არის პოეზია, მუსიკა, ბოჰემა, ჯადონი ტალის თუ ფარცაგი ფიშერის, მეც ჭადრაკს ვთამაშობ და მხოლოდ მოგება, ყაიმი, ძვირფასო ვერაფერს მიშველის.
და განსჯი, ვითარცა სინათლეს შეჰფერის, როგორ პატრონობენ უთავო პაიკებს დროის და დახლების ცბიერი მეფენი.
ქისტების კასტებმა, უგვანო გვარებმა, ჩვენმა წინაპრებმა საფლავშიც გაიგეს ჩვენი სირცხვილი და ჩვენი მწუხარება.
და ზარებს ვიღაცა რეკავდა დილამდე, შეწირვაც იყო და იმ მძუან თამაშში მამულის ღიმილის ღირსებას სწირავდნენ.
ჩემს ნაფოტს მაღალი მნათობი დანათის, რას მომცემს, რაც მოხდა ტალსა თუ ფიშერთან დროის ორგიებით ფიქრის კაკანათით…
ჩემს ბებერ ბავშვებს და ჩემს ქალებს კაპასებს, ადგილს ინაცვლებენ ბეცი ფიგურები ამ გასაოცარი ჭადრაკის დაფაზე.
ხალხთან ითამაშო მძიმე და ძნელია, ცარიელდებიან დაღლილი სკამები და ახალ ჟინსა და ჟრუანტელს ელიან.
ჯადონი ტალის თუ ფარცაგი ფიშერის… ჩვენც ჭადრაკს ვთამაშობთ და მხოლოდ მოგება, გახსოვდეს, ყაიმი ვერაფერს გიშველის. |
პოეზიის გვერდი • • • |