ჩემო ციცინათელა! რად მიჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა!
მე თუმც არას მარგიხარ! ჩემი იყო, ის მინდა, შენ კი სხვისი ბარგი ხარ!
ფუტკარი და წურბელა, შენზედ სარგებლიანი შენ გენაცვალოს ყველა!
მაგრამ ცოტა მყრალია… მშიერი - სისხლის მტერი, რომ გაძღება - მთვრალია!
მან გული დამიბნელა! ისევ შენ და ისევ შენ, ჩემო ციცინათელა!
გვიკეთებს და სარგებელს მით გვაძლევს, მაგრამ კბენით გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!
მკბენარი, მოისარი? ისევ ციცინათელა, უწყინარი ის არი!
წყნარია და არ იქმს ავს, მაგრამ უგნურებითა პარკში იღრჩობს თავის თავს!
უგნურად თავის მკვლელი, და როგორ არ მერჩიოს მასაც ციცინათელი?
საით ჰფრენ ნელა-ნელა? მე ვარ შენი ერთგული, სხვა მოგატყუებს ყველა.
და ვაი, სხვის ბარგი ხარ! სხვებს ბნელშიაც უნათებ, მე კი დღეც არ მარგიხარ.
ჩემსკენაც გამოფრინდი, ნათელი მომაფინე, მეც გამინათე ბინდი!
აწ საყვარლად მიწამე და მაშინ შენს სიყვარულს დამავიწყებს მიწა მე!..
სადღა ჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორ-შორ ნათებამ უდროოდ დამანელა!... |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |