ღამის თორმეტი საათი იყო.
მიტია კულდაროვი, თმაგაწეწილი, აღელვებული, აღფრთოვანებული შეფრინდა თავისი მშობლების ბინაში და სწრაფად შემოიარა ყველა ოთახი.
მშობლები უკვე დასაძინებლად ემზადებოდნენ. და ლოგინში იწვა და რომანის ბოლო ფურცელს კითხულობდა. გიმნაზიელ ძმებს ეძინათ.
– შენ საიდან? - გაოცდნენ მშობლები. - რა დაგემართა?
– ოჰ, არ მკითხოთ! მე არანაირად არ ველოდი! არა, მე არანაირად არ ველოდი! ეს... ეს დაუჯერებელიცაა.
მიტიამ გადაიხარხარა და სავარძელში ჩაჯდა, გახარებულმა თავი ვეღარ შეიკავა.
− ეს დაუჯერებელია! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, შეხედეთ.
და ლოგინიდან წამოხტა, საბანი მოიხურა და ძმას მიუახლოვდა. გიმნაზიელებს გაეღვიძათ.
− რა დაგემართა? შენ თავს არ გავხარ!
− ეს მე სიხარულისგან ვარ ასე, დედიკო! მე ხომ ახლა მთელი რუსეთი მიცნობს! მთელი! ადრე მხოლოდ თქვენ იცოდით, რომ ამ ქვეყენაზე არსებობს კოლეჯის რეგისტრატორი დიმიტრი კულდაროვი, ახლა კი, მთელმა რუსეთმა იცის ამის შესახებ! დედიკო! ო, ღმერთო!
მიტია წამოხტა, შემოირბინა მთელი ოთახი და ისევ დაჯდა.
− და რა მოხდა ასეთი? გასაგებად ილაპარაკე!
− თქვენ ცხოვრობთ, როგორც გარეული მხეცები, გაზეთს არ კითხულობთ, არავითარ ყურადღებას არ აქცევთ საჯაროობას, გაზეთებში კი ასე ბევრი რამაა შესანიშნავი! ყველაფერი რაც ხდება, ახლა ყველასათვის ცნობილია, არაფერი არ იფარება! როგორი ბედნიერი ვარ! ო, ღმერთო! გაზეთებში ხომ მხოლოდ ცნობილ ადამიანებზე ბეჭდავენ, იქ კი ჩემზე დაწერეს.
− რას ამბობ? სად?
მამა გაფითრდა. დედამ შეხედა მის სახეს და პირჯვარი გადაიწერა. გიმნაზიელები წამოცვივდნენ, როგორც იყვნენ, ერთნაირ ღამის პერანგებში გამოწყობილნი, თავიანთ უფროს ძმასთან მიცვივდნენ.
− დიახ! ჩემს შესახებ დაბეჭდეს! ახლა ჩემს შესახებ მთელმა რუსეთმა იცის! თქვენ, დედიკო, შეინახეთ ეს ნომერი სახსოვრად! ხანდახან წავიკითხავთ ხოლმე. შეხედეთ!
მიტიამ ჯიბიდან გაზეთის ნომერი ამოიღო, გადააწოდა მამას და თითით მიანიშნა ლურჯი ფანქრით გახაზული ადგილი.
− წაიკითხეთ!
მამამ სათვალე გაიკეთა.
− წაიკითხეთ-მეთქი!
დედამ სახეზე შეხედა და პირჯვარი გადაიწერა. მამამ ჩაახველა და კითხვა დაიწყო.
− “29 დეკემბერი, საღამოს 11 საათი, კოლეჯის რეგისტრატორი დიმიტრი კულდაროვი...
− ხედავთ, ხედავთ? შემდეგ!
− ...კოლეჯის რეგისტრატორი დიმიტრი კულდაროვი, - ლუდხანიდან მომავალი, რომელიც მდებარეობს მალოი ბრონზე, კოზიხინის სახლში, და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში...
− ეს მე სიმონ პეტრეს ძესთან ერთად ვარ...
ყველაფერი დაწვრილებითაა აღწერილი! განაგრძეთ! შემდეგ! მოუსმინეთ!
− ...და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, ფეხი დაუსხლტა და დაეცა იქვე მდგარი მეეტლის, იუხნოვის მაზრის, სოფელ დურკინელი გლეხის, ივან დროტოვის ცხენის ქვეშ.
შეშინებულმა ცხენმა გადააბიჯა კულდაროვს და მისი გვერდის ავლით გაათრია მარხილი, რომელშიც იმყოფებოდა მოსკოვის მეორე საამქროს ვაჭარი, სტეფან ლუკოვი.
ქუჩაში გაჭენებული ცხენი დაჭერილ იქნა მეეზოვეების მიერ.
კულდაროვი, თავიდან უგრძნობ მდგომარეობაში მყოფი, გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში და შემოწმებულ იქნა ექიმის მიერ. დარტყმა, რომელიც მან მიიღო კეფაში...
− შემდეგ! მამა, შემდეგ წაიკითხე!
− ... რომელიც მან მიიღო კეფაში, აღმოჩნდა მსუბუქი. მომხდარის შესახებ შედგენილია ოქმი. დაზარალებულს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება...”
− უბრძანეს კეფა ცივი წყლით დაესველებინათ.
წაიკითხეთ ახლა? ა? აი ასე! ახლა მთელ რუსეთში გავრცელდა! მომეცით აქ!
მიტიამ გაზეთი აიღო, დაკეცა ის და ჯიბეში ჩაიდო.
− მაკაროვებთან შევირბენ, მათაც ვაჩვენებ... ივანიცკებსაც უნდა წავაკითხო, ნატალი ივანოვნას, ანისიმ ვასილის ძეს... გავიქცევი! ნახვამდის!
მიტიამ ქუდი დაიხურა და მოზეიმე, გახარებული გაიქცა ქუჩაში..
მთარგმნელი: ლევან სესიაშვილი