კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძ

 

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...

რაც გადის დრო და ხანი,

მე უფრო მეტად მიყვარს 

შენი პატარა ტანი.


შენი შავი თმის ბუჩქი

ეგ თეთრი შუბლის სერი

თვალები გიშრისფერი

ლოყები ვარდისფერი,


შენი თითები მიყვარს

ორი პატარა თათი

ო, იცი როგორ მიყვარს,

ოდნავ შეხებაც მათი.


ო, იცი როგორ მიყვარს

გამოუთქმელი ენით?

შენი გრძნობების სიღრმე,

სულის სიმაღლე შენი.


მე დარდიც მიყვარს შენი

შენი ღიმილიც ფართო

მე ცრემლი მიყვარს შენი

შენი კისკისიც მართობს.


მე შუქი მიყვარს შენი

რა არის მისი ფასი!

მე ჩრდილიც მიყვარს შენი

მზის დაბნელების მსგავსი...


მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ

მწვავს შენი ტრფობის ალი

მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ

მთელი გრძნობით და ძალით.


მთელი სამყარო ვრცელი

შენით არსებობს ჩემთვის

რაზეც კი ვფიქრობ, ყველა

ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.


ღამით ჩემთან ხარ სიზმრად,

ფიქრში ჩემთან ხარ დღისით

გულის ძგერის ხმა მესმის

შენი ხმა არის ისიც.


შენთვის მივწვდები მწვერვალს,

დიდების ყველა მნათობს,

დიდებას დავთმობ შენთვის,

შენთვის მწვერვალებს დავთმობ.


შენი ოცნებით ვხარობ

შენს დარდს ვატარებ დარდად 

მე სხვა სურვილი არ მაქვს

შენი სურვილის გარდა.


მსხვერპლი ყველაზე დიდი

მე მეჩვენება მცირედ

რადგან შენ გსურდა იგი

რადგან შენ შემოგწირე.


შენს მცირეოდენ წყენას,

სულ უმნიშვნელო წვრილმანს

სდევს ჩემი სევდა დიდი

ჩემი ცრემლების წვიმა.


მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ

მიყვარხარ ცხადად, მალვით

როგორც არასდროს არვინ

არ ყვარებია არვის.


ეს სიკვდილს უდრის თითქმის,

ეს შეუძლოა თითქმის

შენ ერთს გეკუთვნის ყველა

რაც სიყვარულად ითქმის:


ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,

მამაც, დაო და დედავ,

მე შეყვარებულს ყველას

შენს სახებაში ვხედავ.


სატრფოვ, შვილო და დედავ

ჩემო ძვირფასო ცოლო,

ყველას მაგივრად ერთად 

მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.


რა მაბადია ქვეყნად

ამ სიყვარულზე კარგი.

მიყვარხარ ძლიერ ძლიერ

ვარ შენი ტრფობით შმაგი.


თუ ტრფობისათვის რამე

ჯილდო იქნება ბოლოს,

ის შენ გეკუთვნის მარტო

ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.


ნაყოფი მისი არის,

ვინც ნორჩი ნერგი დარგო

ეს სიყვარული დიდი

შენ შემასწავლე კარგო.!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   შანდორ პეტეფის პოეზია

მსგავსი თემები