კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ისევ აპრილის გრგვინვა გაისმა,

ჩადგა გუგუნი ზამთრის გრიგალთა.

სამზეოს კარი ელვით გაიხსნა

და გაზაფხული შემოგრიალდა.

ვინ მოსთვლის ჩემი ოცნების ცაზე

რამდენ გაზაფხულს გადუფრენია?

რამდენი გრგვინვით ვყოფილვარ სავსე,

რამდენ აპრილის შუქი მფენია?

ასე მგონია, ვარ ათასი წლის,

გზა გამივლია იმდენად გრძელი,

მაგრამ ამ გულის მცირე თასისთვის

მაინც არ კმარა მზის ალი მწველი.

თუმც დასაქოლად არ მემეტება

"გული ხარბი და გაუძღომელი", -

მიკვირს, ამდენი როგორ ეტევა,

რომ უფრო მეტის არის მდომელი!

კიდევ ვიცოცხლო წელი ათასი,

თავს დამნათოდეს ზეცა მზიანი, -

მაინც ამ გულის პატარა თასი

ვეღარ ავავსო სოფლის სიამით.

გავცქერი მაღლობს. გამდნარა თოვლი,

მტკვარიც გრიალით მოემართება.

თითქო პირველად შევხარი თრთოლვით

კვირტიდან ფოთლის ამონათებას.

თვალებს ახელენ რტოები მწვანე

და გაუწვდიათ მზისკენ პეშვები,

სულმოუთქმელად მზის სხივებს სვამენ

თეთრ ყვავილების აზარფეშებით.

ჰყვავის ჩემს ირგვლივ ცხრა მთა, ცხრა ველი

და ყვავილები მზეს უმღერიან.

მეც ჩემი გული, როგორც ყვავილი,

მზისკენ თასივით გამიშვერია.

დამისხი, მზეო, მეც შენი ალი,

შენი მტევნების ცხელი ნაწური,

რომ კიდევ დიდხანს მიჭრიდეს თვალი

და მაღელვებდეს გრძნობა კაცური;

რომ არ განელდეს სინათლე გულში,

მძლეთამძლეობა შენი მჯეროდეს,

და ჩემი ქვეყნის ყვავილთა გუნდში

ეს ჩემი გულიც შენ გიმღეროდეს! 


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები