– I –
ამჯერად აქ ძაღლიც იყო და კაციც. ასე რომ, თუ დათვს ბებერ ბენს ჩავთვლით, მხეციც ორი იყო და ადამიანიც ორი სემ ფადერსი და ბუნ ჰოგენბეკი.
ბუნის ძარღვებში ისეთივე სისხლი ჩქეფდა, როგორიც სემ ფადერსის ძარღვებში, თუმცა ბუნის სისხლი უფრო მდაბიური იყო. უზადონი იყვნენ მხოლოდ სემ ფადერსი, ბებერი ბენი და ქოფაკი ლომა.
ბიჭს თექვსმეტი შეუსრულდა, მაგრამ უკვე ექვსი წელი იყო, რაც სანადიროდ დადიოდა დიდებთან ერთად. ექვსი წელი იყო, რაც ყურს უგდებდა მონადირეთა საუბრებს, რომელთაც არაფერი სჯობია ამქვეყნად.
საუბრები ეხებოდა ვრცელ, უღრან ტყეებს, ყველა ნასყიდობის საბუთზე უფრო ძველსა და უფრო მნიშვნელოვან ტყეებს; სულერთი იყო, ვინ აწერდა ხელს ამ საბუთებს თეთრი პლანტატორი, რომელსაც შეცდომით ეგონა, ტყის ამა თუ იმ ნაწილის მფლობელი ვხდებიო თუ ინდიელი, ვინც ულმობლად თვალთმაქცობდა, როცა პლანტატორს ამ ცრუმფლობელობის უფლებას გადასცემდა ხოლმე.
ტყის ნაკვეთი უფრო დიდი იყო, ვიდრე მაიორ დე სპეინს წარმოედგინა და უფრო დიდი ხნის, ვიდრე მოხუცი თომა სატპენი, ვისგანაც მაიორმა დე სპეინმა შეიძინა იგი; კიდევ უფრო ძველისძველი, ვიდრე მოხუცი იკემოტუბე ჩიკესოს ბელადი, ვისგანაც მოხუცმა სატპენმა მიიღო ეს ნაკვეთი.
იკემოტუბემ, თავის მხრივ, უკეთ იცოდა ამ ტყის ასავალ-დასავალი. საუბრები ეხებოდა ადამიანებს არა თეთრ, არა შავ, არა წითელკანიანებს, არამედ ადამიანებს, მონადირეებს, მათ მამაცობასა და მომთმენობას, მათი ამტანობისა და გამძლეობის უნარს, ძაღლებს, დათვებს, ირმებს, ტყის მიერ მოხმობილთ და განლაგებულთ თავ-თავიანთ ადგილებზე მუდმივი და შეუპოვარი შეჯიბრებისათვის (ამ შეჯიბრებათა ურღვევი წესები არც არავის იწყალებს და არც არავის იბრალებს), თამაშთა შორის საუკეთესო თამაშისათვის, ყველა სხვა სიცოცხლესთან შეუდარებელი სიცოცხლისათვის.
ამ საუბრებს ვერაფერი შეედრება. ისმის წყნარი და დინჯი ხმები, აკეთებენ ზუსტ და აუჩქარებელ დასკვნებს, ეძლევიან მოგონებებს ქალაქის სახლების კაბინეტებში ან პლანტაციების კანტორებში, ნანადირევ ტყავებში, რქებსა და ბუდეებში ჩადებულ თოფებს შორის, ან, რაც ყველაზე ტკბილია, აქვე, ტყეში, მონადირეთა ბანაკში, სადაც ჯერ კიდევ თბილი, გაუტყავებელი ნადირი კიდია, მონადირენი შემოსხდომიან ბუხარში ალმოდებულ კუნძებს, ხოლო თუ სახლები და ბუხრები არაა, მაშინ ბრეზენტის კარავთან გაჩაღებულ კოცონს.
ვისკის ბოთლიც აქვეა აუცილებლად, და ბიჭს ეგონა: ჭკუის, მამაცობის, სიმკვირცხლისა და საზრიანობის ყველა მშვენიერი წუთი ჩაღვრილი და შედედებული იყო მოწითალო ფერის სასმელში, რაც არც ქალებს, არც ბავშვებს და არც მოზარდებს არ ესმებოდათ.
მას სვამდნენ მხოლოდ მონადირენი, დინჯად, მოკრძალებულად, სვამდნენ არა როგორც მათ მიერ დაღვრილ სისხლს, არამედ როგორც შედედებულ უკვდავ სულს, სვამდნენ არა წარმართის ამაო იმედით, რომ სასმელი მიანიჭებდათ სათნოებას, სიმკვირცხლეს, ძალასა და საზრიანობას, არამედ ამ უმაღლესი ღირსებების პატივსაცემად. ბუნებრივია, რომ სწორედ ვისკით დაიწყო ყველაფერი, სხვანაირად არც შეიძლებოდა, ასე ეგონა ბიჭს ამ დეკემბრის დილას.
შემდეგ იგი მიხვდა, რომ ყოველივე გაცილებით უფრო ადრე დაიწყო. დაიწყო იმ დღეს, როცა მან პირველად დაწერა თავისი ასაკი ორი ციფრით. იმ დღეზე ადრეც, როცა ბიჭის ბიძაშვილმა მაკქასლინმა პირველად მოიყვანა იგი ბანაკში, უღრან ტყეში, რათა თავის მხრივ ტყის წინაშე დაემსახურებინა მონადირის წოდება და ღირსება, თუ სათანადო მორჩილებასა და სიმტკიცეს გამოიჩენდა.
ბიჭს ჯერ თვალითაც არ ენახა უზარმაზარი ბანჯგვლიანი ბებერი დათვი, მაგრამ ისე მიიღო იგი, როგორც მემკვიდრეობას იღებენ ხოლმე. ამ ბებერ დათვს ხუნდით დასახიჩრებული თათი და ირგვლივ ას მილზე განთქმული საკუთარი სახელი ჰქონდა, როგორც ადამიანს.
გრძელი იყო ამბავი დალეწილი, გაძარცული და დაცარიელებული ბეღლებისა, ტყეში წათრეული გოჭებისა, ღორებისა, ხბორებისა, მიყრილ-მოყრილი ხუნდებისა და ხაფანგებისა, სასიკვდილოდ დასახიჩრებული ძაღლებისა, დათვისთვის ნასროლი საფანტიანი ვაზნებისა და თვით ტყვიებისა.
ტყვიებს დათვზე ისე ემოქმედა, თითქოს ბავშვმა სათამაშო თოფიდან მუხუდოს მარცვალი მოარტყაო. ნგრევისა და გაჩანაგების ამ გზით, რაც ბიჭის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იწყებოდა, ჯიქურ მიაბოტებდა უზარმაზარი ბანჯგვლიანი არსება - უკეთ ვთქვათ: მიიწევდა ისეთივე ულმობელი გარდუვალობით, როგორც ლოკომოტივი მიიწევს ხოლმე.
ეს დათვი დიდი ხანია, ეზმანებოდა ბიჭს. ბიჭი ჯერ ერთხელაც არ ყოფილა იმ ნაჯახშეუხებელ უღრანში, სადაც დათვის თათი ტოვებს თავის ორკაპა კვალს, დათვი კი მაჯლაჯუნასავით აწვებოდა მის სიზმრებს, ბანჯგვლიანი, უზარმაზარი, თვალსისხლიანი, არცთუ გაავებული - მხოლოდ უსაშველოდ დიდი: ერთობ დიდი იყო იგი იმ ძაღლებისათვის, მას რომ მიუსევდნენ ხოლმე, იმ ცხენებისათვის, რომლებითაც მისდევდნენ, იმ მონაწილეთათვის, რომელთაც ტყვია-წამალი არ აკლდათ, იმ ადგილისთვისაც, რომელშიაც მომწყვდეული იყო.
ბიჭი თითქოს უკვე ჭვრეტდა იმას, რის მიწვდომასაც ჯერ კიდევ ვერ შეძლებდა ვერც გრძნობით, ვერც გონებით: დასაღუპავად განწირულ უღრან ტყეს. ადამიანები კიდეებიდან ღრღნიან ამ ტყეს, განუწყვეტლივ აქუცმაცებენ მას სახნისებითა და ნაჯახებით. ეშინიათ მისი იმიტომ, რომ იგი უღრანი და უდაბურია.
მრავლად არიან ასეთი ადამიანები, ისინი ერთმანეთისთვის უცნობი და უსახელონი არიან ტყის მხარეში, სადაც სახელი გაითქვა ბებერმა დათვმა. ეს დათვი უბრალო მოკვდავ მხეცად კი არ დათარეშობს ტყეში, არამედ გარდასულ დროთაგან მოღწეულ დაუოკებელ ანაქრონიზმად, ძველი ველური ცხოვრების სიმბოლოდ, აპოთეოზად.
ამ ველური ცხოვრების ფონზე ზიზღითა და შიშით გაცოფებული იქნევენ ნაჯახებს ადამიანები და ირევიან, როგორც ჯუჯები მთვლემარე სპილოს ფეხებთან. ბებერი დათვი გამოიყურებოდა დაუძლეველ და მარტოსულ არსებად, უშვილო ქვრივად, უკვდავ მოხუც პრიამოსად, ვინც მეუღლე დაკარგა და ყველა თავის შვილზე მეტხანს იცოცხლა.
ნადირობისათვის ჯერ კიდევ პატარა რომ იყო და ჯერ სამი, მერე ორი და ბოლოს ერთი წელი უნდა ელოდნა, - ყოველ ნოემბრის თვეში ბიჭი თვალს გააყოლებდა ხოლმე ფორანს, რომელსაც დიდ ტყეში მიჰყავდა ძაღლები, მიჰქონდა ქვეშაგები, სურსათ-სანოვაგე, თოფები, მიჰყავდა მისი ბიძაშვილი მაკქასლინი, ჯიმი და სემ ფადერსიც, სანამ სემი სამუდამოდ არ გადასახლდა ბანაკში.
ბიჭს ეგონა, რომ ისინი მიდიოდნენ არა ირმებისა და დათვის მოსაკლავად, არა სანადიროდ, არამედ ყოველწლიური შეხვედრისათვის ბებერ დათვთან, რომლის მოკვლის იმედი სრულიადაც არა ჰქონდათ. ორი კვირის შემდეგ ისინი ხელცარიელნი ბრუნდებოდნენ, უტყავებოდ.
ბიჭი არც მოელოდა ნანადირევს, არ ეშინოდა, რომ ამჯერად ფორანში სხვა ტყავებსა და თავებს შორის აღმოჩნდებოდა ბენის თავიც. ბიჭი თავის თავსაც არ უმხელდა, რომ გაივლიდა სამი წელი, თვითონაც წავიდოდა სანადიროდ და შესაძლოა, სწორედ მისი ნასროლი აღმოჩენილიყო სხვებზე მარჯვე.
ბიჭი ხვდებოდა, რომ ორკაპა კვალის ნახვის ნებას მხოლოდ მას შემდეგ მისცემდნენ, რაც ტყის ოსტატობას დაეუფლებოდა და დაამტკიცებდა, რომ ღირსი იყო, მონადირე გამხდარიყო.
მაშინ კი, ნოემბრის ორი კვირის განმავლობაში, მსგავსად თავისი ბიძაშვილისა, მსგავსად მაიორ დე სპეინისა, გენერალ ქომპსონისა, უოლტერ იუელისა, ბუნისა, მსგავსად ძაღლებისა, რომლებიც დათვთან მიკარებას ვერ ბედავდნენ, მსგავსად საფანტიანი თოფებისა და შაშხანებისა, რომელთაც არ ძალუძდათ დათვის დაჭრა, თვითონაც მხოლოდ რიგითი მონაწილე იქნებოდა დათვის უკვდავების პატივსაცემად გამართული რიტუალისა.
ბოლოს ბიჭის დღეც დადგა. ფორნიდან, რომელშიაც იგი მაიორ დე სპეინთან, გენერალ ქომპსონსა და თავის ბიძაშვილთან ერთად იჯდა, დაინახა უღრანი ტყე, ნოემბრის ნელი და ცივი წვიმის ნისლში გახვეული. შემდეგ ყოველთვის იგონებდა ნოემბრის ტყეს.
წვრილი წვიმის აბლაბუდაში გახვეული მომაკვდავი ტყე ეხატებოდა თვალწინ, ერთმანეთზე მიჯრილ ხეთა პირქუშ, ყრუ, მაღალ და უსაზღვრო კედლად (აქედან არ შეეძლო გაერჩია, როგორ, სად, რომელ ადგილას შეძლებდნენ ტყის სიღრმეში შესვლას, თუმცა იცოდა, რომ მათ იქ ფორნით სემ ფადერსი უცდიდა.
ისინი გადადიოდნენ ტყის პირას მდებარე უკანასკნელ ველს, უკანასკნელ ახოს, ბამბისა და სიმინდის ნაჩალევის გვერდით. უზარმაზარ, მოშიშვლებულ ფონზე სასაცილოდ მოჩანდა ერთი ციცქნა ფორანი, რომელიც თითქოს არც კი მიიწევდა წინ, ისე როგორც უსაზღვრო ოკეანის ზედაპირზე მოჩანს ხოლმე ტალღებზე მოქანავე პაწაწინა ნავი.
ირგვლივ წყლის უსაზღვრო სივრცეა და ძალზე შორს არის თითქოსდა მიუწვდომელი ნაპირი, მაგრამ იგი მაინც ახლოვდება, ნელ-ნელა წინ მოიწევს ის ყურე, საითკენაც მიცურავს ნავი, სადაც ეგულება ნავსაყუდელი (ეს შედარება ბიჭს თავში მოუვიდა კარგა ხნის შემდეგ, როდესაც დიდი გახდა და ზღვაზე დაყო რამდენიმე ხანი).
აი, მიცურდნენ კიდეც. მოთმინებით მომლოდინე ჯორებს ოხშივარი ასდიოდათ, კოფოზე კი სემი იჯდა და წვიმისაგან თავს დალიანდაგებული საბნით იფარავდა. სემი მაშინაც მის გვერდით იყო, როდესაც კურდღლებითა და სხვა წვრილფეხობით იწყებოდა მისი მოწაფეობა.
სველი, თბილი, დალიანდაგებული ზანგური საბნის ქვეშ იყო იგი ახლაც, როდესაც მორჩილად შედიოდა ნამდვილ ტყეში. ტყემ მიიღო იგი და მაშინვე დაიხურა. ტევრი იხსნებოდა და იხურებოდა. ეს იყო არა გზა, არა ბილიკი, არა ნაკაფი, არამედ მოსრიალე მოჩვენებითი ზოლი, რომელიც ფორნის წინ ათ ნაბიჯზე იხსნებოდა და უკან ათ ნაბიჯზე იხურებოდა.
გეგონებოდათ, ჯორებს კი არ მიჰყავდათ ფორანი, არამედ ხელშეუხებელი უღრანი ტყე - მთვლემარე, ყრუ, უკუნი გარემოცვა იკუმშებოდა, იხსნებოდა და ასე მიისროდა წინ ფორანს.
ათი წლისა რომ იყო, ბიჭს უკვე ეგონა, ცხოვრებას კარგად ვიცნობო. არაფერი უკვირდა. ყოველივე ეს ნანახი ჰქონდა წინათ და არა მარტო სიზმარში. მივიდნენ ბანაკში - სწორედ ასეთი წარმოედგინა მას ეს შეუღებავი, ერთსართულიანი და ექვსოთახიანი საზაფხულო სახლი, ბოძებზე შედგმული გაზაფხულის წყალდიდობის შიშით. სახელდახელოდ შეუდგნენ ბანაკის გამართვას.
ბიჭი უფროსებს ეხმარებოდა წესრიგის დამყარებაში და საკუთარ მოძრაობასაც კი ცნობდა - ასე ესახებოდა ოცნებაში. შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში იგი ჭამდა მამაკაცთა უხეშ საჭმელს, სახელდახელოდ მომზადებულ იმათ მიერ, ვისთვისაც ნადირობა საჭმლის მომზადებაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ იყო.
ჭამდა მჟავე, დაკოჟრილ კვერებსა და ნანადირევს: ირმის, დათვის, ინდაურისა და ენოტის ხორცს. ასეთი ხორცი წინათ არასოდეს ეჭამა; ეძინა ისე, როგორც სძინავთ მონადირეებს, უხეშ, უშალითო საბანში გახვეულს; ყოველ გარიჟრაჟს იგი სემ ფადერსთან ერთად სახუნდარში ხვდებოდა.
უბადრუკი ადგილი მიუჩინეს, სადაც ყველაზე ცოტა ნადირი იყო. ასეც ფიქრობდა, იმედიც არ ჰქონდა, რომ პირველი ნადირობისას კვალზე დამდგარი მეძებრების ყეფას გაიგონებდა, მაგრამ მაინც გაიგონა. ეს იყო მესამე დილას - საიდანღაც მოაღწია ყრუ, თითქმის გაურკვეველმა ხმამ, მაგრამ ბიჭი მიხვდა, როგორ მისდევდა ძაღლების ხროვა ნადირს, თუმცა წინათ არასდროს გაეგონა ეს. მერე ძაღლების საერთო ღავღავში გამოყო თავისი ბიძაშვილის ხუთი ძაღლის ხმა.
− ახლა ოდნავ ზევით ასწიე თოფის ლულა, - უთხრა სემმა, - ჩახმახი შეაყენე და გაუნძრევლად დადექი.
მაგრამ ამჯერად თოფის მომარჯვების უფლებაც არ ჰქონდა. მორჩილება უკვე ისწავლა. მოთმინებასაც მიეჩვევა. ეს ხომ მისი ნადირობის პირველი კვირა იყო, თვითონ კი მხოლოდ ათი წლისა გახლდათ. თვალის დახამხამებაში მოეჩვენა, როგორ გაუჩინარდა ბუჩქნარში ჟღალი ფერის ხარირემი, სისწრაფისგან გაგრძელებული. მერე ყეფაც მიიკარგა, ხოლო ყომრალი სიჩუმე ისევ წკრიალებდა.
ტყის პირქუში შორეთიდან - წვრილი წვიმით დაცრეცილი განთიადიდან მოისმა ორი გასროლის ხმა.
− ახლა დაუშვი ჩახმახი, - უთხრა სემმა. ბიჭი დაემორჩილა.
− შენ იცოდი, რომ ის აქ არ გაივლიდა?
− ჰო, ვიცოდი, - უპასუხა სემმა, - ახლა მე შენ გასწავლი, როგორ უნდა მოიქცე, როცა სროლას ვეღარ მოასწრებ. ნადირმა გაირბინა, ჩახმახი არ არის დაშვებული. კაცსაც და ძაღლსაც ტყვია სწორედ ამის გამო ხვდება.
− ასეა თუ ისე, ეს ის ნადირი არ იყო, - თქვა ბიჭმა, - არც სხვა დათვი იყო, ირემი იყო მხოლოდ.
− ჰო, - უპასუხა სემმა, - ირემი იყო მხოლოდ.
ნადირობის მეორე კვირის ერთ დილას ბიჭმა ისევ გაიგონა ძაღლების ყეფა. სემი რაღაცას ელაპარაკებოდა. ბიჭმა მაშინვე, გაუფრთხილებლად მოიმარჯვა თავისი ერთობ გრძელი, მძიმე და დიდისათვის გათვალისწინებული თოფი, თუმცა ძაღლები უფრო შორს იყვნენ, ვიდრე მაშინ. ყეფა ძლივს ისმოდა და ისიც რაღაც უცნაურად.
− ჩახმახი ფეხზე შეაყენე, დადექი იქ, სადაც უკეთესი გასახედ-გამოსახედია და გაინაბე, - ასწავლიდა სემი. მერე კი უეცრად თვითონ სემი დაიძრა ადგილიდან და მივიდა მასთან, - აბა, ყური მიუგდე.
ბიჭი გაირინდა, ყური დაუგდო: ისმოდა არა ცხელ კვალზე დამდგარ მეძებართა ომახიანი ყეფა, არამედ არეულ-დარეული წკავწკავი, ერთი ოქტავით ჩვეულებრივზე უფრო მაღალი, რაშიაც უფრო მწარე რამ იმალებოდა, ვიდრე გაუბედაობა ან დამცირებაა, რაღაც ჯერ კიდევ გაუგებარი ბიჭისთვის.
ყეფა ნელა, დუნედ მიიწევდა იქით. ჯერ კიდევ დიდხანს ისმოდა დამცირებული, საწყალობელი და თითქმის ისტერიული ტირილის მსგავსი ყმუილი. დევნა არ იგრძნობოდა, ბიჭს არ ეჩვენებოდა წინ გაქცეული ჟღალი სხეული ირმისა. სემი აჩქარებულად და თანაბრად სუნთქავდა. ბიჭმა კიდევაც დაინახა ბერიკაცის გაგანიერებული ნესტოები.
− ეს ბებერი ბენია! - ჩურჩულით წამოიძახა ბიჭმა.
სემი არ ინძრეოდა, მხოლოდ მინელებული ხმაურის მიმართულებით აბრუნებდა თავს, ნესტოები უთრთოდა.
− ერთი შეხედეთ! - თქვა სემმა, - არც კი გარბის, ჩვეულებრივად მიდის.
− კი მაგრამ, რატომ მოვიდა?! - წამოიძახა ბიჭმა, - რა უნდა აქ?
− იგი ყოველ წელს მოდის აქ, - თქვა სემმა, - მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს. ეში და ბუნი ფიქრობენ, იმიტომ მოდის, რომ წვრილფეხა დათვები შეაფუცხუნოსო. აქედან წაეთრიეთ, მონადირენი წავლენ და მერე დაბრუნდითო.
შესაძლოა, ასეც არის, - ბიჭს უკვე აღარაფერი ესმოდა, სემი კი სულ აყურადებდა დევნის ხმას, მაგრამ სემმა კვლავ მოაბრუნა სახე ბიჭისაკენ - ახლობელი იყო ეს სახე, აზრიანი, მაგრამ პირქუშიც, როცა ღიმილი არ გადაჰკრავდა. ბებრული თვალები იდუმალი, ამაყი, მრისხანე ცეცხლით ანთებოდა.
ეს ცეცხლი ახლა თანდათან ქრებოდა. მხოლოდ ბენს არ ესაქმებოდა ვინმესთან რამე - არც ადამიანებთან, არც ღმერთებთან, არც დათვებთან. იგი მოვიდა, რომ გაეგო, ვინ იყო წელს ბანაკში, შეეძლოთ თუ არა სროლა ახალბედებს, დიდხანს ეყოფოდათ თუ არა ჟინი, გამოჩნდა თუ არა ისეთი ძაღლი, რომელიც მას არ შეუშინდებოდა, არაქათს გამოაცლიდა და იმდენ ხანს გააჩერებდა, სანამ მსროლელი მოუსწრებდა. ბებერი ბენი აქ მთავარი იყო, ბელადი იყო.
ცეცხლი ჩაქრა, თვალები ჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ, როგორც ყოველთვის, როგორიც ახსოვდა ბიჭს მთელ თავის სიცოცხლეში.
− მდინარემდე იგი როგორმე მოითმენს ძაღლებს, მერე კი შინისაკენ გარეკავს. ჩვენც წავიდეთ, ნახავ, რანაირად დაბრუნდებიან ძაღლები.
ძაღლები უკვე დაბრუნებულიყვნენ ბანაკში და სამზარეულოს ქვეშ, ბოძებს შორის იმალებოდნენ. ათივე ერთად შექუჩებულიყო. ბიჭი სემის გვერდით ჩაცუცქდა და ჩაიხედა სიბნელეში, სადაც ძაღლების თვალები კიაფობდნენ.
ბიჭმა იგრძნო, რომ აქ იყო რაღაც გაცილებით უფრო დიდი და ძლიერი, ვიდრე ძაღლია. იგრძნო არა უბრალოდ ნადირის სუნი, რადგან დღევანდელი სამარცხვინო, გაწამებული წკავწკავის წინ ნადირი კი არა, მხოლოდ უღრანი ტევრი იგრძნობოდა.
მეთერთმეტე ძაღლი, ძუ მეძებარი, საღამოს დაბრუნდა არაქათგამოცლილი და მორჩილი. იგი ჯერ ისევ კანკალებდა ბიჭისა და ჯიმის ხელში. ძაღლს დაფლეთილ ყურსა და დაგლეჯილ ბეჭზე სემი სკიპიდარსა და საპნის ქაფს უსვამდა, მაგრამ ბიჭს ეჩვენებოდა, რომ არა ცოცხალი არსება, არამედ ერთი წამით თვით ტყე დაიხარა ძაღლისაკენ და თავხედობისათვის მოსცხო მას.
− მთლად ისე, როგორც ადამიანი, - თქვა სემმა, - ზუსტად ისე, როგორც ადამიანი. აყოვნებდა, აყოვნებდა, მაგრამ იცოდა, ადრე თუ გვიან, ერთხელ მაინც უნდა გამოეჩინა გამბედაობა, რომ შემდეგში უფლება ჰქონოდა, მეძებარი რქმეოდა. წინასწარვე იცოდა ისიც, რა ძვირად დაუჯდებოდა ეს გამბედაობა.
ბიჭმა მაშინვე ვერ შენიშნა, რომ სემი ბანაკში აღარ იყო, მერე ბიჭი სამ დღეს ისე იღვიძებდა და საუზმობდა, რომ სემი მას არ ელოდებოდა. იგი მარტო მიდიოდა ტყეში, მარტო ირჩევდა ადგილს და უსაფრდებოდა ნადირს ისე, როგორც სემმა ასწავლა.
მესამე დილით ბიჭმა კვლავ გაიგონა კვალზე დამდგარი ძაღლების ყეფა, ომახიანი და ძლიერი ყეფა. ბიჭი საგულდაგულოდ მოემზადა, მაგრამ ძაღლები ნადირს შორს გაედევნენ.
ბიჭმა ვერც ახლა მოასწრო დაემსახურებინა მეტი რამ ამ პირველი ორი კვირის განმავლობაში, ასე მოკლე დროში იმ გრძელ სიცოცხლესთან შედარებით, რაც მან წინასწარ შესწირა ტყეს მოთმინებითა და მორჩილებით.
მან კვლავ გაიგონა სროლის ხმა, ერთი სროლისა - გაიტკაცუნა უოლტერ იუელის შაშხანამ. ბიჭს ახლა უგამცილებლოდ შეეძლო ადგილამდე მისვლაც და ბანაკში დაბრუნებაც. კომპასის მეშვეობით, რომელიც ბიძაშვილმა აჩუქა, იგი მივიდა უოლტერთან, იქ, სადაც მიწაზე ხარირემი ეგდო და მის გადმოყრილ შიგნეულთან ძაღლები ძიძგილაობდნენ.
ბიჭი აქ სხვებზე ადრე მივიდა, თუ თავიანთი ცხენებით უმალვე მოვარდნილ მაიორ დე სპეინსა და ჯიმს არ ჩავთვლით, მანამდე, სანამ ძია ეში მოაჩაქჩაქებდა ცალთვალა ჯორს, რომელიც აინუნშიაც არ აგდებდა სისხლის სუნს და, როგორც ამბობდნენ, არც დათვის სუნს.
ცალთვალა ჯორით ძია ეში კი არა, სემი დაბრუნდა. ნასადილევს ბიჭი შეჯდა ცალთვალა ჯორზე, სემი კი, რომელიც მას ელოდებოდა, მეორე ჯორზე შეჯდა. სამ საათზე მეტხანს მიდიოდნენ უგზოდ, ოდნავ შესამჩნევი ბილიკიც კი არ ედოთ წინ. მოღუშული დღე იყო. ბოლოს ისეთ ადგილს მიაღწიეს, სადაც ბიჭს ერთხელაც არ დაედგა ფეხი.
აქ მიხვდა, რატომ მისცეს ცალთვალა ჯორი, რომელსაც არც სისხლისა და არც მხეცის სუნის არ ეშინოდა. ჯორი, რომელზედაც სემი იჯდა, უეცრად დაფრთხა. გაქცევა მოინდომა, მაგრამ სემმა ჩამოხტომა მოასწრო. ჯორი ფრთხებოდა, ოჩნობდა, აღვირს ეწეოდა, სემი კი უყვავებდა, წინ ექაჩებოდა - მისი მიბმა რაიმეზე საფრთხილო იყო.
ბიჭიც ჩამოხტა თავისი თვინიერი ჯორიდან. ამ დაბინდულ ზამთრის დღეს ხშირ, დაბურულ ბებერ ტყეში ბიჭი იდგა სემის გვერდით და მდუმარედ დაჰყურებდა თათებით დაგლეჯილ დამპალ ჯირკს და მის ახლოს სველ ნიადაგზე დამჩნეულ მრუდე, ორკაპა თათის ვეებერთელა ნაკვალევს.
ახლა მისთვის გასაგები გახდა, რა მწუხარება მოისმოდა იმ დილით მდევარი მეძებრების ყეფაში. ბიჭმა ახლა თავის თავში აღმოაჩინა საუკუნოვანი უღრანი ტევრის წინაშე საკუთარი სისუსტისა და უძლურების (მაგრამ არა სიმხდალისა და მერყეობის) ეს მწუხარე გრძნობა, მორჩილების გრძნობა.
უეცრად პირი ნერწყვით აევსო (ნერწყვს სპილენძის გემო ჰქონდა), რაღაც მკვეთრად შეეკუმშა ტვინში თუ გულის კოვზთან - ღმერთმა უწყის, სად შეეკუმშა, - მაგრამ ეს არ იყო მთავარი, მთავარი ის იყო, რომ - პირველად ახლა შეიგნო - ნაამბობიდან და სიზმრებიდან წარმომდგარი მხეცი, რომელიც უხსოვარი დროიდან არ აძლევდა მოსვენებას და, მაშასადამე, მთელი სიცოცხლე არ აძლევდა მოსვენებას მის ბიძაშვილსაც, დე სპეინსაც და თვით მოხუც გენერალ ქომპსონსაც - ცოცხალი დათვი იყო.
შეიგნო ისიც, რატომ იყო, რომ ყოველ ნოემბერს ბანაკში მიმავალთ იმედი არ ჰქონდათ დათვის მოკვლისა, არა იმიტომ, რომ დათვი უკვდავია, არამედ იმიტომ, რომ იცოდნენ, ჯერჯერობით ამ დათვზე ნადირობა უიმედო საქმე იყო.
− მაშასადამე, ხვალ, - წაილაპარაკა ბიჭმა.
− ესე იგი, ხვალ მოვსინჯავთ, - დაამთავრა სემმა, - ჩვენ ჯერ კიდევ არა გვყავს ძაღლი.
− ჩვენ თერთმეტი ძაღლი გვყავს, - თქვა ბიჭმა, - ისინი ხომ გამოეკიდნენ დათვს ორშაბათს.
− შენ გაიგონე, როგორ მისდევდნენ ძაღლები ნადირს, - თქვა სემმა, - მერე კი ნახე ძაღლები. ძაღლი ჩვენ ჯერ არა გვყავს, ერთი კარგი ძაღლიც გვეყოფოდა, მაგრამ არა გვყავს. შესაძლოა, ასეთი კარგი ძაღლი საერთოდ არ იყოს. ერთი იმედიღაა, იქნებ თვითონ დათვი მოტყუვდეს და ისეთ ვინმეს გამოუხტეს, ვინც ტყვიას არ ააცდენს.
− ყოველ შემთხვევაში, მე არ გამომიხტება, - თქვა ბიჭმა, - გამოუხტება უოლტერს ან მაიორს, ან...
− შეიძლება სწორედ შენ გამოგიხტეს, - შეეპასუხა სემი, - ხვალ თვალი მარჯვედ გეჭიროს. დათვი ხომ ჭკვიანია. სხვაგვარად ამდენ ხანს ვერ გაძლებდა. თუ სადმე მოიმწყვდევენ და ალყის გარღვევა დასჭირდება, შენ ამოგირჩევს.
− ეს როგორ! - წამოიძახა ბიჭმა, - საიდან იცის... - სათქმელი ვერ დაამთავრა, - შენი აზრით, მან უკვე იცის, რომ მე აქ პირველად ვარ და ჯერ კიდევ ვერ მოვასწარი ჩემი თავის შემოწმება?.. - ბიჭმა კვლავ ვერ დაამთავრა სათქმელი, სემს გაფაციცებით მიაჩერდა და უკვე მორჩილად, გაუოცებლად თქვა, - გამოდის, რომ იგი ჩემს სანახავად მოვიდა. მე ვერ ვიანგარიშე, მისთვის, ალბათ, საკმაოა თვალის ერთი შევლება.
− ხვალ მზად იყავი, - უთხრა სემმა, - ახლა კი დროა, ბანაკში წავიდეთ. ისედაც გვიან ღამით დავბრუნდებით...
მეორე დილით მონადირენი ტყეში ჩვეულებრივზე სამი საათით ადრე წავიდნენ.
მათ შეუერთდა თვით ძია ეში, დე სპეინის მზარეული, ვინც თავის თავს სწორედ ბანაკის, კერძოდ კი მაიორ დე სპეინის მზარეულად თვლიდა და ტყეში მოდიოდა არა სანადიროდ, არამედ საჭმლის საკეთებლად, მაგრამ ტყემ მასაც დაასვა დაღი და ახლა მონადირე ძაღლის დაფლეთილი ყური, დაგლეჯილი ბეჭი და ჭაობიან ნიადაგზე დაჩნეული დათვის დაკვრანჩხული თათის კვალი მის გულსაც ისე აძგერებდა, როგორც სხვების გულს, მათ შორის ბიჭის გულსაც, თუმცა ბანაკში მან სულ ნახევარი თვე დაჰყო.
ისინი ფორნითა და ცხენებით მიდიოდნენ (ქვეითად ძალიან გრძელი გზა იყო გასავლელი) - ბიჭი, სემი და ძია ეში ძაღლებიანად ფორანში ისხდნენ, ხოლო ბიჭის ბიძაშვილი მაკქასლინი, მაიორი დე სპეინი, გენერალი ქომპსონი, ბუნი, უოლტერი და ჯიმი ორ-ორი ისხდნენ თითო ცხენზე. როგორც ორი კვირის წინ, ახლაც ბიჭს ყომრალმა გარიჟრაჟმა სახუნდარში მოუსწრო.
სემმა იგი ადგილზე დააყენა და წავიდა. ბიჭმა მოიმარჯვა მისთვის ძლიერ დიდი თოფი (მაიორ დე სპეინის საკუთრება), რომელიც მან მხოლოდ ერთხელ გამოსცადა: პირველ დღესვე ესროლა ჯირკს ერთი ვაზნა, რომ უკუცემის ძალა მოესინჯა და თანაც თოფში ახალი ვაზნის ჩადება ესწავლა.
ბიჭი კაუჩუკის დიდი ხისაკენ ზურგშექცევით იდგა. პატარა გუბესთან. შავი, მდორე წყალი ჩუმად მოედინებოდა ლაქაშებიდან, მდელოზე მიიკლაკნებოდა და კვლავ ლაქაშებში იკარგებოდა, იქ, სადაც უჩინარი დიდი კოდალა (ღვთის ჩიტს რომ უწოდებენ ზანგები) ნისკარტს მაგრად უკაკუნებდა ხმელ ტოტს.
ეს ადგილი დიდად არაფრით განსხვავდებოდა იმ ადგილისაგან, სადაც ბიჭი ყოველ დილით დგებოდა საფარში. მართალია, ეს არემარე მისთვის ახალი იყო, მაგრამ იმ არემარეზე არანაკლებ ჩვეულებრივი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში თითქმის შეისწავლა - ისეთივე უდაბური, ისეთივე უღრანი და მიყრუებული, სადაც სუსტმა და მხდალმა კაცმა უჩინრად გაიარა, მაგრამ ხელი არაფერს შეახო, არავითარი კვალი არ დატოვა, არ დატოვა არავითარი ჩამონათალი ხეებზე.
ალბათ, ზუსტად ასევე გამოიყურებოდა აქ ყოველივე მაშინ, როდესაც სემ ფადერსის ძველისძველი, ჯერ კიდევ ჩიკესოზე ადრინდელი წინაპარი შემოიპარა აქ, რათა თავისი კეტიანი ქვის ნაჯახი აემოქმედებინა ან კიდევ ძვლისთავიანი ისარი ესროლა მხეცისთვის.
განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ბიჭმა უკვე იყნოსა სუნი, სამზარეულოს ქვეშიდან რომ ამოდიოდა, ანუ იქიდან, სადაც ძაღლები შეყუჟულიყვნენ, ნახა იმ ძაღლის დაჭრილი ფერდი და ყური, რომელმაც გამბედაობა გამოიჩინა, რათა, როგორც სემმა თქვა, უფლება ჰქონოდა მომავალშიც ეტარებინა მეძებრის სახელი.
გუშინ კი ტორებით დაგლეჯილი დამპალი ჯირკის ახლოს ცოცხალი ორკაპა თათის ანაბეჭდიც ნახა. ნადირობის ჩამიჩუმი არ ისმოდა, არც ყეფა, არც შლიგინი, მაგრამ კოდალა უეცრად ჩაჩუმდა და ბიჭი მიხვდა, რომ დათვი სადღაც ახლოს იყო და მას შეჰყურებდა საიდანღაც.
იქნებ ლაქაშებიდან პირდაპირ სახეში შეჰყურებდა, იქნებ უკნიდან, ხეების მხრიდან. ბიჭი გაირინდა, ხელი მოუჭირა თოფს და მიხვდა, რომ იგი მას ამ მხეცისათვის არ გამოადგებოდა არც ახლა, არც შემდეგ.
პირში კვლავ იგრძნო სპილენძის უსიამოვნო გემო. ამან გაახსენა ძაღლების უსიამოვნო სუნი, მაშინ რომ იყნოსა, როცა სამზარეულოს ქვეშ შეიხედა.
დათვი წავიდა, კოდალას კაკუნი ხმელ ტოტზე ისევე უეცრად განახლდა, როგორც შეწყდა. ცოტა ხნის შემდეგ კი თითქოს ძაღლების ყეფაც გაისმა, ბიჭის ყურამდე მოაღწია სუსტმა, გაურკვეველმა ხმაურმა, რაც უცბად ვერც კი აღიქვა. მხოლოდ ერთი-ორი წუთის შემდეგ გაიგო, რომ ხმაური ისევ მიწყდა - სადღაც შორს ისმოდა და ვინ იცის, ძაღლების ყეფა იყო თუ სხვა რამ.
თუ დათვს მისდევდნენ, როგორც ჩანს, მისდევდნენ არა ამ დათვს, არამედ სხვას. ლაქაშებიდან თავი გამოყო სემმა და წყალზე გადმოვიდა. მას ფეხდაფეხ მოსდევდა მეძებარი. აკანკალებული ძაღლი ბიჭთან მივიდა და ფეხებზე მიეტმასნა.
- სემ, მე იგი არც კი დამინახავს, - თქვა ბიჭმა, - თვალიც ვერ შევავლე.
- ვიცი, - უპასუხა სემმა, - სამაგიეროდ მან დაგინახა. მაშასადამე, არც კი გაფაჩუნებულა, არა?
- არა, - თქვა ბიჭმა, - მე...
- იგი ჭკვიანია, - თქვა სემმა, - ძალიან ჭკვიანი.
ბიჭმა დაინახა, რომ სემის თვალები კვლავ აენთო მრისხანე ცეცხლით. სემი შეჰყურებდა ძაღლს, რომელიც განუწყვეტლივ კანკალებდა ბიჭის ფეხებთან. ძაღლს ზურგზე წითელი კენკრის მარცვლებივით ეყარა ახალი სისხლის წვეთები.
- ძალიან დიდიც არის. ძაღლი ჩვენ ჯერ არა გვყავს, მაგრამ შეიძლება მალე გვეყოლოს.
მომავალში ხომ ბევრი ნადირობა მოელოდათ, ძალიან ბევრი, ბიჭი კი ჯერ მხოლოდ ათი წლისა იყო.
მომავლის წყვდიადში, სადაც იბადება და სახიერდება დრო, ბიჭს ორი რამ ელანდებოდა: სიკვდილის ურჩი ბებერი დათვი და თავისი თავი როგორც ნადირობის რიგითი მონაწილე. ახლა მან იცოდა, რა ემართებოდათ აქეთ-იქით მიმალულ ძაღლებს და რა აძლევდა სპილენძის გემოს მის ნერწყვს. მან შეიცნო შიში, ისე როგორც სიყვარულგამონაცადი ქალის დანახვისას ყმაწვილ კაცში იღვიძებს ხოლმე ცოდნა სიყვარულისა და ვნებისა, მარადიული გამოცდილებისა და მემკვიდრეობისა, რომლის უფლება ჯერ კიდევ არ მიუნიჭებიათ.
- გამოდის, რომ მე მომიხდება მისი ნახვა, - ფიქრობდა ბიჭი უშფოთველად და უიმედოდაც, - მომიხდება თვალის შევლება.
დადგა ზაფხული. ივნისი. ისინი კვლავ მოვიდნენ ბანაკში, რათა მაიორ დე სპეინისა და გენერალ ქომპსონის დაბადების დღეები ედღესასწაულათ.
თუმცა პირველი დაიბადა სექტემბერში, მეორე კი შუა ზამთარში, დე სპეინზე თითქმის ოცდაათი წლით ადრე, მაგრამ ყოველ ივნისში ისინი მაკქასლინთან, ბუნსა და უოლტერ იუელთან ერთად (ამიერიდან ბიჭიც მათთან იყო) ორი კვირით მიდიოდნენ ბანაკში, რათა ეთევზავათ და ენადირათ ციყვებზე, ინდაურებზე, ღამით კი ძაღლებით ენადირათ ენოტებსა და გარეულ კატებზე.
უფრო სწორად რომ ვთქვათ, ანკესობდნენ, ციყვებს ტყვიას ესროდნენ და ენოტებს დასდევდნენ ბუნი და ზანგები (ახლა ბიჭიც), აღიარებული მონადირენი კი: მაიორი დე სპეინი, ბებერი გენერალი ქომპსონი (ესენი მთელ ორ კვირას ატარებდნენ საქანელა სავარძელში ცეცხლის პირას, სადაც ნელა იშუშებოდა ნანადირევი, ვეებერთელა თუჯის ქვაბში კოვზს ურევდნენ, წვენს გემოს უსინჯავდნენ და თანაც თუნუქის ტოლჩით ვისკის წრუპავდნენ.
აქვე იყო კრიტიკულად განწყობილი ძია ეშიც, ვინც მზარეულობას არავის უთმობდა, და ბოთლმომარჯვებული ჯიმი) და არც ისე ხნიერი მაკქასლინი და უოლტერი პისტოლეტს ესროდნენ მხოლოდ გარეულ ინდაურებს - სანაძლეოზე ან სავარჯიშოდ, სხვა რამეზე კი ხელს არ ისვრიდნენ.
მისი ბიძაშვილი მაკქასლინი და სხვებიც ფიქრობდნენ, ბიჭი ტყეში ციყვებზე ნადირობსო, მაგრამ სემ ფადერსი სხვა აზრის იყო. ყოველ დილით, ისაუზმებდა თუ არა, ბიჭი ტყეში მიდიოდა. ახლა მას ჰქონდა ახალი, ორლულიანი თოფი - ძმის საშობაო საჩუქარი.
შემდეგ თითქმის სამოცდაათი წელი ინადირა მან ამ თოფით, ორჯერ ლულები და საკეტები გამოუცვალა, ერთხელ კონდახიც. ასე რომ, წინანდელი თოფისაგან ბოლოს და ბოლოს მხოლოდ მოვერცხლილი ჩახმახიღა დარჩა.
ამ ჩახმახზე ამოტვიფრული იყო მისი და მაკქასლინის სახელები და თარიღი - 1878 წელი. ბიჭმა მონახა ის გუბე და ის ხე, სადაც იმ დილით იდგა. აქედან კომპასის საშუალებით შევიდა სიღრმეში, თავისდა შეუმჩევლად თანდათან ნამდვილ მეტყევედ იქცა.
მესამე დღეს მოძებნა თათებით დაგლეჯილი ჯირკიც, რომლის ახლოს პირველად ნახა ორკაპა კვალი. უკვე უსაშველოდ დაჩინჩხვრებული ჯირკი თითქმის თვალით დასანახი თავგამეტებით უბრუნდებოდა მიწას, იმ მიწას, საიდანაც ხედ ამოიზარდა.
ბიჭი დაეხეტებოდა ზაფხულის ტყის მწვანე ბინდბუნდში, სადაც ახლა თითქმის უფრო ბნელოდა, ვიდრე ნოემბრის წვიმიან დღეს. თვით შუადღისას აქ მზე მხოლოდ წყვეტილი სხივებით აჭრელებდა ნიადაგს, მუდამ სველს, წყლიანსა და ჩხრიალა გველებით სავსე ნიადაგს.
ეს გველები ამ ბინდბუნდივით ჭრელები იყვნენ. ისე რომ, სადმე მიმალულთ, მათ ვერც კი დაინახავდით. დღითი დღე ბიჭი სულ უფრო და უფრო გვიან ბრუნდებოდა ბანაკში.
მესამე საღამოს, ბინდბუნდში, მან გაიარა ღობეშემოვლებული ძელური ფაცხის ახლოს, იმ ფაცხისა, სადაც სემი ღამღამობით ცხენებს აყენებდა.
- ჯერ კიდევ არა და არ გეჩვენა, - უთხრა სემმა.
ბიჭი გაჩერდა, ერთი წუთით დადუმდა, მერე მშვიდად თქვა, თითქოს ღელეზე სათამაშო გუბე გაირღვა და წყალი შეუმჩნევლად გაედინაო:
- ჰო, ჯერ არა, მაგრამ სად უნდა ვეძიო? გუბესთან ვიყავი, დამპალი ჯირკი ვიპოვე, მე...
- ყოველივე ეს ასეა. შენ მან უეჭველად დაგინახა, მაგრამ გაიხსენე მისი თათი.
- მე... - თქვა ბიჭმა, - მე დამავიწყდა... ვერ მოვიფიქრე...
- ყველაფერი თოფზეა დამოკიდებული, - თქვა სემმა.
მხევალი ზანგი ქალისა და ჩიკესოს ბელადის შვილი - მოხუცი სემი უძრავად იდგა ღობესთან. გაცვეთილი, გახუნებული კომბინეზონი ეცვა და ძველი, ხუთცენტიანი ჩალის ქუდი ეხურა.
ასეთი ქუდი მონა ზანგების თავდასახური იყო, მაგრამ სემი თავისუფლების სამახსოვროდ როდი ატარებდა ახლა ამ ქუდს. მთელი ბანაკი - განაკაფი ადგილი, სახლი, ფარდული, საქონლის სადგომი - საღამოს ბინდბუნდში ეხვეოდა, უღრანი ტყეების მარადიულ სიბნელეში იძირებოდა. "თოფი, - გაიფიქრა ბიჭმა, - თოფი".
- შენ ამორჩევა მოგიხდება, - უთხრა სემმა.
მეორე დილით ბიჭი გათენებამდე წავიდა ტყეში უსაუზმოდ, დიდი ხნით ადრე, ვიდრე სამზარეულოში იატაკზე დაგებული მოთელილი საბნიდან ძია ეში წამოდგებოდა და ქურაში ცეცხლს გააჩაღებდა.
ბიჭმა თან წაიღო მხოლოდ კომპასი და ჯოხი გველების დასახოცად. თითქმის ერთი მილი მან სიბნელეში გუმანით გაიარა. კომპასი არც კი დასჭირვებია. მერე კუნძზე დაჯდა (მართალია, კომპასი ხელში ეჭირა, მაგრამ ზედ ვერაფერს ხედავდა).
ღამის იდუმალი ხმები, მისი ნაბიჯების ხმაურში რომ მიწყდა, ისევ გაისმა, აზვირთდა, მერე საბოლოოდ მიყუჩდა. ჭოტებმაც ხმა გაკმინდეს, ადგილი დაუთმეს გამოღვიძებულ დღის ფრინველებს.
ბურუსიან და ნესტიან ტყეს სინათლე მოეფინა და ბიჭმა კომპასის ისარი დაინახა, ფეხს აუჩქარა, მაგრამ ჯერ კიდევ დინჯად მოძრაობდა. თვითონ ვერც კი გრძნობდა, ისე ეუფლებოდა ტყის მეცნიერებას.
ერთგან შველი და მისი ნუკრიც დააფრთხო, ისე მიუახლოვდა, რომ კიდეც დაინახა, როგორ გაკრთა შველი თავისი თეთრი უკანალით, როგორ გაუჩინარდა ნუკრიანად აშრიალებულ ბუჩქნარში.
ბიჭი მიდიოდა მონადირულად, ქარის საწინააღმდეგოდ, როგორც სემმა ასწავლა, თუმცა ახლა ეს დიდად არაფრით არ იყო ხელსაყრელი. თოფი ხომ ბანაკში დატოვა. ნებაყოფლობით თქვა უარი თოფზე და ამით უბრალო დებიუტი კი არ აირჩია, არამედ განსაკუთრებული პირობები მიიღო.
ამ პირობებში ძალას კარგავდა არა მარტო აქამდე ურღვევი უხილავობა დათვისა, არამედ მათთან ერთად სამონადირეო საქმიანობის ყველა საუკუნეობრივი წესი, მაგრამ იგი არ შეკრთება, უკან არ დაიხევს მაშინაც კი, როდესაც შიში შეიპყრობს მთელ მის არსებას, წინაპართა ხსოვნით შეეჭრება ტვინში, მაგრამ დაუტოვებს იქ ფხიზელი აზროვნების ვიწრო, მკაფიო და მარად წარუშლელ ზოლს, რითაც იგი განსხვავდება იმ დათვისაგანაც და ყველა სხვა დათვისა და ირმისაგანაც, რომლებიც მას შეხვედრია შემდეგში, სამოცდაათი წლის განმავლობაში.
ტყუილუბრალოდ როდი ასწავლიდა მას სემი: "გეშინოდეს, უამისოდ შეუძლებელია, მაგრამ არ იმხდალო. ტყის მხეცი შენ ხელს არ გახლებს, სანამ მას გასაქცევი აქვს ან სანამ არ იგრძნობს, რომ შენ მხდალი ხარ. მხდალი მონადირისა კი დათვებსა და ირმებს ისევე ეშინიათ, როგორც გაბედულ კაცს ეშინია მხდალი კაცისა".
ბიჭი დიდი ხანია გასცდა გუბეს და შუადღისას შევიდა უცნობი ადგილის სიღრმეში, სადაც არასდროს ყოფილა. ახლა იგი მიდიოდა და კომპასსაც დაჰყურებდა და მამისაგან დარჩენილ ძველ საათსაც - მძიმე ვერცხლის ხახვისთავას. ცხრა საათის წინ გამოვიდა ბანაკიდან, დაბნელებამდე რჩება რვა საათი, ერთი საათით ნაკლები.
იმ დროიდან, რაც კუნძიდან წამოდგა, როდესაც კომპასის ციფერბლატი, ბოლოს და ბოლოს, მკაფიოდ გამოჩნდა, შეუსვენებლად მიდიოდა, მაგრამ აქ შეჩერდა, მიიხედ-მოიხედა და სახელოთი სახეზე ოფლი მოიწმინდა.
თოფი ხომ თვითონვე არ წამოიღო. რაკი საჭირო იყო, თვითონვე თქვა უარი იარაღზე მორჩილად, დაუწუწუნებლად და დაუნანებლად, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ არის ყველაფერი, ეს ცოტაა. ერთი წუთით შეჩერდა ბავშვი, უცხო აქაურობისათვის, ჩაკარგული უღრანი ტყის მწვანე ბინდბუნდში.
მერე სულ მორჩილი გახდა. საათი და კომპასი ხელს უშლის. ამიტომ დატოვებს. კომბინეზონიდან თასმა მოიხსნა, კომპასი და საათი ბუჩქზე ჩამოჰკიდა, ჯოხიც იქვე მიაყუდა და ხშირ ტევრში შევიდა.
როდესაც მიხვდა, რომ გზა დაებნა, ისე მოიქცა, როგორც სემი ასწავლიდა: დაიწყო წრის შემოვლა, რომ თავის პირველ კვალზე გასულიყო. უკანასკნელი ორი-სამი საათი არცთუ ისე ჩქარა მიდიოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკომპასოდ და უსაათოდ დარჩა.
ახლა კი სულ აუჩქარებლად ადგამდა ფეხს. ის ხე, რომლის ქვეშაც ის ბუჩქი იზრდებოდა, არცთუ ისე შორს იყო და მართლაც, ბიჭმა ხე უფრო ადრე დაინახა, ვიდრე მოელოდა. იგი პირდაპირ გაემართა მისკენ, მაგრამ იქ არც ბუჩქი აღმოჩნდა, არც საათი და არც კომპასი.
მაშინ ისევ სემის ნასწავლებ ხერხს მიმართა და ახალი წრე დაარტყა, მაგრამ მეორე მხარეს და გაცილებით უფრო დიდი რადიუსით, ისე, რომ წრეთა საერთო ნახაზს სადმე უნდა გადაეკვეთა მისი კვალი, მაგრამ იგი ვერსად წააწყდა საკუთარი კვალის მცირე ნიშანსაც კი.
ახლა უფრო ჩქარა მიდიოდა, მაგრამ ისევ უდრტვინველად და უგანგაშოდ. გული თუმცა უფრო ჩქარა უცემდა, მაგრამ თანაბრად და ძლიერად. იგი კვლავ გავიდა ხესთან, მაგრამ სრულიად სხვა ხესთან - აქ გვერდით ეგდო წაქცეული ხე, რომლის ნასახიც არ ყოფილა იქ.
აქ, ამ წაქცეული ხის იქით ჭყანტობია, რაც არც ხმელეთსა ჰგავს და არც წყლის ტბორს. მესამედ და უკანასკნელად რომ შეუდგა სემის ნასწავლების შესრულებას, ბიჭი წაქცეულ ხეზე ჩამოჯდა და სველ მიწაზე დაინახა მრუდე ღრმული, ორკაპა ანაბეჭდი, რაც სწრაფად ივსებოდა წყლით.
აი, უკვე პირთამდე აივსო და წყალი გადმოიღვარა, ანაბეჭდის მოხაზულობა წაიშალა. თავი მაღლა რომ ასწია, კიდევ ერთი ღრმული დაინახა, ნაბიჯი გადადგა და კიდევ დაინახა ახალი ღრმული, ახალი ორკაპა ანაბეჭდი. ფუსფუსი არ დაუწყია, წყნარად, დინჯად გაჰყვა ამ თითქოს ციდან ჩამოცვენილ ღრმულებს, სანამ ისინი არ წაიშალა და სამუდამოდ არ დაიკარგა მათი ნასახი.
მიდიოდა დაუღლელად, უყოყმანოდ და უშფოთველად, ოდნავ სული ეხუთებოდა, გული მაგრად უცემდა, თითქოს ჩაქუჩივით ურტყამდა. ბიჭი უეცრად პატარა მდელოზე გავიდა. უღრანი ტყე უხმაუროდ დაიძრა მისკენ და შექუჩდა, ხეებად და ბუჩქებად ჩამოყალიბდა.
მზის სხივებზე საათი და კომპასი აბრჭყვიალდა. ამ დროს ბიჭმა დაინახა დათვი. არა, დათვი არსაიდან არ მოსულა, იგი იქ იყო და ახლა, შუადღის პაპანაქებაში, მზის ლაქებში გამოჩნდა უძრავი, გამოჩნდა არა საოცრად უზარმაზარი, როგორიც ესიზმრებოდა, არამედ ისეთი, როგორიც ცხადად ესახებოდა, შესაძლოა, რამდენადმე უფრო დიდიც (სიდიდეს საერთოდ ამცირებდა აჭრელებული ჩრდილოვანი ფონი).
დათვი იდგა და შეჰყურებდა ბიჭს, მერე გაინძრა, აუჩქარებლად გაემართა მდელოსკენ.
წამით მზის მცხუნვარე სხივები დაეფრქვა მას, კვლავ შეჩერდა, კისერმოღრეცით მოიხედა უკან, ისევ წავიდა ტყისკენ, ესე იგი, კი არ წავიდა - გაუჩინარდა, თითქოს არც განძრეულა, ისე შთაინთქა დაბურულ ტევრში, როგორც ერთხელ მის თვალწინ ფარფლების გაუნძრევლად ჩაიმალა, ჩაიძირა ბნელი მორევის სიღრმეში თევზი - ვეებერთელა ბებერი ქორჭილა.
– II –
მოსალოდნელი იყო, რომ ლომა ბიჭს აღუძრავდა სიძულვილსა და შიშს. იმ დროისათვის ბიჭს უკვე ცამეტი წელი შეუსრულდა. მან უკვე მოკლა პირველი ირემი და სემმა მას სახეზე ირმის ცხელი სისხლი წასცხო, მეორე ნოემბერში კი დათვი მოკლა.
ჯერ კიდევ ამ საზეიმო კურთხევამდე ბიჭმა ბევრ დიდ მონადირეზე უკეთესად აითვისა ტყე. ახლა კი ყველა მეტყევეს როდი შეეძლო მასთან გატოლება. მან უკვე ხელისგულივით იცოდა ყოველი ადგილი ბანაკის ირგვლივ ოცდახუთ მილზე. იცოდა ყოველი გუბე და ბორცვი, ყოველი მისანიშნებელი ხე და ყოველი ბილიკი.
იცოდა ისე, რომ გზა არ აერეოდა, შეეძლო მსურველი ნებისმიერ ადგილას მიეყვანა და უკანვე დაებრუნებინა ბანაკში. იცოდა თვით სემ ფადერსისათვის უცნობი ბილიკებიც.
მესამე შემოდგომაზე ბიჭმა სხვების დაუხმარებლად აღმოაჩინა ირმების საწოლარი, აღმოაჩინა ისე, რომ ბიძაშვილისთვის სიტყვაც არ უთქვამს. შაშხანა უოლტერ იუელსს სთხოვა, ირემს დაუდარაჯდა ისე, როგორც ამას, სემის მონათხრობის მიხედვით, ჩიკესოელები აკეთებდნენ ძველად და განთიადისას, როცა ირემი საწოლარში ბრუნდებოდა, მოკლა იგი.
ახლა მისთვის ბებერი დათვის კვალი საკუთარ კვალზე არანაკლებ ნაცნობი იყო და არა მარტო დასახიჩრებული თათის გამო. მას უმალვე შეეძლო გამოეცნო და განესხვავებინა დანარჩენი სამი თათის ანაბეჭდებიც, თუმცა იმ არემარეზე სხვა დათვებიც დადიოდნენ და თითქმის იმავე სიდიდის კვლებს ტოვებდნენ, მაგრამ საქმე მარტო კვლების სიდიდეში როდია.
თუ პირველი წლებიდან მისი მასწავლებელი იყო სემ ფადერსი, ხოლო ტყის პირის კურდღლები და ციყვები - მისი საბავშვო ბაღი, უღრანი ტევრი - ბებერი დათვის სამყოფელი - მის უნივერსიტეტად იქცა, ხოლო ეს ხვადი დათვი, ოდითგანვე უცოლო და უშვილო, უმემკვიდრეოდ გადაგებული, მისი ალმა მატერ გახდა.
ახლა მას აღარ უჭირდა ორკაპა კვალის მონახვა ბანაკიდან ხუთი-ათი მილის დაშორებით, ზოგჯერ კი უფრო ახლოც. გასული სამი წლის განმავლობაში ბიჭმა თავისი საფარიდან ორჯერ გაიგონა, როგორ აიღეს ძაღლებმა ეს კვალი, ერთხელ კი თვით ნადირს შეეფეთნენ და წვრილად, საწყალობლად, ადამიანივით ისტერიულად აწკმუტუნდნენ.
ერთხელ უოლტერ იუელსის შაშხანით სახუნდარში ჩასაფრებულმა ბიჭმა დაინახა, როგორ გადარბოდა ბებერი ბენი გრძელ ზოლზე ქარიშხლისაგან წაქცეული ტყის გასწვრივ. დათვმა ლოკომოტივივით გადაირბინა, უკეთ რომ ვთქვათ, თითქმის ირმის სისწრაფით გაირბინა წნელებისა და ტოტების ხერგებში, მაგრამ ირემი ხომ ზემოდან გადაახტებოდა ამ ხერგებს.
ბიჭი მიხვდა მაშინ, რომ საჭიროა არა მარტო ერთობ გულადი, არამედ იშვიათი სიდიდისა და სისწრაფის ძაღლი, ეს ნადირი რომ მიიმწყვდიოს სადმე. შინ ჰყავდათ ნარევი ჯიშის ფინია, რომლის მსგავსებს ზანგები ტინტილებს ეძახიან, თაგვიჭერია, თვითონაც თაგვზე ოდნავ დიდი, მაგრამ საოცრად გულადი.
ბიჭმა ივნისის ერთ-ერთ ნადირობაში ეს ძაღლიც გაიყოლია და იმ დროს, როცა თითქოს წინასწარ დათქმულ საქმიან შეხვედრაზე წავიდა, თავის თაგვიჭერიას თავზე ტომარა ჩამოაცვა და ხელში აიყვანა. სემ ფადერსმაც წაიყვანა წყვილი მეძებარი. პირქარში ძაღლებმა კვალი აიღეს. დათვი ალყაში მოექცა. ძაღლები ნადირთან ისე ახლოს აღმოჩნდნენ, რომ კიდევაც გააჩერეს იგი. ალბათ, თავგიჭერიას გააფთრებულმა წკავწკავმა დათვი მოულოდნელად დააბნია, როგორც მერე დაასკვნა ბიჭმა.
კვიპაროსის დიდ ხესთან მიმწყვდეული დათვი ყალყზე შედგა, ძაღლებს ზემოთ აიზიდა, აიგრაგნა. მდევარი მეძებრები კი, თითქოს ფინიას სიფიცხე გადაედოთო, თავგანწირული გაბედულებით მიეტანნენ დათვს.
ბიჭი მიხვდა, რომ ფინია აღარ ხუმრობდა, ნადირთან შებმას აპირებდა. მან თოფი მიწაზე დააგდო და წინ გაიქცა. იგი დაიხარა და დათვის ქვეშიდან გამოათრია შემზარავად აყეფებული და გამძვინვარებული ფინია.
ბიჭს ნესტოებში ეცა დათვის მყრალი უნი. მაღლა აიხედა და თავს ზემოთ დაინახა საავდრო ღრუბელივით გადმოწოლილი მხეცი. ეს მისთვის თითქოს კარგად ნაცნობი რამ იყო, გაახსენდა, რომ ასეთი სურათი სიზმარში ენახა.
დათვი წავიდა. ბიჭს არც კი დაუნახავს, როგორ წავიდა. მუხლებზე დაჩოქილი იდგა და ორივე ხელით ეჭირა საშინლად გაავებული ფინია. ყურს უგდებდა, უფრო და უფრო შორიდან მოისმოდა მეძებრების აწკავწკავებული ყეფა. მოვიდა სემი, თოფი ჩუმად დადო მის გვერდით, წელში გაიმართა და ბიჭს მიაჩერდა.
− თოფიანმა შენ დათვი უკვე ორჯერ ნახე, - თქვა სემმა, - დღეს მას უეჭველად გააგორებდი.
ბიჭი ფეხზე წამოდგა, ფინია ისევ ხელში ეჭირა. ის გამძაფრებით წკავწკავებდა, იკლაკნებოდა, ხელიდან გასხლტომას ლამობდა, რომ იქით გაქცეულიყო, საიდანაც ყეფა მოისმოდა. ეს პატარა ძაღლი დენით დამუხტულ ზამბარას ჰგავდა.
− თვითონ შენ? - ჰკითხა ბიჭმა ოდნავ აკანკალებული ხმით, - შენც ხომ გეჭირა თოფი ხელში, შენ რატომ არ ესროლე?
სემს თითქოს არც კი გაუგონია, რა უთხრა ბიჭმა.
თუმცა ძაღლების ყეფა აღარ ისმოდა, მაგრამ ფინია ისევ წკავწაკვებდა, ხელიდან გასხლტომას ლამობდა. სემმა ხელი გადაუსვა გაავებულ ძაღლს და უთხრა:
− იგი უკვე წავიდა. დაწყნარდი, ახლა დაისვენე მეორე შეხვედრამდე, - მოფერებამ ფინია თანდათან დააწყნარა, - შენ ჩვენთვის თითქმის გამოსადეგი ხარ, - ეუბნებოდა სემი ფინიას, - მხოლოდ პატარა ხარ. ჩვენ ჯერ ძაღლი არა გვყავს. იმას უფრო მეტი სიმაღლე დასჭირდება, ვიდრე კარგი აღნაგობა, ხოლო სიმაღლეზე მეტად სხვა რამეც - საზრიანობა და გულადობა, - ფინიას თავს ხელი მოაშორა, ტყეს გახედა, სადაც დათვი და ძაღლები მიიმალნენ, - ოდესმე ვინმემ ხომ უნდა მოუღოს ბოლო.
− ვიცი, - თქვა ბიჭმა, - ამიტომ ერთ-ერთ ჩვენიანს მოუხდება, სულ უკანასკნელადაც რომ შეასრულოს, როდესაც უკვე თვითონ მოისურვებს, ყველაფერი გათავდეს.
ბიჭს, ალბათ, ლომას მიმართ ზიზღი და შიში მართებდა. ეს იყო მეოთხე ზაფხული, როდესაც იგი მეოთხეჯერ მოვიდა, რათა მონადირულად გადაეხადათ მაიორ დე სპეინის და გენერალ ქომპსონის დაბადების დღეები. მაიორ დე სპეინის ჭაკმა ცხენმა კვიცი მოიგო ადრეულ გაზაფხულზე.
ერთხელ კი, ზაფხულის საღამოს, როდესაც სემმა თავლაში ცხენები და ჯორები მორეკა, მას სათვალავში დააკლდა ის კვიცი, გაგიჟებული დედა ცხენი არასგზით არ შედიოდა სადგომში. სემმა გაიფიქრა, ცხენი თვითონ წამიყვანსო იმ ადგილას ტყეში, სადაც კვიცი მოიგო, მაგრამ ცხენმა არსად არ წაიყვანა.
დედა ცხენის მიხეთქებ-მოხეთქებით ვერ გაიგებდით ვერც ადგილსა და ვერც მიმართულებას. იგი უგონოდ წრიალებდა საშინლად გაშმაგებული. ერთხელ კიდევაც შემობრუნდა და საოცრად გავეშებულმა შეუტია სემს, თითქოს დაავიწყდაო, რომ სემი მისი ახლობელი იყო.
ბოლოს, როგორც იქნა, სემმა სადგომში შედენა იგი. ამ დროისათვის ძლიერ დაბნელდა. უკვე შეუძლებელი იყო, მიჰყოლოდნენ კვალს და დედა ცხენის უთავბოლო სირბილში გარკვეულიყვნენ.
სემი სახლში დაბრუნდა და მაიორ დე სპეინს ყველაფერი მოახსენა. ცხადია, დამნაშავე იყო რომელიღაც დიდი მტაცებელი. გინდ ეძებნათ, გინდ არა, კვიცი მაინც დაღუპული იყო. ეს ყველა იქ მყოფმა იცოდა.
− ეს ავაზას ნამოქმედარია, - გადაწყვეტით თქვა ქომპსონმა, - იმ ავაზასი, რომელმაც მარტში ირემი და მისი ნუკრი დაგლიჯა.
გაზაფხულზე, როდესაც ბუნ ჰოგენბეკი ჩვეულებისამებრ მოვიდა ბანაკში, რათა გაეგო, როგორ გამოიზამთრეს და ჰქონდათ თუ არა სურსათ-სანოვაგის მარაგი, - სემმა ბუნის მეშვეობით მაიორ დე სპეინს აცნობა ეს შემთხვევა, ირემს ყელი ჰქონდა გამოღადრული, შემდეგ კი, როგორც ჩანდა, მხეცი უსუსურ ნუკრსაც დაეწია და სული გააცხებინაო.
− სემს ჩემთვის გარკვევით არ უთქვამს, რომ ეს ავაზამ მოიმოქმედა, - შეეპასუხა დე სპეინი. სემი დე სპეინის უკან იდგა და დუმდა, თითქოს მხოლოდ იმას ელოდა, როდის გაათავებდნენ ვახშმობასა და ლაპარაკს, რომ წასულიყო. იგი ისე გამოიყურებოდა, თითქოს არც კი იყო აქ.
− ავაზას, რასაკვირველია, შეუძლია ირმის წაქცევაც და მერე ნუკრის მოხრჩობაც, მაგრამ ვერავითარი ავაზა ვერ გაბედავს, თავს დაესხას კვიცს იმ დროს, როდესაც დედა ცხენი იქვეა. ეს ბებერი ბენის ნამოქმედარია, - განაგრძო მაიორმა დე სპეინმა, - მე იგი უკვე აღარ მომწონს. მან ყველა წესი დაარღვია.
რას ვიფიქრებდი, რომ ასეთ რამეს ჩაიდენდა. მართალია, მან ჩემი და მაკქასლინის ძაღლებიც დახოცა, მაგრამ ეს დასაშვებიცაა და სამართლიანიც. ძაღლებს ჩვენ მის წინააღმდეგ ვიყენებთ. თანაც ორივე მხარე - თვითონ დათვიც და ძაღლებიც - გაფრთხილებულია, მაგრამ ჩემს სამფლობელოში შემოჭრა, ჩემი ქონების გაჩანაგება, ჩემი ნახირის დაგლეჯა და ისიც იმ დროს, როდესაც სეზონი არ არის, ეს უკვე წესის დარღვევაა.
ეჭვი არ არის, რომ ეს ბებერი ბენის ნამოქმედარია, სემ! - სემი ისევ მდუმარედ იდგა, ელოდებოდა, როდის გაათავებდა ლაპარაკს მაიორი დე სპეინი, - ხვალ კვალს გავყვებით და დავრწმუნდებით, - დაასკვნა დე სპეინმა.
სემი წავიდა. მან არ ისურვა ბანაკში დასახლება. ბანაკიდან მეოთხედი მილის დაშორებით, გუბესთან აიშენა ისეთივე ჩაჯორგილი პატარა ქოხი, როგორიც ჯო ბეიკერს ჰქონდა, მაგრამ უფრო მტკიცედ შეკრული. ააშენა აგრეთვე მაგარი ბეღელი, სადაც გოჭების საკვებ სიმინდს ინახავდა.
დილით სემი ბანაკში გამოცხადდა და სხვების გაღვიძებას დაელოდა. მას უკვე ეპოვა კვიცი. არც კი უსაუზმიათ, ისე გაემართნენ კვიცის ადგილისაკენ. თავლიდან სულ ხუთ ნაბიჯზე ეგდო ყელგამოღადრული სამი თვის კვიცი. შიგნეული და ბარკლის ერთი ნაწილი გამოგლეჯილი ჰქონდა.
ჩანდა, მხეცი ზევიდან კი არ დახტომოდა კვიცს, გვერდიდან დაერტყა ტორი და წაექცია. ლეშს ნაბრჭყალები არ აჩნდა (ავაზა ბრჭყალებს კატასავით ჩაარჭობს ხოლმე მსხვერპლს, სანამ ყელამდე მისწვდებოდეს). ნაკვალევზე ამოიკითხეს, როგორ ტრიალებდა ახლოს გაშმაგებული დედა ცხენი და ბოლოს როგორ თავგანწირულად შეუტია მან მხეცს, ისე როგორც გუშინ საღამოს სემს შეუტია.
ამოიცნეს შიშისაგან გადარეული ცხენის ნაფეხურები და მხეცის კვალი. ეტყობოდა, მხეცი არც კი მიხტომოდა ცხენს, მხოლოდ სამიოდე ნაბიჯი გადაედგა მისკენ, ცხენი კი გაქცეულიყო. გენერალმა ქომპსონმა წამოიძახა: - ღმერთო გვაშორე! უზარმაზარი მგელია!
სემი ისევ დუმდა. ბიჭი თვალს არ აშორებდა მას, სხვები კი ამ დროს დახრილიყვნენ და კვლებს ათვალიერებდნენ. ახლა სემს სახეზე რაღაც ახალი რამ აღბეჭდოდა - არც საზეიმო განწყობილება, არც აღფრთოვანება, არც იმედი; შემდეგ, უკვე კაცობაში შესულმა ბიჭმა ამოიცნო, გაიგო ეს გამომეტყველება.
სემმა იმთავითვე იცოდა, ვისი იყო ეს ნაკვალევი და ვინ დაგლიჯა გაზაფხულზე ირემი და ნუკრი. წინასწარ ხილვა დასასრულისა - აი, რა აღბეჭდოდა სემს სახეზე იმ დილით. "იგი მოხარული იყო, - გუნებაში ამბობდა შემდეგ ბიჭი, - იგი ხომ ბებერი იყო. მას ამქვეყნად უკვე აღარ ჰყავდა არც შვილები, არც თავისი ხალხი, არც ვინმე სისხლით ნათესავი. მათ, ალბათ, ოდესმე საიქიოში თუ შეხვდებოდა, მაგრამ ეს შეხვედრაც ვეღარ აგრძნობინებდა სიახლოვეს, ვერ აუტოკებდა გულს, რადგან უკვე სამოცდაათი წელია, რაც ის ზანგი იყო. ახლა კი ახლოვდებოდა დასასრული და იგი მოხარული იყო დასასრულისა".
ისინი ბანაკში წავიდნენ, იქ ისაუზმეს და მერე დაბრუნდნენ თავიანთი თოფებითა და მეძებრებით. უფრო გვიან ბიჭი ფიქრობდა, სემ ფადერსის მსგავსად ისინი აქვე უნდა მიმხვდარიყვნენ, რომელმა მხეცმა დაგლიჯა კვიცი, მაგრამ ეს არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა მის ცხოვრებაში, როდესაც ადამიანები აკვიატებული აზრისა და ყალბი განსჯის მიხედვით მოქმედებდნენ.
ბუნი კვიცის ლეშს გადაებოტა, ფეხები მაგრად დაადგა მიწას და ქამრით ძაღლები გარეკა. ძაღლებმა კვალის ყნოსვა დაიწყეს. ახალგაზრდა მეძებარმა, რომელსაც ჯერ ნადირობისა არაფერი გაეგებოდა, ერთი წამოიყეფა და რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა, ვითომ ნადირი იყნოსაო, მაგრამ ძაღლები გაჩერდნენ და საქმიანად მოიხედეს ადამიანებისკენ: ძაღლებს არავითარი შფოთვა არ ეტყობოდათ. ისინი თითქოს მონადირეებს ეკითხებოდნენ: «რა უნდა ვქნათ ამის შემდეგ?» მერე ძაღლები ისევ მისცვივდნენ ლეშს და ბუნი კვლავ დაერია მათ ქამრით.
− ასე მალე კვალი სუნს არ კარგავს, - თქვა გენერალმა ქომპსონმა.
− ამ დიდ მგელს, როგორც ჩანს, ყველაფერი შეუძლია - მარტოდმარტომ დედა ცხენს კვიციც მოაშოროს და თავის კვალზე სუნიც არ დატოვოს, - თქვა მაიორმა დე სპეინმა.
− იქნებ ავი სულია, - თქვა უოლტერ იუელსმა და ჯიმს შეხედა, - შენ რას იტყვი, ჯიმ?
რაკი ძაღლებმა კვალი ვერ აიღეს, მაიორმა დე სპეინმა უთხრა სემს, ას ნაბიჯზე წადი და კვალის გაგრძელება მოძებნეო. მერე ისევ შეეცადნენ, დაეყენებინათ ძაღლები კვალზე. ახალგაზრდა, გამოუცდელმა მეძებარმა ისე დაიყეფა, როგორც უცხოს შეუყეფს ხოლმე ეზოს ძაღლი, მაგრამ ვერავინ მიხვდა, რომ ძაღლი ასე არ უყეფს ნადირს. გენერალი ქომპსონი მიუბრუნდა მეციყვეებს - ბიჭს, ბუნს, ჯიმს - და უთხრა მათ:
− თქვენ, ბიჭებო, ძაღლებს ნუ გამოიყვანთ სადილობამდე, დათვი, ალბათ, სადმე აქ დაბორიალებს, ელოდება, როდის მოვშორდებით ლეშს. შეიძლება, ძაღლებმა სუნი იკრან.
მაგრამ დილამ უქმად ჩაიარა. ბიჭს დაამახსოვრდა, როგორ შეაბეს საყელურები ძაღლებს და გაემართნენ ტყის სიღრმისაკენ, სემმა კი მათ თვალი გაადევნა. სანამ არ გაიღიმებს ან ნესტოები არ აუცახცახდება, როგორც ეს ბებერი ბენის დევნის პირველ დილას მოხდა, სემის ინდურ სახეზე ხომ ვერაფერს ამოიკითხავთ.
ისინი მეორე დღესაც მოვიდნენ იმ იმედით, რომ ძაღლები კვალზე დაეყენებინათ, მაგრამ კვიცის ლეში ადგილზე არ აღმოჩნდა. მესამე დილას სემი ისევ გამოცხადდა ბანაკში და ამჯერადაც დაელოდა მონადირეებს, სანამ ისაუზმებდნენ, მერე თქვა: - წავიდეთ, - და წაიყვანა ისინი თავისი ქოხის იქით, ბეღელთან.
წინადღით მან ბეღლიდან სიმინდი გამოიტანა და კარი ხაფანგივით მომართა, მისატყუებლად კვიცის ლეში გამოიყენა. ძელებშუა, ჭუჭრუტანებიდან მათ დაინახეს თოფის ლულისფერი რომელიღაც მხეცი. იგი საშუალებას არ იძლეოდა, კარგად გაერჩიათ, რა აღნაგობისა იყო - არც იდგა, არც იწვა, სულ მოძრაობდა, ჰაერში ხტებოდა, პირდაპირ გამორბოდა.
უეცრად თავისი მძიმე სხეულით ისე საშინელი ძალით დაეჯახა კარს, რომ სქელი კარი შეინჯღრა და ანჯამებზე აჟღრიალდა. ასე ეგონათ, ახალი ნახტომის გასაკეთებლად იატაკზე ფეხის დადგმასაც კი ვერ მოასწრებსო, რომ თვალშეუვლები მხეცი კვლავ მიეხეთქა კარს.
- გავეცალოთ, - თქვა სემმა, - სანამ კისერი არ მოუტეხია, - გაეცალნენ, მაგრამ დაჯახების ხმა ისევ ესმოდათ. ყოველ დაჯახებაზე ორი გოჯის სისქის კარი ინჯღრეოდა და ჟღრიალებდა, თვითონ მხეცი კი არც ღრიალებდა, არც იღრინებოდა.
- ეს რა ეშმაკის ნაშიერია? - იკითხა მაიორმა დე სპეინმა.
- ეს ქოფაკია, - უპასუხა სემმა. სემს ნესტოები ებერებოდა, თვალები კი რისხვით დაბინდვოდა, როგორც იმ პირველ დილას, ბებერ დათვს რომ გამოუდგნენ ძაღლები, - სწორედ ის ქოფაკია!
- რომელი ქოფაკი? - იკითხა მაიორმა დე სპეინმა.
- ბებერ ბენს გასაქანს არ მისცემს.
- ქოფაკი კი არა, ეშმაკის კერძია! - თქვა მაიორმა დე სპეინმა, - მე უმალ ბებერ ბენს შევიყვანდი ჩემი ძაღლების ხროვაში, ვიდრე ამ საზარელ მხეცს, მოკალი ეგ ოხერი.
- არა, - თქვა სემმა.
- შენ მაგას თავის დღეში ვერ მოაშინაურებ. შიშს როგორ ჩაუნერგავ?
- მე ეგ მოშინაურებული არც მჭირდება, - თქვა სემმა. ბიჭმა კვლავ შენიშნა სემის ნესტოების მოძრაობა და თვალების მრისხანე აკიაფება, - შეშინებული კი სრულიადაც არ მინდა. მაგის შეშინება ან მოშინაურება დედამიწის ზურგზე არავის და არაფერს შეუძლია.
- აბა, რას აპირებ, რა გინდა უყო?
- ნახავთ, - უპასუხა სემმა.
ნადირობის მთელ მეორე კვირას ისინი დილდილაობით ნახულობდნენ ბეღელში დამწყვდეულ მხეცს. სემმა ბეღლის სახურავს წინასწარ ააგლიჯა რამდენიმე ყავარი, შიგ თოკით კვიცის ლეში ჩაუშვა და როცა მახე-კარმა იმოქმედა, ლეში ამოათრია.
ყოველ დილით ისინი ხედავდნენ, როგორ უშვებდა სემი წყლით სავსე ვედროს ბეღელში, ხოლო ქოფაკი დაუღალავად ეჯახებოდა კარს, მიწაზე ეცემოდა და ისევ ეჯახებოდა. იგი არავითარ ხმას არ გამოსცემდა, მის ნახტომებში იგრძნობოდა არა გახელება, არამედ ცივი, პირქუში და დაუოკებელი სიმტკიცე.
კვირის ბოლოს ნახტომებს აღარ აკეთებდა, აღარც კარს ეჯახებოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ შესამჩნევად დასუსტდა ან შეიგნო, რომ კარს ვერაფერს მოუხერხებდა, უბრალოდ, მობეზრდა უშედეგო ცდები, მაგრამ არ დაწვა. ჯერ იგი დაწოლილი არც უნახავთ.
იდგა და ახლა შეიძლებოდა მისი კარგად დათვალიერება. რაღაც იყო მის აღნაგობაში მასტიფისეული, ერდელისეული და შესაძლოა, ათეული სხვა ჯიშის ნიშანიც. სიმაღლე ოცდაათ გოჯზე მეტი ჰქონდა, წონა, ალბათ, ოთხმოცდაათი გირვანქა, თვალები ცივი ყვითელი, მკერდი ვეებერთელა. ყოველივე ამასთან ერთად - უცნაური ფერისაც იყო. ბეწვზე ნაწრთობი ფოლადის ელვარება გადაჰკრავდა.
შემდეგი ორი კვირაც გავიდა. მონადირენი წასასვლელად მოემზადნენ, მაგრამ ბიჭმა დარჩენა ითხოვა და ბიძაშვილმა ნება დართო, ბიჭი სემის ქოხში გადავიდა. დილდილაობით იგი ხედავდა, რომ სემი წყლით სავსე ვედროს თოკით უშვებდა ბეღელში.
კვირის ბოლოს ქოფაკი მიწაზე დაწვა. დროდადრო წამოდგებოდა, ბანცალით მივიდოდა წყალთან, მოსვამდა და არაქათგამოცლილი ისევ დაეცემოდა. დადგა ისეთი დილაც, როდესაც ქოფაკმა ვეღარ შეძლო ვერც წყალთან მიხოხება და ვერც თავის წამოწევა იატაკიდან. სემმა მოკლე ჯოხი აიღო და ბეღელში წავიდა.
- დაიცა, - უთხრა ბიჭმა, - თოფს მოვიტან...
- არა, არ არის საჭირო, - უპასუხა სემმა, - მას უკვე აღარ შეუძლია განძრევა.
და მართლაც, ქოფაკს აღარაფერი შეეძლო. სემმა ხელი გადაუსვა თავზე, მოჩვარულ სხეულზე, მაგრამ ქოფაკი გაუნძრევლად იწვა გვერდზე, ყვითელი თვალები კი ღია ჰქონდა. ამ თვალებში გაბოროტება არ მოჩანდა. ისინი წვრილმან გაავებას კი არ გამოხატავდნენ, არამედ ცივ სუსხს, თითქმის უსახოს, როგორიც ნამქერისა და ქარაშოტის სუსხია.
ახლა ეს თვალები იმზირებოდნენ სემისა და ბიჭის მიღმა, ბიჭისა, ვინც ძელებშუა დარჩენილი ჭუჭრუტანიდან უყურებდა ქოფაკს. სემმა ძაღლს საჭმელი მიუტანა. პირველად ქოფაკს თავი ხელით დაუჭირა, რომ წვენის ამოსვლეპა შესძლებოდა.
ღამით სემმა ბეღელში ერთი ჯამი წვენი და რამდენიმე ნაჭერი ხორცი დატოვა ისეთ ადგილას, სადაც ძაღლს მიწვდომა შეეძლო. დილით, როცა სემი ბეღელში შევიდა, ჯამი ცარიელი დახვდა, ქოფაკი კი მუცელზე იწვა. მან თავი ასწია და ცივი, ყვითელი თვალებით მიაჩერდა სემს.
ამ ცივი, ყვითელი თვალების გამომეტყველება არ შეცვლია, არც დაუღრენია, ისე გააკეთა ნახტომი, მაგრამ მიზანს ასცდა, დასუსტებულმა სხეულმა უღალატა. სემმა მოასწრო ჯოხით მოეგერიებინა თავდასხმა, გარეთ გამოვარდა და უმალვე მიხურა კარი, რომელსაც მაშინვე დაეჯახა ქოფაკი. ვინ იცის, როდის მოიკრიბა ძალა ამ ნახტომისათვის, თითქოს ორი კვირა არც კი ეშიმშილოს.
შუადღისას გაიგონეს, რომ ტყეში ვიღაცამ დაუსტვინა; ვიღაც ბანაკიდან მათკენ მოემართებოდა. ეს იყო ბუნი. მან ძელებს შორის შეიჭვრიტა. ვეება ქოფაკი ისევ მუცელზე იწვა. თავი მაღლა აეწია და რულმორეული გულგრილად აფახულებდა ყვითელ თვალებს. იგი გაუტეხავი, დაუოკებელი სულის განსახიერება იყო.
– უმჯობესი იქნება, გარეთ გამოვუშვათ ეგ ოხერი, - თქვა ბუნმა, - მაგის მაგივრად კი ბებერი ბენი დავიჭიროთ და მაგ საზიზღარს მივუტიოთ, - მერე ბუნმა ბიჭისკენ მიაბრუნა თავისი ქარდაკრული, გაწითლებული სახე, - აბა, აიკარი ბარგი-ბარხანა. ქასმა თქვა, შინ მოვიდესო. გეყოფა ამ საზიზღარი ცხენიჭამიას ლოლიაობა.
ბუნმა ორთვალა დაბლობში - ბანაკის შესასვლელთან დააყენა. ორთვალაში ნათხოვარი ჯორი იყო შებმული. იმ ღამეს ბიჭი უკვე შინ მივიდა. მან მაკქასლინს ძაღლის ამბავი მოუთხრო: - სემი აშიმშილებს ქოფაკს, მერე შევა მასთან, ხელს გადაუსვამს და საჭმელს მისცემს. მერე, თუ საჭირო იქნება, ისევ აშიმშილებს.
– მაგრამ რისთვის? რის გულისთვის? - იკითხა მაკქასლინმა, - რა გამოვა მანდედან? თვით სემიც კი მაგ მხეცს ვერასოდეს მოაშინაურებს.
– მოშინაურებული ჩვენ არ გვჭირდება. დაე, დარჩეს ისეთივე, როგორიც არის. მხოლოდ ბოლოს და ბოლოს მიხვდეს, გაიგოს, რომ ბეღლიდან ვერ გამოვა, სანამ არ დაემორჩილება სემს ან სხვა ვინმეს. მხოლოდ ეს ქოფაკი თუ გააჩერებს ბებერ ბენს, სხვა ვერავინ. მხოლოდ ეგ არ მისცემს გასაქანს დათვს. ჩვენ მას უკვე სახელიც დავარქვით, ლომა ვუწოდეთ.
ნოემბერიც დადგა. ისინი ბანაკში დაბრუნდნენ. ბიჭი თავის ბიძაშვილთან, გენერალ ქომპსონთან, მაიორ დე სპეინთან, უოლტერსა და ბუნთან ერთად ეზოში იდგა თოფებს, საბნებსა და სურსათ-სანოვაგით სავსე ყუთებს შორის.
მან სემ ფადერსსა და ლომას მოჰკრა თვალი. ხედავს, ბილიკს მოჰყვება რეზინისჩექმებიანი მოხუცი ინდიელი, რომელსაც დაძველებული კომბინეზონის ზემოთ ცხვრის ტყავის გაცვეთილი ქურქი აცვია და თავზე ის ქუდი ხურავს, რომელსაც წინათ ბიჭის მამა ატარებდა.
სემის გვერდის კი ზვიადად მოაბიჯებს გოლიათი ქოფაკი. მეძებრები მისკენ გაექანნენ, მაგრამ უმალვე შეჩერდნენ. მხოლოდ ერთი ახალგაზრდა, გამოუცდელი ძაღლი მივარდა ლომასთან კუდის ქიცინით, ლომამ კი კბილებიც არ გამოაჩინა, დათვივით დაარტყა ტორი და ხუთ ნაბიჯზე გადაისროლა. ლომა ეზოში შევიდა და ერთ ადგილას დადგა. იგი არავის უყურებდა, რულმორეულ ყვითელ თვალებს ზანტად აფახულებდა.
– ღმერთო ჩემო, - თქვა ბუნმა, - ხელის შეხება შეიძლება?
– შეიძლება, - უთხრა სემმა, - მაგისთვის ყველაფერი სულერთია, ადამიანებიც და მხეცებიც ფეხებზე ჰკიდია.
ბიჭი ყველაფერს აკვირდებოდა. ორი წლის განმავლობაში იგი სულ ადევნებდა თვალყურს ამ წყვილს იმ წუთიდან, როდესაც ბუნმა ლომას თავზე ხელი გადაუსვა, იქვე ჩაცუცქდა და ძვლებისა და კუნთების ძალა მოუსინჯა. თითქოს ლომა ქალი იყო ან, უკეთ რომ ვთქვათ, თვითონ ბუნი იყო ქალი. ეს უკანასკნელი უფრო სწორია, თუ დიდ, ზვიად, მთვლემარე და გულგრილი შესახედაობის ქოფაკს შევადარებთ ფიცხ, უხეშ და უსიამოვნო სახის კაცს, რომლის ძარღვებში ინდიელის ნარევი სისხლი ჩქეფდა და რომელიც გონებრივი განვითარებით ბავშვის დონეზე იდგა. მერე ბიჭმა შეიტყო, რომ ლომას კვება ბუნმა იკისრა და ამ საქმეს სემი და ძია ეში ჩამოაშორა. ბიჭს არაერთხელ უნახავს, როგორ აძლევდა ლომას საჭმელს ცივ წვიმაში სამზარეულოსთან ჩაცუცქული ბუნი. ლომა სხვა ძაღლებისაგან განცალკევებით იკვებებოდა და იძინებდა, მაგრამ მხოლოდ შემდგომ ნოემბერში გახდა ცნობილი, სად ათევდა იგი ღამეს. მანამდე ყველა ფიქრობდა, რომ ლომა ღამეს ათევდა საძაღლეში, სემის ქოხის ახლოს, მაგრამ ერთხელ ბიჭის ბიძაშვილი - მაკქასლინი სრულიად შემთხვევით შეეხო ამ საკითხს სემთან საუბარში და სემმა ყველაფერი აუხსნა მას. ერთ საღამოს დე სპეინი, მაკქასლინი და ბიჭი ანთებული ლამპით შევიდნენ იმ ოთახში, სადაც ბუნს ეძინა. ამ პატარა, უჰაერო, ვიწრო ოთახში კაცს ცხვირში ეცემოდა ბუნის დაუბანელი სხეულისა და მისი სველი სანადირო ტანსაცმლის მყაყე სუნი. ბუნს პირაღმა გაშხლართულს ეძინა და მაგრად ხვრინავდა. მას გაეღვიძა, მის გვერდით თავი ასწია ლომამ და ცივი, მთვლემარე, ყვითელი თვალებით შეხედა შემოსულებს.
– ეშმაკმა დასწყევლოს, ბუნ, გონს მოდი! აქ ძაღლის ადგილი არ არის! - უთხრა მაკქასლინმა, - ძაღლი გარეთ გააგდე, ხვალ დილით ხომ ბებერ ბენს უნდა გამოეკიდოს. ეგ კი ვერაფრის სუნს ვერ აიღებს, თუ მთელი ღამე შენი სუნი იყნოსა.
– ჩემი სუნი ჯერ მე ხელს არ მიშლის, არც არასდროს შემიმჩნევია, რომ ხელს მიშლიდეს, - თქვა ბუნმა.
– თუგინდ ხელსაც გიშლიდეს, შენ არც მოგეთხოვება ყნოსვა დათვის კვალის მისაგნებად. გაიყვანე ქოფაკი გარეთ და სახლის ქვეშ შეაგდე სხვა ძაღლებთან ერთად, - უთხრა მაიორმა დე სპეინმა ბუნს. ბუნი საწოლიდან წამოდგა და ჩაილაპარაკა:
– იგი ადგილზევე მოკლავს პირველსავე ძაღლს, რომელიც დააცემინებს, დაამთქნარებს ან შემთხვევით გაეკარება მას.
– არხეინად იყავი, - უთხრა დე სპეინმა, - არც ერთი ძაღლი მაგასთან არც დააცემინებს და არც გაეკარება, თუგინდ ეძინოს. გაიყვანე გარეთ, ხვალ მაგას დაწმენდილი ყნოსვა უნდა ჰქონდეს. ასეთი მჭირდება მე. გასულ წელს ბებერმა ბენმა გააწბილა. არა მგონია, რომ წელს კვლავ შეძლოს ლომას გაწბილება, - ბუნმა, რომელსაც ჭუჭყიანი ნიფხავი ეცვა, ფეხსაცმელში ჩაყო ფეხი, თასმები არ შეუკრავს, გაჩეჩილი თმა არ დაუვარცხნია, ისე გაიყვანა ლომა ოთახიდან. დანარჩენები დაბრუნდნენ დარბაზში, სადაც მაკქასლინმა და დე სპეინმა ისევ გააჩაღეს ბანქოს თამაში. ცოტა ხნის შემდეგ მაკქასლინმა თქვა: - გინდათ, წავალ, შევამოწმებ!
– არ არის საჭირო, - უთხრა მაიორმა დე სპეინმა. უოლტერს სათამაშო ქაღალდი უკვე ჩამოერიგებინა, - ვიღებ ბანქოს, - მიმართა უოლტერს მაიორმა დე სპეინმა და ისევ მაკქასლინს მიუბრუნდა, - თუ წახვალ, მე მაინც ნუ გამაგებინებ. პირველი ნიშანი იმისა, რომ ვბერდები, ის არის, რომ უკვე მაჯავრებს ჩემ მიერ გაცემული ბრძანების შეუსრულებლობა, თუნდაც წინასწარ ვიცოდე, რომ ამაოდ ვიძლევი განკარგულებას... მომეცი პატარა წყვილი, - მიმართა მან უოლტერს.
– როგორი პატარა? - ჰკითხა უოლტერმა.
– სულ პატარა, - უპასუხა დე სპეინმა.
ძილის წინ გახუნებულ საბანში გახვეულმა ბიჭმაც იცოდა, რომ ლომა უკვე დაუბრუნდა ბუნის საწოლს. იგი იქ გაათევს ღამეს დღესაც, ხვალაც, ნოემბრის მთელი შემდგომი ნადირობის განმავლობაშიც და მის შემდეგაც. ბიჭმა გაიფიქრა: «ნეტავ რატომ არაფერი თქვა სემმა. მას ხომ შეეძლო, არ მიეცა ლომა ბუნისათვის, არც მაიორი, არც მაკქასლინი სემს უარს არ ეტყოდნენ. მთავარი ხომ ის არის, რომ პირველად სემის ხელი შეეხო ლომას, ლომას კი ეს არ დავიწყებია». როცა გაიზარდა, ბიჭი მიხვდა, რომ ასეც უნდა მომხდარიყო. ასეთი იყო წესი: სემი წარჩინებული იყო, ბელადი, ბუნი კი დაბალი წარმოშობისა - მისი ხელქვეითი. ძაღლების მოვლა ბუნის საქმე იყო.
იმ დილით, როცა ლომამ პირველად გაიყოლია ძაღლები ბებერი ბენის სადევრად, ბანაკში გამოცხადდა შვიდი უცნობი კაცი, ჭაობიანი ადგილების გაძვალტყავებული, ციებ-ცხელებით არაქათგამოცლილი მცხოვრებნი, რომლებიც ხაფანგებით ენოტებს იჭერდნენ ან ტყისპირა ნაკვეთებზე ბამბასა და სიმინდს თესავდნენ. მათ სემ ფადერსზე ცოტათი უკეთესად, მაგრამ ჯიმზე გაცილებით უარესად ეცვათ. ისინი ბანაკში გათენებისას მოვიდნენ თავიანთი ძველი ფილთა თოფებითა და შაშხანებით. ეზოში ჩამოსხდნენ და ახლა მოთმინებით ილუმპებოდნენ წვიმაში. სემმა უამბო მერე დე სპეინს, რომ მთელი ზაფხული და შემოდგომა ისინი ცალ-ცალკე, ორ-ორი ან სამ-სამი მოდიოდნენ ბანაკში, დადგებოდნენ, უყურებდნენ ლომას და მერე წავიდოდნენ. მათ შორის ყველაზე ენაწყლიანმა თქვა:
– დილა მშვიდობისა, მაიორო, ჩვენ ყური მოვკარით, რომ დღეს თქვენ აპირებთ დიდი ჟღალი ხვადი დაადევნოთ იმ ორკაპათათიან დათვს. ჩვენ გვინდა ვუყუროთ ამ ამბავს, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით. სროლით არ ვესვრით, თუ პირისპირ არ შეგვეფეთება.
– კეთილი ინებეთ, - უთხრა დე სპეინმა, - ესროლეთ კიდევაც, დათვი თქვენი უფროა, ვიდრე ჩვენი.
– ეგეც მართალია. მას ჩემი ბევრი მართებს: მარტო ერთი ძროხა როდი შემიჭამა, მეტი რომ არ ვთქვათ, სამი წლის წინათ ბურვაკიც მომტაცა.
– ჩემიც მართებს, - თქვა მეორემ, - მაგრამ არა დათვს, - დე სპეინმა შეხედა მას. იგი თამბაქოს ღეჭავდა. მერე გადააფურთხა და თქვა, - შარშან საფურე ხბო დამეკარგა, კარგი ხბო, მერე ვნახე დაახლოებით ისეთსავე მდგომარეობაში, როგორიც თქვენ თქვენი კვიცი ნახეთ შარშან, ივნისში.
– ერთი შეხედეთ! - თქვა მაიორმა დე სპეინმა, - მაშ, კეთილი ინებეთ და ესროლეთ მაშინაც კი, ჩემი ძაღლებიც რომ მოსდევდნენ.
ბებერ ბენს იმ დღეს ერთხელაც ვერ ესროლეს. კაცისშვილს არ დაუნახავს იგი. ძაღლებმა წამოაგდეს ასი ნაბიჯის მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც სამი წლის წინ ზაფხულის შუადღისას ნახა ბიჭმა, როცა თერთმეტი წლისა იყო. ბიჭი მეოთხედი მილითაც არ იყო დაშორებული იმ ადგილს. მან კიდევაც გაიგონა, როგორ შეუყეფეს ძაღლებმა დათვს, მაგრამ ვერ გაარჩია ისეთი უცნობი ხმა, რომელიც შეიძლებოდა ლომას ხმად მიეჩნია. ამიტომ დარწმუნდა, რომ ლომა იმ ძაღლებს შორის არ იყო. ახლა ბებერ ბენს ძაღლები გაცილებით სწრაფად მისდევდნენ, ვიდრე წინათ. მაღალი, გამყინავი, ისტერიული წკავწკავი აღარ ისმოდა, მაგრამ ბიჭი მაინც ვერ გაერკვა ვითარებაში, სანამ საღამოს სემმა არ აუხსნა, ლომა ნადირს ისე მისდევს, რომ არასდროს უყეფსო.
– ბებერ ბენს ყელში რომ ეცემა, მხოლოდ მაშინ დაიღრენს, - თქვა სემმა, - მის ყეფას კი ვერ გავიგონებთ, როგორც მაშინ ვერ გავიგონეთ, როცა ბეღელში ხუთი გოჯის სისქის კარს ეხეთქებოდა. ეს მისი ნარევი ჯიშის ბრალია. შენ მაშინ რა ჯიში თქვი?
– ერდელი, - უპასუხა ბიჭმა.
დღეს ლომა მიუძღოდა წინ ძაღლებს. დათვი მდინარის პირას წამოაგდეს. ბუნი ლომასთან ერთად ღამის თერთმეტ საათზე დაბრუნდა. იგი იფიცებოდა, ლომამ ის-ის იყო მიიმწყვდია ბებერი ბენი, მაგრამ ძაღლებს შეეშინდათ მიახლოება და ბებერმა ბენმა შეძლო თავის დაძვრენა, მდინარეში გადავარდა და დინებას მიჰყვაო.
ბუნმა და ლომამ ნაპირ-ნაპირ ათი მილი გაიარეს იმ ადგილის ძებნაში, სადაც დათვი წყლიდან ამოვიდა, ფონზე გადავიდნენ და უკან მეორე ნაპირით გამობრუნდნენ, მაგრამ დაღამებამდე კვალი ვერ იპოვეს.
შესაძლოა, ბებერი ბენი იმ ფონს ჩასცილდა. ბუნმა მაგრად აგინა მეძებრებს. მერე ივახშმა და დასაძინებლად წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ბიჭმა შეაღო ბუნის დახუთული ოთახის კარი - ოთახი პირდაპირ ირწეოდა ბუნის ხვრინვისაგან.
ქოფაკმა ზვიადად წამოსწია თავი, მთვლემარე თვალები შეავლო ბიჭს და მერე ისევ დადო თავი ბუნის ბალიშზე.
ნოემბერი ხელახლა რომ დადგა და ის უკანასკნელი დღეც მოვიდა, რომელსაც ტრადიციულად ბებერი ბენისთვის იტოვებდნენ, ბანაკში თავი მოიყარა თხუთმეტიოდე უცნობმა. მათ შორის იყვნენ არა მარტო მარეკები, არამედ ქალაქელებიც საოლქო ცენტრიდან - ჯეფერსონიდან.
ამ ხალხს ლომასი და ბებერი ბენის ამბავი გაეგონათ და მოესურვებინათ, დასწრებოდნენ ვეებერთელა ჟღალი ქოფაკისა და ბებერი დათვის ყოველწლიურ შეხვედრას. ზოგიერთი უთოფოდაც კი მოსულიყო, სანადირო ჩექმებსა და ქურქებში გამოწყობილი. ეს ქურქები და ჩექმები წინა დღეს ეყიდათ მაღაზიაში.
ბებერ ბენს ლომა მდინარიდან ხუთი მილის დაშორებით დაეწია, გააჩერა და შეუტია. ლომამ თან გაიყოლა გაავებული მეძებრებიც. ბიჭს მოესმა მათი ყეფა, იგი არცთუ ისე შორს იდგა მათგან.
გაიგონა ბუნის შეძახილიც, ორი გასროლაც - ეს ქომპსონმა ესროლა. მართალია, ქომპსონი დამფრთხალ ცხენს ვერ იოკებდა, მაგრამ დათვს შორიდან მაინც ესროლა ორივე ლულიდან - ხუთი ფინდიხი და ერთი ტყვია.
გაქცეულ ნადირს ყეფით დაედევნენ ძაღლები. ბიჭმა ეს უკვე სირბილის დროს გაიგონა. იგი პირს აღებდა ჰაერის ჩასასუნთქად, ქოშინებდა. რაღაცას ფეხი წამოჰკრა, მაგრამ არ წაქცეულა. ასე მიირბინა იმ ადგილამდე, საიდანაც თოფი გაისროლა ქომპსონმა და სადაც ბებერი ბენის მიერ მოკლული ორი ძაღლი ეგდო.
მერე ბიჭმა დაინახა სისხლიანი კვალი, ეს ქომპსონის მიერ დაჭრილი დათვის კვალი იყო, მაგრამ ბიჭმა მეტი სირბილი ვეღარ შეძლო. ხეს მიეყრდნო, სული მოითქვა, გული დაიწყნარა. ახლა ესმოდა, როგორ თანდათან წყდებოდა ძაღლების ყეფა.
ბანაკში ღამე გაათია ხუთმა კაცმა იმ ქალაქელ სტუმართაგან, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ მოსულიყვნენ გონს. მათ თავიანთი ახალი სამონადირეო ქურთუკებითა და ჩექმებით მთელი დღე უგზო-უკვლოდ იბორიალეს ტყეში, სანამ სემ ფადერსი არ მიეშველა და ტყიდან არ გამოიყვანა.
მხოლოდ საღამოს შეიტყო ბიჭმა მთელი ამბავი, რაც ნადირობის დროს მოხდა: როგორ დაეწია მეორედ ლომა დათვს და გააჩერა იგი; დათვს კი მხოლოდ ის ელამი ჯორი მიუახლოვდა, რომელსაც ნადირის სისხლის სუნის არ ეშინოდა, მაგრამ ამ ჯორზე იჯდა ბუნი, ვინც თოფს მიზანში ვერასდროს არტყამდა.
ბუნმა თავისი ხუთი ვაზნა ესროლა დათვს და ხუთივე ააცდინა. ბებერმა ბენმა კი ერთი ძაღლიც მიახრჩო, მდევრებს ერთხელ კიდევ გაექცა, მდინარემდე მიირბინა და გადაიკარგა.
ბუნი და ლომა ნაპირ-ნაპირ დაედევნენ. შორს წავიდნენ, ძალიან შორს. უკვე ბინდდებოდა, როდესაც მეორე ნაპირზე გადავიდნენ და ერთი მილის გავლაც ვერ მოასწრეს, რომ კიდევაც დაბნელდა.
ლომამ სიბნელეშიაც იპოვა ბებერი ბენის კვალი წყლის პირას, - შესაძლოა, სისხლი იყნოსა, - მაგრამ, საბედნიეროდ, ლომა ღვედით იყო დაბმული. ბუნი ჯორიდან ჩამოხტა, ქოფაკს ხელდახელ შეეჭიდა და ასე მოაშორა კვალს.
ამჯერად ბუნი აღარ იგინებოდა. ტალახში ამოსვრილი, უზომოდ დაღლილი დადგა იგი კართან. მას ფართო და გროტესკულად დამანჭულ სახეზე აღბეჭდოდა ტრაგიკული, ჯერ კიდევ გაოცებული გამომეტყველება.
– ავაცდინე, - თქვა მან, - ოცდახუთი ნაბიჯიდან ხუთჯერ ავაცდინე.
– მაგრამ სისხლი მაინც დავადინეთ, - თქვა მაიორმა დე სპეინმა, - გენერალმა ქომპსონმა მოარტყა ტყვია. წინათ ამასაც ვერ ვახერხებდით.
– მე კი ავაცდინე, - გაიმეორა ბუნმა, - ხუთჯერ ავაცდინე ლომას თვალწინ.
– ნუ წუხხარ, - უთხრა დე სპეინმა, - შესანიშნავი ნადირობა იყო. სისხლი ხომ ვადინეთ. შემდგომი ნადირობისას კეიტზე გენერალ ქომპსონს ან უოლტერს შევსვამთ და დათვი ხელიდან ვეღარ წაგვივა.
შემდეგ მაკქასლინი შეეკითხა:
– ლომა სადღაა, ბუნ?
– სემს დავუტოვე, - უპასუხა ბუნმა და წასასვლელად შებრუნდა, - მე მის მეწყვილედ აღარ ვვარგივარ, მასთან აღარ დავიძინებ.
ამრიგად, ბიჭს თითქოს უნდა სძულებოდა ლომა და შიშიც ჰქონოდა მისი, მაგრამ არც სძულდა და არც ეშინოდა. ყოველივე, რაც ხდებოდა, გარდუვალად მიაჩნდა.
მას ეგონა, რაღაც ისეთი იწყებოდა, რაც მან არ იცოდა, ანდა უკვე დაწყებული იყო ის რაღაც, ის უკანასკნელი მოქმედება უკვე მომზადებულ სცენაზე.
ეს იყო დასაწყისი დასასრულისა, მაგრამ რის დასასრულისა, მან არ იცოდა. იცოდა მხოლოდ, რომ მწუხარება აღარ ეწვეოდა, იქნებოდა მხოლოდ თვინიერება და სიამაყე.
მთელ ამ სანახაობაში მასაც ექნებოდა ღირსეული როლი, დეე თუნდაც მხოლოდ მაყურებლისა.
– III –
დეკემბერი იდგა. ეს იყო ყველაზე სუსხიანი დეკემბერი, რაც ბიჭს თავი ახსოვდა. ბანაკში მათ ორ კვირაზე მეტხანს დაჰყვეს, ოთხი დღე კიდევ დაიცადეს, რომ დამთბარიყო და ლომას და ბებერ ბენს გაემართათ თავიანთი ყოველწლიური ბრძოლა. მერე შეეძლოთ ბანაკი აეყარათ და შინ დაბრუნებულიყვნენ. ამინდის გამოკეთების მოლოდინში ისინი დღეებს ბანქოს თამაშში ატარებდნენ. ამ გაუთვალისწინებელმა დღეებმა ამოწურა ვისკის მთელი მარაგი. ამიტომ ბუნი და ბიჭი გაგზავნეს მემფისში, გაატანეს ჩემოდანი და მაიორ დე სპეინის წერილი მეღვინე მისტერ სემთან. ამრიგად, მაიორმა დე სპეინმა და მაკქასლინმა ბუნი გაგზავნეს ვისკისათვის, ბიჭი კი გააყოლეს, რათა თვალყური ედევნებინა, რომ ბუნს ეს ვისკი, თუ მეტი წილი არა, რამდენიმე ბოთლი მაინც მოეტანა ბანაკამდე.
ჯიმმა ღამის სამ საათზე გააღვიძა ბიჭი. ბიჭმა სასწრაფოდ ჩაიცვა, კანკალებდა, მაგრამ არა იმდენად სიცივისაგან (ბუხარში უკვე გიზგიზებდა ახლახან გაჩაღებული ცეცხლი), რამდენადაც ზამთრის წკვარამი ჟამისგან, როცა გული დუნედ ერეკება ძარღვებში სისხლს და ძილიც დაუმთავრებელია. სახლიდან სამზარეულომდე ბიჭმა რკინასავით გამაგრებულ მიწაზე გაიარა. ირგვლივ უკუნი ღამე სუფევდა, დაახლოებით სამი საათის შემდეგ ღამე საგანთიადოდ გაფერთმკრთალდებოდა. ბიჭს ცივმა ჰაერმა დაუსუსხა სასა, ენა, ფილტვების ყოველი კუნჭული. თბილ სამზარეულოში შევიდა, იქ ლამპა ანათებდა და გავარვარებული ქურის სითბოს სარკმელი შეეორთქლა. ბუნი უკვე იჯდა მაგიდასთან და თეფშში ცხვირჩაყოფილი ჟღალწვერმოდებულ ყბებს ამუშავებდა. სახე დაუბანელი ჰქონდა, გაბურძგნილი თმა კი - დაუვარცხნელი. სამეოთხედოდ იგი ინდიელი იყო, ბებიამისი ჩიკესოს ტომს ეკუთვნოდა. ბუნი ხან მუშტებით უმასპინძლდებოდა იმას, ვინც სიტყვას გადაუკრავდა მის ძარღვებში მჩქეფარე შერეულ სისხლზე, ხან კი, ჩვეულებრივ შეზარხოშებული, იმავე მუშტების მეშვეობით და ისეთივე გააფთრებით ამტკიცებდა, რომ მამამისი წმინდა სისხლის ჩიკესო იყო, თანაც ბელადი, დედაც - სანახევროდ თეთრკანიანი. სიმაღლე მეტრი და ოთხმოცდაათი სანტიმეტრი ჰქონდა, გონება ბავშვისა, გული კი ცხენისა. მისი ცივი, წვრილი თვალები არაფერს გამოხატავდნენ - არც გულკეთილობას, არც დიდსულოვნებას, არც სიბოროტეს, არც უნამუსობას და არც სხვა რაიმეს. ეს წვრილი თვალები ისეთ სახეს ამკობდნენ, რომლის მსგავსი სიმახინჯე ბიჭს მთელ თავის სიცოცხლეში არ ენახა. წარმოიდგინეთ, რომ ვინმემ იპოვა ფეხბურთის ბურთზე უფრო დიდი კაკალი, დაჩეჩქვა ზეინკლის ჩაქუჩით და მერე შეღება თითქმის ერთფერად, არა წითელკანიანი ინდიელისფრად, არამედ ელვარე ძოწისფრად (ასეთ ფერს აჩენს ნაწილობრივ, შესაძლოა, ვისკის ხშირი სმა, ძირითადად კი თავზეხელაღებული ცხოვრება ღია ცის ქვეშ)... და ამ სახეზე არის არა ნაოჭები, ნიშანი ორმოცი წლის სიცოცხლისა, არამედ უბრალოდ ღარები გაჩენილი მზისკენ თვალმოჭუტული ცქერისაგან ანდა შებინდებისას ლელიანში მიმავალი მსხვილი ნადირის თვალთვალისაგან. ეს ღარები ღრმად არის ამომწვარი ტყეში გაჩაღებული კოცონების ალისაგან. ამ კოცონების პირას წვებოდა ბუნი ნოემბრის ან დეკემბრის ცივ მიწაზე, რათა ინათებდა თუ არა, წამომდგარიყო და განეგრძო ნადირობა. თითქოს დრო, მსგავსად ჰაერისა, მისთვის იყო მხოლოდ ის გარემო, რომელშიც მიაბიჯებდა, მიაბიჯებდა და არ ბერდებოდა. იგი იყო გულითადი, ერთგული, უდარდელი და არასაიმედო. მას არ ჰქონდა არავითარი პროფესია, არავითარი ხელობა, არავითარი საქმე, ჰქონდა მხოლოდ ერთი მანკი - ვისკის სიყვარული და ერთი ღირსება - უცილობელი, განუსჯელი ერთგულება მაიორ დე სპეინისა და ბიჭის ბიძაშვილის - მაკქასლინისადმი.
- ზოგჯერ გინდა, ერთიც და მეორეც ღირსებად ჩაუთვალო, - თქვა ერთხელ მაიორმა დე სპეინმა.
- ანდა მანკიერებად, - გამოეხმაურა მაკქასლინი.
ბიჭი მაგიდას მიუჯდა სასაუზმოდ, შემწვარი ხორცის სუნმა სამზარეულოს იატაკქვეშ ძაღლები ააწრიალა. ბიჭმა გაიგონა, რომ ლომამ მოკლედ და ბატონურად შეუღრინა მათ. საკმარისია ყოველ ნადირობაზე წინამძღოლმა ასე მოკლედ გასცეს ბრძანება და ყველა გაიგებს ამ ბრძანებას, გარდა სულელებისა. მაიორ დე სპეინისა და მაკქასლინის ძაღლებს შორის კი, მართალია, ლომას ბადალი არც ერთი არ იყო არც სიდიდით, არც ძალით და, შესაძლოა, არც გულადობით, მაგრამ არც სულელები იყვნენ. უკანასკნელი სულელი ძაღლი ერთი წლის წინ გამოასალმა სიცოცხლეს ბებერმა ბენმა.
საუზმე რომ მოათავეს, ჯიმი შემოვიდა. ფორანი უკვე კიბესთან იდგა. ეშმა თქვა, ვიწროლიანდაგიან რკინიგზამდე ამათ მე მივიყვან, თეფშები კი ჯიმმა რეცხოსო. ბიჭმა იცოდა, რატომ გადაწყვიტა ეშმა წასვლა. ბიჭი არაერთხელ ყოფილა იმის მოწმე, როგორ უკიდებდა ბუნს გულზე ცეცხლს ბებერი ეში.
ციოდა, ფორნის ბორბლები გაყინულ მიწაზე რახრახებდნენ. ცა მოწმენდილი იყო. ახლა ბიჭი არ კანკალებდა, მთელი სხეულით ირწეოდა, ნელა, მძიმედ და თანაბრად, ხოლო გულის კოვზთან ჯერ კიდევ გრძნობდა სითბოს და ახლახან ნაჭამი საუზმის საამო სიმძიმეს.
- დილით ვერ ინადირებენ, - თქვა მან, - ძაღლებს ყნოსვა არ ექნებათ, კვალს ვერ მიაგნებენ.
- ლომა მიაგნებს, - გაეპასუხა ეში, - ლომას ყნოსვა არ სჭირდება. მას მხოლოდ დათვი სჭირდება, - ეშმა ფეხებზე დაიხვია ტომრები, თავსა და ტანზე წაიხურა ერთ-ერთი იმ საბანთაგანი, რომელთაც მაშინ იხურავდა, როცა სამზარეულოში იატაკზე იძინებდა. ახლა, მოციმციმე ვარსკვლავების მკრთალ სინათლეში, იგი საერთოდ არაფერს არ ჰგავდა, - ლომა ათი მილის სიგრძის ყინულზე გამოეკიდება დათვს. გამოეკიდება და დაეწევა. სხვა ძაღლები კი ანგარიშში არ არიან მისაღები, სულერთია, ლომას მხარს ვერ უბამენ, როცა ლომა დათვს მისდევს ხოლმე.
- რატომ არ მოგწონს სხვა ძაღლები? - შეეკითხა ბუნი, - შენ ხომ მათი არაფერი გაგეგება. რაც აქა ვართ, შენ ერთხელაც არ გამოგიყვია ცხვირი სამზარეულოდან, მხოლოდ შეშის ასაჩეხად თუ გამოხვიდოდი გარეთ. ეს პირველი შემთხვევაა, აქ რომ ხარ.
- დასაწუნი არაფერი აქვთ იმ ძაღლებს, - თქვა ეშმა, - თავს არ წააგებენ. ნეტავ ახალგაზრდობიდანვე ისე გავფრთხილებოდი ჩემს ჯანმრთელობას, როგორც ეს მონადირე ძაღლები უფრთხილდებიან თავიანთ თავს.
- დღეს მართლა ვერ ინადირებენ, - თქვა ბუნმა. მისი ხმა მკაცრად და დამაჯერებლად ისმოდა, - მაიორი დამპირდა, სანამ შენ და აიკი არ დაბრუნდებით, არ ვინადირებთო.
- ამინდი დღეს შეიცვლება, თოვლ-ჭყაპი იქნება. ღამით გაწვიმდება, - ეშმა ამას სიცილი მოაყოლა, ჩაიხითხითა სადღაც საბანქვეშ, მერე შეუძახა, - გაინძერით, ჯორებო! - და სადავეები შეათამაშა. ჯორები გაჭენდნენ, რის გამოც ფორანი არახრახდა და გადაფერდდა, მაგრამ მალე ჯორები ისევ ჩორთზე გადავიდნენ, - თანაც მინდა ვიცოდე, რატომ უნდა დაგელოდოს მაიორი. აი, მაგალითად, ლომა სჭირდება მას, შენი ნანადირევი კი თავის დღეში არც დათვი უნახავთ და არც სხვა რამ ნადირი.
«ახლა ბუნი შეუკურთხებს ეშს, იქნებ კიდევაც გაარტყას», - გაიფიქრა ბიჭმა, მაგრამ ჩვეულებისამებრ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ახლა ბუნი უთმენდა ეშს, თუმცა ოთხი წლის წინ ჯეფერსონში, შუა ქუჩაში ნათხოვარი პისტოლეტი ხუთჯერ ესროლა ზანგს იმავე წარმატებით, როგორც ბებერ ბენს ესროლა ხუთჯერ გასულ შემოდგომაზე.
- მიჰქარავ, - უთხრა ბუნმა, - სანამ არ დავბრუნდები, ლომა და სხვა ძაღლები ნაბიჯსაც ვერ გადადგამენ. რაკი დამპირდა, მორჩა და გათავდა. უმჯობესია, ჯორები გარეკო, ხომ არ გინდა, აქ გამყინო?
რკინიგზის ხაზამდე მივიდნენ, კოცონი გააჩაღეს. ცოტა ხნის შემდეგ აღმოსავლეთით, შერიჟრაჟებულ ჰორიზონტზე, გამოჩნდა ტყიდან მომავალი მატარებელი, მორებით დატვირთული. ბუნმა ნიშანი მისცა და მატარებელი გაჩერდა. თბილ სასამსახურო ვაგონში ბიჭს ჩასთვლიმა, ბუნმა კი ორივე კონდუქტორს გაუბა საუბარი ლომასა და ბებერ ბენზე, ისე, როგორც შემდგომში გააბამდა ხოლმე საუბარს სალივენსა და კილრეინზე, ხოლო უფრო გვიან - დემპსა და ტენიზე.1 ურესორო ვაგონის რახრახსა და ჯაყჯაყში ბიჭს ძილ-ღვიძილში თვით სადგურამდე ესმოდა ლაპარაკი ბებერი ბენის მიერ დაგლეჯილ ხბორებსა და ღორებზე, მისგანვე დანგრეულ ბეღლებსა და დალეწილ ხაფანგებზე და აგრეთვე იმ ტყვიებზე, რომლებიც, ალბათ, გაჩხერილი ჰქონდა ტყავქვეშ უთათო ბებერ ბენს. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხაფანგით ფეხმომტვრეულ დათვებს ამ მხარეში ხშირად შერქმეული ჰქონდათ სამთათა, ორთათა ან უთათო დათვის სახელი, მაგრამ ბებერი ბენი განსაკუთრებული დათვი იყო (ქომპსონი მას დათვების მეფეს ეძახდა) და ამიტომ მას მეტსახელი კი არ შეერქვა, არამედ ნამდვილი სახელი ეწოდა, ისეთი სახელი, რომელსაც თვით კაციც კი არ იუკადრისებდა.
მზის ამოსვლისას ისინი უკვე ჰოუკსში მივიდნენ, თბილი ვაგონიდან ჩამოვიდნენ. მათ გახუნებული ხაკისფერი სამონადირეო ტანსაცმელი და ტალახიანი ჩექმები ეცვათ. აქ ასეთი ჩაცმაც და ბუნის გაუპარსავი სახეც ჩვეულებრივი ამბავი იყო. ჰოუკსი შედგებოდა სახერხი ქარხნის, სასურსათო ფარდულის ორი მაღაზიისა და ჩიხში მოწყობილი ხეტყის საწყობისაგან. აქ ყველას ხაკისფერი ტანსაცმელი და ჩექმები ეცვა. მალე მემფისის მატარებელიც მოვიდა. ვაგონში ხელზე მოვაჭრეებისაგან ბუნმა ერთი ბოთლი ლუდი და სამი შეკვრა ბადაგში ამოვლებული მოხალული სიმინდი იყიდა. ბუნი ამ სიმინდს ახრამუნებდა და ბიჭს ისევ ჩაეძინა.
მემფისში სულ სხვა წესრიგი იყო. მაღალი შენობების, მჭიდრო ქვაფენილების, ცხენშებმული ლამაზი ეტლებისა და საყელოგახამებული, ჰალსტუხიანი მამაკაცების ფონზე ამათი ჩექმები და ხაკის ტანსაცმელი უფრო ჭუჭყიანი და დაძველებული, ხოლო ბუნის წვერები უფრო გაბურძგნილი და უხეში მოჩანდა. თითქოს ყოველივე ეს იმას მეტყველებდა დაბეჯითებით, რომ ბუნი თავისი სახით ტყიდან არც კი უნდა გამოსულიყო და მით უმეტეს, ისეთ ადგილას არ უნდა მოსულიყო, სადაც არც დე სპეინი, არც მაკქასლინი და არც სხვა ვინმე ნაცნობი იქნებოდა, რომელიც შეძლებდა გამვლელთა დამშვიდებას: - ნუ გეშინიათ, არაფერს დაგიშავებთო.
ბუნმა სადგურის მოპრიალებულ იატაკზე გაიარა. იგი კბილებს შორის გაჩხერილ მოხალულ სიმინდის ნამცეცებს ენით იწმენდდა და თანაც ფოლადის ბურბუშელის მსგავსი წვერით შემოსილ ყბებს ღონივრად ამოძრავებდა. ფეხებს ისე ადგამდა, თითქოს ქონწასმულ მიწაზე დადისო. პირველ სალონს გასცდნენ, ბიჭს დახურული კარიდანაც კი ეცა ნახერხისა და დაღვრილი მაგარი სასმლის სუნი. ბუნს ხველა აუტყდა, დაახლოებით ნახევარ წუთს ახველა.
- ღმერთმა დალახვროს, - თქვა მან, - ნეტავ სად გავცივდი?
- სადგურში, - უთხრა ბიჭმა.
ბუნს კვლავ აუტყდა ხველა. მერე დაწყნარდა, ბიჭს მიაჩერდა და ჰკითხა:
- რა თქვი?
- შენ არც ბანაკში და არც მატარებელში არ ახველებდი, - ბუნი ბიჭს უყურებდა და თვალებს ახამხამებდა. მერე თვალების ხამხამი შეწყვიტა, აღარც დაუხველებია, ხმადაბლა უთხრა ბიჭს:
- მასესხე ერთი დოლარი. ნუ დამიჭერ. შენ გაქვს, შენ ხომ ფულს არ ხარჯავ. ძუნწი კი არა ხარ, უბრალოდ, შენ არასდროს არაფერი არ გჭირდება. მე კი, თექვსმეტი წლისა რომ ვიყავი, დოლარიანი ხელიდან ისე მიფრინდებოდა, ვერც კი ვასწრებდი წამეკითხა, რომელი ბანკის მიერ იყო გამოშვებული, - თითქოს სათქმელი დაამთავრა, მაგრამ იქვე დასძინა, - მომეცი ერთი დოლარი, აიკ.
- შენ ხომ დაჰპირდი მაიორს, დაჰპირდი მაკქასლინსაც, რომ ბანაკამდე ერთ წვეთს არ დალევდი.
- კარგი ერთი რა! - ისევ წყნარად და მოთმინებით თქვა ბუნმა, - ერთი დოლარით დავთვრები თუ რა? მეორეს შენ ხომ არ მომცემ?
- მაგაში დარწმუნებული იყავი, - წყნარადვე უთხრა ბიჭმა, ბოღმამორეულმა ვიღაცის მიმართ, ოღონდ არა ბუნის მიმართ, რადგან ახსოვდა, სამზარეულოში, მაგარ სკამზე მჯდომარე ბუნი როგორ ხვრინავდა, მაგრამ თავს ძალას ატანდა, სამზარეულოს საათს უყურებდა, რათა მისი და მაკქასლინის გაღვიძება არ დაჰგვიანებოდა, მათთან ერთად ჩვიდმეტი მილი გაევლო და ჯეფერსონში მემფისის მატარებლისათვის მიესწრო. ბიჭს გაახსენდა გაუხედნავი ტეხასური ჭრელი პონი, რომლის შეძენის ნებართვა და საყიდელი ფულიც მან დიდი ხვეწნის შემდეგ მიიღო მაკქასლინისაგან. ბიჭმა და ბუნმა ეს ველური, გაუხედნავი ცხოველი ოთხ დოლარად და სამოცდათხუთმეტ ცენტად იყიდეს აუქციონზე. ღვედების მაგივრად ეკლიანი მავთული მოსდეს აქეთ-იქიდან, ორ თვინიერ ბებერ ფაშატს შორის ჩააყენეს და ისე მოიყვანეს სახლში. დაფშვნილი სიმინდი პონის თვალით არასდროს ენახა და ამიტომ არ იცოდა, რა იყო - ალბათ, მარცვლები ხოჭოებად მიიჩნია. ბოლოს (ბიჭი მაშინ ათი წლისა იყო, ხოლო ბუნი მთელი სიცოცხლე ათი წლისად რჩებოდა) ბუნმა თქვა, პონი მოთვინიერებულიაო, თავზე ტომარა ჩამოაცვა, ოთხი ზანგის დახმარებით ძველი ორთვალას ხელნაში ჩააყენა და ღვედებით შეაბა შიგ. ბიჭი და ბუნი დასხდნენ ორთვალაზე და ბუნმა თქვა:
- ბიჭებო, ყველაფერი რიგზეა! აბა, გაუშვით!
ერთ-ერთმა ზანგმა - ჯიმმა პონს თავიდან მოხადა ტომარა და მარდად გახტა განზე, რომ რამე არ დაშავებოდა. ორთვალა უმალვე წამოედო ბოძს და უკვე ჭიშკარშივე მოძვრა ერთი ბორბალი, მაგრამ ბუნმა ამ დროს აიკს საყელოში ჩაავლო ხელი და ორთვალიდან თხრილში გადაისროლა. ასე რომ, შემდეგ რაც მოხდა, ბიჭმა მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტად დაინახა. მეორე ბორბალი ჭიშკარს მიეხეთქა, იქიდან ეზოში შევარდა და აივნისაკენ გაგორდა; ორთვალას ნამსხვრევები გზაზე ეყარა აქა-იქ. სადავეებზე ხელჩავლებული ბუნი მუცლით მიეთრეოდა მიწაზე, საოცრად აბუქებულ მტვერში. ბოლოს სადავეები გაწყდა, ხოლო დღის შემდეგ პონიც დაიჭირეს სახლიდან შვიდი მილის მანძილზე; მას კისერზე ლაგამისა და სადავეების ნაწყვეტები ჰქონდა შერჩენილი, როგორც ჰერცოგის ასულს ჰკიდია ხოლმე ყელზე ორი მძივი ერთდროულად. ბიჭმა მისცა ბუნს ერთი დოლარი.
- ყველაფერი რიგზეა, - თქვა ბუნმა, - შევიდეთ! გარეთ სიცივეში რად უნდა იდგე!
- მე არ მცივა, - უპასუხა ბიჭმა.
- შემოდი, ლიმონათი დალიე.
- არ მინდა ლიმონათი.
ბიჭის ზურგს უკან კარი მიიხურა. მზე კარგა მაღლა ამოვიდა. კაშკაშა დღე იყო, თუმცა ეში ამბობდა, ღამით წვიმა იქნებაო. ჰაერი თანდათან თბებოდა. ხვალ ნადირობა გაიმართება. ბიჭს, ისე, როგორც ნადირობის პირველ დღეს, გული აუთრთოლდა ძველისძველი, პირველქმნილი სიხარულის გრძნობით. თუნდაც რომ დაბერდეს ნადირობაში, მის არსებაში არასდროს ჩაცხრება ამ საქმეში მონაწილეობის, მორჩილებისა და სიამაყის ეს შეუდარებელი გრძნობა. სჯობია, ამაზე არ იფიქროს, თორემ ფეხები თითქოს თავისთავად გარბიან სადგურისაკენ, რათა მიუსწროს სამხრეთისაკენ მიმავალ პირველსავე მატარებელს, - სჯობია, არ იფიქროს. ქუჩაში დიდი მოძრაობაა. ბიჭი ხედავდა, როგორ მითქარუნებდნენ ზორბა ნორმანდიული ცხენები, პერჩერონებს რომ უწოდებდნენ, კოპწია ეტლებიდან როგორ გადმოდიოდნენ მოდურპალტოიანი მამაკაცები, სახეაღაჟღაჟებული, ბეწვეულით შემოსილი მანდილოსნები და შედიოდნენ სადგურის შენობაში (სალონი მისგან სულ ერთი სახლით იყო დაშორებული). ოცი წლის წინ აიკის მამა, როცა იგი ფორსტის არმიის შემადგენლობაში მოქმედი სარტიროსის რაზმის კავალერისტი იყო, ცხენზე ამხედრებული შემოვიდა მემფისში და მთავარი ქუჩით (როგორც მოგვითხრობენ) პირდაპირ შევარდა გეიოზის სასტუმროს ვესტიბიულში, სადაც ტყავის სავარძელში გაშხლართული იანკი ოფიცრები მაღალ და ბრჭყვიალა სპილენძის საფურთხებლებში აფურთხებდნენ. მერე აიკის მამამ დეზი ჰკრა ცხენს და სრულიად უვნებლად გავიდა ქალაქიდან.
ბიჭის ზურგს უკან კარი გაიღო. ბუნი ხელის ზურგით იწმენდდა პირს.
- ყველაფერი რიგზეა, - თქვა მან, - ახლა კი საქმე გავაკეთოთ და შინისაკენ მოვუსვათ. ამ ჯოჯოხეთს გავეცალოთ.
ღვინის სარდაფში მათ ჩემოდანში ჩაუწყვეს ვისკით სავსე ბოთლები. ბიჭმა არ იცოდა, სად და როგორ იშოვა ბუნმა კიდევ ერთი ბოთლი. ალბათ, მისტერ სემსმა მისცა. საღამო ხანს, როცა ჰოუკსს მიაღწიეს, ბოთლი ცარიელი იყო. უკან დაბრუნებული მატარებელი ორი საათის შემდეგ გადიოდა. გზად არსად შეუვლიათ, მეღვინისგან პირდაპირ სადგურში დაბრუნდნენ, როგორც უბრძანა ბუნს პირველად მაიორმა დე სპეინმა, შემდეგ კი მაკქასლინმა. ბიჭიც სწორედ ამიტომ მიუჩინეს მას. ბუნი სადგურის საპირფარეშოში შევიდა და თავისი ბოთლიდან ვისკის წრუპვა დაიწყო. ამ დროს მასთან მივიდა კაცი, რომელსაც კოკარდიანი ქუდი ეხურა. ამ კაცს უნდოდა ეთქვა, აქ სმა არ შეიძლებაო, მაგრამ ერთხელ შეხედა ბუნს სახეზე და ხმა აღარ ამოუღია. შემდეგ რესტორანში ბუნმა მაგიდის ქვეშ აავსო ჭიქა მაგარი სასმლით, მაგრამ განმკარგულებელმა ქალმა გააფრთხილა, აქ სმა არ შეიძლებაო. ამიტომ ბუნი ისევ საპირფარეშოში წავიდა. ამასობაში უკვე მოასწრო ხმამაღლა ეამბნა ლომასი და ბებერი ბენის ამბავი ზანგი ოფიციანტისათვის, მასთან ერთად კი ყველა იქ მყოფთათვის, რომელთაც ლომას შესახებ არასდროს არაფერი გაეგონათ და არც სურდათ გაგონება, თუ ეს მათზე იქნებოდა დამოკიდებული. მერე ბუნს აქაური სამხეცე მოაგონდა. გამოირკვა, რომ სამ საათზე ჰოუკსისაკენ გადიოდა კიდევ ერთი მატარებელი და მაშასადამე, ისინი ახლა წავიდოდნენ მხეცების სანახავად, მერე კი სამი საათის მატარებელს გაჰყვებოდნენ. მესამეჯერ რომ დაბრუნდა საპირფარეშოდან, ბუნმა გამოაცხადა, ახლავე წავალთ ბანაკში ლომას წამოსაყვანად, იქიდან კი სამივე ერთად დავბრუნდებით სამხეცეში, სადაც დათვები პირს იტკბარუნებენ ნაყინითა და ნამცხვრებით, ლომა კი მათ უჩვენებს ფეთებასო.
ამრიგად, იმ მატარებელს, რომლითაც უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ, ვეღარ გაჰყვნენ, მაგრამ სამი საათის მატარებელზე დაგვიანება ბიჭმა არ დაანება ბუნს და ამით საქმე გამოასწორა. ახლა ბუნი საპირფარეშოშიც აღარ მიდიოდა, ვაგონშივე სვამდა ვისკის, თანაც ვინმე გამვლელს დაიჭერდა და ლომაზე ჩამოუგდებდა საუბარს. მსმენელები კი დუმდნენ, ისე როგორც მსახური დუმდა სადგურში.
მზის ჩასვლისას, როცა ჰოუკსში მივიდნენ, ბუნს უკვე ეძინა. ბიჭმა გააღვიძა, ჩემოდანთან ერთად გამოათრია ვაგონიდან და იმაზედაც დაიყოლია, რომ ხეტყის მხერხავი მუშების სასურსათო ფარდულში ევახშმათ. ასე რომ, ბუნი თითქმის გამოფხიზლდა იმ დროისათვის, როცა ხეტყის საზიდმა პატარა მატარებელმა დააბრუნა ისინი ტყეში. ტყეს მეწამულ ფერს სძენდა ჩამავალი მზე, ცა მოპირქუშებული იყო, მაშასადამე, ღამით მიწა არ გაიყინებოდა. გავარვარებულ თუნუქის ღუმელთან მიმჯდარ ბიჭს ახლა ეძინა, ვაგონი ირწეოდა და რახრახებდა. ბუნი ლომასა და ბებერ ბენზე ესაუბრებოდა კონდუქტორებს, კონდუქტორები კი თავს უქნევდნენ; ბუნი აქ თავისიანებს შორის იყო.
- ცა მოიღრუბლა, ალბათ, დათბება, - ამბობდა ბუნი, - ხვალ ლომა იმას ბოლოს მოუღებს.
ბოლოს მოღება წილად ხვდება ლომას ან ვინმე სხვას, მხოლოდ არა ბუნს. რამდენადაც ახსოვთ, ბუნს ციყვზე უფრო დიდი ნადირისათვის ტყვია არასდროს მოურტყამს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზანგ ქალს, რომელიც მაშინ დაჭრა, როდესაც ხუთჯერ ესროლა ერთ ზანგ მამაკაცს. ეს ზანგი ზორბა ტანის იყო, ათ ნაბიჯზე იდგა ბუნისაგან. ბუნმა მაიორ დე სპეინის შავკანიანი მეეტლისაგან ნათხოვარი პისტოლეტი დაახალა, ზანგმაც იშიშვლა პატარა პისტოლეტი, დოლარ-ნახევრად რომ ჰქონდა გამოწერილი ფოსტის საშუალებით. მას შეეძლო დაეცხრილა ბუნი, მაგრამ პისტოლეტი არ გავარდა. ხუთჯერვე უმტყუნა - ჩხაკ-ჩხაკ-ჩხაკ-ჩხაკ-ჩხაკ. ბუნმა მთელი სავაზნე დაცალა. სქელი მინის ვიტრინა დაამსხვრია (რისთვისაც მაკქასლინს ორმოცდახუთი დოლარი მოსთხოვეს), ფეხში დაჭრა იქვე გამვლელი ზანგი ქალი, მაგრამ მაიორ დე სპეინს მაშინვე მოუხდა ზარალის ანაზღაურება. დე სპეინმა და მაკქასლინმა ერთმანეთს შორის ქაღალდი გაითამაშეს, ვის მინის გატეხისათვის უნდა გადაეხადა და ვის - ქალის დაჭრისათვის. წელს, ნადირობის პირველსავე დილას, ბუნს პირდაპირ ბანაკში შეეფეთა ქორბუდა. ბიჭმა გაიგონა ბუნის ძველი თოფის ხუთჯერ დაქუხება და შემდეგ ყვირილიც:
- მიდის ეს წყეული! გზა გადაუჭერი! წინ დაუხვდი! - ადგილზე რომ მივიდა, ბიჭმა დაინახა, რომ ხუთი გასროლილი ვაზნიდან ირმის ნაკვალევამდე სულ ოციოდე ნაბიჯიღა თუ იქნებოდა.
იმ ღამით ბანაკში ხუთმა ჯეფერსონელმა სტუმარმა გაათია ღამე: მისტერ ბაიარდ სარტორისმა ვაჟითურთ, ქომპსონის ვაჟმა და კიდევ ორმა სხვამ. მეორე დილით ნისლი ჩამოწვა და წვრილად ცრიდა, როგორც ეშმა იწინასწარმეტყველა. ბიჭმა ფანჯარაში გაიხედა და ოცზე მეტი კაცი დაინახა. ათეული წლების განმავლობაში ეს ადამიანები ამარაგებდნენ ბებერ ბენს, ამარაგებდნენ მარცვლეულით, ღორებითა და ხბორებით. ახლა კი იდგნენ აქ წვრილი წვიმის ქვეშ, ძველი ქუდები ეხურათ, გაცრეცილი ქურთუკები და კომბინეზონები ეცვათ. ასეთ ტანსაცმელს ქალაქელი ზანგი უკვე დიდი ხანია გადაყრიდა ან დაწვავდა. ძველი, უწრთობი ფოლადის თოფებიც კი ყველას არ ჰქონდა. გაუცვეთელი მხოლოდ რეზინის ჩექმები ეცვათ. სანამ ისინი საუზმობდნენ, კიდევ მოვიდა თხუთმეტიოდე ცხენოსანი და ქვეითი: ტყის მჭრელები იმ უბნიდან, რომელიც ბანაკიდან ცამეტი მილით იყო დაშორებული, მუშები ჰოუკსის ხეტყის სახერხი ქარხნიდან, ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის კონდუქტორი - მას ერთადერთს ჰქონდა თოფი. ამრიგად, იმ დილით მაიორმა დე სპეინმა ტყეში წაიყვანა რაზმი, რომელიც მხოლოდ აღჭურვილობით, და არა რიცხობრივად, თუ ჩამოუვარდებოდა იმ რაზმს, რომელსაც იგი სარდლობდა 64 და 65 წლების შავბნელ დღეებში. ბანაკის პატარა ეზო ვერ იტევდა მომსვლელებს. ზოგიერთი ეზოს გარეთაც იდგა. აქვე იყო თავის ჭაკ ცხენზე ამხედრებული მაიორი დე სპეინიც. იგი ელოდებოდა, როდის გატენიდა ეში კარაბინს გაქონილი ვაზნებით და მიაწოდებდა. მის ფეხებთან გარინდებული იდგა არა ძაღლივით, არამედ ცხენივით უზარმაზარი ჟღალი ქოფაკი და მთვლემარე თვალებს აფახულებდა: იგი თითქოს ყრუ და ბრმა იყო ყოველივე იმის მიმართ, რაც ტყის გარშემო ხდებოდა, თვით მეძებარი ძაღლების გნიასის მიმართაც. ეს ძაღლები კი საბლებით გამოიყვანეს ბუნმა და ჯიმმა.
- დღეს კეიტზე შეჯდეს გენერალი ქომპსონი, - თქვა მაიორმა დე სპეინმა, - შარშან მან დაადინა სისხლი ნადირს. თვინიერ ჯორზე რომ მჯდარიყო, უეჭველად...
- არა, - თქვა გენერალმა ქომპსონმა, - მე უკვე ბებერი ვარ იმისათვის, რომ ცხენზე ან ჯორზე შევჯდე და ნადირს ვდიო ტყეში. გარდა ამისა, შარშან მე ხელიდან გავუშვი ჩემი შანსი. დღეს საფარში დავდგები. კეიტზე კი მინდა ეს ჩვენი ბიჭუნა შეჯდეს.
- არა, მოითმინეთ, - თქვა მაკქასლინმა, - აიკს მთელი ცხოვრება წინ აქვს, ნადირობაც და დათვებიც. სხვა ვინმე შეჯდეს...
- არა, - შეაწყვეტინა ქომპსონმა, - კეიტზე შეჯდება აიკი. იგი ჩემზე და შენზე უკეთესად იცნობს ტყეს, ათი წლის შემდეგ კი უოლტერსაც გაუტოლდება.
ბიჭმა არ დაიჯერა გენერალ ქომპსონის ნათქვამი, სანამ იგი მაიორმა დე სპეინმა არ დაადასტურა. და აი, ბიჭი უკვე ზის ცალთვალა ჯორზე: ამ ჯორს არ აფრთხობს ველური სისხლი. ბიჭი შესცქერის დე სპეინის უზანგების გვერდით მდგომ ქოფაკს. ღრუბლიანი დღის ნისლოვან სინათლეში ქოფაკი ხბოზე უფრო დიდი მოჩანს, გაცილებით დიდი, ვიდრე სინამდვილეშია. მას დიდი თავი აქვს, მკერდიც ერთობ განიერი, ჟღალი ბეწვის ქვეშ კუნთები არ ებურცება, ვინმეს ან რაიმეს შეხებისაგან არ თრთის, რადგან იმ გულს, რომელიც სისხლს მიმოაქცევს ამ კუნთებში, არავინ და არაფერი უყვარს ამქვეყნად. დგას ცხენივით და თითქოს მისგან განსხვავებულადაც, რადგან ცხენი სისწრაფესა და სიმძიმეს უკავშირდება ლომა კი განასახიერებდა არა მარტო გულადობასა და ყოველივე იმას, რაც მოასწავებს დადევნების, დაწევის, მოკვლის ჟინსა და მისწრაფებას, არამედ სიმტკიცესაც და იმის ნებისყოფასაც, რომ დაწევისა და მოკვლის ამ მისწრაფებაში გადაილახოს ძეხორციელისათვის წარმოსადგენ შეუპოვრობის ყოველი ზღვარი. ქოფაკს ძაღლების ჩვეულებრივი გნიასისათვის ყურიც არ უთხოვებია. თავი მაღლა ასწია და ბიჭს შეხედა თავისი ყვითელი თვალებით, ბუნის თვალებივით უმეტყველო თვალებით. ამ თვალებში არ ჩანდა არც ბიწიერება, არც დიდსულოვნება, არც სიკეთე და არც ბოროტება. ეს თვალები მხოლოდ ცივი და მთვლემარე იყო. მერე ლომამ თვალები დააფახულა და ბიჭი მიხვდა, რომ იგი მას არ უყურებდა, ქოფაკმა ყოველგვარი მღელვარების გარეშე მიაბრუნა თავი მისკენ.
იმ დილით ბიჭმა გაიგონა ნადირობის პირველი ჟრიამული. სანამ სემი და ჯიმი ფორნიდან გამოხსნილ ცხენსა და ჯორს კაზმავდნენ, ლომა თვალს მიეფარა. მერე მეძებრებმაც დაიწყეს ფათური, მიწა დაყნოსეს, აწკმუტუნდნენ და მალე გაუჩინარდნენ ტყეში. მათ კვალს მიჰყვნენ ბიჭი, მაიორი დე სპეინი, სემი და ჯიმი. სველი ტყის სიღრმიდან - დაახლოებით ორასი ნაბიჯის სიშორიდან - მათ მოესმათ პირველი, გამყინავი, თითქმის ადამიანის კივილის მაგვარი ხმა, ბიჭისათვის ნაცნობი ხმა. მერე სხვა ძაღლებიც აყეფდნენ და ტყის დაბინდული სივრცე მოგუგუნე ხმაურით აივსო. მხედრებმა სადავეები მიუშვეს. ბიჭს ეგონა, რომ ორივეს ხედავდა - დათვსაც და ქოფაკსაც. დიდი, ჟღალი ქოფაკი შეუპოვრად და ხმაამოუღებლად მიქროდა, წინ კი ორთქლმავალივით მიშლიგინებდა უზარმაზარი დათვი, როგორც ოთხი წლის წინ ჯაგნარში მიშლიგინებდა გაუგონარი სისწრაფით. გაჭენებული ჯორები უკან რჩებოდნენ. ერთხელ იჭექა თოფმა. ისინი მეჩხერ ტყეში მიქროდნენ იქითკენ, სადაც ძაღლების წკმუტუნი თანდათან წყდებოდა. გვერდით ჩაურბინეს გამხდარ მარეკს, რომელმაც თოფი გაისროლა. მას ხელი გაქცეული ნადირისაკენ გაეწვდინა, კბილებჩაცვენილი პირი დაეღო და რაღაცას გაჰყვიროდა.
ძაღლების ყეფაში ბიჭმა რაღაც ახალი კილო შენიშნა. წინ, ორასი იარდის მოშორებით, თვალი მოჰკრა ძაღლებს. დათვი მათკენ შემობრუნდა. მერე ლომა გაექანა და ეძგერა მას. დათვმა ტორით მოიგერია იგი, მერე დათვი აყეფებული ძაღლების ხროვაში შევარდა, ერთ ძაღლს ადგილზე გააცხებინა სული და იქაურობას გაეცალა. მხედრების გვერდით მდევარი ძაღლების მთელი რაზმი მიქროდა. ბიჭს მოესმა მაიორ დე სპეინისა და ჯიმის ყვირილი. ჯიმი ცდილობდა ძაღლების უკან მობრუნებას, რისთვისაც პისტოლეტის გასროლასავით გაატყლაშუნა ღვედი. ახლა მხოლოდ ბიჭი და სემ ფადერსი მიაჭენებდნენ ჯორებს. ლომასთან ერთად დათვს ერთი ძაღლიც მისდევდა. ბიჭმა ის ხმით იცნო. ეს იყო შარშანდელი ხვადი მეძებარი, შარშანაც და ახლაც უგუნური, ყოველ შემთხვევაში, უგუნური სხვა ძაღლების თვალსაზრისით. «შესაძლოა, მამაცობაც ეს არის», - გაიფიქრა ბიჭმა.
- მარჯვნივ, მარჯვნივ ავიღოთ გეზი, - მოისმა უკნიდან სემის ხმა, - ვეცადოთ, მდინარესთან არ მივუშვათ.
ახლა ისინი შამბნარში იყვნენ. ბუჩქნარიც ჰქონდათ გასავლელი. ბიჭმა სემზე ნაკლებ როდი იცოდა გზები. ბუჩქნარიდან თითქმის ზედ ბილიკზე გავიდნენ. ეს ბილიკი შამბნარის გავლით მიემართებოდა მდინარის მაღალი, შიშველი ნაპირისაკენ. ყრუდ იჭექა უოლტერის შაშხანამ - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ.
- არა, - თქვა სემმა, - მე მესმის ხვადი მეძებრის ყეფა. გავწიოთ წინ.
ვიწრო, უკამარო გვირაბიდან - მოშრიალე ლელიანიდან ისინი ხრამის თავზე ავიდნენ. ხრამის ძირში მოჩანდა მდორე, ყვითელი წყალი. იგი თითქოს უძრავად იდგა და არ ირეკლავდა ზემოდან ჩამონაშუქ მკრთალ სინათლეს. ახლა ბიჭსაც ესმოდა ხვადის ყეფა. ძაღლი თითქოს ნადირს არ მისდევდა, ადგილზე ყეფდა გამწარებით. ნაპირის გასწვრივ გამორბოდა ბუნი. მას თავისი ძველი თოფი მხარზე ეხლებოდა, ღვედის ნაცვლად თოფს ბამბის თოკი ჰქონდა გამობმული. ბუნი მკვეთრად შემობრუნდა, ბიჭთან მიირბინა. მას მხეცის სახე ჰქონდა. ახტა და ცალთვალა ჯორზე გადამჯდარ ბიჭს უკან შემოუჯდა:
- ის ოხერი ნავი! - იყვირა მან, - მეორე მხარეს არის მიყენებული! დათვიც პირდაპირ იმ ნაპირისაკენ წავიდა! ლომამ არ დაანება გადაცურვა. ლომას ხვადი მეძებარიც დაეხმარა, მაგრამ ლომა ისე ახლოს იყო დათვთან, რომ სროლა არ შეიძლებოდა!
- გააჭენე! - ყვიროდა ბუნი, თანაც ჯორს ქუსლებს ურტყამდა ფერდებში, - გააჭენე!
ისინი ჩორთით დაეშვნენ დაბლა. სველ მიწაზე ჯორს ფეხი უსხლტებოდა. ძეწნებქვეშ გაიარეს და წყალში შევიდნენ. ბიჭს სიცივე არ უგრძნია, არც ჟრუანტელს აუტანია. ერთი ხელით თოფი წყალს ზემოთ ასწია, მეორე ხელი კი კეხს ჩასჭიდა. წყალში შეცურებული ჯორის ზურგიდან ბიჭი ერთ მხარეს გადაიხარა, ბუნი - მეორე მხარეს. სადღაც მათ უკან სემიც იყო, მაგრამ უეცრად მათ ირგვლივ მდინარე ძაღლებით აივსო.
ძაღლები ჯორებზე უფრო სწრაფად მიცურავდნენ. ჯორებს ჯერ მდინარის ფსკერზე ფეხიც არ დაედგათ, რომ ძაღლები უკვე ციცაბო ნაპირზე ბობღვით ადიოდნენ, იმ ნაპირიდან კი მაიორი დე სპეინი აქეზებდა ძაღლებს. ბიჭმა უკან მოიხედა და დაინახა, როგორ შედიოდა წყალში ცხენზე გადამჯდარი ჯიმი.
ახლა მათ წინ გაშლილი ტყე და წვიმით გაჟღენთილი ჰაერი ხმაურითა და გნიასით აივსო. გაბმული და ზარივით მრეკავი ხმები აწყდებოდა მეორე ნაპირს, იქ თითქოს ნაწილ-ნაწილ იფანტებოდა, ისევ ერთდებოდა, მქუხარებდა და რეკავდა. ბიჭს ეჩვენებოდა, რომ ამ მხარის ყველა მეძებარი მას შეჰყმუოდა. წყლიდან ამომავალ ჯორს ბიჭმა ფეხი გადაადო ზურგზე. ბუნს კი ჯორზე შეჯდომა არც უცდია, მხოლოდ უზანგს ჩაეჭიდა. ხრამის თავზე აირბინეს, სანაპიროს ბუჩქნარი გაიარეს და დათვი დაინახეს - უკანა ფეხებზე შემდგარი ზურგით ხეს მიყრდნობოდა, ირგვლივ ძაღლები უტრიალებდნენ და გამწარებით უყეფდნენ. და აი, აქ ლომამ ისევ გააკეთა ელვისებური ნახტომი.
ამჯერად დათვმა იგი ვერ წააქცია, ორივე ტორი მოხვია, თითქოს სიყვარულით ჩაიკრა გულშიო და ორივე მიწაზე დაეცა. ბიჭი ჯორიდან ჩამოხტა, თოფის ჩახმახები ფეხზე შეაყენა, მაგრამ ჭრელი ძაღლების გნიასსა და ზედახორაში ვერაფერი გაარჩია, სანამ მიწიდან კვლავ არ წამოიმართა დათვი. ბუნი რაღაცას ყვიროდა, მაგრამ ვერაფერს გაარჩევდით. ამ დროს ბიჭმა დაინახა: ლომა კბილებით ისე ჩასჭიდებოდა ყელში დათვს, რომ პირდაპირ ეკიდა ზედ. ნახევრად წამომდგარმა დათვმა კი ტორის ერთი დაკვრით ხუთ-ექვს ნაბიჯზე გადაისროლა ერთ-ერთი მეძებარი. მერე თანდათან აიმართა, თითქოს უსასრულოდ იწევდა მაღლა. წელში გასწორდა, ყალყზე შედგა და ბრჭყალებით ლომას მუცლის ბდღვნა დაუწყო. ბუნი წინ გავარდა. მას ხელში მკრთალად მოლაპლაპე დანა ეჭირა. იგი ზოგ ძაღლს ზევიდან გადაახტა, ზოგს ფეხი გაჰკრა და დათვს პირდაპირ ზურგზე შეახტა, როგორც წეღან ჯორს მოახტა ბიჭის უკან. ფეხები დათვის ფერდებს შემოასალტა, მარცხენა ხელი დათვის ყელს ამოსდო იქ, სადაც ლომას კბილები ჰქონდა ჩასობილი. სწორედ ამ დროს ბიჭმა თვალი მოჰკრა, როგორ აღმართა ბუნმა მოელვარე დანა და ჩასცა დათვს.
დანა მხოლოდ ერთხელ ჩასცა. წამით ისინი ქანდაკებათა ჯგუფს დაემსგავსნენ: დათვი, დათვის ყელზე კბილებით ჩამოკიდებული ქოფაკი და დათვზე შემჯდარი კაცი, რომელიც ღრმად ჩარჭობილ დანას უტრიალებდა სხეულში დათვს. უეცრად ყველა ერთად წაიქცა, ყველა ბუნს დააწვა, რადგან მისმა სიმძიმემ გადასძლია. მერე პირველად დათვის ზურგი წამოიწია, მაგრამ ბუნი ისევ შეაჯდა მას. ბუნს დანის ტარისთვის ხელი არ გაუშვია. ბიჭმა ისევ მოჰკრა თვალი ბუნის ხელისა და მხარის თითქმის სრულიად შეუმჩნეველ მოძრაობას. მერე დათვი სულ წამოდგა უკანა ფეხებზე, კაციც და ქოფაკიც თან აზიდა, შემობრუნდა, ორჯერ თუ სამჯერ ადამიანივით გადადგა ნაბიჯი ტყისაკენ და მიწას დაენარცხა. დათვი არ მოღვენთილა, ქედი არ მოუხრია, დაეცა როგორც მოჭრილი ხე. სამივენი - კაციც, ძაღლიც და დათვიც - ზამბარასავით ასხლტნენ მიწიდან.
ბიჭმა და ჯიმმა მიირბინეს იქ, სადაც ბებერი ბენი დაეცა. ჩაჩოქილი ბუნი დათვის თავთან ფათურობდა, მას მარცხენა ყური სულ დაფლეთილი ჰქონდა, ქურთუკის მარცხენა სახელო მთლიანად მოგლეჯილი, მარჯვენა ჩექმის ყელი თავიდან ბოლომდე ჩახეული; წვივზე, ხელზე, მკლავსა და სახეზე (ამჟამად არა ველურ, არამედ სრულიად მშვიდ სახეზე) ალისფერი სისხლი სდიოდა. სისხლს წვიმის წვეთები ერეოდა. ბიჭმა და ბუნმა ლომას ყბები გაუხსნეს და დათვის ყელს მოაშორეს.
- ფრთხილად, თქვე ოხრებო, - თქვა ბუნმა, - განა ვერ ხედავთ, რომ შიგნეული სულ გარეთ აქვს გამოყრილი?
- ბუნმა ქურთუკის გახდა დაიწყო, თანაც ჯიმს წყნარი ხმით უთხრა:
- ამოაცურე აქ ნავი, ქვემოთ არის, აქედან დაახლოებით ას ნაბიჯზე. წეღან დავინახე, - ჯიმი ადგა და უსიტყვოდ წავიდა. ბიჭს აღარ ახსოვდა მერე, ჯიმმა დაუძახა თუ შემთხვევით ასწია თავი. მან დაინახა, როგორ შეჩერდა ჯიმი ტალახში პირქვე ჩამხობილ სემ ფადერსთან.
არა, ის ჯორს არ გადმოუგდია. ბიჭს ახსოვდა, რომ სემიც ჯორიდან ჩამოხტა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ბუნი დათვს ეძგერებოდა. ჭრილობის ან დაჟეჟილობის არავითარი ნიშანი არ ეტყობოდა. როცა ბიჭმა და ბუნმა პირაღმა გადმოატრიალეს, სემს თვალები ღია ჰქონდა, მან რაღაც თქვა იმ ენაზე, რომელ ენაზედაც ზოგჯერ ელაპარაკებოდა ჯო ბეიკერს - თავის უკანასკნელ თვისტომს, მაგრამ სემმა ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო. ჯიმმა კბოდესთან მოაყენა ნავი. ისმოდა მისი და მაიორ დე სპეინის გადაძახ-გადმოძახება მდინარეზე. ბუნმა ლომა გაახვია თავის დაფლეთილ სანადირო ქურთუკში და ისე გადაიტანა ნავში, იქვე გადაიტანეს სემიც. შემდეგ ცალთვალა ჯორის კეხს ღვედით გამოაბეს დათვი და კბოდედან ჩაათრიეს ნავში. ჯიმი ნაპირზე დარჩა, რომ ცხენი და ორი ჯორი მდინარეზე გადაეცურებინა. ნავი ნაპირზე არც კი იყო მიმდგარი, რომ ბუნი გადახტა ნავიდან. მაიორმა დე სპეინმა ნავის ცხვირს ჩაავლო ხელი და ნაპირისაკენ გაათრია. მან ბებერ ბენს დახედა და ხმადაბლა თქვა: «ასე». მერე დე სპეინი ჩავიდა წყალში, დაიხარა და ხელი შეახო სემს. სემმა ამოხედა მას და კვლავ რაღაც თქვა თავის ძველ ენაზე, რომელზედაც იგი ელაპარაკებოდა ჯო ბეიკერს...
- შენ არ იცი, რა დაემართა? - ჰკითხა მაიორმა დე სპეინმა ბიჭს.
- არა, არ ვიცი, სერ, - უპასუხა ბიჭმა, - ჯორიდან არ ჩამოვარდნილა, უფრო ადრე ჩამოხტა, ვიდრე ბუნი მიეჭრებოდა დათვს. მერე კი ვნახეთ, რომ ეს კაცი მიწაზე ეგდო პირქვე ჩამხობილი.
ბუნი უყვიროდა ჯიმს, რომელიც მხოლოდ შუა მდინარემდე იყო მისული:
- ღმერთმა დაგლახვროს, ჩქარა გამოდი! მომიყვანე ჯორი!
- რად გინდა ჯორი? - შეეკითხა მაიორი დე სპეინი.
ბუნს არც კი მიუხედავს მისკენ.
- ჰოუკსში მივდივარ ექიმისათვის, - თქვა მან მშვიდად, სისხლით მოსვრილი სახეც სრულიად მშვიდი ჰქონდა. ამ სახეზე სისხლს განუწყვეტლივ რეცხავდა წვიმა.
- ექიმი თვითონ შენ გჭირდება, - უთხრა მაიორმა დე სპეინმა, - ჯიმი...
- ჯანდაბას ყველაფერი, - მიუბრუნდა ბუნი მაიორ დე სპეინს. ბუნს სახე ისევ მშვიდი ჰქონდა, მაგრამ ოდნავ ხმამაღლა უთხრა მაიორს:
- ვერ ხედავთ, რომ დათვს ამისთვის მთელი შიგნეული გამოუყრევინებია?
- ბუნ! - წარმოთქვა მაიორმა დე სპეინმა. ისინი ერთმანეთს შეჰყურებდნენ. ბუნი მთელი თავით მაღალი იყო მაიორზე ახლა დე სპეინს სიმაღლეში თვით ბიჭმაც კი გაუსწრო.
- ექიმია საჭირო, - თქვა ბუნმა, - ამას ნაწლავები...
- კარგი, - თქვა დე სპეინმა. ჯიმი მდინარიდან ნაპირზე გამოვიდა. ცხენმა და მეორე ჯორმა უკვე იკრეს ბებერი ბენის სუნი, ყალყზე შედგნენ, მერე იქით გაჭენდნენ და ჯიმიც თან წაათრიეს. ჯიმმა მხოლოდ კბოდეს თავზე შეძლო მათი შეჩერება. ორივე იქვე დააბა და უკან გამობრუნდა. მაიორმა დე სპეინმა საღილედან მოიხსნა კომპასი და ჯიმს გადასცა:
- დაუყოვნებლივ წადი ჰოუკსში ექიმ კროფორდის მოსაყვანად. უთხარი, რომ ბანაკში ორი კაცია გასასინჯი. შეჯექი ჩემს ცხენზე. აქედან გზას გაიგნებ?
- დიახ, სერ, - უპასუხა ჯიმმა.
- კარგი, - უთხრა მაიორმა დე სპეინმა, - აბა, გასწი. მერე ბიჭს მიუბრუნდა, - წაიყვანე ჯორები და ცხენი, ფორანში შეაბი. ჩვენ ნავით ჩამოვალთ კუნის1 ხიდთან. იქ შევხვდებით ერთმანეთს. შეგიძლია გზის გაგნება?
- დიახ, სერ, - უპასუხა ბიჭმა.
- კეთილი, შეუდექი საქმეს.
ბიჭი დაბრუნდა ფორანთან. მხოლოდ აქ შეამჩნია, რა შორს მიჰყოლოდნენ დათვს. შუადღე უკვე გადასული იყო, როცა ჯორები ფორანში შეაბა, ცხენი კი თოკით გამოაბა უკან. მხოლოდ საღამო ჟამს მიაღწია კუნის ხიდამდე. ნავი უკვე იქ იყო. მდინარე გამოჩნდა თუ არა, ბიჭი იძულებული გახდა, სადავეები ხელში მაგრად დაეჭირა და ისე ჩამომხტარიყო გადაფერდებული ფორნიდან, რომ წინ გაესწრო მისთვის, ხელი ეტაცა ლაგამში და ყურში ჩაფრენოდა დაფეთებულ ჯორს, ქუსლები კბოდესთვის მიებჯინა და ასე გაეჩერებინა ჯორი, სანამ ქვემოდან ბუნი მოუსწრებდა. ცხენმა უკვე გაწყვიტა თოკი და ბანაკისკენ გავარდა. ფორანი ზურგით მიაბრუნეს მდინარისკენ და ჯორები გამოხსნეს. ბიჭმა დაფეთებული ჯორი ასი ნაბიჯით მოაშორა იმ ადგილს და გზის ახლოს დააბა. ამასობაში ბუნმა ლომა ნავიდან ფორანში გადაიტანა. სემი ახლა კი აღარ იწვა ნავში, არამედ იჯდა. ფეხზე რომ წამოაყენეს, დიდი გაჭირვებით გადმოვიდა ნაპირზე და შეეცადა ფორანზე ასულიყო, მაგრამ ბუნმა - არც აცივა, არც აცხელა - იღლიებში ჩაავლო ხელი და ფორნის მერხზე დასვა. ცალთვალა ჯორის კეხს ისევ მიაბეს ღვედით ბებერი ბენი და ფორანთან მიათრიეს. ფორნის უკანა მხარეს ორი ლატანი მიადგეს და ასე აიტანეს ფორანში დათვი. მერე ბიჭმა დაფეთებული ჯორიც მოიყვანა და ბუნმა მას მანამ ურტყა ხელი მაგარ დრუნჩში, სანამ იგი კანკალით გვერდში არ ამოუდგა ცალთვალა ჯორს. უეცრად თქეში წამოვიდა, თითქოს წვიმა მთელი დღე თავს იკავებდაო.
ისინი ბანაკში ბრუნდებოდნენ თავსხმაში, უკუნეთ სიბნელეში. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ბანაკის სინათლე გამოჩნდებოდა, ბუკის ხმა და გზის მანიშნებელი სროლა მოესმათ. სემის პატარა, ბნელ ქოხთან რომ მივიდნენ, სემმა წამოდგომა მოინდომა. მან ისევ თქვა რაღაც თავისი წინაპრების ენაზე, მერე გარკვევით წარმოთქვა: - გამიშვით, გამიშვით, უნდა ჩამოვიდე!
- ცეცხლიც კი აღარ გაქვს ქოხში! - მკვახედ თქვა მაიორმა.
მაგრამ სემი უკვე წამოდგომას ცდილობდა.
- გამიშვი, ბატონო, შინ გამიშვი.
ბიჭმა გააჩერა ჯორები. ბუნმა ფორნიდან ჩამოიყვანა სემი, ფეხზე დადგომა არც კი აცალა, ისე აიტაცა ხელში და ქოხში შეიყვანა. მაიორმა დე სპეინმა კერაზე ნაცარი მოქექა და ჩაუქრობელი ნაკვერჩხალი მოძებნა, დახვეულ ქაღალდს ცეცხლი წაუკიდა და ლამპა აანთო. ბუნმა სემი ტახტზე დააწვინა, ჩექმები გახადა, მაიორმა დე სპეინმა კი საბანი წაახურა. ამ დროს ბიჭი ქოხში არ იყო, ის ჯორებთან დარჩა, რათა ლაგამში ჩაევლო ხელი იმ მეორე ჯორისთვის, რომელიც ფეთდებოდა და ფრთხებოდა, რადგან, როგორც კი ფორანი შეჩერდებოდა, ირგვლივ წყვდიადში ჰაერი ბებერი ბენის სუნით იჟღინთებოდა.
- სემს თვალები, ალბათ, ისევ ღია აქვს, - ფიქრობდა ბიჭი, - ალბათ, მოწამებრივად იცქირება შორს, ქოხსა და მონადირეებს მიღმა, მკვდარ დათვსა და მომაკვდავ ქოფაკს მიღმა.
მერე გზა განაგრძეს, ბუკის გაბმულ ღმუილსა და თოფის თანაბარ სროლას მიჰყვნენ. თოფის თითოეული გასროლა თითქოს წყვდიადში დაეკიდებოდა ხოლმე, სანამ შემდეგი სროლის ხმა არ შეერწყმოდა. ბოლოს მიუახლოვდნენ განათებულ სახლს, გაჩირაღდნებულ ფანჯრებს, მდუმარე ადამიანებს. ეს ადამიანები უყურებდნენ, როგორ შედიოდა სახლში გასისხლიანებული, მაგრამ დამშვიდებული ბუნი და თან შეჰყავდა გასისხლიანებულ ქურთუკში გახვეული ლომა. მან ლომა თავის აშმორებულ, უზეწრო ქვეშაგებზე დააწვინა. ამ ქვეშაგების გასწორება არ შეეძლო თვით ეშსაც კი, ვისაც ქალივით ემარჯვებოდა სახლის დალაგება.
ჰოუკსის ხეტყის სახერხი ქარხნიდან უკვე მოვიდა ექიმი. ბუნმა იგი არ მიიკარა, ჯერ ლომას მიხედოსო. ექიმმა ვერ გაბედა ქლოროფორმის ხმარება, ლომას გადმოყრილი შიგნეული ჩაულაგა და გაუყუჩებლად გაუკერა მუცელი. მაიორ დე სპეინს ლომას თავი ეჭირა ხელში, ბუნს კი ფეხები, მაგრამ ლომა ერთხელაც არ განძრეულა. იგი იწვა და ყვითელი თვალებით მისჩერებოდა რაღაცას იმ ადამიანების მიღმა, რომლებიც ძველ და ახალ სანადირო ტანსაცმელში გამოწყობილნი შეგროვილიყვნენ პატარა, უჰაერო ოთახში, სადაც ბუნისა და მისი ტანსაცმლის სუნი იდგა. შემდეგ ექიმმა ბუნს გაუწმინდა ჭრილობები სახეზე, მკლავსა და ფეხზე და ბანდით შეუხვია. მერე ბიჭი ფარნით გაუძღვა წინ ექიმს, მაკქასლინს, მაიორ დე სპეინს და ქომპსონს - ისინი სემის ქოხისკენ გაემართნენ... ჯიმს იქ უკვე დაენთო ცეცხლი, თვითონ მისჯდომოდა კერას და თვლემდა. სემი ისევ ისე იწვა, როგორც ბუნმა დააწვინა და მაიორმა დე სპეინმა საბანი წაახურა. ახლა კი სემმა თვალები გაახილა და ქოხში შესულებს შეხედა. როცა მაკქასლინმა მხარზე ხელი შეახო და უთხრა, ექიმს შენი გასინჯვა უნდაო, მან საბნიდან ხელებიც კი ამოიღო და პერანგის ღილებს მოუფათურა, მაგრამ მაკქასლინმა უთხრა:
- დაიცა, ჩვენ შეგიხსნით! - სემს ტანსაცმელი გახადეს. მას სპილენძივით მოლაპლაპე ყავისფერი სხეული ჰქონდა, ტყის უძველესი მკვიდრის თითქმის უთმო სხეული, სხეული იმ ბერიკაცისა, ვისაც არც ბავშვები, არც ნათესავები და არც ვინმე თავისიანი ჰყავდა. იგი იწვა უძრავად, თვალგახელილი, მაგრამ ახლა აღარავის უცქერდა. ექიმმა გასინჯა, საბნები წააფარა, სტეტოსკოპი აბგაში ჩადო და საკეტმა გაიტკაცუნა. ახლა მხოლოდ ბიჭმა იცოდა, რომ აღარც სემს ეწერა სიცოცხლე.
- დისტროფიაა, შესაძლოა, შოკიც იყოს, - თქვა ექიმმა, - მაგ ხნის კაცისათვის მდინარის გადაცურვა, ისიც დეკემბერში, ძნელი საქმეა. კარგად გახდება, მხოლოდ ორი-სამი დღე უნდა იწვეს. არის ვინმე ისეთი, ვინც დარჩება მასთან?
- არის, - უპასუხა მაიორმა დე სპეინმა.
ისინი სახლში დაბრუნდნენ. იქ დახუთულ პატარა ოთახში ლეიბზე ისევ ისე იჯდა ბუნი და ლომას თავს ხელს არ აშორებდა. ის ადამიანები, ვისთვისაც ლომა ნადირს ერეკებოდა და ვისაც ყურმოკრულად ჰქონდა გაგონილი მისი ამბავი, ჩუმად შემოდიოდნენ, რათა ქოფაკისათვის შეეხედათ და წასულიყვნენ. გათენდა თუ არა, ყველანი ეზოში გავიდნენ ბებერი ბენის სანახავად. ბენსაც თვალები ღია ჰქონდა, გადალესილი კბილები - დაღრეჯილი, თათი - ხუნდით დასახიჩრებული. ტყავქვეშ გამაგრებული ნატყვიარები ჰქონდა (ორმოცდათორმეტი ცალი მსხვილი საფანტისა, შაშხანისა და მრგვალი ტყვიისა), მარცხენა მხარის ქვეშ კი ძლივს შესამჩნევი ერთადერთი ნაჩვრეტი. სწორედ ამ ნაჩვრეტის მეშვეობით მიაღწია ბუნის ბასრმა დანამ დათვის გულამდე. მერე ეშმა ტაშტის ძირს მძიმე კოვზი დასცხო, ხალხს საუზმისთვის მოუხმო. ბიჭის ხსოვნაში პირველად მოხდა, რომ მთელი საუზმის განმავლობაში ძაღლები არ აფუსფუსდნენ სამზარეულოს ქვეშ. ეტყობოდა, ბებერი დათვი მკვდარიც კი შიშის ზარს სცემდა მათ. ამ შიშის გადალახვა ლომას გარეშე ძაღლებს არ შეეძლოთ.
ღამით წვიმამ გადაიღო, დილით კი მკრთალი მზე ამოვიდა. მზემ სწრაფად გაფანტა ღრუბლები და ნისლი, გაათბო ჰაერი და მიწა. დადგა დეკემბრის უქარო დღე - ერთ-ერთი იმ მისისიპურ დღეთაგან, რომლებიც გვიანი შემოდგომის დღეებს ჰგვანან. ლომა აივანზე გაიყვანეს და მზის გულზე დააწვინეს. ეს ბუნს მოუვიდა თავში.
- ღმერთმა დასწყევლოს, - თქვა ბუნმა, - მაგას ხომ ოთახში ყოფნა არასდროს უყვარდა, მხოლოდ მე ვაიძულებდი. ეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ, - ლომა რომ არ შეეწუხებინა, ბუნმა ძალაყინით ააგლიჯა იატაკს ის ფიცრები, რომლებზედაც ლეიბი ეგო. ლომა ქვეშაგებიანად გაიყვანეს გარეთ და ტყისკენ პირმიქცეული დააწვინეს.
მერე ბიჭი, ექიმი, მაკქასლინი და მაიორი დე სპეინი წავიდნენ სემის ქოხისაკენ. სემს თვალები არ გაუხელია, მშვიდად, წყნარად სუნთქავდა, თითქმის არც ემჩნეოდა, რომ სუნთქავდა. ექიმს მისთვის არც ხელი და არც სტეტოსკოპი არ დაუკარებია.
- კარგად არის, - თქვა ექიმმა, - არც კი გაციებულა. უბრალოდ, მისმა ორგანიზმმა მუშაობაზე უარი თქვა.
- უარი თქვა? - შეეკითხა მაკქასლინი.
- დიახ, ბებრებს ზოგჯერ ასე ემართებათ. გამოიძინებს ან ერთ ჭიქა ვისკის გადაკრავს და სიკვდილს გადაიფიქრებს.
როგორც კი ბანაკში დაბრუნდნენ, ხალხმა დაიწყო მოსვლა. მოდიოდნენ ჭაობიანი ადგილების გაძვალტყავებული მცხოვრებნი, რომლებიც ქინაქინით იცავდნენ თავს ციებ-ცხელებისაგან და ხუნდებით იჭერდნენ ენოტებს. მოდიოდნენ დაბლობის ირგვლივ მდებარე სიმინდისა და ბამბის ნაკვეთების ფერმერები, რომელთა ნათესებს, ბეღლებსა და ფარეხებს აჩანაგებდა ბებერი დათვი. მოდიოდნენ ხისმჭრელები - მეზობელი უბნებიდან, ჰოუკსელი მხერხავები დაა მოქალაქენი ჰოუკსზე უფრო შორს მდებარე ადგილებიდან. ბებერი დათვი ხოცავდა ამათ ძაღლებს, ამსხვრევდა ამათ ხაფანგებსა და მახეებს, ტყავქვეშ ატარებდა ამათ ნასროლ ტყვიებს. ესენი მოდიოდნენ ცხენებით, ქვეითად, საზიდრებით, შედიოდნენ ეზოში და დათვის დათვალიერებას რომ მოათავებდნენ, ადიოდნენ აივანზე, სადაც ლომა იწვა. მალე პატარა ეზო ხალხით გაიჭედა. თითქმის ასამდე კაცი შეგროვდა, ზოგი იჯდა, ზოგი ფეხზე იდგა. თბილ და ძილისმომგვრელ მზის სხივებქვეშ ისინი ხმადაბლა საუბრობდნენ ნადირობაზე, სანადირო ფრინველებსა და ცხოველებზე, მათ მომპოვებელ ძაღლებზე, ისეთ მეძებრებზე, დათვებზე, ირმებსა და ადამიანებზე, როგორებიც გუშინ იყვნენ და დღეს უკვე აღარ არიან. დროდადრო დიდი, ჟღალი ქოფაკი წუთით გაახელდა თვალს და შეხედავდა არა მოსაუბრეებს, არამედ ტყეებს, თითქოს მათი დამახსოვრება სურსო. მზის ჩასვლისას ლომა მოკვდა.
მაიორმა დე სპეინმა იმ ღამეს ბანაკი აყარა. ლომა ტყეში წაიღეს, უკეთ რომ ვთქვათ, ბუნმა თავის საბანში გაახვია და ისე წაიღო, ხელი არავის მოაკიდებინა, როგორც გუშინ ექიმის მოსვლამდე არავის დაანება მიკარება. ბუნს მიჰქონდა ლომა, უკან კი ფარნებითა და ნაძვის ხის ჩირაღდნებით მიჰყვებოდნენ ბიჭი, გენერალი ქომპსონი, უოლტერი და თითქმის ორმოცდაათამდე კაცი - მოსული სხვადასხვა ადგილიდან (ზოგი მათგანი იმ ღამესვე უნდა დაბრუნებულიყო ჰოუკსში და ჰოუკსის იქითაც) და ტყის მცხოვრებნი, რომელთაც ფეხით უნდა ეხეტიალათ მთელი ღამე, რათა მიყრუებულ ადგილებში გაფანტულ თავიანთ ფაცხებამდე მიეღწიათ. ბუნმა ბარიც არავის დაანება, თვითონ ამოთხარა ორმო, ჩასვენა შიგ ლომა და წააყარა მიწა. ანთებული ფისის ალმურსა და კვამლში, შიშველ ტოტებს შორის რომ მიიკლაკნებოდა, გენერალი ქომპსონი საფლავის თავთან დადგა და გამოსათხოვარი სიტყვა თქვა, ისე როგორც მიცვალებულზე იტყვიან ხოლმე. მერე ბანაკში დაბრუნდნენ. ამასობაში მაიორ დე სპეინს, მაკქასლინს და ეშს დაეგორგლათ და შეეკრათ ყველა ქვეშაგები. ჯორები უკვე შეებათ. დატვირთული ფორნის ხელნა მზისკენ იყო მიქცეული. როცა ბიჭმა სამზარეულოში ნავახშმევ მაიორ დე სპეინსა და მაკქასლინთან შეირბინა, ქურა უკვე ჩამქრალი იყო, მაგიდაზე პურისა და ცივი ხორცის ნაჭრები ელაგა, ცხელი მხოლოდ ყავა იყო.
- ეს რა გიქნიათ, - იყვირა ბიჭმა, - რატომ ჩააქრეთ? მე არ მოვდივარ!
- მოდიხარ! - უთხრა მაკქასლინმა, - ჩვენ ყველანი მივდივართ, მაიორს სურს, რომ ჩვენ-ჩვენს სახლებში დავბრუნდეთ!
- არა! მე აქ ვრჩები, - თქვა ბიჭმა.
- ორშაბათს სკოლაში უნდა წახვიდე: შენ ერთი კვირა კი არა, იმაზე მეტიც გააცდინე, ვიდრე მე ვვარაუდობდი. ორშაბათამდე სახელმძღვანელოებს ჩაუჯდები, სხვაფრივ ჩამორჩენას ვერ გამოასწორებ. სემს არაფერი უჭირს. შენ ხომ გაიგონე, რა თქვა ექიმმა კროფორდმა. მე აქ ბუნსა და ჯიმს ვტოვებ, თავზე დაადგებიან, სანამ ფეხზე წამოდგებოდეს.
ბიჭს ბოღმა ახრჩობდა. სამზარეულოში დანარჩენებმაც მოიყარეს თავი. ბიჭმა მათ გააფთრებით შეავლო თვალი. ბუნს ხელში გაუხსნელი ბოთლი ეჭირა. მან ბოთლის ფსკერს ხელი ამოარტყა, კბილებით საცობი ამოაძრო და გადააფურთხა, მერე მოსვა სასმელი.
- შენ სკოლას თავს ნუ არიდებ! - უთხრა ბუნმა, - თორემ წკეპლით კუდს აგიწვავ. მე ქასი არა ვარ, ბოდიშობას არ დაგიწყებ, თუგინდ თექვსმეტის კი არა, სამოცი წლის იყო. რა გამოვა შენგან უსწავლელად? რა გამოვიდოდა ქასისაგან? რა გამოვიდოდა ჩემგან, დასწყევლოს ღმერთმა, რომ სკოლაში არ მევლო?
ბიჭმა ისევ მაკქასლინს შეხედა. იგი ჩქარ-ჩქარა სუნთქავდა, თითქოს სამზარეულოს ჰაერი ყველას არ ჰყოფნიდა.
- დღეს მხოლოდ ხუთშაბათია. ერთ-ერთი ცხენით დავბრუნდები შინ კვირა საღამოს ან თუნდაც დღისით. შუაღამემდე ვიკითხავ წიგნებს და გამოტოვებულ გაკვეთილებს ვისწავლი, მაკქასლინ! - ამბობდა თითქმის სასოწარკვეთილებამდე მისული ბიჭი.
- არა, უკვე გითხარი და გათავდა, - მოუჭრა მაკქასლინმა, - დაჯექი, ივახშმე! მალე წავალთ...
- დაიცა, ქას! - თქვა გენერალმა ქომპსონმა. ბიჭმა ვერც კი შენიშნა, როგორ შემოვიდა გენერალი ქომპსონი, სანამ მან მხარზე ხელი არ დაადო.
- რა მოგივიდა, ყმაწვილო? - ჰკითხა ქომპსონმა.
- მე უნდა დავრჩე! - თქვა ბიჭმა, - უნდა დავრჩე.
- კარგი, დარჩი! - უთხრა გენერალმა ქომპსონმა, - თუ იმის გამო, რომ აქ ერთი ზედმეტი კვირა დაჰყავი, ვიღაც დაქირავებული მასწავლებლის მიერ ფულისათვის შეთითხნილი წიგნი სულს ამოგხდის, მაშინ საჭიროც არ არის სკოლაში იარო. შენ კი, ქას, ჩუმად იყავი, - განაგრძო ქომპსონმა, თუმცა მაკქასლინი ისედაც ჩუმად იყო, - ერთი ფეხი ფერმაში გიდგას, მეორე - ბანკში, ხოლო ძირეულ, ძველისძველ საქმეში ამ ბიჭთან შედარებით შენ ბალღი ხარ. თქვენ - ვიღაც-ვიღაც სარტორისები და ედმონდსები - იგონებდით ფერმებსა და ბანკებს, რათა დამალვოდით იმას, რის ცოდნაც ამ ბიჭს დაბადებიდანვე თან ახლავს. რასაკვირველია, შიშიც თან ახლავს, მაგრამ არა სიმხდალე, ამიტომაც შეძლო გაევლო ათი მილი კომპასის საშუალებით და ენახა დათვი. ამ დათვს ვერც ერთი ჩვენგანი ვერ მიუახლოვდა მარჯვედ სასროლ მანძილზე. მივიდა, ნახა და უკან დაბრუნდა. კომპასის საშუალებით სიბნელეში ათი მილი გამოიარა. შესაძლოა, ეს ღვთისაგან მონიჭებული უნარი უფრო მნიშვნელოვანი რამ არის, ვიდრე ფერმები და ბანკები... რას ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?
მაგრამ ბიჭი ისევ იმას გაიძახოდა:
- მე უნდა დავრჩე.
- კარგი, - დაეთანხმა გენერალი ქომპსონი, - საჭმელ-სასმელი გეყოფათ, ხოლო კვირას შინ დაბრუნდები, როგორც მაკქასლინს დაჰპირდი, საღამოს კი არა, დღისით.
- დიახ, სერ, - უპასუხა ბიჭმა.
- ასე და ამრიგად, მოდი, ვივახშმოთ! - თქვა ქომპსონმა, - გაინძერით, ბიჭებო, დროზე გავემგზავროთ, სანამ სახლამდე მივაღწევდეთ, ალბათ, აცივდება.
ივახშმეს. ფორანი გამზადებული იდგა, საჭირო იყო მხოლოდ შიგ ჩაჯდომა. ბუნი მიიყვანდა მათ ტყის პირამდე, ფერმერის თავლამდე, სადაც ეტლი ელოდათ. ბუნი ფორანთან იდგა, ხელში ბოთლი ეჭირა, შეხვეული თავი მაღლა აეწია და ცის ფონზე ჩალმიანი ბედუინის სილუეტივით მოჩანდა. ბოთლი ტუჩებიდან მოიშორა და იქით გადაისროლა. ცარიელი ბოთლი ყირამალა წავიდა ჰაერში და ვარსკვლავების მკრთალ შუქზე აბრჭყვიალდა.
- ვინც მოდის, ფორანში ჩაჯდეს, ვინც არა, კისერი იტეხოს, - გამოაცხადა ბუნმა. ჩასხდნენ. ბუნი კოფოზე ავიდა, გენერალ ქომპსონის გვერდით დაჯდა. ფორანი დაიძრა. პირველად საგნების გამოსახულებანი გაქრა. მერე გარემომცველ წყვდიადში მოძრავი, ბნელი ბოლქვებიც გაუსახურდნენ. ბიჭს კიდევ დიდხანს ესმოდა, როგორ რახრახებდა ფორანი ოღროჩოღრო გზაზე. რახრახი მიწყდა, მაგრამ ბუნის ხმა მაინც ისმოდა, იგი ცუდად მღეროდა, მაგრამ რიხიანად...
ეს იყო ხუთშაბათს, ხოლო შაბათ დილით ჯიმმა შეკაზმა მაკქასლინის სანადირო ცხენი. ამ ცხენმა ექვსი წელი გამოუსვლელად დაყო ტყეში. საღამოვდებოდა, როდესაც ჯიმი გაოფლილი ცხენით შევიდა იმ ფარდულის ჭიშკარში, სადაც მაკქასლინი მოიჯარადრეებსა და მუშებს ერთი კვირის სურსათ-სანოვაგეს ურიგებდა.
ქალაქში გავლისას დრო რომ არ დაეკარგათ და არ ელოდნათ, სანამ მაიორ დე სპეინის ეტლს გაამზადებდნენ, მაკქასლინის ეტლში ჩასხდნენ და ჯეფერსონისაკენ გასწიეს. ეტლი მიჰყავდა მაკქასლინს, ჯიმს კი უკანა სკამზე ეძინა. ჯეფერსონში მაიორმა დე სპეინმა მხოლოდ ჩექმები ჩაიცვა და ქურთუკი მოისხა. იმ ღამით მათ სიბნელეში გაიარეს მთელი ოცდაათი მილი. კვირას, ინათა თუ არა, ბანაკის ჭაკ ცხენსა და ჯორზე გადასხდნენ, მზის ამოსვლისას იმ გორაკზე ავიდნენ, სადაც ლომა დამარხეს: მიწას ჯერ კიდევ აჩნდა ბუნის ბარის ნაპირალი, ხოლო საფლავის გვერდით ოთხ ბოძზე დამაგრებული იყო ახალმოჭრილი ტოტებისაგან გაკეთებული ჩელტი. ჩელტზე იდო რაღაც საბანში გახვეული. საფლავსა და ჩელტს შორის ჩაცუცქულიყვნენ ბუნი და ბიჭი. ბუნს თავიდან მოეხსნა სახვევი და ბებერი ბენის გრძელი ნაბრჭყალევი სახეზე ისე აჩნდა, როგორც მზეზე გამხმარი შავი ფისი. მაკქასლინისა და მაიორ დე სპეინის დანახვაზე ბუნი ფეხზე წამოხტა და მათ თავისი ძველი თოფი დაუმიზნა (ეს თოფი მას თავის სიცოცხლეში მიზანში არ მოურტყამს), მაგრამ მაკქასლინმა სწრაფად გამოიღო ფეხები უზანგიდან, სანამ ჯორი გაჩერდებოდა, ძირს ჩამოხტა და ბუნისაკენ გაემართა.
- შეჩერდი, - იყვირა ბუნმა, - ღმერთი გამიწყრეს, თუ იმას მიგაკარო. ახლოს არ მოხვიდე, მაკქასლინ, - მაკქასლინი კი სწრაფად და აუღელვებლად უახლოვდებოდა.
- ქას! - დაუძახა მაიორმა დე სპეინმა. მერე კი ბუნს გასძახა, - ბუნ! გესმის შენ! - მაიორიც ჩამოქვეითდა, ბიჭი სწრაფად წამოხტა ფეხზე, მაკქასლინი კი მტკიცედ და აუღელვებლად განაგრძობდა გზას. მივიდა თუ არა ბუნთან, სწრაფი, გაბედული მოძრაობით წაავლო ხელი თოფის ლულას. ლომას საფლავთან ერთმანეთის პირისპირ მდგომი ბუნი და მაკქასლინი წამიერად გაირინდნენ. ბუნი თითქმის მთელი თავით მაღალი იყო მაკქასლინზე. დათვის ბრჭყალებით გადახაზული მისი სახე ახლა დაღლილი, მაგრამ მაინც შეუპოვარი, გაოცებული და გააფთრებული ჩანდა. ბუნი მძიმედ აქოშინდა, მთელი მკერდით დაიწყო სუნთქვა, თითქოს რაც ამ უღრან ტყეში ჰაერი იყო, არ ჰყოფნიდა არც ოთხ კაცს, არც ორს და არც მარტო მას.
- თოფს ხელი გაუშვი, ბუნ! - უთხრა მაკქასლინმა.
- ო, შე ცინგლიანო!.. - თქვა ბუნმა, - იცი, რას გიზამ? მაგას ხელიდან გამოგგლეჯ და ყელზე ჰალსტუხივით შემოგახვევ.
- დიახ, როგორ არა! - უთხრა მაკქასლინმა, - თოფს ხელი გაუშვი, ბუნ!
- ასეთი იყო მისი სურვილი. სწორედ მან გვითხრა, ზუსტად გვითხრა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ღმერთს გეფიცებით, ხელს არ გახლებინებთ! როგორც გვითხრა, ისე დავასაფლავეთ. მას შემდეგ აქ ვზივარ, ვიცავ აფთრებისა და სხვა ტყიურებისაგან. ნებას არ მოგცემთ... - მაკქასლინმა დრო იხელთა, თოფი დაბლა დახარა და ისე სწრაფად გაისროლა, ვგონებ, პირველი დაცლილი ვაზნა მიწაზე არც კი იყო დავარდნილი, რომ სავაზნედან უკვე მეხუთე, უკანასკნელი ვაზნა გადმოვარდა. მაკქასლინმა თოფი იქით მიაგდო. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი თვალებში მისჩერებოდა ბუნს.
- შენ მოკალი იგი, ბუნ? - შეეკითხა მაკქასლინი. ბუნი გაეცალა მაკქასლინს, ნაბიჯი გადადგა. თითქოს ხუთშაბათიდან აქამდე მთვრალი იყო, ხელები წინ გაიშვირა, რომ რამეს დაყრდნობოდა, ბარბაცით წავიდა უახლოესი ხისაკენ, თითქოს კიდევაც დაბრმავდა და ის-ის იყო მიწაზე უნდა დავარდნილიყო, რომ ორივე ხელით მიებჯინა ხის ტანს, შებრუნდა, ზურგით და კეფით მიეყრდნო ხეს. ნაიარევი, დაღლილი სახე გამეხებული ჰქონდა. მისი ძალუმი მკერდი ადი-ჩადიოდა. მაკქასლინს კი თვალი თვალში გაეყარა მისთვის და არასგზით არ ეშვებოდა.
− შენ მოკალი იგი, ბუნ?
− არა! - თქვა ბუნმა, - არა.
− მართალი თქვი! - ჩააცივდა მაკქასლინი, - ჩემთვის რომ დაევალებინა, ვერც მე ვეტყოდი უარს, - ამ დროს ბიჭმა მიირბინა. იგი მათ შორის ჩადგა, ბუნს ჩამოეფარა, ცრემლი წასკდა და მთელ სახეზე ოფლივით ჩამოედინა.
− თავი დაანებე! - იყვირა ბიჭმა, - ეშმაკმაც წაგიღოს, მოეშვი ამ კაცს!
– IV –
ბიჭი ერთხელ კიდევ ეწვია ბანაკს, ვიდრე ხეტყის მრეწველობის კომპანიამ რკინიგზის შტო არ მოიყვანა იმ ადგილამდე და ტყის ჭრას არ შეუდგა. თვითონ მაიორი დე სპეინი ბანაკში აღარ დადიოდა, მაგრამ მათ მაინც იწვევდა, მოდით და ინადირეთ, როდესაც მოგესურვებათო. იმ ზამთარში, როდესაც უკანასკნელი ნადირობა მოეწყო, სემ ფადერსისა და ლომას სიკვდილის შემდეგ, ქომპსონმა და უოლტერმა გადაწყვიტეს, დაეარსებინათ ძველ მონადირეთა კორპორაცია, რათა იჯარით აეღოთ მაიორის ბანაკი და ირგვლივ მდებარე ტყეები სანადიროდ. ეს იდეა, რომელიც თავში მოუვიდა გულუბრყვილო მოხუც გენერალს, ალალი იქნებოდა თვით ბუნ ჰოგენბეკისათვისაც. ბიჭი კი უმალვე მიხვდა, რომ ეს ფანდი იყო, უკეთ ვთქვათ, იმის ცდა იყო, რომ ავაზას ფორეჯები შეეცვალათ, რადგან თვით ავაზას გარდაქმნა არ შეეძლოთ, ე.ი. დაერწმუნებინათ მაიორი დე სპეინი, რომ კვლავ დაბრუნებოდა ბანაკს. ამ მოჩვენებით იმედს მაკქასლინიც ჩაებღაუჭა, მაგრამ ბიჭი კარგად ხვდებოდა, რომ მაიორი დე სპეინი უარს ეტყოდა მათ და მართლაც, მაიორმა უარი თქვა. ეს ამბავი ბიჭს დაწვრილებით არ გაუგია. მოლაპარაკებას ის არ ესწრებოდა, არც მაკქასლინს უამბია მისთვის ამის შესახებ, მაგრამ ივნისი გავიდა და დაბადების დღე არ აღუნიშნავთ. მერე ნოემბერიც დადგა, ხოლო მაიორი დე სპეინის ბანაკის გამო კრინტიც არავის დაუძრავს. ბიჭმა ვერც კი გაიგო, მოელაპარაკნენ თუ არა მაიორს მომავალი ნადირობის შესახებ, თუმცა მაიორმა ეშისგან იცოდა, რომ ისინი სანადიროდ ემზადებოდნენ. აიკი, მაკქასლინი, ქომპსონი (გენერლისთვის ეს იყო უკანასკნელი ნადირობა), უოლტერი, ბუნი, ჯიმი და ბებერი ეში ორ დღეს მიდიოდნენ სურსათ-სანოვაგით დატვირთული ორი ფორნით, თითქმის ორმოცი მილით დაშორდნენ ბიჭისათვის ნაცნობ ადგილებს და დაწესებული ნახევარი თვე კარვებში გაატარეს. შემდეგ გაზაფხულზე მათ გაიგეს (მხოლოდ არა მაიორ დე სპეინისაგან), რომ მაიორმა ტყე მოსაჭრელად მიჰყიდა მემფისელ ხეტყის მრეწველთა კომპანიას, ხოლო ივნისის ერთ-ერთ შაბათს აიკი მაკქასლინთან ერთად ქალაქში ჩამოვიდა და მაიორ დე სპეინს ეწვია კანტორაში - ფართო ოთახში, მეორე სართულზე. ამ ოთახის ფანჯრები გადაჰყურებდა დუქნების დანაგვიანებულ უკანა მხარეს, რიკულებიანი მოაჯირი კი - ქალაქის მოედანს. ოთახის კედლები გაჭედილი იყო წიგნებით, ფარდაჩამოფარებულ ნიშში იდგა წყლით სავსე ხის ჭურჭელი, საშაქრე, ჭიქა, კოვზი და მოწნული დიდი ბოთლი ვისკისათვის, ხოლო კართან საქანელა სკამზე ირწეოდა ბებერი ეში. იგი თასმას აქეთ-იქით ეწეოდა და საწერი მაგიდის თავზე აქანავებდა ლერწმისა და ქაღალდისაგან გაკეთებულ დიდ მარაოს.
− დიახ, დიახ, - თქვა მაიორმა დე სპეინმა, უნდა ვიფიქროთ, რომ ეში მოხარული იქნება იცხოვროს ტყეში და თვითონვე გაიკეთოს საჭმელი. სულ ბუზღუნებს, არ მოსწონს დეისის მზარეულობა. შენ ვინმე გახლავს?
− არა, სერ, - უპასუხა ბიჭმა, - ვფიქრობდი, შეიძლება, ბუნი... - ბუნი კი უკვე ექვსი თვე იყო, რაც პოლიციელად მსახურობდა ჰოუკსში. მაიორმა დე სპეინმა ეს პირობად დაუდო ტყის მყიდველებს. უფრო სწორად რომ თქვათ, მან ზოგი რამ დათმო. მას უნდოდა, ბუნი ხეტყის მიმწოდებელთა უფროსად მოეწყო, მაგრამ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ბუნი ქალაქის წესრიგის დამცველად უფრო გამოდგებოდა, ვიდრე მორების მიმწოდებლად.
− კეთილი, - უთხრა მაიორმა დე სპეინმა ბიჭს, - დღესვე გავუგზავნი დეპეშას ბუნს ჰოუკსში. იქ შეხვდებით ერთმანეთს. ეში მატარებლით გაემგზავრება. სურსათ-სანოვაგეს ისინი წამოიღებენ, შენ კი მსუბუქად წადი შენი ცხენით.
− კარგი, სერ, - უთხრა ბიჭმა, - გმადლობთ, - ახლა მან კვლავ გაიგონა საკუთარი ხმა, დარწმუნებული იყო, რომ ამის შესახებ სიტყვას ჩამოუგდებდა მაიორს, - იქნებ თვითონ თქვენ... - მაგრამ სიტყვა გაუწყდა. გაურკვეველი იყო, რატომ გაუწყდა, მაიორ დე სპეინს ხომ არ შეუჩერებია იგი. მაიორი ერთბაშად არც მაგიდასა და ქაღალდებს დაბრუნებია, ესე იგი, მაშინვე არ დაუხრია თვალები: დაჯდომა არ დასჭირვებია, რადგან, როცა ბიჭი შემოვიდა, უკვე იჯდა მაგიდასთან და ხელში ქაღალდი ეჭირა, იჯდა შუატანის, ჩასუქებული, ჭაღარა კაცი. ეცვა წმინდად ნაქსოვი მაუდის ტანსაცმელი და გახამებული პრიალა პერანგი. მის წინაშე მდგომი ყმაწვილი კი მიჩვეული იყო იმას, რომ ენახა იგი წვერგაუპარსავი, ჩექმებიანი, ტალახმოცხებული ველვეტისშარვლიანი, წვივმაღალ, ღონიერ ჭაკ ცხენზე მჯდარი, ვისაც უნაგირზე ყოველთვის გადადებული ჰქონდა მრავალნაცადი შაშხანა - ვინჩესტერი, ხოლო უზანგთან ედგა ქანდაკებასავით გამოძერწილი ვეებერთელა ჟღალი ქოფაკი. იმ ბოლო წელს მხედარი და ძაღლი რაღაცით დაემსგავსნენ ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში, ასე ეჩვენებოდა ბიჭს, ისე როგორც ზოგჯერ ერთმანეთს ჰგავს საქმეში ან სიყვარულში ნაცადი ორი კაცი, რომელთაც მრავალი წლის მანძილზე ერთად უშრომიათ ან ერთად განუცდიათ სიყვარული. მაიორ დე სპეინს თავი მაღლა არ აუწევია, ისე უპასუხა ბიჭს:
− არა, მე ბევრი საქმე მაქვს, არ მეცლება. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. პატარა ციყვს თუ დაიჭერ, მომიყვანე!
− კეთილი, სერ, მოგიყვანთ, - ბიჭი შეჯდა თავის სამწლიან კვიცზე, რომელიც თვითონ გამოზარდა და თვითონვე გახედნა. იგი ნაშუაღამევს გავიდა სახლიდან, ხოლო ექვსი საათის შემდეგ, ისე, რომ ცხენი არ გაუქაფავს, უკვე ჰოუკსში იყო, პატარა საკვანძო სადგურზე, რომელიც, როგორც ბიჭს ეგონა, წინათ მაიორ დე სპეინს ეკუთვნოდა. სინამდვილეში, მაიორმა დე სპეინმა დიდი ხნის წინ მიჰყიდა კომპანიას ის მიწა, რომელზედაც გაყვანილი იყო სადგურის გზები. აქვე აგებული იყო სატვირთო პლატფორმა და სავაჭრო დუქანი. გაოცებული და შეწუხებული ბიჭი აქეთ-იქით იცქირებოდა, მაგრამ ხომ ადრევე იცოდა და ფიქრობდა, რომ არ გაიკვირვებდა, როცა დაინახავდა სანახევროდ აშენებულ ხეტყის ქარხანას, რომელსაც ორი ან სამი აკრი ფართობი ეჭირა და შტაბელებად დაწყობილ რამდენიმე მილის სიგრძის რელსებს, რომელთაც მოწითალო ჟანგი მოსდებოდათ, რაც საერთოდ ახალ ფოლადს ედება ხოლმე. არ გაიკვირვებდა, როცა დაინახავდა ეკლიანი მავთულით შემოღობილ ბაკებს, თუ მეტი არა - ორასი ჯორისათვის მაინც, და კარვებს მარეკთათვის. ბიჭმა სასწრაფოდ წაიყვანა ცხენი თავლაში, მეჯინიბეს მოელაპარაკა, მერე უკანმოუხედავად ჩაჯდა შემადგენლობის ბოლოში მიბმულ პატარა სამოსამსახურო ვაგონში, თოფიანად ავიდა და მოთავსდა ზედა საწოლზე - ზედა ფანჯრის გასწვრივ, საიდანაც თვალმოუშორებლად გაჰყურებდა უღრან ტყეს, რომელიც კედელივით აღმართულიყო წინ, ტყეს, სადაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა თავის შეფარება.
პატარა ორთქლმავალმა დაიწივლა, აქშინდა, წინ გაიწია, ვაგონების მისაბმელები ერთმანეთს მიეჯახა და მატარებლის მთელი შემადგენლობა არახრახდა, ნელა დაიძრა ადგილიდან. ბიჭი ხედავდა, როგორ მოირკალა მატარებელი ერთადერთ მოსახვევში, როგორ დაიმალა მისი თავი ჭალაში და თან გაიზიდა კუდი, თითქოს ბალახში გასრიალებული უვნებელი გველიაო. მატარებელი მიქრის ნაჯახშეუხებელი უღრანი ტყის ორ კედელს შუა და მიაქროლებს ბიჭს, როგორც წინათაც მიაქროლებდა. სწორედ მაშინ იყო გველი (მატარებელი) უვნებელი. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ უოლტერ იუელსმა მოძრავი მატარებლიდან თოფით მოკლა ირემი, რომელსაც ექვსტოტა რქა ჰქონდა. ან კიდევ მოვიგონოთ იმ ახალგაზრდა დათვის ამბავი: მატარებლის პირველი შემადგენლობა მიდის სულ ახლახან გაყვანილ ოცდაათმილიან ხაზზე ტყის სიღრმეში. რელსებს შუა მოჩანს დათვი. მას როგორც ცელქ ლეკვს, გავა აუწევია და შპალებს შორის იქექება, ეტყობა, სურს გამოარკვიოს, არიან თუ არა აქ ჭიანჭველები ან სხვა რაიმე ხოჭოები, ან საერთოდ რა არის ეს უცნაურად თანაბარი, სწორკუთხოვანი უქერქო მორები, რომლებიც თითქოს ერთ ღამეში გაჩნდნენ სიცარიელიდან და დალაგდნენ მათემატიკურად გაანგარიშებულ ზუსტ მწყობრად. ორთქლმავალი უახლოვდება დათვს, მაგრამ იგი ისევ ეძებს რაღაცას შპალებს შორის. მემანქანემ ორთქლმავალი დაამუხრუჭა, დათვამდე ორმოცდაათი ნაბიჯიღა იქნებოდა დარჩენილი. ორთქლმავალმა დაიწივლა, დათვი ტყვიასავით მოსწყდა ადგილს და პირველსავე ხეზე ავარდა - იფნის ხე ადამიანის ფეხზე ცოტათი მსხვილი თუ იქნებოდა. დათვი თითქმის კენწერომდე აბობღდა, ხის ტანს მიეკრა, თავი თათებში ჩამალა კაცივით, უკეთ ვთქვათ, ქალივით. კონდუქტორმა მას ხრეში ესროლა. სამი საათის შემდეგ, როდესაც შემადგენლობა მორების პირველი ტვირთით უკან ბრუნდებოდა, დათვი ის-ის იყო ჩამოდიოდა იფნის ხიდან, მაგრამ მოჰკრა თუ არა თვალი მატარებელს, ისევ აცოცდა მაღლა და დაიმალა ტოტებს შორის. დღისითაც, როდესაც მატარებელი კვლავ გაემგზავრა მორებისათვის, და საღამოსაც, როდესაც მატარებელი უკან დაბრუნდა, დათვი ისევ ისე იჯდა ხის კენწეროზე. ბუნი სადილობისას სადგურზე მოვიდა და მატარებლის გამყოლებისაგან დათვის ამბავი მოისმინა. მერე მთელი ღამე ბუნმა და ეშმა იფნის ხის ქვეშ გაატარეს, რომ ვინმეს თოფი არ ესროლა დათვისათვის (მაშინ ბუნიც და ეშიც ოცი წლით უფრო ახალგაზრდები იყვნენ), მეორე დილით კი მაიორმა დე სპეინმა მატარებელი სადგურ ჰოუკსში დააყოვნა და დათვი მხოლოდ დღის ბოლოს, შებინდებისას ჩამოვიდა ხიდან. ამ დროისათვის ხის ახლოს, გარდა ბუნისა და ეშისა, თავი მოიყარეს მაიორმა დე სპეინმა, გენერალმა ქომპსონმა, უოლტერმა და თორმეტი წლის მაკქასლინმა. დათვმა ხეზე თითქმის ოცდათექვსმეტი საათი გაატარა უწყლოდ, ხოლო ადამიანები იდგნენ წყლით სავსე გუბესთან და პეშვით სვამდნენ წყალს. მათ იფიქრეს, ხიდან ჩამოსული დათვი გუბესთან გაჩერდება და წყალს დალევსო. მაკქასლინმა უამბო ბიჭს, როგორ შეჩერდა წუთით დათვი, შეხედა წყალს, მერე ადამიანებს, ისევ წყალს, მაგრამ წყალი არ დაულევია, შებრუნდა, ძუნძულით გაიქცა და წინა და უკანა თათებით მიწას დააჩინა ორი პარალელური კვალი.
დიახ, მაშინ გველი (მატარებელი) - უვნებელი იყო. ბანაკში ზოგჯერ ესმოდათ და ზოგჯერ არც ესმოდათ ჩავლილი მატარებლის ხმაური (ისინი ხომ არ აყურადებდნენ). ესმოდათ, როგორ ადვილად და სწრაფად მიათრევდა ტყის სიღრმისაკენ მქშინავი პატარა ორთქლმავალი ცარიელ პლატფორმებს, ესმოდათ, როგორ ინთქმებოდა უღრან ტყეში ორთქლმავლის გამჭოლი წივილი ისე, რომ ექოსაც კი არ გამოსცემდა. შემდეგ დატვირთული შემადგენლობა უკან ბრუნდებოდა, შედარებით ნელა მოდიოდა, თუმცა წინანდებურად ქმნიდა საოცარი სისწრაფის ილუზიას. ახლა ორთქლმავალი არ კიოდა - ორთქლს ზოგავდა, მხოლოდ ფრუტუნებდა, საუკუნოვან ტყეებს უსარგებლო, ხმაურიანი, ცარიელი და ბავშვური პატივმოყვარეობითა და გააფთრებით აყრიდა სახეში თავის მინიატიურულ ბოლქვებს. მას სადღაც და რატომღაც მიჰქონდა მორები, მის უკან კი ტყე იკვრებოდა ჯირკვებსა და ნაჩეხებზე - ასე მიაქვს ხოლმე ხრეშით დატვირთულ სათამაშო საზიდარს თავისი ტვირთი, სადღაც ცლის მას და კვლავ მიიჩქარის ახალი ტვირთისათვის, დაუღლელი, შეუჩერებელი, მარდი, მაგრამ მოთამაშე ხელი კიდევ უფრო ჩქარა აბრუნებს ხრეშს თავის ადგილზე, რათა კვლავ ჰქონდეს საზიდრის დასატვირთი მასალა.
ახლა სულ სხვაა. მატარებელი, რასაკვირველია, იგივეა, იგივეა ორთქლმავალიც, პლატფორმებიც, თვით მემანქანეც, ცეცხლფარეშიც და კონდუქტორებიც, რომელთა თვალწინ ბუნმა ამ ორი წლის წინ რაღაც თოთხმეტი საათის განმავლობაში მოასწრო დამთვრალიყო, გამოფხიზლებულიყო, ისევ დამთვრალიყო და თითქმის ისევ გამოფხიზლებულიყო. სწორედ იმ დღეს ბუნი ტრაბახობდა, ხვალ ბებერ ბენს ბოლო მოეღებაო. მატარებელი ახლაც იმავე სისწრაფით მიდიოდა ტყის იმავე ყრუ კედლებს შორის, ბიჭისათვის სამახსოვრო ადგილების - ნადირთა ძველი ბილიკების ახლოს, რომლებზედაც იგი დასდევდა დაჭრილსა და დაუჭრელ ირმებს. აქ მას არაერთხელ გამოუხტა ტყვიაუკრავი ირემი, რომელიც გადაირბენდა ხოლმე მიწაყრილს, რელსებს და ტყეს მისცემდა თავს. ირემი მაშინ ისევე დაოთხილი გარბოდა, როგორც სხვა ნადირები, მაგრამ ისარივით მიქროდა და ამიტომ ჩვეულებრივზე სამჯერ უფრო გრძელი და ფერითაც უფრო ნათელი მოჩანდა - თითქოს არსებობდა ისეთი ზღვარი უძრაობასა და მოძრაობას შორის, რომლის მიღმაც სხეული ქიმიურად გარდაიქმნებოდა და უტკივილოდ, უწვალებლად იცვლიდა არა მარტო მოცულობასა და ფორმას, არამედ ფერითაც უახლოვდებოდა ქარის ფერს, მაგრამ ახლა მატარებელს ასაჩეხად განწირულ უღრან ტყეში თითქოს შეჰქონდა ნიშანი დასასრულისა, ამბავი ახალი, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ქარხნისა, რელსებისა და შპალებისა, თუნდაც ჯერ კიდევ დაუგებელისა. და არა მარტო მატარებელს, თვით ბიჭსაც თითქოს თან დაჰქონდა ეს ამბავი მეხსიერებით, მზერით, რომელიც ნანახ სურათებს ინახავდა და თვით ტანსაცმლითაც, მსგავსად იმისა, შემზარავი სუნი რომ გამოჰყვება ხოლმე ავადმყოფის ან მიცვალებულის ოთახიდან სუფთა ჰაერზე გამოსულ კაცს. და ახლა ბიჭი მიხვდა, უკეთ ვთქვათ, ჯერ კიდევ დილით, ჰოუკსის სადგურშივე იგრძნო, რატომ არ წამოვიდა მაიორი დე სპეინი. მიხვდა, რომ ამ აუცილებელი მოგზაურობის შემდეგ აღარც თვითონ დაბრუნდებოდა აქ მეტად.
უკვე ადგილს უახლოვდებოდნენ. ბიჭმა ეს იცოდა მანამდეც, სანამ მემანქანე ორთქლმავალს ააწივლებდა. გამოჩნდა ეში და მისი ფორანიც. მას სადავეები ისევ სამუხრუჭეებზე დაეხვია, თუმცა ბიჭს კარგად ახსოვდა, რომ მაიორი დე სპეინი მთელი რვა წლის განმავლობაში ჩასჩიჩინებდა ეშს, ამის გაკეთება არ შეიძლებაო. მატარებელმა სვლა შეანელა, ბუფერები მოეშვა და ერთმანეთს მიეჯახა. ვაგონი ფორანს რომ გაუსწორდა, აიკი თოფიანად ჩამოხტა ვაგონიდან. კონდუქტორმა თავი გამოყო და მემანქანეს ალამი დაუქნია. ვაგონმა ნელა ჩაიარა, მატარებელი ჯერ კიდევ ანელებდა სვლას, ორთქლმავალი კი უფრო ხშირად და ხშირად აყრიდა უღრან ტყეს თავის ამონაქშენ ბოლქვებს. მისაბმელები კვლავ არახრახდა, ვაგონმა სვლას უმატა. მატარებელი მიიმალა, თითქოს არც ჩაუვლია. აღარ ისმოდა მისი ხმაური, ჩამიჩუმიც მიწყდა, უსულგულომ, თავის თავში ჩაძირულმა, მარადიულმა, უსასრულოდ ამწვანებულმა, ხეტყის სახერხ ქარხანაზე უფრო ძველისძველმა, ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე უფრო გრძელმა უღრანმა ტყემ პირი შეიკრა.
− მისტერ ბუნი უკვე აქ არის? - იკითხა ბიჭმა.
− ჩემზე ადრე მოვიდა, - თქვა ეშმა, - მე გუშინ ჩამოვედი ჰოუკსში, იქ კი დატვირთული ფორანი მელოდებოდა, ბუნმა ჩემთვის გაამზადა. მე საღამოს მოვედი ბანაკში, ბუნი კი კიბის თავზე იჯდა. დღეს უთენია წავიდა ტყეში, თქვა, ციყვის ხესთან მივდივარ და იქ მომნახონო.
ბიჭმა იცოდა ეს ადგილი - დიდი ძელქვა იდგა ტყის განაპირას, ნაკაფის შუაში. თუ ჩუმად მიეპარებოდით იმ ხეს და მოულოდნელად გამოჩნდებოდით, ტოტებზე ათიოდე ციყვს შენიშნავდით. ისინი ვერსად გაიქცეოდნენ, რადგან ახლოს ხეები არ იყო. ასე რომ, ბიჭი ფორანში აღარ ჩამჯდარა.
− მე პირდაპირ იქ წავალ, - თქვა მან.
− მეც ასე ვფიქრობდი, - თქვა ეშმა, - აი, ვაზნებით სავსე ყუთიც წამოვიღე.
ყუთი ბიჭს გადასცა, ვითონ კი სამუხრუჭეებიდან სადავეების მოხსნას შეუდგა.
− რამდენჯერ გითხრა მაიორმა, ასე არ გააკეთოო! - უთხრა ბიჭმა.
− რაო? - იკითხა ეშმა, მერე განაგრძო, - ბუნ ჰოგენბეკმა გაითვალისწინოს, რომ სადილი ერთ საათში სუფრაზე იქნება. იჩქარეთ, თუ გინდათ, ისადილოთ.
− ერთ საათში? - შეეკითხა ბიჭი, - ჯერ ცხრა საათიც არ არის, - საათი ამოიღო და ეშს უჩვენა, - შეხედე!
ეშს საათისათვის არც შეუხედავს:
− ეს ქალაქის დროა. ახლა ჩვენ ქალაქში არა ვართ, ტყეში ვართ!
− მაშინ მზეს შეხედე!
− მზის შეხედვაც არ არის საჭირო, - თქვა ეშმა, - თუ შენ და ბუნ ჰოგენბეკს გსურთ ისადილოთ, მოდით, როდესაც გეძახიან. მერე დრო აღარ მექნება საჭმლისათვის. შეშა უნდა დავამზადო. ფეხქვეშ უნდა დაიხედოთ, ახლა ეს მხოხავები აქ აუარებელია.
− კარგი, - უთხრა ბიჭმა.
ზაფხულის ამწვანებული ტყე შემოერტყა გარს არა მარტოობის, არამედ განმარტოების რკალად. ტყე ისევ იმ ტყედ რჩებოდა - არც იყო საჭირო ამ მარადიულობის შეცვლა, როგორც არ არის საჭირო ზაფხულის სიმწვანის, შემოდგომის ხანძრებისა და წვიმების, ზამთრის მკაცრი სუსხისა და ზოგჯერ თვით თოვლის შეცვლა.
...ზამთრის იმ დღეს, იმ დილით, როდესაც ბიჭმა პირველად მოკლა ირემი და სემმა მას სახეზე მოსცხო ირმის ცხელი სისხლი, ისინი ბანაკში დაბრუნდნენ. ბიჭს ახსოვს, როგორ გაჯავრებული და შეურაცხყოფილი გამოიყურებოდა მოხუცი ეში და ბოლოს და ბოლოს მაკქასლინი იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ ირემი ბიჭმა მოკლა. მაშინ მთელი საღამო ეში ცხვირჩამოშვებული იჯდა ქურის უკან, ამიტომ ვახშამი ჯიმმა გააწყო, მანვე გააღვიძა ისინი ღამის პირველ საათზე. გაჯავრებულმა მაიორმა დე სპეინმა საშინლად გალანძღა ეში. ეში კი პირგამეხებული დუდღუნებდა. ბოლოს გამოირკვა, რომ მასაც სურდა სანადიროდ წასვლა და ირმის მოკვლა და განა მარტო სურდა, მტკიცედაც ჰქონდა გადაწყვეტილი. მაიორმა დე სპეინმა თქვა:
− პირდაპირ საოცრებაა, თუ სანადიროდ არ გავუშვებთ, მაშინ მზარეულობა ჩვენ მოგვიხდება.
უოლტერმა კი დაუმატა.
− ან სასაუზმოდ შუაღამისას დაგვჭირდება ადგომა.
რაკი აიკმა უკვე მოკლა ირემი და მეტის მოკვლა აღარც ერგებოდა, თუ ხორცი არ შემოაკლდებოდათ, მას სურდა, თავისი თოფი ეშისათვის შეეთავაზებინა, მაგრამ საქმეში მაიორი დე სპეინი ჩაერია და უთხრა, დღეს შენი თოფი ბუნს მიეციო, ეშს კი ორლულიანი თოფი და ფინდიხით დატენილი ორი ვაზნა მისცა. ეშმა თქვა, ვაზნები მე მაქვსო და მთელი ოთხი ცალი ვაზნა გამოაჩინა: ერთი ფინდიხიანი, ერთი საკურდღლე, სამი ნომერი საფანტით დატენილი, და ორიც ფრინველისათვის, თანაც თითოეული ვაზნის ამბავი თქვა. ბიჭს დაამახსოვრდა, რანაირი სახით უგდებდნენ ეშს ყურს მაიორი დე სპეინი, უოლტერი და გენერალი ქომპსონი, დაამახსოვრდა ეშის სახეც და ხმაც.
− თქვენ გგონიათ, არ გავარდება ეს ვაზნები? მერედა, როგორ გავარდება, რომ იცოდეთ! აი, ეს, - ფინდიხიან ვაზნას დაადო ხელი, - გენერალმა ქომპსონმა მომცა რვა წლის წინ, პირდაპირ იმ თოფიდან გამოიღო, რომლითაც მაშინ ვეებერთელა ხარირემი გააგორა. აი, ეს კი, - დიდის ამბით ასწია მაღლა საკურდღლე ვაზნა, - ამ ბიჭზე უფრო ხნიერია! - იმ დილით ბიჭმა თვითონ გაუტენა ეშს თოფი, პირველად საჩიტე ვაზნა ჩაუდო, მერე საკურდღლე და ბოლოს საირმე, ისე, რომ სავაზნეში პირველი შესულიყო სწორედ საირმე ვაზნა. თოვდა. მაიორი დე სპეინი და ჯიმი ცხენებით მიდიოდნენ. ეში და უთოფო ბიჭი გვერდით მისდევდნენ ცხენებს. მეძებრებმა კვალი იყნოსეს. გარინდებულ ჰაერში ომახიანი ყურისათვის სასიამოვნო ყეფა გაისმა და თითქმის უმალვე ტყეში ჩაიკარგა, თითქოს იმ ექოსთან ერთად დაიმარხა, რომელიც ჯერ კიდევ არ წარმოშობილიყო თოვლის აურაცხელი მოფარფატე ფანტელის ქვეშ, მაღლიდან რომ ეშვებოდა შეუსვენებლად. ყიჟინა დასცეს და ძაღლების კვალდაკვალ მაიორმა დე სპეინმა და ჯიმმა ტყეში ცხენები შეაჭენეს. ყველაფერი კარგად აეწყო. ბიჭი მიხვდა და ისე ნათლად მიხვდა, თითქოს ახლა გაიგონა, რომ ეშმა უკვე მოინადირა და თვით ირმის მოკვლაც კი აპატია მას, ღლაპს. თოვლში ბანაკისაკენ გაბრუნდნენ. უკეთ ვთქვათ, ეშმა იკითხა: - ახლა საით წავიდეთ? - ბიჭმა კი უპასუხა, - აქეთკენ, - და წინ წავიდა, რადგან ეშმა გზა არ იცოდა, აზრზედაც არ იყო, სად იმყოფებოდა, თუმცა ოცი წლის მანძილზე ყოველწლიურად რჩებოდა აქ ორ კვირას. ბანაკამდე ერთი მილიც არ იყო დარჩენილი, მაგრამ მალე ბიჭი შეაშფოთა იმან, როგორ მოჰქონდა უკან მომავალ ეშს ბუნის თოფი. ამიტომ ეში წინ გაუშვა. ეში განივრად მიაბოტებდა. ახლა მას ლაპარაკის საღერღელიც აშლოდა და გაუთავებელი ბებრული საუბარი გაუბა იმ ადგილების გამო, სადაც ახლა მიდიოდნენ. მერე საუბარი გადაიტანა ტყეზე და ტყის ბანაკში ცხოვრებაზე, ნადირებზე, საჭმელ-სასმელზე და იმაზე, როგორ უნდა დაამზადო საჭმელი საერთოდ, როგორ ამზადებს მისი ცოლი საჭმელს. მოკლედ, თავის ბებერ ცოლზედაც ილაპარაკა, მაგრამ მაშინვე გაჭიანურებული საუბარი წამოიწყო მულატ ქალზე, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ მაიორ დე სპეინის მეზობლებმა ძიძად აიყვანეს, - და თუ ეს ქალი, - თქვა ეშმა, - მომავალშიაც არ მოიშლის კურტუმის ქნევას, მაშინ ეში უჩვენებს, რა შეუძლიათ ბებერ მამაკაცებს, დასანანია მხოლოდ ის, რომ ცოლი თვალს არ მაშორებსო.
ახლა ისინი მოჰყვებოდნენ ნადირთა ბილიკს, ლელისა და ასკილის ჯაგებს შორის. ეს ლელიანი და ჯაგნარი ბანაკიდან მეოთხედი მილის მოშორებით მთავრდებოდა. მათ გზა გადაუღობა წაქცეულმა ხემ, ბილიკის გარდიგარდმო მდებარე დიდმა მორმა. ის-ის იყო მოქაქანე ეში მორზე ფეხის გადადგმას აპირებდა, რომ მორის იქითა მხარეს ერთი წლის დათვი წამოიმართა. დათვი უკანა ფეხებზე დაჯდა, წინა თათები კი ისე ასწია მაღლა, თითქოს ლოცვას აპირებსო. წუთმა გაირბინა, ეშმა გაუბედავად ასწია თოფი. ბიჭმა უთხრა:
− ჯერ ვაზნა მიეცი თოფის პირში, - მაგრამ ეშმა ჩახმახი უკვე დააცემინა. ბიჭმა კი ისევ უთხრა:
− თოფში ხომ ვაზნა არ იყო.
ამჯერად ეშმა გაუგონა მას, თოფის სავაზნეში ვაზნა შეიტანა, მერე გასწორდა, ჩახმახი დააცემინა, მაგრამ თოფმა უმტყუნა. ბიჭმა უთხრა:
− ხელახლა შეიტანე ვაზნა სავაზნეში.
ბუდიდან ამოვარდნილი ვაზნა ტრიალ-ტრიალით გადავარდა შამბნარში. «ეს კი საკურდღლეა», - გაიფიქრა ბიჭმა. ეშმა ჩახმახი დააცემინა და ისევ უმტყუნა თოფმა. ბიჭმა გაიფიქრა: «საჩიტეღა დარჩა». ეშმა სწრაფად შეიტანა ვაზნა ბუდიდან სავაზნეში, ბიჭმა კი უყვირა:
− არ ისროლო! არ ისროლო! - მაგრამ გვიან იყო, ისევ გაისმა ჩახმახის დაცემინების მჭახე ხმა, დათვი შებრუნდა, ოთხ ფეხზე დადგა და თვალსა და ხელს შუა გაქრა. დარჩა მხოლოდ მორი, ლელიანი, ფაფუკი და გაუთავებელი თოვლი. ეშმა თქვა:
− ახლა საით?
− აქეთ, აქეთ წამოდი! -უპასუხა ბიჭმა და ბილიკს გაუყვა.
− ჯერ ვაზნები უნდა მოვძებნო! - უთხრა ეშმა.
− თავი დაანებე, ეშმაკსაც წაუღია ვაზნები! წამოდი! -დაუძახა ბიჭმა.
ეშმა თოფი მორზე მიაყუდა, ბილიკიდან გადავიდა, დაიხარა და ჯაგებში ხელი მოაფათურა. ბიჭიც მობრუნდა, მივიდა ეშთან და ვაზნები მოანახვინა. მერე ორივე წელში გაიმართა, მაგრამ ამ დროს ექვს ნაბიჯზე მიყუდებული თოფი თავისთავად წაიქცა, სასხლეტი გამოეშალა და დაიჭექა. ბიჭმა აიღო თოფი, სავაზნე ბუდე დააცარიელა, ეშს უკანასკნელი გაქვავებული ვაზნა მისცა, გადახსნილი ლულები დაუკეტავი დატოვა, თოფი ბანაკში მიიტანა და ბუნის საწოლთან -კუთხეში მიაყუდა...
დასაბამიდანვე დადგენილ მონაცვლეობაში -ზაფხულიც, შემოდგომაც, თოვლიც და ნესტიანი გაზაფხულიც -ტყის ყოფიერების მარადიული ფაზებია, იმ ტყისა, რომელმაც აიკი თითქმის უკვე აქცია კაცად. ტყემ ძუძუ აწოვა და გამოკვება სემ ფადერსი, მონა ზანგისა და ინდიელი ჩიკესოს ბელადის შთამომავალი, აიკის სულიერი მამა, ვისაც აიკი პატივს სცემდა, ყურს უგდებდა, ვინც უყვარდა, მერე კი დაკარგა და ახლა გლოვობს. დადგება ჟამი, აიკი დაქორწინდება, ცოლთან ერთად ამ წუთისოფელში შეიცნობს თავის წუთიერ ბედნიერებას (შეიძლება კი ეწოდოს ბედნიერება, რაკი ასე ხანმოკლეა?), მისი ხსოვნა კი შესაძლოა იქამდეც გასწვდეს, სადაც ხორცი ხორცს აღარ ელტვის. ხსოვნა ხომ უფრო გამძლეა. მაგრამ აიკისათვის ტყე მაინც იქნება სატრფოსა და ცოლზე უფრო ძვირფასი.
აიკი მიდიოდა და წებოს ხეს კი არ უახლოვდებოდა, პირიქით, თანდათან შორდებოდა. არც ისე დიდი ხნის წინ იყო, როდესაც ბიჭს აქ მარტო ხეტიალის ნებას არ აძლევდნენ. როცა წამოიზარდა და გაიგო, რომ თითქმის არაფერი იცოდა, თვითონ ვეღარ ბედავდა მარტო შემოსვლას ამ უღრანში.
კიდევ უფრო რომ გაიზარდა და თავისი უცოდინარობის საზღვრები წარმოიდგინა ბუნდოვნად, უკვე დადიოდა აქ კომპასის დახმარებით და არ იბნეოდა, არა იმიტომ, რომ თავისი თავის რწმენა მოემატა, არამედ იმიტომ, რომ მაკქასლინმა, მაიორმა დე სპეინმა, უოლტერმა და გენერალმა ქომპსონმა ბოლოს და ბოლოს მიაჩვიეს, კომპასს დანდობოდა, რა მხარეც უნდა ეჩვენებინა მის ისარს.
ახლა კი მიდიოდა არა კომპასის მეშვეობით, არამედ ქვეცნობიერად, თავის სვლას მზის მოძრაობას უფარდებდა, თანაც ყოველ წუთს შეეძლო ასი ნაბიჯის სიზუსტით აღენიშნა რუკაზე ის ადგილი, სადაც იმყოფებოდა. და მართლაც, თითქმის სწორედ იქ, სადაც მოელოდა, დაინახა ბეტონის ოთხ ბოძთაგან ერთ-ერთი ბოძი.
ეს ბოძები მიწისმზომლის მიერ იყო დაყენებული იმ ნაკვეთის ოთხივე კუთხეში, რომლის გაყიდვა არ მოისურვა მაიორმა დე სპეინმა. ბიჭი ფერდობს აჰყვა და გორაკის წვერზე ავიდა. აქედან მოჩანდა ოთხივე ბოძი. ბოძებს თოვლსა და წვიმაში მაინც შერჩენოდა თეთრი საღებავი.
ეს ბოძები აქ საოცრად უცხოდ და უსიცოცხლდოდ გამოიყურებოდა. აქ საერთოდ თვითხრწნაც კი მქუხარე და მჩქეფარე იყო, ჩასახვისა და დაბადების ბობოქრობით აზავთებული, სიკვდილი კი აქ უბრალოდ არ არსებობდა.
ორი ზამთრის ნეშოთი დაფარული, ორი გაზაფხულის წყლებით გადარეცხილი საფლავები უკვე აღარ ჩანდა, მაგრამ იმას, ვისაც გზა არ აებნა, არც ესაჭიროებოდა საფლავზე დადებული ქვები, იგი გზას იკვლევდა სხვადასხვა ნიშნით, ირგვლივ აზიდული ხეებით, როგორც ამას სემ ფადერსი ასწავლიდა ხოლმე.
ბიჭმა სანადირო დანა ჩაასო მიწაში და მაშინვე წააწყდა თუნუქის ყუთს, რომელშიც ბებერი ბენის გამხმარი, დასახიჩრებული თათი იდო. ის ლომას ძვლებზე იყო დამარხული.
ბიჭმა ყუთს ისევ წააყარა მიწა. არც იმ საფლავის ძებნა დაუწყია, რომელშიც ორი წლის წინ, კვირა დილით, მან, მაკქასლინმა, მაიორმა დე სპეინმა და ბუნმა ჩაასვენეს სემი და თან ჩაატანეს მონადირის ბუკი, დანა და ჩიბუხი.
ამ საფლავის ძებნა საჭიროც არ იყო. ის აქვე იყო. შესაძლოა, ფეხითაც ტკეპნიდა ახლა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. "მან, ალბათ, იცის, რომ მე მთელი დილა აქა ვარ», -გაიფიქრა ბიჭმა, როცა იმ ხეს მიუახლოვდა, რომელზედაც მან და ბუნმა მიამაგრეს საცხედრე ჩელტი, რაზედაც მაკქასლინისა და მაიორ დე სპეინის მოსვლამდე ესვენა სემ ფადერსი. აქვე, ხის ტანზე მიჭედებული იყო მეორე თუნუქის ყუთი, დაჟანგული, გაცრეცილი, ისეთივე უცხო, როგორიც ის ბოძები, მაგრამ ტყესთან შეგუებული და დიდი ხნის დაცარიელებული. ამ ყუთში უკვე აღარ იყო არც საჭმელი, არც თამბაქო, რაც მაშინ დატოვა. ბიჭმა ჯიბიდან ამოიღო ერთი მუჭა თამბაქო, ახალი ჭრელი ცხვირსახოცი და ერთი პეშვი სემის საყვარელი შაქარყინული, მაგრამ ესეც დაიკარგება. ბიჭი უკან გამობრუნებასაც ვერ მოასწრებს, რომ ყოველივე ეს გაქრება, არა, კი არ გაქრება, გარდაიქმნება იმად, რასაც აითვისებს აურაცხელი სიცოცხლე, სიცოცხლე, რომელმაც ჯადოსნური ბილიკებით დაქარგა ამ უმზეო ადგილების ბნელი ნიადაგი. ეს აურაცხელი სიცოცხლე, განაბული, ჩასაფრებული, ყოველი ტოტიდან და ყოველი ფოთლიდან უთვალთვალებს, როგორ ბრუნდება ბიჭი უკან, როგორ ტოვებს გორაკს. ბიჭი აღარ დაყოვნებულა. აქ აკლდამა არ არის, არც სემი, არც ლომა მკვდრები არ არიან, ისინი უძრავად კი არ წვანან მიწის ქვეშ, არამედ თავისუფლად მოძრაობენ მიწაში და მიწასთან ერთად. ისინი უთვალავ დანაწევრებულ, მაგრამ ცოცხალ ნაწილაკად შედიან ფოთლებსა და ტოტებში, იმყოფებიან ჰაერსა და მზეში, წვიმასა და ცვარში, წყვდიადში, რკოში, მუხაში, ფოთოლში და ისევ რკოში, დაისში, განთიადში, კვლავ დაისში და ისევ განთიადში; უკვდავნი და მთლიანნი თავიანთ სიმრავლესა და დანაწევრებულობაში; ასევე ბებერი ბენიც. ისინი დაუბრუნებენ მას თათს, უეჭველად დაუბრუნებენ და კვლავ გამოიწვევენ ორთაბრძოლაში. ხანგრძლივი იქნება ნადირობა, მაგრამ უკვე აღარ იქნება არც გული მდევრისა, არც სხეული დაჭრილისა... გველი რომ დაინახა, ბიჭი ანაზდად შეჩერდა. ნაბიჯის გადადგმა მოინდომა და მიწას ფეხი ააცილა, მაგრამ ისევ გაირინდა, თითქოს სუნთქვაც შეაჩერა, ტვინში გაუელვა ეშის გაფრთხილებამ, ყურში გარკვევით ჩაესმა მისი ხმა, ელდასავით ეცა, შემოენთო ნაცნობი, ადამის დროინდელი შიში, მაგრამ არა სიმხდალე. გველი ჯერ კიდევ რგოლებად არ დახვეულა, ტანი არ აუჩხრიალებია, მხოლოდ თავისი სწრაფი სხეულის მსხვილი ნაწილი გაკლაკნა, გვერდზე გაისროლა დასაყრდენად, ისევე შეუკრთომლად, მაგრამ ჩუმი მუქარით მუხლების სიმაღლეზე წამოიწია, ოდნავ უკან გადაწეული თავი ააღირა ბიჭისაგან ერთი ნაბიჯის დაშორებით. იგი ბებერი და გრძელი იყო, ექვს ფუტზე მეტი. ოდესღაც მისი ახალგაზრდული ტანის მკვეთრი, ფერადოვანი მოხატულობა გაფერმკრთალებულიყო, წაშლილიყო, ახლა ეს მოხატულობა თვალს აღარ ჭრიდა ტყის ფონზე, იმ ტყისა, სადაც დასრიალებს და იმალება ეს ეული არსება, ძველთაგანვე დაწყევლილი, შეჩვენებული და დამღუპველი. ბიჭს თითქოს მისი სუნიც კი ეცა, გულისამრევი სუნი დამპალი კიტრებისა და კიდევ რაღაც უსახელოსი, რაღაც უარყოფილისა, სიკვდილისა. ბოლოს გველი ამოძრავდა, ისევე თავაღერილი გასრიალდა განზე, ისე ჩანდა, თითქოს აღერილი თავი და წამოწეული ტანის მესამედი ერთი ცალკე არსება იყო, რომლის მოძრაობა არ ემორჩილებოდა სიმძიმისა და წონასწორობის კანონს: ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ მთელი ეს კლაკნია ჩრდილი, წინგაღერილი თავის მიყოლებით რომ მიედინებოდა, იყო მხოლოდ ერთი გველი. ბიჭმა გადადგმული ფეხი ანგარიშმიუცემლად დაადგა მიწას და ხელაწეული გაჩერდა. ამ დროს მან გაიმეორა ძველი ინდური ენის სიტყვები, ექვსი წლის წინ, მის მონადირედ კურთხევის დღეს რომ წამოიძახა სემმა, წამოიძახა სწორედ იმ დროს, როდესაც იგი ასევე იდგა და გაჰყურებდა გაქცეულ ირემს: «მამამთავარი, პაპა».
ბიჭს გაუძნელდებოდა თქმა, პირველად როდის გაიგონა ხმა, რომელიც ერთბაშად ვერც კი აღიქვა - ხმა მოხრჭიალე დარტყმებისა, თითქოს სადღაც იშვიათად, მაგრამ გაბოროტებით ურტყამდნენ თოფის ლულას რკინაზე. ყოველივე ეს იმას ჰგავდა, რომ ის, ვინც რკინას რკინაზე ურტყამდა, გულმოდგინედ მოქმედი და მაგარი ვაჟკაცი იყო, თანაც მოთმინებიდან გამოსული.
არახუნებდნენ სამასიოდე ნაბიჯის მოშორებით. მაშასადამე, არახუნებდნენ არა რკინიგზის ხაზზე, რაც აქედან არანაკლებ ორი მილის იქით იყო, თუმცა იმავე მხარეს.
ბიჭი უმალვე მიხვდა, სადაც არახუნებდნენ, ვინც უნდა ყოფილიყო ხმაურის ამტეხი და რა მნიშვნელობაც უნდა ჰქონოდა თვით რახუნს. იგი გაისმოდა ტყის ნაპირას, იმ ხესთან, სადაც ბიჭი ბუნს უნდა შეხვედროდა. აქამდე ბიჭი მიდიოდა აუჩქარებლად, მონადირის უხმაურო ნაბიჯებით. იგი თვალებით გულმოდგინედ ზვერავდა მიწასა და ხეებს.
თოფიც დაცალა, კონდახი დაბლა დაუშვა, ჯაგების გავლით გაემართა იქითკენ, საიდანაც მოისმოდა შეუწყვეტელი, გაბოროტებული, ისტერიული ხმაური - უცნაური ღრჭიალი ლითონისა ლითონზე. ასე გავიდა ბიჭი მდელოზე, პირდაპირ იმ ხესთან, სადაც ბუნს უნდა შეხვედროდა.
ერთი შეხედვით მოეჩვენა, რომ ხე გაცოცხლდა. ხე სავსე იყო მოხტუნავე ციყვებით. ორმოცი თუ ორმოცდაათი ციყვი ტოტიდან ტოტზე გადარბოდა. ამის გამო მთელი ხის აწრიალებული ფოთლები მწვანე გრიგალს ემსგავსებოდა. იქიდან ორი-სამი ციყვი გამოვარდებოდა, ხის ტანს თვალის დახამხამებაში ჩამოირბენდა, ჰაერში შეტრიალდებოდა და უკანვე არბოდა. ისინი თითქოს ციყვების ფერხულში იყვნენ ჩაბმულნი.
მერე ბიჭმა ბუნი დაინახა. ზურგით ხეზე მიყრდნობილი ბუნი თავდახრილი იჯდა და გახელებული ურტყამდა თოფის ლულას მუხლებს შორის მომწყვდეულ სავაზნე ბუდეს, ირგვლივ დაშლილი თოფის სხვა ნაწილები ეყარა, სახედამანჭული, გაწითლებული, გაოფლილი ბუნი გიჟს ჰგავდა, მას თავიც არ აუწევია, არც შეუხედავს, ვინ მოვიდა; აქოშინებულმა ჩახლეჩილი ხმით დაიყვირა:
− წაეთრიე აქედან! არაფერს ხელი არ ახლო! ესენი ჩემია! ყველაფერი ჩემია!
მთარგმნელი: ანა რატიანი