ყველას გვეწვევის სიკვდილი, გვმართებს დაუხვდეთ მზათაო, ის ჩვენკენ მოდის, ჩვენ მისკენ, ვერცად აუქცევთ გზათაო. ვიგონოთ ოთხი საქმე ეს, არ უთქვამთ უმეცართაო, სიკვდილ, სასჯელი, გენია, სასუფეველი ცათაო.
მოვა და მომკლავს სიკვდილი, მას ვერცად დავემალები, გავექცე,ვერცად წაუვავ, ცხენებიც მყვანდეს მალები, შავება, ვერას დანაკლებს ჩემნი თოფნი და ხმალები.
არც არას გვისმენს ხვეწნასა, არც არას შეგვიბრალებსა; გარდგვახდევინებს ვიხშითურთ მამა-პაპისა ვალებსა, დაგვხოცს და მატლთა შეგვაჭმევს, გვამზადებს თავის ძვალებსა.
ტანზედა ხორცი არ გაკრავს, ხარ ცარიელი ძვალები, ამდენის სულის ხორცითა რატომ არ დაიღალები!
ყმაწვილნი ვხოცე წვრილები, პატარა არ ვაპატარე; შენ ბერი-კაცი ცოცხალი მაგდენს ხანს ფეხზედ გატარე, აწ ჩემი ნახე მხატვრობა, რაც ჩემზედ შენ იმხატვარე.
ჯერ შენთვის არა მცალიან, ცელს უსვამ სალესავსაო; როცა გავლესავ, თავს მოგჭრი, შენს ცოლს ჩავაცმევ შავსაო; სულ ამოგიწყვეტ მოყვასთა, გვარსა და ნათესავსაო.
ბარსა და ნიჩაბს ამზადებ ჩემის საფლავის თხრისათვის. მატლნი, გველნი და ბაყაყნი მიმელის გამოხვრისათვის, რომ არ გაძაგო, რად გაქო ცელით თავისა ჭრისათვის!
ვალალა შენსა მაქებელს, შენის სიკეთის მფუცველსა! კაცს რომე სენი შეყარო, ბრჭვალი ჰკრა გულსა, მუცელსა, განა იმ სენით ვერ მოკლავ, რაღად უმზადებ მუნ ცელსა?
ძვლები ხარ, მკვდარი, უსულო, ცელი კარგს მთიბავს გიგავსო; თუ შენ გვთიბ, შენ გვჭამ, შენს ნაჭამს ვინ გიხვეტს, გიწმენდს, გიგავსო? თუ არვინ გიხვეტს, უთუოდ ნეხვით ნიფხავი შიგ აქვსო.
იამებიან საწმელად, არ ვიცი, ის ფინთი ვისა? კაცსა დაუკოდს გულ-ღვიძლსა სასმლის სმა მეტად ცივისა, უდროოდ მუცლით ვინც კვდების, ტყუილად ჩემზე ჩივისა.
კიდევ მჭლე ხარ და მშიერი, ვერ გამაძღარხარ ხორცითა. რაც შენ მე ცრემლი მადინე, ვიწმინდე ხელსახოცითა, იმდენი მეხი თავზედა დაგეცა ზეგარდმო ცითა!
სული ვარ, ღვთისა ბრძანებით სამსახურისა მჭვრეტელი; ვარ ხორციელთა ყოველთა მხოცელი, ამომწყვეტელი, არვინ დარჩების ქვეყნადა თვალთ ნათელ-დაუშრეტელი.
აღმოსავლეთს და დასავლეთს, სამხრეთს, ჩრდილოეთს სულ ხვალო. აგრე ანაზდად მქცეველი რისაგან გამოსულხარო, გამაგებინე მართალი, არა ვიცი რა, ვსწუხვარო.
სენები სთქვი და გამხსენდა ცივებით აძაგძაგება; ეგ მეც ვიცოდი, მაგრამე მე გამოგკითხე განგება, სიკვდილ-სიცოცხლე, ორივე, არიან ღთისა განგება.
ტურფა ხარ თვალად, ტანადა, სულად ერჩევი ჯარშია; ტანზედა დიბის ქათიბი, გიხდების კაბის არშია. ფეხზედ წითელი ჩახჩური, მწვანე კემუხტის მაშია.
რომ დასჯექ ჩემად საკიცხად, წიგნსა სწერ სასაცილოდა, აქ მეცა მაგის პასუხად თავს მოგჭრი უსაცილოდა, მის ამარ გაგხდი, ვინც გივის სანუგეშ-საგენცილოდა.
ჩემის იგავის საცნობლად რად შენ თვალები აგება? ვითარცა მხატვენ მხატვარნი, ისე გეგონოს აგება, რომ შენ მოიღე ჩემზედა გამოხრულ მკვდართ კაცთ ძაგება.
ძვლებ-გამოხრული გახდები, ტანთ ხორცი შემოგეცლების. სანამ ტვინი გიძს, ძვლებიდამ მატლი არ გამოეცლების, მის დროს კი ვეღარ მაძაგებ, შენ ჩემთვის აღარ გეცლების.
ყოველთვის მზადა დაგხვდები, თუნდა დღეს, თუნდა მო ხვალო; ეა გინდა ჩემგნით, რად მდევნი, შენ მჭლეო, ტანთ ჩამომხმარო! ვეჭვობ, შენ ასე გგონია, არავინ მყავდეს მომხმარო.
კაცს შეუჭეხა ხმა-მაღლა, დათათხა, რადა მკიცხაო! ვინც უნდა გყვანდეს მომხმარო, მე იმას არ გიკითხაო, აწ მე შენ ასე გაგხადო, მშიერმან მგელმან ვით თხაო.
შენ ღმერთი ცეცხლის ტბაშია ჩაგაგდებს დასაწვავადა, ეს ჩემი სული ზეცადა უკვდავის ხორცით წავა,და, წამოგიჯდება ზეიდამ წაკულვად, საპრაწავადა.
საბრალოს ბერ-კაცს არ შერჩა სიკვდილის თავს აცილობა, რა წამს გალესა, შემოკრა, არა სცა ხანთ-დაცლილობა, სიკვდილის მზგავსად გაუხდა კაცს ტანთ-ხორცთ შემოცლილობა. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |