კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: ლევან ბრეგაძე

 

წინასწარმეტყველება


მკითხავს უთქვამს პეტრესთვის: „შენ შესახებ შევიტყვე,

აღსასრული მოგელის, მოკლე არი შენი დღე“.

ამიტომაც გალოთდა, დუქანში ზის ახლა სულ...

მართლა მალე ვიხილავთ ალბათ მაგის აღსასრულს.


წერას ატანილი


დღეში ორას ლექსს წერს ეს კაცი (ჩიტმა მაუწყა)!

დღეში ორასი... პოეზიის ვარდი უჭკნობი!

მაგრამ არ ბეჭდავს, რაც დაწერა, სახლში უწყვია.

ნეტავ ეს მაგას ჭკუით მოსდის თუ უჭკუობით?


ძუნწს


მაშ მე შენი მშურს? როცა ვუმზერ ვეება ბოქლომს,

შენს სკივრს რომ ამკობს, მებრალები, იცოდეს ხალხმა!

შენი მშურს? ვისაც აქ დაგრჩება მთელი ეგ ოქრო,

და წერილის მეტს ვერაფერს ვერ წაიღებ გაღმა!


ძაღლი და მისი პატრონი


შენი პუდელი პაწაწინა სასწაულია!

რარიგ ქათქათა, საყვარელი, კოხტა ძაღლია!

შენ რომ მას ლოკავ, არ მაოცებს მე ეს სრულიად,

ის რომ შენ გლოკავს, – აი ეს კი მიკვირს ძალიან.


ცრუპენტელას


შემომხვდები და ტყუილებს სეტყვასავით დამიშენ;

ნუ ეცდები, რომ სიცრუით ამირიო დავთარი.

ერთადერთხელ მოახერხე მოტყუება ჩემი შენ,

როცა, რაღაც სასწაულით, ძლივს წამოგცდა მართალი.


ქურდს


თავს ნუ ჩაიგდებ, ქურდო, ცუდ დღეში!

არ დაემგვანო, ძველო, არიფებს:

მაგ ბნელი სახლის ყოველ კუთხეში

ერთგულ დარაჯად დგას... სიღარიბე.


ტრილი და ტროლი


ტრილი ლაურას კოცნის და ტროლი ლაურას სურათს.

რომელს ჰქონია იღბალი? ბედი რომლისთვის ზრუნავს?

ეს თავსატეხი უეცრად ამეკვიატა მოცლილს,

რადგანაც ვიცი, ორივე დახატულ სიფათს კოცნის.


ტროლი უკეთეს დღეშია, მე მაინც ასე მჯერა, -

რაკი ის კოცნის ნახატს და მას კი ნახატი - ვერა!


პროფილი


როცა შენს პროფილს შევყურებ,

ვფიქრობ: განგებამ ინება,

არ გააგონოს შენს ყურებს

მაგ ცხვირის დაცემინება.


მოტყუებული


- ყრუ გამოდგა შენი ცოლი?

მოგატყუეს განა, ბრიყვო?

- ყრუ რომ იყო, კი ვიცოდი.

მე მეგონა, მუნჯიც იყო.


მდიდარი შინაბერა


ამ შინაბერას, მთელ ქალაქში ყველაზე მდიდარს,

ქმრად უნდიხარო, მესმის მისი გაცნობის დღიდან.

რას აღარ სჩადის, რომ თანხმობა ჩემგან მიიღოს!..

მარამ ასაკი?..

აფსუს, უფრო ხნიერი იყოს!


მავანს


პირსუკან მთათხავ? მერე რა!

მაგით ჩემს პრესტიჟს განა ვნებ!

პირში რომ მაქებ, ამას კი

სამაგალითოდ განანებ!


თურქები


მშვენიერი ქალები ჰყავთ თურქებს,

თან ადათიც დიდებული - თურმე

ოთხს შეირთავ, მოისურვებ თუკი,

ახ ნეტავი რად არა ვარ თურქი!

ვიქნებოდი სიყვარულის მონა,

რა სჯობია თურქის ტურფა ასულს!

მაგრამ... თურქი ღვინოს არ სვამს, მგონი...

არა, არა! მე თურქობა არ მსურს!


ვინ მთვრალი და ვინ ფხიზელი


ჩემო ძვირფასო, მე როგორც ვამჩნევ,

ახლა აქ მთვრალი მხოლოდ შენა ხარ,

რადგანაც გინდა ფხიზელი დარჩე

სუფრაზე, სადაც ფხიზელს ვერ ნახავ.


ეს კაცი მიღრენს


ეს კაცი მიღრენს და მიღრჭენს კბილებს - დაჟანგულ მარწუხებს.

იცის ვინა ვარ? რომ ვკითხო, ნეტავი რას მიპასუხებს!

არ მიცნობს, ნაძლევს ჩამოვალ, თორემ რას მერჩის, აბა, მე!..

რას იზამ! მისი ძმობილიც, რომელსაც ჯაჭვით აბამენ,

ხომ ვიცით, ასე იქცევა – ვისაც არ იცნობს, მას უყეფს!

თავის გულს შემოასკდება, ნეტავი მე რა მაწუხებს.


ეპიტაფია


ამა ლოდის ქვეშ იხრწნება ახლა

ძველი მევახშე, ჩვენი ისაკა,

ვინც სიკვდილშიაც ხეირი ნახა,

რადგან მტვრად იქცა არაფრისაგან.


ავი ქალი


მთელ საქალეთში სულ დიდი-დიდი

ერთი აღმოჩნდეს ავი და ფლიდი.

მაგრამ ყველა ქმარს ეუფლება გრძნობა ისეთი,

თითქოს მას ერგო სწორედ ის ერთი.


საუკეთესოდ იყენებს


საუკეთესოდ იყენებს უქმად სახარჯავ დროს,

ვინც გულმხურვალედ ლოცულობს მოცალეობის ჟამს.

ძალიან ცუდად იყენებს საუკეთესო დროს,

ვინც გულმხურვალედ ლოცულობს, როდესაც შრომა ხამს.

მსგავსი თემები