კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თითქო მოწაფე ვდგავარ დაფასთან,

გულს მღელვარების ალი ედება.

როგორ ამაღლდა, როგორ დაფასდა

დღეს ჩემი მცირე შემოქმედება!

მე ვადიდებდი ჩვენს უკვდავებას,

ვაჟკაცის ხმალთან ლექსით მივედი.

მაგრამ რაც შევქმენ - მეცოტავება,

გულს დარჩენია ხვალის იმედი.

შემომეშველოს დღე ხვალინდელი,

შევსძლო სიმღერით გულის ავსება,

იქნებ მოვასწრო კიდევ იმდენი,

რომ გავამართლო ეს დაფასება.

მე ჩემი ქვეყნის ვალი მედება,

ამიტომაც ვარ აღელვებული.

მღელვარე გულში აღარ ეტევა

მადლობის გრძნობა მოჭარბებული.

სხივი და ჩრდილი გარდასულ დღეთა

მე ჩემს ლექსებში დავაბინავე.

ახლა მომავალ დღეებსაც ვხედავ,

არწივებივით რომ მოფრინავენ.

მოაქვთ უცნობი სიტყვა ახალი,

შთაგონებათა ახალი წყება,

ასე მგონია, უფრო მაღალი

შემოქმედება ახლა იწყება.

მესმის მებრძოლი დღის მოწოდება:

სჭირდეს კალამი როგორც ხანჯალი!

კიდევ მიწყვია გულში ზოდებად

ლექსების ოქრო დაუხარჯავი.

მინდა ამოვსწვა მე ეს მადანი,

ამოვალაგო ოქრო რაც არის,

რომ აღარ დარჩეს ამოსატანი

ანთებულ სიტყვის ერთი მარცვალიც.

შემდეგ უსაზღვრო მყუდროებაში

გადავისროლო დაცლილი გული,

ოღონდ პოეტთა მშობლიურ ბაღში

მეც დამრჩეს სიტყვა აყვავებული.

ჰქროდეს ნიავი. ბაღი მღეროდეს,

ჩემიც ისმოდეს მწყობრში ძახილი,

ჩვენს წმინდა კერას მზე დასცქეროდეს

სამარადისოდ ნისლ-გადაყრილი.

და შემოსილი მზიური ალით,

თოვლიან მთებით ცამდე ასული,

ბრწყინავდეს ქართლი - ფირუზის თვალი,

კავკასიონის ბროლში ჩასმული.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები