მთარგმნელი: მაგალი თოდუა
ბედო, ბედო, გირჩევ ჩემზე ნუ გექნება გული ცხარი. შენ ყასაბი არ ბრძანდები და არც მე ვარ შენი ცხვარი.
და ნუ დამწვავ, ბედო, ავად, ისიც კმარა, სანთელივით რომ ვიწვები თავისთავად.
შენგან ქვები მომეჯახა, ხომ მომეჭრა ხალხში თავი, და საქვეყნოდ მომეჯაყა!
ზარნიში მაქვს გარეთ ყალბად, გახრწნილი ვარ, მაგრამ მუშკი ნაპკური მაქვს, იცი, ალბათ.
მასულდგმულებს ავი ვნება, ერთი ვინმე კუდაბზიკა, ერთი ვინმე თავისნება.
დამამგვანა თუმცა ზეცამ, განა მართლა ლომი ვიყავ, მხოლოდ ლომის ტყავი მეცვა.
ხომ არა ვარ მართლაც ლომი, ისიც კმარა, თავის თავთან რაც მოხდება ცხარე ომი.
დღეს რომ ასე გულით მინდა და ხელიდან სიჭაბუკე მერცხალივით გამიფრინდა.
რაც არ უნდა თვალად ჩანდე, ყრმათა ცოდვებს ნუ ჩაიდენ; ნუ გიჭირავს თავი მჩატედ.
იშოვება კიდევ შვება, ამის შემდეგ კი, მშვიდობით, ფრთები მშვიდად დაგეშვება.
აი, ჭირი მაშინ თვალე, მუხლები რომ გიღალატებს და დაუწყებ ჩივილს თვალებს!
ხოლო ათით თუ ხარ მეტი, შენი ბედი, დავრდომილმა თუ იხმარე კარგად კეტი.
თუ მიაღწევ, კედელს ჩხირი! დაჯექი და გამოსცადე თუკი დაგრჩა კიდევ ჭირი.
შეგისრულდა წელი ასად, მაშინ გიჯობს, სიკვდილს უხმო და სიცოცხლე მისცე ფასად.
გინდა ასე წელს გაუძელი, გული მაინც ამ სოფლიდან არ გაგყვება დაუწველი!
მინდა მოგცე რჩევა ერთი; მხიარული იყავ მუდამ და გახსოვდეს მუდამ ღმერთი!
ლხინში დარდი გვეცილება, თვალებიდან ცრემლებს ვაფრქვევთ, როცა პირით გვეცინება. |