კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დედამ რომ შვილი გაზარდოს, -

ემაგრე ჩვენისთანაო;

ძმურად გამოსადეგნი ვართ

ყველგან და ყველასთანაო.

ლხინში მოლხინეს მოვულხენთ,

ჭირში მოჭირნეს ვუშველით;

ფიქრის, საქმის, შრომის დროსა

ბრძენსაც არ დავუვარდებით.

დიდს არ გავექელვინებით

და მხარს მივსცემთ პატარასა;

ძალას გულდაგულ დავხვდებით

და თაყვანს ვსცემთ სამართალსა.

წინ წასვლაში არ დავიხევთ,

არ გავწირავთ უკან რჩომილს:

ჩვენც ვიცით, რომ შველა უნდა

უღონოსა და დავრდომილს.

უანგაროდ მივალთ წინა,

მარტო ის გვაქვს გულში ფიქრად,

რომ წინანი უკანასთვის

უნდა იქმნენ გზად და ხიდად.

მამულისა შვილნი ჩვენც ვართ

და მიტომ ვზრდით ჭაბუკს სულსა,

რომ ოდესმე გამოვადგეთ

დაობლებულს ჩვენს მამულსა.

მაგრამ ეხლაც საქმით, სიმხნით

სხვას არც ჩვენ დავუვარდებით;

ბრძოლად რომ მამულმა გვიხმოს,

ეხლაც კი გამოვადგებით.

ეგერე გამოსადეგნი ვართ

ყველგან და ყველასთანაო;

თუ დედამ შვილი გაზარდოს, -

ემაგრე ჩვენისთანაო!

მსგავსი თემები