კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შინ შემოგაქვს ყვავილები,

სურნელება მთის კალთის თუ მინდვრის,

შენ შრომობ და არ იღლები

და ბუნება თითქო სალამს გითვლის.


ყვავილები იზრდებიან,

ოთახს ყანის დასდებია ფერი.

ყვავილები ცისკრებია,

გაზაფხულის სიზმრებია წრფელი.


ყვავილები ჰგვანან თასებს,

ოქროს ეჟვნებს და ფასკუნჯის დეზებს.

მე მინახავს ხვამლის მთაზე

და ლატფარზე აცვიფრებდა მწყემსებს.


ყვავილები ჰგვანან ბუკებს,

ვარსკვლავებს და შენს მოყოლილ ზღაპარს,

რომ არ დაჭკნეს სიჭაბუკე

და წინ ვწევდეთ სამშობლოსთვის ჭაპანს.


ყვავილებში არ იღლები,

თხელ ფურცლებში ფრთას ნიავი ნაბავს.

ვით ეჟვნები, ყვავილები

ამშვენებენ შენს ზაფხულის კაბას.


მცხეთის გზაზე გვეძახიან,

წყლის ჩხრიალით აღვიძებენ ოთახს.

სახლში თითქო ვენახია

და ჯეჯილი შენს გარშემო შფოთავს.


გულშიც შენი ყვავილია,

ხელის სითბო და ოცნების ფერფლი.

მამული მთლად დამივლია

და ყვავილებს, როგორც ჰანგებს, ვკრეფდი.


ქარმა ფრთა ვერ მომამტვრია,

ყანას ვმკიდი, ძმისთვის გავდგი ხიდი,

და არასდროს მინატრია

შინ მქონოდა სიწყნარე და ბინდი.


მეც ამიტომ ვუკრავ ბუკებს,

არ დავკარგოთ შრომის შნო და გემო,

არ დაგვშორდე, სიჭაბუკევ,

არ დამშვიდდე, სიცოცხლეო ჩემო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

მსგავსი თემები