– ცოდნის სონეტი –
ადამ და ევამ ჩაიდინეს სასტიკი ცოდვა, აღთქმა გატეხეს და მას შემდეგ ადამის ძეთა დავიწყეთ ფუჭი ბჟუტური და უაზრო ბოდვა.
მაგრამ გულს გვიღრღნის ამ სამყაროს შეცნობის ჭია. და ოკრო-ბოკროდ მიკრო-მაკრო კოსმოსის კვლევას, წყლის ნაყვის ნაცვლად, შემეცნების სახელი ჰქვია.
და ღვთის კანონი არ შეცვლილა თუნდაც სულ ოდნავ. არ ვინანიებთ არაფერს და შენდობაც არ ჩანს, რადგან ყველაზე დიდი ცოდვა - ეს არის ცოდნა.
სამაგიეროდ, უმანკო ხარ და უცოდველი.
და გონს განწყობა ეუფლება მძიმე, სასუდრო, თავს ვაიძულებ, გავაღწიო სამყაროს მიღმა და ზეციერი სიმაღლიდან ვჭვრიტო საწუთრო.
მეც ვიმეორებ დაჟინებით, ვით გალილეი, და თუ არ დაგვწვეს ისე, როგორც ჯორდანო ბრუნო, ამ მიწასავით ჩვენც ვიბრუნებთ და გავილევით.
მაშ რატომ გვინდა, რომ ეს ტვირთი მხრებზე ვიკიდოთ, თუ ამ მიწაში ჩვენგან რჩება მარტოდენ ძვლები, არქეოლოგთა საჩხარუნოდ და საკირკიტოდ?!
- მარადისობას გვირჩევნია სიúოცხლის წამი!
სიბერემ უკვე თავისი ქნა, დაბინდა გონი. მახსოვს, რომ ევამ მომაწოდა სამოთხის ვაშლი და მე, სულელმა, უნებლიედ შევჭამე მგონი.
და დავრჩი ასე, მხოლოდ ლეღვის ფოთლის ამარა. ევამ კი არად მიიჩნია სირცხვილი ჩვენი და კვლავ შიშველმა იქ, ცაშივე, შეკრა კამარა.
და იმდენ ხალხში დავინახე საყასბოს იქით, ვაშლს ჰყიდდა ვიღაც დედაკაცი, სახელად ევა, და წინ ეყენა მამაკაცთა უგრძესი რიგი.
და მაშინ ვიგრძენ, რომ მტკიოდა ნაკლული ნეკნი.
– ევას სონეტი –
მისგან ღალატი არაერთხელ მეც მაქვს განცდილი. კარგად მიირთმევს თვითონ სხვათა მსხალსა თუ ატამს, ვერ მოინელა ერთი ვაშლი, ჩემგან გაწვდილი.
რას მემართლება, ან რა უცნდა ჩემგან ნეტავი?! კაცი მინდოდა ძარღვიანი, მთრთოლავ კუნთებით, არა სამოთხის ნებიერი, მშვიდი, ნეტარი.
მე კი ქალი ვარ და, ვისაც მსურს, იმას ვევნები, მე კაცი მინდა მხვნელ-მთესველი და მევენახე, რომ ღვინობისთვეს დამიწუროს ძუძუ-მტევნები.
მაინც ყველანი იქნებიან ადამის ძენი.
ეკეკლუცება თავის ზემოთ უსაზღვრო სივრცეს, მღელვარე კაბის კალთებს როკვით ხან შლის, ხან კეცავს და მზად არის, რომ მთელი გზნება ამ ზეცას მისცეს.
ის იმწუთშივე დაცხრება და იქცევა გუბედ, თუმცა მას უკვე თვინიერად მდუმარ აუზად კვლავ ჩაიხუტებს დედამიწის მზრუნველი უბე.
მას ვერვინ შეცვლის, ამაოა ყველა მცდელობა. დროებითია ფრენა, ქვეყნად მარადიული არის მარტოდენ დედამიწის მიმზიდველობა.
მისი წესია, მიწიერი არ მიიკაროს!
– ასაკის სონეტი –
და გულს ლექსში რომ ვაჟონვინებ დარდის მოტივებს, მეგობრებს უკვირთ და მკიცხავენ: "- რად გიპყრობს სევდა და სტრიქონები ცრემლით რატომ დაანოტივე?!
რატომ აღარ წერ სიყვარულზე, რაზედაც წერდი, და რატომ გინდა იმ მოვლენებს უძღვნა სონეტი, რომელთაც უკვე ვერ მოგასწრებს ხანი თუ ბედი?!"
სიშიშვლემ თვალი რად მომტაცა და დამიელმა, რომ კაბის კალთა ჩახლართული, ვით კარვის კალთა, ჩავჭრა და ჩავაკარაბაკო, ვით ტარიელმა.
ვისთვის "ჰოეა", ხოლო ვისთვის "ანი" თუ "ბანი".
რატომღა ვცდილობ, გავხდე სიტყვის უფრო სრულმქმნელი, ან რატომ მინდა, გულანთებულ ლექსად ვღვიოდე და ღმერთს რად ვვედრი, არაფერი დამრჩეს უთქმელი?
დაუდეგარი მღელვარებით შევხვდე ალიონს და წუთისოფლის საკართანო ფიალის დაცლა იქნებ როგორმე გადავდო და დავიხვალიო.
არა იმიტომ, რომ ვინმესთან წავიტრაბახო, არა იმიტომ, რომ შევჩივლო ვინმეს: "ვაი მე!" და არც იმიტომ, რომ წიგნები ავითაბახო.
დაგელოდები ჩემს წიგნებში, მოდი, ხმა გამე!
ქარნი ხორშაკნი ქვიშის ბორცვებს უჩენენ ხაოს, არავინ უწყის, მერამდენე საუკუნეა, აქ ქარავანი თავს ვერ აღწევს ქარების ქაოსს.
აქლემს ჰგონია, ვერ მიაღწევს ლომი მიზანსო. აქ ყელყელაობს ყველა: ფლიდი, ქლესა თუ წბილი და ქედმაღლურად იქადლება, ვინ რას მიზამსო?!
არსად ბალახი, ოაზისი, მთა თუ ტყე-ველი, წყალიც არ არის, რომ გაერთო იმისი ნაყვით, მხოლოდ მირაჟი, მიზანი კი მიუღწეველი.
და ზანზალაკთა ხმად ჩაესმის ძაღლების ყეფა.
და ჭირვეული მარტი თვალებს ცრემლით აივსებს, აპრილი, როგორც მოღალატე, თვალთმაქცი ცოლი, გაიპარება შინიდან და გაიმაისებს.
და ნაპეპლარი ზაფხულის ხვატს წვალებით უძლებს, ივნის-ივლისი და აგვისტო მოდიან ხვნეშით და ძლივძლიობით მოათრევენ დაბერილ მუცლებს.
და ოქტომბერში მთლად სისხლისფრად იმშობიარებს. ნალოგინარი გრძნობს, დედობას რომ შეეჩვია და უკვე ზამთრის თეთრეულით იშრობს იარებს.
მაგრამ მოიცათ, ყველაფერი ისევ წინ არის!
– ხომალდის სონეტი –
ლექსის ფურცლები დავუყენე ანძას აფრებად და თუ ოდესმე ლექსთგამრიგეს ამ ხომალდს მივგვრი, სხვა დანარჩენი ყველაფერი მეარაფრება.
თავბრუს მახვევს და თან მიტაცებს ჩემივ სილაღე, მე გადავლახე ყველაფერი აქაც და იქაც და საკუთარი არსებობაც გადავილახე.
ნივთთან, საგანთან, მოვლენასთან, ქალთან თუ კაცთან, ბევრჯერ დავკარგე ყველაფერი, რაც რამ მებადა და აღარ მზარავს ნაკლულობის რაიმე განცდა.
მიმეღწევინოს იქ, საითაც ფიქრებს მივდენი.
ეალერსება სავარცხელი ფაფუკ დალალებს და ვარცხნილობა, მერამდენედ უარყოფილი, ნაუცბათევად ჩამოშლილი სწუხს და ვალალებს.
თლილმა თითებმა საალერსოდ დაითითოვეს. სარკე ასლების ანარეკლებს გულუხვად ისვრის, ხოლო თავისთვის ამ ხილვათა დედანს იტოვებს.
თითქოს მან კვლავაც გაიხსენა ანცი ბალღობა. პოზების ცვლისას იერი რომ შეეყინება, მას იმწუთშივე ლბილ ღიმილად უწევს გალღობა.
- ჩქარა, ძვირფასო, თორემ უკვე მორჩა ოპერა!
გოგენ - ვან-გოგით, რენუარით, მანე - მონეთი, მათი ყოველი მონასმია ჩემთვის ხილული და ახლაც მზად ვარ, ყოველ ნახატს ვუძღვნა სონეტი.
ვით ვარიეტეს კვამლში ქალებს - ტულუზ-ლოტრეკი. მსურს, მათ ტილოებს სიყვარულით რომ მოვუჩრდილო და ვცე პატივი სათანადო ქედის მოდრეკით.
ვეღარ მოწყდები, თუკი ერთხელ ახლო მიუხველ, უმზერ და გინდა შენი ხილვა სხვებსაც ახარო და აგრძნობინო ფუნჯთა ჯადოს ლაღი სიუხვე.
მაგრამ… ნიკალას თუნდაც ერთი თეთრი ბატკანი?!..
გამცნობთ: - სახელი - ემანუილ და გვარი - კანტი: მე არასოდეს არ ვყოფილვარ ფრანტი თუ დენდი, და გარს არასდროს მომვლებია ლივრეის კანტი..
არ მდომებია, რომ ცხოვრება რამედ მექცია. თუ რომელიმე სტუდენტს აკლდა ქურთუკზე ღილი, ვღელდებოდი და მეშლებოდა ლამის ლექცია.
და მათ განსჯაში არ შემცვლია ალღო თუ გეში: ეს ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა ჩემს თავზე და უმტკიცესი ზნეობრივი კანონი ჩემში.
იცოდე: ქვეყნად დანარჩენი - არაფერია!
კაცობრიობის და ამ სურათს ვერაფრით წაშლი. სამი ქალღმერთი: აფროდიტე, ათინა, ჰერა - ეს სამი ევა და მათ შორის სადავო ვაშლი…
ტროა, ქცეული სამუდამო ლაქად თუ დაღად. აწ რომელი დგას ნეტავ რიგში: რომი, პარიზი, ფილადელფია თუ მოსკოვი, ვენა თუ პრაღა?
ვინ განიცადოს, აწ რომელმან წალკოტმან შლილმან?.. იქნება, ეს დღე, ავბედითი, არც არის შორი. თქვენი გუმანი რას გკარნახობთ, ბატონო შლიმან?
ნუთუ არაფერს გვეუბნება ეს სიტყვა: ტროა?!
და შესაძლოა, რომ ინანო, იმათ თუ ენდე, აქ კი ჯადოსნურ წრეში ტოკავს როგორც ობობა და ჟანგიან ფრთებს აჟღარუნებს ბნელი დუენდე.
სამაჯურებიც ეჩვენება მძიმე ხუნდებად და თუ გაშეშდა, როგორც ცეკვის იეროგლიფი, მის მიღმა უკვე ყოველგვარი ფონი ხუნდება.
და მამრებს ირგვლივ ისე უმზერს, როგორც კაცუნებს, უცებ მომწყდარი მოძრაობის ჟესტსა თუ პოზას კასტანეტებით სილასავით გაუტკაცუნებს.
თითქოსდა იყოს ცეცხლოვანი მდედრის კორიდა.
რას ნიშნავს შენი შებრუნება და შეჩერება? რატომ ირწმუნე პანთეონის დანაპირები, წარმართულ ღმერთებს განა რამე დაეჯერებათ?!
და თვით ჰერმესიც გააწბილე, მისი მხლებელი. იგულმავიწყე წარმავალი კაცის ბუნება და გულუბრყვილოდ მოინდომე შეუძლებელი.
და მათ საძებნად ვიცი, არ ღირს მთა-ბარს მოდება, რადგანაც ყველა, სიცოცხლეში ვინც უკან დამრჩა, ახლა, მიღმიერ ცხოვრებაში, წინ მელოდება.
ამაქვეყნიდან მივალ უკანმოუხედავად.
მაღაროებს და ცათამბჯენებს, თხრას თუ დაცობას. ჩვენსავ წარმართულ ზარ-ზეიმებს, ზათქს და მაშხალებს, მუდმივ ტრაბახს და ამბიციურ ქონდრისკაცობას.
რადგანაც იგი არ მიგვიჩნევს ნამდვილ მეტოქედ, უცებ მოიმცვრევს მხარ-ბეჭიდან, ვინ იცის, რამდენ საუკუნეებს, ჩვენი აზრით, დიად ეპოქებს.
ზაციები და კულტურები ავლა-დიდებით, მას კი არარად მიაჩნია ჩვენი ტკივილი - ჰერკულანუმი, პომპეა თუ ატლანტიდები…
შენა ხარ მისთვის, ვით მშობლისთვის, შვილი უძღები.
შენ სამყაროში იყავ მხოლოდ წერტილი ერთი. გააზრებული თუმც არ გქონდა აქ ყოფნის ქარგა, მაინც გეგონა, ბედისწერას, თავადვე წერდი.
წინასწარ გქონდა შედგენილი ცხოვრების გეგმა… მაგრამ, რადგანაც ვერ შენივთე შენ ხორცი სულთან, ვერ შეიგუე ამ ცხოვრების უხეში ჩექმა.
ვერ გაიაზრე, რომ შენ განგებ შეგქმნა განგებამ, რომ მხოლოდ შენ კი არ გჭირდება მაღალი ღმერთი. ღმერთსაც სჭირდები, ოღონდ გიჭირს ამის გაგება.
წერტილი იყავ, მაგრამ თურმე - სავალდებულო.
მან რა მოიგო, ვინც ამ დოვლათს ზურგი უქცია?! ქვეყნად ყვალაფერს აქვს თავისი დანიშნულება და ყოველ საგანს აკისრია თავის ფუნქცია.
და ამქვეყნიურ მსუყე ტრაპეზს არ უჯდე უქმად, შენ ეს იცი, რომ კოვზით უნდა ხვრიპო წვნიანი, ხოლო ჩანგლით კი დაითრიო მოზრდილი ლუკმა.
ფონდი, კრედიტი, განვადება, ნაღდი, ნისია… ეს იცი, მაგრამ ვერ გაიგე, რა არის სული, ანდა თვით ლექსი ამაქვეყნად რის მაქნისია?!
იქნება მიხვდე, რისთვის არის ლექსი საჭირო.
არ გებადოს და არ გებუდოს არცერთი მწყერი. თავით ფეხამდე დავარცხნილს და გაპარსულს, ვგონებ, სჯობს, ვისაც ზოგჯერ გასაპარსი დარჩება წვერი.
ვისაც ფრანტობას უჯობს, იყოს ოდნავ აპაში, ვინც ამ მიწაზე მამაკაცურ მიმოხვრით დადის და არა ისე, როგორც ქალი ვიწრო კაბაში.
თვით უმცირესსაც ნურასოდეს აქცევ ქილიკად. ღვთისთვის ლოცვაა მთავარი და სად - სულერთია: გუმბათოვანი ტაძარია თუ ბაზილიკა.
ღმერთი შეგინდობს, თუკი გყავდა ორიოდ მწყერი.
თქვენ ნუ გგონიათ, გიყურებდეთ თითქოსდა უნდოდ. გარწმუნებთ, არ მაქვს მე თქვენს მიმართ რამე სიავე, ოღონდ ეს ჩემი ნიავობა არ შემიზღუდოთ.
ცათამბჯენობა, მიწიერი წონა, სიმძიმე?! თქვენ რად გაღელვებთ, ჩვენს შორის რომ არის სხვაობა? თქვენ მჭახედ ბრჭყვინავთ, ხოლო მე კი ოდნავ ვციმციმებ.
და თვლა არა აქვთ ფუთებს, ყუთებს, ჩანთებს თუ ბოთლებს… თქვენ მიიხვეტავთ მთელი ქვეყნის ავლა-დიდებას, მე კი მარტოდენ შემოდგომის ნაირფერ ფოთლებს.
ნუ იზამთ ისე, რომ უეცრად ამაგრიგალოთ!
ხელეჩო არ ვარ, ყველაფერი ჩემსკენ მოვხვეტო, სულის ზღვის ფსკერზე ხავსიანი მიგდია ბოთლი და ჩემი ვალი ის არის, რომ ამას მოვხედო,
ბებერი კია, მაგრამ ჯინი მაინც ჯინია, კიდევ აჯობებს სხვებს გმირობით და ვაჟკაცობით, რადგან არაფრის და არავის არ ეშინია.
მისი ეჭვები რომ გამართლდა, მას ეს ამხედრებს: როდესაც ხედავს, რომ ლომები ტვირთს მიათრევენ. მათ ადგილზე კი ზარ-ზეიმი უდგათ სახედრებს.
და ვფიქრობ, ხომ არ ამომეშვა ბოთლიდან ჯინი!
მისი სასტიკი სამართალი რას არ გაგონებს?! ურჩობა ბედის რჩეულთაგან რომელ ერთს შერჩა, მაკედონელებს, რამზესებს თუ ასარგადონებს?!
საუკუნენი განა ღირდნენ ცოდვის ტირილად?! მაგრამ იმ დღეთა ნახანძრალზე კვლავაც ხორბალი ითესებოდა და აქა-იქ ენთო გვირილა.
ქვეყნად ზეპურნი აზნაურნი უქმად მიდიან, მხოლოდ ის რჩება, ვისაც ადგას ცხოვრების კეხი და ხვალინდელი ლუკმა-პური ვიზეც ჰკიდია.
რომ მას უვლიდეს და ჯიუტად ხნავდეს მიტუა.
კივის სხეული სისხლძარღვებით მონასირმები. ხეებს ასკდებათ ვნებისაგან კვირტის კერტები და გახელებით შეჰბღავიან ფურებს ირმები.
მდედრუნახავნი მიაპობენ წყლის ჩქერებს გუნდად, იქ ეგულებათ, სათავეში, ქვის ქვეშ ქვირითი და ხვაშის მოსხმით ხვაშიადის დაცხრობა უნდათ.
სხეულზე მეტად შენ მეწყვილედ გჭირდება სული. ნახევარია ამა ქვეყნად კაცი ყოველი მას სურს მეორე ნახევარი, რომ გახდეს სრული.
ვისაც ეძებდა ნააპრილარ-ნამაისარი.
და ოცნებებში მოგანიჭა ყველა უფლება. მისგან ავდარიც გეჩვენება საამო დარად და უმწიფარი ძახველიც კი გეალუბლება.
და საყვარელი არსებისგან იგრძნო ღალატი. ეცადე, ამით არ დაემხოს ტაძარი შენი და ვერვინ გწამოს, თითქოს რწმენას ეჭვით ჰბღალავდი.
და უფრო მძაფრი, თუ განცდები გაწევს ლოდებად. სიყვარული ხომ საცალფეხო ბეწვის ხიდია, რომლის გადაღმა შენ არავინ არ გელოდება.
მას დასძლევ, თუკი შენი მრწამსი ჭეშმარიტია!
ა. პუშკინი
აღარ მაღელვებს ოდინდელი ეჭვების განცდა. ამიერიდან ვეღარავინ მომზიდავს მშვილდად, რადგანაც ქვეყნად ყოველგვარი სამიზნე გამცდა.
"არა”-ს ნიშნავდა თურმე შენგან ნათქვამი "დიახ”. აღარ მაღელვებს, ეს სად ხდება, ერთგან თუ ათგან? რადგანაც უკვე არ მეგულვი არსების წიაღ.
რომ ახლა უკვე სხვა სარეცლის ხარ ნებიერი, რომ გეუფლება სხვა განცდათა ეიფორია და ვნებისაგან გიელმდება თვალთა იერი.
რომ შენ ჩემსავით ჰყვარებოდე ვინმეს ოდესმე!
და თუ შენს მიმართ დრო-ჟამია დაუდევარი! ან შენს თავზე თუ გრიგალივით გადაზუზუნდა შემზარავი და ავბედითი ბედი მდევარი!
და ოცნებათა მექარავნე გზაში დავარდი! სამაგიეროდ შენმა სულმა ხომ არ იზანტა და თუნდაც ერთხელ შეძლო ცაში ლაღი ნავარდი!
ადრე თუ გვიან ჩვენ იქ უნდა დავცეთ ბანაკი. არსთა გამრიგემ თუკი ბრძანა: - აბა, შემდეგი! - გიხმობს ქარონის ქარავანის ზარ-ზანზალაკი..
თუ ცხოვრებაში სად კი არა, როგორ მიხვედი?!
წმინდა, დიდი, უკაცრიელი…” რაინერ მარია რილკე
ბრძენი თუ ბავშვი?! ვით მივუდგე, რომელი მხრიდან?! როგორ იტევდა ოკეანეს ეს ვიწრო მკერდი, რომელიც ასეთ აუმღვრეველ ნიაღვრებს ღვრიდა!
ყოველი სივრცე დახშული და ცარიელია; და როცა ცაში აჟღერდება ჰანგი მოცარტის, ღვთის გულისათვის, ჩუ! - რაღა დროს სალიერია!
ვეღარ იგუებ, მდუმარების ობი რომ გეკრას… მისი თითები, ვით სამოთხის ცელქი ჩიტები, კლავიშებს უცებ აკენკავენ ისე, ვით კენკრას.
ეს ჰანგი გელის შენ ჰაერის იქითა მხარეს.
სრულყოფილია, თუნდაც იყოს ხელფეხნაკლული, რადგან სული ქმნის ამ სისრულეს და არა ხორცი, ხორცი, რომელსაც ჯიქურ ელტვის თავგადაკლული
უცებ ქცეული თავაღმართულ, დაძაბულ კუნთად, როგორც უეცრად ამომხტარი ბოთლიდან ჯინი, რომელსაც თავის მორჩილ მსხვერპლზე ზეობა უნდა!
და გონს არ უმღვრევს ქვეყნად უკვე ვინმეს ქალობა, ზესამყაროში ბეატრიჩედ სული უძღვება და მას ეძღვნება მისი ლექსი, ხოტბა, გალობა.
მაგრამ იქაც ხომ ძვლები ყრია და არა ხორცი?!
ჭაბუკო ჰამლეტ, მაგრამ არსი ყოფნა-არყოფნის ვინ განგიმარტოს?! დუმს გონება, ვით იორიკი, რომელსაც ამის საპასუხოდ ცოდნა არ ჰყოფნის.
უფრო მსუბუქად მონანავე, ან უფრო მძიმედ?! ადამიანად ყოფნის დრო ხომ მხოლოდ აქ არის, რამე სხვადყოფნა გაამართლებს განა ჩვენს იმედს?!
და არ ვისწრაფოთ, სადაც მაინც ადრე თუ გვიან მოგვიწევს მისვლა, არა ვქექოთ ფუჭად ნაცარი და აღვასრულოთ ვალი, რასაც სიცოცხლე ჰქვია.
რომლითაც ცოდნა არცოდნაზე უარესია.
შემოგაბრძანეს ციმ-ციმ, ციმ-ციმ ვიწრო საკაცით, და შესასვლელში ჩოჩქოლით და ქაქან-ქაქანით არ შემოუშვეს ცოლი, შვილი, და, არც ძმაკაცი.
უნდათ, სიცოცხლით შეგმოსონ და არ ემოსები, ნაზი ექთანი გოგონები თავს დაგხარიან ისე, ვით თეთრი, ფრთაფარფატა ანგელოსები.
გადააქციეს ყველაფერი ეს სულ მილებად. და შენ რომ ხედავ მათი ტანის უნაზეს რხევას, გონს მოდიხარ და თითქოს რაღაც გესურვილება.
მედდებს, და არა მედიცინას, მიუძღვით წვლილი.
და დაანათლა თავ-თავისი ყველას ბუნება: ქვეწამავალი თუ ფრინველი, თევზი, ცხოველი თავის მკმარია და არ უნდა სხვა ფუფუნება.
ვისაც სურს, თავად გამოსჭედოს თავისი ბედი და რადგან არის იგი ვითომ სხვებზე ჭკვიანი, უნდა რომ იყოს არა ლოდი, არამედ სვეტი.
და დაიმონოს ქვეყნად მიწა, წყალი, ტყე-ველი, და თუ აზვირთდა ოკეანის მძვინვარე ტალღად, ის უკვე ბრბოა, ყოველივეს დამანგრეველი.
ღმერთიც რომ იყოს. იღრიალებს: “ჯვარს აცუ ეგე!”
თანდათანობით უფრო ეშხში შედის ქეიფი, მზერას იტაცებს ვნებიანი დეკოლტე სიზმრის და მიიხვეტავს ზმანებათა გრძელი შლეიფი.
ჩემი მეწყვილე მშვენიერი ქალბატონია, მე მის წინაშე ჩემი გული მოვაღიავე და საკუთარი თავი მეცხრე ცაზე მგონია.
თვალს და ხელსშუა გამიქრა და აღარსად არ ჩანს, და დავრჩი ასე, სასახლეში უაზროდ მდგარი, ხელში იმ ქოშით, რომელიც მას კიბეზე დარჩა.
მაგრამ ვერავის ვერ მოვარგე ის ოქროს ქოში.
– სიბერის სონეტი –
სულმა სხეული გამოფიტა და ტვინიც გახმა, და უქმად ყოფნაც აღარ არის უკვე ადვილი ლეთესთან დგახარ, მაგრამ ქარონს არ უნდა გაღმა შენი გაყვანა, რადგან ნავში არ აქვს ადგილი.
ქვეყნად არავის ენაღვლები, არ ენატრები გრძნობ, ზედმეტი ხარ და ყველაფერს ანარიდი ხარ და ხსოვნის ეკრანს ეცრიცება ბნელი კადრები.
რაზე იფიქრო, რა ისურვო ან რა ინატრო? შენა ხარ მხოლოდ დიოგენეს ფუტურო კასრი, რომელშიც უკვე დიოგენე აღარ ბინადრობს.
და ეუფლება შენს სულს სრული უსურვილობა.
წამლეკავს ზოგჯერ შემზარავი ტალღა უცები, დავმწუხრდები და ნაადრევად მოვუხმობ სიკვდილს, შინაგანად კი კვლავ სიცოცხლეს ვებღაუჭები.
რომ უდრტვინველად ამეტანა ტანჯვა და ჯვარცმა. ცხოვრებამ ყველა განსაცდელი შემომისია, მაგრამ გავუძელ ამ ყველაფერს უბრალო კაცმა.
და შემომაჭდო ჯადოსნური ჯაჭვის ბეგთარი?! როგორც ჩანს, ქვეყნად ჩემებრ ტანჯულს შვებად ეძლევა ღვთიური მადლის თუნდ წვეთ-წვეთი წმინდა ნექტარი.
ეს იყო თურმე პოეზიის ღვთიური მადლი.
რათა დამეტყოს, ამ მიწაზე რომ ვარ ნამყოფი, ბუტაფორიულ მუყაოდ კი არ ვიმაკეტო, არამედ ჩემგან თუნდ მცირედი დარჩეს ნაყოფი.
გული ვამტევნო, ვათავთავო ან ვაჩითილო, მკერდზე ლექსები ყვავილებად ამოვიყვანო და ჩემს გაზაფხულს ცა და მიწა მოვაჩითინო.
და ათასგვარი ჭირ-ვრამი არ მამყოფინა, ხალხს თავი მაინც ისე უნდა დავამახსოვრო, რომ ეთქვათ ჩემზე: ” - ღირსეული კაცი ყოფილა!
რომ სიკვდილს თვალი ერთხელაც კი არ აარიდა!”
ჩემი გაგება შენთვის ალბათ იქნება ძნელი, შენ ვერცკი ხვდები, ოდითგანვე რომ ხარ კაენი, დედის საშომდე შენს და-ძმათა სასტიკი მკვლელი.
მაგრამ ვერაფრით ვერ იგუე " ...ტოზოიდობა", გზა სულ წიხლებით გაიკვლიე, არსად შეჩერდი და მარტოოდენ საშოს წიაღ ჰპოვე მშვიდობა.
მაგრამ ვაი, რომ ამ კანონებს რა თავში იხლი, როდესაც უცებ გაგიწყდება სინდისის მყესი და კვლავ გწყურია გაშმაგებით და-ძმათა სისხლი.
გონს მოდი კაენ, მე ხომ ძმა ვარ შენი, აბელი!
ვით ხალხურ ლექსში მიგდებული ბერი ქედანი, მე ამაქვეყნად გაცრეცილი ასლი ვარ მხოლოდ, არსთაგამრიგეს არქივშია ჩემი დედანი.
ვისი გორის ვარ, როგორი მაქვს ძირძველი არსი?! ამაქვეყნიურ თეატრონში განზე რად ვდგავარ, როცა ანშლაგით მიდის ყოვლად უნიჭო ფარსი.
კოცონზე მწვავენ, მაგრამ ცეცხლი მე არ მედება, რადგან ამქვეყნად ღვთის განგებას არასდროს ვუფრთხი და რწმენით სავსეს სიკვდილიც კი მეიმედება.
და ვინძლო ასე აღვესრულო, ღმერთო, შენითა!
არ მიძებნია ნიაღვრებში იოლი ფონი, წინ დავიხვავე დაპნეული ჩემი ცხოვრება და ყოველ მარცვალს მისხალ-მისხალ ვზომავ და ვწონი.
და ნუ ჩამითვლით ამ ჩემს ნათქვამს ავყია კვეხნად, მე, შესაძლოა, ბევრს ვერ გავწვდი და ვერ-რა ვარგე, მაგრამ არასდროს არავისთვის მივნია ქვეყნად.
ალალი კაცი ამ ქაოსში ხსნას ვერ მიაგნებს. ვისიც მწამდა და ვისაც ჩემი ხომალდი ვანდე, ის მიძენძავდა თურმე ლაღად გაშლილ იალქნებს.
და იმათ სულთა შესანდობად გევედრო, ღმერთო.
აქ ყველა სიტყვის მეუფეა, თანაც ტყვე არი. ყველა კაი ყმას წელზე ლექსი ხმალივით ერტყა და გულზე ლექსის დაღი აჩნდა, ვით ნატყვიარი.
ქავ-ციხის ლიბო არ დაშლილა, არ გამომპალა, აქ დღესაც ისმის მადლიანი ლოცვა ღვთისშვილთა, ხმობენ: ლაშარი, იახსარი, ბერი კოპალა.
გულზე ლექსების გუთნეული გამდევს ხნულებად. ვყოფილვარ ბევრგან, მაგრამ ქვეყნად არცერთი კუთხე, ჩემი სულისთვის უფრო ახლო არ მეგულება.
აკლდამა ჩემთა ოცნებათა - ფშავ-ხევსურეთი!
მთებს, რომლებზედაც ვეღარ ავალთ ან წყლის იმ ჭავლებს, ჩვენ რომ ვერასდროს ვიცურებთ და მხოლოდ ფიქრებით მოვეფერებით მათს ჩვენს მიღმა გულგრილად ჩავლებს.
არის სიცოცხლე, ცხოვრება და სამშობლო თავად, თვალსაწიერი, რომლის ნაცნობ სამანებს იქით ჩვენ ნოსტალგია გვეუფლება და ვხდებით ავად.
კენჭი, ბუჩქი თუ თივის ზვინი, ნისლის ნაფლეთი ახლობელია უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ - მთელი კაცობრიობა: სემი, ქამი თუ იაფეტი.
შენს პეიზაჟზე სულ პატარა ბორცვად რომ დავრჩე.
სულ რაღაც ერთი ამოსუნთქვა, თოთხმეტი პწკარი, მის ბოლო მრჩობლედს ასე სწრაფად არცკი ვგონებდი, რომ უკვე ღრიჭოდ ღია დამხვდა სულეთის კარი.
კვლავინდებურად ვიბალღამო ცხოვრების დურდო და თითებსშუა გაბლანდული თეთრი თუ შავი დღეების ხლართი არიადნას ძაფივით ვბურდო.
დაუნდობლად რომ დამანთხია თავზე სიბერემ, მდუმარედ ვითმენ ჟამის ჟონვას დღისით თუ ღამით და რა ვქნა, თუკი ეს ცხოვრება ვერ შევიფერე.
ზესთასოფელო, თუმც არ ვიცი, საერთოდ, ხარ კი?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია |