ჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!.. თუ მარტო ვარ, თავს მომაკვდავს ვადარებ, თუ ხალხში ვარ, ძალით ღრუბელს ვადარებ და მოწყენით ჩემზედ მტერს არ ვახარებ, რომ არა სთქვან ჩემზედ: “რა ოხერია!” ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!.. არვინ მაძლევს სანუგეშოდ ძმურად ხელს; ჩემს შარბათში ნაღველს ვჭვრეტ და ვარდში გველს, მისთვის ვწყევლი და ვემდური ამ სოფელს, რომლისგანაც მე გზები ამერია!.. ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია! გინდ მეწვიოს, ვერას მარგებს აწ ბედი! დამწვარი ვარ ისე, როგორც აბედი! ახა, ღმერთო, რა უდროოდ დავბერდი: საფლავისკენ ფეხი გამიშვერია!… ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია! ნაღვლიანად ჩემს თავზედ მეცინება და ღმერთს ვვედრებ: “ღმერთო, მომეცი ნება, რომ მეღირსოს საფლავში დაძინება!.. სჯობს, სულ გაქრეს კაცი, რადგანც მტვერია!” ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |