1
ლეთეს ულმობელ მდინარებას ვერ გავატანე, ვერ ვუმასპინძლე დავიწყებას ძველი ტკივილით. ამის გარეშეც არ ყოფილა ცხოვრება ტკბილი, ერთად ხვდომია არსებობა ბედნიერ ტანდემს. თუ დაღალული სული სხეულს უჭირავს კბილით - გადაკრულია ორივეზე მზის დერმატინი სამხიარულო სიმღერებით და ლიტანიით. შორიდან ბრწყინავს გაცვეთილი წარსულის თემად ძველი სამყარო ვარსკვლავებში გამოსახული. ნავლდება შიშით იმ განვლილი დღის საზღაურად ოცნების თვალით სახილველი უცხო საყურე.
2
ოცნების თვალით სახილველი უცხო საყურე, ყველა დანარჩენ მოსაგონარს რომ ჭარბობს სრულად - აი ნიშანი წარმავლობის, ჯერ არ მოსრული, ფასეულობა ჩემი მცირე - რაც მამსახურებს. ამ სამწუხარო ჰანგებს, როცა ბედის სასრული - შეშლილობისას ჰგავს დახატულ ვან გოგის სურათს ან წიგნს, რომელიც სულ ახლახან უხმოდ დავხურეთ. არ იძერწება აქ დრო, როგორც ქვები სილაში?! - რასაცა დასწერ პალიმფსესტზე, იმასვე წაშლი. სადღა თავსდება ან იმ დღეებს ვინღა აპურებს? ფიქრების გარდა არ არსებობს კიდევ სხვა ყურე!
3
ფიქრების გარდა არ არსებობს კიდევ სხვა ყურე, სხვა ამისთანა უწყინარი განსაცხრომელი, იმედის, ნდომის ამნაირი მოსახილველი... განა აბრმავებს კულისები სცენის მსახურებს? ბოლოს მომიღებს ალბათ ისევ წყალობა თქვენი - ჟამი - ქრონოსი, საკუთარი თესლის შთანმთქმელი, (ყოველთვის ერთი დირიჟორი ჰყავდა ამ ქოროს). რახან სალმობას საზრიანი არ ჰყავს გამგონე - მოწყენილია უსაშველოდ ჩემი მიმები კვლავ ინებივრებს ნამუსრევი ტრფობის იმედით, ვიდრე იმ დღეთა სახსოვარი მარად ნეტარებს.
4
ვიდრე იმ დღეთა სახსოვარი მარად ნეტარებს, სიცოცხლის მსგავსი არ ყოფილა სხვაგვარი სევდა. აქ აღარ ხდება ამ ნამღერის გადაფასება, იგი სხვისთვისაც თუ რაიმეს ნიშნავს მეტადრე. ჩასახლებულა საუკუნოდ ჩემში არსება, მაგრამ ის არა, მხოლოდ მისი დიდი მსგავსება, რომელიც თავის სურვილების კვალზე გატარებს. არც ის შორი წვა, შორი დაგვა, რაიც მხიბლავდა, ვით ოცნებები მწვერვალებზე გაკრული ლანდად! გულის ზრახვათა მხილველი და აზრთა მკეტავი... რაა სიცხადე, თუ ყველანი ვგავართ კენტავრებს.
5
რაა სიცხადე, თუ ყველანი ვგავართ კენტავრებს - საგულდაგულოდ სხვის აზრებზე მორგებულ სურვილს. შუადღის ცაზე უდროო დროს და უსუსური ვინ ააგორა კარეტა - მთვარე. ჯერ არ ყოფილა დაშორება ამგვარად სულის; მოენატრება იისფერ თოვლს მსგავსად ქალწულის ხიდიდან ფენა... მაგრამ სადღაც გაურბის მტკვარი. აქ უსათუოდ დაუკრავენ ახლა ბეთჰოვენს (?)... იწყება როკვა: ჰალი-გალი!.. ეს არის ჰობი - პატრიარქია გაშმაგება, მოდის პანღურით... რაა იმედი უსაგნობის ამ სამსახურით.
6
რაა იმედი უსაგნობის ამ სამსახურით, მელანქოლია - უსიტყვო როლის. როდემდე უნდა გვაცხოვრებდეს ამ ირონიით მშვენიერება შავი დღისთვის გადანახული. დადევნებული უდაბნოში კენტავრის რონინს, როცა შორიდან იბწკინება მორიელივით ქარვისფერ თმებში შემალული ბიბილო ყურის. თვლემდა ლოთივით... შეფაკლოდა შენობებს სახე, რადგან იქ იდგა უფრო დიდი თეთრი სასახლე. აბლაბუდაში მისი თმების ხვევდა ღამურებს, მოლოდინივით საკუთარი ჩრდილის შემყურე.
7
მოლოდინივით საკუთარი ჩრდილის შემყურე - დღეებიც ასე მოიქანცა... ამაოდ ვეძებ კმაყოფილებას სიყვარულის გრილ ნაპირებზე... ეს სანახები ო, რა გვიან მოვინახულე. ამნაირ გრძნობას ერიდება გამოსვლა მზეზე; არც ის არ არის უტყუარი სევდის მიზეზი, რომ სამყაროში ბედისწერას ერთი ჰყავს ჰუნე. ო, ტრაგედია არა მარტო ამ თამაშშია - შეყუჟული ვარ მარტოობის თბილ ნიჟარაში... ჩვენ შორის, რადგან სიცრუეა ტრფობის სათავე. პარალელები ერთმანეთს არ გადაკვეთავენ.
8
პარალელები ერთმანეთს არ გადაკვეთავენ, გადახდილია პარაკლისი, ანდა პირიქით, ახლა იწყება საქორწინო მარშების რიტმი - ხრიან ვარდები გვირგვინებზე მოკვეთილ თავებს. არსებობს მხოლოდ სიკვდილის და სიცოცხლის რიგი. ო, ეს გზა მაინც საით მიდის ასე ირიბად, სად მარმარილოს კიბეებით მაღლდება ტანი. მაინც ძნელია წინდაწინვე გამოიგლოვო. ხელებს გვიქნევენ ბედნიერი მგზავრები პონის... და ქვიდან ხელებმომტვრეული გვიმზერს შოპენი... რა ხშირად ისმის ოქტავაში შენი სახელი.
9
რა ხშირად ისმის ოქტავაში შენი სახელი - დო-მინორ, დონი, ირხევიან ბაგენი თრთოლით. ჰაერში ყველა მოსრიალე ხმელი ფოთოლი არის სულ შენკენ გამოწვდილი მათხოვრის ხელი. ცხენის ჭიხვინით ეფინება მიდამოს თოვლი, ფაფარაშლილი ყალყზე დგება, თითქოს მოთოკილ თავს წინ ეწევა და აფერხებს მძიმე მარხილი. ბაღში ქარივით დასრიალებს... რა შორს წასულა, დავიწყებიათ არსებობა მისი სრულიად. ვინ ხატავს ნეტავ, ან ვინაა ავი მძრახველი? სარკმელზე ნელა აკაკუნებს უღონო ხელი.
10
სარკმელზე ნელა აკაკუნებს უღონო ხელი... იგი ნამდვილად არის აქვე - მოგონებაში; სპეტაკი თოვლის სიმსუბუქით ციდან დაეშვა და გაანათა მოლოდინი ზღაპრულ ქოხივით. ფოთლით შენიღბვას და ქუჩაში დადგა აფიშით, რომ წუთიერი ნეტარებით თავთან თამაში გამოესყიდა სილამაზის ნაღდი სახელით. და ვისაც უნდა, როგორც უნდა, გადი-შემოდის... ვინ დაამკვიდრა შენობაში ეს უკმარობა ეს შენ ხარ - ირგვლივ ყოველივე გააღარიბე, რარიგ იგრძნობა იდუმალი ლტოლვის სიხარბე!
11
რარიგ იგრძნობა იდუმალი ლტოლვის სიხარბე! გულისთქმის ზღვარზე გაშლილია გზები კარტივით. ვერ გარკვეულა თავისთავში გრძნობა მარტივი - მოგონებები ზურგით მიაქვთ, ვით ვაშლი ზღარბებს. შთაბეჭდილებას შევქმნი ქარში გვიანი მარტის და მომინდება ღვთაებრივი ის სიმარტოვე, რომელიც თავის შესაცნობად სჭირდებათ საგნებს. ლუსმულ წარწერებს ამოტვიფრავს ღრმა ღამეებად, სულგანაბული შემიძღვება მდუმარებაში - დადის მევალე და ხმადაბლა კითხულობს სიას... გააღებ კარებს, იქ არავინ არ ჩანს სრულიად.
12
გააღებ კარებს, იქ არავინ არ ჩანს სრულიად - მობჯენილია ღამე შუბლზე ნიავით გრილით... მაგრამ გჯეროდეს, რომ შორს, სადღაც მღერის გრაალი და თუ არ მღერის, მაშინ ეს ხომ დასასრულია. გამოანათებს სიბნელიდან სხეულში გავლით ისევ ის მზერა ნაცნობი და სატანის მგვანი და შეუერთებს შენს იმედებს შორეულ წყვდიადს. არ ემძიმება სხვისი ტვირთი, შვენის კიდევაც; თითქოს სცენარი შეიცვალა ახალი კადრით - დნება დღე ცვილის სანთელივით და ცოტა ხანიც - სულში მკვიდრდება სასოებით ახალწლის ღამე.
13
სულში მკვიდრდება სასოებით ახალწლის ღამე... სამარადისოდ ძველმა წელმა დახუჭა თვალი! მალე შემოვა მოქანდაკე - ჭირისუფალი და ხსოვნის ნიშნად მიცვალებულს აუღებს ნიღაბს. მერე უკანვე სიბნელეში გაქრება მალვით, სად ანგელოზნი იმღერიან ექსტაზით მთვრალნი: - დღეს ბებრები ვართ და ბავშვები ვიქნებით ხვალე! სად არის ზღვარი - გასაყარი ძველის და ახლის? ხანგრძლივი დროით სად ვიყავით, ან სად ვიქნებით? უნდა დავლოცო, ვისაც უხმობს ოცნების ფრთები, როგორც მოცარტის ამღერება "ალილუია".
14
როგორც მოცარტის ამღერება "ალილუია" სალიერიშიც აღტაცებას იწვევდა შურის... პირზე მეფშვნება ღამის სუნთქვა, ვით აბრეშუმი და ამ ცთუნებას გადაურჩე, არც ადვილია. წილნაყარობის ეს თვითგვემაც ყოფილა ჩუმი და ერთი სიტყვა რატომ რჩება ასე საშური, თუ სიყვარულში უთქმელობაც ბანალურია. ნელა შეაღო, შეიტანა ბნელში ნათელი და შეატოვა დავიწყებას სიტყვა ნახვამდის... დრო-ჟამს უჭირავს ჩვენი ხსოვნის მოკლე სადავე - ლეთეს ულმობელ მდინარებას ვერ გავატანე.
15
ლეთეს ულმობელ მდინარებას ვერ გავატანე ოცნების თვალით სახილველი ცრემლის საყურე, ფიქრების გარდა არ არსებობს კიდევ სხვა ყურე, ვიდრე იმ დღეთა სახსოვარი მარად ნეტარებს. რაა იმედი უსაგნობის ამ სამსახურით, - მოლოდინივით საკუთარი ჩრდილის შემყურე. პარალელები ერთმანეთს არ გადაკევთავენ. სარკმელზე ნელა აკაკუნებს უღონო ხელი - რარიგ იგრძნობა იდუმალი ლტოლვის სიხარბე! სულში მკვიდრდება სასოებით ახალწლის ღამე, როგორც მოცარტის ამღერება "ალილუია". |