ზაფხულის მშვენიერი დღეები, მშვიდი შავი ზღვა.
გემი სავსეა ხალხით და ტვირთით, - გემბანი გადატენილია კიჩოდან წინაერდომდე.
ცურვა ხანგრძლივია, წრიული - ყირიმი, კავკასია, ანატოლიის სანაპირო, კონსტანტინოპოლი...
მცხუნვარე მზე, ცისფერი ზეცა, ლილისფერი ზღვა; დაუსრულებელი დგომა ხალხმრავალ პორტში, ჯალამბარების გამაყრუებელი გრუხუნით, გინებით, კაპიტნის თანაშემწეთა ყვირილით: - მაინა! ვირა! - და კვლავ სიმშვიდე, წესრიგი და აუჩქარებელი ცურვა შორეულ მთებს შორის, მზის ხვატში რომ ლივლივებენ და უჩინარდებიან.
პირველი კლასის კაიუტკომპანიაში სიგრილე, სიხალვათე და სისუფთავეა. ჭუჭყი და სიმჭიდროვეა სხვადასხვა მოდგმის მგზავრების ჯგუფებში გემბანზე, მხურვალე სამანქანოსთან და სურნელოვან სამზარეულოსთან, ჩარდახების ქვეშ მდგარ საწოლებზე და ღუზის ჯაჭვებზე, ავზის თოკებზე.
აქ ყველგან მდორე სუნია, ხან ცხელი და სასიამოვნო, ხან თბილი და მყრალი, მაგრამ ერთნაირად აღმგზნები, განსაკუთრებული, გემის, ზღვის სიგრილესთან შერეული.
აქ არიან რუსის გლეხუჭები და დედაკაცები, ხოხოლები, ათონელი ბერები, ქურთები, ქართველები, ბერძნები... ქურთებს, - სრულიად ველურ ხალხს, - დილიდან საღამომდე სძინავთ; ქართველები ხან მღერიან, ხან წყვილებად ცეკვავენ, მსუბუქად მოძრაობენ, მოხდენილად შლიან ხელებს და თითქოს მიცურავენ ხალხის ბრბოში, ხმაშეწყობილად უკრავენ ტაშს: ტაში-ტაში, ტაში-ტაში!
პალესტინის რუსი მომლოცველები გამუდმებით ჩაის სვამენ, მხრებჩამოშვებული მაღალი მამაკაცი, მოკლე ყვითელი წვერით და სწორი თმებით, ხმამაღლა კითხულობს საღვთო წერილს. მას გამჭოლ მზერას არ აცილებს სამზარეულოსთან განმარტოებული, რაღაც გამომწვევად თავისუფალი ქალი წითელ კოფთაში და შავ თმებზე მოხვეული მწვანე აბრეშუმის შარფით.
დიდხანს ვიდექით რეიდზე ტრაპეზუნდში. სანაპიროზე გავისეირნე და, როდესაც დავბრუნდი, დავინახე, რომ ტრაპზე ადიოდა ჩამოფლეთილი და იარაღასხმული ქურთების ჯგრო. ამალას წინ მიუძღოდა დიდი და ძვალმსხვილი მოხუცი, თეთრ ქუდსა და ნაცრისფერ ჩოხაში, ვიწრო წელზე მჭიდროდ შემორტყმული ვერცხლისბალთიანი ქამრით.
ქურთები, რომლებიც ჩვენთან ერთად მოცურავდნენ და გემბანის ერთ კუთხეში იწვნენ გროვად, წამოდგნენ და ადგილი გაათავისუფლეს. მოხუცის თანმხლებებმა უამრავი ხალიჩა გაშალეს, ბალიშები დაალაგეს.
მოხუცი მეფურად წამოწვა ამ ლოჟაში. მისი წვერი ქაფივით თეთრი იყო, ხმელი სახე მზისგან გაშავებოდა, და უჩვეულოდ უბრწინავდნენ მომცრო თაფლისფერი თვალები. მივუახლოვდი, ჩავიმუხლე, ვუთხარი სალამ, და რუსულად ვკითხე:
− კავკასიიდან?
მან ასევე რუსულად, გულღიად მიპასუხა:
− შორიდან, ბატონო. ჩვენ ქურთები ვართ.
− საით მიცურავ?
მოკრძალებით, მაგრამ ამაყად გამცა პასუხი:
− სტამბულში, ბატონო. თვით ფადიშაჰთან. თვით მასთან მიმაქვს სამადლობელი, საჩუქარი: შვიდი მათრახი. ჩემი შვიდი ვაჟი წაიყვანა ფადიშაჰმა ომში, ყველა, ვინც მყავდა. და ყველა მათგანი ბრძოლაში დაიღუპა. შვიდჯერ დიდებით შემმოსა ფადიშაჰმა.
− ნწუ, ნწუ, ნწუ! - უგულო სიბრალულით გადააქნია თავი პაპიროსით ხელში ჩვენს თავზე მდგომმა ახალგაზრდა ლამაზმა ფრანტმა, ჩასუქებულმა ბერძენმა: ამშვენებდა ალუბლისფერი დამასკური ფესკა, ნაცრისფერი სერთუკი თეთრი ჟილეტით, ნაცრისფერი მოდური პანტალონები და გვერდიდან ღილებით შეკრული, ლაქის ყელიანი ფეხსაცმელები. - ასეთი ბებერია და მარტო დარჩა!
მოხუცმა მის ფესკას შეხედა.
− რა სულელი ხარ, - მიუგო მან წყნარად. - აი, შენ დაბერდები, მე კი არც ვარ და არც არასოდეს ვიქნები ბებერი. მაიმუნზე გსმენია?
ლამაზმა ახალგაზრდამ უნდობლად გაუღიმა:
− რომელ მაიმუნზე?
− აბა, მომისმინე. ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა, იცი?
− ვიცი.
− შემდეგ ღმერთმა შექმნა ადამიანი და უთხრა მას: ადამიანო, შენ იცხოვრებ ქვეყნად ოცდაათ წელს, - კარგად იცხოვრებ, გაიხარებ, იფიქრებ, რომ ამქვეყნად ყოველივე ღმერთმა მხოლოდ შენთვის შექმნა. კმაყოფილი ხარ ამით?
ადამიანი ჩაფიქრდა: კარგი, მაგრამ სიცოცხლის მხოლოდ ოცდაათი წელი! ოჰ, ცოტაა!
გესმის? ჩაიცინა მოხუცმა.
− მესმის, - უპასუხა ლამაზმა ახალგაზრდამ.
− შემდეგ ღმერთმა შექმნა ვირი და უთხრა:
შენ იცსოვრებ ქვეყნად ოცდაათ წელს, - ატარებ რუმბებს და ზიდავ საპალნეს, ადამიანები შეგაჯდებიან და სახრეს გირტყამენ თავში. კმაყოფილი ხარ ასეთი ვადით?
ვირი აქვითინდა, ატირდა და უთხრა: რად მინდა ამდენი? მომეცი, ღმერთო, სიცოცხლის მხოლოდ თხუთმეტი წელი
მე კი დამითმე თხუთმეტი, - უთხრა ადამიანმა ღმერთს, - გთხოვ, დამიმატე მისი წილიდან! - და ღმერთი ასეც მოიქცა, დათანხმდა. ადამიანს გაუხდა სიცოცხლის ორმოცდახუთი წელი. - კარგად მოუვიდა ადამიანს, არა? - იკითხა მოხუცმა და შეხედა ლამაზ ახალგაზრდას.
− ცუდად არ მოსვლია, - გაუბედავად უპასუხა მან, ეტყობოდა, ვერ გაეგო, რა საჭირო იყო ეს ყოველივე.
− შემდეგ ღმერთმა შექმნა ძაღლი და მასაც სიცოცხლის ოცდაათი წელი მისცა. შენ, უთხრა ღმერთმა ძაღლს, იქნები ყოველთვის ავი, უდარაჯებ პატრონის ქონებას, არ ენდობი უცხოებს, უყეფავ გამვლელებს, ღამით არ დაიძინებ მოუსვენრობისაგან. და ძაღლი აყმუვლდა: ოოჰ, ასეთი ცხოვრების ნახევარიც საკმარისია!
და კვლავ სთხოვა ადამიანმა ღმერთს: მე დამითმე ეს ნახევარიც! და კვლავ დაუმატა ღმერთმა. - რამდენი წელი გაუხდა ადამიანს?
− სამოცი, - მხიარულად მიუგო ლამაზმა ახალგაზრდამ.
− შემდეგ კი ღმერთმა შექმნა მაიმუნი, მისცა ასევე სიცოცხლის ოცდაათი წელი და უთხრა, რომ იცხოვრებდა უშრომელად და უზრუნველად, მაგრამ ძალიან შეუხედავი იქნებოდა, - თავმოტვლეპილი, დანაოჭებული, შუბლზე აწეული გაქუცული წარბებით, - და ყველა შეეცდებოდა მისთვის შეეხედა, ყველა დასცინებდა.
ლამაზმა ახალგაზრდამ ჰკითხა:
− ჩანს, იმანაც უარი თქვა და მხოლოდ სიცოცხლის ნახევარი სთხოვა?
− იმანაც უარი თქვა, - უპასუხა მოხუცმა, წამოიწია და ახლოს მდგომ ქურთს ნარგილეს მუნდშტუკი გამოართვა. - და ადამიანმა თავისთვის ეს ნახევარიც ითხოვა, - თქვა მან, კვლავ წამოწვა და ნაფაზი დაარტყა.
ის დადუმდა და იყურებოდა სადღაც წინ, თითქოს ჩვენი არსებობა დაავიწყდა. შემდეგ კი გააგრძელა საუბარი ისე, რომ არავისთვის მიუმართავს:
− ადამიანმა თავისი საკუთარი ოცდაათი წელი ადამიანურად იცხოვრა - ჭამდა, სვამდა, ომობდა, ქორწილებში ცეკვავდა, ჰყვარობდა ახალგაზრდა ქალებს და ქალიშვილებს.
ვირის კუთვნილ თხუთმეტ წელიწადს შრომობდა, სიმდიდრეს აგროვებდა.
ძაღლის თხუთმეტი წელი თავის სიმდიდრეს იცავდა, სულ ყეფდა გაავებული, ღამით არ ეძინა.
შემდეგ კი გახდა ისეთი საზიზღარი ბებერი, როგორც ის მაიმუნი. და ყველა თავს აქნევდა და დასცინოდა მის სიბერეს.
აი, ასე იქნები შენც, - დამცინავად უთხრა მოხუცმა ლამაზ ახალგაზრდას, თან კბილებში ნარგილეს მუნდშტუკს ათამაშებდა.
− შენ რატომ არ იქნები ასე? - ჰკითხა ახალგაზრდამ.
− მე არ ვიქნები.
− რატომ ასე?
− ისეთები, როგორიც მე ვარ, ცოტანი არიან, - თქვა მოხუცმა მტკიცედ. - არ ვყოფილვარ ვირი, არ ვყოფილვარ ძაღლი, - და რატომ ვიქნები მაიმუნი? რატომ ვიქნები ბებერი?
თარგმნა: ვასილ გულეურმა