ეს ქუთაისში შეიტყვეს შუბლში იტკლიცეს ხელია, ნუთუ ქართლსა და კახეთსა ვაჟკაცი შემოელია, აქ რაღაც ცბიერობაა უთუოდ საეჭველია უნდა უშველოთ როგორმე თუ სადმე მისაშველია. მოდი გავგზავნოთ აქედან მეგრელი ესებუაო. ისე დაბლაგვოს, იცოდეთ, როგორც რომ დანის ყუაო. მაშინ იტლინკოს გლდანელმა, მერე ისწავლოს ჭკუაო. უფროსები ხართ და ჩემგან არ გეკადრებათ ვარია. თუ გავიმარჯვე აქავე ჩამოვალ მომცინარია, თუ ვერა კომბალს ავიღებ და წავალ სადაც ცხვარია. მაგრამ ყურებსაც არ იბერტყს ჩვენი ნაქები კულაო, ამბობს, ამისი ტოლები აქ ბევრი გალახულაო, და ესეც ისე გავპენტო როგორც რომ ბამბის ქულაო. ჯეირანივით ნავარდობს, მაღლა ხტის როგორც შველია, ტანზედაც ერბო წაუსვამს, რომ ვერ მოავლონ ხელია, გარს ახვევია ამქრები, სუყველა მისი მშველია. რომ დაინახა გლდანელი ლომივით მიაშურაო, მკლავებში ხელი მოავლო და ერბომ აიცურაო, კინაღამ უცბად გაფუჭდა და ბედმა მოიმდურაო. ამბობს, ხელს ვერსად ვკიდებ, რა ცუდად მომაღორაო. მივარდა, გულში ხელი ჰკრა, ბურთივით გააგორაო. ვეფხვივით ზურგზე დაახტა, დათვივით მოიტორაო. ზემოდან მტკვალავს ნესტორა, თითქო იღებდეს ზომასა. თან ეუბნება დაცინვით: კულა ნუღარ სწევ შრომასა, უფრთხილდი თან არ გადაყვე შიშსა და გულისწყრომასა. საცეცხლურივით დაკმევა ოთხკუთხივით დაუპირაო. იმისი მაყურებელი სუყველა გააკვირაო, კულა გლდანელის მომხრენიც უწყალოდ აატირაო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |