ლოთებო, ნეტავი ჩვენა, დღეს მოგვეცა შვება-ლხენა, შემოდგომამან ბახუსი, საწნახელში ჩააყენა!
გინდ ყვავიც ვეღარ ჰფრინავდეს, ვერ შეგვაშინოს სიცივემ, თუ თავში ღვინო ბრწყინავდეს.
მოძღვარო, დასტური დამე! წყლის ყლაპვა ცოდვილთ წესია, წარღვნაა ამის მოწამე.
ყურძნის წვენისა გემება, თვითონ ნუნუას მიუჯდა, წყალი პირუტყვთ დაანება.
სჯობს რომე ღვინო დავძლიოთ. ომამდინ სისხლად იქცევა, მერმე ბრძოლაში დავსთხიოთ.
ბრძენი სიფრთხილით წახდება; მაგრამ ღლეული მაშინვე ან მოჰკლავს, ან შეაკვდება!
შენ წინ ვერ მიხვალ გაბედვით. გულს ომამდისვე გაიხეთქ განსაცდელთ წინასწარ ხედვით.
ღვინო სჯობს ყოველს მცნებასა. ბრძენი სულ სიკვდილსა ფიქრობს, და ლოთი გამარჯვებასა.
ჰსცადე ეს ჩემი ნასწავლი: რაც სენი უკურნალ იყოს, ღვინოა იმის წამალი!
ღვინის ქებისა ხსენებით, რჯულისთვის მაინც დავლიოთ, მაჰმადის გამოჯავრებით.
ვერცხლით არ მოიპოვება: მდიდარნი ბევრნი ყოფილან, ოხრათ რჩენიათ ქონება.
დრო გავატაროთ ლხინითა: ქეიფი მაინც მოგვივა, გოგრითა ვსვათ, თუ ჩინითა.
ველსა ვსხდეთ მწვანით შემკულსა, ჩვენ წითელს ღვინოს ვეწაფნეთ, ვარდი ვანებოთ ბულბულსა.
როდემდის იგლოვო: ”ახ-ო?” აბა შენც ჩვენთან ჩაღლივე, თუ რომ შენც არ შემოსძახო!
ვერვინ ვერ იშვებს გრილითა; ჩვენც სიცხე ვერას დაგვაკლებს, ვსთვრეთ, გავატაროთ ძილითა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |