კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

როცა საღამო იწვის ჩუმად, როგორც სანთელი,

და მთის ქედიდან ვარდისფერი ცა იჭვრიტება,

როცა მზისაგან დარჩენილი დიდი ნათელი

მიწის გადაღმა ლურჯ უფსკრულში ჩაიშრიტება, -

ჩემ წინ უეცრად გაიელვებს ცისფერ ლანდივით

მეგრელი ქალი, მოღუღუნე ჩონგურით ხელში,

ჰაერში თეთრად შეირხევა მისი მანდილი

და ისევ ჰქრება, როგორც ნისლი დაბინდულ ხევში.

მომელანდება არა ჩონჩხი, ცივი და მქრალი,

სიკვდილის ელდა რომ უელავს თვალების ხვრელში,

არმედ სათნო, ლმობიერი მეგრელი ქალი,

მეგრულ სიღერით ანთებული ჩონგურით ხელში.

მაშინ მე ვამბობ: "ხომ ვიცოდი, რომ ეს ასეა,

ჩვენი სიცოცხლე ერთ წერტილზე რომ არ ჩერდება! -

დილა სინათლით და ჭაბუკურ ეშხით სავსეა,

მაგრამ დრო მიდის და საღამოს იგი ბერდება.

ეს დღეც დაბერდა და შეაღო ღამის კარები,

დათქმულ მიჯნამდე მიიტანა ცის ბრწყინვალება,

და თბილ საღამოს წუთიერი აელვარებით

მან დაასრულა მარადიულ მზის დავალება.

ჩემი სიბერეც მე ასე მაქვს წარმოსახული:

მივაღწევ მიჯნას ოქროს ტვირთით დამძიმებული.

ჩვენს დიდ გაზაფხულს უდიდესი შესცვლის ზაფხული,

თავისუფალი შრომის მადლით მომწიფებული.

მომაგებებენ მოხუცს პატივს და მოკრძალებას

ჩემი ურიცხვი შვილები და შვილიშვილები,

კიდევ მოვასწრებ მე საჩემო სხივის დალევას,

ვიდრე ჩემამდე მოაღწევენ ღამის ჩრდილები.

დაიწმინდება წყაროსავით ჩემი ოცნება,

მუდამ სინათლის და სიამის უხვად მთოველი.

ნელი ფიქრები სიბრძნის შუქით შემოისება

და გამიტკბება არსებობის წუთი ყოველი.

ამ დროს მეწვევა მე ის ქალი ჩონგურით ხელში,

ხელს არ შემახებს, მაგრამ ვიგრძნობ მოახლოებას.

მეტყვის: "ხომ ხედავ, ძლივს დადიხარ მიწაზე ხვნეშით, 

დროა მოშორდე წუთისოფლის ამაოებას!"

მე ვუპასუხებ: "ვერ გავძეხი ლექსების წერით,

მიტომ გიბედავ კადნიერად შეკამათებას, -

მაჩუქე კიდევ რამდენიმე მზიანი წელი:

გულს ჩარჩენილი სიტყვა ითხოვს ამონათებას".

წავა. დავრჩები ტკბილ ხმათათვის ჩაფიქრებული.

რომ ამოვწურო ჩემი წილი საგალობელი,

რომ მშობელ მიწის სიყვარულში ჩავფერფლო გული,

ისე დავტოვო ეს ბრწყინვალე წუთისოფელი.

და შემდეგ, როცა ის კვლავ მოვა გარდუვალ ბედად.

არ მომინდება, ძილის მსურველს, მასთან კამათი, -

ის დამაძინებს, ვით დაღლილ ბავშვს აძინებს დედა,

ტკბილი ჩონგურით და უტკბილეს იავნანათი. 


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები