კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

თუთაშხია რომ წინასწარ დაუზვერავად და მდგომარეობის შეუსწავლელად სახლში არავისთან შევიდოდა, მით უმეტეს, იმ სახლმი, სადაც უწინ იგი ორჯერ იქნა ალყაშემორტყმული, ამის მოფიქრებას არც დიდი ჭკუა უნდოდა და არც ვაპირებ, ასეთი რამ მუშნი ზარანდიას სიბრძნეში ჩამოვართვა.

მოულოდნელი ის იყო, რომ მან, სახელდობრ, ეს მომენტი გამოიყენა თავის სასარგებლოდ.

თუთაშხია ბეჩუნი პერტიასთან მისვლამდე მისი სახლის წინასწარ დასაზვერად და მდგომარეობის შესასწავლად, რა თქმა უნდა, იმ არემარეში ყველაზე მოხერხებულ ადგილს შეარჩევდა. ასეთი ადგილი ის ბექობი იყო, რომელიც ბეჩუნი პერტიას სახლს თავს ჩამოსდგომოდა და სადაც მარუხიას პატარა წისქვილი იდგა.

ისიც ცხადია, რომ იმ ადგილებმი თუთაშხია მხოლოდ ღამით გამოჩნდებოდა. დაზვერვას დრო უნდა, თვალის ერთი გადავლება არ კმარა; გამოდის რომ აბრაგი წისქვილის ბორცვზე კარგა ხანს დაჰყოფდა. მეწისქვილის ძაღლიც კარგა ხანს იქნებოდა შეშფოთებული უცხო კაცის ხანგრძლივი, საეჭვო სტუმრობით და პატრონს მისახვედრს მიახვედრებდა, ან გააფაციცებდა მაინც.

ამის შემდეგ ყველაფერი ზარანდიას მიერ გადაბირებული მეწისქვილის ღირსებებსა და შესაძლებლობებზე იქნებოდა დამოკიდებული.

ზარანდიასთვის იდეალურ შემთხვევაში იგი აბრაგის მოკვლას მოახერხებდა. უარეს შემთხვეეაში - პოლიციას დროულად აცნობებდა - თუთაშხია ბეჩუნი პერტიასთან არისო.

წისქვილის პატრონი მარუხია, ღრმად მოხუცებული კაცი, პოლიციასთან თანამშრომლობაზე ახალგაზრდობაშიც უარს იტყოდა, დევნილი კაცის გაცემას არასგზით არ იკისრებდა.

მისი გადმობირების ცდას აზრი არ ჰქონდა. ზარანდიამ ამ საკითხს სხვა გადაწყვეტა მოუნახა - შესაფერ კაცს, ვინმე ბონიას ხუთასი მანეთი მისცა, შარუხიას წისქეილი შეასყიდვინა.

ამ კაცმა თუთაშხიას გარეგნობა კარგად იცოდა. ავი ქოფაკი მოიყვანა, პალოზე დააბა და წისქვილში დაბინავდა. იმ წვიმიან ღამეს, როცა  თუთაშხიამ მოსე ჯაგალიას ცხენი მიაბარა, მეწისქვილე ბონიამ თავისი მოლოდინის მეოთხე თვე აათავა.

თუთაშხიამ შეიდი ვერსი გამოიარა, ღამის ორსა და სამ საათს შუა პირდაპირ წისქვილის ბექობს მოადგა. ძაღლმა ალიაქოთი ატეხა. ბონია ტახტზე თვლემდა, ქოფაკის ყეფამ გამოაღვიძა. თუთაშხიამ გახელებული ქოფაკისაგან ათიოდე ნაბიჯის დაშორებით ლობიოს სარი მიწაში ჩაარჭო, პარკიდან კანჭზე ბაწარწაბმული კატა ამოიყვანა, სარზე დააბა და წისქვილისკენ გასწია.

ბონიამ გაიფიქრა, ნეტავი ვინ უნდა იყოსო, და სწორედ ამ დროს წისქვილში თუთაშხია შემოვიდა. დამხვდურმა მოსულს ჭრაქი მიანათა, აბრაგი უმალ იცნო.

მეწისქვილეს რევოლვერი თავთით ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი გაბედა - იცოდა, ასე, პირისპირ სროლას თუთაშხიას ვერ დაასწრებდა. ან იქნებ სახტად დარჩა და აზრად მსგავსიც არაფერი მოსვლია.

ქოფაკმა კატა იყნოსა, რაღა დააშოშმინებდა. ქვებს ხრიალი გაჰქონდა, სარეკელა კაკანებდა.

თუთაშხიამ ნაბადი მოიხადა, კედელზე კაპი ნახა, ზედ ჩამოჰკიდა და ბონიას თავზე წაადგა.

– ჩაიწიე პატარაზე, ბონია, დავჯდე მინდა, - უთხრა თუთაშხიამ.

ბონიამ სასთუმლისკენ გადაიჩოჩა. აბრაგმა საწინააღმდეგო მხარეს მიუთითა. მეწისქვილე წამით შეყოყმანდა, მაგრამ უსიტყვოდ დაემორჩილა, სასთუმლიდან ტახტის ბოლოსკენ გადაინაცვლა.

თუთაშხია დაჯდა, მარცხენა ბარძაყთან მკვრივი საგანი იგრძნო, სასთუმალში ხელი შეყო, ახალთახალი, ფეხზე შეყენებული რევოლვერი გამოიღო, დახედა და ძალიან გულიანად გაიცინა: სიხარული, ალბათ, მიხვედრის დადასტურებამ მოჰგვარა.

ბონია იატაკზე პირქვე დაემხო აბრაგს ცრემლით შეემუდარა:

– დათა-ბატონო, შემაცდინეს, გაჭირვებამ მაჯობა. ნუ მომკლავ, ნუ დაიდებ ჩემი ცოლ-შვილის ცოდვას. გეტყვი ყველაფერს... ნუ მომკლავ და ჩემზე ერთგული არ გეყოლება ქვეყანაზე კაცი!

– ერთგულება რომ შეგიძლია ვხედავ მაგას მე! - მიუგო თუთაშხიამ. - ადექი ახლა და ჯორკოზე დაჯექი მაგერ. მოსაკლავად არ მოვსულვარ მე.

ბონიამ უნდო ღიმილით ჰკითხა:

– აბა, რისთვის მოხვედი, დათა-ბატონო?.. - და პასუხის მოლოდინში აბრაგს მიაშტერდა. თუთაშხიამ გაიცინა:

– რას გპირდებიან ამ საქმეში, ბონია?

ბონიამ ჯერ თავის მოსულელება განიზრახა, შემდეგ გაიფიქრა, რომ ეშმაკობით ვერაფერს გახდებოდა და ჩაილაპარაკა:

– წისქვილი მიყიდეს, ქოფაკი მომცეს! თხუთმეტ მანეთს მიხდიან თვეში კიდევ და... - ილაჯმა უმტყუნა, ენა წაუბორძიკდა, დადუმდა.

– დაასრულე!.

– ხუთი ათასს მომცემდნენ კიდეე რომ მომეკალი, მაშინ! - ძალისძალად ამოსცრა მან.

– აბა, კაი ზარალი მოგსვლიათ შენც და მათაც, - თქვა თუთაშხიამ, წამით დაფიქრდა და ჰკითხა: - კაცი თუ მოგიკლავს როდისმე?

გონიამ დინჯად გაიქნია თავი.

– ახლა მასწავლეს სროლა, ამ საქმისთვის... ქუთაისში.

– არასოდეს რომ არ გაგიკეთებია და არც იცი, რაა, ისეთ საქმეზე რამ მოგაკიდებია ხელი, შე კაცო!

– გაჭირვებამ და უბედურებამ, დათა-ბატონო. გასულ ზამთარს სახადი იყო. ორი მიცვალებული გავიტანე ფაცხიდან. წლისთავი მოდის აგერ და ქვა არ დამიდვია საფლავზე ჯერ... ჩემი სიმინდი და მოსავალი ორ თვეს ყოფნის ჩემს ოჯახს. ოთხი შვილი მყავს, გოგოებია ყველა. გაზრდა თუ მოხერხდა მათი ვინ წაიყვანს უმზითვოდ! - ბონიას ყელმი ცრემლი მოაწვა.

გახელებულ ქოფაკს ლამის ჯაჭვი გაეწყვიტა. წისქვილის ქვემოდან წყლის სევდიანი ხრიალი ისმოდა.

– ეს ძაღლი შენს ამხანაგებს ყეფს, ალბათ, დათა-ბატონო. უთხარი, შემოვიდნენ... ამ თავსხმაში ძნელია იქ.

თუთაშხიამ ყური არ ათხოვა, ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ ბონია უცბად ვერ მიხვდა, მას ელაპარაკებოდა აბრაგი თუ თავისთვის ხმამაღლა ფიქრობდა:

– მგელიც მისი ლეკვების შიმშილს გამოყავს საშოვარზე. მშიერი და გამწარებული მგლის ფიქრი მარტო ის კი არაა, ვინმე შევჭამოო, იმასაც ფიქრობს მგელი, - ისეთი შევჭამო, რომ არ დამასწროს და აქით არ შემჭამოსო, მაგრამ მეტი ფიქრი არ იცის მგელმა. ნადირია და მიტომ.

კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრიც უნდა ქონდეს, ისეთი შევჭამო, რომ ჩემი სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლესო. ასეა ეს. - დათა თუთაშხია დაფიქრდა, თვალებში შემოშტერებულ მეწისქვილეს შეხედა და განაგრძო: - შენ რომ ხარ, მისთანა კაცის გახარებისთვის არ ღირდეს ეგებ, მე რომ ვარ, მისთანა კაცის მოკვლა, ბონია, და თუ გიფიქრია ამაზე?

– კი, მიფიქრია, - დაუდასტურა მეწისწვილემ ცოცხლად. - წისქვილი მისთანა ადგილია - ფიქრობს კაცი სულ რას არ ფიქრობს კაცი!

– მერმე?

– ამ საქმეს ასე უნდა შეხედოს კაცმა, დათა-ბატონო... - თუთაშხიას მშვიდობიანმა იერმა და კილომ მეწისქვილეს შიში გაუქარწყლა და მუსაიფის იშტა მოჰგვარა. სათქმელი მცირეოდენი დუმილის დროს ჩამოაყალიბა და განაგრძო: - რაც შენ გინდა და გჭირია, დათა-ბატონო, ყველაფერი გაქვს უკვე და აღარაფერი აღარ გინდა და აღარ გჭირია აწი. რაც მე მინდა და მჭირია - არაფერი არ მაქვს ჯერ.

შენ ყველა გულისნადები ასრულებული გაქვს შენი - ასე მგონია მე, თვარა, კიდევ რომ გინდოდეს რამე - სიმდიდრე, სახელი ან პატივისცემა, ადვილად აისრულებდი იმასაც.

ჩემს გოგოებს პატარ-პატარა საყანე მიწები და ცოტაოდენი ფული თუ არ გაყვა მზითვად, ვინ წაიყვანს ისე?! ჩემი ძაბუნიასთანა ქალს ამ სამურზაყანოში მეორეს ვერ ნახავდა ადამიანის თვალი. ბოდიში და, ძუკნა ძაღლს დაამსგავსა დარდმა და შიმშილმა... ბონიამ კიდევ გადაყლაპა ყელზე მომდგარი ცრემლი, ამოიხვნეშა და თავისი ნალაპარაკევის დასკვნა გააკეთა:

– ასე მგონია მე, რომ ჩემისთანა კაცის გაჭირვებას თუ ეშველება რამე - შენისთანა კაცის სიკვდილით... დათა-ბატონო, ქვეყანაზე ჭკვიანი კაცის სახელი გაქვს... იცი შენ, მოგკლავს, ბოლოს და ბოლოს, ვიღაც მამაძაღლი და მდიდარს და ბედნიერს თუ ერგო ის ფული - ღმერთი და სამართალი სად იქნება მაშინ?!

– შენ რომ გკითხოს კაცმა, ბონია-ღორისშვილო, გლახა და ბოროტი კაცია დათა თუთაშხია, თვარა მოვიდოდა შენსას, შენი გოგოების შემხედავს, გული აუჩუყდებოდა და გეტყოდა, - ა, თოფი, მომკალი და მზითევი გაუწყვე შენს ანგელოზებსო!

აბრაგი დინჯად მიწვდა ტახტზე მიგდებულ რევოლვერს და იატაკზე ფეხებთან დაუდო ბონიას:

– მაგერ გაქვს და მესროლე!

ბონია მოიკუნტა.

– თუ იმის გეშინია, რომ სროლას დაგასწრებ - წამოვწვები ამ ტახტზე, მოგიქცევ ზურგს და მერე მესროლე.

ბონიამ თავი გაიქნია და ჩაილაპარაკა:

– სხვას ვფიქრობ მე, დათა-ბატონო...

– რას!

– ამხანაგები გყავს გარეთ... მოსისხლე კი არ ვარ შენი, რომ ოღონდ მოგკლა და მერმე ყველაფერი სულ ერთი იყოს ჩემთვის. ცოცხალს მჭირია ფული. რომ გესროლო ცოცხალს დამტოვებენ ისინი?! - ბონიამ ხელი კარს მიაშვირა.

თუთაშხიას მეწისქვილის ნათქვამმა ღიმილი მოჰგვარა:

– ჩემს სიკვდილზე მე რომ მიფიქრია, შენ არ გიფიქრია იმდენი; ვერ მომკლავს ვერავინ და ვერ აიღებს იმ ფულს ისე, ხალხმა რომ არ გაიგოს, ვინ ქნა და რა ფულად ქნა ეს საქმე. შენ რომ გეშინია, ის ბედისწერა - მომკლავენო - ახლა იქნება თუ მერე, მოგიწევს მაინც, საწევი თუა. ფულს შენს ოჯახს ჩააბარებენ და რა გინდა მეტი?..

– ცოცხალი თუ აღარ ვიქენი, ჩემი გოგოების მზითევი, - ბონიამ ხელი ჩაიქნია.

– შენთვის გინდა ის ფული, გოგოები არაფერ შუაშია, მაგრამ იმდენი ხარბი ვერ ხარ, ქონების გულისთვის ნამდვილ ხიფათში რომ ჩაიგდო თავი.

წიგნი წავიკითხე, მეკობრეებზე იყო დაწერილი. მეკობრეები ზღვის ყაჩაღებია. აუარება ქონებას აგროვებენ. ერთი სამეფოს საყიდლად კმარა ის ქონება, მარა ვინ იკმარა. მაინც ძარცვავენ, გლეჯენ, იხოცებიან ბოლოს და ოხრად რჩებათ სადღაც უბედურებაში გადამალული სიმდიდრე.

რა ხალხია, თუ იცი, ის მეკობრეები? სიყვარულის ხალხია: ხიფათი უყვართ, იმის ფიქრი უყვართ, სადღაც გადასაკარგავში დიდი ქონება რომ აქვთ დამალული. ფული არ უყვართ იმ კაცებს ფულის შოვნა უყვართ, შოვნა! რაც სიმდიდრეს შეუძლია, იმის სიყვარული რომ ჰქონდეთ, ხომ დაანებებდნენ მეკობრეობას თავს და გაინაპირებდნენ სამშვიდობოზე?

სულელი კაცის სიყვარულია ის სიყვარული, მარა მაინც სიყვარულია, სხვები სიხარბეს ეძახიან ამას; სიხარბე რაა, უფრო ესმის ხალხს და მიტომ.

გინდა შენ ფულის შოვნა, მარა რა გაკლია იცი? ხიფათის სიყვარულს არ ვამბობ, არ გაქვს და არც უნდა ჰქონდეს შენი ჯიშის კაცს, მაგრამ ფულის სიყვარული მაინც გმართებს იმდენი, რომ მისი გულისთვის ხიფათის არ გეშინოდეს. არც ეს გაქვს.

ქუთაისში სვიმონ საპყარაძეა ერთი - ხარაზი. ორმოცი წელიწადია ადანაიას სახლის სარდაფში ზის და წაღებს კერავს. გოგოები ექვსი გამოზარდა სვიმონმა ამით, ყველა გაათხოვა და დააბინავა და სარდაფიდან არ ამოდის დღესაც. მასავით კარგი კაცი თუ იქენი, უმზითვოდ ნაიყვანენ შენს გოგოებს, ბონია, სიხარულით წაიყვანენ, მაგრამ ამისთვის არ დამიწყია ეს ლაპარაკი, სხვა მაქვს სათქმელი.

ჩექმები შემიკერა ერთხელ, აწონა სასნორზე - გირვანქაზე მეტი გამოვიდა და არ გამომატანა არას  დიდებით. ამაზე ფილიმონა ტაბატაძემ თქვა, საქმის დიდი სიხარბე აქვს საპყარაძესო.

სიხარბე არაფერ შუაშია აქ, თავისი საქმის სიყვარული აქვს სვიმონს.

ზოგს გონია, სიყვარული მარტო ცოლ-შვილის, დედაკაცის, ფულის და სუკის მწვადის შეიძლება.

მე  რომ გიყურებ, გონია, არც შენი მიცვალებულების სიყვარული გაქვს, არც შენი გოგოების და არც იმ შენი ძაბუნიასი, ძუკნა ძაღლს რომ დაამსგავსე, თვარა კაცის კვლაში ნაშოვნი  ფულით არ დააპირებდი შენი მიცვალებულების სამარეზე ქვების დადებას, ცოლისთვის დარაიების ყიდვას, შვილებისთვის მზითვის გაწყობას.

როცა სიყვარული არ გაქვს ვერც კაცს მოკლავ მაშინ; სამშობლო თუ არ უყვარს ადამიანს, მტრად მოსულ კაცს ვერ მოკლავს ის... მაგრამ ეს ამბები შენისთანებისთვის ძნელი მისახვედრია, ბონია.

მეწისქვილე ერთიანად ალეწილი და აწურული იჯდა. მერე გესლიანად ჩაიცინა და აბრაგს ჰკითხა:

– შენ თუ გიყვარს რამე, დათა-ბატონო, სიყვარული თუ გაქვს?

თუთაშხიამ მეწისქვილის კილოს ყური არ ათხოვა, დაფიქრდა და მიუგო:

– ილაჯიანი ქოფაკი გყოლია. არ გაჩერებულა, რომ მოვედით, მას მერე. კმარა, დაისვენოს, თვარა ჩაეხლიჩება ხმა.

თუთაშხიამ რაღაც ივარაუდა, წამოდგა და გარეთ გავიდა. წვიმას გადაეღო, ცას ღრუბელი გადაჰყროდა, მიდამოს მთვარე ანათებდა. აბრაგი ზღურბლთან დადგა, სიბნელეს თვალი მიაჩვია, გარემო რიგიანად მოათვალიერა და დაღმართს ჩაჰყვა.

თუთაშხია რომ დაბრუნდა, ბონია ხვიმირში საფქვაეს ყრიდა. მეწისქვილემ კარის ჭრიალზე მიიხედა, აბრაგის იღლიაში მბორგავ სულიერს დააკვირდა. ერთხანს გახევებული იყო. მერე ტომარა ბოლომდე ჩაცალა, ძირს ჩამოვიდა. თუთაშხიამ კანჭზე ბაწარშებმული კატა იატაკზე ჩამოსვა. წისქვილს თვალი მოავლო, რევოლვერი ვეღარსად დაინახა და ბონიას შეხედა.

– სასთუმალში შევინახე ისევ, - ჩაიდუდღუნა მეწისქვილემ. - კვალში გამოგყვნენ ეგება და რომ შემოვიდნენ და მკითხონ, ხომ უნდა ვთქვა! - მზად ვარ, აგერ იარაღი, და მოხერხებულ დროს ველოდები-მეთქი. ასე თუ არ ვქენი, წამართმევენ წისქვილს... ქოფაკი დაცხრა. კატამ ქურქი გაიბერტყა, მყუდრო ადგილი იპოვნა, ჩაითბუნა და თვალები მილულა.

– ამ კატით გამაფუჭე და გამომტეხე, დათა თუთაშხია, ხომ? - სინანულითა და ღვარძლით ჩაილაპარაკა ბონიამ. - მაგას ყეფდა ჩემი ძაღლი და მე ამხანაგები მეგონა შენი... - მხდალი კაცი ხარ, ბონია, და თავი სიცრუით გინდა, დაიმშვიდო, მიეშმაკა თუთაშხიამ და მიტომ ვერ მოვკალიო!

გაიხსენე: ჯერ ხომ გამოტყდი და მეხვეწე, ნუ მომკლავო, და მერე მოგხვდა გუნებაზე შენი ქოფაკის აურზაური. არაფერ შუაშია მაგ კატა და შენთვის არ მომიყვანია აქ. ამ წისქვილში საკაიკაცოდ რომ არ იყავი მოსული, ამის მიხვედრას არ ჭირდებოდა სოლომონ ბრძენის ჭკუა და არც კატების ტარება ამ სიშორეს.

– აბა, რაზე აყეფე ქოფაკი ამდენ ხანს დათა-ბატონო?!

– სხვა კაცებს მოიყვანს შენი ძაღლის ყეფა აქ. ამ სოფელში შენსავით დაქირავებული კიდევ რომ არ იყოს რამდენიმე კაცი, არ შეიძლება ის. ღამე იყო, ეძინათ მათ და ყეფამ რომ გამოაღვიძა, იფიქრეს, რატომ დაანგრია მეწისქვილის ძაღლმა ქვეყანაო და ისიც იფიქრეს, თუთაშხია თუა მოსული და სადმე ჩასაფრებულიო.

სანამდე ძაღლი ყეფდა, ვერც ერთი ვერ გამობედავდა კარში. ისხდნენ, იარაღი ეკავათ ხელში და ხუთ ათას მანეთ ფარას ნატრობდნენ შენსავით. ახლა, ქოფაკი რომ გაჩერდა, ის კაცები იფიქრებენ, ალბათ, წავიდა თუთაშხიაო. მშიშარა კაცი ცნობისმოყვარეა და ჭორიკანაა დედაკაცივით; ვერ მოისვენებენ სანამდე სათითაოდ არ ამოვლენ და არ გკითხავენ, - რა აყეფებდა შენს ქოფაკსო.

არ მცალია, თვარა დავრჩებოდი ერთხანს და ყველას ვნახავდი იმ კაცებს ჩემი თვალით. მივდივარ მე. ა, შენ ხუთი მანეთი. არ მაქვს მეტი. გამოგადგება სახარჯოდ.

– არა, დათა-ბატონო, რას ბრძანებთ, რატომ წუხდებით.

ბონიას მართლა არ უნდოდა ფულის გამორთმევა. თუთაშხიამ შენიშნა ეს და უთხრა:

– სხვა ამგავში სულერთი იქნებოდა, აიღებდი თუ არ აიღებდი ამ ხუთ მანეთს. ჩემგან მოთავაზებაც იკმარებდა და დანარჩენი შენ გეცოდინებოდა. ახლა ისეა საქმე, რომ თუ არ აიღე, მარტო მოთავაზებას არ აქვს აზრი. რომ გამომართვა, ისაა საჭირო. ჩაიდე ჯიბეში. ის ხალხი დაიხსომე ყველა, ვინც ამაღამ და ხვალ დილაადრიან ძაღლის ყეფის მიზეზი გკითხოს. მეწისქვილემ ფული გამოართვა, უბის ჯიბიდან ქისა ამოიღო, გახსნა და ხუთმანეთიანი შიგ ჩააგდო.

– იცოდე, ბონია, არ მომატყუო, თვარა ისე მოვაწყობ საქმეს, რომ ამ წისქვილიდან ამოგკრავენ პანჩურს და მზითვის რა გითხრა, ღომი მოგენატრებათ შენც და შენს გოგოებსაც.

თავღია ქისა ორთავ ხელებით ეჭირა ბონიას, შიგ იყურებოდა. თუთაშხიამ კატა აიყვანა, კანჭზე გამობმული ბაწარი ააჭრა. ბონიამ დაიყვირა:

– რაში მომეცი, დათა თუთაშხია, ეს ხუთი მანეთი! - აიღე უკან. არ მინდა ფული, ისე გეტყვი იმ კაცებს, ვინც მოვა და მკითხავს... - სსსუ, წყნარად, ბონია! - შეაწყვეტინა აბრაგმა. - მარტო მაგისთვის არ მომიცია, ჩეიხედე შიგ! მეწისქვილემ ისევ ქისაში ჩაიხედა.

– იყურე შიგ და იფიქრე. დაინახავ, ვინ ხარ და იმასაც მიხვდები, როგორი უნდა იყოს კაცი. ამისთვის მოგეცი მაგ ფული.

თუთაშხიამ ნაბადი ჩამოიღო, მკლავზე გადაიკიდა. მეწისქვილეს თვალებიდან ცრემლები სცვივოდა.

– დათა თუთაშხია, მოგეკალი ბარემ და ისე წასულიყავი, - გულწრფელად, ხვლიპინით თქვა ბონიამ.

– ნუ ლაპარაკობ სისულელეებს! მოსაკლავიც რომ იყო, არ მოგკლავდი მაინც, - წყნარად მიუგო აბრაგმა. - მტერი ხარ ჩემი და ისე გამოვა, ვითომ ყველა მტერი მოსაკლავია. ჩემი ხელით შენი სიკვდილი უარეს საქმეს იზამს, ვიდრე შენ იზამ შენი ბოროტი სიცოცხლით, მაგრამ გულუბრყვილო ხარ და გულუბრყვილო კაცი ხელჩასაქნევი არაა. იფიქრე, განგებამ ფიქრისთვის გააჩინა ადამიანი. მშვიდობით იყავი, ბონია.

თუთაშხიამ კარს მიაშურა. მეწისქვილემ თვალი გააყოლა და უკვე კართან მისულს უთხრა:

– დათა-ბატონო, მოიცადე ერთ წუთს, სათქმელი მაქვს რაღაც.

აბრაგი შეჩერდა, მეწისქვილეს გამოხედა.

– ქუთაისმი ვინ მელაპარაკებოდა და ვინ დამითანხმა ამ საქმეზე, თუ იცი?

თუთაშხია დაბრუნდა.

– ვინ?

– ქუთაისის ჟანდარმერიის უფროსიც იყო იქ, მარა ხმა არ დაუძრავს მას. მამიდაშვილი მელაპარაკებოდა შენი, მუშნი ზარანდია. სხვა გვარი მითხრა, ეს და ეს კაცი ვარო. ეგონა, არ ვიცოდი, ვინც იყო. მისი პოლკოვნიკობაც ვიცოდი და პეტერბურგში რომ დიდზე დიდი კაცია, ისიც. მუშნიმ მაყიდვია ეს წისქვილი შარუხიასგან.

დათა თუთაშხია გაქვავებული იდგა, მაგრამ ეს სულ სამიოდე წამს გაგრძელდა. აბრაგმა ჭრაქს ხელი დაავლო, ბონიას სახეში მიანათა თვალებში ჩახედა და ჰკითხა:

– როდის იყო ეგ?

– ივნისის თვეში.

სიჩუმე ჩამოვარდა.

– მართალს ლაპარაკობს, - თავისთვის თქვა თუთაშხიამ და ჭრაქი ადგილზე დააბრუნა. - აბრაგი ფიქრობდა. მეწისქვილე ერთხანს ჩუმად იყო, მერე ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

– ძალიან ვერაგი კაცია მუშნი ზარანდია, დათა-ბატონო. დიდი სიფრთხილე გმართებს, დიდი!

– მუშნი არ მდევნის მე, მისი უფროსები მდევნიან და თანამდებობა აქვს მუშნის ისეთი, რომ იძულებულია, მათი ბრძანება შეასრულოს. მუშნი ჭკვიანი კაცია, დიდი კაცია. მისთანა ორი, სამი ყავთ მაგათ, მეტი არ ყავთ, იცოდე ეს. სიფრთხილე არ მაკლია მე. სიკვდილმა თუ მიწია, გაუფრთხილებლობის ბრალი არ იქნება, განგების ნება იქნება ის. თუთაშხიამ კარი გააღო. კატამ ზღურბლზე გადაასწრო და პირდაპირ ნოკო ბასილაიას სახლისკენ მოჰკურცხლა.

– ჯიშიო! ჯიში ამათი თქვი შენ, თუთაშხიების! - ჩაილაპარაკა ბონიამ.

აბრაგმა წისქვილს შემოუარა და დაღმართი ჩაირბინა...

მსგავსი თემები