მთები უნდა კვნესოდნენ ამგვარი ამბების მხილველნი.
...ადრე, დელისისკენ რომ ვცხოვრობდით, ჩვენს კარისმეზობლად, კარის პირდაპირ გადმოვიდა დედა და შვილი.
დედა ექიმი იყო, რაიონული პოლიკლინიკის რიგითი ექიმი, ბიჭი პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი.
ჩვენი ხალხის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, ჯერ ბარგი არ ჰქონდათ გადმოტანილი და უკვე დაიწყო ჩურჩულ-პუტუნი: - ეგო, ამა და იმის მარჯვენა ხელი რომ იყო - მისი ქალიშვილიაო. - კაი ერთიო! თვალები უდიდდებოდათ ქალებს.
ჰო, ჰო! როგორც კი მაგისი მამაც დაიჭირეს, მაშინვე ქმარმა მიატოვა და სხვა ქალი შეირთოო.
ქალები დიდი დაფაციცებით ადევნებდნენ თვალს, ვინ მოვიდოდა და რას მოიტანდნენ ახალ მობინადრეებთან. მიმოდიოდა კი მარტო დედა და შვილი.
ბარგი კიდევ, რომ გადმოიტანეს, მეც ვნახე, - ჩვეულებრივი, არცთუ ძვირფასი საძილე ოთახი, სასადილო, ქვაბები, ჯამები, და ასეთი წვრილმანები.
ქალიც არ იყო გამორჩეული გარეგნობისა და ქცევისა. რაღაც კი ჰქონდა ნამდვილქალაქური. წვრილი სწორი ფეხები, ტანიც თხელი, მხრები - ოდნავ აწურული, თხელივე პირისახე, მაგრამ ერთი შეხედვით არაფრით მიგიტაცებდათ თვალს, თუ დიდი მოცისფრო სათვალე არ ეკეთა.
ის სათვალეც ღიმილს მოგგვრიდათ პირველად, მაგრამ მერე, თუ დააკვირდებოდით, მიხვდებოდით, რომ უხდებოდა - რაღაც სასიამოვნოდ მიბუნდოვნებულ სილურჯეს ჰფენდა ოდნავ მობეცო თვალების უპეებში.
რაღაცნაირი დგომა იცოდა ტროლეიბუსის გაჩერებასთან, მარჯვენა ხელი, გრძელი ხმელი თითებით და ერთადერთი წვრილთვალიანი ბეჭდით, მარცხენა ლოყასთან ჰქონდა აწეული, თითქოს ან კბილის სტკივა, ანდა მზად არის უცებ მიიფაროს სახეზეო.
მეზობლებთან ურთიერთობას არ ესწრაფვოდა. კარგი სალამი კი იცოდა, კეთილად გაუნათდებოდა ხოლმე სახე და მტკიცედ გადაადგამდა ნაბიჯებს.
ბიჭიც დედას ჰგავდა. ისიც ტანსუსტი იყო, ცოტა მაღალი, დედასავით ხშირწამაწამიან თვალებს ოდნავ ჟურავდა, მაგრამ ბიჭს ლამაზი ეთქმოდა, ლამაზი ყელი და პატარა მაღალი მკვრივი კეფა ჰქონდა.
მოსალმებისას ისიც კეთილად იღიმებოდა, თუმცა აშკარად წითლდებოდა. ეტყობოდა, თამბაქოს წევას ის-ის იყო იწყებდა, მე რომ დამინახავდა, სიგარეტს მაშინვე მალავდა.
დედასაც და შვილსაც უცხოური სახელები ერქვათ, დედას - ლარა, შვილს - ჟულიენი. ყველაფრიდან ჩანდა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, ისე მილაპარაკობდნენ ხოლმე ქუჩაში, როგორც ტოლები.
ორივე მელომანი იყო, რამდენჯერმე ისეთ კონცერტებზეც ვნახე, თანაც ყოველთვის ერთად, ჩვენში მარტო მუსიკოსები რომ დადიან. ისე იყვნენ ხოლმე გაკანკულნი, თითქოს არც კი სუნთქავდნენ.
დედა უფრო ბედავდა და ათასში ერთხელ მაინც სამეზობლოდ მოგვაკითხავდა, - ან მათი ტელეფონი გამოირთვებოდა და ჩვენიდან რეკავდა, ან რაღაც ისეთი დასჭირდებოდათ - გაზი იყო, ჩაქუჩი, - დაბრძანდით, დაბრძანდითო, - შეეხვეწებოდა ჩემი მეუღლე, მაგრამ არ დაჯდებოდა, იდგა ხოლმე, თითქოს ძლიერი სიცივიდან შემოვიდა და მარჯვენა ხელი ლოყაზე თუ ცხვირზე უნდა მოისვასო.
ამ დროს რომ წინიდან შეხედავდი, ლამაზი იყო, ორმოც წელს გადაცილებული, რარაც ახალგაზრდულად ლამაზი - სალუქად შერჩენოდა თხელი, მუდამ ერთნაირად მქრქალად შეღებილი ტუჩები. მაგრამ პროფილი ღალატობდა, უფრო - გრძელი წვეტიანი ცხვირი.
ერთი-ორჯერ დედაჩემი გახდა ცუდად, წნევამ აუწია ძალიან, შევაწუხეთ, როგრც ექიმი. შემოვიდა, პალატაში რომ შემოდიან ხოლმე ექიმები, ძალიან სწრაფად, პროფესიული სიმშვიდით გაუზომა წნევა, გაუკეთა ნემსიც, დაგვარიგა, - ასე და ასეო... მაშინ კი დაჯდა, რა თქმა უნდა, გრძეი ფეხები მიტყუპებული ჰქონდა, სკამის გვერდზე გეზად წაღებული.
შემოსულა ბიჭიც, ის მეტისმეტად მორცხვი. აღარ იცოდა ხოლმე, საით წაეღო თვალები, და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, ვისი მოდგმისანიც იყვნენ, ძალიან გვსიამოვნებდა მათი მეზობლობა, წესიერება, მით უფრო - ადრინდელი ხმაურიანი მეზობლების შემდეგ.
ახლა რა მოხდა დაახლოებით ათი თვის თავზე, რაც ისინი ჩვენს მეზობლად დასახლდნენ: ლარას ცნობილი მამა გაათავისუფლეს, - უკვე თოთხმეტ წელიწადზე მეტი ჰქონდა გათავებული, მაგრამ უფრო ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს, - მთლად დავრდომილი, დისტროფირებული...
უახლოესი მეზობლები ჩვენ ვიყავთ, ლარას ჩვენთვის არაფერი უთქვამს და, არ ვიცი, საიდან გაიგო მთელმა ჩვენმა სახლმა, ლარას მამა ამ საღამოს უნდა მოიყვანონო.
აივნებზე არ მდგარან და ისე არ ულოდინიათ, - უთუოდ რაღაც გადადის ადამიანებს შორის რადიოტალღებსავით, - მაგრამ რვა საათზე, როგორც კი დაბლა "ვოლგა" გაჩერდა, მომწვანო "ვოლგა", ყველანი ფანჯრებთან იყვნენ მომდგარნი, მათ შორის მეც, მე ცოტა მორიდებით, მაგრამ მაინც მძაფრი ცნობისწადილით.
ჯერ ჟულიანი გადმოვიდა მანქანის მარცხენა მხრიდან, თითქოს ძალიან დაღლილი, მხრებდაწეული, მერე - საჭესთან მჯდარი მამაკაცი - დიდი, ღონიერი. ეს მამაკაცი ნახევრად შევიდა უკანა კარში, ჟულიენიც იყურებოდა მანქანაში, ერთხელ თუ ორჯერ ამოიხედა სახლისკენაც...
მე არ მინახავს ლარას მამა თავისი მოღვაწეობის გაფურჩქვნის ხანაში. მე სხვები მინახავს, უფრო პატარა ჩინისანი. არავის დაავიწყდებათ ისინი, ამაყად გამოწულ მკერდზე გადაჭიმული ჯიბეებიანი ხალათებით, პორტუპეებით, გატკიცინებული სანეფო ჩექმებით, ახალი თასმებისა და ხაკის თავისებური სუნით.
მე ასე მგონია, ისინი არასოდეს არ იღუშებოდნენ, პირიქით, ყოველთვის კარგ გუნებაზე იყვნენ - ნაპატივებნი, მაგრამ დამძიმებულები არა, მოძრავნი, ღაბაბსავსენი, ძალიან სუფთად გაპარსულნი, ერთი ჩვევა ჰქონდათ ყველას - ყბაში ალერსიანი თათუნი, რომელიც სილაქსაც გაგრძნობინებდათ.
მოღუშულობა საქმისაგან შეჭირვებულებს ახასიათებთ, მათ კი ყოველთვის საათივით ჰქონდათ აწყობილი ყველაფერი, - თაგვს რომ დაიჭერს კატა და მერე თავმომწონეობით ეთამაშება, ჩვენს წინაშე იმ კატის მდგომარეობაში გრძნობდა ყოველი მათგანი თავს.
მათი მანქანების გამოჩენა უფრო საზარი იყო, ვიდრე თავად მათი. მამაჩემს ჰყავდა ერთი მაგ საქმიანობის ნათესავი გიორგი, ჟორა - მისი შავი მანქანა რომ შემოვიდოდა ჩვენს ეზოში, ყველანი იმალებოდნენ. თვითონ კი, ის ჟორა, სულ სიცილ-სიცილით ამოდიოდა კიბეზე.
იმისგან მახსოვს ის ყბაში წამოთათუნება და სუნი, იმისგანაც და მერე სვებისგანაც. ბიჭები არ ვიყავით, გამოგვივლიდნენ და ისე, ყოველი შემთხვევისთვის, წამოგვითათუნებდნენ.
ჟორა მამაჩემსაც ეთამაშებოდა, - დაგიჭერთ შენ, აქვსენტი, უეჭველად დაგიჭერთო, - და, მართლაც, დაიჭირეს. რაზე, დღესაც არ ვიცით. წამიყვანა დედაჩემმა სამუდაროდ - გაგვაგებინეთ, ჟორა, პატივცემულო, რა უბედურებაა ჩვენს თავსო.
მე უკვე მეთხუთმეტეში ვიყავი გადამდგარი. ჟორა ისევ ისეთი იყო, მხიარული, კეთილად მომზირალი, - არაფერიაო, არაფერიაო, წადითო თქვენს სახლშიო, წამომითათუნა ხელი ალერსით ყბაში, წამოვედით...
ის ჟორა მაიორი იყო. წარმოიდგინეთ ახლა სამი სფეხურით მაღალი ჩინი! რა რბილი თითები ექნებოდა იმ ჩინის კაცს, რა მსუბუქი ღიმილი...
გადმოიყვანეს მანქანიდან ლარამ და ღონიერმა კაცმა ვიღაც თითქოს დაშლილი, არეულ-დარეული. ცალი ხელი რომ მის იღლიაში ჰქონდა შეყოფილი ლარას, მეორე ხელით თავს უჭერდა, უკან არ გადავარდნოდა.
რაღაც დიდი შავი კეპი ეხურა ლარას მამას, ის კეპი უყირავდებოდა და იმას კიდევ მამაკაცი უსწორებდა... მე არ მინახავს, როგორა აქვთ გადმოკარკლული თვალები ჩამოხრჩობილებს, მხოლოდ გამიგია, მაგრამ იმ დღის შემდეგ სულ ასე მგონია, ასეთი საშინელი თვალები არც ერთ დამხრჩვალს არ ექნება.
გადმოკარკლული არაფერი - დიდები, და ხან აქეთ გადასწევდა იმ თვალებს, ხან იქით, და ეს საშინელი იყო. საშინელი ჰქონდა პირიც, დეფორმირებული შავი ღრუ.
ეგეთი დაშლილი, გაარარავებული ამოიყვანეს მაღლა. ჟულიენი იდგა, თითქოს ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოეხერხებინა, მერე მანქანის კარი დაკეტა, წამოვიდა, შორიახლოს მოსდევდა დედას, პაპას და ღონიერ კაცს. შეიყვანეს შინ ნაპატიმრალი, შეიკეტნენ, ალბათ, დააწვინეს. ღონიერი კაცი წავიდა. შემაშფოთებელი სიჩუმე და უძრაობა დააწვა ჩვენს სადარბაზოს.
ჯერ ხომ ისედაც ერიდებოდა მეზობლებს ლარა, მამის მოყვანის შემდეგ, ეტყობოდა, მთლად აღარავისთან უნდოდა შეხვედრა. ალბათ, ვეღარც იცლიდა ვერავისთვის.
დილაადრიან რძის რიგისკენ მიაჩხაკუნებდა ბოთლებს, მერე ბაზარში გარბოდა. ხელით ეჭირა სათვალე, მერე, სამსახურიდან დაბრუნებული, ხან აფთიაქში იყო წასასვლელი, ხან - ვიღაც ექიმებთან.
ისედაც გამხდარი, კიდევ უფრო გახდა, მხრები უარესად აეწურა, თითქოსდა ცხვირიც დაუგრძელდა. გახდა, დანაღვლიანდა ჟულიენიც. რამდენჯერაც კი შევხვდი, ყოველთვის სიგარეტი ეჭირა ხელში.
რა თქმა უნდა, პირისპირაც ვხვდებოდით მეზობლები, მაგრამ ლარა არავისთან გაჩერებულა, არავისთვის შეუჩივლია, როგორც ვიცით ხოლმე, - უდანაშაულო იყო მამა, სხვებს შეალია თავისი სიცოცხლე და ვინ დაუფასა მერეო.
თავდაუზოგავად იბრძოდა მის გადასარჩენად, - ამ საქმეშიც ხომ ცნობილნი არიან ჩვენი ქალები, გამორჩევით - დედისერთა ქალები მამებისათვის.
საიდან, როგორ, არ ვიცი, მაგრამ მაინც გამოდიოდა გარეთ ნაპატიმრალის ჯანმრთელობის ამბები, - ჰემოგლობინი ჩვიდმეტამდე ჰქონდა დაცემული. საჭმელს კი ვერ ჭამდა. იდგა ლარა, უწურავდა სხვადასხვაგვარ წვენებს, უწურავდა ღვიძლსა და ხორცსაც და პატარა ბავშვსავით აძლევდა კოვზით, ცალი ხელით თავწამოწეულს.
ბიჭიც, ჟულიენი, კარგი მომვლელივით დასტრიალებდა თავს პაპას. წუთით არ ტოვებდნენ მარტოს.
ხან დედა იყო ბიულეტენზე, ხან შვილი. ამგვარ რამეებს კოლეგები თუ უხერხებდნენ ლარას. ოთხ თვეს გაგრძელდა ასეთი ბრძოლა, ოთხ თვეზე მეტსაც, და გაზაფხულზე, აპრილის დასაწყისში, აივანზედაც კი გამოჩნდა ნაპატიმრალი. ისევ კი ჩამოფლასული ედგა ტანსაცმელი, მაგრამ შედარება არ იყო, საკუთარ ფეხებზე იდგა, თავიც სწორად ეჭირა და გაშავებული ხელებით მოაჯირს ჩაჭიდებული გადაჰყურებდა ქვეყანას.
ერთხელ ჩემსკენაც გამოიხედა, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ოო, თვალებში მაინც სინდიყის სიმძიმე და სიცივე ედგა.
ლარა გათავისუფლდა მუდმივი დაძაბულობისაგან. დაუბრუნდა კარგი ღიმილი, ტუჩებზე რომ აჩნდებოდა ჩვენთან შეხვედრისას. გათავისუფლდა ბიჭიც. ნაპატიმრალს ახლა საათობითაც კი შეეძლო მარტო დარჩენა, იწვა, ალბათ, და კითხულობდა, ან არადა, ფიქრებში წასული, ჭერს შეჰყურებდა.
ერთ დღეს გამოვიდა ლარას მამა სახლიდან, - როცა შინ არ იყო არც ლარა, არც შვილიშვილი, - ჩავიდა დაბლა, ჩაიარა ჩვენი ქუჩა, ჩაუყვა ვაჟა ფშაველას პროსპექტს და იქ, ფოსტის მახლობლად, წაიქცა.
შემოეხვია ხალხი, გამოუძახეს სასწრაფო დახმარებას, წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ვერაფერი უშველეს, მოკვდა. ვინ იყო, კაციშვილმა ვერ იცნო, არც პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა არავითარი. ჯიბეში ედო მხოლოდ სამ ფურცელზე დაწერილი და ოთხად გაკეცილი წერილი.
წერილი ეგზავნებოდა მარტო სახელითა და მამის სახელით მოხსენიებულ ვიღაც უფროსს, წერილი კი არა, მოხსენებითი ბარათი. იძულებულნი გახდნენ, წაეკითხათ. წაიკითხეს, ყველაფერი გაირკვა, შეატყობინეს ლარას... შემდეგში ამბობდნენ, სისულელე გააკეთესო, მაგრამ გვიან იყო, წერილი უკვე წაკითხული ჰქონდა ლარას.
მე არ მინახავს ის წერილი, მაგრამ დღეს ბევრმა იცის მისი შინაარსი.
ნაპატიმრალი იმ ვიღაც დიდ უფროსს სწერდა, უფრო - მოახსენებდა: პირველ რიგში, ვინ იყო და რა დამსახურებები მიუძღოდა საქვეყნო საქმეებში (ჩანდა, უფროსსაც უნდა სცოდნოდა ეს), მერე, რით გადაუხადეს ბოროტმა ადამიანებმა, როგორ ეწამა, მაინც გაუძლო ყველაფერს და დღეს ისევ ფეხზე დგას, და არა მარტო ფეხზე დგას, კვლავაც გააგრძელებს ქვეყნის სამსახურს და ასეთად დარჩება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
ამის დასადასტურებლად კი აცნობებდა: მას ჰყავს ქალიშვილი, ექიმი, ამა და ამ პოლიკლინიკის თანამშრომელი, და მისი ვაჟი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი.
ეს დედა-შვილი თითქმის ყოველდღე, ყოველთვის, დილა იქნება თუ საღამო, იაპონური ტრანზისტორის მეშვეობით, რომელიც დედა-შვილს საეჭვო გზით უნდა ჰქონდეთ შეძენილი მოსკოვში, უსმენენ ჩვენი ქვეყნისთვის მტრულ გადმოცემებს საზღვარგარეთიდან. მერე, რაღა თქმა უნდა, ამ გადმოცემების შინაარსს ავრცელებენ სამსახურში და ინსტიტუტში, ეს კი იწვევს ჩვენი ადამიანების მორალურ გახრწნას...
ასეთი დანაშაულებების წინააღმდეგ ყველამ უნდა იბრძოლოს, ყველამ, დიდმაც და პატარამაც, უშუალო დამნაშავენი კი დაუყოვნებლივ იზოლირებულნი უნდა იქნენ ჩვენი საზოგადოებისაგან, პირველ რიგში, თუნდაც, მისი შვილი და შვილიშვილი... თორემ მალე, ალბათ, გვიან იქნება, გვიან...
ქვეყანამ გაიგო ეს ამბავი, მაგრამ ქართველები ვართ, მაინც უამრავნი მოვიდნენ დაკრძალვაზე.
მეც მივედი მთელი ოჯახით, ლარას ძაძა ემოსა, თავდახრილი იჯდა, ხელი რომ ჩამოვართვი, ამომხედა, მადლობა გადამიხადა და, შეიძლება მომეჩვენა, მქრქალი მწარე ღიმილი გაუკრთა ბაგეზე.
მე შევკრთი. ფეხი ამერია და ჩემს წინ მიმავალ მეუღლეს დავეჯახე. მეუღლემ შეშფოთებით მომხედა, მაგრამ აქ არაფერი უთქვამს.
დაკრძალეს თუ არა ლარას მამა, ლარამ და მისმა ვაჟმა ისევ გადაცვალეს ბინა და სადღაც მუხიანისკენ გადავიდნენ.
არ ვიცი, იქ თუ მაინც დარჩნენ ბოლომდე. ხანდახან ისე მომინდებოდა ლარას ნახვა, რომ სხეული მტკიოდა. კიდევ კარგი, რომ ძნელი იყო მისი მოძებნა.
შეხვედრით - აღარასდროს შემხვედრიან, არც ლარა, არც მისი ვაჟი - მორცხვი ჟულიენი.