მე ჩემს საყვარელ სიზმრებად ვთვლიდი ცაში თანდათან გამქრალ მავთულებს, გადაქანებულ სვეტებს და ხიდებს, ნათურებს მკრთალებს და გაფანტულებს.
მე დილიდანვე ვგრძნობ და მოველი, როდის იფეთქებს შენი სახელი, ძლივს მიგნებული და მოგროვილი.
და მტვერს და მიწას გადავაშორებ და დავურიგებ მეზობელ ბავშვებს, როგორც ბრჭყვიალა სათამაშოებს.
ყაჩაღებივით დაიტაცებენ და ქარზე უმალ მოსდებენ ქუჩებს ჩემს ძველ ტკივილებს და აღტაცებებს.
ირხევა ტოტი და ტოტის ჩრდილი. ქალაქს კი სძინავს, სძინავს და ბრწყინავს მთლად გაჟღენთილი წვიმით და ძილით.
აღარაფერი აღარ აშინებთ. მე ვაღებ კარებს და ისევ ვკეტავ და მერე ისევ ვაღებ მაშინვე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |