მთარგმნელი: მაგალი თოდუა
ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ? ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი. არც მუსლიმანი გახლავართ გულით, არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.
არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი, არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი, არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი.
არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი, არავითარი ამ ქვეყნის ნივთი, არავითარი ამ ნივთთა დარი.
არც გამივლია ბოლღართა ბარი, არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი, არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის.
არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი, ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ, არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი.
და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი. არავითარი ნიშანი არ მაქვს და მარადისი წინ მიდგას დარი.
მე რომ მაწვნია დღეები მწარი, ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი.
ის არის ჩემი არსობის ფარი, მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა, მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი.
სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი! ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს და მაწანწალებს ავუბი მხარი.
მიპკურა გულზე ციური ცვარი და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი.
დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი. ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი.
ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი, ახლა წანწალი დავიწყო უნდა და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |