ ესმის, ძმაა ჩემი, მაგრამ ნარცისია.

– ნარცისს არაფერი უთქვამს.

– აბა იმ ღლაპმა, საადგილმამულო მოძრაობის აქტივისტმა რა უნდა თქვას ჩემზე?!

– კოტე? კოტე არც გამხსენებია..

– აბა კაკო, ბატონი აკაკი? ყველის ვაჭარივით რომ იკრიჭება?!

– ყველის ვაჭრები იკრიჭებიან? - თვალებს ასვენებს ვასო.

– ასეა ნათქვამი, ბატონო ვასო.

– ბატონო ვასო, ლერის ხომ არ დაურეკავს?

არ ესმის, ბელას მისჩერებია და სხვა საფიქრალი აწუხებს, როგორც ჩანს.

– ბავშვი უნდა გამოეყვანა, რატომ დააგვიანდა ნეტავ!

– ბელა, დიდი მადლობა, ბატონო ვასო, თუ გადაგრჩეთ, ერთი ეგზემპლარი გამოუშვით ჩემკენ, არ წავიკითხავ, მაგრამ მაინც...

– იროდიონი კარგი კაცია!

– მე სხვა არ მითქვამს, - ხელზე კოცნის გამელაური ბელას.

– დედიკო, დედიკო, - შემორბის გოგონა. სასკოლო ჩანთა წვერგაუპარსავ მამას უჭირავს, დგას, შუქრის მისჩერებია დაბღვერილი. გოგონა ჩანთას გაუხსნის, რვეულს ამოიღებს, დედას გაუშლის მაგიდაზე, ბატიფეხურ, წითელი მელნით ჩასწორებულ ნაწერს აჩვენებს.

– ლერიკო! - ჩუმად ეუბნება ბელა ქმარს, ქუდი მოიხადეო, - ანიშნებს. ქუდს იხდის უხალისოდ, გახსნილი სასკოლო ჩანთა ნახევრად დაღმაა წასული.

სოსო აღებს კარს.

– შემოდი, სოსო.

– არა, ბელა, არ მცალია, ერთი უნდა შემოვირბინო, ერთი შემორბენა დამრჩა, ლერი, გამარჯობა!

გოგონას კოცნის. შოკოლადის ფილას აძლევს.

– მადლობა? - ახსენებს დედა.

– გმადლობთ! - მამა ამბობს.

– გმადლობთ! - შვილიც.

– დაამთავრეთ, ბატონო ვასო?

– ვამთავრებ, სხვებს მიხედე, ბელას მე გადავცემ.

– ბორია, წაიკითხავ ხომ?

– რად გინდა ლაპარაკი, რატომ მეკითხები? - უკვირს და ცოტას ბრაზობს კიდეც უდროოდ შუბლდაღარული, თმამოშვებული, ორმოც წელს, ჰა და ჰა, მიტანებული ლამაზი მამაკაცი.

– იმიტომ გეკითხებით, რომ შუქრიმ, - შუქრის უყურებს, - კატეგორიულად გამომიცხადა, არ წავიკითხავო!..

– კატეგორიულად კი არა, გადაჭრით, გადაჭრით გამოგიცხადე...

– შუქრი სხვაა, ჩვენ სხვა ვართ! - შუქრის თვალს უკრავს მოღიმარი კაკო.

– იროდიონი მოათავებს დღესვე სამაგიეროდ, მორჩება და ხვალვე გადასცემს წვერავას, თუ მოვიდა, თუ არ მოვიდა, კოტე, შენ გამოართვი, ნახევარი კაკოს მიეცი, გაცვლითი წესით წაიკითხეთ, თუ არ შეწუხდებით!

– კი, კი, კი, ეგრე ვიზამთ! - ნაჩქარევად ეთანხმება კოტე, - გადავცემ კაკოსაც.

– რას გადმომცემ? - იღვინთება კაკო, მოულოდნელად ეცვლება ხასიათი, - აბა კაი რამეს კი არ გაიმეტებ, ხომ ვთქვი ერთხელ! არ გეწყინოს, ვხუმრობ, თუმცა შენ რა იცი ხუმრობა, ყველაფერზე გული მოგდის, დამაცადეთ, კაცო, მელაპარაკება!

– მივდივარ, მოვრჩი, - ამშვიდებს სოსო, - კიდევ რა მინდოდა... კოტე, თუ ძმა ხარ, დამიგდე ცოტა ხნით ყური, ვასო ჩორგოლაშვილი თავის ეგზემპლარს გადასცემს ბელას, ბელას ხომ იცი, რა ჩვევა აქვს, ხან სად ტოვებს და ხან სად მიაგდებს ნაწარმოებს, ამიტომ წაკითხული გვერდები ააცალე როგორმე და თქვენში დაატრიალე კონვეიერულად, შემდეგ ჩამოკრიფე და დამახვედრე, ეს ორი დღე არ ვიქნები და არ დამაღალატო, ხომ არ დაგავიწყდება, რაც გითხარი?!

– როგორ გეკადრება! - სწყინს კოტეს, თვალების ციმციმითა და წამწამების ხამხამით რომ მისჩერებია სოსოს.

შუბლზე ქუდჩამოფხატულ იროდიონს უჯრა გამოუწევია და თავჩარგული ილუკმება. იქაც გრილა, ეტყობა. კონდენშეინერი შიშინებს ოთახში და წვეთავს ფანჯრის მიღმა. ჩვეულებრივად გაწყობილი ოთახის სტანდარტულობას, ამ შენობისათვის დამახასიათებელ ერთფეროვნებას კი დიდი და ძველი სეიფი უშლის ხელს. ვინ შემოიტანა და როდის, ვასო ჩორგოლაშვილსაც აღარ ახსოვს თურმე.

– ხომ არ დაგიწყიათ, ბატონო იროდიონ? - შუა კარშია გახიდული სოსო.

– დავიწყებ, შე კაი კაცო, რა დაგემართა! - უჯრას შესწევს და ტუჩებს იწმენდს, - დავიწყებ და დავამთავრებ, ფაქტიურად, შვებულებაში ვარ, მაგრამ მაინც, რა იყო, რა მოხდა?!

– ეს ორი დღე არ ვიქნები, ბატონო იროდიონ, და იმიტომ, ხომ არავისთვის გადაგიციათ?

– აქა მაქვს, ვისთვის უნდა გადამეცა, რა იყო, შე კაი კაცო, ჩემთან რომ არაფერი არ იკარგება, ხომ იცი... - ძველთაძველ სეიფს უტყაპუნებს ხელს, - წავიკითხავ და გადავცემ წვერავას, - მის წინ მდგარ ცარიელ მაგიდას უყურებს, - ორკვირიან ჯარშია გამოძახებული, სარეზერვოდ, თუ დრო არ გადაუვადეს, გამოვა დღეს, ხვალ, ზეგ, რა იყო, ბიჭო, პაჟარია?!

– ძალიან გთხოვთ, ბატონო იროდიონ!

– მე თუ თხოვნა მჭირდება კიდევ, აღარ ყოფილა საშველი! - სოსოს გასვლისთანავე აჩოჩებს უჯრას და დიდი ინტერესით იხედება შიგ.

ყოველმხრივ შემოზღუდული, ჩახუთული, დეფორმირებული შიდაეზო ქვანახშირის ნამსხვრევებით არის მოფენილი.

სხვადასხვა სიგრძისა და სისქის მილების რომელიღაც კვანძიდან ცხელი ორთქლის ჭავლი გამოდის და ზაფხულის მზით გავარვარებულ ჰაერს უერთდება.

რაღაც დანადგარი ხმაურობს ყურისწამღებად, ქაღალდის ობმოკიდებული რულონები, თაბაშირის ტორსები და ყოვლად გაურკვეველი დანიშნულების საგნებია თავმოყრილი გადახურულში.

ვიწრო გვირაბის მსგავს თაღოვან ალაყაფში შემოსულა უკუსვლით საბარგო მანქანა და მოსდგომია საჩეხს, სადაც ხელებდაკაპიწებული ოთარი და გრიშა დგანან.

ცელოფანის გამჭვირვალე პარკებით ეზიდება ორი მუშა შაბიამანს. ლურჯ, ლაჟვარდისფერ ტომრებს მიაპორწიალებენ და ალაგებენ სიმშრალეში. გრიშა უწყისებში იხედება, დროდადრო რაღაცას შლის და ასწორებს. შაბიამნით ხელებგალურჯებული, გულგაღეღილი ოთარი კმაყოფილი და დაფიქრებული შესცქერის ამ სურათს.

დახვეული კიბით შენობიდან ეზოში ეშვება სოსო. ახალი ეგზემპლარი მოაქვს და ოთარს უახლოვდება. ნაბიჯების ხმა ესმის ოთარს ამ ხმაურში. უკან იხედება და გაოცებული მისჩერებია ახალგამოცხადებულ ადამიანს.

სოსო ეუბნება, თქვენი ეგზემპლარი ვასოსათვის მიმიცია, თქვენ კი ვასოს ცალი გამოგატანეთო. თუ შეიძლება, გამოვცვლი, შეცდომას გამოვასწორებო. ოთარი რაღაცას ეკითხება, მაგრამ ხმაურში არც ერთის ხმა ისმის, არც მეორესი.

შენ რაც მიბოძე, იქა დევსო, მიანიშნებს ოთარი თახჩისაკენ, რომლის დანოტივებულ თაროებზეც "ცისფერი მთების" გარდა ტუჩმოტეხილი დოქები და გაფუჭებული ელექტროხელსაწყოებია შემოწყობილი.

სოსო თაროზე შემოდებულ ეგზემპლარს ათვალიერებს, თავისას უდარებს, ოთარს ანიშნებს, ეს მიმაქვს, ამას ვტოვებო, კარგი თქვენ გრჩებათ, ნაკლებად კარგი თან მიმაქვსო. ერთი მიაქვს და ერთს ტოვებს მართლაც და მიდის, დახვეული კიბით ბრუნდება უკან.

ვასო ჩორგოლაშვილის ოთახში შედის.

– ბატონო ვასო, გამოვცვალე, თქვენი ამოვიტანე და იმისი ჩავიტანე.

– კი მაგრამ, რა მნიშვნელობა ჰქონდა? - სათვალეს იკეთებს, საქაღალდეს ხსნის, თავფურცელს აკვირდება, - არის განსხვავება?

– არის, შეიძლება ითქვას, არსებითი, მაგრამ წესი წესია... ბელას გადასცემთ ხომ, ბატონო ვასო?

– გადავცემ კი, - ზონარს კვანძავს.

– ბელა, - ბელასაკენ იხედება სოსო, - დაიწყებ თუ არა, კოტე მოგაკითხავს და ნაწილ-ნაწილ გაატანე, დიდ ოთახში დაატრიალებენ და ისევ უკან დაგიბრუნებენ, თუ ვინიცობაა არ გამოვჩნდი, შემინახე. ბატონო ვასო, საჩქაროა, ხომ იცით.

– საჩქაროა ყველა, რაც აქ მოდის, რაც ჩვენამდე აღწევს, ყველა საჩქაროა, თუმცა შენ მაინც ჩვენი ხარ, ასე თუ ისე... რაიმე რეალური საქმისათვის მოგეკიდა ხელი, მამაჩემსა აქვს ცხონება, უკეთესი იყო, მაგრამ შეგასმენს ვინმე რამეს, ამოდენა თემას, პროექტს, რაც ერქვა და რაც დაერქვა, არც კი უნდა შესჭიდებოდი, შენ არა ხარ ამათი კაცი, თუმც ახალგაზრდა ხარ შედარებით...

– როდის უნდა გააკეთოს, ბატონო ვასო, ადამიანმა ის, რისი გაკეთებაც იმ დროს შეუძლია და რომლის გასაკეთებლადაცაა მოვლენილი ამქვეყნად?!

– მივლენილი და მოვლენილი არ ვიცი, მთავარია, ფინანსური მხარდაჭერა...

– მაქვს, მპირდებიან.

– ცოტა ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ ასეა, ჩვენ არ დაგაყოვნებთ, ისე, მარტო სიტყვისა და დაპირების იმედზე ნუ დარჩები, გირჩევ. ცოტა რამე გამეგება ამ სისტემისა, წავიდაო შენი დროო, ზოგიერთი ფიქრობს, არ წასულა, არც წავა, ტანკში ვიჯექი, შენ რომ დაბადებული არ იყავი!

დირექტორი მოვიდა.

სწრაფად, თავდაჯერებულად გადაიარა დერეფანი.

– თინა, გამარჯვება!

და სწრაფად შეიხურა კაბინეტის კარი

ფიქრებად წასულმა ჩადარაჯებულმა მოქალაქემ, იგავ-არაკების თაობაზე რომაა გარჯილი, სიტუაციის შეფასება ვერ მოასწრო.

– ეს იყო?

– ეს იყო, ბატონო! - ბატონობით, თუმცაღა საკმაოდ აგდებულად, უპასუხა მოქალაქეს და ტელეფონის ყურმილში ჩაჰბერა ფრთხილად თინამ:

– მოვიდა!

– იქნებ მოგეხსენებინათ, ყუფარაძემ რომ დარეკა, ბოდიშს ვიხდი, გაწუხებთ...

– მოითმინეთ.

– სოსო, მოსულა! - ბელაა.

– არიქა! - დაიღრიჯა ვასო და სოსოს გახედა ალმაცერად, - მოსულა!

წყლის ჩხრიალი ისმის კაბინეტის საშინაო ოთახიდან, ხელების მშრალებით გამოდის, სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება სამუშაო მაგიდას, სულს უბერავს, პრიალა ზედაპირზე დაჩენილ საკუთარ ლანდს აკვირდება ერთი წამით, თმას ისწორებს და ფანჯარასთან მიდის.

– სოსო, როგორა ხარ? - ზონარს ქაჩავს, ფარდებს ხსნის შრიალით, - შემომასწარი თუ აქ გეძინა?

– გმადლობთ, კარგად, - პასუხობს სოსო და შუა ოთახში ისვეტება სუნთქვააჩქარებული, - ახლა შემოვედი.

– სად იყავი?

– ვმუშაობდი, ბატონო ვაჟა, გადმოგცათ ხომ თინამ?

– კი, როგორ არა, რა უნდა გადმოეცა?

– "ცისფერი მთები"

– თუ ხიდები?

– მთებად გადავაკეთე...

– შენცა ხარ რა... - მოტობურთის მოედანს დასჩერებია, მოტომხედრებს უყურებს. უხმოდ ბრუალობენ მანქანები წიდასფერ კალოზე, ჰაერში აფრქვევენ აირს, აბოლქვებენ რუხ მტვერს. დირექტორი ფანჯარას შორდება, უახლოვდება მაგიდას, სადაც უკვე ერთდროულად წკრიალებს რამდენიმე ტელეფონი, ერთ-ერთის ყურმილს დასწვდება.

– დიახ, გისმენთ, დიახ, დიახ... - მეორე ყურმილს იღებს, - დიახ, არა, იქ არ მოხვდით... დიახ, დიახ, დიახ... - მეორე ყურმილს დებს.

– სამი წელი სიცარიელეში ვარ, ბატონო ვაჟა!..

– დიახ, დიახ, კი, გისმენთ, დიახ, რაში ხარ?

– სიცარიელეში.

– დიახ, დიახ, კი, კი, კი, დიახ, კი, დიახ... - პირველ ყურმილსაც დებს, მესამეს უფათურებს ხელს, - რაო, რაში ვარო? - მესამე ყურმილს იღებს, - დიახ, დიახ, კი, კი... - თვითონვე რეკავს, - რაში ვარო?

– სიცარიელეში, ბატონო ვაჟა, დროისა და სივრცის შეგრძნებას ვკარგავ თანდათან.

– რატომ, ბიჭო, მერე, რატომ... (ყურმილში) ხო, კი, ხო, გამოვიდეს მანქანა! - ყურმილებს ალაგებს თანმიმდევრობით, დგება, ფანჯრიდან იხედება, მოტობურთის მოედანს უყურებს, ბრუნდება და თავის გამოსახულებას აჩერდება მაგიდაზე.

– აწი აღარ უნდა გამაკავოთ, ბატონო ვაჟა... გაკავება მინდა მე კიდევ!

– დავაგვიანე, მგონია, - საჭირო ოთახშია დირექტორი, - შეიძლება ამ დროს დაძახება? ძაღლი არ გაიგდება გარეთ, ისე ცხელა. დეფიციტში გარღვევა გაქვთო. გარღვევა გვექნება, აბა რა იქნება, ჩვენ არ ვიცით ვითომ რა გვაქვს და რა - არა, შენ არ იცი? ყველამ იცის, რა გამოდის მერე ამ ცოდნიდან? ცოდნა რას გიშველის? მიზეზი? მიზეზს ვინ კითხულობს, ანდა რატომ უნდა იკითხონ? თუ იკითხავენ, გამოჩნდება კიდევაც, უმიზეზოდ არაფერი ხდება!.. - წყალი ეშვება უნიტაზში ხრიალით. მოშლილი ონკანი ძაგძაგებს რაკარუკით.

– პირველი პირი შევარჩიე, ბატონო ვაჟა, საგანგებოდ თქვენთვის, ადვილად იკითხება.

– გაატარონ კანცელარიაში... - ხელების მშრალებით გამოდის, მოშლილი ონკანის ძაგძაგის ხმა წყდება, წყლის ჩხრიალი აღარ ისმის.

– ძალიან გთხოვთ, ბატონო ვაჟა!

– შენც რა უცნაური კაცი ხარ, რად მინდა ამდენი ბატონო და თხოვნა. აბა მე აქ რისთვისა ვარ, აბა მე აქ რას ვაკეთებ?! შემომიტანს თინა და წავიკითხავ. გაატარეთ მხოლოდ კანცელარიაში, ნომრის დასმა არ დაავიწყდეთ. შენი საქმე იყო მოტანა, მერამდენედ მოგაქვს, ვეღარ გავარკვიე, მოიტანე და მადლობელი ვართ...

– ტელეფონის ყურმილს დასწვდება კვლავ, - ალო, დიახ, დიახ, დიახ, გისმენთ, კი, დიახ, დიახ, კი, კი, დიახ... მოიტანე და კარგიც ქენი ძალიან. დიახ, დიახ... ჩვენც გვეჩქარებოდა, სხვათა შორის... დიახ, დიახ, კი, კი... ამ ბატონოს ძახილს დაანებე თავი... დიახ, კი, დიახ... - ყურმილს დებს, საათზე იხედება. თინა შემოდის, ქაღალდების გროვა მოაქვს.

– მურმანიძის რეზოლუცია ადევს?- შორიდან ეკითხება დირექტორი.

– იმას არა, ბატონო ვაჟა.

– ზევით ააგზავნონ მაშინ, უთხარი ოთარს, რას მიკეთებენ, მეტი რა საქმე აქვთ-თქვა... ეს რა არი? ცისფერი მთები, მთები, გაატარე და შემომიტანე. არა, ეს იმას, ეს ზევით, ეს ოთარს... - ზოგს აწერს, ზოგს - არა, - სულ მავიწყდებოდა, - უჯრიდან მოსაწვევები ამოაქვს, - ეს გამომართვი, დასწრება სავალდებულოა, მე არ მეცლება, სამწუხაროდ, დანარჩენები უკლებლივ გამოცხადდნენ დიდ დარბაზში, სოსოსაც ეხება, სხვათა შორის, ბიჭებსაც დაურიგებს...

– მოსაწვევებს ორად ჰყოფს, ბევრს მდივანს აჩეჩებს, ცოტას სოსოს უტოვებს, დანარჩენ ქაღალდებს, ძველებს, ახალშემოტანილებს, ახორხლებს და თინას უბრუნებს. თინა არ მიდის, რაღაცის თქმა უნდა. რა გინდაო, ხვდება დირექტორი.

– ვიღაც კაცია, ყუფარაძემ დარეკაო, იგავ-არაკების საკითხზე ვარო...

– დამელოდოს.

– მიიღებთ?

– ვერა, - საათზე იხედება, - სესხბანკში უნდა ვიყო უკვე, თუ მიკითხავენ, მშენბანკში ვარ, აღარც ერთი დაგვჭირდება მალე, აღარც მეორე, ჩვენც მოვისვენებთ, შენც, ჩემო სოსო, თინაც, ყუფარაძეც, ვინაა ეს ყუფარაძე? ამ ტელეფონმა თუ დარეკა, წამოვიდა-თქვა, - კარს აღებს, გადის, - სოსო, აქ რაღაც ხდება, რაღაც ინგრევა და რის ხარჯზე, არ ვიცით ჯერ. რეფორმააო... ჩვენ საზოგადოებრივი წარმონაქმნი ვხდებით.


*******


გულზე ახუტებული ქაღალდებით და მოსაწვევებით გამოდის თინა მოსაცდელში.

– შეიძლება? - კითხულობს გამხდარი მოქალაქე და კაბინეტის კარს მისჩერებია.

– არ გახლავთ, ბატონო, წავიდა.

– ბოდიშს ვიხდი, უკაცრავად კი ვარ, მაგრამ გარეთ რომ არ გამოსულა?

– ცოტას ნიშნავს, რომ არ გამოსულა... - თავისთვის ამბობს თინა და საქაღალდეებსა და მოსაწვევებს დასჩერებია საგონებელში ჩავარდნილი.

– თინა, არ დაგავიწყდეს, ხომ იცი... - უჯრაზე ათითებს სოსო, - აქ ჩავდევი.

– ვხედავ, სოსო, არ დამავიწყდება, როგორც მოვა, შევუტან! - ეუბნება ყურადღებადაფანტული ქალი; ხან გამხდარ მოქალაქეს უყურებს, ხან სოსოს, არ იცის, რომელ ერთს გასცეს პასუხი.

– ხვალ შეიძლება რომ დაველოდო, დიდ ბოდიშს ვიხდი!

– დაელოდეთ, ბატონო.

– ორიდან დღის ბოლომდე აქვს არა დალოდების საათები?

 ორიდან დღის ბოლომდე.

მოტომოედანზე ხმელ, ყვითელ ფოთლებს ათამაშებს ნიავი. ზანტად გამოჰყავთ მოტომხედრებს მანქანები. ფიცარნაგზე ჯმუხი კაცი დგას. ტყავის მოკლე კურტაკი აცვია და ხელში უჭირავს საყვირი, მენავთეები რომ ხმარობდნენ ძველად.

ბელა მოაბიჯებს ბადურა ღობესთან, საყელოაწეული საწვიმარი აცვია, პატარა გოგონასათვის ჩაუჭიდია ხელი. ავადმყოფური შესახედაობის, თვალებგადმოქაჩულ მამაკაცს გოგონას სასკოლო ჩანთა უჭირავს, მოედნის ბოლოში, გაძარცული ალვის ხეების ქვეშ ჩერდებიან; ხმელ, ყვითელ ფოთლებში დგანან და ხმას არ იღებენ. ფიცარნაგზე შემდგარი ჯმუხი მამაკაცი მენავთის საყვირს ბერავს და ახმიანებს, შემოდგომის ჰაერს ფხრეწს ამ ხმით, მაგრამ ფსევდოკლასიკური შენობის ფანჯრებს ძვრას ვერ უშვრება. გრენლანდიის პირქუშ პეიზაჟამდე არ აღწევს საყვირის ხმა.

– მე არა მაქვს ამ სურათის გატანის უფლება, პატივცემულო ვასო!

– ვისა აქვს, აბა? ხომ დაადო, გრიშა ბატონო, ამ დასაწვავ განცხადებას ოთარმა რეზოლუცია. როდის გაიტან, შენ გეუბნები!

– როცა გინდათ, ბატონო ვასო! - პასუხობს მღებავი და ბელას ეგზემპლარში აქვს ჩარჭობილი ცალი თვალი.

– მურმანიძეს უნდა მოეწერა ხელი...

"გრენლანდიის" ქვეშ დგანან. მღებავს დასაკეცი კიბე მიუყუდებია კედელზე, ბელას მაგიდასთან ხელნაწერს კითხულობს.

– ...და საერთოდ, - განაგრძობს გრიშა, - სანამ დირექტორი არ მიბრძანებს, ამ სურათს ხელს ვერ ვახლებ. თქვენც დირექტორის სახელზე დაგეწერათ, რა მოხდებოდა, ბატონო ვასო!

– ყველას სახელზე მაქვს დაწერილი... დადევი, თუ კაცი ხარ, მაგ ქაღალდები, აირევა ერთმანეთში... ვწერ და ვწერ, ამ სურათის გატანას კი არ დაადგა საშველი!

– უკაცრავად! - ამბობს მღებავი. თაბახის გვერდებს მაგიდაზე აბრუნებს და შორიდან დასჩერებია თვალწაჭუტული, რას კითხულობს იმსიშორიდან, თანაც ცალი თვალით, გაუგებარია.

გამხდარი მოქალაქე, იგავ-არაკები რომ აქვს მოტანილი, შემოყოფს კარში თავს. მოდავეებს გადახედავს და გაუჩინარდება.

– მეყო მე განცხადებების წერა, ყველაფერს საზღვარი აქვს, გაიტანეთ! - კატეგორიულად და ოდნავ პათეტიკურადაც კი მოითხოვს ვასო.

– თქვენ მე ნუ მიყვირიხართ და ნუ მაშინებთ, პატივცემულო ვასო, ადვილი გგონიათ ხომ ხელოვნების ნაწარმის გადაგდება! - იქედნურად კითხულობს იგი.

– ეს არ არის ხელოვნების ნაწარმი და არც ნაწარმოები, ეს არის "გრენლანდიის პეიზაჟი" და მეტი არაფერი. ამ სურათს არავითარი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, ჩემის აზრით, რასაკვირველია, გაიტანეთ-მეთქი, არსად არ ვაგდებ, გაიტანეთ!

ბელა აღებს კარს ამ ლაპარაკში, მღებავს ხედავს და ანაბეჭდ გვერდებს აცქერდება იჭვის თვალით. საწვიმარს იხდის, მღებავის შემოთავაზებულ სამსახურზე უარს აცხადებს, თავადვე კიდებს კუთხეში.

– არ აგდებთ კი არა, აგდებთ, მთელ გრენლანდიას აგდებთ!.. - ხმას უწევს გრიშაც, — აგდებთ იმიტომ, რომ გეშინიათ, თავში არ დაგეცეთ!

მკლავებმოშიშვლებული, მკერდამოფეთქილი ბელა მაგიდასთან ჯდება. რა წესია, ნეტავი ვიცოდე, სხვისი ნაწერების კითხვაო, ლაპარაკობს მღებავის მისამართით; თაბახის გვერდებს აგროვებს, ნომრავს, გვერდს გვერდს უდარებს.

– მე არაფრის არ მეშინია, - წონასწორობას კარგავს ვასო ჩორგოლაშვილი, - არაფრის არ მეშინია, მე ჩემი დღე გავლიე და გინდაც დამეცეს, არ მეშინია. მე ტანკისტი ვიყავი ომამდე, იცით თუ არა ეს თქვენ!

– ტანკისტი კი არა, ის იყავი, მაგიც გამოსარკვევია, რა იყავი! - ხმას უწევს გრიშა.

– ვის უბედავ! - ხმა უწყდება ვასოს.

– ბატონო ვასო! - თავს ახსენებს შეწუხებული ბელა. დგება, წყალს ასხამს ჭიქაში და აწოდებს. ვასო აკანკალებული ხელითა და კბილის პროთეზის მინაზე რაკუნით სვამს წყალს. შეშინებული მღებავი წასასვლელად ემზადება, კიბეს ბეჭს უყუდებს.

– ქვეყანამ იცის, ვინ ვიყავი და რა ვიყავი. ახლავე ზევით ავალ! - სულს ძლივს ითქვამს ვასო.

– სადაც გინდა, იქ ადი! - იბარებს გრიშა და მიდის, კარში ახრიგინებულ, ბეჭზე კიბეგადებულ მღებავს მიჰყვება.

ვასო ვალიდოლს იდებს პირში.

– ღირდა, ბატონო ვასო, ამად, ექიმს ხომ არ დავუძახო?

– ტანკისტი იყავი თუ არა, გამოსარკვევიაო, ვაჩვენებ მე მაგას, ვისი საქმე არის გამოსარკვევი! - ისევ იფეთქებს და "ცისფერი მთების" საქაღალდეს სტაცებს ხელს, - ახლავე ზევით ავალ!

– კარგი, ბატონო ვასო, ნერვებს ნუ აჰყვებით, გინდა ზევით ადით, გინდა ქვევით ჩადით, ხომ იცით, არაფერი არ გამოვა!

– მაგას როგორ შევარჩენ, მაგას ვაჩვენებ, რა მაკადრა, გამოსარკვევიაო! - "ცისფერი მთები" მიაქვს და მიდის, კართან ატუზულ გამხდარ მოქალაქეს ეჯახება.

– უკაცრავად, - თვითონ იხდის გამხდარი მოქალაქე ბოდიშს, - თქვენ რომ დამიბარეთ...

– შებრძანდით და დამელოდეთ! - უხეშად აწყვეტინებს, უხმო მუქარით, "ცისფერი მთების" ქნევით მიაბიჯებს დერეფანში, საპირისპირო მხრიდან მომავალ ლანდად ქცეულ მოლარესაც ვერ ამჩნევს.

– იროდიონი არი? - ყოველგვარი შესავლისა და მისალმების გარეშე ეკითხება მოლარე.

– იროდიონი არა, ფლავი, რის იროდიონი, რა იროდიონი! - უკანმოუხედავად მიბურდღუნებს ვასო.

– რა დაემართა, ბოშო, ამ ადამიანს? - თვალს აყოლებს გაოცებული ქალ-ლანდი და მოწყვეტით, გემის კაიუტაში რომ ემართება ღელვის დროს ხოლმე ადამიანს, იდრიკება, ხან ერთ კედელს აბჯენს ხელს, ხან - მეორეს და მოულოდნელად შეშდება; თვალდაჭყეტილი ელოდება კიდევ რაღაცას.

ლურჯსაწვიმრიანი, გამხდარი მოქალაქე ვასო ჩორგოლაშვილის მაგიდასთან დგას. შლაპამოქცეული და პორტფელის სიმძიმით მხარჩამოგდებული იხედება ზევით და ქაღალდებში თავჩარგულ ბელას ეკითხება:

– ეს ბზარი იყო?

– ბატონო? - კრთის ბელა, მაღალ მკერდზე იფარებს ხელისგულს, პულსის ფეთქვას ისინჯავენ ან მკერდის სიმხურვალეს ამნაირად.

– უკაცრავად, ბოდიშს ვითხოვ, მოგაცდინეთ, შემოგეჭერით, პატივცემულმა ვასომ მთხოვა, დამელოდეო, თანაც ეს ბზარი იყო თუ არა ადრე, გაგება მინდოდა...

– ის ბზარი? იმაზე ამბობთ? შეიძლება იყო კიდეც, ვერაფერს გეტყვით, დაბრძანდით, ბატონ ვასოს შეიძლება დააგვიანდეს.

სართულსა და სართულშუა ლიფტია გაჩხერილი. ვასო ჩორგოლაშვილი დგას კაბინაში და "ცისფერ მთებს" კითხულობს. ერთ სართულზე ფეხები უჩანს, მეორეზე ტანითაა ამოსული.

– ბატონო ვასო, დაამთავრეთ? - შორიდან ეკითხება სოსო. ახლახან ამოუთავებია კიბე და მოაჯირზე მკლავდაყრდნობილი, დაღლილი და წელში გახრილი მისჩერებია ჩორგოლაშვილს.

– ვამთავრებ, - სათვალეს იხსნის ვასო და ილინცურად იხედება ცხაურში, საიდან მოდის ეს ხმაო, აინტერესებს, - შენა ხარ? ვკითხულობ. მხოლოდ სრული ეგზემპლარი არა მაქვს, პირველი მეოთხედი კოტეს გავატანე, მაგრამ ბოლო მერვედიც არ ჩანს. ვის შეაქვს და ვის გამოაქვს ჩემი ოთახიდან, ვერ გავიგე... ამას მოვრჩები მალე.

– დაგელოდოთ, ბატონო ვასო?

– რა უნდა დამელოდო, კაცო, ამას დილამდე ვერ წავიკითხავ, სახლში უნდა წავიღო.

– ლიფტიდან გამოსვლამდე დაგელოდოთ თუ არა-მეთქი.

– წადი, შენ საქმეს მიხედე, წააკითხო იქნებ დანარჩენებს და მოვრჩეთ დროზე. ისე, რაიმე რეალური საქმისათვის მოგეკიდა ხელი, მამაჩემსა აქვს ცხონება, ჯობდა, მაგრამ შეგასმენს კაცი?!

სოსო დერეფანში მიდის, ზურგიდან ჩანს და ეს ბოლო სიტყვები აღარც კი ესმის. ბორია მორბის საწინააღმდეგო მხრიდან. სოსოს დანახვაზე ანელებს ნაბიჯს, თუმცა არ ჩერდება.

– ვკითხულობ, ვკითხულობ... ჩემი ეგზემპლარის ნახევარი კაკოს წაუღია ციხისძირში, ჩამოვა დღეისსწორს და ჩამოიტანს, მოვალ მალე, მიდი, მოვდივარ, იქ არიან ბიჭები, გამარჯობათ, ბატონო ვასო!

დერეფნის ბოლოში გამშპარ ბორიას აყოლებს სოსო თვალს და რამდენიმე თანამშრომელს ესალმება, მისდა უნებურად აღებს გვერდითი ოთახის კარს, წიგნის კითხვით გართულ, საწერი მაგიდის ქვეშ ფეხებგაჩაჩხულ, ნაბდისქუდიან შუქრის ხედავს.

– იცი შენ, რატომაც არ ვკითხულობ! — ეუბნება შუქრი და წიგნს თვალს არ აშორებს.

ზედმიწევნით ფრთხილად ხურავს კარს ოთახიდან გარეთ გამოსული სოსო და გაჩქარებით მომავალ ოთარს აწყდება დერეფანში.

– წავიკითხე, სოსო, შენი "ცისფერი ხიდები"... — ჩერდება მოულოდნელად, სოსოს მკლავში ხელს ჰკიდებს.

– მთები.

– მთები, ხიდები რა იყო. მომეწონა და კოპალეიშვილს გადავეცი. სერიოზულად გიმუშავია, აღარც უნდა მეტი წვალება. შაბიამნის ახალი პარტია მოიტანეს, არ გვჭირდება და მაინც მოაქვთ. ღია ცის ქვეშ რომ დავყაროთ, ულტრაიისფერი სხივები მოხვდება და სილურჯეს დაკარგავს, ამიტომ სიმშრალეში შევატანინე.

– დიდი მადლობა! - თავს ხრის სოსო.

– რის მადლობა! - ჩერდება გასაქცევად გამზადებული.

– "ცისფერი მთები" რომ წაიკითხეთ.

– მე მეგონა, შაბიამანზე მეუბნებოდი. რის მადლობა. უნდა წავიღოთ ჩვენ მაინც ფიზკულტურის ინსტიტუტში ოფიციალურად.

– შაბიამანი?

– "ცისფერი მთები", რა შუაშია შაბიამანი!

– აჰ, გასაგებია... რატომ უნდა წავიღოთ?

– ისე მაინც, ყოველი შემთხვევისათვის... მთებია, მწვერვალები, შემდეგ არაფერი თქვან... - მიდის და ამ ბოლო სიტყვებს უკანმოუხედავად ისვრის. სოსო ვასო ჩორგოლაშვილის ოთახს აპირდაპირებს, გზადაგზა სინჯავს რამდენიმე კარს, მაგრამ სხვაგან არ ჩერდება.

გამხდარ მოქალაქეს პორტფელი იატაკზე უდევს და გულზე ხელებდამწყვდეული იხედება ზევით, ხან სურათს უყურებს, ხან - ბზარს, მართლაც ახალდაკლაკნილს რომ ჩამოჰგავს. სოსო მოქალაქეს ესალმება, ბელას მაგიდასთან ჩერდება. ერთმანეთს უყურებენ, ხმას არ იღებენ.

– სოსო, დაჯექი, — თავს აწევს ბელა, მიბნედილ თვალებს იფშვნეტს. სტუმარსაც აქცევს ყურადღებას, ფეხზე რატომ დგახართო, ეუბნება.

– არა უშავს... - იშმუშნება მოქალაქე.

– შეიძლება დააგვიანდეს ბატონ ვასოს.

– არა უშავს.

– ნამდვილად დააგვიანდება, ლიფტშია გაჭედილი! - უხსნის სოსო.

– კიდევ? - თავისთვის ამბობს ბელა.

– ნუ ლაპარაკობთ! - წუხს მოქალაქე, შლაპას ისწორებს, პორტფელი მიაქვს და მიდის.

– დაამთავრე, ბელა?

– დავიწყე და გავწყვიტე, ერთი უნდა დავრეკო, მიიყვანა ნეტავი ბავშვი თუ არა?.. ოთხშაბათია ხომ დღეს?.. - რეკავს, - მხოლოდ ნახევრის ნახევარი აღმოჩნდა ჩემთან, დანარჩენი ხაბურზანიას წაუღია. მე რა დამიტოვეს, ერთი განახვა. არ არიან ნეტავი შინ? - უჯრიდან თაბახის გვერდები ამოაქვს, ტელეფონსაც არ ეშვება, — თანაც მერამდენე პირია, ვინ იცის, ვინ გადაბეჭდა? არაფერი ჩანს თითქმის, ცუდად იკითხება, სოსო, ნახე.


*******


სოსო ქაღალდებს დასჩერებია და ნახევრად შიშველი მკერდისაკენ გაურბის თვალი. ქალი ამ მზერას გრძნობს. ვერ რეკავს. ყურმილს დებს და გულისპირს ისწორებს, თუმცა სიშიშვლის დაფარვასაც არ აპირებს.

– ბოლო ერთი მერვედი და წინა ერთი მეოთხედის ნახევარი დაჰკლებია ვასოს, - უხსნის სოსო, მაგრამ ბელა ყურს არ უგდებს.

– ეტყობა, არ მუშაობს იმათი ტელეფონი, უნდა გავიდე, აქ იქნები?

– არა, მეც გამოვალ.

მღებავ მიხოს გრძელი სინა უჭირავს და ლიფტის კაბინის ძროს კანალიზაციის მილივით უჩუჩხურებს. გრიშა უწყისებს ჩასჩერებია და კითხვით გართულ ვასოსაც ელაპარაკება.

– დღის ბოლომდე გაგათავისუფლებთ, არ შეგეშინდეს!

– არხეინად იყავი შენ, მე არაფრის არ მეშინია... ტანკისტი ვიყავი ომამდე! - საქაღალდეს კეცავს, ზონარით კრავს.

– ტანკისტი კი არა, ის იყავი... - თავისთვის ამბობს უწყისებში თავჩარგული გრიშა.

– რა ხდება? - მორიდებით კითხულობს გამხდარი მოქალაქე, პორტფელითა და დაძმარებული სახით რომ მისდგომია ცხაურს.

გრიშა უწყისებს კეცავს და არამკითხე უცნობს აკვირდება.

ბელა და სოსო ლიფტის კაბინას უახლოვდებიან ლაპარაკით.

– ბენდექსია ჩაშლილი, - უხსნის მღებავი და დაგრეხილ სინას ვეღარ აძრობს.

– რელე უნდა გამოვიღოთ! - აცხადებს მოქალაქე, პორტფელს დებს, საწვიმარს იხდის, ლიფტიდან გამოშვერილ მავთულზე კიდებს, ხელებს იკაპიწებს და დანარჩენების ყურადღებასაც იმსახურებს.

– ბატონო ვასო, შესვენებაზე გავდივარ, შეიძლება ვერ დავბრუნდე! - იძახის მოახლოებული ბელა, პასუხს არ ელოდება, კიბისაკენ უხვევს ფეხსაცმელების კაკუნით.

– ჰო, კარგი, - პასუხობს ვასო უხალისოდ.

– შეიძლება დავბრუნდე კიდეც, თქვენ მანდ იქნებით?

– ისე მართალი ხარ, - პატარა პაუზის შემდეგ ამოილაპარაკებს ვასო, - გინდა ზევით ადი, გინდა ქვევით ჩადი, სულერთია...

– პრემიები იქნება, ბატონო ვასო, თუ იცით?

– არ ვიცი.

– როდის იქნებაო, არ უთქვამთ?

– არა.

– კარგი მაშინ, მე წავედი, შეიძლება არ დავბრუნდე... - თავქვე ჩადის, სადღაც იქვე კიბის პირველსავე ხვეულში იკარგება წვრილი ქუსლების კაკუნი.

– ბატონო ვასო, ოთარმა წაიკითხა და ძალიან მოეწონა! - ახსენდება სოსოს.

– რა გაყვირებს, კაცო, შენ წყალგაღმა ხომ არ გგონივარ! მოეწონა... ოთარს პასუხს მოთხოვს ვინმე თუ თავის ნათქვამს ვერ გადათქვამს!.. ჩვენი სიტყვა იწერება, ლაპარაკში ხელფასს გვაძლევენ...

– პრემიასაც, - ურთავს გრიშა.

მკლავდაკაპიწებული მოქალაქე და მიხო დაგრეხილ სინას აძრობენ კაბინის ძროდან ამასობაში.

– ამოდენა ფანტაზიას, ამოდენა თემას!.. - განაგრძობს ვასო, - სად არის მერე ამნაირი სიყვარული, გინახავს შენ? კარგი, ამას თავი დავანებოთ, დაუკრეფავში გადადიხარ, ჩემო კარგო; შეიძლება-არ შეიძლებას, არ კითხულობ... ამხელა ამბავს არ უნდა შესჭიდებოდი, ახალგაზრდა ხარ ჯერ, რაც არ უნდა იყოს! - საქაღალდის ზონარს ხსნის და ხელახლა კვანძავს.

– აბა როდის უნდა გავაკეთო, ბატონო ვასო, ის, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია? - ბატონი ვასო რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ აღარ აცლიან.

– დავიხიოთ, ბატონო ვასო! - ისე აშორებენ გისოსებს, თითქოს უკანასკნელი სიტყვის დაბარებას არ აცლიან.

– რაც გინდა, ის გააკეთე... - შორიდან ეძახის სოსოს, - ღმერთმა ხელი მოგიმართოს, გავიტანოთ საბჭოზე და საბჭომ გადაწყვიტოს!

უცნაური ხელსაწყო ამოუღია პორტფელიდან მოქალაქეს, წაჩოქილი მისჩერებია კაბინას და ფიქრობს. იატაკზე წვება ბოლოს ყველას გასაოცებლად; რაღაცას უჭერს, რაღაცას უშვებს და კაბინას ძრავს დაძაბული მაყურებლის თვალწინ. ცოტაც და, კაბინის კარიც იღება ჭრიალით. ვასო ჩორგოლაშვილს ათავისუფლებენ.

კაბინიდან გამოსული ვასო გამხდარ მოქალაქეს დასვრილ პერანგს უსუფთავებს ხელისგულით და სულის ბერვით. არა უშავს, არა უშავს, როგორ გეკადრებათო, წუხს მოქალაქე, პიჯაკსა და საწვიმარს იცვამს. ხელს ართმევენ ამის შემდეგ ერთმანეთს განსაკუთრებული მნიშვნელობით.

ბუფეტში სხედან და საუზმობენ უმადოდ. პატარა, ვიწრო ოთახში ორიოდე მაგიდა დგას კიდევ. უზარმაზარი ვენტილატორი და დიდი მაცივარი ზუზუნებს დაგუდულად. დახლზე ხელებით დაბჯენილი, დაფიქრებული სქელი ქალი ფარავს ბუფეტის ავლადიდებას. მსუბუქი ორთქლი ასდის ქვაბს მის ზურგს უკან, გამხდარ მოქალაქეს პორტფელი და შლაპა უდევს მუხლებზე. ვასო ლიმონათს უსხამს და პორტფელსაც დასჩერებია მოურიდებლად.

– იგავ-არაკებიც მანდა გაქვთ? - თუმცა კარგად ნახა, რკინები რომ ამოყარა კაბინასთან წაჩოქილმა.

– იგავ-არაკები? არა, აქ არა მაქვს. საერთოდ არა მაქვს. მაინტერესებდა, თუ გაინტერესებდათ. იქნებ სიუჟეტები შეგეძინათ, გაცვლითი წესით. აქ ისინი მაქვს და სასამსახურო და საპენსიო საბუთებიც მიდევს, ღირსების ორდენის ასლიც, რაღაც თანხაო, გერგებაო, ხელმოკლე ადამიანის ამბავი, ხომ იცით.

– კი, როგორ არა, მიირთვით ლიმონათი.

– გმადლობთ.

ბორია დახლთან, სიგარეტის კოლოფს ცელოფანის ქაღალდს აშორებს ტკაცუნით. ფულს იხდის და ცარიელ სკამზე დადებულ საქაღალდეს აკვირდება.

– გაამოთ, ბატონო ვასო, კითხულობთ?

– ახლა?

– საერთოდ. მთავრდება უკვე სამუშაო დღე და იქნებ გამატანოთ შინ, ალიონზე მოგიტანთ.

– აკლია ამას გვერდები წინ და უკან.

– არა უშავს, ნაკლულ გვერდებს მოვძებნი და შევავსებ... - ეგზემპლარი ხელში უჭირავს უკვე და ისე ლაპარაკობს.

– კი მაგრამ, მერამდენედ მიგაქვს? - გული ეთანაღრება მაინც ვასოს.

– არ დამითვლია, თუმცაღა რამდენჯერაც წავიღე, იმდენჯერვე დაგიბრუნეთ...

– არ დამიგვიანო, თუ კაცი ხარ.

– როგორ გეკადრებათ!.. - თმას ისწორებს, კედლის ჭორფლიან სარკეში იხედება თავწახრილი.

– ყუფარაძემაც დარეკა, მაგრამ რად გინდა, თქვენი დირექტორი ვერ მოვიხელთე... - არ ჭამს, უმადობასაც უჩივის, ეტყობა, მოქალაქე.

– დაკავებულია ძალიან.

– თქვენთან ძნელია მუშაობა, როგორც ვხედავ...

– ნუ იტყვი, აღარა ვარ კაცი...

– ყუფარაძემ რომ დარეკა, გითხარით?

– საერთოდ მეიგავე ხართ?

– საერთოდ - მარკშეიდერი.

– ბატონო?

– მარკშეიდერი.

– მე გავიგონე მარკშეიდერიო.

– სწორად გაიგონეთ.

– ადრე სხვა არ იყავი? - შენობით მიმართა.

– ვულკანოლოგი.

– მახსოვს კი, ბუნდოვნად.

– პირველ-მეორე ვარიანტში ეგრე იყო...

– ახლა, რა ბრძანეთ, რა ვარო.

– მარკშეიდერი.

– კარგად იყავი, ძია ვასო! - ამ საუბარსაც უგდებდა ყურს სარკეში მაცქერალი ბორია.

– კარგად, ბორია, არ დაიკარგო... მარკშეიდერი... - რაღაცას ანგარიშობს გუნებაში, - მაგნაირი შტატი ჩვენთან არ უნდა იყოს, არ იქნება, არა, ბატონო...

– ცხადია, არ იქნება, პრინციპში მარკშეიდერი ვარ, თუმცა ვულკანოლოგი, მონათესავე დარგია, იძულებით გავხდი, როცა კლიმატი შემიცვალეს, ვიმუშავე კამჩატკაზე, კლუჩევაია სოპკა.

– მე ინტაზე, შემდეგ ვორკუტა, ორმოცდაჩვიდმეტში გამომიშვეს...

ფეხზე ამდგარნი ხელმეორედ ართმევენ ხელს ერთმანეთს.

დერეფანში მოდიან მწყობრი სვლით. ვულკანოლოგს, რომელსაც ჩვენ დღეიდან მარკშეიდერს დავუძახებთ, პორტფელი ქაჩავს ცალ მხარეს, ბეჭს უგდებს, თუმც ვერ აძაბუნებს წლებში გამოჯეგილ კაცს.

– ჯერ მე შევალ, თუ დაგვიხვდა, თუ არა და, დაელოდეთ და როგორც მოვა, მიხმეთ!

– გაწუხებთ და არ ვიცი, რა ვქნა.

– წუხილისთვისაც ვართ გაჩენილი. ვინ დარეკაო, რა მითხარით, ვაშალომიძემ?

– ყუფარაძემ.

– ყუფარაძემ, გასაგებია. მარკშეიდერზე შევთანხმდით, არა?

– დიახ.

დირექტორი სამუშაო მაგიდასთანაა წახრილი, ორი ტელეფონის ორი ყურმილი უჭირავს ორ ხელში. ალისფერი ყელსახვევი უკეთია და იმგვარივე ფერის ცხვირსახოცი უდევს ზოლებიანი კოსტიუმის გულის გარეთა ჯიბეში. ერთ ტელეფონს უსმენს, მეორეთი - რეკავს. სოსო ადგას თავზე და ამ პროცესის დასრულებას ელოდება.

– ...დიახ, დიახ, დიახ, დიახ, კი, კი, კი, კი, კი... დიახ, დიახ, დიახ, დიახ, დიახ, კი, კი, კი... გასაგებია... (მეორე ყურმილში) რომელი ხარ? (პირველში) დიახ, დიახ, დიახ, დიახ, კი, კი, კი... (მეორეში) გამოვიდეს! - მეორე ყურმილს გადადებს, პირველს უსმენს, - დიახ, დიახ, დიახ, კი... (სოსოს) შეიძლება ამდენი?.. (ყურმილში) თქვენ არა, დიახ, დიახ, დიახ, დიახ, დიახ, კი. გასაგებია... - ყურმილს დებს, მაგიდას შორდება, მაცივრის კარს აღებს, ბორჯომს ისხამს ჭიქაში. ტელეფონი რეკავს.

– მომეწონა შენი "ცისფერი ხიდები", წავიკითხე... - ყურმილს დასწვდება, ბორჯომით აშხეფებულ ჭიქას დგამს მაგიდაზე.

– მთები, - ახსენებს სოსო.

– მთები, - იმეორებს დირექტორი.

– გადავაკეთე, ბატონო ვაჟა, სამიდან ერთი გამოვიყვანე, "ცისფერი მთები" და "ტიან-შანი" დავარქვი.

– სამიდან ერთი?

– დიახ.

– რად უნდოდა მერე ორი სათაური, სამიდან ერთი თუ გამოიყვანე... დიახ, კი, კი, დიახ, დიახ, დიახ, დიახ... - ან "ტიან-შანი" დატოვე, ან "ცისფერი მთები", თქვენ არა, დიახ, კი, დიახ, კი, დიახ, კი... წაიკითხა ოთარმა? დიახ, კი, დიახ, კი, დიახ, გასაგებია...

– წაიკითხა და ძალიან მოეწონა.

– სხვებმა რა ქნეს? - ყურმილს დებს, თვითონვე რეკავს.

– კითხულობენ დანარჩენებიც, თქვენ საბჭო უნდა დანიშნოთ როგორმე და ყველას წაკითხული ექნება.

– ჯერ უნდა წაიკითხონ და შემდეგ უნდა დავნიშნოთ საბჭო, რა სჭირს ამ აპარატს? ორი სათაური არ არის საჭირო... - ტელეფონი რეკავს კვლავ, ყურმილს იღებს.

– ერთ-ერთს მოვაშორებ, ბატონო ვაჟა, ეს ხომ არ არის მთავარი.

– ვინ თქვა მთავარიაო, აქ არ მოხვდით! - ტელეფონს გადართავს, მოსაცდელში აწკრიალდება ნაცნობი ზარი.

– დიახ, გისმენთ, - პასუხობს თინა, - არა, არ გახლავთ, სესხბანკშია წასული, ვერ გეტყვით.

– დაბრუნდება დღის ბოლომდე თუ იცით? - ეკითხება კუთხეში მოკალათებული მარკშეიდერი, - უკაცრავად, გაწუხებთ, გაცდენთ...

– დიახ, გისმენთ, მოითმინეთ, ჩავიწერ... - თინა რაღაცას ინიშნავს რვეულში, მარკშეიდერს მისჩერებია უაზროდ. ყურმილს დებს, ზევით იხედება. ეს ბზარი ადრევეც იყო, თუმცა შეიძლება არც ყოფილაო.

– დირექტორი დაბრუნდება თუ არა-მეთქი, ბზარი არ მიხსენებია, უკაცრავად, გაწუხებთ...

– საიდან უნდა დაბრუნებულიყო, აქ არი, მხოლოდ დაკავებულია.

– რა ბრძანეთ? - დგება და ადგილზევე აწრიალდება, - მე ახლავე, თუ შეიძლება, გადამირეკეთ, თუმცა მე თავად, პატივცემული ვასო უნდა მოვიყვანო...

გასვლა და დირექტორის გამოჩენა ერთია.

– მოკლედ ასეა... - ელაპარაკება სოსოს მოსაცდელში, - ორი სათაური არ არის საჭირო, ეს ერთი; მეორე, - პირადად მე მომწონს, სხვები რას იტყვიან, ვნახავთ, შემდეგ... - რაღაცას იხსენებს, - რაც მთავარია, ზევით!

– თქვენზეა, ბატონო ვაჟა, ყველაფერი...

– არა, აღარაა, ჩემო სოსო, ის, როგორც იყო, და რაც იყო, იყოო, აღარ იქნებაო, რაო, - არ ამბობენ... მარტო აქაც არა ვარ, სამწუხაროდ... - კედელთან აწურულ თინას მისჩერებია, უყურებს და ვერ ხედავს თითქოს, - სესხბანკში მივდივარ, თუ დარეკეს, მშენბანკში ვიქნები... - მოსირმულ საწვიმარს იფენს მკლავზე მოხერხებულად, გასასვლელისაკენ იწევს, წამით ყოვნდება რატომღაც და ადგილიდან წყდება მოულოდნელად.

– სოსო, - ეკითხება მარტოდ დარჩენილ სოსოს მდივანი, - "ცისფერ მთებს" რა ჰქვია კიდევ?

– "ტიან-შანი", რაში გაინტერესებს?

– რაში მაინტერესებს და შენი "ტიან-შანი" აქა მაქვს, დამვიწყებია შეტანა, აღარ გჭირდებოდა მეგონა, - უჯრიდან ნაცნობ საქაღალდეს იღებს. - შენი ბრალია, ჩამარაზვინე უჯრაში, გინდა თუ არა, ჩაკეტეო, ყოფილიყო ზევით, ვინ მოჰკიდებდა ხელს, წარმოგიდგენია, სამი თვეა აქა დევს!

სოსო დირექტორს მისდევს, ვეებერთელა ნაბიჯებით, სქელძირიანი ფეხსაცმელების ხათქუნით. ქაღალდის რულონს მოაგორებს მუშა მეორე მხრიდან. მოეცალეო, უძახის სოსოს შეშინებული მეროლე. მოხერხებულად არიდებს თავს სოსო აწყვეტილ რულონს, რამდენიმე გამვლელს უქცევს გვერდს, კიბის ხვეულებში ეშვება და სწორზე ჩერდება სუნთქვაშეკრული.

– მოგდევს ვინმე? - უკანმოუხედავად ეკითხება ვესტიბიულში გამოსული დირექტორი.

– ბატონო ვაჟა, "ცისფერი მთები" მოგიტანეთ, ბატონო ვაჟა, ძალიან გთხოვთ, პირველი პირია, საგანგებოდ თქვენთვის, ძალიან გთხოვთ!

– რად მინდა, კაცო, თხოვნა, აბა აქ მე რისთვისა ვარ, აბა მე აქ რას ვაკეთებ? - საქაღალდეს ჩამოართმევს გაჯავრებული, - რა არის?

– "ცისფერი მთები".

– "ცისფერი მთები", "ტიან-შანი", რად უნდა ორი სათაური, გამაგებინე, სად იყო?

– თინას დავიწყებია შემოტანა, უჯრაში ჩარჩენია.

– ისიც არი რა, ორ ბატს ვერ მიაბარებ ერთდროულად, აბა მე რა წავიკითხე? ყველაფერი ამერ-დამერია. ნეტავ არ შევიშლებოდე თქვენი გადამკიდე და არ მინდა მეტი არაფერი. შაბიამნის ახალი პარტია მოიტანეს. დეფიციტში გარღვევა გაქვთო, ვითომ არ ვიცით, რა გვაქვს და რა - არა. ოცი ცენტნერი ქაღალდი დაგვაკლეს. ახლა თათბირია და არარსებულ ქაღალდს გვიბრუნებენ ქაღალდზე. ორი სათაური არ არის საჭირო, წაიკითხა ყველამ?

– კითხულობენ, თქვენ საბჭო უნდა დანიშნოთ, ბატონო ვაჟა. უნდა დაავალოთ ბატონ ვასოს, ანდა ოთარს, ბორია ციხისძირში წასულა, ჭიჭინაძე კურსებზეა, წვერავა - ჯარში, გ0მელაური პრინციპულად არ კითხულობს, კოპალეიშვილი არ იციან სად არი... იროდიონი შვებულებაშია, ფაქტიურად.

– ამაშია საქმე! - ოხრავს დირექტორი და შუშის მძიმე კარს აღებს. მოტოციკლეტების გამაყრუებელ ხმას აძლევს გზას, კარს ხურავს და ხმას აბრუნებს უკანვე. ყოვნდება, ემზადება, ახალი ძალით აპირებს თითქოს შუშის კარით ხმაზე შეტევას.

– რა კაცი ხარ შენ, მაინც ვერ გავიგე! - ეუბნება სოსოს გულმოსული და კარის სახელურს ხელს არ უშვებს, - რა უნდა ბორია ნამგალაშვილს ამ ყინვაში ციხისძირში? ცოტა მიდექი, მოდექი, შეაწუხე ვიღაც, გაინძერი რაღაცნაირად... - კარს აღებს და მოტოციკლეტების ხმაურში შედის, შორიახლო მომლოდინე შავ მანქანას უახლოვდება.


*******


წყნარად ათოვს გრენლანდიას.

ცისფერი გადაჰკრავს გლეტჩერს, ყინულოვან ველს, ყინულის ხორგთან დაყუნცულ სამ თეთრ დათვს.

წყნარად და უშფოთველად ათოვს ქალაქს, მოტობურთის შესუდრულ მოედანს, რკინიგზის მიწაყრილს, სიშორითა და თოვლის ბუქით გაბუნდოვანებულ, ერთი სიმაღლის ერთფეროვან სახლებს. მოტომანქანები გამოჰყავთ მხედრებს თოვლში, ზანტად, უხალისოდ აწვებიან სატერფულს, გაყინულ მანქანებს აძაგძაგებენ, ბოლქვა-ბოლქვად უშვებენ აირს მანქანები ოზონით გაჟღენთილ ჰაერში.

შეფუთნილი გოგონა მოჰყავს ლერის ბადურა ღობის გასწვრივ. ძვირფას ქურქში გამოწყობილ ბელას სასკოლო ჩანთა უჭირავს. ჯმუხი მამაკაცი კვალავს თოვლში გზას მენავთის საყვირით. შემხვედრ ოჯახს ესალმება თავაზიანად. ფიცარნაგს უახლოვდება. ბელა ქმარს აძლევს ჩანთას, ჩათბილულ გოგონას კოცნის, ეთხოვება; თოვლში მიმავალ მამა-შვილს აყოლებს თვალს, უკან მაცქერალ გოგონას უქნევს ხელს. ფიცარნაგზე შესული მამაკაცი მენავთის საყვირს ბერავს, ჩადუმებულ, ჩამოთოვლილ სამყაროს აპობს იერიქონის ჩასაბერით.

ვასო ჩორგოლაშვილი შემოდის ოთახში. რატომ არის კარი ღიაო, უკვირს, საკეტს ამოწმებს, ხელს აქანებს გაოცებული; პალტოს იხდის, გაზეთებს ალაგებს მაგიდაზე, თეთრად დაწინწკლულ მაუდს აკვირდება, სულს უბერავს; დასაკეც კიბეზე შესკუპებულ, "გრელანდიის" ქვეშ მოკალათებულ, უაღრესად დაფიქრებულ მღებავს ვერ ხედავს. მღებავი მოულოდნელად გამოერკვევა და ჩაქუჩს დასცხებს რკინის კაუჭს. თოფნაკრავივით ხტის ვასო. მიხო ჩაქუჩის ცემას წყვეტს, ცხვირს იწმენდს პიჯაკის სახელოთი.

– როგორ თოვს, ვასო ბიძია, არა?

– რას შვრები, კაცო, შენ მანდ?!

– დილა მშვიდობის.

– დაგწყევლოს ღმერთმა... - ვალიდოლს იღებს ჯიბიდან, - როდის შემოდი?

– აქ ვიყავი, ვასო ბიძია.

– არა მართლა, - ვალიდოლს პირში იდებს.

– აქ ვიყავი.

– გადაირევი კაცი, მიგაქვს სურათი?.. მადლობა ღმერთს.

– კი არ მიმაქვს, ვამაგრებ.

– რას ამაგრებ, კაცო, ეს არ უნდა გაგეტანა აქედან?

– მე რა ვიცი, რა უნდა მექნა, ვასო ბიძია, რაც მითხრეს, იმას ვაკეთებ... აბა ამას რა გაამაგრებს, სულ მოშვებულია კაუჭი, კედელი კედელს აღარ ჰგავს, ჭერი - ჭერს, გრიშამ მი-ი-ი-თხრა...

– რა გითხრა?

– მოტოციკლეტების ვიბრაციის ბრალიაო, ცხენბურთი გამიგია, მაგრამ მო-მოტობურთი რა უბედურებაა... გადაირევი კაცი, ვასო ბიძია, ახლაც თამაშობენ თოვაში.

ბელა შემოდის, ქურქს იხდის, კიდებს, სველ შეფიფქულ თმას ისწორებს თოვლის სითეთრით აწითლებული, აღგზნებული.

– როგორ თოვს, როგორ თოვს... სალამი, ბატონო ვასო, როგორ თოვს, რომ იცოდეთ, გადაპეპლილია სულ ცა, ბავშვები გუნდებს ისვრიან... რას აკეთებ, მიხო, მანდ?

– სურათს ვამაგრებ.

– სურათს? მე მეგონა, ჭერს ამაგრებდი... იმ კაცმა ისე შემაშინა იმ დღეს... ბატონო ვასო, რას ათვალიერებს ამ ზევით, რა უნდა იმ კაცს?!

– შენ ვინ გითხრა, მოტოციკლეტების ვიბრაციის ბრალიაო? - ახსენდება ვასოს, ბელას შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს.

– გრიშამ.

– მერე რამდენი ვინმე სისულელეს იტყვის, უნდა გაიმეორო?..

– მე პატარა კაცი ვარ, ვასო ბიძია, - ზანტად, სახელოთი ცხვირის წმენდით ჩამოდის კიბიდან, - რასაც ჩამძახებენ, იმას ამოვიძახებ, იმიტომ კი არა, რომ ყველაფერი მჯერა ანდა ჩემი აზრი არა მაქვს, იმიტომ, რომ ასე მოიტანა ცხოვრებამ. მეტყვიან, ასეაო, ასეა-თქვა, ისეაო, ისეა-თქვა, სხვანაირად არ გამოდის, ვასო ბიძია... - გამართულად, შეუფერხებლად ლაპარაკობს ამჯერზე; კიბის ზედა ფალანგს ბეჭს უყუდებს და წასვლას აპირებს.

– აქედან ხომ არაფერი აგიღია? - ეკითხება ბელა და მაგიდაზე მიმოფანტულ თაბახის გვერდებს აგროვებს.

– არაფერი, - მოკლედ პასუხობს მღებავი და კიბე გააქვს ხრიგინით.

– დამიწყო ამანაც ასეა, ისეაო... - ჩუმად ლაპარაკობს ვასო, ისევ უბერავს სულს მაგიდას, უაღრესად დაეჭვებული და შეფიქრიანებული იხედება ზევით, - არა, აქ ჯდომა აღარ შეიძლება!

– რა არი, ბატონო ვასო, იქნებ მეც გამაგებინოთ?..

– შენ არ იფიქრო, რომ ჩამოვარდნის მეშინია, გინდაც ჩამოვარდეს და დამეცეს, არ მეშინია, ვიცი, ამ სურათით არ მიწერია სიკვდილი...

– უნდა დავრეკო, მიიყვანა თუ არა ბავშვი! - ტელეფონს აწვალებს.

– ერთი მითხარი, თუ ქალი ხარ, ის შენი ქმარი სახლშიაც არ იღებს ხმას?

– ლერიი? - სიტყვას წელავს მოულოდნელი შეკითხვით გაოცებული, - არ უყვარს ლაპარაკი მაინცდამაინც, ბატონო ვასო... დოდო ხარ? მოვიდა? ხომ არ დააგვიანდათ? ჰო, კარგი... რაზე მკითხეთ, ბატონო ვასო?

– ისე, არ ვიცი...

– ბავშვი უყვარს... ხო, კარგი, გადმოგირეკავთ მოგვიანებით, — ყურმილს დებს, - მეც ვუყვარვარ... ალბათ... ბატონო ვასო, ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს თითქოს... მუდმივმა უმუშევრობამ გული მოუხარშა, ისე, არც ადრე ყოფილა გულგახსნილი, ასეა... ასე: ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ, არც გვძულს, არც გვიყვარს ერთმანეთი, ზოგადად ვლაპარაკობ, - თვალები უშტერდება.

– მე აქ ვზივარ ოცდაშვიდი წელიწადია და რატომ უნდა გადავიდე სხვაგან, წარმოგიდგენია, ოცდაშვიდი...

– რატომ მაინცდამაინც ოცდაშვიდი?..

– როგორ რატომ? - ამ შეკითხვის გარდა ყველაფერს ელოდა, როგორც ჩანს.

– ვთქვათ ოცდაშვიდზე მეტი ან ოცდაშვიდზე ნაკლები, ხომ გასრულდა ეს ოცდაშვიდი? რამდენიმე დღე ხომ დაემატა? დღე კი არა, თვე, შეიძლება წელიც, მეტიც შეიძლება... — ხელის მტევანს ათამაშებს, ჩურჩულით ანგარიშობს გუნებაში რაღაცას.

მობუზულები დადიან თანამშრომლები დერეფნებში. არ ცივა, მაგრამ, როგორც ჩანს, ზაფხულში სიცხე და ზამთარში სიცივე აწუხებთ მაინც. იროდიონს, მაგალითად, ცივა, ქურქმოხურული ზის მაგიდასთან, ბეწვის ქუდი ხურავს.

– იროდიონ, გვერდები ხომ არ დამიტოვებია შენთან? - თავი აქვს შუაკარში შემოყოფილი სოსოს.

– რა გვერდები, კაცო, ჩემი გადარევა ხომ არ გინდა, შემოდი...

– ჩემი ეგზემპლარის გვერდები დავტოვე დღეისსწორს აქ, ამ შენობაში, მხოლოდ - სად, აღარ მახსოვს...

– ერთი თვეა, არ გამოჩენილხარ და სად უნდა დაგეტოვებინა?

– დაბრუნდი შვებულებიდან, იროდიონ?

– არც წავსულვარ, საბაკურიანე კაცს ვგავარ მე, სად უნდა წავსულიყავ ამ ზამთარში! ისე, რომ იცოდე, ამ ოთახში არაფერი იკარგება, ამიტომ დავადგმევინე გრიშას, მაგას ვენაცვალე, ეს, - გამოცივებულ სეიფ-ხრონგს უტყაპუნებს ხელს ძლიერ და ძველმოდური სეიფი ვადაგასული მაცივარივით ყანყალებს, - რად გინდაო, დამცინოდნენ, არ მინდა?! აბა ხელი ახლოს ვინმემ! აქა მაქვს ჩაკეტილი... გვამცირებენ, სოსო, ამ კვარტალში...

– ვინ გვამცირებს, იროდიონ, დამცირება გვაკლია?!

– შტატებს ამცირებენ, კაცო, ისე არც დამცირებაზე დაიხევენ უკან... 46-პროცენტიანი შემცირებააო, ვნახევრდებით სინამდვილეში, შენ ეს არ გაინტერესებს.

– რატომ გგონია, იროდიონ?

– არ გეხება და იმიტომ, დაჯექი, რას დამადექი თავზე გლახა მაყარივით, არ ჯდები? სოსო, ახალგაზრდები მეცოდებიან, მე რა, ექიმი ვარ, ხეზე ვიცხოვრებ.

შემოსვლა მეორე, იგივენი, კაკო და ბორია.

– მართალია, იროდიონ? - ეცინება კაკოს.

– იცინი, შე ჩემი ცოდვით სავსე? - უკვირს ბორიას.

– აბა ვიტირო?

– გატირებენ კარგად.

– არ იქნება მართალი, - სიდინჯე ერევა კაკოს.

– ღმერთმა ქნას, შენ რამდენი წლისა ხარ?

– მე? პასპორტით ორმოცდასამის.

– ისე? - აინტერესებს იროდიონს.

– რა, ისე?

– რამდენი წლის ხარ?

– ხომ გითხარი, პასპორტით...

– უპასპორტოდ?

– ჯერ პასპორტით.

– არ მაინტერესებს ეს პასპორტი, ბიჯოს! - თვალებს აბრიალებს.

– დებილია, იროდიონ, ვერ ხვდები? - აწყნარებს ბორია.

– დებილი შენა ხარ!

– ირო, - უშინაურდება ბორია, - იმან ხომ არ მოიტანა ეგ ამბავი? - ცალ წარბს ქაჩავს განის კარის მიმართულებით.

– ვინ, შუქრიმ? მაგას დაიჭერენ ამ დღეებში, - ხმადაბლა, სერიოზული სახით აცხადებს იროდიონი.

კაკო იცინის, ბაგე-კბილზე იფარებს ხელისგულს.

– წირავ ძმაკაცს?..

– კაკო, წაიკითხე? - თავისი დარდი აქვს სოსოს.

– რა? - არ ელოდა იმ სიტუაციაში, - რა უნდა წამეკითხა, სოსო?

– "ცისფერი მთები".

– ვთქვათ, წავიკითხე... მერე? მოგეწონა თუ არაო, კი არ მეკითხები, წაიკითხე თუ არაო, ჩათვალე, რომ ჩავაბულბულე, რა მერე? ხომ გესმოდა, რა თქვა ამ კაცმა, იროდიონმა.

– მე დამანებეთ თავი!

– სოსო, დაანიშვნინე საბჭო და ყველას წაკითხული ექნება, რად გინდა უქმი ლაპარაკი... - ბორიაა.

– პროექტი შესათანხმებელია... - არ ამთავრებს ბატონი ვასო, აყურადებს ყურგანაბული, - მოიცათ, ჩუ! - დერეფნიდან შემოდის კაცის ხმა:

– გივი, ჩვენ ვართ!

– გივის ეძებენ? - ხმადაბლა ამბობს სოსო.

– მერე რა მოხდა? - უკვირს იროდიონს.

– არც არაფერი...

– არ არი გივი? - ყაბალახნაბდიანი ერთი კაცი აღებს კარს, მეორე კაცი პირველი კაცის ზურგს უკან ჩანს.

– ვინაა, ეს გივი! - იროდიონია, ყურმილს იღებს... - გისმენთ.

– მანდაა, ბატონო იროდიონ? - ქალის ხმა ისმის გარკვევით.

– გივი?

– გივი კი არა, სოსო! - თინაა.

– აქ არი. სოსო, შენ გკითხულობს...

– დირექტორი ეძახის, მოვიდეს!

– გივი არ უნდა იყოს, - პასუხობს ყველას მაგივრად ორ კაცს კაკო.

სოსო ჩქარობს და ორ კაცშორის აპირებს გავლას. თავაზიანად უთმობენ გზას ყაბალახნაბდიანები და თვალსაც აყოლებენ გაურკვეველი, ოდნავ პასიური გამომეტყველებით.

– გივის გადაეცით, ჩვენ ვიყავით! - უკან იხედება წინ მსრბოლი.

– ალო, ალო, დადევით, თუ შეიძლება, ყურმილი, ჩვენს ხაზზე ხართ ჩართული!.. - ღაზლმოხურული თინაა მოსაცდელში, - ალო, ალო, დადევით ყურმილი... სოსო, დაიცადე, არ შეხვიდე. ალო, თუ შეიძლება, დადევით ყურმილი, რაიონი გვაქვს გამოძახებული, ალო, დედა, რაღა ვქნა!

– არის ვინმე შიგ?

– არიან, სოსო, კი, ვასო ჩორგოლაშვილი და ის კაცია, ჭერზე რომ ბზარებს ათვალიერებს... - ტელეფონს თიშავს, ზუმერს აყურადებს.

– მოეწონა, თინა, თუ იცი?

– მოეწონა კი არა, - ყურმილს დებს, - შენი "ცისფერი მთები", რა ჰქვია კიდევ?

– "ტიან-შანი".

– "ტიან-შანი". ბანკში დარჩენია, ცირკში დამრჩაო, მაგრამ, მე მგონი, ბანკში დატოვა. ფანჯრის რაფაზე დავიწყებია. ისეთი შეწუხებული იყო, ვერ წარმოიდგენ... - აპარატის წითელ ღილაკს აჭერს თითს, - ალო, ჩვენ ხაზზე ხართ, გენაცვალე, ჩართული!.. ვნახავო, ასე თქვა, საღამოს წარმოდგენაზე შევივლი და წამოვიღებო, ალო, რაიონი გვაქვს შეკვეთილი, გენაცვალე, დადევით, თუ შეიძლება, ყურმილი!

კაბინეტში სხედან: დირექტორი, ვასო ჩორგოლაშვილი და მარკშეიდერი.

– მარკშეიდერის შტატი ჯერჯერობით არა გვაქვს, ჯერჯერობით კი არა, საერთოდ არა გვაქვს... - ლაპარაკობს დირექტორი, - შეიძლება დავაშვებინოთ მოგვიანებით ზემოდან, მანამდე რაღაცას გამოგიძებნით. დარეკილი რომ არ იყოს, ყუფარაძეს დიდ პატივს რომ არ ვცემდე, გულახდილად გეუბნებით, ვერაფრით დაგეხმარებოდით. ბატონმა ვასომ იცის, როგორა ვართ გადატვირთულები, ხედავთ, ალბათ, თქვენც.

– რასაკვირველია.

– იყავით ცოტა ხნით უშტატოდ, ბატონო ვასო, გააცანით ჩვენი ატმოსფერო, შეაგუეთ აქაურობას.

– შეგუებულიცაა ასე თუ ისე.

– ძალიან კარგიც.

ოთარი და გრიშა შემოდიან უკითხავად. დასხედითო, ხელით ანიშნებს დირექტორი. ოთარი ჯდება, გვერდით მაგიდას ემხობა და ერთ-ერთ რიგით ტელეფონს დასწვდება. რეკავს, ხმადაბლა ელაპარაკება ვიღაცას, გრიშა დგას, ასნაირი ქაღალდი უჭირავს.


*******


დირექტორი მარკშეიდერს და ვასოს მიაცილებს გასასვლელამდე. წელში გახრილი უკვე უშტატო და უხელფასო თანამშრომელი უკუსვლით მიდის და მადლობას და ბოდიშებს იხდის, მოსაცდელიდანაც ისმის მისი ხმა.

– ერთი ეს მითხარით... - განგებ ტოვებს ჩორგოლაშვილს დირექტორი, - ვინ დარეკაო, რა მითხარით?

– ყუფარაძემ.

– გასაგებია, გმადლობთ. რაც შეეხება იმ სურათს, ბატონო ვასო, უახლოეს ხანში განვიხილავთ მის საკითხს. აქ არი გრიშა და ოთარი და დღესვე შეგვიძლია დავნიშნოთ განხილვის თარიღი. ეს ერთი. ის კაცი ადრეც ხომ იყო ჩვენთან?

– პირველ ორ ვარიანტში.

– ვულკანიზაციის თანამშრომელი იყო, თუ არ ვცდები.

– ვულკანოლოგი.

– ვულკანოლოგი, რა შუაშია ვულკანიზაცია, მარკშეიდერი, მომკლავს ეს ორ-ორი სათაური.

– ძალიან გთხოვთ, სურათის საკითხი, იქნებ...

– როგორ გეკადრებათ, რად მინდა თხოვნა! - შუა კარში ართმევს ხელს, კარს ხურავს, ბრუნდება სამუშაო მაგიდასთან და სათათბირო მაგიდაზე გაშლილ-გაფენილ დოკუმენტებს აკვირდება.

– აქ არის, პატივცემულო ვაჟა, - უხსნის გრიშა, - ოთახებში ბზარების გაჩენისა და ბათქაშების ჩამოცვენის ცალკეული შემთხვევების აქტი...

– ყუფარაძე ვინ არი? - ოთარისაკენ იხედება დირექტორი, ხელში ყურმილგაშეშებული ოთარი თავს არხევს საპასუხოდ, არ ვიცი, წარმოდგენა არა მაქვსო.

– განაგრძეთ!

– მეოთხეში, მეხუთეში, მაღლივ საამქროში, მეჩვიდმეტეში, მეთვრამეტეში, ქაღალდის საღნობ და საშრობ საამქროებში, ზინას ოთახში...

– მოვიდა ის მდივნიშვილი?

გრიშა ჩერდება.

– მოვიდა, ჩემს კაბინეტში ზის. ალო, მომითმინე ერთი წუთით, - ყურმილს ხელს აფარებს ოთარი, დირექტორისაკენ სწევს ნიკაპს, - აქაა, - ხმას იდაბლებს, - ხელშეკრულება უნდა გავუფორმოთ.

– მიხედე, ძალიან გთხოვ, - ჩურჩულზე გადადის, - დამირეკეს, არ წავიდეს, თუ კაცი ხარ!

– სად არის წამსვლელი!.. ალო, მოითმინეთ...

– გაატარეთ შემდეგი ოქმით, ღონისძიებად დანომრეთ, როგორც საჭიროა, ისე გააკეთეთ, განაგრძეთ!

– ესე იგი, შენობის მარცხენა მხარეს პარალელური ბზარები შეინიშნება... - იწყებს დაწყებულს გრიშა.

ოთარი გადის ამ ლაპარაკში.

არ დაიშალოთო, მიმართავს მოსაცდელში თანამშრომლებს და თავის კაბინეტში შედის.

– მე ვერ დაგესწრებით, სამწუხაროდ, ოთარიც წავიდა. გამოძახებული ვარ, გისმენთ, ბატონო გრიშა.

– ...მარჯვენა მხარეს პერპენდიკულარული ხაზები იკვეთება, აქვეა, პატივცემულო ვაჟა, მოხსენებითი ბარათი ზემდგომი ინსტანციებისადმი, ასლი კი მოტობურთის ფედერაციის თავმჯდომარის სახელზეა გადადებული.

– მოვიწვიოთ ის მოტობურთია თუ რაღაც ჯანდაბაა, მათი წარმომადგენელი! - კვლავ აწყვეტინებს დირექტორი, - გამოვყოთ კომისია, ასე ზეპირი ლაპარაკიც არ შეიძლება. გამოვიძახოთ მოტობურთის ფედერაციის თუ რაღაც ოხრობის წარმომადგენელი, დღეს რა დღეა?.. - კალენდარს შლის, - ორშაბათი ყოფილა, არა უშავს... - წითელი ფანქრით ნიშნავს თარიღს.

მოსაცდელში კი ხალხმრავლობაა. დგანან, მარკშეიდერი ზის, ვასოც ზის. იროდიონი ბოლთას სცემს. დანარჩენები დგანან და ელიან. დანა პირს არ უხსნის განაკიდეს გაჩერებულ სოსოს.

– სოსო, რა უნდა ქნა! - ეკითხება მაგიდასთან დაკუნტული, ღაზლმოხურული, სკამზე მუხლშემოდებული თინა.

– ფანჯარაზე თუ დატოვა, რაღას იპოვნის! - იშმუშნება სოსო.

– იქ იქნება, ვინ წაიღებდა!

– მაგაშიც არაა საქმე.

– აბა რაშია, სოსო?

– თინა, მართლა თხოვდები? - ეძახის ბორია.

– ვინ გითხრა?

– გავიგე.

– ჯერ გამოცდები უნდა ჩავაბარო, იქნებ დასწრებულზეც გადავიდე.

– ესე იგი, პრინციპში თხოვდები? - საუბარში ერთვება შუქრი გამელაური, ნაბდისქუდიანი.

– პრინციპში კი, - ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ეთანხმება თავდახრილი თინა და თან რაღაც სიას ჩასცქერის დაჟინებით.

– თუ შეიძლება! - ხელზე კოცნის შუქრი, - წინასწარ...

– გმადლობთ! - ასწრებს.

– გილოცავ...

– ბატონო ვასო, ვის ველოდებით აქ ჩვენ? - კითხულობს კედელზე მიყრდნობილი, შეწუხებული ბელა.

– არ ვიცი, - პასუხობს ფეხი ფეხზე გადადებული, დაფიქრებული, ფანჯრის მიღმა მაცქერალი ვასო. ზამთრის მოწმენდილი ცა ჩანს ფანჯრიდან. მოკრიალებულ ცას ხაზავს თვითმფრინავი და ვასოს უახლოვდება უხმოდ, გაყინულ სივრცეში გამჭვირვალე შლეიფის ფრიალით.

– მოდი, დაჯექი! - თვითმფრინავის გაქრობისთანავე დგება ვასო და ბელას ადგილს უთავისუფლებს.

– როგორ გეკადრებათ, ბატონო ვასო! - არ ჯდება ბელა. თინასთან მიდის, თინასავით იხრება მაგიდასთან, მაღალ მკერდზე გადატკეცილი გულისპირი უღიავდება, ხელს იფარებს საკინძეზე.

– ლიფი არ გაცვია? - ეკითხება თინა ჩუმად.

– როგორ არა, - შავ ბიუსტჰალტერს გამოუჩენს და უკან მიიხედავს ფრთხილად. გულზე ხელდადებული ლაპარაკობს ხმადაბლა.

– ამხანაგებო, - ბელასთან ჩურჩულს ანებებს თინა თავს, - ყველამ უნდა გამოიწეროთ გაზეთი. სია აქ მიდევს. სულერთია, გინდა გამოიწერეთ, გინდა - არა, ფული ჯამაგირიდან დაგექვითებათ.

კოტე სიას დახედავს, ბელას მკერდსაც ავლებს ძალაუნებურად თვალს და ეს გაზეთი გამოწერილი მაქვსო, ამბობს.

– მაგას არა აქვს მნიშვნელობა, გამოწერა სავალდებულოა!

– რატომ არის სავალდებულო, ერთი ამიხსენით? - შორიდან კითხულობს ვასო, დგება, სათვალეს იკეთებს.

– იროდიონ, დაბრუნდი? - ინტერესდება შუქრი, ბეწვისსარჩულიანი ჟილეტის უბეში აქვს ცალი ხელი გაკვეხებული.

– საიდან უნდა დავბრუნებულიყავი?

– საიქიოდან, უკაცრავად, - შვებულებიდან.

– ჯერ არ წავსულვარ.

მოლარე შემოდის. პირდაპირ შუქრისაკენ მიფარფატებს, სიგარეტს სთხოვს, შეკრებილთ ათვალიერებს და თავაზიანად მოწოდებულ სიგარეტს ცეცხლს უკიდებს აუჩქარებლად.

– როგორ ბრძანდებით, ქალბატონო თამარ? - ეკითხება ბორია.

– როგორც მხედავ, ნელთბილად, თავი მტკივა, რყევას ვერ ვუძლებ!

– რყევას თუ არა, გემზე მუშაობ შენც! - ჩაილაპარაკებს კაკო. არაფრისმთქმელი თვალებით მისჩერებოდა აქამდე ერთ წერტილს და თუ ვინმეს ხმა ესმოდა, არავის ეგონა.

– გემი რა შუაშია, დედამიწა არ ირყევა, გონია?!

– კი, კი, როგორ არა! - სწრაფად პასუხობს თავისი უტაქტობით შეწუხებული კაკო.

– პრემია იქნება, ქალბატონო თამარ? - ეკითხება ბელა.

– შეიძლება იქნეს, შეიძლება არა, თუ იქნა, იქნება, ისე, ხელფასიც არ არი!

– შვებულების ფული? - მოსაცდელში მოწრიალე იროდიონია.

– არის ცოტა ფული, მაგრამ ზინა გაცემის უფლებას არ იძლევა, მურმანიძის ყადაღა ადევსო, ვაი! - მაგიდის ძგიდეს ეპორწიალება კლანჭებით.

– რა დაგემართა, რავა ქანაობ, ქალო, ლერწამივით ყოველ წუთში! - ბრაზობს ჩორგოლაშვილი.

– ვაი, როგორ შემარყია!.. - სულს ძლივს ითქვამს, ახურებულ სახეს ინიავებს ხელისგულებით და გასასვლელისაკენ მიიწევს.

– ხომ ვამბობდი, დაბალი წნევა აქვს-თქვა! - ნიშნისმოგებით ამბობს კაკო.

– უკაცრავად, რა იგრძენით ახლა, ამწუთას? - გზას უღობავს მარკშეიდერი.

– როგორ რა ვიგრძენი? - კითხულობს დაბნეული ქალი და გასაძრომს ათვალიერებს.

– საიდან იყო ბიძგი, ქვევიდან თუ გვერდიდან, გამოსწიეთ ხელები, თითები გაშალეთ, მიპასუხეთ დაუფიქრებლად!

– ვინ არის, ბოშო, ეს კაცი! - თანამშრომლებს ეკითხება მოლარე და უკან-უკან იხევს.

დირექტორის კაბინეტიდან გამოდიან ოთარი და გრიშა.

– ...ესე იგი, - ლაპარაკობს ოთარი, - შესათეთრებელია მეოთხე, მეშვიდე, მეთერთმეტე, საღნობი საამქროს კედელი და საშრობი საამქროს ორი სვეტი.

– ჩანიშნული მაქვს! - ქაღალდს ანახვებს გრიშა.

– ხო, კარგი, ამხანაგებო, არ დაიშალოთ, მალე გაგიშვებთ, გრიშა, შენ თავისუფალი ხარ, შაბიამანს გადააფარეთ აფსკი...

– მე გავედი, ბატონო ვასო, ბავშვი უნდა მომიყვანოს ლერიმ.

– წადი, წადი, ან მე რას ვაკეთებ აქ!

– შვებულებაში არ მიშვებთ! - ამოიგმინავს იროდიონი და ცარიელ, ვასოს მიტოვებულ სკამზე ეშვება მუხლმოკვეთილი.

– შენ, კაცო, ცხრა პარასკევი გაქვს! - ეუბნება მოლარე, - რაღა დროის შვებულებაა?!

რღვევისა და პრიწინის ხმა შეეხვევა ყურთასმენას. წარმოუდგენელი სიჩუმე წვება მოსაცდელში. ამ უჩვეულო ხმით შეშფოთებულნი გარინდებულნი შეჰყურებენ ერთმანეთს.

– შარვალი ხომ არ გაგერღვათ, ბატონო იროდიონ? - როდის-როდის იღებს ხმას გახარებული შუქრი, ნაბდის ქუდს იხდის და ხელში იჭერს ჯამივით, — ექიმი კაცი ხარ, რაც არ უნდა იყოს. გაგერღვა?!

– არა, კაცო, რის შარვალი! - დგება, კისერმოღრეცილი იხედება უკან, საკუთარ საჯდომს უნდა შეავლოს თვალი როგორმე. სახეაჭარხლებული წვალობს და ცოდვილობს. რიგრიგობით უახლოვდებიან და ამოწმებენ.

– ნაკერები ადგილზეა! - ამბობს ერთი.

– თეთრი ძაფები ჩანს ოდნავ, - აღნიშნავს მეორე.

– ბიაზი, გა-გასკდა! - ღერღავს მღებავი, პირდაბჩენილი რომ აპირებდა იქამდე რაღაცის თქმას.

– შენ აქა ხარ? - უკვირს გრიშას.

– ლექციას მინდა დავესწრო.

– სადაა ლექცია?

ზევით იხედებიან დანარჩენები, უცნაურად დაკლაკნილ ბზარს შეჰყურებენ თვალებგაფართოებულნი.

– ოთარის კაბინეტში შებრძანდით ყველანი! - ამბობს გასაქცევად გამზადებული დირექტორი.

– გამოსულია, ბატონო ვაჟა, მანქანა! - ახსენებს თინა.

– რა ხდება? - წამით ყოვნდება და პასუხს არ ელოდება...

ბიაზი. შარვალი. ბზარი... ზუზუნია...

– მდივნიშვილი? - გვარს ახსენებს ზუზუნში ვიღაც.

– ჩემთან ზის, - დირექტორს უყურებს ოთარი.

– მიხედე იმ კაცს, შარში არ გამახვიო!

– კი, კი...

დირექტორი ქრება. დანარჩენები ჭერს უყურებენ.

– ტყუილად არ აყანყალებს ამ ქალს! - ამბობს ერთი.

– რას ჰქვია ტყუილად, ვინ თქვა აყანყალებსო? - კითხულობს მოლარე.

კაკო იცინის, გამელაურის ზურგს ეფარება.

– ბატონო ვასო, თქვენ დროს კავალერია იყო?

– ჩემს დროს იყო თუ იყო... რა შუაშია კავალერია? - ავად აშტერდება კაკოს, რომელიც ამ გამოხედვას ემალება, ნაძალადევად დინჯდება, - ბზარი იზრდება და იზრდება და სიმწრით მეცინება, რა ვქნა, ვიტირო თუ ვიცინო, აღარ ვიცი...

მარკშეიდერს ჭერის კლაკნილი, ეგრეთ აღიარებული ბზარი, გადააქვს ქაღალდზე.

– პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჯერჯერობით, მხოლოდ ჯერჯერობით... დანარჩენს დრო გვიჩვენებს... - აცხადებს, მაგრამ ყურს აღარავინ უგდებს და დრამატურგი სანდრო მდივნიშვილიც გამოდის არენაზე, ხელში `განკარგულების~ ქაღალდი უჭირავს.

მდივნიშვილი გამოვიდა:

– რა ხდება აქ, ყველანი გადიდკაცდით ერთდროულად? რა თავაწეულნი დამდგარხართ?!

– ბატონო სანდრო! - შეცბუნებულია ოთარი.

– სანდრიკ! - მუცელზე, ჭიპთან აჭერს თითს გამელაური.

– ვა, შუქურ, შენც აქა ხარ, სიმონ, მიატოვე მოსკოვი, მიგვაყარე მიწა?!

– დავუბრუნდი სამშობლოს, უჩემოდ ხდებოდა რევოლუციები...

– აქანე გალვახათობ ხომ? ბატონო ვასო, მოაწერეთ ხელი.

– ეს რა არი? - სათვალეს ირგებს.

– განკარგულება შესყიდვის თაობაზე, ბატონმა ოთარმა მოაწერა...

კიო, თავს უქნევს ვასოს ოთარი, მოაწერეო, - ამას მიანიშნებს თავით.

– ხელფასები არ დარიგებულა და, - ყოყმანობს ვასო, - რანაირად იქნება ეს საქმე.

– არც პრემიები, - ეშველება ვიღაც.

– ეს იმასთან, - განმარტავს ოთარი, - სახელფასო ფონდთან არ განიხილება, გაითვალისწინეთ!

ვასო აწერს ხელს ამოოხვრით, განკარგულებას იროდიონს აწოდებს.

– თანახმა ვარ... სხვა არაფერი... - ეხმარება მდივნიშვილი იროდიონს.

– ფაქტიურად, შვებულებაში ვარ...

– შვებულების მოაწერე, მეტი გამოვა! - ურჩევს კაკო.

– კი ბატონო, - ხელს აწერს და კაკოს გადახედავს ილინცურად.

– მეც მოვაწერ ბარემ, - შუქრი ითხოვს.

– მოხალისე ხარ? არაფერი იგლახაო.

– როგორ გეკადრებათ, ბატონო სანდრო, ბატონო იროდიონ, თუ შეიძლება, შებრუნდით! - ზურგზე ადებს განკარგულებას და გაკვრით ადებს ფაქსიმილეს, - ესეც ასე!

– საკმარისია! - აცხადებს მდივნიშვილი.

– ბატონო სანდრო, ჩვენი ერთიანი ინტერმოძრაობის ადგილობრივი შტაბის უფროსი კოტე მაჩალაძე, - კაკო წარუდგენს სრულიად სერიოზულად.

– სასიამოვნოა, რა ახალგაზრდაა ეს კაცი! - ხელს ართმევს და გამომცდელად მისჩერებია, - მალადიე კადრი!..

– რაზე მუშაობთ ამჟამად, თუ საიდუმლო არაა, ბატონო სანდრო? - ბელას აინტერესებს.

– ექვსსერიიან თრილერზე, "ქართველები ახალ არბატზე".

– ისტორიულია, ალბათ... — თვალმზერას უსწორებს თამამად, რამდენადმე გამომწვევადაც.

– თანამედროვე კრიმინალური ქრონიკა...

– პოეტი ბორის ნამგალაშვილი! - ოთარია.

– სასიამოვნოა! - მდივნიშვილს ბელასაკენ აქვს მიპყრობილი ყურადღება, ღირს თუ არა დროს დაკარგვაო, ზომავს სიტუაციას, - საიდანღაც მეცნობი, - პოეტსაც არ ტოვებს უმდივნიშვილოდ.

ქედმაღლურად უკრავს თავს დრამატურგ მდივნიშვილს ცალწარბაქაჩული პოეტი.

– ...ახლა, საქმეა მთავარი, უპირველესიც... ქალბატონო თამარ, თქვენ წამობრძანდებით ჩემთან...

– მე ხელფასი ვერ დამირიგებია...

– პრემია? - ბელაა.

– რისი პრემია, შენ ხო კარგად ხარ, ქალო, ბატონო მდივნიშვილო, ძაღლი სამჭედურიდან რას გაიტანს?!

პაუზაა გაუთვალისწინებელი.

– შედარება არც მთლად კორექტულია, მაგრამ ან თუმცა... - ღიმილი არ გადადის სახიდან დრამატურგს, - ჩვენს თავზე არ ვღებულობთ თქვენს სიბრძნეს...

– საკუთარი თავი მაქვს გამძიმებული, ვიღაცამ თქვა, - აყანყალებსო, არ გაყანყალდა, თუ მაინცდამაინც, მაგის მთქმელი... ფული არაა სალაროში.

– ქალბატონო თამარ, ნაღდ ანგარიშს არავინ გთხოვთ, - ოთარია.

– აბა?

– თქვენ, თამარ ქალბატონო, გასცემთ, უფრო სწორია, ხელს მოაწერთ, აქა მაქვს ესეც, საგარანტიო წერილს, ამას მე და ბატონი ოთარი ავიტანთ ზევით, ქალბატონი ზინა თანხას გადარიცხავს და დასვამს ჩემს ანგარიშზე რუსეთის დედაქალაქში და როცა გამდიდრდებით, თამარ ქალბატონო, ვალს ჩემი ანგარიშიდან დაუბრუნებთ ზინას. ეს არის და ეს ამ მარტივი კომბინაციის თავი და ბოლო.

– ასე თუა, რავარც მდივნიშვილმა მოგახსენათ... ა, ისევ შემაქანა... მაშინ კი...

– აყანყალებს-თქვა არ ვთქვი!

– სუ, დაბალი წნევა აქვს, არ გინდა! - შენიშვნას აძლევს კოტე კაკოს და მდივნიშვილთან ერთად გადის.

– ესეც რომ ჭკუას გასწავლის! - სერიოზულად ეღმიჭება სახე კაკოს კოტეს სახელზე.

პრიწინ-პრიწინი ისმის კვლავ გარკვევით.

– შარვალია? - ეკითხება ბორია იროდიონს, ხმა ზემოდან ესმის და ქვევით იხედება.

– არა, კაცო, რის შარვალი, თქვენ ხომ კაი ჭკუაზე ხართ დღეს! - ხელით იმოწმებს მაინც საჯდომზე ნაკერებს.

– ბიაზი გაირღვა ისევ... - აცხადებს მღებავი მიხო.

პლანშეტზე გაჭიმულ ქაღალდზე კლაკნილს ზრდის მარკშეიდერი, მღებავს თავს უქნევს მიხვედრილობის გამო.

– არა, აქ რაღაცაშია მართლაც საქმე... - იცინის კაკო,

– რა შუაშია შარვალი, სად წავიდა ის აფერისტი? - შუქრი გამელაურს ეძებს თვალთვალ. მოსაცდელში კი თითქმის აღარავინაა დარჩენილი.


*******


შუქრი ყავას სვამს ვასო ჩორგოლაშვილის ოთახში, ბელას მაგიდასთან. გოგონა უცხოენოვან ტექსტს კითხულობს მაგიდაზე გადაშლილ ფერადყვავილოვან ფართოფოლიანტებიან წიგნში; კითხულობს დამარცვლით, ცდილობს - გამოთქმით, გაურკვეველ ადგილებს აფუჩეჩებს, გასაგებსა და ნაცნობს ახმამაღლებს.

დედა ამეორებინებს ფრაზებს, გამოთქმებს უსწორებს დროდადრო და მეყავე სტუმარსაც არ ტოვებს უყურადღებოდ... მღებავი გრენლანდიის ქვეშ ანაბეჭდ გვერდებს ჩასჩერებია ჩაგულისყურებული.

– რატომ არ დაესწარი მდივნიშვილის გამოსვლას? - ეკითხება შუქრი ბელას.

– შედგა უკვე? ბავშვი მყავდა გამოსაყვანი სკოლიდან, ლერის არ ეცალა. მერიაშია აღრიცხვის რიგში, მდივნიშვილმა ლექცია ჩაგიტარათ?

– არა, გაკვეთილი, მშვენიერი ყავა იყო...

შემოდის ხანგრძლივ გაჯავრებული ვასო ჩორგოლაშვილი.

– შენ სხვა საქმე არაფერი გაქვს, - უჯავრდება მიხოს, - რა წესია სხვისი ნაწერების კითხვა. დადევი, თუ კაცი ხარ, ეს კირი ვერ მოვაშორე აქედან! - სულს უბერავს თეთრ ნაფხვენებს და ჭერს და კედელს აკვირდება, - შემომასწარი, როდის გაიტან ამ სურათს?

– როცა გინდა, ძია ვასო... მითხრას გრიშამ, რა პრობლემაა.

– გრიშა-მიშა არ ვიცი, აქა მაქვს რეზოლუცია, სადაა ის... აიღე რამე აქედან?

– არაფერი, ძია მიშა, "ცისფერი მთები" მაინტერესებდა მხოლოდ...

– მეც ბევრი რამე მაინტერესებდა, თავის დროზე...

– ხომ გითხარი, მიხო, მე მოგცემ-მეთქი, მოვრჩები და გათხოვებ, - ეგზემპლარს ეძებს ბელა, - სად წავიდა, აქ არ იყო? უი, ლერიმ წაიღო! - ხმას უდაბლებს, ტუჩებს კუმავს, ვასოსაკენ იხედება, ხომ არ გაიგონა ჩემი შეცხადებაო, - კიდევ ხომ არ მოგიდუღო! - მზადაა საყავედ.

– არა, გმადლობთ, - მადლობელია შუქრი, - ერთი ეს მითხარი, რატომაა შენი ქმარი მერიაში, შეხვედრა აქვს თბილისის მერთან?

– მერთან ზუსტად... მერთან ვინ შეუშვებს, სამარშრუტო ტაქსის ხაზის რიგში დგება, 2000 დოლარს სთხოვენ, წელსვე რომ დააკმაყოფილონ, თუ არა და, იქნება მუდმივ რიგში და ვიქნებით ჩვენც ასე ცარიელ-ტარიელი.

– რას ფიქრობთ?

– წავალ საბერძნეთში ძიძად. მყავს იქ ჩემიანი, ჩამოდი ოღონდო...

– მერე ბავშვი?

– ბავშვს მოუვლის მამამისი, მიხედავს...

– რას ამბობ, ქალო, შენ, ისედაც ეჭვიანია შენი ქმარი და საბერძნეთში აგიტანს? - თავს წამოსწევს ვასო, სათვალის მინებს ზემოთ და ნაოჭებდასხმულ შუბლქვემოთ გადმოკაკლავს ორ თვალს.

– რომ ვეღარ შემხედავს, რაღას იეჭვიანებს!

– მე შენ არ გაგიშვებ სხვის ძიძად საბერძნეთში... ლერისთან არ დავრჩები... - დაღვრემილ, შეწუხებულ ბავშვს იკრავს გულში დედა და ცრემლს იწმენდს ფრთხილად ორთავ თვალიდან.

– არ შემომეყარა გულს, რა კარგ ხასიათზე ვიყავი სანდრიკას მაყურებელი, რაღაცას მოვიფიქრებთ... - წამოდგება შუქრი, სიგარეტს მოუკიდებს გასვლამდე და ლერიც შემოაღებს კარს.

– მამიკო, მამიკო... - რაღაცის თქმას აპირებს ბავშვი, დედა პირზე აფარებს გაკეცილ ცხვირსახოცს, თითქოს ცხვირს წმენდს. შეცბუნებული საზოგადოების შემხედვარე ქმარი ხან ნაცრემლარ ცოლს აშტერდება, ხან გასაქცევად გამზადებულ შუქრი გამელაურს. იდიოტურად მამზერალი მღებავის სახეზეც აპირებს სიმართლის ამოკითხვას.

უხერხულ პაუზას ავსებს ისევ ბავშვი, რომელიც ხმამაღლა იწყებს უცხოური ტექსტის კითხვას და მამის ყურადღების მიპყრობას ახერხებს, დედა რომ საბერძნეთშია ძიძად გასასხვისებელი, ავიწყდება.

ინტერნეიშენელ პონტი.

მაღალი, წითლ-მწვანედ გადღვებილი შენობაა, რძისფერი შუქით განათებული ინტერიერით. შუადღე. სოსო ადის ზევით რბილი და უხმო-უხმაურო ლიფტის კაბინით.

საკრედიტო შეკრებაა, - საშასთან.

კარს აღებს უნებართვოდ და საკრედიტო გამგეობის წელზევითა გვამთა ხედი გაიელვებს მუქად.

– არ შეიძლება, არ შეიძლება, არ შეიძლება!

კარგად თავშენახული ქალბატონი გამოფოფიალდება გვერდით ოთახიდან, ჯიქურ მესტუმრეს სხდომათა დარბაზის აღსავალს გაარიდებს.

– ეს რა დამემართა, სულ ერთი წუთით გამოველ მაქეთ და... სულ ერთი წუთით... - უქმი ოთახის მარტოხელა ბინადართან ჩივის და არა სოსოსთან, როგორც ჩანს, როგორც სოსოც ხვდება, იგი საათზე იხედებოდა და ქალბატონს ანიშნებდა, ჩემი დროაო.

– დაბრძანდით, დაელოდეთ, მთავრდება, გამოდიან!

შავკოსტიუმიანები გამოლაგდებიან მართლაც, - უკვე მთელი ტანით, გასრიალებული ფეხსაცმელებით, იმგვარივე ფერისა და მასალის შავ-შავი "პაპკებით".

სკამზევე აწრიალდება სოსო.

– მოვახსენებ და მიგიღებთ, - აიმედებს ქალბატონი, თუმცა საამისოდ ("მოსახსენებლად") არც ადგილიდან არ იძვრის, არ ირხევა, არ ტოკავს.

– საშა ბავშვობის მეგობარია, - უხსნის სოსო და გულისყური კაბინეტისაკენ აქვს.

– ალექსანდრე? - სახელს შეახსენებს ან ოფიციოზობის ნორმების დაცვისაკენ მიანიშნებს ქალბატონი.

– ხომ არ... - კარს გახედავს სტუმარი.

– მე არა მაქვს შესვლის უფლება, თუ დამიძახა, შევალ და ვეტყვი, თანაც პირველი ამხანაგი უზის სააქციზო სექტორიდან.

– კოლია?

– ნიკოლოზი.

– მე და საშა, იგივე ალექსადრე, ერთ ბაღში ვსწავლობდით ბარნოვის ქუჩაზე, დავდიოდით, რა უნდა გვესწავლა.

– ძალიან კარგი! - იწონებს ქალი, ფაქტი მოლოდინს არ ამოკლებს, თუმცა ვიზიტსაც, სხვა მოხალისე არ ჩანს, აღარაფერი უნდა ედგას წინ.

კაბინეტში ორნი სხედან. უზარმაზარ ლომისფეხებიან მაგიდაზე ლაბრადორის ორი საფერფლე დევს სხვა სამაგიდო-საკაბინეტო ატრიბუტებათნ ერთად.

– აქ, საშა, შეღავათებზე აღარ უნდა იყოს ლაპარაკი...

– რასაკვირველია, კოლია... - სიგარეტს უკიდებს საშა, იგივე ალექსანდრე, და თავწანახშირებულ ასანთის ჩხირს აგდებს ცარიელ საფერფლეზე, სიგარეტის ნამწვს ამატებს ჩხირს და ღილაკს აჭერს თითს. ზარის ხმაზე შემოდის იასამნისფერი კაბის ფოფიალით ჩვენი ნაცნობი ქალბატონი.

– სოსო ვარო, ბაღიდან...

თავს უქნევს ალექსანდრე, ლაპარაკს აღარ აცლის. ქალს საფერფლე გააქვს და ახალი საფერფლით შემოდის სოსოსთან ერთად.

– სოსო, მოდი, როგორაა საქმეები გარეთ, ქვეყანაზე - საერთოდ, იცნობთ ხომ ერთმანეთს? კოლია გოშაძე, აზნაურიშვილი, მძიმე დღე გვქონდა დღეს. სოსო, ჩვენი პერსპექტიული, არც მთლიანად ახალგაზრდა, ნიჭიერი შემოქმედი. ბაღიდან ვიცნობთ ერთმანეთს. სურათიც გვაქვს გადაღებული ბაღში, მოკვდები სიცილით, მე და სოსოს. მხოლოდ ნაღდად მე ვარ თუ არა, არ ვიცი, დედაჩემმა ვერ მიცნო, პირდაპირ საქმეზე!

– დირექტორი კითხულობს, დანარჩენებიც... აზრი დადებითია, მხოლოდ მურმანიძე არ აწერს ხელს...

– მურმანიძე გრიგოლი? - აწყვეტინებს მასპინძელი, - ვინ ეკითხება მაგას. ხომ იცნობ, კოლია?

– სოსოს?

– გრიგოლს.

– გრიგოლს? ცოცხალია?

– როგორც ჩანს, აბა მკვდარი ხომ ვერ მოაწერს ხელს... სოსო, მოეშვი მურმანიძეებს, ჩორგოლაშვილებს, ვინაა კიდევ? ვაჟა ზაზაევიჩი, სიტყვის კაცი... გაგაცანით ხომ ერთმანეთი?

– კი, დიახ.

– კი, - ცივად ადასტურებს გაცნობის ფაქტს კოლია გოშაძეც.

– ბაღში გვაქვს სურათი გადაღებული.

– მუშტაიდში?

– არა, კაცო, საბავშვო ბაღში, დედამ ვერ მიცნო, აღარაფერს ვამბობ ბებიაჩემზე და ბაბუაჩემზე, ცოცხლები იყვნენ მაშინ...

– შემდეგაც ხომ? ბაბუა-ბებია?

– საშა, რა მკითხე? შემდეგაც, რასაკვირველია... იცნობდით ხომ ადრეც ერთმანეთს?

– არა.

– არა.

– საშა, გადმოგცა ოთარმა?

– კი, როგორ არა, რა უნდა გადმოეცა?

– "ცისფერი მთები".

– გითხრა, გადავეციო? რატომ არ ჯდები? ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია, კოლია გოშაძე, აზნაურიშვილი.

– სასიამოვნოა, - გოშაძეს უყურებს და მზერა ცარიელ, უფერო კედლებზე გადააქვს, - წაიკითხე, საშა?

– როგორ არა, მე პირში მთქმელი კაცი ვარ, ხომ იცი. მომეწონა შენი `ცისფერი ხიდები~. პრინციპში ვლაპარაკობ. გავგიჟდი და გადავირიე-თქვა, რომ გითხრა, შენ თვითონ არ დამიჯერებ... სამუშაო არის ჯერ კიდევ შიგ...

– ცხადია, არის და იყო, მაგრამ ვიმუშავე და თავიდან წარმოვადგინე `ცისფერი მთები~, საშა, შენ ხიდებზე მელაპარაკები!

– აბა შენ რაზე თხრობ?

– მთებზე, ოთარმა რომ გადმოგცა, იმ ვარიანტზე.

– გრიგოლი რა გვარია?

– ხანძთელი.

– ხანძთელი არა, მანძთელი, - მწყრალად გახედავს კოლეგას.

– მურმანიძე, - შეახსენებს სოსო.

– მე გადმომცა ოთარმა? არა გენაცვალე, იცნობთ თქვენ ერთმანეთს? - კოლიასკენ იხედება.

– როგორ არა, ახლა გავიცანი, - კოლიას მაგივრად პასუხობს სოსო.

– მეგობარია ჩემი, კოლია გოშაძე. ოთარს ჩემთვის არაფერი გადმოუცია, თვითონ თუ ამოიტანა და ჩამიდო ბუდეში გუგულივით, არ ვიცი... - იხრება, მაგიდის ცარიელ უჯრებს ათვალიერებს, სახეზე წამოწითლებული იმართება ცოტა ხნის შემდეგ, სიგარეტს ასრესს საფერფლეს რაღაცაზე გაღიზიანებული, - არ არის, უნდა იყოს, წესით, რატომ არ ჯდები? არ უნდა იყოს?

– უნდა იყოს! - უდასტურებს კოლია.

– საერთოდაც აქ უნდა მოგეტანა თავდაპირველად. მხარს დაგიჭერ კიდეც, მაგრამ ერთი ეგზემპლარი უნდა დაგეტოვებინა ჩვენთვისაც. მე ჩამოვალ მაინც და დაგესწრები განხილვაზე. ვასო ჩორგოლაშვილი იყო ამასწინეებზე აქ. მართლა და მართლა, რა გახდა ის სურათი... ჩვენ შევაფასებთ, შევიძენთ და სოთბის აუქციონზე გავიტანთ.

– გრენლანდიას?

– ზუსტად გრენლანდიას, შენ ხომ იცნობ, კოლია, ვასო ჩორგოლაშვილს?

– არა, - კატეგორიულად უარობს გოშაძე.

– უპატიოსნესი ადამიანი, ყოფილი ტანკისტი, სურათის ქვეშ ზის...

– რომელი სურათის?

– გრენლანდიის. არ გითხარი?

– მერე?

– გინდაც დამეცეს, არ მეშინიაო...

– არ მეშინიაო, ვინ ამბობს?

– ჩორგოლაშვილი, ძველი ტანკისტი. არ გითხარი?

– მე დაბნევა მინდა, საშა, კიდევ, გამომილაყეთ თავი ისედაც...

– მართალს უბნობს, მძიმე დღე იყო, განვიხილეთ კანონი სახელმწიფო საკუთრების შესახებ, - კადასტრი... მე ვნახავ, სოსო, შენს დირექტორს, ჩამოვალ. ისედაც ჩამოსასვლელი ვარ. ბევრი რამაა გასარკვევი: ფინანსები, სესხები, კრედიტები, ურთიერთობისა და შინაგანი კანწესრიგის საკითხები, რეფორმები და სხვა. მურმანიძე არ დამანახვოო!.. ჩვენ რა შეგვიძლია, გეტყვით, თქვენ რა გევალებათ, გეტყვიან... მონათმფლობელობა რატომ გადავარდა თუ იცი?

– მე მეკითხები?

– არა, სოსოს, შენკენ ვიხედები უბრალოდ. რატომ გადავარდა?

– მოჭამა თავისი სოფელი, ალბათ...

– სავსებით სწორია, მონა კი აღარ ქმნიდა, ანგრევდა, ძნელი მოსავლელი და შესანახი ხდებოდა მონა თავად, ხვდები?

– დაახლოებით.

– წადი შენთვის, მიხედე შენ თავსო და მე ჩემი გადამიხადეო. გაათავისუფლა და გათავისუფლდა, - ეს იყო ახალი ფორმაცია. ეს პროცესი შემობრუნდა, არა პირველად... ზინას აქვს ხარჯთმრიცხველი ჩართული. ადი, გაერკვიე. მთავარი მაინც სიტყვაა, ჯერ სიტყვა იყო, შემდეგ აზრი და მერმეთ - რაც არი. ქალბატონი ავრორა გვეტყვის თავისას, ჩვენ ჩვენსას მოვძებნით, მაგრამ ჯერ მორჩი ქვევით, ჯერ აზრი შეჯერდეს, შემდეგ — საშუალება... გლახად ვილაპარაკე?

– რას ამბობ, კაცო!

– ასე არ არი?

– ასეა, კი.

– იცნობთ ხომ უკვე ერთმანეთს?

– რასაკვირველია! - დაღლილია გოშაძე, ტახტის აზნაური...

ვიწრო და ჩახუთულ, ყოველი მხრივ ბეტონის კედლებით შემოზღუდულ, ნახშირის ნატეხებით მოფენილ, ატალახებულ ეზოში დაბორიალობენ, რაღაცას ეძებენ შიშინში. უსისტემოდ დახლართული მილების კვანძიდან ორთქლის ჭავლი გამოდის. თაბაშირის ტორსები, მანქანის ნაწილები, ქაღალდის დანოტივებული რულონებია მიყრილ-მოყრილი.

ხელებდაკაპიწებულნი იჩიჩქნებიან გროვაში ოთარი, კაკო და სოსო. კედელშესველებულ თახჩაში, სადაც ტუჩმოტეხილი დოქები და გაფუჭებული ფრთამაგრილებლები ეწყო, სოსო ამოიღებს ნესტით შეჭმულ საქაღალდეს, რომელზედაც კიდევ შეიძლება სათაურის გარჩევა - "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი, ტიან-შანი".


*******


– გივი არი? - დიდი კაცი იძახის ზემოდან, მთელი ტანით ჩანს კიბის ბაქნის მორყეულ მოაჯირთან და სხვენში ამავალ რკინის პორწიალა კიბესთან. შიშინიდან ანიშნებენ, არააო.

– რაა? - არ ესმის დიდს.

– რა და, ზახრუმა! - ხელები აქვს დასვრილი ობში ოთარს, - ის მეორე სადაა ნეტავ? - თავის აუწევლად მარჩიელობს.

– მაგია მეორე, - უხსნის კაკო.

– აბა პირველი სად აგდია?

– არ ჩანს, მეორეზეა გადასული, - სახე აქვს დაღმეჭილი კაკოს, სიცილს ძლივს იკავებს.

– მაგენი გადაშენდნენ ერთად და ორდროულად... ესაა ხომ? როგორ შეიძლებოდა, სოსო, ამის აქ დატოვება!.. არაა-თქვა გააგებინოთ იქნება, თვარა არ წავლენ, მაგენი წასულან მოუსვლელში...

– არაა გივი, არაა! - იძახის სოსო და ხელსაც აქნევს, არ არიო.

– არაა? არ ყოფილა! - ხვდება დიდი და გადის მორყეულ რკინებში.

– დაობებულა, ჩემო ძმაო, დამბალა, მზეში დატოვე, გაშრება, მაგრამ გადაყვითლდება.

– მზე უარესია, ოთარ დავიდოვიჩ, საღნობ საამქროში ჩავიტან თქვენის ნებართვით, გააშრობენ, გააუთოებენ.

– გაშრობა შეიძლება... - დაუთოებაზე თავს იკავებს ავტორი, - წინა და უკანა გვერდებს მოვაშორებ, - ფცქვნის.

– ხომ გთხოვე, ფიზკულტურის ინსტიტუტში მიიტანე-თქვა.

– ფიზკულტურის ინსტიტუტი კი არა, ამას ალპიური კლუბი აღარ უშველის, ოთარ დავიდოვიჩ, - იღრიჭება კაკო.

– შევავსებ ამ გვერდებს და ჩამოგიტანთ, ბატონო ოთარ.

– აქ აღარ მოიტანო, თუ კაცი ხარ, შაბიამანს გადმოცლიან სადაცაა და გალურჯდება.

ცისფერმთებამოიღლიებული სოსო და კოტე დერეფანში მოდიან.

– ნუ იჩქარებ, სოსო, დიდი კრუგის დანიშვნას.

– დრო მიდის, პროექტი ხუნდება, თემა აქტუალობას კარგავს, ჩვენც მივდივართ...

– ნუ აჩქარდები, გირჩევ მაინც, ენკენია დგება, ჩვენ წინ გადავალთ, წინანი უკან დარჩებიან, დამიჯერე... ფორმალურად განვიხილოთ ჯერ, დიდი კრუგი არ გვინდა, სხვა ძალა მოდის... მე გეუბნები! - გრძელი და სუსტი კისერი, პატარა თავი აქვს, ხმასაც სიმტკიცე აკლია, მაგრამ დამაჯერებლობა არ ღალატობს.

აღორძინება. მოძრაობა. ენკენია და რეფორმა.

მომავალიც ჩვენია.

ტიან-შანი ცისფერი მთებია!

– ზეციური უფრო სწორია, მაგრამ დარჩა და დარჩა.

– ცისფერი მთები ავსტრალიაშია.

– არი კი, ვიცი. ისეთივე მთაგრეხილია, როგორიც კავკასიონი, როგორიც ალპები, კორდილიერები, ჰიმალაი, როგორც იროდიონი იტყვის, - ფაქტიურად, ცისფერი ზეციურია, პირველქმნილი ფერია.

ვასო ჩორგოლაშვილის ოთახი.

ვასო კითხულობს.

ბელა რეკავს.

მღებავი (უადგილოდ): - ვასო ძია, ომამდე რატომ იყავი ტანკისტი?

კითხვას წყვეტს. სათვალეს იხსნის. შეცბუნებული ბელა ყურმილს დებს ძალიან ფრთხილად.

– რატომ ვიყავი? იმიტომ ვიყავი ტანკისტი ომამდე, რომ ომამდე არ მიმიშვეს. ამან გადამარჩინა, თვარა ჩემს ძვალს და ნაწევარს ვერ ჩადებდნენ საძმო საფლავში კურსკის დუგაზე. ჩემო მიშო, მიხო, მიხაილ, შენც კაი ფრუქტი ხარ, თანაც უვიცი და უწიგნური, პოლიტიკურად - ბეცი. შენ, მიშო, ტუხაჩევსკი გაგიგია?!

– არ გამიგია, თუმც გამიგონია.

– ძროხას რომ ქათმებს წააკლავენ, ეს ხომ იცი?..

– მაგი კი.

– ამ სურათს როდის გაიტან?

– როცა გინდა, როცა იტყვით!

– აბა გადი აქედან უსიტყვოდ, კიბიანვედროიანად!

– კიბიანად? კი ბატონო, რაზეა ლაპარაკი!

– შენ ბიჭო, რატომ უშლი ამ კაცს ნერვებს? - გააყოლებს ბელა ხმადაბალ მუქარას, მოგკლავო, მუჭებით ანიშნებს.

გადის.

შედის სოსო.

შემოლაგდებიან: კოტე, კაკო, ბორია, იროდიონი. მოგვიანებით - შუქრი.

სოსო მაგიდაზე დაუდებს ბელას საქვაბიდან ამოტანილ ეგზემპლარს.

– რა სჭირს, სოსო, ამას!...

– ოთარს დარჩენია ქვევით, შენ დატოვეო, მითხრა.

– ეს აღარ ვარგა... - ყნოსავს, - წყალში ეგდო?

– ორთქლში, შუა გვერდები არ გამოდგება?

– არ ღირს, ლერი მოიტანს ჩემს ვარიანტს... - რეკავს, - იროდიონ, დაბრძანდით!

ადგილს ურჩევენ შესაფერისს კოლეგებიც.

– არა, თქვენ, თქვენ, ბატონო, როგორ გეკადრებათ... - თავპატიჟი აქვს და რატომღაც ვასოს უყურებს, - თქვენ დაბრძანდით, კოტე, დაჯექი. ბატონო ვასო!

– მე დაბრძანებული ვარ, - ეღიმება ვასოს, - რა ხდება, რავა შეთქმულების მონაწილეებივით დამადექით თავზე.

შუქრიც შემოდის ნაბდის ქუდით.

– ესღა გვაკლდა! - შენიშნავს იროდიონი ხმადაბლა.

– ბელაც აქ ყოფილა! - ხელზე კოცნის შუქრი, - განსაკუთრებით ლამაზი ხარ, ბელა!

– გმადლობთ, შუქრი! - გულისპირზე ხელს იფარებს, შიშველ მკერდს არიდებს თავზე წამომდგარი კაცის თვალს, ყურმილი უჭირავს მეორე ხელში, - ხო, კი, კარგი, წამოსული ყოფილა, სოსო, ლერი, შემოვა სადაცაა...

– აუ! - ვასო ჩორგოლაშვილის მაგიდასთან გადაჯდება შუქრი ლერის ხსენებაზე, გაზეთს აიღებს, გაშლის და სხვა განაკეცებში დაუწყებს გადაწყობას.

– რა შვრები, კაცო, არ დამიხიო "პრავდა!"

– ჯერ ერთი, - თავსართს შეუმოწმებს, - "იზვესტია" და არა "პრავდა".

– "იზვესტია" იყოს, არ წამიკითხავს.

– არ ვხევ, ბატონო ვასო, კონფიგურაციას შევუცვლი მცირე ხნით...

– ბატონო ვასო, იქნებ გადავწყვიტოთ გადასაწყვეტი... - იწყებს კოტე.

– სურათზე ლაპარაკობ ხომ, ნამდვილად გადასაწყვეტ-გადასაჭრელი ამბავია.

– ბატონო ვასო, რა შუაშია სურათი და გრენლანდია.

– აბა ვინაა შუაში! - ყმაწვილკაცის მამლაყინწური საქციელი უცვლის გუნებას.

– "ცისფერ მთებზე" მოგახსენებთ...

– კი ესეც, - სოსოს უყურებს, - მთებიც...

– ასეა, - ეთანხმებიან დანარჩენებიც.

კოტე განაგრძობს:

– იქნებ შევჯერდეთ ჯერ ჩვენ და შემდეგ გავიტანოთ დიდ კრუგზე.

– კი ბატონო, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. რას შვრები, კაცო, შენ?!

ქუდი გაუკეთებია გაზეთისაგან შუქრის, მშვენივრადაც მოურგია თავზე.

– ეჭვიან ქმრებს ვერიდები, ნუ მომაპყრობთ ყურადღებას, მიხო ვარ ამჟამად.

– მღებავი?.. - იცინის კაკო.

– მალიარი, მღებავი კი არა, ფერმწერი დაუძახეთ კიდევ, - ველასკესი...

– დედიკო, დედიკო... - შემორბის გოგონა, კრების მონაწილეთა დანახვაზე უდაბლებს ხმას. კრების შემხედვარე მამა იმისი უფრო გაოცებული რჩება, გაზეთქუდჩამოფხატულ "მალიარსაც" ვერ ცნობს.

– ქუდი! - აფრთხილებს ცოლი.

– ჩემი? - ერკვევა ქმარი, გაზეთქუდიანს არ აშორებს თვალს.

ტელეფონის ზარია.

– დიახ, კი ბატონო, ახლავე, აქ არი, კი ბატონო, სოსო, - ყურმილს დებს ბელა, - დირექტორთან...

– ახლა? ვა... ბატონო ვასო.

– წადი, კაცო, უკეთესი, უშენოდ უფრო მოვილაპარაკებთ, - ამშვიდებს ვასო.

– კარგად იყავი, სოსო! - გაზეთის ქუდს იხდის შუქრი. სოსო გადის. შუქრი ქუდს შლის აუჩქარებლად და აუჩქარებლადვე იწყებს, — `ცისფერი მთების~ ბოლო ვარიანტი არ წამიკითხავს...

– და რატომაც არ წამიკითხავს, ეს იცის სოსომ, - ასწრებს კაკო.

– შენ რაღა გაცინებს, იროდიონ? - იროდიონს საყვედურობს პერსონალურად შუქრი.

– შვებულებაში ვარ და აღარც გავიცინო?!

– ფაქტიურად? - კაკოა.

ამაზე უფრო იცინიან და გოგონაც კისკისებს გაუცნობიერებლად. მამამისს არ ეხსნება მხოლოდ სახე. იგი კვლავ შუქრის მისჩერებია, რომელსაც უკვე საკუთარი ნაბდის ქუდი უჭირავს შავი ზონრით და გასასვლელად გამზადებული ღიმილით ელოდება საზოგადოების ყურადღებას.

– არ წამიკითხავს იმიტომ და არ ვკითხულობ ამიტომ, რომ არავითარი აზრი ჩვენს აზრს არ ექნება. დანარჩენს ბატონი კოტე მოგახსენებთ.

– მე რა შუაში ვარ.

სოსო დირექტორის კაბინეტში ზის.

დირექტორს ტელეფონის ყურმილი უჭირავს:

– ...როგორ დამრჩა, გადარევასა ვარ, გითხრეს ხომ, ცირკში რომ დავტოვე? დაბარებული ვარ ზეგისათვის, შევივლი და წამოვიღებ, მაგრამ რატომ უნდა დამრჩენოდა, თანაც ხვალისათვის მჭირდება მაინცდამაინც.

წაიკითხეს დანარჩენებმა? შენ რა კაცი ხარ, ვერ გავიგე, ასეც არ შეიძლება, უნდა შეაწუხო ვიღაც, უნდა მიდგე, მოდგე... ალო, ხო, კი აქ ვიყავი, კი, კი, კი, ჰო, კარგი... - მეორე ტელეფონი რეკავს, მეორე ყურმილს იღებს, - დიახ, დიახ, დიახ, დიახ, კი, კი, კი...

– ხელნაწერი მოვიტანე, ბატონო ვაჟა, ნაკლულია, მაგრამ გადანაბეჭდ გვერდებს შევამატებ.

– ალო, დიახ, კი, გისმენთ, დიახ, დიახ, კი ბატონო, - მეორე ყურმილს დებს, მესამეს იღებს, - ჰო, კი, ჰო, კი, აქა ვარ, ჯერ არა, არა-თქვა, კი, ჰო, კი, ჰო, ხო, ხო (იცინის), ხე, ხე, ხი, კი, კი, ჰო... (მესამეს გასწევს, პირველს მიიახლოებს), ჰო, კი... რაო, რა თქვი?

– ხელნაწერი მოგიტანეთ-მეთქი...

– შენ არ გეუბნები... (ყურმილში) - ჰო გავიგე, ჰო, კი, კი, ჰო, კი... (სოსოს) რაო, რა მოვიტანეო?

– ხელნაწერი.

– ჰო, კი, ჰო, კი, ჰო, ხო, რად უნდა მერე ორი სათაური?! (მესამე ყურმილში) შენ არა... (პირველში) ჰო, კი, ჰო, კი, ერთ-ერთი დატოვე... შენ არა. ჰო, კი (იცინის) ხე, ხე, ხე, ხი... (სოსოს) რა გაკრული ხელია, ეშმაკი ვერ გაარჩევს... (პირველში) შენ არა, არა-თქვა, კი, კი, ჰო, ჰო, ჰო... (მესამეში) ეს წასულა... (პირველში) ჰო, კი, კი, კარგი, კარგი, არა, არა (იცინის), კარგი, არ მცალია, კი, კი, კი, კი ჰო, - ორივე ყურმილს დებს, - ეს რა ხალხია, გადაირევი, რა არი, რა მოიტანე?

– ხელნაწერი. აკლია, მაგრამ შევამატებ, წაიკითხავთ?

– ამას? აუცილებლად.

– გაარჩევთ?

– რა უნდა ამის გარჩევას... - ხელნაწერს დაჰყურებს საგონებელში ჩავარდნილი, - ხელი კი გქონია კარგი, ასოების მოხაზულობას არა უშავს... - მოულოდნელად ქანდება მოწყვეტით, ნიკაპი ლამის უვარდება მაგიდაზე, მოთეთრო-მოყვითალო ფერი ედება სახეზე და დამფრთხალი თვალებით იწიებს აქეთ-იქით ყურებას.

– შენ არაფერი გაგიგია?

– არა, - თავს აქნევს გაკვირვებული სოსო.

– წნევამ ხომ არ ამიწია ნეტავი კიდევ?... წუხელისაც ვერ დავიძვრინე თავი, ბანკეტი. არ მიხვალ, არ შეიძლება, სავალდებულოა. მიხვალ და, ა... შეხვედრა, გაცილება, დახვედრა, არ წახვალ, არ შეიძლება, დარეკილია - სავალდებულოა... - დგება, მაცივრის კარს აღებს, ბორჯომს ისხამს, - არ მიხვალ, არ იქნება, მიხვალ და... - ისევ შექანდება, ახლა უკვე საფუძვლიანად, ბორჯომის ბოთლი და ჭიქა ემკვლავა ერთმანეთს რაწკარუწკით.

ჭიქას და ბოთლს მაგიდაზე დებს ფრთხილად, ოფლს იმშრალებს ცხვირსახოცით, - არა, აქ მართლაც რაღაცაშია საქმე!.. ნუთუ წნევა?.. არ უნდა წავსულიყავი... - ზევით იხედება, ჭაღს უყურებს, - ირხევა, ხომ იცი!... მოტობურთის მოედანი უნდა გადავატანიო აქედან, სანამ ჭერი არ ჩამოგვნგრევია თავზე, როგორ შეიძლება ამის ატანა, მობურთალეს მოედანიო, კია ნათქვამი, მაგრამ მაინც... - ფანჯარასთან მიდის.

მოტოციკლეტების თვლებით ატალახებულ და დალიანდაგებულ კალოს და მოტომხედრებს უყურებს, - არა, არ შეიძლება, ახლა რა უშავს... როცა გაზაფხულდება, როცა დათბება, დაცხება, რას შვრები! ფანჯრების გაღება არ გინდა? არ იღება, მაგრამ მაინც... - ლაპარაკით უბრუნდება სამუშაო მაგიდას, სოსოს ხელნაწერს დაჰყურებს, - ამას წავიკითხავ, რად უნდა ეს ორი სათაური, რა გაკრული ხელია, რა უბედურებაა!

– მოდი, მე წაგიკითხავთ, ბატონო ვაჟა!

– შენ? - ყურს არ უჯერებს.

– თქვენ ვერ გაარჩევთ და მე წაგიკითხავთ.

– ბოლომდე?

– თითქმის, აკლია ცოტა...

– კარგი, დღეს რა დღეა? - კალენდარს ფურცლავს, - შეიძლება, წაიკითხე. სათაური და შესავალი არ გინდა, - დგება, ყველა ტელეფონს რთავს და თიშავს ერთის გარდა. სავარძელში ეფლობა, დაღლილი და ღამენათევი, მუქ სათვალეს იკეთებს, სასმენად ემზადება.

– გაიტანეო, გითხრეს შენ გასაგებად! - წყნარად ეუბნება გრიშას სახეწამოხურებული ვასო და სახეზევე ეტყობა, რა ძვირად უჯდება ეს თავშეკავება.

გრიშა და ვასო ოთახში დგანან და "გრენლანდიას" უყურებენ. მიხო და მარკშეიდერი ახალ მაგიდას მოაჩოჩებენ. წინ მიხო ხვნეშის, უკან - მარკშეიდერი. ხან ერთ კუთხეში მიაფხოკიალებენ მაგიდას, ხან მეორეში მიახრიგინებენ, რამდენჯერმე უნაცვლებენ ფანჯრების მხარეს ადგილს. "ცისფერ მთებში" ჩაძირულ ბელას არც ლაპარაკი ესმის, არც ხმაური; ვასოსა და გრიშას აღარ უგდებს ყურს, მაგიდის ხოხიალზეც არ ეშლება ნერვები.

– არ უთქვამს, გაიტანეო, - პასუხობს გრიშა ვასოს, - განიხილეთო, დააწერა, გაამაგრეო, მითხრეს, და გავამაგრე. რა ვქნა მეტი. თუ ასე გეშინია, ადექი და გაუცვალე ამას ადგილი, სხვა ოთახში გადადი ბოლოს და ბოლოს, - ბელას ათითებს.

– სად უნდა გავიდე, მე აქ ვზივარ ოცდაშვიდი წელიწადი, გესმის თქვენ, ოცდაშვიდი წელიწადი, აღარ მორჩით, კაცო! - მაგიდის მჩოჩებელთ უბრუნდება.

– გაამაგრეო, ვასო ბიძია, მითხრეს და გავამაგრე! - ეპასუხება მიხო და საბოლოოდ აქვავებს მაგიდას ერთ წერტილში. მარკშეიდერს უყურებს, როგორიაო.

– პრინციპის საკითხია, სხვა თუ არაფერი... - განაგრძობს ვასო, - რატომ უნდა მოვიცვალო ალაგი, თუ არა კი, თანაც არ მეშინია, შიშით მე საერთოდ არ მეშინია, ტანკისტი ვიყავი ომამდე, იცით თუ არა ეს თქვენ! - ხელებს შლის და "თქვენ"-ში მარტო გრიშასაც რომ არ გულისხმობს, ეტყობა.

– მაგიც გამოსარკვევია, რა იყავი! - წამოისვრის გრიშა.

– ვისი საქმე არის გამოსარკვევი?.. შენ გულში ჩაიხედე შენ!

– ჰა, ჩავიხედე, მერე?!

– სად გაქრა ალიოშა დევდარიანის არქივი, ფოტოდოკუმენტები, ხელნაწერები?

– წაიღეს, იცი თუ არა, რომ წაიღეს?! შენ მე ვინ გგონივარ, საით მიარაკებ, ჩემი დამსახურება სათანადოდ არის ფიქსირებული, ბელადის შვიდი მადლობა მაქვს მიღებული. ამას აღარ გაპატიებ, ახლავე ზევით ავალ, იქ გავარკვიოთ ალიოშა დევდარიანის არქივის საქმე. ახლავე ზევით ავალ! - გასვლას დააპირებს და მოტრიალდება, - პარტიის წევრი შენ იყავი, მე კი არა. მე უპარტიო კომუნისტი ვიყავი და ვარ, - დავრჩი!.. შენ არ გწამდა, შენისთანებმა დააქციეს ის კაი ქვეყანა...

– მაგი მართალია ერთგვარად...

– აქაც შენისთანები მოღვაწეობენ, ამიტომ ზევით ავალ! - გაფითრებული და ხელებაკანკალებული გაიხურავს კარს. მღებავი გაჰყვება, ვიწრო კარში გაახრიგინებს ორფა კიბეს.

– სადაც გინდა, იქ ადი! - ჩაილაპარაკებს კმაყოფილი ვასო და მუშაობით გართულ ბელას და იმჟამად უკვე საკუთარ მაგიდასთან მყარად მოკალათებულ მარკშეიდერს გადახედავს ნიშნის მოგებით.


*******


გატაცებით, გამოთქმით კითხულობს სოსო `ცისფერ მთებს~ დირექტორის კაბინეტში. სავარძელში ნებიერად ჩაძირულ, დაღლილ დირექტორს, ეტყობა, ღრმად სძინავს და ამქვეყნიური აღარაფერი ეყურება რა.

ოთარი აღებს კარს, მოდის და უცხო აღნაგობისა და ჩაცმულობის მამაკაცს მოუძღვება. სოსო კითხვას წყვეტს. ხან ოთარს უყურებს, ხან უცხოს, ხან ხელიდან წასულ დირექტორს.

ოთარი ყასიდად ახველებს, ხმაურობს, სოსოს დირექტორზე ანიშნებს, რა დაემართაო. არ ვიციო, მხრებს იჩეჩავს სოსო. მოულოდნელად ფერითა და ფორმით გამორჩეული აპარატი აწკარუნდება და დირექტორიც წამოხტება ელდანაცემივით, აპარატთან მისული ყოვნდება, ოთარსა და უცხო მამაკაცს ამჩნევს, ხაზგასმული სიდინჯით, ვითომ მართლა კი არ დავფეთებულვარო, იღებს ყურმილს.

– დიახ, კი ბატონო, დიახ, დიახ, დიახ, დიახ, დიახ, დიახ, დიახ, დიახ, კი, გასაგებია! - ყურმილს დებს, ოთარს მისჩერებია, - რაშია საქმეო, ეკითხება თვალებით.

– გაიცანით, საქართველოს მოტობურთის ფედერაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ეროვნული ნაკრების კაპიტანი არტავაზ, არტემ, არტიომ ჩაჩანიძე-ხუბულური! - ხმამაღლა აცხადებს ოთარი.

საზეიმო-სამწყობრო ნაბიჯებით, კრაგებისა და ტყავის კურტაკის ჭრაჭუნით მოდის, უზარმაზარ სათვალეს მოაქანებს მარცხენა ხელით, მარჯვენას კი თავაზიანად, თუმცა ზომაზე მძლავრად, უჭერს დირექტორს, თავისი თანამდებობის, ტიტულების და გვარ-სახელის განმეორებას საჭიროდ არ თვლის.

– მოხარული ვართ თქვენი გაცნობის! - ღილაკს აჭერს თითს, თინა ეხმიანება იმწამსვე.

– გისმენთ, ვაჟა ზაზაევიჩ!

– შემოვიდეს ბატონი ვასო, ფანცხავა და გრიშა.

– ფანცხავა შვიდთვიანშია მივლინებული, - ისმის ხმა.

– ჰო, კარგი, გრიშას დამიძახე და ვასოს, - სელექტორს თიშავს, სოსოს უყურებს, - ძველი ტანკისტია, სხვა თუ არაფერი! ეს რა შუაშია, სოსო, ხომ ხედავ, რა მდგომარეობაა. რაც მთავარია, მე არ შემიძლია მოსმენა, მაგ ხელნაწერს ვერ გავარჩევ და ვერ მოვისმენ, ნახევარი აღარ მახსოვს, რაც წამიკითხე... შემოდით!

შემოდიან.

– ორი გვერდის წაკითხვა მოვასწარით, მეტის ვერა...

– მით უმეტეს... დაბრძანდი, ბატონო ვასო... ორი გვერდიც საქმეა... გრიშა, დაჯექი... სოსო, ეგზემპლარი მომაწოდე როგორმე, გადაბეჭდვინე ნათელას, დავურეკავ და დავტოვებ, გვიანობამდე მაინც აქა ვარ, დღეს საპრივატიზაციო საბჭო გვაქვს, გვესწრებიან, გვამოწმებენ, დღეს არის ხომ?

– დღეს! - განსაკუთრებული ინტონაციით უმოწმებს ოთარი.

– ერთი სიტყვით, ახლა რა დროა? - საათზე იხედება, - დღის ბოლომდე, დაღამებამდე, გვიან ღამემდე აქა ვარ... მომაწვდინო უნდა როგორმე!

– შევეცდები, - ამბობს სოსო და სწრაფად უჩინარდება.

– საიდან დავიწყოთ? - ეკითხება ოთარს.

– მეჩვიდმეტედან, - პასუხობს ოთარი.

– ვასოს დაველოდოთ, საჭიროა, აქაა ბატონი ვასო, აქა ხართ? გრიშა, დაბრძანდი!

– არა უშავს...

– რას არა უშავს? დაბრძანდი-თქვა, დაბრძენდიო, არ მითქვამს, ბატონი ჩაჩანიძე-ხუბულური, იცნობთ, ალბათ?

– გამიგია, კი... - ყოყმანობს ვასო.

მეჩვიდმეტე ოთახში დგანან. იქიდანვე იწყებენ შენობის დათვალიერებას, ბზარების შემოწმებას.

– აბა ნახეთ! - არტავაზ ჩაჩანიძეს ეუბნება ოთარი და ჭერს ათითებს. არტავაზი მოტომხედრის ვეებერთელა სათვალეს შუბლზე ირგებს, ისწორებს, იხსნის და წაჭუტული თვალებით იხედება ზევით.

– ეს სად არის? - ცარიელ მაგიდას აკვირდება დირექტორი.

– შემოქმედებით მივლინებაშია.

– ჩამოგვივა აბა შემოქმედებითად, - ზევით იხედება.

დგანან და ჭერს უყურებენ.

– ეს სად არი? - კითხულობს სხვა ოთახში, ობლად მიტოვებულ სხვა მაგიდას დასჩერებია.

– გადასამზადებელ კურსებზე...

დერეფანში მიაბიჯებენ.

იროდიონის ოთახში დგანან.

– ეს სად არი? - სეიფს უთათუნებს ხელს დირექტორი.

– შვებულებაშია, ფაქტიურად, - უხსნის ოთარი.

– ეს?

– წვერავა ორთვიან ჯარშია.

დერეფანში მიდიან. ერთ-ერთ კართან ჩერდებიან.

– აქ რემონტი გვაქვს, დავიწყეთ და თავი გავანებეთ, ჭერზე გაჯი არ გაჩერდა! - ამბობს გრიშა.

დირექტორი ხუბულური-ჩაჩანიძისაკენ იხედება, ხომ ხედავო. მე რა შუაში უნდა ვიყოო, ხელებს შლის გაკვირვებული არტავაზი, კრაგებითა და სქელძირიანი წაღებით მიჭრაჭუნებს.

– იროდიონი შვებულებაშია, ვინ გაუშვა ამ დროს შვებულებაში, ხაბურზანია - ციხისძირში, კოპალეიშვილი - კომისარიატში, რას დადის ამ კომისარიატში, გამაგებინა და მომკლა, კოტეს არ დაუძახეთ? სად არი კოტე, შარი მინდა კიდევ, მაკლია? - გზადაგზა ლაპარაკობს დაწინაურებული დირექტორი.

– კოტე აქ უნდა იყოს, - ამშვიდებს ოთარი, - იროდიონიც აქ არი.

– დაუძახეთ მაშინ, - ვასო ჩორგოლაშვილის ოთახის კარს აღებს და სახეგაბადრული ჩერდება.

ოთახში სამუშაო ატმოსფერო სუფევს.

ახალ მაგიდასთან დამკვიდრებულ მარკშეიდერს ვეებერთელა ფარგალი უჭირავს და ვატმანის თეთრ ფორმატზე გეომეტრიულ ფიგურებს ზომავს. ბელა და სოსო ქაღალდებს ახარისხებენ, ახალ გვერდებს ჭრიან და აწებებენ, ეგზემპლარს უკოწიწებენ დირექტორს. დელეგაციის შემოსვლისთანავე დგებიან. დირექტორი კი მხოლოდ მარკშეიდერს ართმევს ხელს. ოთარი და გრიშაც დირექტორს ბაძავენ.

– მუშაობთ ხომ? – ღიმილით კითხულობს დირექტორი და ოთახს ათვალიერებს, `გრენლანდიის პეიზაჟზე~ უჩერდება მზერა.

– ეს სურათი საშვილიშვილოდ გავამაგრეთ, - უხსნის ოთარი.

– ეს სურათი უნდა გაგეტანათ, პატივცემულო ოთარ, რამდენადაც მახსოვს! - გამომწვევად ეუბნება ვასო.

– აქა ხართ ხომ, ბატონო ვასო, - უკან იხედება, - რას პასუხობთ? - ოთარს უყურებს, ოთარი – გრიშას.

– მე რაც მიბრძანეს, ის გავაკეთე! - გაუბედავად იხსენებს გრიშა.

– მე წარმოგიდგინეთ განცხადება რეზოლუციით, არ შეიძლება, პატივცემულო ვაჟა, ამის გამაგრება, მზის ყოველ გადახრაზე ცვივა ნამცეცები და ყანყალებს კაუჭი, ა, ბატონო!.. — მაგიდას სულს უბერავს, ახალი განცხადებით ანიავებს.

დირექტორი განცხადებას ართმევს, ატრიალებს, მაგიდაზე მიგდებულ წითელ ფანქარს დასწვდება და ერთი თავიდან მეორემდე აწერს: "გაიტანეთ!"

არტავაზი რეზინისღვედებიან სათვალეს თავსა და თვალებზე ირგებს, "გრენლანდიას" აჩერდება, უკან-უკან იხევს და ოპტიმალურ წერტილს ირჩევს ფერწერის აღსაქმელად და ხედავს, დელეგაციას, მარკშეიდერისა და ჩორგოლაშვილის ჩათვლით, დაუტოვებია ოთახი. გაჭირვებით იშორებს სათვალეს მარყუჟს, აღებს კარს და დერეფანში დაწინაურებულ ჯგუფს მისდევს.

– შეეგუეთ ახალ ატმოსფეროს? აკლიმატიზაცია როგორ გადაიტანეთ? - ეკითხება მარკშეიდერს დირექტორი გზაში, - დატვირთეთ, დატვირთეთ ეს ადამიანი, - ვასო ჩორგოლაშვილისაკენ იხედება, - მიეცით თუნდაც "ცისფერი მთების" ერთი ეგზემპლარი, წაიკითხოს ამ ადამიანმაც.

ვასო მხრებს იჩეჩავს, სად მაქვს "ცისფერი მთების" ეგზემპლარიო, ფიქრობს გაოცებული.

დელეგაცია ბუღალტერიაშია.

თავ-თავიანთ მაგიდებთან, საანგარიშოებთან, ბალანსებსა და უწყისებთან დგანან მორჩილად მთავარი ბუხჰალტერიის თანამშრომლები. გაკვირვებულნი შეჰყურებენ სტუმრებს, რომლებიც შეიძლება პირველადაც კი იხილეს ამ ვიწრო, ნახევრად ბნელ ოთახში.

– როგორ ბრძანდებით, ქალბატონო თამარ? - მოიკითხავს დირექტორი მოლარეს და ისე ჩამოართმევს ხელს, როგორც დირიჟორი პირველ სკრიპკას კონცერტის დაწყების წინ.

– ვარ ისევ ისე, თავის ტკივილი მაწუხებს ისთევლე, რაღაც მაყანყალებს.

– სიგარეტს უნდა დაანებოთ თავი! - ურჩევს დირექტორი.

– სიგარეტი გიშვება შენ მაგას! - ტუქსავს ოთარი.

– აბა ნახეთ! - ჭერისაკენ უთითებს გრიშა არტავაზს. არტავაზი სათვალეს ღვედებსა და რეზინებში აღარ აკვეხებს თავს ადრინდელივით, შუშებს იფარებს თვალებზე და იქიდან იჭვრიტება.

– როგორ არის, ამხანაგებო, თქვენთან საქმე, ზემოდან გაცვივათ რაიმე? - ხმამაღლა კითხულობს ოთარი.

მთავარი ბუხჰალტერიის თანამშრომელი ქალები ზევით იხედებიან, ვერ გაუგიათ, რა უნდა აცვიოდეთ.

– ნუ შეშფოთდებით, მშვიდად განაგრძეთ მუშაობა. ყველა საგანგებო შემთხვევაში დაიცავით სიდინჯე. ნუ აჰყვებით პანიკას და დეზორგანიზატორებს. მოტოციკლეტების ხმაურით გამოწვეული ვიბრაცია იწვევს კედლებისა და ჭერის დეფორმაციას.

ახლა ჩვენ ვამოწმებთ, რამდენად სერიოზული ხასიათი მიიღო ამ მოვლენამ, აბა დააკვირდით! - მიმართავს ხუბულური-ჩაჩანიძეს. ის კი უკან იხევს და იმჟამად უსათვალოდ აბჯენს ჭერს თვალებს, კარნიზის ხაზებს და ჭაღის რგოლებს გაჭვრიტ-გამოჭვრეტს და დინჯად იწყებს:

– აბა მე რა უნდა გითხრათ, გლუშიტელები ჯერ არ მოგვიხსნია, ევროპის პირველობისათვის რო არ ვემზადებით... დღეში ვორჯერ ვარჯიშობთ, შემდეგ სამჯერ, ბოლოს ვოთხჯერ გადავალთ და გლუშიტელებსაც რო არ მოვხსნით... - მოულოდნელად ამთავრებს, სათვალეს კისერზე იკიდებს.

– ის ბზარი ადრინდელია... - ხმის ამოღებას ბედავს ერთი თანამშრომელი ქალი, სულ ბოლო მაგიდასთან რომ დგას.

– შეიძლება... - ეთანხმება ჩაჩანიძე, - იმ ოთხშაბათ რო არ მოვხსენით გლუშიტელი ერთი საათით...

– მაინც რამდენი ხნის წინ შეამჩნიეთ? - იძიებს ოთარი.

– რამდენი ხნის წინ შევამჩნიე, არ მახსოვს, მაგრამ ასე ოცი-ოცდახუთი წელია ვუყურებ... - აცხადებს ქალი ბოლო მაგიდიდან.

უხერხულად ახველებენ. მარკშეიდერი გაფშეკილ ცერს და ცალ თვალს უპირდაპირებს ბზარს; ერთ თვალს რომ გაახელს, მეორეს ხუჭავს და თვალსხივის მონაცვლეობის შედეგად გადაადგილებულ, ცერსა და ცერს შუა დატოვებულ სივრცეს ზომავს, რაღაცას ანგარიშობს გუნებაში.

– მეც არა ვთქვი, რო ჯერ გლუშიტელები რომ არ მოგვიხსნია, ოთხშაბათს სულ ერთი საათით, მეტით არა, რო მოგვეხსნა, ვოთხჯერ რო გადავსულიყავით, მაშინ სხვა ამბავია... - თანდათან უწევს ხმას და მარკშეიდერის მოქმედებით თავზარდაცემული ჩუმდება. რას უმიზნებს ამ ცერსო, ფიქრობს და ვერა გაუგია რა.

– ჩამოცვენით არაფერი არ ცვივა, მაგრამ იატაკი ირყევა ხშირად... აი, ახლაც შეიმსუბუქეთ ჩემსავით თავი, არ გრძნობთყენ? - დაძაბული დგას ერთ ალაგას მოლარე, გარედან არაფერი ეტყობა და შიგნიდან რა აყანყალებს, დამსწრე საზოგადოებისათვის გაუგებარია. ვულკანოლოგი ჭერს და ბზარს ეცლება. მოლარეს უდგება გვერდით და მაჯას უჭერს მოხერხებულად:

– ქვევიდან არის ბიძგი თუ გვერდიდან? - ეკითხება, კბილებს კბილებზე აჭერს და ხმას იბრტყელებს.

– რა უნდა, ბოშო, ამ კაცს ჩემგან, - თვალზე ცრემლი ადგება ქალს, - ხალხი არა ხართ, დამანებოს თავი!

– მითხარით, ახლა უკვე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის!

– გამიშვი ხელი ქე მაინც და გეტყვი.

– ვერ გაგიშვებთ, გვადროვეთ! - ჯიბიდან წამმზომს იღებს, ქუთუთოებს ახამხამებს, პულსს და წამებს ითვლის, - სტოპ! - კომანდრობს საკუთარ პერსონას და წამმზომს აჩერებს. ქალს თავს ანებებს და გაოცებულ აუდიტორიას ეუბნება, - მოტოციკლები, მოტობურთი, ბურთი ზოგადად და გარეგანი ხმაური კონკრეტულად აქ არაფერ შუაშიაო.

– ვინაა აბა შუაში? - გაწითლებულ მაჯას ისრესს თამარი.

– არ ვამბობდი, რო... გლუშიტელები რო მოგვეხსნა კი... - თავისთვის ლაპარაკობს მარკშეიდერის საქციელითა და ლოგიკით მოხიბლული არტავაზი.

– ეს სამთო დარტყმებია... - განაგრძობს მარკშეიდერი, - ამ სახლის ქვეშ, ჩემის ვარაუდით. მკვრივ ქანებს აფეთქებენ მცირე ზომის მუხტებით, ასე რომ, - მოლარეს უყურებს, - თქვენ, ქალბატონო თამარ, არაფერი გელანდებათ...

– მელანდება კაია, რას ჰქვია მელანდება!.. ვიღაცამ თქვა, აყანყალებსო, მაგი არ გაყანყალებულა ვიღაცაა, ერთმა თქვა, მეორემ და მეც ქე გავიმეორე, მგონია...

– ქალბატონო თამარ, დამშვიდდით, თუ შეიძლება და გვადროვეთ... - დირექტორია, მარკშეიდერს მიმართავს, - რას ამბობთ თქვენ, რას აფეთქებენო? აფეთქება გვაკლდა, სხვა არაფერი... რა ხდება?

– აფეთქებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რაც იწვევს რხევებსა და არა ყანყალს, როგორც ქალბატონმა აღნიშნა, თუ ნებას დამრთავთ, წარმოგიდგენთ ჩემს გაანგარიშებებს მიწისქვეშა ბიძგების თაობაზე.

– სხვა დროს!

– ახლავე შემოგიტანთ.

– თუ აქა აქვს, გვაჩვენოს, ზაზაევიჩ... - ოთარი ითხოვს.

– კი ბატონო, - საათზე იხედება.

– დიდ დროს არ წაგართმევთ, ახლავე, - გადის.

– ეს კაცი მოგზავნილი ხომ არ არის, ბატონო ვასო?

– არა, ბატონო, პატიოსანი ადამიანია... - ძლივს ლაპარაკობს, გაკეცილი ცხვირსახოცი აქვს მისალბუნებული ცალ ლოყაზე.

– თავისუფალი ვარ მე? - კითხულობს არტავაზი.

– თავისუფალი ხარ, - უდასტურებს ოთარი.

– წამოდი შენ ჩემთან! - გაჰყავს მოტობურთი გრიშას.

– შეიკრიბონ საინიციატივო ჯგუფის წევრები! - აბარებს ოთარი.

– იქნებ ამაცილო ეს ღონისკრება, მეძახიან მაინც, - ტელეფონს ათითებს დირექტორი.

– მალე მოვრჩებით, ზაზაევიჩ, აუცილებელია თქვენი ყოფნა ჩემთან!

საინიციატივო ჯგუფის თათბირი დირექტორთან.

წევრები შემოდიან დაბნეულად. დამლაგებელ ანიას, სქელ, გაფუნთუშებულ ქალს, ვედრო შემოაქვს ცოცხიანად, მოჰყვებიან:

დედაკაცი ბუღალტერიიდან, ბზარს რომ აფიქსირებდა ჭერზე მთელი ოცი-ოცდახუთი წელი, მღებავი მიხო უკიბოდ, მოლარე, სარედაქციო საბჭოს მოწვეული წევრები.

და სხვებიც.

– კოტეს დაუძახეთ! - ითხოვს დირექტორი.

– მოვიდა! - თავი აქვს შემოყოფილი შუა კარში თინას.

– კოტე!

– ალექსანდრე, ისინი მოვიდნენ!

– სთხოვე! - წამოდგება დირექტორი შესაგებებლად.

შემოდიან: ალექსანდრე (საშა), ნიკოლოზი (კოლია) და ავრორა (ქალბატონი).

დირექტორი:

– ქალბატონო ავრორა, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს საბრძანებელში.

– გმადლობთ, - საქმიანად ართმევს ხელს და ელამი, ოდნავ მოჭუტული თვალებით აკვირდება მასპინძელს, მაღალ ქუსლებზეა შემდგარი შესამჩნევად მოკლე, ქვედაწელ კაბაში ტანგაჭედილი.

– დაბრძანდით, მოთავსდით, როგორც საკუთარში.

– უკვე? - იცინის ნიკოლოზი, იგივე კოლია გოშაძე, მრავალმნიშვნელოვნად, - საკუთარშიო, კარგია!

თავაზიანად იღიმებიან ზედა ეშელონის წარმომადგენლები შეცბუნებული რიგითი თანამშრომლების ფონზე.

– კოტე, მოდი აქ დაჯექ, ახლო.

– კარგადა ვარ, ბატონო ვაჟა.

– მოდი, რომ გეუბნები, წამოიღე მაგ სკამი, თუ არ გეთმობა... ერთიანად ინტერმოძრაობის თბილისის ახალგაზრდული შტაბის ბიუროს თავმჯდომარე ბატონი კოტე მაჩალაძე! - წარუდგენს კრებას თბილისის ახალგაზრდული ერთიანად ჩვენებური ინტერმოძრაობის აქტიურ წევრს კოტე მაჩალაძეს.

მორიდებით ხრის გრძელკისერა თავს და წამოდგომას არ აპირებს, თუმც არავინ სთხოვს და იმდღევანდელი ეტიკეტიც, როგორც ჩანს, იმდაგვარ (თავის დაკვრის) ცერემონიალს არ ითვალისწინებს; მოწვეული სტუმრებიც დუმან და დირექტორი:

– როგორც ვხედავთ, შეკრებილია საინციატივო-მოპრივატიზაციო, სწორად ვამბობ?

– საპრივატიზაციო, - უსწორებს ოთარი.

– კი ბატონო, საპრივატიზაციო. წინასწარ მინდა გითხრათ, რომ აქ წარმოდგენილია, ძირითადად, ტექნიკური პერსონალი, - კოტეს უყურებს, - შემოქმედებითი კოლექტივის წევრებს ცალკე მოვიწვევთ...

ალექსანდრე (გულგარედ): - მთავარია შემოქმედება, ხელოვნება.

დირექტორი: - სრული ჭეშმარიტებაა. შევქმნით მეორე სანიციატივოს...

– შეიძლება ორი? — აწყვეტინებს თითქმის საზეიმოდ გამოწყობილი ნიკოლოზ (კოლია) გოშაძე.

– არათუ ორი, - სამი, ოთხი, მეტიც, ალბათ, ასე არაა?

– მთლად ასე არა... - კამათს არ აპირებს ნიკოლოზი, ალექსანდრეს (საშას) ღიმილი დასთამაშებს სახეზე არა მარტო საინიციატივო ჯგუფების სიმრავლის გამო. ქალბატონი ავრორა დუმს, ნახევრად მოშიშვლებულ ბარძაყებზე დიდი სქელფოლიანტებიანი რვეული აქვს გაშლილი, ხაზავს თუ წერს, და დროდადრო ქვედაბოლოს კალთებს ქაჩავს მოხერხებულად, თუმც უშედეგოდ, მუხლისთავებისაკენ.

საკმაოდ პიკანტური სცენის შემსწრე ხდება ოთახში, ვასო ჩორგოლაშვილისეულ კაბინეტში, შებრუნებული მარკშეიდერი.


*******


– უკაცრავად, ერთი წუთით... - ძალაუნებურად თვალებზე იფარებს ხელს და საკუთარ ახალჩადგმულ მაგიდას მიადგება.

– შეიშალე, ბიჭო, შენ! - ხმადაბლა უჯავრდება ბორიას ბელა და მაჯაზე ურტყამს ხელს ფრთხილად, გულისპირსა და ლიფს ამოჩაჩულს ისწორებს გვარიანად აწითლებული.

– ძ ,სკ დ Hჯცცბბ,

Uჰფხბ რჰბხფკბ... - დაბალში, თუმც გამოთქმით ამბობს ბორია.

– მე მხოლოდ ერთი წუთით! - დიდი ფორმატის ქაღალდს გორგლავს მარკშეიდერი და მხოლოდ გორგალქაღალდის ამარა რომ არ აპირებს გასვლას, ეტყობა.

– რა ხდება, ბატონო ევგენი! ყიდიან შენობას? - მშვიდად, ვითომ არაფერი, იკვანძავს თმას, ლითონის სარჭს პირით იჭერს ბელა.

– ჯერჯერობით შენობის მდგრადობა უნდა დადგინდეს! - ტანსაცმელს იცვლის გარდერობის სარკიანი კარის უკან მარკშეიდერი, - ევგენი გრიგოლიშვილი.

ძ ,სკ დ Hჯცცბბ

Uჰფხბ რჰბხფკბ...

– იმეორებს პოეტი ნაღვლიანად.

მარკშეიდერი შარვალს იხდის ბოდიშის თანხლებით.

– უკაცრავად! - ლურჯი პიჯაკის სპილენძის ღილებს იკრავს სარკის წინ. სარკეში ჩანს ღიად.

– კიდევ უკაცრავად, ცუდ დროს შემოვედი...

– პირიქით, - ამშვიდებს ბელა.

დირექტორის კაბინეტში თათბირი გრძელდება:

– მოდი, ასე შევჯერდეთ, - სახელდახელო ჩანაწერს კითხულობს ნიკოლოზ (კოლია) გოშაძე, - შენობის ფუნდამენტის ანალიზი და შენობის მდგრადობა, - ეს პირველი; მეორე: სურათ "გრენლანდიის" გატანის აუცილებლობის დადგენა და სურათის - ფერწერული ტილოს - ექსპერტიზა ულტრათანამედროვე სხივების საშუალებით და უცხოელი სპეციალისტების მოწვევით; მესამე: დღევანელი კომისიის სხდომის დადებითად შეფასება. გაითვალისწინეთ, რომ შემოქმედებითი დასი, თქვენი მონაწილეობით, რასაკვირველია, საგანგებოდ და ფართოდ განიხილავს პროექტს, ნაწარმოებსა და სურათს - შემდგომ...

– ეს თავისთავად...

– ოთარ, იმ სამი პუნქტის საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვთ, - თაბახის ფურცელს დაანახვებს.

– არაფერი.

– ბატონო ვაჟა?

– თანახმა ვარ.

– თქვენ ხომ არაფერს დაამატებდით, ქალბატონო ავრორა?

– ...მე შემიძლია აგურის ქარხანაში ჩავდო გარკვეული სახსარი, რათა მივიღო პროდუქცია კრამიტის სახით, ეგრეთ წოდებული მარსელის ქართული წითელი, - ქართული ტრანსკრიფციით, - ბარძაყებზე შემოტმასნილ კაბის კალთებს მუხლებისაკენ ექაჩება დიდ რვეულში თავჩახრილი.

– ხომ არ ვუყაროთ წამოყენებულ სამ პუნქტს, კრამიტს შევეშვათ ამჯერზე, კენჭი, ქალბატონო ავრორა? - სამ პუნქტსო და არა კრამიტს - ეგრეთ წოდებულ ქართულ წითელს, ანუ კრამიტწითელს მარსელისას. ქალბატონის სურვილის - აგურის ქარხნის შეძენის იგნორირების მცდელობაა, ანდა გოშაძის (ეს უფრო სწორი ჩანს) დიპლომატიის დემონსტრირება.

– სასურველია, საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრმა გამოთქვას საკუთარი აზრი დღის წესრიგის შესახებ, - აცხადებს დირექტორი, თითქოს კრამიტი - წითელი ქართული, ანუ კრამიტწითელი ხსენებული არ იყო.

– თქვენ ხომ არაფერს იტყოდით? - დამლაგებელს, დემოკრატიზმის პრინციპების სრული დაცვით, - მიმართავს ალექსანდრე, - ქალბატონო, თქვენ...

– ანნა, ანია, - ეხმარება ოთარი.

ქალბატონი ანნა, სკამქვეშ შეწეულ ცოცხჩადგმულ ვედროს რომ ფარავს სქელი ფეხებით, უკან იხედება, იქნებ სხვას ეკითხებიანო, იმ იმედით.

– თქვი, ანია! - მშვიდობიანი სხდომისათვის შეუფერებელი ხმამაღალით ეხმარება გრიშა.

– ბატონო ვასო, ცუდად ხომ არა ხართ?

– ვერ უნდა ვიყო თლა კარგად, ბატონო... ვაჟა.

– კარგად უნდა იყოთ, ცხადია, ძალიან კარგი! ქალბატონო ანნა, გთხოვთ!

– ვაჟა ზაზაევიჩ, ლიფტი მუშაობს უვარგისად, არ ვარგა, ვერ მუშაობს.

– როდის შემდეგ, ანნა?

– რაც მახსოვს მე თავი...

– აჰა, თავისებური ამბავია! - დირექტორი გადაღლილი ჩანს.

– თანაც აკურკები ყრიან პირდაპირ შიგ, უკაცრავი პასუხი არი, კიდევ კევის, ჟუვაჩკა, აწეპებენ კედელზე, არ შორდება...

– გასაგებია, ძალიან კარგი!

უნებართვოდ შემოდის სამარკშეიდერო სპეცუნიფორმაში გამოწყობილი ევგენი გრიგოლიშვილი. ხარისხის მწვანე ნიშნები აზის სამხრეებზე და ლურჯი კოსტიუმის გაბზიალებული ღილები უბრწყინავს. დაგორგლილი სახაზავი ფორმატი აქვს ამოიღლიავებული. ღია კარში წახრილი მდივანი დგას, თავშემოყოფილს კარის სახელური უჭირავს ხელით. სიჩუმეა. გაოცებული უყურებენ შემოსწრებულს, ვასო ჩორგოლაშვილიც ვერ ცნობს განახლებულს.

– თინა, რა გინდა! - დირექტორი არღვევს მდუმარებას.

– არაფერი, - კარს ხურავს. მე არ შემომიშვიაო, სურდა, ალბათ, ეთქვა იმ პოზით.

– უკაცრავად, ხელი ხომ არ შეგიშალეთ, ბოდიშს ვიხდი... - ქუდს გადაიძრობს ლურჯს, კიტლისფერს.

– ეს ისაა, კი, ჩვენი ის! - კბილის ტკივილი ავიწყდება ვასოს.

– დაბრძანდით. სკამი მიართვით! - დირექტორიც სძლევს სითენთეს და დუმილსაც წუთიერს.

ვასო ჩორგოლაშვილი წამლის იასამნისფერ შუშას ხსნის ხუფს დგაფანით. იმ ხმაზე კრთება, თავად, სხვებს მოესმათ თუ არაო, არკვევს. ყავის კაკლის ფერისა და ფორმის აბს მიაქანებს პირში უწყლოდ, იასამნისფერ შუშას ხუფავს არანაკლები წარმატებით, აბს ყლაპავს ხორხის მალების კეცვით.

– კბილის წამალი დალიეთ? - ჩუმად ეკითხება კოტე.

– არა, ნაღვლის ბუშტის, კბილის არ მქონდა...

– ეს კაცი ვინ არი, ბატონო ვასო?

– ეს ისაა, კაცო... - ავიწყდება

– მარკშეიდერი?

– მარკშეიდერი?

– რა აცვია?

– სიჩუმე, მანდ რა ხმაურია?!

– სოსო მომიძებნეთ, - ყურმილი უჭირავს დირექტორს, - ნახეთ, მომიძებნეთ, ბატონო ვასო, შეგიძლია წაბრძანდეთ, - ყურმილს დებს, - გამოშუშდით...

– რამდენიმე პროცესი მინახავს თქვენი! - ღიმილით ეუბნება ქალბატონი ავრორა ახალმოვლენილ პიროვნებას.

– ბატონო? - კითხვას უბრუნებს ქალბატონს მარკშეიდერი.

– პროცესზე.

– ა, გასაგებია.

– გესწრებოდით-მეთქი, ამის თქმა მინდოდა, - პროკურორი ჰგონია აშკარად. ვასო ჩორგოლაშვილი განცხადებას ტოვებს მაგიდაზე, ალექსანდრეს გასვლამდე.

– ძალიან გთხოვთ!

– რად გვინდა თხოვნა! - განცხადებას ნიკოლოზს, - კოლიას გაუწევს.

კოლია ხვდება, რა თხოვნის ტკივილია არზაში და თავს უქნევს ვასო ჩორგოლაშვილს,

– წავიღებთ... ეს კაცი ვინ არი?

– ეს ის არი... - ჩურჩულით პასუხობს ვასო.

– აჰა, გასაგებია... - ვერ იგებს.

– წავედი... - მისაღებში გადის.

– ბატონო ვასო, უკაცრავად, ერთი წუთით, იქნებ სოსოს ადგილსამყოფელი იცით... ვრეკავ, ვერ მივაგენი, ერთი წუთით... ბატონო ვაჟა, აქაა ბატონი ვასო, ვეტყვი კი, ვუთხარი უკვე, კარგი, ბატონო ვასო, - ყურმილს დებს, -კბილი გტკივათ? - უკვირს ტელეფონკომუნიკაციებთან დარჩენილ თინას.

– ვკითხავ ჩემებს... კბილი, მგონი, მართლაც მტკივა.

– კი მეუხერხულება, ბატონო ვასო, მაგრამ...

– თუ მაქვს კბილები? - ხვდება ვასო, - სატკენად მყოფნის, ჩემო თინა...

მის კუთვნილ ოთახში შედის. ბორია ბლოკის სტროფებს იმეორებს გამოთქმით, რიტმის მახვილების ჭედვით:

– თქვენ აქა ხართ? - გრენლანდიის ქვეშ ჯდება ჩვეულებისამებრ ვასო.

– რა ხდება, ბატონო ვასო, გაასოხარეს ყველაფერი? - აინტერესებს ბორიას.

– რა ქნეს? გაასოხარეს? ჩემს დროს იყო გააპრადალეს, თქვენი ჯობს... გააქვთ. გაიტანეთ-მეთქი, მოვჭამე ჭირი ყველას, ახლა მითხრეს, წავიღებთო... გავიტანთო, არ უთქვამთ, ამან ქეც შემაფიქრიანა, რაც უნდათ, ის უქნიათ, აქედან მოაშორონ ოღონდ. სოსო სად შეიძლება იყოს, კითხულობენ და ვერ იპოვეს, დირექტორი ეძებს.

– სამხაზველოში დავტოვე...

– თუ კაცი ხარ, მოძებნო იქნებ, შორია, დამავალე!

დირექტორის კაბინეტის კედელზე სათვალსაჩინოდ დიდი ნახაზია გაჭიმული, - გეომეტრიული ფიგურები და წყვეტილ, სქელ, წვრილ და უწვრილეს ხაზებში პატარ-პატარა ალმებია დარჭობილი. მარკშეიდერს ჯოხი უჭირავს ხელში და გრძლივ მოხსენებას ამთავრებს, როგორც ირკვევა:

– ...ასე ამგვარად, ზემოთ აღიშნული გრძედისა და ზემოთ აღნიშნული განედის გრძივზე გადის თაღოვანი გვირაბი, სადაც, ჩემის ვარაუდით და ღრმა რწმენით, მცირეძალოვანი მუხტებით აფეთქებენ მკვრივ ქანებს, რის შედეგადაც წარმოიშობა განივი მხარის პარალელური ბზარები და სიგრძივი მხარის პერპენდიკულარული ნახევები.

მუხტების განმხოლოობის შედეგად შესაბამისად გადაადგილდება ზემოთ ნახსენები ნახევები და ბზარები დაახლოებით ამნაირი შეფარდებით...

- ჯოხს დებს. წითელ-წითელ ალმებს უნაცვლებს ადგილებს გროსმაისტერის სისწრაფით, - ასე ამრიგად... - პაწაწინა ალმებს თავ-თავის ადგილას აბრუნებს გროსმაისტერულად, - ჩვენ ქვემოთ მეტროს ახალი რიგის საპროექტო-საძიებო სამუშაოებია თუ საიდუმლო არტელის მშენებლობა, ჯერჯერობით, ჩემთვისაც გაურკვეველია...

ოთახში სიწყნარე დგება. ტელეფონებიც აღარ რეკავენ. დირექტორი ჯდება, მაგიდას სულს უბერავს, ასუფთავებს, ფიქრობს ცოტა ხანს:

– ჩვენ ამას დავაზუსტებთ, რა გადის და რა გამოდის ჩვენ ქვემოთ, დავუკავშირდებით შესაბამის უწყებას, მაგრამ რაც უკვე თქვენთვის დადგენილია, საიდან დაადგინეთ?

– მე ამ საქმის, უკაცრავი პასუხია, მოხელე ჩიქვანი ვარ, სამთო ინჟინერი, მოწოდებით ვულკანოლოგი.

– მარკშეიდერი არ თქვით ამწინ...

– დიახ, სამთო ინჟინერი და მარკშეიდერი ერთი და იგივეა.

– გამანადგურა ამ ორმა სათაურმა, კოლეგებო, წარმოგიდგენთ სამთო ინჟინერს ბატონ ევგენი ყუფარაძეს...

– გრიგოლიშვილს, - კარხანობს ოთარი.

– გრიგოლიშვილს, ყუფარაძე საიდან გამახსენდა.

ხელს ართმევს სტუმრებს: ალექსანდრეს (საშას), ნიკოლოზს (კოლიას), ქალბატონ ავრორას.

– ევგენი.

– ალექსანდრე.

– ევგენი.

– ნიკოლოზი.

– ევგენი, ქალბატონო.

– ავრორა, შეგიძლიათ - ავო!..

– შენ არაფერი გიგრძვნია? - ჩუმად ეკითხება ერთი წამით განაბული დირექტორი სალამ-ქალამის პროცესში კოტეს.

– არა, არაფერი, ზაზაევიჩ.

– არაა? - კუმავს ტუჩებს და შეეჭვებული დასჩერებია თეთრ წინწკლებს ძველთაძველი მაგიდის მწვანე მაუდზე.

– განაგრძეთ, თქვენ დაბრძანდით ამ ეტაპზე, ბატონო ევგენი! ჩვენ ხომ ვამბობდით, ოთარ, საჭიროა მარკშეიდერი-თქვა.

– კი, როგორ არა... - ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ეთანხმება ოთარი, მოადგილე.

– მარკშეიდერი საჭიროა, - თითს აჭერს სელექტორს, - თინა, სოსო ნახეთ?..

– ეძებენ, ვაჟა ზაზაევიჩ...

– განაგრძეთ! - შუანა თითით თიშავს სელექტორს...

– ა, კიდო! - ვასო ჩორგოლაშვილი კრთის საკუთარ მაგიდასთან კაბინეტში.

– რა იყო, ბატონო ვასო?

– დასწყევლის ეშმაკი! - აიხედავს და მაგიდას გაუბერავს შემდეგ სულს, - აღარ ეშვები ამ საბერძნეთს, ბავშვს რას უპირებთ?

– ბავშვი გამიგებს, რა ვქნათ, ბატონო ვასო, ქმარია და მეცოდება, ისედაც მეცოდება და მეც რომ უმუშევარი დავრჩე, წარმოდგენაც არა მაქვს, რა გვეშველება, ამიტომ, ბატონო ვასო, ჩვენ თვითონ უნდა ვუსაშველოთ საკუთარ თავს, ასე არ არის, ბატონო ვასო?

– არ ვიცი, არა, თქვენ პრობლემებში თქვენ უკეთ გაერკვევით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

ვასო ჩორგოლაშვილი მიდის, ბელა რეკავს:

– მიხვედით დედა, ჰოო, კარგი, მამა რას შვრება? არაფერს? ჰო, კარგი, მალე მოვალ...

ისევ რეკავს:

– სოსო, შენ მანდა ხარ? არ გითხრეს, რომ დირექტორი გეძებს?

გაურკვეველი, დანაწევრებული შეუწყობელი ბგერები გამოდის მეორე მხრიდან.

– ...ბორიამ არ გაგაფრთხილა? არა? წარმოგიდგენია... წამოვიდა: ვიცი, სადაც არიო, ვინ და, შენ. ჩადი ქვევით დროზე, არაა დამთავრებული, ბატონი ვასო გამოვიდა და გრძელდებაო, რატომ გამოვიდა? კბილი ატკივდა თუ ყური... სად არი? ლიფტში? რა იცი შენ? ტყუილია. ახლა აქ იყო, ამწუთას... რა ცუხია ეს ჩვენი ბორია, ბორკა... აკრიფე, რაცა გაქვს და ჩაიტანე, პაკა.

– ბატონო ვასო, მართლა მანდა ხართ? - ეკითხება ბელა ლიფტის კაბინაში ჩარჩენილს ლიფტთან.

– როგორც მხედავ, რას ნიშნავს მართლა?

– სოსომ მითხრა, გაიჭედაო და არ დავუჯერე...

– სოსომ ბევრი იცის!.. - მარაოსავით გაუშლია თაბახის ფურცლები და, როგორც ჩანს, კითხულობს კიდეც ლიფტის ცხაურსიქით ლანდივით დარჩენილი.

– სანამდე აპირებთ, ბატონო ვასო, მანდ ყოფნას.

– სხდომის დამთავრებამდე, გამოვა ყუფარაძე, ყუფარაძე იქით იყოს, ჩვენი გრიგოლიშვილი ევგენი... მთავარია, მოვალეობის შეგრძნების ქონა და სურვილი, რაიც მოშლილია აქ და ყველგან ჩვენი არამყარი სახელმწიფოს რეალურ სივრცეში... მთავარია, ჩვენთვის განსაკუთრებით, ოჯახი, კერა, კვამლი, ფუტი, სახლი. ოჯახი რგოლია სახელმწიფო საზოგადოებისა, - რგოლი, სეგმენტია. თუ რგოლი, სეგმენტი ძლიერია, საზოგადოება, შესაბამისად, სახელმწიფო, ძლიერია. ოჯახია მთავარი. მთავარში კი მოვალეობის შეგრძნება.

– მთავარი სიყვარულია, ბატონო ვასო... სიყვარულის გარეშე რაა სიცოცხლე, ხომ არ შეიძლება იყო და არც გძულდეს, არც გიყვარდეს...

– არც გვძულს, არც გვიყვარს, თუმც ვცხოვრობთ, როგორც ვხედავთ...

– რა აზრი აქვს, ბატონო ვასო, ამნაირ ცხოვრებას, შეიძლება...

– საერთოდ ყველაფერი შეძლებაზეა, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ახლა ლაპარაკის თავიც არა მაქვს. მგონი, სიბრძნის კბილი ამომდის, აბა, კბილები მე არა მაქვს და რა მტკივა.


*******


რკინა-მავთულ-გვარლების ჭრიალ-ხრჭიალით შეინძრევა ლიფტის გალია და კაბინიდან გამოვარდნილი ბატონი ვასო კიბის მოაჯირის ხვეულში ამოყოფს თავს. ქალის შეკივლებას სიწყნარე მოჰყვება.

– რა მოხდა, ბატონო ვასო?!

– არ ვიცი, რა ძალამ გამომაგდო, ვერ გეტყვი. კარი თავისთავად გაიღო, მგონი, ტანმრთელი ვარ, კბილიც აღარ მაწუხებს.

დირექტორის კაბინეტში კირთაცვენაა; გადათეთრებულია სეფემაგიდა, სავარძლები, ზოგიერთის თმა და ქოჩორი.

ყვირილამდე ასული ხმამაღალია.

– ეს სტარტია, წილი ნაყარია, კლუჩევაია სობკა! - მარკშეიდერია. გრიშა ცხვრისფერი ჯაგრისით საპატიო სტუმრებს უწმენდს თავსა და ტანსაცმელს, ანია ცოცხითა და სველი ტილოთი ასუფთავებს იქაურობას ყოველგვარი პანიკის გარეშე. აღელვებული დირექტორი თავადვე იშორებს კირის მტვერს საყელოდან და გულისპირიდან.

 ეს კაცი ვინაა, არ იცით? - კითხულობს თავჩახრილი, შეკირული გოშაძე.

– სტუმრებს მიხედე, თინა, - მდივანს იშორებს დირექტორი, - მე შემეშვი, გაზრდა... ვინ დააცემინა, ჯანი, ღონე, ჯანმრთელობა!.. რა ქნა იმ კაცმა, ჩაჩანიძეა თუ ვიღაც ოხერია, მოხსნა გლუშიტელები?! ვინ თქვა პირველად, მოტოციკლეტების ბრალიაო, დივერსიას ხომ არ გვიწყობს ვინმე? - მარკშეიდერს უყურებს.

– განვაცხადე, გითხარით, - ჭიკარტებს აძრობს მიდგმულ მაგიდაზე გაჭიმულ სქემას, სულს უბერავს ქაღალდს, გორგლავს, - ვთქვი გარკვევით, მცირეძალოვანი მუხტების წიაღისეული ფეთქვაა-მეთქი.

– ხომ ვიძახოდი, მარკშეიდერი გვჭირდება-თქვა, ერთი კარგი, ერთი კი არა, სულ ცოტა, ორი ვულკანოლოგი, ვულკანოლოგი რა ჩემ საშად და კოლად მჭირდება, წავიდნენ მაგენი, აორთქლდნენ? უნდა მეთქვა, - მარკშეიდერი...

სოსო, მოხველი, სად დაიარები, კაცო, შენ?! ჩადი, სოსო, ქვევით, გაგვიგე რა ხდება ჩვენ ქვევით, ჩვენ ზევით და ჩვენ თავზე, რა გიჭირავს ეს ხელში, მაჩვენე: "ცისფერი მთები" ანუ... ანუ რაღაა?.. ტიან-შანი, დაუჯერებელი ამბავი, გაასამე? არ უნდა ორი სათაური-თქვა, გეუბნები, გაორმაგებული ვართ ისედაც.

ჩვენზე დაწერე, სოსო, რა გეტიანშანება, მომიყვანეთ ის ეროვნული მოტობურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რად უნდა მოტობურთს პრეზიდენტი, თანაც, - ჩაჩანიძე! გაიგეთ, რა სიმძლავრის შიდაწვის ტკაცუნი აქვთ ჩვენს კალოზე. მერე ჩადი მშენებარე მეტროში, განხილვას დავნიშნავთ, მივლინებასაც გაგიფორმებ საგანგებოს...

ეს ჩართულია, ჩართულია, - სელექტორს დასჩერებია, - მხატვარს მოგამაგრებ, მეტროს ვატმანს... სიმღერაც უნდა იყოს, ასეთი, - კაცი მიდის მიწაში, - გესმის შენ აქ რა ამბავია?!

– მესმის, ზაზაევიჩ, ფაქტის კურსშიც ვარ, სიგნალზე არ მპასუხობდით... - უცნობის, ამ დაწესებულების თანამშრომელთათვის ყურს მიუჩვეველი ხმაა...

– მერე?! სოსოს ხომ იცნობ, ჩვენს სოსოს? მივლინება და ნებართვა, სასწრაფოდ! მეტროს მშენებარე გვირაბში, შტოლნში, არ გესმის?!

– მესმის, ვაჟა ზაზაევიჩ, მიწისქვეშა მივლინების ტიპური ხელშეკრულების ფორმატი არა გვაქვს, კაცი რომ შემოქმედებითი დავალებით მიწისქვეშ გაგვეშვა, ასეთი შემთხვევა არ გვქონია, რაღაც არ მახსენდება.

– მეც ვერ ვიხსენებ! - ერთვება მიწისსაქვედაო დიალოგში ოთარი მიწისზევით, - ისე კი, გავაფორმოთ, კაცო, მთაზეა ნაწარმოები, მთებზე...

– მართალია, ოთარი, სამთო მივლინება გავაკეთოთ, მთებზეა ლაპარაკი, ცისფერ მთებზე, - ტიანშან! მეორე სათაური არაა საჭირო, - ოდნავ აპრეხილ შუათითს ურტყამს კლავიშს. აპარატს თიშავს. უცნობის ხმას მარხავს, - ეს ასე! გაიგე, სოსო, განხილვა შედგება პროექტთან ერთად, სად არის ვასო, მოვიდეს ვასო, ეს მომეცი აქ: "ცისფერი მთები, ტიანშანი", ორი სათაური არაა აუცილებელი... ვასოს კბილი სტკივა?!

– ვასო ლიფტში იყო გაჭედილი, - გაიხსენებს ვიღაც.

– ფეხით ვერ ჩავა მაგ დალოცივლი! მაინც რა სჭირს იმ ლიფტს, ხომ არ გათვალა ვინმემ!

– კაპრემონტშია, ვაჟა ზაზაევიჩ, ჩასაყენებელი... - პასუხობს ოთარი.

– როდის გაუვიდა საექსპლოტაციო ვადა?

– გასული ჰქონდა, პირველი რომ შევცვალეთ...

– დავუთმოთ ახლა ასპარეზი ანიას, თინას, ჩვენ მოვემზადოთ დიდი სხდომისათვის, - წაკითხული აქვს იმედია, ყველას, პროექტს გაგვაცნობენ, დღეს ვერ მოვასწარით, სამწუხაროდ, ამის გაკეთება, დაველოდოთ დიდ ხუთშაბათს. სოსო, სადაა ეგზემპლარი? ხო, კი, აქა მაქვს! ეს არი? "ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი", ერთი სათაური უნდა დარჩეს, "დაუჯერებელი ამბავი", - რას ხედავთ აქ დაუჯერებლს?! გაათავისუფლეთ ის კაცი, გამოიყვანეთ ლიფტის კაბინიდან, უხერხულია, ძველი ტანკისტია, რაც უნდა იყოს!

– გამოსულა, კატაპულტით გამოვარდნილა!

– თინა, ვინ გითხრა ეს შენ?

– დარეკა უცნობმა! - დაჭყეტილი თვალებით იხედება ღია კარში, - ვინაობა არ გაამხილა!

წიდისფერ წიდამოედანზე თამაშობენ მოტობურთს. ბდღვინავენ მოწეულ გაზაფხულს მოტოციკლები ახალამწვანებულ ალვებთან, მზით დამტყდარ ხეთა ჩრდილებში.

დგას ბელა იქ, მზე აფენია თეთრ სახეზე, ხან ხის სვეტღეროს ჩრდილი. კარაქისფერი საყელოაქაჩული ლაბადა აცვია, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დროდადრო გვერდს უქცევს ცივ ნიავს, ხან მზეს უჟუჟუნებს თვალებს, ხან ვეებერთელა, წითლად დაკოპლილ ბურთს აყოლებს მზერას.

დაჭვარჭვალიტებული ბურთის ჭიპი აუცილდება მუხლისთავებს, ჯიბეებიდან ხელებამოუღებლივ ურტყამს ბუშტბურთს ფეხს და ცალმუხლჩატეხილი სიმწრით იკვნეტს ქვედა ტუჩს.

ბურთს აუტში მიაფხოკიალებს ნიავქარი და ალვებში ჩხირავს აღტაცებული მოტომხედრების თვალსამზერიდან. არტემ ჩაჩანიძე ბერავს მენავთის საყვირს და ყვავილების ცვენის შარიშურს და ფუტკრის ზუზუნს ამსგავსებს.

ქალს დამიზნებული საყვირის მუსიკა იფანტება ქარში და იერიქონის ფსევდომელოდია გრენლანდიის მჭიდროდ დაგმანული შენობის კარ-ფანჯრებამდე აღწევს და არ შედის. იების კონას მიართმევს ეროვნული მოტოგუნდის კაპიტანი არტემი (არტავაზი) ბელას.

– რა კარგია, გმადლობთ!

– დღეს თქვენი სტუმარი ვარ, გეწვევით უსათუოდ.

– სად? ახ, ჩვენთან? მობრძანდით, გელით, გმადლობთ, - გაღიმებული მიდის, წაიკოჭლებს, ცდილობს, არ ჩაეტიოს მოტობურთის რაზმის თვალსაზომში ფეხშეშლილი.

– აი, რა მომართვეს, გაზაფხულის პირველი მახარობელი, - ამჩატებული შედის ოთახში.

– ყოჩივარდები, - უხალისოდ აღნიშნავს ბორია, - ბორისი, პოეტი.

– არა.

– კვარაკუნჩხებია, - ეხმიანება კაკო, კბილებს აღარ აელვებს.

– იებია, ბიჭო, ნამდვილი იები, ლურჯთვალებიანები...

იქ არიან მისიანები.

ღიმილი გაოცებით შეეცვლება სულ უმალვე, კოლეგების დაღრეჯილობაზე.

– რა მოხდა? - მშრალ ლარნაკში დებს იებს.

– წყალი უნდა მაგას, - უხსნის კაკო.

– გმადლობთ, არ ვიცოდი, - გრაფინიდან ჭიქაში, ჭიქიდან ლარნაკში, - ესეც ასე, ახლა მითხარით რა მოხდა?

– შუქრი აიყვანეს.

– სად აიყვანეს?

– დაიჭირეს.

– ბატონო ვასო! - მკაცრად, კატეგორიულად ითხოვს, მართალია თუ არაო.

– რა გითხრა, ჩემო კარგო, წამალი, იარაღი, ტელევიზია, ჩვენც ვიქნებით შიგ, ხელბორკილით წაიყვანეს...

– რატომ ვარ ცოცხალი!

– მოგვეჭრა თავი!

– რატომ ამბობთ, ბატონო ვასო, მაგას, კერძო შემთხვევაა, პასუხს დამნაშავე აგებს და არა კოლექტივი! - კოტეა, მის განცხადებას დამაჯერებლობა აკლია.

– ვიღაც დაინტერესებულია ჩვენი დისკრედიტაციით.

– ვინ, ბატონო იროდიონ?

– არ ვიცი, კოტე, გენაცვალე, რომ ვიცოდე, არ ვიტყვი, არც ვამბობ, მით უმეტეს, შვებულებაში ვარ.

– აქ ცხოვრება აღარ ღირს, ხომ ხვდებით, საბერძნეთში კი არა, იმას იქით წავალ, სიკვდილში წავალ.

– ქალო, გაჩერდი, არსად წამსვლელი არა ხარ!..

– დახმარებას პირდებოდა ლერის! გიშველითო და თავად გამხდარა საშველი, - გვარიანადაა წამოწითლებული.

– არაფრით დავიჯერებ, გამორიცხულია შუქრის რაიმე კავშირი ნარკოტიკთან... მოთამაშე კაცია, რაა დასამალი და არა - ნარკომანი და... არ მინდა ვთქვა და მაინც ვამბობ: დაგეგმილი პროვოკაციაა.

– იარაღი რად უნდოდა, იროდიონ? - კოტეს აინტერესებს.

– ოფიციალურად აქვს გაფორმებული.

– მხოლოდ არა ტარების უფლებით.

– არც ატარებდა, სეიფში ჰქონდა ჩაკეტილი. მე არ ვიცი? ვიცი, მე დამისწრეს სეიფის გახსნაზე, იქ ჰქონდა, არ ჩაუდევთ, იქ იყო, ჰქონდა უფლება... პროვოკაციაა, ეს რა ხდება...თქვენ იკითხეთ, ახალგაზრდები ხართ, თვარა მე რა... ექიმი კაცი ვარ, ხეზე დავირჩენ თავს... აქ რომ რაღაც ხდება, რად უნდა ლაპარაკი, შენი აპეკუნობა, კოტე, ჭყინტი ხარ ჯერ, არავის სჭირდება.

– ჭყინტი რა, ლობიოა?

– ჰო, რა იყო, - ბორიას უბღვერს ჩორგოლაშვილი, - ბავშვია ჯერ, ჭყინტია აბა რა არი, ბევრი უნდა ისწავლოს თუნდაც ჩემგან, საწყენად კი არ ვამბობ, ჩემო კოტე!

– არც მწყინს.

– სხვას რა მოვთხოვო, სურათი ვერ გაგატანინეთ აქედან, - აგრძელებს ვასო, - ელოდებით, როდის დამეცემა...

– თქვენი თავიდან ამოდიხართ, ბატონო ვასო.

– აბა ვისი თავიდან უნდა ამოვიდე. ჩემს თავზეა გართულება, ამ თავზე, - გამეტებით იტყაპუნებს ხელისგულს იმ თავზე, - უნდა დამეცეს!

– რომ გადაჯდეს, რა მოხდება, სურათი თან ხომ არ წაჰყვება... - კაკოა.

– შენ გაჩერდი! - ხმადაბლა უჯავრდება ბელა.

– რა ბრძანეთ თქვენ?!

– ამათ ვეუბნები, ბატონო ვასო, - ფეხზე წამოდგება კაკო, - რატომ უნდა გადაჯდეს-თქვა, ოცდაშვიდი წელია, ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები, იქ ზის და ახლა გადაჯდეს!

– პრინციპის საკითხია, სხვა თუ არაფერი, - წყნარდება ვასო, - გეშინიაო, წამომძახა იმ დღეს იმ ხისთავამ, არაფრის არ მეშინია, არაფრის!..

– ტანკისტი იყო ომამდე ბოლოს და ბოლოს! - კმაყოფილი ჯდება კაკო - იგივე აკაკი.

– არა, უნდა ითქვას, შვებულებაში ვარ, ფაქტიურად, ვფიქრობდი, არ ამოვიღებ ხმას-თქვა, მარა სანამდე ჩავიგუბო პირში წყალი: აქაურობა მოსწორდება მიწის დონეზე და გაშენდება ვეებერთელა, — დიდზე შლის დიდ მკლავებს იროდიონი, — მოტოდრომი...

მოტოციკლის გამაყრუებელ ტკაცატკუცსა და არტემ ხუბულურ-ჩაჩანიძეს შემოუძღვება დირექტორი.

– თუ არ იცნობთ, გაიცანით - საქართველოს მოტობურთის ფედერაციის თავმჯდომარე და საქართველოს ეროვნული მოტობურთის ნაკრების კაპიტანი არტიომ ჩაჩანიძე!

კრაგების ჭრაჭუნით, რამდენადმე მორიდებითაც, მუზარადს იხდის და მდაბლად ხრის თავს.

ოთარი, მნე გრიშა, მღებავი მიხა და მარკშეიდერი ევგენი შემოდიან დირექტორის კვალდაკვალ.

– აქ უბერავს! - აღნიშნავს კაკო.

– ემზადებით, ალბათ, განხილვისათვის, ბოლშოიჰ კრუგ, თუმცაღა წინასაზეიმო განწყობას ვერ გატყობთ... - ღიმილი გადადის სახეზე დირექტორს.

– რა გვეზეიმება, ბატონო ვაჟა! - ბელა ამბობს გარკვევით, დირექტორს კი, ვისი მისამართითაცაა ეს სიტყვები ნასროლი, მაინც თვალს არიდებს.

– თანაც აშკარად უბერავს! - მუხლებზე ისვამს კაკო ხელს.

– ასე არაა საქმე, ქალბატონო ბელა, ვინ უბერავსო, რა თქვით?.. ჩვენ ამ სურათის ყოფნა-არყოფნის საკითხს დავადგენთ დღესვე, ექსპერიმენტალურად, ვადამ რიჟოვის მეთოდით.

– ჯერ, ბატონო ვაჟა, შუქრი გამელაურის ექსპერიმენტში გაგვარკვიეთ, რა მოხდა ამ დილით აქ?!

– მაგის კითხვაც მინდოდა თავად მეც, ისე კი ფაქტი ფრიად არასასიამოვნოა, რბილად რომ ვთქვათ... როგორც გითხარით, ვადამ რიჟოვის ექსპერიმენტალურმა მეთოდმა გაამართლა ევროპული მასშტაბით, როგორც მითხრეს, როგორც ამიხსნეს, ახლა, არტიომ, - განსაკუთრებულ მახვილს უსვამს ბოლოსწინა ხმოვანს, - ჩაჩანიძეს ვთხოვოთ, ჩაჩანიძე-ხუბულურს მივცეთ სიტყვა.

– კი ბატონო, - საკუთარ მუზარადს ახურავს ჩაჩანიძე ვასო ჩორგოლაშვილის, - მანდვე იჯექით, თუ შეიძლება, ცოტა უკან, კედლისაკენ!

– არ შეგეშინდეთ, ბატონო ვასო! - ეძახის ბორია, ბორისი, პოეტი, ქვემო მელიოლითის დაწერილობის განყოფილების არამყარი წევრი...

– არხეინად იყავი, არაფრის არ მეშინია! - ქუდს ისწორებს მითითებულ ალაგას მისწორებული, სურათქვეშ თავშერგული ბატონი ვასო.

– ჰარალეი (USF), 2004 წლის გამოშვება, კარგად შენახული, - ჩაჩანიძე სიტყვას ამთავრებს და ზანგი შემოაგორებს (USF)-2004-ის ბოლო მოდელს.

– სიმონ განელი, ზემო განინიდან! - აცხადებს ჩაჩანიძე ხმით და უცბად ცვლის კილოს, - სხვათა შორის, არაბი ვარო, ასე ამბობს...

მოულოდნელად ჩამომდგარ სიჩუმეს არღვევს თავად არაბი:

– მზეში დავბადებულვარ, ბატონო, რაცხა უბედურ დღეს, მზის აქტიობისას და გავშავებულვარ მასუკან და ქე ვარ შავი...

– გაუშვი, ბიჭო, მაგ, რამდენს ლაპარაკობ! - ჩაჩანიძეა.

– ესღა გვაკლდა!.. - მოასწრებს ჩალაპარაკებას იროდიონი "გაშვებამდე".

– ქალბატონი ხო არ შეწუხდება, ვინცხა იმისი არ იყოს... - არაბს აინტერესებს.

– გაუშვი, არ ვწუხდები, ვინ უნდა გაუშვას, ბატონო ვასო?! - უკვირს ბელას.

– ნახავ ახლა... - სიტყვას ვერ ამთავრებს ვასო.

გაშვებულია: ადგილზე ზანზარებს ოთახი, ფსევდოკლასიკური არქიტექტურა მთლიანად. ქანქარი გააქვს კედელზე გრენლანდიას. გაუნძრევლად, სტოიკურად, პრინციპულად ზის კისერგაშეშებული, მუზარადიანი, მაგიდაზე მუშტებდაწყობილი ვასო ჩორგოლაშვილი ყინულხორგქვეშ. კაუჭი ყანყალებს, სამი უძღები თეთრი დათვი ქრება და შავად ჩნდება სითეთრეზე. ახველებენ, იხრჩობიან, ერთმანეთს ვეღარ ხედავენ ქვევით

– გაუშვა ზანგმა, - ყვირის აირში ცალხელგაწვდილი პოეტი:

– გააღეთ კარი! - იძახის ვიღაც, - ფანჯარას შეეშვი, არ იღება, ბორია, შენ მაინც გაჩერდი!


*******


კაკო სარკმლის თოკს ქაჩავს ლანძვსზემოთ, - ამაოდ, თეთრ კბილებს აჩენს მზიისფერში, ტკაცტკუც-ტკაცანი წყდება, კარი იღება თავისთავად, ჰაერი იწმინდება.

– ექსპერიმენტი დამთავრებულია, სურათი ადგილზეა! - აცხადებს ცხვირ-პირზე ცხვირსახოცაფარებული დირექტორი, - გმადლობთ მონაწილეობისათვის, ეს განცხადება მათხოვეთ, რა დღეა დღეს, რა რიცხვია, უფრო სწორად?

– ცხრა აპრილი.

– ცხრა აპრილი, - იმეორებს, წითელი ფანქრით მსხვილად, მთელ სიგრძეზე აწერს, - გაიტანეთ! - მიდის, მიჰყვებიან ვინცხებსაც მიყოლა ეკუთვნით.

– იროდიონის შვებულების განცხადებაზე დაუდევს რეზოლუცია... - ამოილაპარაკებს ვასო ხრინწვით.

– ჩემს განცხადებაზე?! საიდან მოხვდა მანდ? - იროდიონიც ახველებს.

– მე რა ვიცი საიდან მოხვდა, დამიგდებთ აქ გუგულის კვერცხივით... იროდიონი ხომ ხარ შენ?.. - კითხულობს: "გთხოვთ, მომცეთ კუთვნილი შვებულება"...

რეზოლუცია:

გაიტანეთ.

აპრილი ცხრა.

– მათხოვეთ.

– ა, ბატონო, მიირთვით, მიხო, შენ არ გახვიდე. რეზოლუცია აქაა, რა მნიშვნელობა აქვს, რას დაადო და რას დაგვადებენ. გაგიტანოთ თუ გაიტან?!

– სურათს? გავიტან, რა პრობლემაა, ვასო ძია...

– როდის?

– როცა გინდათ!

– მაინც?

– როცა გინდათ, ჩემთვის სულერთია, ვასო ძია...

– დღეს?

– დღეს საიდან, დამთავრდება ეს დღე...

– ხვალ?

– ხვალ ხომ დიდი კრუგია, ლაპარაკის დრო.

– მერე შენ რა.. გიშლის ვინმე ლაპარაკს?

– მე ვინ მალაპარაკებს, მე ვმუშაობ. მარტო ხომ ვერ ჩამოვხსნი. შვიდი კაცი შემოჰყოლია ჩემს დაბადებამდე შემოტანის ჟამს. გატანას ექვსი ხომ მაინც დასჭირდება ჩემი ჩათვლით!

– ბოლო-ბოლო, როდის გაიტან?!

– როცა გინდათ, ვასო ძია, ჩემთვის სულერთია, რა პრობლემაა...

– გამოჩნდება გამტანი, შენით არც იწყება და არც მთავრდება ეს საქმე, იცოდე... ხელის მოსაკიდ ადგილს არ დაგიტოვებენ, მითქვამს, გაწიე, კაცო, სიგარეტი, სად ფერფლავ, ფერფლი უნდა დაიფერფლოს საფერფლეზე, აბა რისთვისაა საფერფლე... - კაკოს ატყდება რისხვა, რაც შეუმჩნეველი არ რჩება თვალითმხილველთათვის.

– მულო, შენ გეუბნები და, რძალო, შენ გაიგონეო, - შენიშნავს იროდიონი, - თუ როგორაა?

– ბიას ესროდნენ და ვაშლი ცვიოდაო, თუ პირიქით... - ეხმარება ბორია.

– ვასო ძია, ბოდიში, იქით ვყრიდი და აქეთ წამოიღო სიომ... - თავადვე უბერავს და ხელისგულს უხვედრებს მაგიდის ძგიდეზე ფერფლს.

– აქეთ უბერავს, კაცო!

– ვასო ძია, - სიცილს ვერ იკავებს კაკო, - საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო, ანდაზების დღეა? ამოიღე შენ, ძმაო, ხმა, მიხო ხარ თუ ვინც ხარ... - იგუდება სიცილით, სრულიად უსაფუძვლოდ.

– ავაფურთხე - ულვაშს მოხვდა, დავაფურთხე - წვერებსაო, - ენის მოკიდებით ებმება საანდაზეთში.

– ამან არ არია გული! - მღებავის დანახვა აღარ უნდა ვასოს, ვეღარ იტანს, ეტყობა, კაკოსაც, სიცილით რომ იხრჩობა ყოველისფერზე.

ბუხჰალტერიაში შედიან, წინ ისინი, - უკან ტექნიკა. გაღიმებული, კმაყოფილი ათვალიერებს იქაურობას დირექტორი.

– როგორ ბრძანდებით, ქალბატონო თამარ? - ისე გამორჩევით ართმევს ხელს, როგორც დირიჟორი სიმფონიური ორკესტრის პირველ სკრიპკას.

– ვარ ნელთბილად, რაღაც მარყევს, თავის ბრუალიც მაქვს...

– ეს გიშვება შენ მაგას, - სიგარეტის კოლოფს დასწვდება, ასწევს და დააგდებს, - დაანებე თავი და აღარც ბრუალი გექნება, აღარც რყევა...

– ერთი ესღა დამრჩა და ამასაც თუ თავი დავანებე, რაღა დავიწყო?

– როგორ არი, ქალბატონებო და ბატონებო, საქმე, ისევ გაცვივათ?

პირდაღებულნი იყურებიან, - მათ გამოჩენამდე დავთრებსა და საანგარიშოებში თავჩაღუნულნი.

– სხვათა შორის, - განაგრძობს, პასუხს არ ელოდება დირექტორი, - უფულო ბუჰხალტერია უპურო მაღაზიას ჰგავს, დიახ, - მომწონს შედარება, - უპურო მაღაზიას, ულავაშოს...

– გვაუქმებთ? - ამოიკნავლებს ძვლებად ქცეული ქალი მეორე ეშელონიდან.

– კი არ გაუქმებთ გაძლიერებთ, ქალბატონო ლიზიკო, ეს ქალი ციციშვილის ქალია, - ხელზე კოცნის ციციშვილის ქალს, თვრამეტი წელი რომ უყურებს ბზარს და აღარ ახსოვს, ბზარი იყო მის მოსვლამდე თუ მისი მოსვლის შემდეგ გაჩნდა.

თვალებგაფართოებული ხედავს მოტოციკლს, მოტოციკლის პატრონს და უნიფორმაში გამოწყობილ ეროვნულ-ნაციონალური მოტობურთის კაპიტანს არტიომ, არტემ ჩაჩანიძეს.

– ის შავი ზანგი არაა, ნეგრია, არ შეგეშინდეთ, - ამშვიდებს ციციშვილის ქალს ჩაჩანიძე, - ჩვენი პილოტია, სიმონ შავი.

– გავშავდი, რაცხა საუბედუროდ ზემო განში, ნილოსის დელტაში, კაპიკაპუნაში...

– ასეთი ამბავია, მოკლედ ერთი წუთით, - დირექტორია, - გრიშა აქ არი, მიშა აქ არი, მიშა სადღაა, დაგვტოვა, მგონი, უდროოდ.

– აბა, - ამოიოხრებს გრიშა, - ოთხმოცდაათი წლის არც კი იყო, უკლდა ცოტა.

– საცოდავი... დავიწყოთ ჩვენ, რაღას ვუყურებთ...

– გაუშვი, ბიჭო!

– ცვენას ახლა ნახავთ, - გაკეცილ ცხვირსახოცს იფარებს ცხვირ-პირზე დირექტორი.

ხველებით გამოდიან.

საშინელი ხველა და ტირილი ისმის შიგნიდან. დირექტორი ხელს ართმევს მადლობის ნიშნად ჩაჩანიძეს.

– ნაწარმოები უნდა წარმოადგინოთ, - გამოთხოვებას არ აპირებს, - გრანტი მოგვარებული მაქვს, ნაწარმოები აქტუალურია, თქვენი აზრი აუცილებელია...

– ჟანრი?

– ბატონო? - ვერ იგებს ჩაჩანიძე.

– მხატვრულია?

– დიახ. ყოველნაირია.

– ძალიან კარგი. ისე, მე რომ ახლა ველოსიპედით გამოვცხადდე მოტონაკრებში სათამაშოდ, როგორ ხასიათზე დადგები?

– დაახლოებით თქვენნაირზე, - პასუხობს მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, ხომ არ მაშაყირებსო ეჭვობს მაინც.

– მოიტანე ნაწარმოები, განვიხილავთ, მივხედავთ!

– დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა!

– მადლობელი ჩვენ უნდა ვიყოთ, ნაწარმოები მოგაქვს, ბატონ ვასოს გადავცემ, - ჩორგოლაშვილს, გაუხარდება.

– აუცილებლად, - უტარო წითელ ალამს ამოიღებს, ააქნევს და დაიძვრება მოტოციკლეტების კავალკადა საშინელი ხმაურით დერეფანში, თავის გამოყოფასა და უკან შეყოფას ვერ ასწრებენ ადგილობრივი კადრები, დერეფანში დარჩენილები შეშინებულები ეწებებიან კედლებს.

სიწყნარეა. შაშვის გალობა შემოდის ღია ფანჯრიდან სიმშვიდეში. გრენლანდია გააქვთ აისში, დილაალიონზე ექვს კაცს; ნარინჯისფერი, იეროგლიფური ნიშნებით დამშვენებულ ჟილეტებიან მუშებს უჭირავთ სურათი თავდაღმა.

ქუდმოხდილი გრიშა მიჰყვება (მიშა აღარაა) ჭირისუფლად. მღებავი მიხა ხელის მოსაკიდ ადგილს ეძებს, არ იკარებენ, იშორებენ, უკანანი ტლინკებს ესვრიან დროდადრო.

დიდ დარბაზში ლაგდებიან წრიულად. შემოდიან პაპარაცები. პრესის, ტელევიზიის, რადიოს წარმომადგენლები საკუთარი აღჭურვილობით. ურაკპარაკში იკავებენ ადგილებს პირები ზემოდან: საშა, იგივე ალექსანდრე, ნიკოლოზი, ნიკო, იგივე კოლია, და ქალბატონი ავრორა.

ნახევრად შიშველ მუხლებზე იშლის დიდ, ფერად, ბრჭყვიალა საქაღალდეს, დაკვირვებით იხედება ფოლიანტებში, იუბკის კალთებს იქაჩავს შემდეგ ურეზულტატოდ მუხლისთავებისაკენ, ვერ ფარავს საფარავს, თუმცა არც მისი პერსონით ინტერესდება მაინცდამაინც ვინმე და არც მისი შიშველი ბარძაყებით.

გრენლანდიის ქვეშ წითელსუფრაგადაფარებულ მაგიდასთან ეპატიჟებიან ერთმანეთს:

– თქვენ დაბრძანდით, ბატონო ვასო, აი აქ!

– როგორ გეკადრებათ, ბატონო, თქვენ...

– მე და ოთარი აქეთ, ჩვენ გასვლა მოგვიწევს, თანაც საშტატო განრიგს უნდა გადავხედოთ...

შიგ შუაში, ეპიცენტრში, გრენლანდიის ქვეშ სვამენ დამსახურებულ თანამშრომელს, ყოფილ ტანკისტს ვასო ჩორგოლაშვილს.

– ძალიან კარგი! - ამბობს ის არც მთლად კმაყოფილი.

იროდიონი თავისიანებს მიაშურებს დიდი და მძიმე ნაბიჯებით; მაინც განცალკევებით ჯდება, თავისუფალ სკამზე ქუდს დებს, - ჟოკეს.

– დაბრუნდით, ბატონო იროდიონ? - ეკითხება კაკო.

– შვებულებიდან? არ წავსულვარ ჯერ, ფაქტობრივად...

მარკშეიდერი ესალმება ყველას ღიმილით, წელგახრით, ფურცელგრაგნილით მომავალი.

დირექტორის მდივანი იხედება ღია კარიდან, დარბაზს უცეცებს თვალებს.

– თინა, რა იყო? აქა ვარ!

– თქვენი მეუღლე მოვიდა, ვაჟა ზაზაევიჩ.

– რა უნდა, კაცო?

– სტუმრები მოიყვანა, არტისტები...

– აუ!..

– რა ვუთხრა?

– აქ არ შემოვიდნენ ჯერ. გამოვალ მოგვიანებით, დაიცადონ...

პლასტმასის შავად დალილოჭრელებული ყუთები შემოაქვთ ბოთლების რაწკარუწკით.

– არ დახსნათ ჩემი განკარგულების გარეშე! - გრიშას ბრძანებაა.

– ხომ არ დაგვეწყო, ბატონო ვასო? - ეკითხება დირექტორი ხმადაბლა.

– როგორც იტყვით.

– ცოტა მოვიცადოთ... - ოთარია, - შავი კონტინენტის დელეგაციაა მოსასვლელი.

მოწვეული წევრები ვიტალი და ვარდენი მოდიან ფეხაწყობილნი, ერთნაირი თარგისა და ფერის კოსტიუმებით.

– ბატონი ვიტალი, - ბატონი ვარდენი! - კაკო აცხადებს ხმადაბლა და ორ სკამს აცალკევებს. ვიტალი და ვარდენი კი ხელს ართმევენ ახლომახლო მყოფთ, დაჯდომას არ ჩქარობენ.

– ესენი კიდევ აქ არიან? - ეკითხება დირექტორი ოთარს.

– გეტყვით მერე... - უფრო ხმადაბლა პასუხობს ოთარი, ჩორგოლაშვილისაკენ იხედება, საშტატო განრიგსაც აფარებს ხელს, რაღაცას, ანდა ყველაფერს არ აგებინებენ ბატონ ვასოს.

– დარჩა ვინმე მოსასვლელი?

– აფრიკის დელეგაციაა, ბოთლები არ დახსნათ! - გრიშა აქტიურობს.

– გავატაროთ ბარემ...

– იმ კაცს დაუძახე... - საშტატო განრიგში იხედება დირექტორი, - ყუფარაძემ რომ დარეკა.

– ევგენ გრიგოლიშვილი აქა გვყავს, რეზერვში, - საშტატო განრიგს მიუჩოჩებს და გრიშას ანიშნებს ხელებით, ის კაცი მოვიდესო. მარკშეიდერი გრიშაზე ადრე ხვდება, ვისაც ეძახიან.

– ეს ჩემს ქუდზე იჯდა, ფუი! - დაჭმუჭნილ ქუდს ასწორებს იროდიონი მარკშეიდერის წასვლის შემდეგ, - რამ მომიყვანა, საშვებულებოდ ვიყავი გადადებული, შენ რას იცინი, რა გჭირს მაგ ხელზე?

– ვიღრძე, იროდიონ, შენთან ვერ მოვედი სამკურნალოდ, შვებულებაში მეგონე... - ტუჩებზე იფარებს ხელისგულს, - ბრუნდება ის კაცი, იროდიონ, ქუდი გადადევი! - მარკშეიდერზე ანიშნებს ნამეტანი გახარებული.

– მაგ კაცი ამოვიღოთ, საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ, ოთარ... - დირექტორი მარკშეიდერს აყოლებს თვალს.

– არა გვყავს შტატში და საიდან ამოვიღოთ, ვაჟა ზაზაევიჩ, რეზერვშია.

– ხო კაი, კაი, ბატონო ვასო, რას ვშვრებით?

ვასო დგება. სათვალეს ირგებს, ახველებს, ხმას იწმენდს, თაბახის ფურცელში იხედება.

– დღეს ჩვენ ვიხილავთ ცისფერ მთებს, ტიან-შანს...

– დარჩა ხომ ორი სათაური? - შეწუხებულია დირექტორი.

– ანუ, - განაგრძობს სხდომის თავმჯდომარე, - დაუჯერებელ ამბავს და პროექტს, ორი სათაური, თუ მეტი არა, დარჩა, სამწუხაროდ... დღეს ჩვენ ვიხილავთ...

– ავტორის გარეშე? - კოტე იძახის გრძელი კისრისა და პატარა თავის რხევით, საქმით, ყურადღების მიქცევის თვალსაზრისითაც, ალბათ...

– სოსო არ არი? - კითხულობს დირექტორი და სოსოს არყოფნის თაობაზე გადახედავენ ზოგიერთები ერთმანეთს.

– სოსო არ გააფრთხილა არავინ?

– როგორც ირკვევა, უკაცრავი პასუხია, ზაზიევიჩ, არავინ გააფრთხილა, - გრიშაა, საზეიმოდ, უფრო საქმიანად ჩაცმული.

– სტუმრებს გახედე, არტისტები არ შემოვიდნენ ჯერ, უცხოეთის დელეგაცია შეაყოვნე.

ოთარს მისჩერებია მცირე ხნით შეფიქრიანებული, ხომ არ მიშორებენ თავიდანო. მაინც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას, გასაგებია ყველაფერიო, და სწრაფად გადის გრიშა, მნე.

– ეს კიდევ ირიცხება ჩვენზე? - ჩუმად ეკითხება დირექტორი.

– ჯერჯერობით... - თითქოს სხვას პასუხობს ოთარი.

– დღეს ჩვენ ვიხილავთ, ვიხილავთ... ხომ არ დავჯდე?

– დაბრძანდით, ბატონო ვასო, - ნებას რთავს დირექტორი, - როგორ ბრძანდებიან ბატონი ვარდენი, ბატონი ევგენი?

ვარდენი, ევგენი (ცალ-ცალკე): - არა გვიშავს, არა გვიშავს, გმადლობთ, ვართ, ღვთის შეწევნით, გმადლობთ, ვართ ღვთის შეწევნით...

– განაგრძეთ, ბატონო ვასო, რატომ გავჩერდით?

– არ ვიცი, დიახ, - მხრებს იჩეჩავს, ისევ დგება, სათვალეს ირგებს კვლავ, - დღეს ჩვენ ვიხილავთ...

პოლიციის მანქანა ჩერდება ფსევდოკლასიკურად (როკოკო) ნაშენ შენობასთან.

...მშვენიერო შენობავ,

მომკლავს მე უშენობა... - შუქრია. ხელბორკილს ხსნიან პოლიციელები, - ორნი.

– გმადლობთ, ო, გმადლობთ! - მაჯებს ისრესს, შედის, მიჰყვებიან ორნი. დარბაზში გამოცოცხლებაა.

– შუქრია?

– შუქრია... - უდასტურებს დირექტორს ოთარი.

უცქერიან და თვალს აყოლებენ მოულოდნელ სტუმარს, რიგრიგობით რომ ართმევს ხელს სხდომის მონაწილეთ.

– ამას ეცოდინება სად არის სოსო, მომილოცავს დაბრუნება, შუქრი, დაბრუნდი?!

– დროებით.

– რატომ დროებით? დროებით იქ... აქ - ხანგრძლივ, - ჩვენთან და იქაც, - ორთავ სოფელს...

– არაფერია მუდმივი ამ სოფელში, ბატონო ვაჟა.

– დავრეკე, იქ, სადაც ჯერ არს, შემდეგ გეტყვი... - ხელებით, თითებით, მიმიკით ანიშნებს, კარგად იქნება ყველაფერიო.

იმდაგვარივე მოძრაობით პასუხობს, გავიგე, კარგიაო, და საზოგადოებისაკენ გადააქვს ყურადღება სადირექტორო სამადლობლის დამთავრებისთანავე:

– ...მოვიკითხავ ყველას სიყვარულით, პატივისცემით, ხელების აწევით, ეს იქ მასწავლეს უკვე! - ხელებაწეული დგას ცოტა ხნით, - მოვესალმები ბატონ ვასოს, კაკოს, იროდიონს, ქალბატონ ბელას... - ხელზე კოცნის.

– დაანებეთ ჩემს ცოლს თავი!

სმენას ძაბავს შუქრი, საიდან იყო ეს ხმაო, ფიქრობს ქალის ხელის ხელში შეყოვნებით.

– გმადლობთ ყავისთვის.

– არაფერს. სად გაგახსენდა? - უკვირს და ეღიმება ბელას.

– ბატონო ვასო, სოსოს ამბავი გაინტერესებდათ, სად არიო, მკითხეთ, თუ არ მეშლება, ქმარი ლაშქარს იყო და ცოლი ამბავს ახვედრებდაო, ისეა თქვენი საქმე, მე მეკითხებით, კაცო?! თქვენ არ ჩაუშვით შახტში, ნახშირში, სიბნელეში, ზღვის დონიდან ქვევით?! ციხეში არ დამინახავს, რაც მართალი მართალია. მიწისქვეშ რომ კაცი გაგეშვას, თანაც მივლინებით... მაგნაირი შემთხვევა არ მახსოვს, ვაჟა ზაზაევიჩ!

– სხვათა შორის, მთის მივლინება გავუფორმეთ, როგორც ჩანს, ბატონ შუქრის ეს აღარ ახსოვს!

დირექტორს უყურებს ოთარი, რას გვაყვედრის ეს კაციო, გამელაურს მთაც ახსოვს, მაგრამ მოულოდნელად პაპარაცების ტყვეობაში აღმოჩნდება, - მიკროფონების ნახევარკალში.

– პატიმარი ხართ?

– სინდისის პატიმარი.

ტელეეკრანი სინდისის პატიმრის ნიღბიან მცველებს აფიქსირებს ოსტატურად.

– ციხიდან მოდიხართ?

– გარეციხიდან, თუ შეიძლება ცალ-ცალკე შემეკითხეთ.


*******

მსგავსი თემები