კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შემოქმედება თურმე ჯვარცმაა,

თუკი ატარე ნამუსის ქუდად,

არ გაგიკვირდეს არცერთი მარცხი,

წარმატება კი, გიკვირდეს მუდამ.


ზოგ გამარჯვებას სდევს ანათემა,

ზოგ დამარცხებას - დიდების ბუკი.

ბევრი ცრურწმენა გადანათდება

ჯორდანო ბრუნოს კოცონის შუქით.


და თუ ცხოვრება მართლაც ომია

და თუ იღბალი ვარსკვლავს ჰგავს ცთომილს,

შემოქმედება ასჯერ ომია,

ყველაზე დიდი და მძიმე ომი.


მხოლოდ ამნაირ ომებს სალამი!

ომში ვარ… ვიბრძვი, ფანდებს ვიგონებ…

ჭრილობებს როდი ვითვლი - არამედ

ჭრილობებივით დახსნილ სტრიქონებს!


შევურიგდები ბევრ განქიქებას,

ბევრ დამარცხებას, - საშინელს ყოვლად,

მაგრამ ვერასდროს შევურიგდები

საკუთარ თავთან წაგებულ ბრძოლას.


ზოგ გამარჯვებას სდევს ანათემა,

ზოგ დამარცხებას - დიდების ბუკი,

ბევრი ცრურწმენა გადანათდება

ჯორდანო ბრუნოს კოცონის შუქით.


შემოქმედება თურმე ჯვარცმაა,

მოყვრის სიმცირე და მტრის სიმდიდრე.

არ გაგიკვირდეს არცერთი მარცხი,

გამარჯვება კი მუდამ გიკვირდეს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები