თარგმნა: გივი გეგეჭკორმა
სად მიაქვს უფალს ის ურიცხვი ანათემები, მის სერაფიმებს რომ ვუგზავნით დღითა თუ ღამით? - ვითარცა ტირანს, ამოყორილს სმითა და ჭამით, მას აძინებენ კრულვის ჩვენის საამო ხმები.
ეჭვი არაა, დამათრობელ მუსიკად ისმის, თუკი - მიმთვლელი შენაწირი ამდენი სისხლის - ეს მაღალი ცა ჯერ მაინც ვერ დაკმაყოფილდა.
მას რომ ჰვედრიდი, მოლოდინში წილხვედრ წვალების, ვისაც ზეცაში აცინებდა ხმა სამსჭვალების, რითაც მხეცებმა დაგიხვრიტეს სხეული ცვილის.
სამზარეულოს თუ ბადრაგის არამზადები! როგორ დაგცინეს ეკალწნულის თავზე დადებით, თავზე, რომელშიც თრთოდა მთელი კაცობრიობა!
შენ გიგრძელებდა ორ გაჭიმულ მკლავს ნამათრახევს, როს ოფლი სისხლად ემცვრეოდა შენს ფერმკრთალ სახეს და, დაკიდული, როს სუყველამ მზერით განგწონა -
როს დიდი აღთქმის აღსრულებად შენ აქ მოხველი? როს მშვენიერი სახედარი - შენი ცხოველი - გზებს მიჰყვებოდა, აყვავებულ რტოებით ფენილს,
შენ გამორეკე ღვთის ტაძრიდან ვაჭრები გარეთ... არ შეაღწია სინანულმა მაგ მკერდში მწარედ უფრორე ადრე, ვიდრე შუბმა - შენს შიშველ ფერდში?
სადაც ქმედება ჩუმ ოცნებას არ ჰგავს სრულებით, ავიღებ მახვილს და - მახვილით აღვესრულები! - უარყო ღმერთი წმინდა პეტრემ... კარგად უქნია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |