ზამთარს აუკრავს თოვლის თეთრი გუდა-ნაბადი, სკდება აპრილი თეთრ კვირტებში შემოღერილი, გაგვეჩითება მოჩითული ჩითის კაბით და დგას გაზაფხული, როგორც ზამთრის ღია წერილი!...
...საიდან ვიცნობ, ღმერთო, ამ ქალს, საიდან ვიცნობ საიდან მახსოვს ეს ფერია, გული რას მიგრძნობს? ეს სახე ვიცი, თუმც მე იგი არ მინახია, ეს ის ქალია, ჰგავს ძალიან, ეს ის სახეა.
ო, ღმერთო ჩემო, ნუთუ მისთვის დრო აღარ იძვრის, დარჩა თხუთმეტის, არც ცის არის და არცა მიწის, დგას ჩანთით ხელში, რა უკლია ძეგლად აგებას?... დგას ნათლის სვეტი და თვითონ ჰგავს ის ქანდაკებას!
ათასი თვალი შესციცინებს ამ ნატვრის თვალსა, ათასი კვალი დატრიალებს პატარა ქალსა... მთელი დღის ტვირთით გათანგულსა ვერ გამიგია, ეს ვერნისაჟი, თუ უბრალოდ, ტაქსის რიგია...
საიდან ვიცნობ ამ გოგონას, საიდან ვიცნობ? ასე როგორ ჰგავს, თუ სხვა არის - ჩემთვის ვგულთმისნობ... ღმერთო, ნუ შემშლი, ეს, ის არის, ნაღდად ის არის, ახლაც ატყვია გულის ფიცარს მისი ისარი.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, დრომ მაინც შეძლო, სულ გადალეკა სიყმაწვილე ცხოვრების ტალღამ, ამ პატარა ქალს, ჩემს ოჯახში, ღვთით, უნდა ერძლო... მე - დამათოვა უკვე თმაში, ის - დარჩა ბალღად.
თითქოს ბორბლებში თვით ბავშვობა შემომივარდა, იქვე გავშეშდი... ცხოვრება კი რა თვალთმაქცია - გათელილ ბაღში ვარდი აღარ შემომევარდა და ციცქნა გოგომ ყველას თვალწინ ზურგი მაქცია.
ამტვერდა ქუჩა... ჟრუანტელმა გადაჭრა ქუჩა... (ბებერი კაცი აეტუზა სხვების გაზაფხულს), შეინძრა ხალხი უსიამოდ, ის - იდგა ურჩად და მეც ვიდექი – შიგ თვალებში ვუცქერდი წარსულს...
რამ დამავიწყა, რომ ბავშვობა სადღაც შორს დარჩა, გადიგრიალეს წლებმა უკვე გრიალ-გრიალით, ეს კი სულ სხვაა - სხვა ატლასი, დიბა და ფარჩა და განსხვავდება მისგან, თუნდაც, კაბის შრიალით.
მივხვდი შეცდომას, ოღონდ მივხვდი მას ერთობ გვიან (ასლი დედანთან სწორი იყო, ვით ტყუპისცალი) - გოგონა, მითხარ, შენს დედიკოს თეონა ჰქვია? - დიახ, ბატონო, - აუვარდა სახეზე ალი...
იქვე, საჯაროდ მოვეფერე ბავშვობას ჩემსას, ვით მამა შვილსა ვეამბორე, ხალხის ალყაში და დაცხრა ქუჩა, სადღაც მოწყდა ფოთოლი ხესა... მანქანა ცივად გასრიალდა მღვრიე ტალღაში.
მივხვდი, დედის წილ გამაყოლა თვალი გოგონამ მისი ბედის წილ - დედის წილი კაცი ემონა... ეს მოწყალება, რომელიც მან მაშინ გაიღო, მიხვდა რა იყო, ეს შეცდომა ბავშვმაც გაიგო.
...ყველა დაწყნარდა, ყველა დაცხრა, ყველა, ჩემს გარდა, მე კი ეს წუთი, მე ეს წუთი მეყოფა დარდად. |